ესე,  პორტრეტი,  ხსოვნა

ბესო სოლომანაშვილი – ერლომ ახვლედიანი – სალოსი, რომელიც ხელისგულზე იფერფლებდა სიგარეტს

მასზე ამბობდნენ, რომ ის არ იყო თანამედროვე და სხვა დროს უნდა დაბადებულიყო – ან უფრო, ან უფრო გვიან… ასევე მასზე ამბობდნენ, რომ ვერ ეგუებოდა რეალობას, და რომ იყო ძალიან რბილი ხასიათის…

ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა, არ ვიცი რით დავიმსახურე, პედაგოგებად უდიდესი ადამიანები შემხვდნენ: გიორგი შენგელაია, თამაზ ჭილაძე და ერლომ ახვლედიანი.

ეს ის ადამიანები იყვნენ, იმ ეპოქიდან, რომელიც მე პირადად ძალიან არ მიყვარს და ვფიქრობ რომ, რაც ახლა გვჭირს, იმ ეპოქის შედეგია… ეს იყო ტრავმიანი ადამიანების თაობა, რომელთა მამებიც მოძალადე, სამშობლოს მოღალატე ბოლშევიკების ეპოქაში ცხოვრობდნენ. მათმა მამებმა ან შექმნეს ბოლშევიზმი, ან ბოლშევიზმის მსხვერპლნი იყვნენ, ზოგი კი შეეგუა უსამართლობას და მთელი ცხოვრება ტვირთად აწვათ, რომ შიშის გამო ვერ გადაარჩინეს თავიანთი მეგობრები, ახლობლები, ნათესავები… ეს ყველაფერი ხომ მათ შვილებში სულიერ ტრავმად დაილექა. როგორი ძნელია, როცა იცი, რომ მამაშენმა შენი მეგობრის მამა დაახვრეტინა ან პირიქით, მამაშენი შენი მეგობრის მამის გადასახლებულია… მათ უნდა გაეძლოთ ამ ტრავმისთვის, გადაეხარშათ და ნორმალურ ადამიანებად ჩამოყალიბებულიყვნენ. ის, რომ ახლა ჩვენი საზოგადოება, ავად თუ კარგად, არსებობს, ესეც იმათი სულიერი ბრძოლის შედეგია. წარმოიდგინეთ ეპოქა… მათი ბავშვობა, ურთულესი პერიოდი, უშველებელი შიშის გარემო და შემდეგ ომი, ყმაწვილობაში და ახალგაზრდობაში რადიკალურად შეცვლილი სამყარო…. სტალინის ფანატიზმამდე მისული დიქტატურა და უცებ სამყაროს ერთი ყველაზე ცნობილი იდიოტი მმართველის, ხრუშჩოვის ოტტეპელი, რომელიც შენი ქალაქის ქუჩებში ისედაც ფასეულობააღრეულ აჯანყებას ხვრეტს… როგორ უნდა გაუძლო ამას და შეინარჩუნო ჯანსაღი მენტალიტეტი, რომელიც მერე ისე გადასცე შემდეგ თაობას, არც დანაშაულის ტვირთი გაწვებოდეს, არც მსხვერპლის სენტიმენტები, და სიმართლეც ამ აგრესიულ გარემოში ისე გაატარო, რომ არ ასცდე იმ მარადიულ ჭეშმარიტებას, რომლითაც უბრალოდ ცხოვრობს ცივილიზებული სამყარო.

ეს თაობაა, რომელიც დიდი ტერორის შემდეგ, იწყებს თავის გადარჩენას, ინტელექტისა და აზროვნების გაცოცხლება ხდება… თუმცა უწევთ ამ რეალობასთან ადაპტირება, რომ ფიზიკურად არ დაიღუპონ, უკვე მერამდენედ ქართულ რეალობაში.

ტყუილია, რომ ამბობენ, საბჭოთა კავშირში ქართული ხელოვნება ვითარდებოდაო, არც ერთი ნამდვილი შემოქმედი არ იყო მაშინ საბჭოთა კავშირში სულიერად, – ფიზიკურად კი, თუმცა ისინი სხვადასხვა მეთოდებით გაუთავებლად იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, იმ ველური დიქტატურის წინააღმდეგ და სხვათა შორის კომუნისტური ნომენკლატურიდან, ვისაც ოდნავ ჭკუა და სინდისი შერჩენილი ჰქონდა, ანგარიშს უწევდნენ და პატივს სცემდნენ ამ ხელოვანებს, რომლებიც ქმნიდნენ ნონკონფორმისტულ ხელოვნებას.

ერლომ ახვლედიანი იყო ერთ-ერთი მათგანი, და ამ წრისთვის განსაკუთრებით რთული იყო ცხოვრება, რადგან ისინი მუდმივად დაკვირვების ქვეშ იყვნენ და მუდამ ეჭვის თვალით უყურებდა რუსული და ქართული კომუნისტების უშიშროების სამსახურები, ვაითუ რაიმე საწინააღმდეგო ჩაედინათ. ამ გარემოში მათ ბრძოლის სხვა ფორმა გამონახეს, უბრალოდ ლაპარაკობდნენ სიმართლეს ალეგორიებით, საუბრობდნენ ცხოვრების წესზე, რომელიც მხოლოდ თავისუფლებას გამოხატავდა.

ერლომი ბავშვობაში განიცდიდა რომ თეთრ გვარდიელს, თეთრს ეძახდნენ, მისი წარმომავლობისა და ხასიათის გამო, თბილისში ამას ქათინაურადაც კი ეუბნებოდნენ და ის კი განიცდიდა, იძაბებოდა, არ მოსწონდა, რომ ხაზს უსვამდნენ მის „ცისფერ სისხლს“, ღიზიანდებოდა ამაზე, ალბათ უფრო იმიტომ, რომ საშიში იყო, შეიძლება დაეჭირათ მშობლები.

მათი ცხოვრება ამ ყალბ და აგრესიულ გარემოში რაღაცნაირად სალოსის ცხოვრებას ჰგავდა და ალბათ ერლომ ახვლედიანი ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი სალოსი იყო თავისი არსებობით.

მისი ყველა მნიშვნელოვანი ფილმის სცენარები ამაზე მეტყველებდა, ეს იყო საოცარი ტანდემებით შექმნილი ფილმები: ერლომ ახვლედიანი და ლანა ღოღობერიძე, ერლომ ახვლედიანი და გიორგი შენგელაია, ერლომ ახვლედიანი და მერაბ კოკოჩაშვილი, ერლომ ახვლედიანი და ნოდარ მანაგაძე, ერლომ ახვლედიანი და დიმა ბათიაშვილი…. და ყველა ფილმში აუცილებლად მოიძიებდით ერთ გმირს, რომელიც ერლომ ახვლედიანს ჰგავდა.

მუშაობდა დათო ჯავახიშვილთან და ზაირა არსენიშვილთან ერთად…. ხოლო მისი პირველი ფილმი იყო ქართული კინოს ახალი ეტაპი, ახალი ქართული კინოს დასაწყისი ოთარ იოსელიანის „აპრილი“…

მე ოთხმოცდაათიანების რთულ პერიოდში გავიცანი ერლომ ახვლედიანი, პერიოდში, როდესაც ჩვენს გარშემო პირველად იცვლებოდა სამყარო, ხოლო ერლომ ახვლედიანის და მისი თაობის გარშემო უკვე მერამდენედ, და ჩვენ გვჭირდებოდა იდეალები, გურუები, რომლებიც რაღაცაში გაგვარკვევდნენ ამ აღრეული ფასეულობების სამყაროში და ჭეშმარიტებას დაგვანახებდნენ. ერთ-ერთი ასეთი გურუ იყო ერლომ ახვლედიანი.

