სამწერლო მოღვაწეობასთან დაკავშირებით ვულფს მყარი პრინციპები ჰქონდა. საუკეთესო დრო სამუშაოდ, მისი აზრით, ღამე იყო, როცა გარეთ ბნელა და სიმშვიდეა… ასევე მიაჩნდა, რომ ეს შრომა რეგულარული უნდა ყოფილიყო, დღეში ხუთი-თხუთმეტი საათი მაინც. “თხზვისას არ არსებობს ღვთაებრივი ზეშთაგონება, – ამბობდბა ვულფი, – იგი უმძიმესი სამუშაოა, ოფლი უნდა დაღვარო… ჩემს წიგნს წელიწადნახევარი შევწირე”. ვულფი თვლიდა, რომ მწერლისთვის მთავარია თავის საქმის სჯეროდეს, რადგანაც “ამის გარეშე შეუძლებელია წერა და თუკი ეს რწმენა გაქვს, სიცოცხლის მანძილზე ოცზე მეტი რომანის დაწერასაც მოასწრებ”.
მაგიდაზე ყოველთვის ედო შექსპირის პიესების ერთტომეული, კითხვით გაცრეცილი, გვერდებშემოფლეთილი პატარა წიგნი და ზოგჯერ მთელ საათებს წინ და უკან დადიოდა და ხმამაღლა კითხულობდა ხოლმე ვრცელ ნაწყვეტებს. შემდეგ სამუშაოს უბრუნდებოდა გააფთრებული, საოცარი ენერგიით ანთებული და იწყებოდა სიტყვების თავგანწირული მდინარება, ნაკადები, რომელთა შეკავებასა და თავისი გროსბუხების ფურცლებზე აღბეჭდვას ვულფი ვერც ასწრებდა; მას აუარება ასეთი საბუღალტრო წიგნი ჰქონდა, გროვებად რომ ეყარა იატაკზე თუ საკუჭნაოში და რომლებიც ჩრდილოეთ კაროლინის, ჰარვარდისა თუ ნიუ-იორკის უნივერსიტეტებში ყოფნის პერიოდებში შექმნილი პიესებით იყო სავსე. იქვე იყო აუარება, “მოცალეობის” ჟამს დაწერილი ლექსები, ესეები და მოთხრობები – თვითგამოხატვის უკეთესი ხერხის ძიებისას ამ ადამიანმა ყველა ჟანრი გამოცადა და ბოლოს ყველაფერს რომანი არჩია.
ეს გროსბუხები გაურკვეველი, გაკრული ხელით ნაწერი ბატიფეხურით იყო გადაჭედილი! საათები ვუნდებოდი ხოლმე რამდენიმე გვერდის გაშიფვრას, ვიდრე გადავბეჭდავდი; იყო შემთხვევები, როცა თავად ვულფი ვერ არჩევდა თავის ნაწერს. ერთხელ, როცა ერთ-ერთ ასეთ პასაჟზე ვანთხევდი ტვინს, რამდენიმე გვერდით ადრე ნახსენებ ფაქტს გადავეყარე და ვულფს მივუთითე, ვკითხე საჭირო იყო თუ არა ასეთი გამეორება და ღირდა თუ არა მისი დაბეჭდვა. ორიოდე წუთი ხმა არ ამოუღია, თვალებში მიყურებდა, შემდეგ კი გაკაპასებულმა მითხრა: “დაბეჭდე, დაბეჭდე, რა თქმა უნდა!” იგი თვლიდა, რომ გამეორებას არასდროს მოაქვს ზიანი. თუკი წერისას მისმა გრძნობებმა ასე ისურვეს, ე.ი. წიგნშიც უნდა ყოფილიყო ეს გამეორებები. სიმართლე ითქვას, იგი დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი, რაც ადამიანის მეხსიერებაში იყო დალექილი, წიგნებშიც უნდა შესულიყო. მისი რედაქტორები კი მისგან თავშეკავებას მოითხოვდნენ; ურჩევდნენ, არ მიეცა სიუჟეტისთვის ათას ერთი მიმართულებით გაქცევის საშუალება – მაგრამ ვულფი ვერ ერეოდა თავს. გამომცემლებისგან აღშფოთებული და განრისხებული ბრუნდებოდა, ამბობდა, მთელი თავი ამოიღესო რომანიდან და დასჯილი ბიჭუნასავით რამდენიმე დღე იბუტებოდა, მანამ, სანამ დათანხმდებოდა რედაქტორების წინადადებას და გააცნობიერებდა, რომ ისინი შესაძლოა მართლებიც იყვნენ. ვულფისთვის სრულიად აუტანელი იყო ტექსტიდან გვერდების ამოღება; რაღა ხელ-ფეხის ამპუტირება და რაღა ეგ, – ამბობდა იგი. გამომცემლები სანუგეშოდ საჟურნალო ვარიანტებად ბეჭდავდნენ ხოლმე დაწუნებულ თავებს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ვულფს მაინც არ სჯეროდა მათი.
