თამუნა ნერგაძე – წითელი და სხვა ლექსები

anais dujarden-2893

წითელი

მე ვარ წითელი,
ვარ საყვირი,
და მე ვარ დროშა,
მაფრიალებდნენ სისხლისმსმელი იმპერიები,
ავად ვჩუხჩუხებ თქვენს ძარღვებში
გისერავთ სხეულს,
თეთრის და შავის წალეკვა ძალმიძს, თუ ავწივლდები.
მე ვარ წითელი,
მე ვარ დროშა,
და მე ვარ წარღვნა,
ჩემი ფერი აქვს სიყვარულს და
ლამაზ მაისებს,
მე სიკვდილისკენ მიგაქანებთ ვნების ჯაჭვებით,
ყველა სხვა ფერი სიმწრისაგან იდაყვს დაიკბენს.
მე ვარ მაცდური, მე ვარ ფლიდი და შემიძლია
ქალწულის ღაწვად შევიფაკლო, ატმის ყვავილად,
მე ვფერავ ურცხვად აყვავებულ მდედრის ბაგეებს,
მეფის წაღებს და მოსასხამებს ვფერავ ალისფრად.
მე ვარ წითელი,

მოძალადე და გაუზრდელი

ფეხზე მკიდია ცისარტყელას მკაცრი საზღვრები,

ფერთა სამების უტიფარი, ხასხასა ღმერთი

მე ვარ! – წითელი

ვსახლობ ქუჩაში გამოგდებულ ბავშვის თვალებში,

ვანათებ შიმშილს…

თქვენ კი ვინც ძღომას მისცემიხართ

სისხლად კი არა ტლანქ ძარღვებში

შხამად ვტრიალებ

და გჩუქნით წყევლას:

ქონს დაეფაროს მაწანწალა ბავშვების ხროვის

არდამნახველი თევზის თვალები,

ვერ მოგეცალოთ ვნების ალისთვის,

მთელი ცხოვრება გევლოთ ნაყროვანს,

სტომაქი იყოს თქვენი ხელმწიფე,

გულისრევა კი გყავდეთ მეგობრად.

მე ვარ წითელი,

ვარ საყვირი,

და მე ვარ წარღვნა,

ხანდახან მჭახე ნათებისგან ისე ვიღლები,

მინდა ტყის მწვანეს შევერიო

ან ვიქცე ლუჯად,

აღარ მსურს სუსხში

დაგიწითლოთ ცივი თითები,

უტიფარი და გაუზრდელი

ხასხასა ღმერთი ფერთა სამების

მე ვარ! – წითელი

მუსულმან სატრფოს

მინარეთები ჩურჩულებენ ყურანის სურებს,

ცისკრის ნამაზებს ასრულებენ

თბილსისხლიანი მუსულმანები.

შექერ-ბაირამს დაემსგავსნენ ჩვენი სიზმრები

და ჩემი თბილი ხელისგულები

ამბობ: ,,ინახავს ჯადოს ამხსნელს

სევდის და დარდისაღმოსავლეთის’’

ამბობ: ,,ალაჰი სიყვარულის ტკბილი ღმერთია’’

და მე გიმალავ ხელისგულებს

რომ ვერ შენიშნო, როგორ მიცოცავს

სიცოცხლის ყველა უმნიშვნელო, წვრილი ხაზიც კი

გულის წერტილთან.

ამბობ: ,,კარგია,რომ არა გვაქვს საერთო ენა’’

და ერთმანეთის ფართო თვალებში

უსიტყვოდ გვიწევს რუკების კითხვა:

ფრთხილად მოვნიშნეთ სევდის უდაბნო

და სიხარულის მდინარეები.

ცალ-ცალკე ცხოვრობს უღრუბლო ცაში

ჩვენი სხვადასხვა, უბრალო ღმერთი

როცა ბოსფორის სანაპიროებს

საღამოობით მოვივლით ფეხით

შენ გამომიშვერ თბილ ხელისგულებს,

მეტყვი: ,,შეხედე როგორ მიცოცავს

სიცოცხლის ყველა უმნიშვნელო, წვრილი ხაზიც კი

გულის წერტილთან’’.

თვალებს გარიდებ და არ დაგხედავ,

არ მსურს ვიცოდე

საით მიდიან შენი ხაზები,

როგორც არ ვიცი რა გზები უდევთ

ნავსადგურებში დროშებდაშვებულ,

მთვლემარე გემებს.