მანამდე სულ მესმოდა, რომ სადღაც არსებობდა ასეთი ადამიანი, რომელიც არ ჩანდა, მაგრამ მასთან მოხვედრა იყო საოცნებო, რომ ადამიანები, ვინც მას იცნობდნენ და ურთიერთობა ჰქონდათ, სულ სხვა ადამიანად ყალიბდებოდნენ იმ საბჭოურ სიყალბეში…

– ეს შენი მოთხრობები არ ვარგა, – მერე დიდი პაუზა, – მაგრამ უნდა წერო – პირველი ფრაზა რითაც გავიცანი ეს გენიალური ადამიანი, რომელთან შეხვედრასაც დიდი ხანი ვოცნებობდი. მერე იყო ძალიან ხანგრძლივი და მრავალ თემას მოდებული ახსნა იმისა, რატომ მითხრა ეს ერთგვარი მკაცრი ოქსიმორონი.

ეს ხდებოდა აღმაშენებელზე, მაშინ ჯერ კიდევ პლეხანოვი ერქვა, ძველი კინოსტუდიის ეზო, პირველ სართულზე ერთოთახიანი სტუდია, სეიფი, რომელშიც ნაწერების ნაცვლად ჩაის ჭიქები და სამოვარი იდგა. სტუდიაში დამხვდნენ თამარ ბართაია, ჯარჯი აქიმიძე, გია არგანაშვილი, დათო ტურაშვილი, გია რევიშვილი, ბესო ოდიშარია, ქეთი პატარაია, ქეთი გურაბანიძე… სასცენარო სახელოსნო იყო, სადაც ერლომ ახვლედიანის გარშემო შეკრებილიყვნენ, როგორ გითხრათ… ერლომ ახვლედიანის რჩეული ადამიანები, მეგობრები. უცნაური ამბავი დამემართა იმ დროს, საერთოდ არანაირი კავშირი არ მქონდა ამ წრეებთან და რატომღაც ავიხირე, რომ მინდოდა რეჟისურაზე სწავლა. რა თქმა უნდა, იმ დროისთვის საკმაოდ რთული იყო იქ მოხვედრა, მაგრამ აესე ქართლურად გავჯიუტდი. პატარა თავგადასავალი მქონდა რეზო ჩხეიძესთან და გელა კანდელაკთან, კონფლიქტივით და, როგორც ჩანს, ჩემი თავი გადააბარეს ერლომს, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე ის ფრაზა მითხრა, რითაც დავიწყე ამ ამბის მოყოლა. იჯდა ჩემს წინ, კუბოკრულ პერანგში, მოშვებული წვერით, ცოტა მოუვლელი, თხელი თმა ოდნავ გაბურძგნილი. „იოლოჩკა“ ნაჭრის რუხი ტვიდის შარვალი, მაშინ ესე ვეძახდით ისეთი ნაჭერს, რომელიც ზაფხულისთვის ცოტა ცხელი კი იყო… და მიხსნიდა, რატომ მითხრა ეს, მიხსნიდა საერთოდ უცხო ადამიანს, მიხსნიდა დიდი ხანი, მონდომებით, ემოციურად, პერიოდულად სახეზე ეტყობოდა, რომ თითქოს ბოდიშს იხდიდა მკაცრი ნათქვამისთვის, მომნანიებელი ღიმილით… მერე უცებ გამკაცრდებოდა და ხანდახან დამცინავ სიცილსაც მოაყოლებდა, ოღონდ უფრო საკუთარ ქმედებებზე როცა საუბრობდა ან ისეთ ვიღაცეებზე, ვინც ძალიან ცნობილი იყო, რა თქმა უნდა, ვინაობის დაუსახელებლად…. ხანდახან გაღიზიანება ეპარებოდა ხმაში, ხანდახან სიბრაზეც კი… და ეს ყველაფერი იყო მომნუსხავად გულწრფელი – ერლომს საუბრის უცნაური მანერა ჰქონდა, კამათისას განსაკუთრებით, ნებისმიერ თემაზე საუბრისას, მას შეეძლო დაეწყო დავით აღმაშენებლის მოღვაწეობით და გადასულიყო დოვჟენკოს სწავლის მანერაზე ვგიკში ან ქართული ღვინის მახასიათებლები და ბეთჰოვენის მუსიკა დაეკავშირებინა ერთმანეთთან, მსოფლიო ლიტერატურის რომელიმე ავტორიდან გადასულიყო ეროვნულ მოძრაობაზე საქართველოში… თუმცა ეს ყველაფერი იყო ძალიან ლოგიკური და დამაჯერებელი, დიდი ხანი სჭირდებოდა ამ მანერაში გარკვევას და შეიძლება დაბნეულიყავი, აი სწორედ ასე მიხსნიდა ჩემი მოთხრობების ავ-კარგს – მეც დავიბენი. მანამდე კი, ვინც იქ დამხვდა, აღმოვაჩინე, რომ აბსოლუტურად ჩვეულებრივ თემაზე საუბრობდნენ – არა ფელინი, არა გუერა, არა მარკესი, არა ჰეგელი – უბრალოდ საუბრობდნენ ერლომ ახვლედიანის ქურთუკზე, რომელიც ძალიან უყვარდა, ატარებდა დაახლოებით მეათე წელი… და ელვა-შესაკრავი ჰქონდა გამოსაცვლელი, ერლომი გოგოებს დასცინოდა და ეუბნებოდა, სანამ რამე გენიალურს დაწერდეთ, სჯობს ელვა-შესაკრავის გამოცვლა ისწავლოთ, ისინი აპროტესტებდნენ, რომ ყველანაირი ხელსაქმე კარგად იციან და გამოსდით და ელვა-შესაკრავის გამოცვლა სპეციფიკურია და ხელოსანი სჭირდება, ერლომი აგრძელებდა ხითხითს, იგონებთ რაღაცას, უბრალოდ არ იცით საქმის კეთებაო. ბიჭები არ ერეოდნენ, მერე რომელიღაცამ თქვა, მგონი ჯარჯიმ, რა არის ეგ ათი წლის ქურთუკის ახირება, ახალი ვიყიდოთო. ერლომმა – ჰოდა, მიყიდე შენო, ჯარჯიმ – დავამთავროთ ის სცენარი, რო გვიდევს ერთი თვე და ვერ წაიკითხეთ და საყიდელი ჰონორარიც იქნებაო. მერე ერლომმა, ახლა მომცილდით თავიდან, ადამიანს უნდა დაველაპარაკო და საღამოს დათო ჯავახიშვილთან მივდივარ დაბადების დღეზე, აღარ მცალიაო… თუმცა ჰო თქვენც მოდიხართო, გასვლის წინ ჯარჯიმ გამაფრთხილა, არ შეგეშინდეს უცნაური ლაპარაკი იცისო.

ქეთი პატარაიამ გაიხსენა, პირველად როგორ შეხვდა ერლომს, ავიჩემე, რომ კინო-დრამატურგია მინდოდა და იმ წელს ერლომს აჰყავდა თურმე ჯგუფი. მამაჩემის მეგობარი ზურა ჭელიძე იყო და იმ ლეგენდად ქცეულ სახლში შემახვედრეს ერლომს, იქნებ არ გაქვს ნიჭი და ხომ უნდა გაერკვეო.

რა თქმა უნდა, გაიშალა სუფრა, დაიწყო სმა, აღარავინ მაქცევს ყურადღებას, უიო, ბოლოს გაახსენდათ რისთვისაც იყვნენ მოსულები, აბაო, უთქვამს ერლომს ქეთისთვის, არც ვიცი რა გკითხო და აიღე ჭიქა, რამე სადღეგრძელო გვითხარი და ყველაფერს მივხვდებიო, არ ვსვამო, უთქვამს ქეთის, რატო არ სვამ მერე, თქვი მაინცო, ქეთისაც უთქვამს: მგონი სწორედ თქვენ მჭირდებით მე და ამას გაუმარჯოსო.

გადარეულა ერლომი, იცოდა ხანდახან გადაჭარბებით ემოციების გამოხატვა. პირველ ლექციაზე გამოუცხადებია, კი მაქვს ბევრი სცენარი დაწერილი და კინოებიც ბევრია გადაღებული, მაგრამ როგორ გასწავლოთ არ ვიცი და მეგობრობას გთავაზობთ, მოდით, ახლა მართლა ლექციას ხომ არ წავიკითხავ… ჰონორარი მაქვს აღებული და კაფეში დავსხდეთ და მეგობრობა აღვნიშნოთო.

