Uncategorized,  ესე,  პორტრეტი,  ხსოვნა

ირმა ტაველიძე – თეთრი ქალი

Nadine-Gordimeryy

2014 წლის 13 ივლისს გარდაიცვალა ნადინ გორდიმერი – სამხრეთაფრიკელი მწერალი, აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. მას ყველაზე ცნობილ სამხრეთაფრიკელ მწერლად ასახელებენ, თუმცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ის თითქმის უცნობია. ნადინ გორდიმერი იმ ძალიან კარგ მწერალთა შორისაა, რომლებსაც საქართველოში არ კითხულობენ. ქართულ ენაზე 2011 წელს გამოცემული მისი ერთადერთი წიგნი – მოთხრობების კრებული “ბეთჰოვენს 1/16 ზანგის სისხლი ჰქონდა” (გამომცემლობა “ინტელექტი”, თამარ კოტრიკაძის თარგმანი) ამ მოცემულობას, ფაქტობრივად, ვერ ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ თავად მწერალს სწორედ მოთხრობა მიაჩნდა თანამედროვეობისთვის ყველაზე შესაფერის ლიტერატურულ ფორმად, ალბათ სჯობდა, მკითხველს ის იმ რომანით გაეცნო, რომლისთვისაც 1974 წელს ბუკერის პრემია მიენიჭა და რომელიც მის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. ვგულისხმობ რომანს “მცველი” (The Conservationist) – მის ყველაზე პოეტურ წიგნს დოკუმენტური პროზისთვის დამახასიათებელი სიზუსტით და სისადავით.

ჩვენ წაგვიკითხავს აფრიკელი მწერლები და ის მწერლები, რომლებიც აფრიკის კონტინენტზე დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ჩვენ წაგვიკითხავს სამხრეთაფრიკელი მწერლის, ასევე ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯონ მაქსველ კუტზეეს წიგნები და ის ფილმიც გვინახავს – “სირცხვილი” – ჯონ მალკოვიჩით მთავარ როლში.

ნადინ გორდიმერის აფრიკა კი ისეთიც არის, როგორადაც ჩვენს წარმოდგენაში არაერთხელ გაცოცხლებულა სხვა მწერლების წყალობით – თავისებური, უცხო არომატებითა და რწმენა-წარმოდგენებით გაჯერებული, ისტორიის სისასტიკეებით დაღდასმული, განსაზღვრებებში ძნელად მოსაქცევი კონტინენტი, მაგრამ ამავე დროს ისეთიცაა, როგორსაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. ეს მწერლის თვალით დანახული, მისი მგრძნობელობით გაშუალებული სივრცეა, სადაც ლოკალური კონტექსტი ყველაფერს განსაზღვრავს. ნებისმიერი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური მოვლენა, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ხდება, მის უახლოეს წარსულში განვითარებული მოვლენების ფონზე, სრულიად თავისებურ სახეს იძენს. სამყაროსთვის ეს ქვეყანა ერთგვარი სარკისმიღმეთია.

ნადინ გორდიმერს მსოფლიო ძალიან კარგად იცნობს. ნახევარ საუკუნეზე მეტია, მისი მოთხრობები “ნიუ იორკერსა” და სხვა ცნობილ პერიოდულ გამოცემებში იბეჭდება, მისი თხუთმეტი რომანი და ოცამდე მოთხრობების კრებული კი მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. სამყარო, სადაც რაღაცის მისაღწევად იბრძვიან და არ იციან, როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება, როცა დასახულ მიზანს მიაღწევენ; ქვეყანა, სადაც ფესვგადგმულმა ძალადობამ უამრავი ახალი სახით იჩინა თავი; პოლიტიკური რყევების ფონზე დანგრეული ურთიერთობები და განცდა, რომ გამუდმებით რაღაცას კარგავ; არა მგონია, ეს ყველაფერი ძალიან უცხო იყოს ქართველი მკითხველისთვის.