ვულფს უოლტ უიტმენის თავისუფალი, მედინი და მრავალნაკადიანი სტილი ხიბლავდა. როცა ვინმეს ნაწარმოებს შეაქებდა ხოლმე, იტყოდა: “აქ უიტმენისეული სივრცე და გაქანება იგრძნობა”. ჰეივუდ ბრაუნის შესახებ თქვა ერთხელ: “ოდესღაც იმედისმომცემი ახალგაზრდა იყო, ახლა კი სრულიად უნაყოფო გახდა”-ო. ჯორჯ ბერნარდ შო ერთი მოკლე ფრაზით შეამკო: “პუბლიკას ღლის და საერთოდაც, ძალიან მოსაწყენი გახდაო”. რა აზრის იყო უხამს წიგნებზე? “პორნოგრაფიას არსებობის არანაირი უფლება არა აქვს, თუკი მასში ცხოვრების შემოქმედებითი ძალები არ ჩანს… მხოლოდ ჭუჭყისა და სექსისთვის შექმნილი წიგნები გულს მირევენ”. უნდა იყოს თუ არა მწერალი ღრმა მოაზროვნე? “არა, დიდი მწერლები არასდროს ყოფილან დიდი მოაზროვნეები. ისინი თავისებურად ფიქრობენ, ესაა და ეს”.
მისი საყვარელი მხატვრები ბრეიგელი და გოია იყვნენ, ვულფმა დიდი დრო გაატარა ევროპის სამხატვრო გალერეებში, სადაც მათ ტილოებს სწავლობდა. რატომ უყვარდა გოია? “იმიტომ, რომ მის ესკიზებშიც კი რაღაც ბოროტი გამოსჭვივის”. ასეთ მოსაზრებას მხოლოდ ვულფისგან თუ გაიგონებდი.
რატომ უყვარდა მოგზაურობა? “ვმოგზაურობ, რათა თავი ვიპოვო. როცა ოცდაერთი წლის ვიყავი, მოგზაურობაზე ვოცნებობდი. მაგრამ ამ ასაკისა ჯერ კიდევ არა ხარ მზად… ჯერ კიდევ არ ეძიებ ღირებულებებს… ახლა, როცა დაღლილობას ვგრძნობ და გაღიზიანებული ვარ, ევროპაში მივემგზავრები… მაგრამ ჩემი სახლი ნიუ-იორკია. ეს ქალაქი კულტურისა და დახვეწილობის ცენტრია. აქ ყველაფერია, რა გინდა სულო და გულო, მთავარია ფული გქონდეს. უფულოებს ეს ქალაქი მკაცრად ექცევა. როცა გავმდიდრდები, მხოლოდ აქ ვიცხოვრებ… საფრანგეთში ხალხი ფულის გარდა არაფერზე ფიქრობს. იტალიაში კიდევ უარესი. გერმანელები პატიოსანი ხალხია… ჩვენ ფულს ვფლანგავთ, ევროპელები კი დაჰკანკალებენ მას. აი, მხოლოდ ვენა! ვენელებს შეუძლიათ თავისუფლად, ლაღად ცხოვრება. უყვართ მუსიკა და შუბერტი (ვულფი ხშირად ღიღინებდა ხოლმე შუბერტის მიერ გოეთეს სიტყვებზე დაწერილ სიმღერას, რომელიც ოდესღაც ვენაში, შუბერტის ფესტივალზე მოუსმენია). დიახ, ვენელებმა მართლაც იციან ცხოვრების ყადრი – აგრძელებდა იგი – ვენელი, როცა მემკვიდრეობას მიიღებს თვეში ასოცდახუთდოლარიანი შემოსავლით, თავს ანებებს სამსახურს და დროს კინოში, კაფეებსა თუ ბორდელებში ატარებს… ვენელი მეძავები ხომ საუკეთესონი არიან მსოფლიოში. საფრანგეთში გულგრილი ქუჩის ქალები არიან, მოხერხება არ აკლიათ და დროს აფასებენ. მისი ალერსი მეთოდურია, თითქოს ხაზს უსვამენ, რომ ამ სიყვარულისთვის საათობრივად იხდით ფულს. ამერიკელი მეძავი, როგორც წესი, საქმიანია. დროს ისიც უფრთხილდება. მხოლოდ ვენელები არიან უდარდელნი, ისინი გულწრფელად გეალერსებიან, ცოტათი თითქოს უყვართ კიდეც თავიანთი “კლიენტი”.