მინარეთები ჩურჩულებენ ყურანის სურებს

ასდის ლიმონის მძაფრი სურნელი სტამბოლის მაისს,

საერთო მზის გულს აფიცხებენ გაყინულ თითებს,

და მეცხრე ცაზე რაჰათ-ლუხუმით მიირთმევს ჩაის

ჩვენი სხვადასხვა, უბრალო ღმერთი.

 

კლასში ჩარჩენილის ლოცვა

ღმერთო, მომეცი ძალასაღამოს, ბაღში სეირნობისას

შევნიშნო ყველა ხეზე ჩიტი.

ღმერთო, მომეცი ძალავაკოცო ისე, არ ვკითხო სახელი, არ დაველოდო ზარს და ვანილიან მარწყვის ნაყინებს.

მომეცი ძალაგავექცე ხმაურს და შევეფარო ხის ძველ აივანს,

რომ დაბინდული თვალებით დაგაკვირდეროგორ ხატავ და შლი ლურჯ ცაზე ქათქათა ბატკნებს.

მომეცი ძალამიხაროდეს მზე და ჰაერი,

რომ სიხარული მქონდეს ჩუმი და უხმაურო,

როგორც ბაცი ვარდისფერი.

მსუბუქი ნაბიჯების გადადგმა მასწავლე,

უსიხარულოთა მოდგმა რომ არ გავაყრუო ქუსლების კაკუნით,

მთელი დღის საგზლად მინდა მეყოს უცნობი ბავშვის ღიმილი და ქერა კულული

მომეცი მახვილი სმენა, რომ ხმაურიან თავყრილობებზე

ამოვიცნო შენი მსუბუქი ნაბიჯების ჩქამი.

მასწავლე, როგორ შემოვინახო სიხარულის კიდობანში ერთი მწიკვი უდარდელი ღიმილი იმ დღისთვის,

როცა ყველაფერს დავკარგავ და შემომაცვდება სამოსი და სხეული.

ყოველ ღამით, როცა ვკვდები და შინ გონიათ, რომ მძინავს

როცა ათასი საზღვრის იქით მიმაქანებ გრილი წყაროებისკენ

სულსა და სხეულს მარგალიტების ლიცლიცით მივსებ

მე ყოველ დილით გაღვიძებისას ცრემლები მახრჩობს -

ვიცი მხოლოდ ჟოლოს ტორტის გამოცხობა,

მტვრის დაწმენდა თაროებზე,

კუთხეში მიყუჟული ობობების ცოცხით დაცაცხანება,

კოცნის გაკვეთილების ყოველდღიური ცხრილი

და მთელი წლის პროგრამა ამ საგანში

ყველა მეგობრის ყავის დოზასუსტი, მაგარი, შაქრით თუ ისე

მხოლოდ ეს ვიცი

და შენს ლიცლიცა მარგალიტებს გრილი წყაროდან

უაზროდ ვფანტავ ამ ყველაფერში.

რაღაცას ამბობ ვიცი წვიმებით,

როცა ქუჩაში უქოლგოდ მტოვებ,

მე კი სველ ასფალტზე არეკლილ მეორე ქალაქში ვიხედები

და თმიდან წურწურით ჩამომდის შენი ჩურჩული.

ბრმა ვარ და ყრუ ვარ

ვეღარ ვისწავლე შენი აზრების სიტყვებად დაშლა

და სიტყვებისგან აზრის აწყობა,

ვერ ვამჩნევ სად სვამ წერტილებს და მრავალწერტილებს,

ჩამორჩენილი მოსწავლე ვარ, პირველკლასელი

მეორეში ვერგადასული.

მომეცი ძალა როცა რაღაცას ამბობ წვიმებით,

შინ არ გავიქცე და ნაბიჯებს არ ავუჩქარო.

 

 ***

სიცოცხლის სიხარულით მბრუნავ ქალაქში,

სადაც ბევრი გასართობი და ცოტა ფიქრის დროა,

ფერადი საღებავები გადაიცვეს ძველმა სახლებმა

სევდის დასაფარად.

ამ ქალაქში, სადაც

მეგობრობის და სათნოების

ტრენინგებზე მიიჩქარიან,

სადაც ქალების ძირითადი გასართობი

საჯარო თვალიერებისთვის განწირული სიყვარულის

სარეცხ თოკზე გამოფენაა,

სადაც კაცები აუხსნელი დარდით კვდებიან

და დაოთხილი მიექანებიან ფერადი ბედნიერებისკენ,

ვერავის მოუყვები ბებიას სიკვდილისწინა,

 საიდუმლოშეცნობილ თვალებზე.