ქეთიმ, არც ვიცი რატო მეგობრობდა ჩემთან ასეთი ადამიანი, ვერაფრით ვხვდები, რით დავიმსახურე ამ მასშტაბების და სიღრმის ადამიანის მეგობრობაო, – გულწრფელად თქვა, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, არ გამოდიოდა ერლომთან პათეტიკა და სიყალბე, მისი გარდაცვალების მერეც არ გამოდის, ყველა ვიცნობთ ერთმანეთს და არ გამოგვივა.

ირმა ჩუბინიძემ თავისი პირველი შთაბეჭდილებები მოყვა, პატარა გოგო ვიყავი 16 თუ 17 წლის, ერლომთან რომ მოვხვდიო, პირველი შთაბეჭდილებების შემდეგ, მეორე ლექციაზე ჩემი დაწერილი, პათეტიკურ-აჟიტირებული ლექსი მივუტანე, გადახედა და მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან არ მოეწონა, უნიათო ღიმილით მითხრა რაღაც და სახეზეც კი გამოეხატა უკმაყოფილება, ჩემი უგემოვნო პათეტიკის გამო. იმავე წუთას მივხვდიო ირმამ და აღარასოდეს ჩამიდენია მსგავსი ლიტერატურული კეკლუცობა. გავიდა წლები, არავის გვახსოვდა ის ლექსი, შეიძლება ცუდ ხასიათზე გამხსენებოდა, ისიც ძალიან იშვიათადო.

ერლომი რომ გარდაცვლილა, მის ნივთებში, სადაც ხატები ელაგა, წიგნები, ჩანაწერები… მოულოდნელად დალაგებისას იქ აღმოუჩენია ირმას ის ლექსი, შეუნახია ერლომს, არ გადაუგდია.

ვანო და ნიკო და ნიკო და ვანო

ადრე ნიკო ვანო იყო, ხოლო ვანო — ნიკო. მერე ნიკო ვანო გახდა, ხოლო ვანო — ნიკო. ბოლოს ორივე გავანოვდა.
ეს ასე მოხდა:
ნიკო ცუდი ადამიანი იყო და სულ ავს უკეთებდა სხვას, ხოლო ვანო კარგი ადამიანი იყო და სულ კარგს უკეთებდა სხვას. მაგრამ, რადგან ადამიანს ერთი და იგივე ბეზრდება ხოლმე, ნიკოს მობეზრდა ნიკოობა, ხოლო ვანოს — ვანოობა.
ნიკომ უთხრა ვანოს:
— მოდი, გავვანოვდები!
ვანოს გაუხარდა და უპასუხა:
— მე კი გავნიკოვდები, კარგი?
— კი ბატონო.
და იმ დღის შემდეგ ნიკო გავანოვდა, ხოლო ვანო განიკოვდა.

ერლომის ის სახლი ჩემთვის იყო ნამდვილი ზღაპარი, ყოველგვარი ზედმეტი რომანტიზმისა და პათეტიკის გარეშე. ყველასთვის ასე იყო, – ქაოსი, დაძველებული, მორყეული და ზღაპრული. იქ შევხვდი ადამიანებს, რომლებიც იმ დროს ქმნიდნენ საქართველოს ინტელექტუალურ ფონს, თუ ვინმე აზროვნებდა მაშინ, ყველას იქ შეხვდებოდით… აბსოლუტურად უშუალო გარემო კი არა… არც ვიცი, რა ერქვა იქაურობას. იმ სახლში თვითონ უნდა მოგეძებნა ადგილი და მიგელაგებინა, მიგეტანა სასმელ-საჭმელი, თვითონვე მოგენახა ჭიქა და თეფში, თუ იპოვიდი… გაგერეცხა ჭურჭელი. არა, ჭურჭლის რეცხვა თვითონ უყვარდა, არაფრით დაგითმობდა… სადღაც შეიძლება დაკარგულიყო უამრავი ნაწერი და მერე აღმოგეჩინა ყველაზე არალოგიკურ ადგილას, ერლომს შეიძლება დაეკარგა ტანსაცმელი თავისივე სახლში და მერე მიმხვდარიყო სხვა, რომ მეორე დღეა, ტანზე აცვია… თუმცა ამ ქაოსსა და უწესრიგობაში თვითონ მშვენივრად პოულობდა ყველაფერს, მართალია, შეიძლებოდა თარო ჩამოვარდნილიყო, მაგრამ პოულობდა. ფანჯარასთან მიდგმულ სამუშაო მაგიდაზეც არეულ-დარეულობა ჰქონდა, მაგრამ მუშაობდა კონცენტრირებულად, ცოტა გაღიზიანებული და სულ სიგარეტით.

ყველა დიდი სიამოვნებით ხდებოდა ამ ქაოსის ნაწილი.

თავისი დაბადების დღე არ უყვარდა, 23 ნოემბერი. გიორგობაა, როგორ არ გიყვარსო, რომ ეტყოდი, ჰოდა, რომელი წმინდა გიორგი მე ვარ, კაცო, ჩემი დაბადების დღე არ მიყვარსო… მაგრამ ვინ აცლიდა, მის დაბადების დღეს უამრავი ხალხი იკრიბებოდა, გიორგი შენგელაია მუდამ, ნოდარ მანაგაძე, ვახო რურუა, დათო ჯავახიშვილი, ზურაბ კიკნაძე, ლევან მალაზონია, ბესიკ ადეიშვილი, თემო ჯაფარიძე, ვანო ყვავილაშვილი, სხვათა შორის ლიტერატურული ვანოს პროტოტიპი, მალხაზ და ვაჟა კუხიანიძეები, რამაზ საყვარელიძე, ხანდახან ზურა ჟვანია, მეზობლები, სტუდენტები… ყველას რაღაც მოჰქონდა, გეიდარ ფალავანდიშვილი უშველებელი ხინკლის ქვაბით მოდიოდა ფაქტობრივად ყოველ დაბადების დღეზე, მარინა რჩეულიშვილი აუცილებლად გამოგზავნიდა უამრავ რამეს…. ეს იყო სხვადასხვა თაობის ურთიერთობა ერლომის გარშემო, ყველა ოთახში საოცარი საუბრები, ყველაზე მეტად კამათობდა გიორგი შენგელაიასთან და განსაკუთრებით უყვარდათ ერთმანეთი და ხდებოდა ეს, ერთი შეხედვით, ძველ, დაშლის პირას მისულ ზღაპრის ქოხად ქცეულ სახლში… თვითონ ეს სახლიც ლიტერატურული გმირივით იყო.

პირველ პენ მარათონზე სპეციალური პრიზი მომცეს, ერთი ყუთი ღვინო, ეს არის ნამდვილი მწერლის ნამდვილი ჯილდოო, ღვინოო და, რა თქმა უნდა, ერლომთან გამოვწრუპეთ ბოლომდე მთელი ყუთი.

ერთხელ ჩეხეთის ელჩმა წაიკითხა „ვანო და ნიკო“, იკითხა, ვინ არის ეს ავტორი, ცოცხალია თუ არა ეს გენიოსიო. რომ უთხრეს, აი აქვე ცხოვრობს, თქვენგან ორ ნაბიჯშიო, გადაირია, გამაცანითო, მართლაც ესტუმრა ერლომს. ელჩმა იცის, რომ ხვდება თანამედროვე ქართული ლიტერატურის გენიას, ელჩი იძახდა, არა მარტო ქართული ლიტერატურისო… ხვდებოდა საოცარ ადამიანს, განსაკუთრებით ემზადებოდა. მიადგა სახლს, კარი გააღო და ბრაახ, ჩამოვარდა კარი. შევიდა ეზოში – ჩავარდა ორმოში, თხლაშ – სახურავიდან ჩამოემხო რაღაც… გამოდის სახლიდან გაბურძგნილი კაცი, პლედმოხვეული, ეუბნებიან, ეს არის ის გენიოსიო, ერლომი ეწევა სიგარეტს და იფერფლებს ხელისგულზე, სახლი ძალიან აყრილი მაქვს, იქნებ ეზოში ვიყოთო, თან სახლში ცივა და გარეთ მზეა, კაი ამინდია, აქ სჯობსო… და მისი დამახასიათებელი მორიდებული ღიმილი. ელჩი ელაპარაკებოდა ჩეხურად, ინგლისურად… უთარგმნიან, ერლომი ქართულად, მოკლედ ერლომივით არეულობაა… ბედნიერი წავიდა ელჩი, ერლომი ჰყვებოდა, ვერ გავიგე რა უნდოდა და მეც რას ვბოდავდი, აღარ მახსოვსო.