მთელი ცხოვრება ვულფს მატარებლები უყვარდა. როცა მიწისქვეშა მატარებლები ჭრიალით უხვევდნენ და 14-ე ქუჩის სადგურს უახლოვდებოდნენ, ვულფის სხეული უეცრად რეზონატორად იქცეოდა ხოლმე; თითქოს ტოკავდა, როცა რკინის (ბორბლებისა და რელსების) ღრჭიალის გულგამაწვრილებელ, გამჭოლ ხმას ისმენდა.
ადამიანის საცხოვრისი ბევრ რამეს გეტყვით პატრონის შესახებ. 1929 წელს ვულფი ძველ და დიდ სახლში ცხოვრობდა 14-ე ქუჩის სიახლოვეს, 5-ე ავენიუს კუთხეში. ბინაში ორი ოთახი იყო, ერთი – უზარმაზარი, მობინადრის სიმაღლის შესაბამისი; ფართო სარკმლიდან შუქი მთელ ოთახს ეცემოდა; სარკმელთანვე იდგა სამუშაო მაგიდა, სადაც თეატრის მხატვრის, ელინ ბერნსტაინის ხელით დახატული კოსტუმებისა და დეკორაციების ესკიზები ელაგა. (სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ტომი არასდროს არაფერს ამბობდა ელინ ბერნსტაინის შესახებ, მაგრამ მისი არსებობა არავისთვის იყო საიდუმლო. იგი მაშინ წავიდოდა და მოვიდოდა, როცა მოისურვებდა. არაერთხელ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა აქეთ ოთახში დიდ მაგიდასთან ელინი ჩაჰკირკიტებდა თავის ესკიზებს, იქით კი, მეორე ოთახში, მე და ტომი ვმუშაობდით. ტომმა მითხრა, რომ ელინ ბერნსტაინი მას ქირას უხდიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ საბაბი იყო, რათა ამ ქალთან ერთად ცხოვრების მიზეზები აეხსნა).
ოთახის შუაგუში დიდი, მრგვალი მაგიდა იდგა ორი, ძველებური ხის სკამით. მაგიდაზე ერთმანეთში იყო არეული ქაღალდები, გროსბუხები, წიგნები, გაურეცხავი ჭურჭელი, ფერფლი, სიგარეტის ნამწვები და ჭიქები. იატაკი ყოველთვის მტვრით იყო გადაპენტილი. საკვირველია, როგორ გადიოდა ოთახიდან ოთახში ვულფი ისე, რომ არაფერს გამოსდებდა ფეხს… ავეჯიც მტვრიანი იყო. ფართო ტახტი, პირსაბანის გვერდით, ყოველთვის აულაგებელი მხვდებოდა ხოლმე. ერთი სიტყვით, ვულფს ფეხებზე ეკიდა ის, თუ როგორ გამოიყურებოდა მისი ოთახი. თავადაც ასეთივე შეუხედავი იყო იმ დღეებში, როცა წერდა – აჩეჩილი თმა, ჭუჭყი ფრჩხილებქვეშ, ბინძური ხელები, გაოფლილი პერანგი, გასაუთოვებელი შარვალი! ყოველთვის ფერმკრთალი ჩანდა. ეს ვულფი არაფრით ჰგავდა ადამიანს, ვინც მისი წიგნების სუპერიდან იმზირებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასეთ დაძაბულ დღეებში მაინც; რადგანაც, როცა იგი მუშაობდა, დაუდევარი და უგულისყურო ხდებოდა ხოლმე, როგორც ოდესღაც, ყმაწვილობისას, კაროლინაში.