 

მწვანე

პირველი ფერი შენ იყავი,

შეგაზავეს მზის ყვითელით

და ოკეანის ლურჯით.

სიმშვიდე შენგან მოიგონეს და დაგიმატეს ცოტა სიჩუმე.

როცა გაზაფხულობით იბადები და ქორფა ბალახი გქვია,

განდობ დაღლილ სხეულს და გაშლილ ხელისგულებს -

შენთან მშვიდად მძინავს.

ფერმკრთალი, ცისფერი ძარღვების გაგრძელება ხარ,

ჩემს სისხლს ერევი, წითელს, ბობოქარს

და მთელ სხეულში ჟრუანტელივით მივლის

ერთიანად შემოდინებული

შენი უსასრულო თავგადასავლები:

როგორ გეძინა აბალახებამდე თბილ ხნულში,

თესლადყოფნისას: მშვიდად, მთქნარებით, ხანაც მშფოთვარედ

რომ სიზმარში ხედავდი მიწისზედა დედამიწას

და მერე სიზმარშივე ოცნებობდი გამჭვირვალე ჰაერში ამოყვინთვაზე,

შენ ყურს უგდებდი მიწისქვეშა წყლების დინებებს:

როცა ყვებოდნენ

წვიმადყოფნის,

 ნამადყოფნის

და ნიაღვრებადყოფნის ამბებზე,

მაშინ გრცხვენოდა ხმამაღლა კითხვის და ცდილობდი წარმოგედგინა

როგორი შეგრძნებაა ფოთლებს გიფარავდეს ნამი,

ან ნიაღვარი გადაგდიოდეს წყალდიდობისას.

და ერთხელაც, როცა სუნთქვა შეგეკრა და მიწამ დაგღალა

შენ გაგეღვიძა მიწის ზემოთ

მას შემდეგ

ჩვენ ვასვენებთ გადაღლილ თვალებს

 შენს ჩვილ მწვანეზე.

ფანჯრის მინიდან დაგაკვირდები

როგორ მუქდები ყოველდღიურად, ნახევარტონით,

 თბილი წვიმების ორკესტრების მოსმენის შემდეგ

შემოდგომაზე, როცა ფერები შემოგესევა,

და სიჭრელეში ჩაიკარგება შენი ჩუმი და მშვიდი სიმწვანე

არ შეგეშინდეს

დედამიწას თბილი გული აქვს

და შეგინახავს გაზაფხულამდე,

მიგაძინებს და მიგავიწყებს ახლადამოსულს,

როგორ დაგადგი ერთხელ ფეხი ადამიანმა.

გაზაფხულამდე შენ მოისმენ უამრავ ამბავს,

გეცოდინება დედამიწის ყველა ზღაპარი,

მერე ამოხვალ, ამომწვანდები ქორფა სიმშვიდედ, რომ ისევ განდო

გადაღლილი ჩემი სხეული,

რომ გაზაფხულზე გადავისხა ეგ მწვანე სისხლი,

და დავამშვიდო ბობოქარი ჩემიწითელი.

შენ კი არც ცივი, და არც თბილი ფერი არ გქვია

ლურჯი ძარღვების გაგრძელება ხარ, სისხლში მერევი

და შენს სიმწვანეს მოაქვს მიწიდან

გაუგონარი, გრილი ამბები.

ლურჯი ძარღვების გაგრძელება ხარ, სისხლში მერევი,

და მიმხელ ჩუმად დედამიწის ნაზამთრალ სიზმრებს.

 

დაკრძალვის სადღესასწაულო რიტუალისთვის

უნდა დამარხო.

საიმედოდ მოუტკეპნო მიწა ირგვლივ და ჩაიარო,

მერე ძებნა რომ არ დაუწყო

და არ შეუდგე სისხლიანი ნაფლეთებისგან

აწყობას, ისევ

უნდა დამარხო.

ღიმილიცალკე

თბილი სუნთქვა კი

ზამთრის ყველაზე სუსხიანი დღის ქარს გაატანო, შარახვეტიას,

რომ შეერიოს მილიარდი უცნობის სუნთქვას

და ოკეანის ცისფერ ქარიშხლებს.

