პოეზია (თარგმანი)

სილვია პლათი

მიუნჰენის მანეკენები

ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა

საშინელია სრულქმნილება, ბერწია იგი,
თოვლივით ცივი სუნთქვა აქვს და დახშული საშო,

რომელშიც ჰიდრას თავებივით მოქანავე ურთხელის ხეებს
ზედ ეხეთქება სიცოცხლის ხე, და სცვივა, სცვივა

თვეების მწიფე მთვარეები – არსად, უმიზნოდ.
სისხლის მდინარე სიყვარულის ნიაღვარია.

აბსოლუტური იყოს მსხვერპლი! ხოლო ეს ნიშნავს:
არავითარი კერპი ჩემს გარდა,

მხოლოდ მე და შენ! და სრულქმნილება – დედობანას
ასე თამაშობს: მთელი თავისი ხიბლით, ღიმილით

მანეკენებს მიუნჰენში აწვენს ამაღამ –
პარიზსა და რომს შორის მორგში.

გაშოტილან შიშვლები და მელოტები ბუმბულ-ატლასში,
ნარინჯისფერი მამალოები – ვერცხლის ჯოხებზე;

ამოგლესიათ გული, გონება.
თოვლი გარეთ ყრის შავ ნაფლეთებს.

ადამიანი არ ჭაჭანებს; სასტუმროებში
მოძრაობენ მხოლოდ ხელები: კარს აღებენ, თაროდან კრეფენ

ფეხსაცმელებს, რომ ხვალ დილის
თვისპრიალა ლანჩა ამოქოლოს ბრტყელმა თითებმა;

ხოლო მანამდე – ნატიფ სარკმლების მყუდროებას,
ბავშვის მაქმანებს, ყვავილებიან საშაქარლამოს –

გადაწოლია გერმანელთა ფშვინვა და რული;
და ტელეფონის ყურმილებიც – კაუჭებზე

შავად ბრწყინავს, დუმილს ინელებს.
თოვლი უხმოა.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box