ჩეხეთის საელჩოს უშველებელი, კომფორტული გამათბობელი უნდოდა დაემონტაჟებინა, მაგრამ იმ სახლში არ გამოვიდა და დიდი ჩეხური კომფორტული ღუმელი დაუდგეს. ჯარჯიმ – მივედი მეორე თუ მესამე დღეს, თხელ მაისურშია გამოწყობილი, წამოწოლილი, კმაყოფილი, ხითხითებს… მგონი მართლა კარგი რამე დავწერე, ნახე რას მათბობსო.

ტიციან ტაბიძის ჩიხში იდგა ეს სახლი, ჭავჭავაძიდან აუყვებოდი ზემოთ, მარჯვნივ მარცხნივ და ვიწრო ბილიკით მიადგებოდი ერლომის სახლს, მანქანაც გაჭირვებით ადიოდა. განსაკუთრებით სატვირთოსთვის იყო მიუდგომელი.

ერთხელ ქეთი პატარაიას სთხოვა, ლექციების შემდეგ დარჩი, რაღაც მაყიდინეო, აღმოჩნდა, რომ უნდა იყიდოს საათი… რად უნდოდა და ტიციან ტაბიძის ჩიხში ვერ ადიოდა სანაგვე მანქანა და რომ მოვიდოდა და ატეხდა ზარის რეკვას, ერლომი ვერ ასწრებდა ნაგვის გატანას, ერთხელ, ორჯერ ათჯერ… ერთხელ რაღაცნაირად მიასწრო და უთხრა, რომ გეხვეწები, სანამ არ ჩამოვიტან, არ წახვიდე ხოლმე, ვერ ვასწრებო, ახალგაზრდა კაცი ყოფილა, ეროვნებით ქურთი. ერლომის – „ვერ ვასწრებ“ – იყო ძალიან დიდი დრო და, რა თქმა უნდა, არც ის კაცი ელოდებოდა. ერლომს მოუხერხებია ერთხელ მისწრება, ძალიან გაცხარებულა, უყვირია და იმასაც ხელი აუქნევია და შეუგინებია, ვერ მოვითმინე და გავარტყიო – მოუყოლია შეწუხებულს ქეთისთვის – იმან კიდე ხელი დამახვედრა, საათში მოხვდა, დაუვარდა და გაუტყდა და უნდა ვუყიდოო… ძალიან განიცდიდა თურმე, ხელი როგორ გავარტყი ადამიანს და თან საათი გავუტეხეო. მთელი გზა ვეზუზუნებოდი ერლომს, რად გინდა, რა უნდა უყიდო… არაფრით არ გადათქვა. მივიდნენ საათის საყიდლად და იყიდა იმ დროსითვის ყველაზე ძვირი საათი ას მანეთად. იაფიანი კატეგორიულად არ უყიდია და მთელი გზა ვეწიწინებოდიო, ქეთიმ, რა ას მანეთად, სად ექნებოდა იმას ასეთი ძვირი საათიო. მეორე დღეს ერლომს მოუყოლია, რა ბედნიერები იყვნენ ორივე, როგორ გადაეხვივნენ ერთმანეთს და შერიგდნენ, როგორ გახარებია იმ კაცს საათი, აღფრთოვანებით ჰყვებოდა თურმე ერლომი.

დიდი ხნით ადრე, წარმოიდგინეთ დრო, როდესაც ერლომი არის 23-24 წლის, ეს დაახლოებით 1957 წელია და გურამ რჩეულიშვილი, რომელიც ამ დროს სადღაც 22-23 წლის არის, ძალიან, ძალიან დიდი მეგობრები იყვნენ ერლომი და გურამი. ეს ის პერიოდია, თბილისს 1956 წელი აქვს გადატანილი, ხრუშჩოვის მიერ ქუჩაში დახვრეტილი ახალგაზრდობა, თან სტალინის გამო… მეტისმეტად აღრეულია ფასეულობები, თუმცა არა ისეთ ადამიანებში, როგორიც ერლომ ახვლედიანი და გურამ რჩეულიშვილი და მათი მეგობრები იყვნენ… ყველამ კარგად იცის რა ხდება, თუმცა გულში ჩახვეული თავისუფლების ჟინი უშველებელი სტრესია, ყველაფერი ქუჩის ვაჟკაცობაში განსახიერდება…. მოდიან თურმე ერლომი და გურამი ქუჩაში, და ხვდებიან თავის კბილა ბიჭებს სხვა თბილისური უბნიდან, როგორც ერლომი იხსენებდა, მივხვდი, რომ გურამთან ჰქონდათ საქმე, ძველი ურთიერთობის გარჩევა დაიწყოო, არც ის ბიჭები იხევენ უკან, არც გურამია უკან დამხევი. მაშინ უკვე ის დროა, რომ დანის გამოყენების შემთხვევები ხშირი არ არის, მაგრამ უკვე რამდენჯერმე იყო. ლადო ქოქიაშვილის მკვლელობის ცნობილი ამბავიც უკვე მომხდარია. ვხედავ, იმათგან ერთს დანა აქვს, გურამი ვერ ამჩნევს, უნდა ატყდეს ჩხუბი და კაცმა არ იცის, როგორ დამთავრდება, და უცებ ერლომი ყვება, რა გადამიბრუნდა თავში არ ვიცი და მოვუტრიალდი და გურამს გავარტყიო… დაბნეულა ყველა, განსაკუთრებით გურამი და ჩხუბი შემწყდარა, ჩვენ ჩვენს გზაზე წავედით, ისინი თავის გზაზე. დიდი ხანი იყო გურამი ნაწყენი, თუმცა დანის ამბავი ამშვიდებდა… ეს მე მაქვს მოსმენილი ერლომისგან და სულ მახსოვს, ნებისმიერი უაზრო კონფლიქტური სიტუაციისას მახსენდება ხოლმე.

ერთხელ კი ვანო იყო უსაქმოდ და უთხრა ნიკოს:
— მე შენზე დაბალი ვარ.
ნიკოს ეწყინა და უპასუხა:
— მე კი შენზე დაბალი ვარ.
ვანო მუხლებზე დაეცა და უთხრა ნიკოს:
— ახლა ხომ ვარ შენზე დაბალი?
ნიკო იატაკზე გაწვა:
— ახლა?
ვანომ მიწა ამოჩიჩქნა და შიგ ჩაწვა:
— ეჰე, ნიკო, რა დაბალი ვარ?
ნიკომაც ამოჩიჩქნა მიწა.
ვანომ ორმო ამოთხარა.
ნიკომაც — ორმო.
ვანომ ჭა გათხარა.
ნიკომაც.
თხარეს და თხარეს და ისმოდა ხმა:
— ნიკო! ნიკო! ჩამომხედე, რა დაბალი ვარ…
მაგრამ ეს ხმა გუბდებოდა მიწის ღრმა სიბნელეში, გუბდებოდა და პეპელასავით სადღაც ახლოს ილეოდა და კვდებოდა.
დაიღალნენ. ამოვიდნენ. მიწა კვლავ მიწას დაუბრუნეს. დატკეპნეს. თარაზოც მოიტანეს. დაეტოლნენ.
თურმე ორივე ერთმანეთზე თითო-თითო სანტიმეტრით დაბალი იყო.