ყოვლისშემძლე ხელების სითბო

ქალაქის მეორე ბოლოდანაც რომ აღწევდა შენს გათოშილ, სუსტ მხრებამდე

უდაბნოს უნდა უსახსოვრო,

სადაც მარხავენ დასავიწყებელი ხელების მხურვალებას

მერე კი ქვიშა ვარვარებს და ოქროსფერია.

უნდა დამარხო

იღიღინო წყნარი ოსანა,

ნუ გეშინია, ვერ გაცოცხლდება

თუ ხელუკუღმა გადააყრი მძიმე შავმიწას.

გაიმეორე მკვდრის სულთათანა, შუაღამისას

 თუ საფლავიდან ფოსფორისფრად ამოაღწევს სხივი თვალების.

უნდა დამარხო ღიმილითნაზად

ცრემლებს საშიში, უცნაური თვისება აქვს

 და უნდა ყლაპო, შეიბრუნო მოუსავლეთში

ხმელი კუბო რომ არ გაგინედლდეს,

ხმელმა კუბომ რომ ვერ იყვავილოს.

უნდა იბრუნო პირი მდუმარედ და ფეხაკრეფით გამოიპარო

სველ ნაფეხურებს რომ ვერ გამოყვეს

გზააბნეული,შეშლილი სული.

უნდა დამარხო.

 

მდგმურის წერილი

მახსოვს როგორ გაგიცანი

შეგხედე და მივხვდი რა ხდებოდა შენი მიწის ქვეშ

ფუნდამენტი გქონდა ქვითკირივით ჩამოსხმული, ოღონდ მორყეული

როგორც ჩამონგრევის საშიშროებით სავსე უზარმაზარ სახლს.

მახსოვს როგორ გამიცანი

შემხედე და მიხვდიარაფერი მქონდა მიწის ქვეშ,

ჩემი სახლი იყო მიწასმიუჯაჭვავი,

ბორბლებზე შემდგარი და ყველგანმავალი.

მქონდა საყრდენ ბოძებად ფიქრი

და ამინდივით ცვალებადი მისამართი,

შენ, მუდმივი საცხოვრებლით დაღლილი,

ჩემს ცვალებად მისამართებს აედევნე

მერე, დადგა დრო, როცა

გაჩერება შენს მორყეულ სახლთან უნდა მქონოდა

კი არ გკოცნიდი,

უბრალოდ სხვების სახლებში მცხოვრები მდგმურების სევდა

გადმომქონდა შენს სხეულზე ტუჩებით,

კი არ გკოცნიდი,

უბრალოდ უმისამართობის სიმსუბუქეს და სილაღეს

გკიდებდი წამწამებზე ენით.

ეს შენ გეგონა, რომ წვერი ამოგდის,

სინამდვილეში ჩემი დათესილი გვირილები იხარებდნენ

კანის ფორებში,

უმოწყალოდ რომ იმეტებდი ,

დილაობითდაერეოდი და ცელავდი.

კი არ გიყვარდი

საიდუმლო გინდოდა ამოგეხსნა:

როგორ უნდა გეყოს სისხამის სუფთა ჰაერი

მთელი დღის კარგი განწყობისთვის,

როგორ არ უნდა გციოდეს შიშველს,

როგორ უნდა იცინოდე განსაკუთრებით გულიანად, მაშინ

როცა იგრძნობ, რომ დარდისგან შემოგახმა სისხლი

და გახდი

რომ საკუთარი დრო და ფიქრები ბაბუაწვერებივით უნდა დაკრიფო,

სული შეუბერო და არ დააკვირდე საით გაცურდებიან

თუ ეს ვინმეს გაახალისებს, წვეთ ცრემლს შეაშრობს.

როგორ უნდა იყო ნაკადული და მოერიდო ტბებს,

რომელ წყლებს უნდა შეერიო და რომელს არა

 

ჩვენს ხელისგულებს შემორჩათ სითბო,

განსაკუთრებულად ცივი ზამთრებისთვის შემონახული

და როცა შენკენ ზამთრდება და გგონია რომ გახსენდები,

უბრალოდ ხელისგულები არ გაძლევენ მოსვენებას -

იჯდე მარტო, შენს მუდმივ სახლში

და გაჰყურებდე დათოვლილ ქალაქს

სევდიანი ხარ,

არ გინახავს

 

ფერადი სახლები,

მკაცრი სახლები,

ჩაბნელებული სახლები,

მობუზული სახლები,

ჩახჩახაჭაღებიანი სახლები,

ხის თბილი სახლები უღრან ტყეებში

და მუდმივი მისამართით დაღლილი

ჩემს ცვალებად მისამართებს აედევნე

მახსოვს როგორ გაგიცანი.

