პოეზია (თარგმანი)

ენ სექსტონი

მისი მსგავსი

ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა

გამოველ გარეთ წყეული ალქაჯი,
შავ ჰაერს მოვარღვევ, ღამე მაგულადებს,
ბოროტი ზმანებით ზედ გადავალაჯებ
სახლებს, სათითაოდ ჩავაქრობ; კუნაპეტს
თორმეტ თითს მოვურევ და კუპრს დავუმატებ.
ასეთი ქალი ქალს სულაც არ ჰგავს,
მე ვგავარ ამ ქალს.

ხის თბილ ფუღუროებს ხელების ფათურით
ვეძებ; ამოვავსებ ჩონჩხებით, წიგნებით,
კაბებით, მძივებით; ვარ ასე გართული
მატლებზე, ელფებზე ზრუნვით; და ვიქნები
მუდამ მარტოსული, შეშლილი ავსული
არვინ შეიყვარებს ქვეყნად ქალს ამგვარს.
მე ვგავარ ამ ქალს.

შენი ავტობუსიც კარგახანს მარწევდა,
შიშველ მკლავს ვუქნევდი შორ სოფლებს გზადაგზა;
ელვარე ბილიკებს თავს ვეღარ ვაღწევდი,
თეძოებს წვდებოდა სხივების კოცონი,
ახლა მაგ ბორბლების ქვეშ ძვლებს ვატკაცუნებ.
ასეთ ქალს სიკვდილის სირცხვილი არ კლავს.
მე ვგავარ ამ ქალს.

© “წიგნები – 24 საათი”