„ვგიკში“ სწავლობდა ერლომი, ასე ეძახდნენ მაშინ მოსკოვის უმაღლეს კინემატოგრაფიის ინსტიტუტს, „ვსესაიუზნი გასუდარსტვენნი ინსტიტუტ კინო“ – მოსკოვის სერგეი გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტი, სხვათა შორის საკმაოდ პოპულარული იყო ევროპაში, რა თქმა უნდა, უფრო აღმოსავლეთ ევროპაში. იქ მოხვედრა იყო ნამდვილი სასწაული, თბილისში არ იყო ჯერ კინოს ინსტიტუტი, ამიტომ სამოციანელებს, ყველას, ვინც ქართული კინო განავითარა ბოლშევიკების დროს, ვგიკი ჰქონდა დამთავრებული, ძალიან ცნობილი პედაგოგებიც ასწავლიდნენ… თითქმის ერთ პერიოდში სწავლობდნენ, გიორგი და ელდარ შენგელაიები, ოთარ იოსელიანი, ლანა ღოღობერიძე, ბაადურ წულაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, თამაზ მელიავა, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ანუ მთელი ქართული კინოს ნათელი თავები, შესანიშნავი სამოციანელები.

რომ დაამთავრა თურმე ეს ვგიკი, გადაწყვიტა, ყველა თავისი ჯგუფელი დაეპატიჟებინა რესტორანში გამოსამშვიდობებლად, მანამდე მოაწესრიგა ყველაფერი, გადაიხადა ყველა ვალი, ჩააბარა ყველა წიგნი თუ ნივთი. დათვალა ფული როგორ და რა უნდა ჰყოფნოდა და თბილისში გამოფრენის წინ მშვენივრად მოულხინეს, დაარიგა ტაქსით ყველა სახლში და აი, ამდენი ხანი ნაანგარიშებ ფულში უცებ აღმოჩნდა, რომ აეროპორტამდე ტაქსისთვის აკლდება ორი მანეთი. იმ დროს ტაქსებში იდგა მთვლელი და ყველამ იცოდა, რას დაწერდა ტაქსი აეროპორტამდე. ერლომისთვის გამორიცხული იყო თხოვნა ან უბრალოდ ნაკლების მიცემა… ვერც ტრანსპორტით მიასწრებდა, საგონებელში ჩავარდნილა და უცემ ქუჩაში, მის წინ აფრიალებულა სამ მანეთიანი. ერლომს, რა თქმა უნდა, აუღია, შესულა იქვე მაღაზიაში, გადაუხურდავებია, რაც აკლდებოდა, ორი მანეთი შეუნახავს და ზედმეტი მანეთიანი ზუსტად იმ ადგილას ქარისთვის გაუტანებია.

წლების შემდეგ ერლომის შვილი ბაქარი მოუყვა თავის მასწავლებელს, ერთხელ მე და მამაჩემი მოვდივართ ქუჩაში და ძალიან გვშიაო, მამაჩემი სამოთხეს აჰყურებს ცაში, მე მიწაში ჩავყურებ ჯოჯოხეთს და უცებ მიწაზე გდია ოც ლარიანი, მე ფეხი დავაბიჯე ამ ოცლარიანს და ვცდილობ, რაღაცნაირად ავიღო, რადგან ვიცი მამაჩემი ამ ოც ლარიანს რომ ნახავს, ატეხავს ამბავს, გააგებინებს მთელს ქუჩას, სანამ არ დააბრუნებს, ვდგავარ და ვეუბნები, მამა ახლა ოცლარიანი რომ ვიპოვოთ, რას იზამ-მეთქი, რას ვიზამ და ერთი კარგად შევჭამოთ ლობიოო, ჰოდა, აგე ოც ლარიანი-მეთქი… – გემრიელად გეახელით იმ ლობიოს. ხმაც ვერ ამოიღო ერლომმაო, – სიცილით ჰყვებოდა ბაქარი, – და არ მიხსენებია ჩემი სამოთხის და ჯოჯოხეთის შედარებაო.

ბაქარი მისი ცხოვრების ტრაგიკული დასასრული იყო, უფრო სწორად, მისი ტრაგიკული ცხოვრების დასასრული. ცხოვრების, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დასრულდა. მანამდე უფროსი შვილი ანა. პირველი კი ალბათ გურამ რჩეულიშვილი… გურამ რჩეულიშვილის შემდეგ ზღვაში არ შესულა ერლომი, ძალიან კარგად ცურავდა, მაგრამ გაუბრაზდა ზღვას, რომელმაც წაართვა საუკეთესო მეგობარი. შემდეგ უმძიმესი იყო ბუბა ყარალაშვილის გარდაცვალება. როდესაც მე გავიცანი, იმ პერიოდში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი, გია რევიშვილის, რემკას დაღუპვა. გია ძალიან ღირსეული ადამიანი იყო. საოცარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჰქონდა, – „კვირა დღე“, ერლომიც თამაშობდა და ოთხმოცდაათიანებში, როცა ყველაფერი აირია, მან გადაწყვიტა ებრძოლა. მე პირველად მის ხელში ვნახე იარაღი… ერლომი ძალიან დასევდიანდა მაშინ, კარგად მახსოვს, რემკა რომ მოვიდა სტუდიაში და საქამრეში ნაგანი შევამჩნიეთ, არ მოეწონა რემკას ხელში იარაღი. რითაც განსჯი, იმით განისჯები, გია, რად გინდა ეგო და შემდეგ უზომოდ განიცდიდა ამ სიტყვებს, ფიქრობდა, რომ არ უნდა ეთქვა, ხანდახან თავს ადანაშაულებდა კიდეც, რომ არ მეთქვა, იქნებ არც მომხდარიყო ის ამბავიო… რემკა იმ დროის მსხვერპლი იყო… არადა მართლაც უნიჭიერესი და ნამდვილი რაინდი, რომელიც ერლომს ჰპირდებოდა, რომ აუცილებლად გამოვიდოდა იმ ვალდებულებებიდან, რაშიც თავი ამოყო ბრძოლის და სამართლიანობის სახელით, არადა თავიდან მართლა ასე იყო… მაგრამ ვერ მოასწრო… მერე ბევრი ტრაგიკული ამბავი მიება ერთმანეთს.

სახელოსნოს წევრი იყო ზუკა თუთბერიძეც, ერთხელ ერლომს სადღეგრძელოში უთხრა – ქრისტიანულ აღსასრულს გისურვებთო – ზუკა თუთბერიძეც გარდაიცვალა და ერლომი მუდმივად იხსენებდა – ამაზე კარგი სადღეგრძელო ჩემთვის არ უთქვამთო.

ერლომის თავზე იმ დროს ალბათ წისქვილის ქვაც კი დატრიალდა.

არეული ფასეულობები ამ ქვეყანაში და ამ არეულობაში გარკვევა ძალიან რთული იყო, ყოველ სიტყვას შეიძლება ტრაგედია მოჰყოლოდა. პირადი ტკივილები, განცდები, ღალატი, იმედგაცრუება…. ყველაფერი თავს დაატყდა, ვისიც სჯეროდა, ვეღარ ენდობოდა, და რომ აღარ ენდობოდა, იმასაც განიცდიდა… ადამიანობა დავკარგეო, დარდობდა ხოლმე.

გადაიღალა.

მე ერლომ ახვლედიანი ძალიან დაღლილ ადამიანად მიმაჩნდა, გადაღლილი იმით, რომ ადამიანები ისეთები არ აღმოჩნდნენ, როგორიც მას სურდა, როგორის მას ეგონა, რომ უნდა ყოფილიყო ადამიანი.

სწორედ მაშინ, როდესაც ნიკო მაღალ მთაზე იჯდა და ხარხარებდა, ვანო დაბალ მთაზე იდგა და ფიქრობდა:
„რა შემიძლია მე?
კურდღელს კი გამოვეკიდები, მაგრამ რას დავიჭერ?
მზეს ვერ მივწვდები და, რომც მივწვდე, რას ჩამოვიღებ?
ფიქრი შემიძლია მხოლოდ და რიგიანად ისიც არ შემიძლია“
.
იდგა ვანო დაბალ მთაზე და წუხდა:
„ვანო ვარ და მორჩა და მხოლოდ ის შემიძლია, რომ:

ღამეები დავაღამო,
შავი ფერი გავაშავო,
ლუწია და გავალუწო,
სხვისია და გავასხვისო
“.