მახსოვს, ერთ საღამოს გადაწყვიტა ჩაით გამმასპინძლებოდა. აადუღა წყალი, ფინჯანში დაასხა, ჩააგდო ჩაის პატარა პაკეტი და ფურცლებითა და წიგნებით გადაჭედილ მაგიდაზე დადგა. შემდეგ სიგარეტი გააბოლა და მანამ, სანამ ყლუპის გაკეთებას მოვასწრებდი, დაბნეულმა ფინჯანში ჩამიფერფლა!
ვულფი იმდენად იყო დანთქმული თავის თავში, რომ იშვიათად თუ გამოყოფდა თავს ნაჭუჭიდან, რათა მოყვასისთვის შეეხედა, დაკვირვებოდა. თავის ფიქრებში გართული, უცერემონიო და ეგოისტიც ხდებოდა ხოლმე. ტვინში მუდამ დუღდა და გადმოდიოდა იდეები… აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ფინჯანში ჩააფერფლა! ალბათ, საკუთარი თავისადმი სწორედ ამ ყოვლისშთანმთქმელი ინტერესით აიხსნება მისი არაჩვეულებრივი მახსოვრობა და ის სიზუსტე, რითაც იგი თავისი ცხოვრების დეტალებს აღწერდა.
და მაინც, მიუხედავად მკაცრი ხასიათისა, იგი სულის სიღრმეში მორცხვი ადამიანი იყო. ერთხელ, 1927 წელს, ევროპაში მოგზაურობის შემდეგ, უნივერსიტეტში გამოჩნდა; სამასწავლებლოში, სადაც ბლომად ხალხი ირეოდა, იქ მომუშავე ერთ-ერთ სტუდენტს ჰკითხა, წერილები ხომ არ არის ჩემმს სახელზეო. სტუდენტმა გვარი ჰკითხა. მან უპასუხა: “ვულფი”. ახალგაზრდა ყმაწვილმა უბრალოდ გადახედა ასეულობით ყუთს და უთხრა: “თქვენს სახელზე არაფერია”-ო. ვულფმა შესანიშნავად იცოდა, რომ ასეთი ხანგრძლივი მოგზაურობის მანძილზე აუარება წერილს მიიღებდა, მაგრამ გაბრუნდა და წავიდა. მას შერცხვა, ვერ მოიფიქრა, როგორ გამოსულიყო ამგვარი მარტივი სიტუაციიდან ისე, რომ შეურაცხყოფა არ მიეყენებინა უცნობი ადამიანისთვის… ამიტომაც ადგა და დატოვა იქაურობა!
თავისი გარგანტუასებრი გარეგნობის მიუხედავად, ვულფი ხშირად მაგონებდა ხოლმე პატარა მორცხვ ბიჭუნას. შინაგანად იგი ძალზე ფაქიზი ადამიანი იყო, საოცრად სამართლიანი. ხშირად მეკითხებოდა, ჰქონდა თუ არა ჩემი ვალი (მისი ნაწარმოებების გადაბეჭდვის საზღაურს გულისხმობდა). ამგვარი საზრუნავი ყოველთვის ტანჯავდა ვულფს.
რცხვენოდა თავისი ვეებერთელა აღნაგობისაც. ყოველთვის ეშინოდა, რომ მას ვინმე აწყენინებდა, ან რომელიმე უცნობი გამვლელი დასცინებდა ქუჩაში. მეტსახელები, რომლითაც ბავშვები აჯავრებდნენ ხოლმე, გულს ტკენდა. ერთხელ, როცა მოვუყევი, როგორ ვიტანჯებოდი ბავშვობაში ჩემი კოჭლობის გამო, ვულფმაც აღიარა, რომ მასაც ერიდებოდა თავისი გიგანტური ფიგურისა. მისთვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა გაგეცინა ვინმეს ფიზიკური ხინჯის გამო. “მაგრამ ხომ იცინიან! – წამოიყვირა ერთხელ ტომმა, – საშინელებაა, არა? მაგრამ მაინც იცინიან! უმრავლესობა იმიტომ, რომ პრიმიტივია, პირველყოფილი. გვიყურებენ, ხედავენ ჩვენს მოუქნელ სხეულებს, გიჟებივით ხარხარებენ და თანაც ამას ვერაფრით ვშველით”. ბოლოს, აქაოდა ვხუმრობო, ტომმა შესძახა: “ჯანდაბას, შენ კოჭლი ხარ, მე – სპილო, მაგრამ ისინი ხომ ნაღდად გიჟები არიან!”
აი, ასეთს ვიცნობდი მე ტომას ვულფს.
© “არილი”