გახსოვს როგორ გამიცანი.

 

სიჩუმის ყვავილები

 ,,ტყეში ჩიტები გალობენ დღისით და ძინავთ ღამით

 დიდ ქალაქებში კი განათებების გამო დღე და ღამე ერთმანეთში ერევათ,

 დაუსრულებლად გალობენ და გადაჭარბებული ენერგიის ხარჯვისგან მალევე იხოცებიან“.

                                                                                                         ოლივიე მესიანი

 * * *

სიჩუმეში იშლებიან ყვავილები,

სიჩუმეს ფერი აქვს, სუნი და გემო,

არ უყვარ ქალაქებს და დისკოთეკებს,

ღამის კლუბებს, რომლებიც იფარებენ

სიჩუმისგან გაქცეულ შენს მეგობრებს,

ხანდახან მათგან გრჩება მხოლოდ სავსე საფერფლე

 და უყოყმანოდ გადასაყრელი ლუდის ბოთლები

 

 ***

ქალაქის ყველაზე დიდ მონიტორთან ჩამომსხდარან

წიფობელები

და სარეკლამო კაშკაშის ფონზე, მზის მომღერლები

ღამის თორმეტზე ასრულებენ ცისკრის გალობებს.

სადღეღამისოდ განათებულ დედამიწაზე,

სიჩუმის უფლებაჩამორთმეული ნეონის ღამე

შეიფარებს დაბნეულ ჩიტებს.

 

 ***

პალტოებით და ძველმანებით სავსე კარადა,

დიდხანს დამალვა უფროსებისგან,

დაურღვეველი სიჩუმის ქსოვა,

 რომლის ძაფებიც ცაში მთავრდება,

 იმ ანგელოზთან

ჯერ კიდევ ჩვილს რომ გაღიმებდა ფერად სიზმარში.

 

 ***

სიჩუმეოქროს გასაღები

სხეულის მიღმა ამწვანებული

უღრანი ტყისკენ.

სიჩუმეშენში ამღერებული ქარების ყურის დასაგდებად.

ის, რასაც შენი ჭრელაჭრულა და მოჟღარუნე საუკუნე

ყოველდღე კლავს და ყოველდღე ებრძვის,

რასაც ყოველდღე ქსოვ და მერე კი

საგულდაგულოდ ამოახვევ დასასრულის ძაფს,

ამოწვერილს საბედისწეროდ,

რომ აურიო გზა და კვალი აბეზარ მრღვეველს

შენი თითებით გამოყვანილი ორნამენტების.

 რასაც ყოველღე გედავებიან 

და შენი წილი მაინც რომ გრჩება:

თავყრილობებზე, აურზაურში, ბრბოში

და სახლში მარტო დარჩენილს.

რასაც სიტყვებად ვერასდროს თარგმნი

და რისი გათქმაც უხერხულია,

რაც გაწერია მხოლოდ თვალებში

და შეგიძლია გადასდო სხვასაც,

ტროლეიბუსში გვერდით მჯდომ უცნობს

რომელსაც მერე ვერასდროს ნახავ,

ის რაც ყველას აქვს, მაგრამ მაინც

სჭირდება ძებნა,

ჩამოშვებული ქუთუთოების, სიყვარულების,

წყენებისა და სიხარულების, სიზმრების მიღმა.

თუ არ დაძებნი დრო მოვა და თვითონ მოგძებნის

ყოველი წუთი, რომლის სიჩუმის სიწმინდესაც

არ გაუფრთხილდი და აავსე სულელური

ხმაურებით და თავყრილობებით.

სანამ წიკწიკებს მზის საათი ჩემსა და შენში,

სანამ პლასტმასის დედამიწას ცა შერჩენია,

სანამ ყველაზე ლამაზ მუსიკას უკრავს

ძარღვებში მბრუნავი სისხლი,

სანამ სიჩუმეს ფერები აქვს სუნი და გემო

დღეს ჩემს კაქტუსებს შუაღამისას,

სისხლისფერი ყვავილების გაშლის ღამე აქვთ,

ნუ დაიძინებდა ჩუმად, ჩუმად

გაახილე თვალები ფართოდ,

ფანჯრებს მიღმა

ღამის თორმეტზე

რიჟრაჟს გალობენ ნეონისაგან

დაბნეული წიფობელები.

© არილი