ერთი შეხედვით, ყოველთვის ქაოსი იყო მის გარშემო, დაწყებული სახლიდან – გაგრძელებული მისი ჩაცმულობითა და თუ საუბრის მანერით.

ყველანი ამბობდნენ, რომ ძალიან რბილი იყო, მე დღეს რომ ვფიქრობ, ხანდახან სალოსი მგონია. როდესაც ადამიანს ვერ აგებინებ, როდესაც ადამიანი ისე დგას თავის ნათქვამსა და აზრზე, რომ არაფრის გაგება არ უნდა, რატომ უნდა იძალადო მასზე, რატომ უნდა აიძულო რამე, ის ხომ მერე დაუშვებს, რომ ძალადობა შეიძლება და თვითონაც იძალადებს, თან დარწმუნებული იქნება, რომ მართალია.

თუმცა, ვინც მის კამათს შესწრებია, განსაკუთრებით, როცა ეს სამშობლოს შეეხებოდა, ერლომი იყო უპრინციპულესი, მეც მახსოვს და ყველა ჰყვება, შეეძლო სტუმრად მოსული წამომხტარიყო და კარი გაეჯახუნებინა და წასულიყო, თუ მისთვის მიუღებელ გარემოში აღმოჩნდებოდა. იყო პირდაპირი და უკომპრომისო. მე მახსოვს, როგორ მსუბუქად დამცინავად და აგრესიულად გააგდო მასთან რჩევისთვის მოსული ადამიანები, რომლებიც პარტიას აყალიბებდნენ და უნდოდათ თავისი ვერსიის ქრისტიანული მოტივები ჩაედოთ ამ პარტიის პატრიოტულ იდეოლოგიაში, ცოტა ქუჩის ტიპებს ჰგავდნენ, გარეგნობითაც კი. ვიცით, რომ რელიგიური ბრძანდებით და გვირჩიეთ რამეო. ათ მცნებას იცავთო? ჰკითხა ერლომმა. აი, ერთადერთი, არა იმრუშო არ გამოგვდისო. ჰოდა, შვილებო, რატომ წვალობთ, წადით და მრუშ პატრიოტთა პარტია ჩამოაყალიბეთ, ნუ იგონებთ რაღაცას, მარტივად გადაწყვიტეთ… ახლა კი დამტოვეთ, სტუდენტებს უნდა ველაპარაკოო.

ეს ის დროა, როდესაც ერლომმა დრამატურგების სახელოსნო შექმნა თავის სასცენარო ჯგუფის სტუდენტთა ბაზაზე.

ერთხელ თურმე, 80-იანი წლების ბოლოს, ერლომ ახვლედიანს, გარდა იმისა, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჰყავდა კინოდრამატურგები, ასევე უნივერსიტეტში ჩააბარეს მეორადი ფაკულტეტის კინოსცენარისტთა ჯგუფი. ამ ჯგუფში ყოფილან ჯარჯი აქიმიძეც და დათო ტურაშვილიც, თურმე არ დადიოდა ერლომი, არადა ძალიან მაინტერესებდაო, ჯარჯიმ, მეორე თუ მესამე ლექციაზე, ისევ დაგვიანებით რომ მოვიდა, ჯარჯიმ ავდექი და წამოვედი, და მყავს სკოლიდან გამოსაყვანი და კარგად ბრძანდებოდეთო. არ გაინტერესებს, რატო მიდიხარო? – უკითხავს ერლომს. მაინტერესებს, მაგრამ სულ აგვიანებთო და გამოუხურია კარი და წამოსულა, მერე კიდევ ერთხელ არ მოსულა, კიდევ და კიდევ… ბოლოს ავდექი და კითხვა-კითხვით მივაგენი სახლში ტიციან ტაბიძის ქუჩაზე და რას ვხედავ, ეს მისი ცნობილი სახლი, საშინლად არეული, ქაოსი და თვითონ ზის იატაკზე და არის დეპრესიულ მდგომარეობაში. ვინ ხარო, – მკითხა. მე ვუთხარი, თქვენი სტუდენტი ვარ, ჯარჯი აქიმიძე, უნივერსიტეტიდან-მეთქი. შენ ის არ ხარ, დის მოსაყვანად რომ წახვედიო… კი-მეთქი, კარგად დაგიმახსოვრებიათ, – ეს სულ ხსომებია, მაშინ ძალიან უმოქმედია ჯარჯის ასეთ დემარშს, – ჰოდა, წადი ახლა სასმელი მოიტანეო. აესე ვისხედით იატაკზე, მაგიდის ქვეშ და დავლიეთ. ასე დამეგობრდნენ ერლომი და ჯარჯი, ერლომ ახვლედიანის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი. აღმოჩნდა, რომ უბრალოდ დამღლელი იყო ამდენი ლექცია დეპრესიის ფონზე, ადგა და თეატრალურის და უნივერსიტეტის ჯგუფი შეაერთა და ჩამოყალიბდა ის სახელოსნო, რომელშიც მერე მე და ჩემი ძმა, ირაკლი აღმოვჩნდით. ამ სახელოსნოში ბევრი ბრწყინვალე ფილმის იდეა დაიბადა, რა თქმა უნდა, ბევრი ვერ განხორციელდა, თუმცა ერლომის ბოლო ფილმებში ამ სახელოსნოს ყველა წევრის დიდი როლია. რეზო ჩხეიძის ინიციატივით ამ სახელოსნოს წევრებს კინოსტუდია კონკრეტულ სამუშაოებში უხდიდა ჰონორარს მხოლოდ თეატრალურ დამთავრებული გუნდისთვის, რემკას უთქვამს, თუ ძმობაა, ძმობა იყოსო და ეს ჰონორარი ყველაზე იყოფოდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ჰონორარით დიდი ქეიფი იმართებოდა.

მაშინ წარმოიშვა მრგვალი სოფლის ის უტოპიური იდეა, რომელიც, როგორც ჩანს, იმ საგიჟეთიდან გარიდების საშუალება იყო. სერიოზული შეხვედრებიც კი იყო იმ დროის პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან, მაგრამ, როგორც ყოველთვის, საქართველოში ასეთი ჰუმანური იდეის ადგილი არ გამოინახა.

ერლომი ძალიან ფრთხილად უყურებდა ეროვნული მოძრაობის ძალიან ისტერიულ ფონს, ამბობდა რომ წლების მერე რუსები ამით ისარგებლებენო… მაშინ ცოტა ძნელი მისაღები იყო ეს აზრები, განსაკუთრებით ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის. ჯარჯისთან და რემკასთან ამ თემაზე სერიოზული კამათიც მოსვლია, შევსწრებივარ.

ყოველთვის იგრძნობოდა სიფრთხილე იმის მიმართ, რაც მათ და მათი მამების თაობამ ბოლშევიკებისგან გადაიტანა.

გია რევიშვილს ეკამათებოდა მაგალითად იმაზე, რომ არ მოსწონდა მისი იმ დროისთვის მოდური ძვირფასი ფეხსაცმელი, ინსპექტორები, ამით შენ მე მშორდებიო, ეუბნებოდა. ამაზე ყველას გვეღიმებოდა, მაგრამ ახლა რომ ვუყურებთ ამ გადმოსახედიდან იმ არეული ფასეულობებს, შეიძლება ძალიან ღრმა ხედვის შედეგი იყო ეს შეფასება.

ფეხსაცმელებზე განსაკუთრებული გართულება ჰქონდა, ეს ის თაობაა და ის სამეგობრო, რომელსაც გურამ რჩეულიშვილის ბათინკები თაობის სიმბოლოდ ჰქონდა ქცეული.

რთხელ ნიკო უსაქმოდ იყო და უთხრა ვანოს:
— მე შენზე მაღალი ვარ.
ვანოს ეწყინა და უპასუხა:
— მე კი შენზე მაღალი ვარ.
ნიკო ფეხის წვერებზე აიწია და უთხრა ვანოს:
— ახლა ხომ ვარ შენზე მაღალი?
— მე რა, არ მაქვს ფეხის წვერები? — უპასუხა ვანომ.
ნიკო სკამზე შეხტა და დაიძახა:
— ახლა?
ვანოც სკამზე შეხტა.
ნიკო გარეთ გავარდა, ხეზე ავიდა და ვანოს გადმოსძახა:
— ვანო, ამომხედე!
ვანომ არ ახედა, სხვა ხეზე ავიდა და არაფერი არ თქვა.
ნიკო ხიდან მთაზე გადავიდა და ვანოს გადმოსძახა:
— ეჰე, ვანო, შემომხედე, რა მაღალი ვარ!
ვანოც ავიდა მთაზე და ნიკოს გადასძახა:
— ეჰე, ნიკო!
ხოლო შემდეგ ვანომა და ნიკომ, რაც ახლომახლო მთები იყო, გაიყვეს, ერთმანეთზე აახოხოლავეს, ზედ შედგნენ… და ისმოდა ყვირილი:
— აუ-უ, ვანო, შემომხედე! რა მა-ღა-ლი ვარ!!!
და ხევებიდან, კლდეებიდან, უფსკრულებიდან ბრუნდებოდა ათასი პასუხი.
— აუ, ვანო, შემომხედე, რა მა-ღა-ლი ვააარ!!!
დაიღალნენ. სიმაღლეებიდან ბილიკ-ბილიკ ჩამოვიდნენ. მთები თავ-თავიანთ ადგილებზე დაალაგეს, მოიტანეს თარაზო, მოასწორეს მიწა და დაეტოლნენ:
თურმე ორივე ერთმანეთზე თითო-თითო სანტიმეტრით მაღალი იყო.

ირმა ჩუბინიძე და ნინო დადვანი მოყვნენ, ერთხელ, იმ გაგანია 90-იანებში, უცებ ერლომი ლექციაზე მივიდა, ძალიან ძვირფასი და ხარისხიანი ქურქით, საბჭოთა პერიოდში „დუბლიონკას“ ეძახდნენ. ძალიან მოდაში იყო მაშინ და იშვიათად თუ ვინმე ახერხებდა შეძენას, შემდეგ დღეებში ახალი ფეხსაცმლით მოვიდა, ისიც ხარისხიანი და იმ დროისთვის ძვირი და, რა თქმა უნდა, ყველა სტუდენტმა აღნიშნა, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ, მოსწონდათ… ერლომიც, რა თქმა უნდა. იპრანჭებოდა, ხუმრობაზე ხუმრობით პასუხობდა და ერთხელაც აღარ აცვია, არც ეს „დუბლიონკა“ და არც ფეხსაცმელი, რა თქმა უნდა, ყველამ მოიკითხა. ერლომმა, – ვაჩუქე სხვასო. გადაირივნენ სტუდენტები, – რატომ აჩუქეთო და ერლომმა განმარტა, ეს დუბლიონკა რომ ჩავიცვი, ჩემმა მეგობარმა ფეხსაცმელებზე დამხედა და მითხრა, მაგას ეგ ფეხსაცმელები არ უხდება და აი, შენ ახალი და ხარისხიანი, მოუხდებაო. სახლში რომ მივედი, სარკეში ჩავიხედე, ის დაფშხალული სარკე რომ მაქ, ხომ იცით, იმაშიც კი გამოჩნდა, რომ არც შარვალი არ უხდებოდა, მერე აღმოვაჩინე, რომ შარვალს, არც პერანგი მოუხდებოდა, რაც მაცვია და არც ეს დაძველებული პიჯაკი, არც ის ჯემპრი – ძალიან რო მიყვარს, მაგრამ დაძენძილია უკვე… ეგრე რომ გავუყევი, არც ეს გაცვეთილი ტყავის ჩანთა უხდება, ამდენი ხანია რომ დამაქვს… არც ფეხით სიარული მოუხდება, მანქანაა საჭირო, მანქანით თუ ვივლი, არც ის სახლი მომიხდება და აბა წარმოიდგინეთ რა საზრუნავი და საფიქრალი მიჩნდება, მანქანას საწვავი უნდა, სახლს რემონტი და მოწყობა… სადამდე უნდა მივიდე, სულ სხვა რამეზე მომიწევს ფიქრი, ცხოვრების შეცვლა… ჰოდა, ავდექი და ჩემს ახლობლებს ვაჩუქე და დავისვენე, სანამ შემიტოპავსო.

ვანო და შვიდი ნიკო

ერთხელ ნიკო შვიდი იყო. ვანო კი ერთი იყო და თანაც პატარა. ერთმა ნიკომ ვანო გაზარდა და თქვა — ვანო ჩემიაო.
მეორე ნიკომ ტანთ ჩააცვა და თქვა — ვანო ჩემიაო.
მესამე ნიკომ არც გაზარდა და არც ჩააცვა და მაინც თქვა — ჩემიაო ვანო.
მეოთხე ნიკომ ქუდი დაახურა. ქუდი ცოტა დიდი მოუვიდა ვანოს, რადგან პატარა იყო ვანო, მაგრამ მეოთხე ნიკო ვანოს მაინც იჩემებდა.
მეხუთე ნიკო ყველა ნიკოზე ღონიერი იყო და თქვა — ვანო ჩემიაო.
მეექვსე ნიკო, მართალია, არაფერს ამბობდა, მაგრამ ამით ის უნდოდა ეთქვა, რომ ვანო მისი იყო.
მეშვიდე ნიკო ვანოს მასწავლებელი იყო და ბევრი რამე ასწავლა ვანოს, მაგრამ ბოლოს ისიც უნდოდა ესწავლებინა, რომ ვანო სწორედ მისი იყო.
ვანო პატარა იყო და თანაც ერთი და აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, ვისი იყო. ხან ერთ ნიკოს ეუბნებოდა, შენი ვარ, ხან მეორე ნიკოს ეუბნებოდა, შენი ვარ, ხან მესამე ნიკოს ეუბნებოდა, შენი, და ხან ყველას ერთად ეუბნებოდა, თქვენი ვარო.
ერთხელ ვანო წავიდა და დიდი მუხის ქვეშ წამოჯდა და ჩაფიქრდა:
„ვისი ვარ
?“

ნინო დადვანი და ირმა ჩუბინიძე, ჯარჯი აქიმიძე, ქეთი პატარაია, ალბათ იმ იშვიათ ადამიანებს შორის არიან, ვინც ერლომ ახვლედიანთან სიცოცხლის ბოლომდე იყვნენ. ბოლოს ძალიან შეელახა ჯანმრთელობა, მცდელობა ჰქონდა, მონასტერში დარჩენილიყო, იქაც ვერ იპოვა სიმშვიდე, თუმცა ძალიან რელიგიური იყო. ხანდახან წინააღმდეგობაში ვარდებოდა, ერთხელ მითხრა, შეიძლება ჩემი პრობლემები იქიდან მოდის, რომ მე ზედმეტი ავიღე ჩემს თავზე და არ ვარ ღირსი, რომ სასულიერო პირივით ვიქადაგო, თუმცა რაღაც მოთხრობის თუ სცენარის განხილვისას, უცებ თქვა, აი ეს ქაღალდის ნაკუწი რომ აქ დევს, ეგეც ღმერთისგან არისო, ცოტა გავოგნდით და განმარტა, აბა, დაუკვირდით, ამ ქაღალდის აქ მოხვედრის მიზეზებს, გაჰყევით უკან ცხოვრებას და თუ არ მიხვალთ ღმერთამდეო… ამ შემთხვევას ხშირად ვიყენებ ხოლმე კამათისას. მიუხედავად ასეთი რელიგიურობისა, არასოდეს იყო დაჟინებული და არასოდეს უცდია რამე თავს მოეხვია.

ჯარჯი აქიმიძე ჰყვებოდა სახალისო ისტორიას, როგორ იცილებდა თავიდან სამუშაო პროცესს სალოცავად წასვლის მომიზეზებით. ჯარჯისთან, ალვანში წავიდნენ სამუშაოდ, ის კი დაადგებოდა ფეხით გზას ალავერდამდე, მიუსწრებდა წირვის ბოლოს, მერე დაბრუნდებოდა უკან დაღლილი, მერე ისევ საღამოს ლოცვაზე წავიდოდა, ისევ ძლივს მიუსწრებდა ბოლოს, ფეხით ბრუნდებოდა, დაღლილი ივახშმებდა და მერე ეძინებოდა, არ დაუმთავრებიათ მაშინ ის პიესა, ასე ბოლომდე აიცილა თავიდან.

უკანასკნელ პერიოდში მართლაც აღარ წერდა სცენარებს, რაღაცნაირად ინტერესი დაკარგა, თავის მოწაფეებს აძლევდა უფრო მიმართულებებს.

ძალიან განიცადა ზურა ჟვანიას სიკვდილი.

ძალიან განიცადა დათო ჯავახიშვილის წასვლა, დათოსთან სულ რწმენაზე ჰქონდა კამათი, პანაშვიდზე ერლომი ყველა ხატს დალაპარაკებია, აი, ასე, ყველა წმინდანთან ილაპარაკა და ურთიერთობა გაარკვია. ბოლოს ირმას და ნინოს უთხრა, რომ დათოს მაინც სწამდა ღმერთისო.

ერლომი თავისი ცხოვრების წესით საოცრად მიმტევებელი იყო, თავისი ახლობლებისთვის, ვინც ძალიან უყვარდა, ისეთი უპატიებია, სხვა ნამდვილად ვერ მოახერხებდა, თუ მსგავსი სულის სიძლიერე არ ექნებოდა. მეგობრებიც კი საყვედურობდნენ ასეთ მიმტევებლობაზე, თუმცა ეს ერლომისთვის ალბათ ცხოვრების სულ სხვა შრე იყო, რასაც რიგითი ადამიანები ვერასოდეს მივხვდებით.

ვანო და ნიკო და ვალი

ერთხელ ვანო ნიკოზე ოცი წლით უფროსი იყო…
ნიკოს ვანოს ვალი ჰქონდა, მაგრამ ნიკო ვანოს სულ ატყუებდა: დღეს ეუბნებოდა, ხვალ მოდიო, ხვალ ეუბნებოდა, ხვალ მოდიო და ყოველდღე ეუბნებოდა, ხვალ მოდიო.
ვანოს სწყინდა, ნიკო რომ ატყუებდა, და ფიქრობდა: „თუ შეუძლია გადამიხადოს — გადამიხადოს, თუ არ შეუძლია გადამიხადოს, რატომ მატყუებს? პირდაპირ მითხრას და გათავდება“.
მაგრამ ნიკო პირდაპირ არ ეუბნებოდა და თუ ეუბნებოდა, ეუბნებოდა, ხვალ მოდიო.
„თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ავდგები და წყენით შევხედავ. მაშინ ხომ მიხვდება, რომ მწყინს, რომ მატყუებს“
.
……..

„ხვალ არ მოვალ, მოვალ ზეგ და თუ ჩემი ვალი არ დამიბრუნე, დაგეწევი. ტყუილად კი არ ვარ შენზე ოცი წლით უმცროსი?!“ და წამოვიდა.
მეორე დღეს ვანო არ მივიდა ნიკოსთან და მთელი დღე დიდ ქვას არჩევდა მისთვის.
მესამე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ…
— რაო?!
— ხვალ…
— რაო?!
— ხვალ ნუ მოხვალ… დღეს მოგცემ შენს ვალს.
— ნიკო, მაპატიე, რომ შეგაწუხე… შენ ხომ ჩემზე ოცი წლით უფროსი ხარ…
ნიკომ ვანოს ვალი დაუბრუნა.

რაღაცნაირი სევდა ამყვა ამ ამბების წერისას, ყველაფერი გამახსენდა, გამახსენდა რომ ჩემს ცხოვრებაში ალბათ პირველად და უკანასკნელად შევხვდი ნამდვილ სალოსს, რომელიც ძალიან ბევრს ეწეოდა და ხელის გულზე იფერფლებდა, რომლის გარდაცვალების შემდეგ მის წერილებში აღმოჩნდა, რომ საოცრად ბობოქარი ცხოვრებით უცხოვრია და მუდამ შეყვარებული იყო.

რომლის დაბნეულობა მთელი თბილისისთვის ცნობილი იყო, პურის საყიდლად სახლიდან გასული, სამი დღე დაკარგულა, ერთი ოჯახიდან მეორეში პატიჟ-პატიჟით გადასული და მერე სახლისთვის ძლივს მიუგნია.

ერთი ქეიფისას ძალიან ბევრი დაელია, მეორე დღეს ბოდიშის მოსახდელად მივიდა იმ ოჯახში, გუშინ ზედმეტი მომივიდა, ბოდიში მინდა მოგიხადოთო და ისევ იმდენი დალიეს, მესამე დღეს უკვე ბოდიშის მოხდის შერცხვა.

ამბების თამაშით წერას გვასწავლიდა და თვითონაც ასე თამაშით წერდა თავის ტრაგიკულ ცხოვრებას.

ღიმილით ამბობდა, ცხოვრება ხანდახან ისეთ უცნაურ ამბებს გთავაზობს, არავინ დაგიჯერებს ყველაფერი რომ დაწერო, ამიტომ მოიგონეთო.

იმასაც ამბობდა ცოტა გაბრაზებული, ძალადობა ცუდი მარტო იმიტომ კი არ არის, რომ ძალადობაა, არამედ იმიტომ, რომ ძალადობა იწვევს ძალადობას და ის კიდევ სხვას და მთელი ჯაჭვი ებმება, სანამ ვინმე ძალას არ გამონახავს და ამ ძალადობის ჯაჭვს არ გაწყვეტსო.

ზურა კიკნაძემ ღიმილით თქვა მის საფლავზე, ფოლკნერზე მეკამათებოდა და მგონი არ ჰქონდა წაკითხული ან ჰქონდა წაკითხული და ყველაზე უცნაურად ესმოდაო.

ბოლო პერიოდში მე ზურაბ კიკნაძესთან კამათი მომივიდა, ვერ დაემთხვა ჩემი აზრები მისას და ერლომი რომ გამახსენდა, ბოდიში მოვუხადე, არ შეიძლებოდა იმ კავშირების შემდეგ ეს მიწიერი კამათები, ახლა აქედანაც ვუხდი ბოდიშს, ერლომს ეწყინებოდა.

ვინც მას იცნობდა, ალბათ ყველას თავის ერლომი ჰყავდა და თავისი ისტორიები ჰქონდა. ალბათ არ მიწყენენ, სხვა ამბები თავად გაიხსენონ.

ჰოდა, ერლომი აუცილებლად მეტყოდა სიცილით, ეს რა ამბები მოგიყოლიათ ჩემზე, რაები გამოგიგონიათ, ეს მე არ ვარ ბიჭო… მადლობა უთხარი, ბიჭო, ყველასო.

მადლობა, ბატონო ერლომ.

შენი იყოს!

ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და უყვარდათ ეს ქვეყანა. ადიოდნენ მთებზე, მაღალ მწვერვალებზე. მწვერვალებიდან ჩამოდიოდნენ ველად, კრეფდნენ ყვავილებს და უხაროდათ ჭრელ-ჭრელი ყვავილები. გადიოდნენ გაუვალ ტყეებს. უცქერდნენ მზეს და უხაროდათ მაღალი მზე. კრეფდნენ ხეთა ნაყოფს. თესავდნენ პურს. მკიდნენ პურს. შეჰქონდათ წისქვილში და იქ მთელი ღამე ზღაპრების ნაცვლად მართალს ყვებოდნენ…
ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და უხაროდათ ეს ქვეყანა.

2023, სექტემბერი

© არილი

Facebook Comments Box