თუ მწერალი გულწრფელია, თუ ის თავის ქვეყანაზე წერს და ამ ქვეყანაში დრამატული მოვლენები ხდება, მაშინ პოლიტიკა თავისთავად იქცევა მისი ნაწერების ნაწილად – ასე სწამდა სამხრეთაფრიკელ მწერალს, რომელსაც არც უცდია, პოლიტიკისგან დაეცვა საკუთარი წიგნები და ცხოვრება. იმასაც ამბობდა, ჩილელი ან პოლონელი რომ ვყოფილიყავი, ჩემი პოზიცია ასეთივე დარჩებოდაო. მის გულწრფელობაში ეჭვს ნამდვილად ვერ შეიტან. რადგან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ცუდად ვიცნობთ, მხოლოდ ის ვიცით, რომ იქ ყველაფერი “სპეციფიკურია” – დემოკრატიზაციის პროცესით დაწყებული თვითცენზურის ფორმებით დამთავრებული (მწერალმა იცის, რომ მკითხველი მგრძნობიარეა ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შავკანიანი პერსონაჟის მიმართ, ისევე, როგორც ერთმნიშვნელოვნად დადებითი თეთრკანიანი პერსონაჟის მიმართ და ამას ანგარიშს უწევს), ჩვენ, სულ სხვა სამყაროს მკითხველები, ალბათ მწერლის გულწრფელობის იმედად უნდა ვიყოთ. სწორედ ნადინ გორდიმერის მსგავს მწერალს შეიძლება შევყვეთ უშიშრად იმ ქვეყანაში, სადაც დიდი ბრძოლის ეპოქა დასრულდა, მაგრამ ყველაფერი თავის ადგილას სულაც არ დამდგარა. პირიქით, ამოყირავებულ სამყაროში ორიენტაცია უფრო რთული გახდა.

ნადინ გორდიმერი მწერლად დაბადებული ქალია – აქ მისი რწმენა ბოლომდე ემთხვევა ჩემსას და ჩემნაირი მკითხველებისას. ის, ვინც სამყაროში სიცხადის შეტანის, სამყაროს არსში ჩაწვდომის ერთადერთ გზად ხელოვნებას მოიაზრებს, შესაძლოა ვიღაცის თვალში გულუბრყვილოდ მოჩანდეს, ვიღაცისთვის კი წინამძღოლი იყოს – ხელში მოკიაფე ფარნით. იმ მწერლებად, რომლებმაც ორიენტირები განუსაზღვრეს შემოქმედებასა და ზოგადად, ცხოვრებაში, ასახელებს დოსტოევსკის, ლოურენსს, პრუსტს. იმასაც ამბობს, რომ ჰქონდა ერთგვარი “ფსიქოლოგიური დამოკიდებულება” ამ და კიდევ რამდენიმე ცნობილი მწერლის მიმართ. ყველაზე მეტ სიახლოვეს კი პრუსტთან გრძნობდა – მის ღრმა, “შემაშფოთებელ გავლენას” განიცდიდა – არა მხოლოდ შემოქმედებაში, არამედ, პირველ რიგში, სამყაროსადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ალბათ ამ ყველაფრის გამოცნობა მის ტექსტებზე დაკვირვებითაც იოლად მოხერხდებოდა. ფრაზა კი, რომლითაც საბოლოოდ მოიგო ჩემი გული, სულ სხვა მწერლის შესახებ თქვა ერთ ინტერვიუში, ეგრეთ წოდებულ “ქალურ” და “მამაკაცურ” ლიტერატურაზე საუბრისას – ჰენრი ჯეიმსი შეიძლებოდა ქალი ყოფილიყოო. ჰენრი ჯეიმსის კვალიც მკაფიოდ იკითხება ლირიზმითა და დახვეწილი იმპლიკაციებით გამორჩეულ მის ტექსტებში, სადაც მთავარი ხშირად რჩება უთქმელი, ინტერპრეტირების ვნებას კი ფილოსოფიურ განზომილებამდე მივყავართ.

ნადინ გორდიმერი შეიძლებოდა კაცი ყოფილიყო.

1954 წელს “ნიუ იორკერისთვის” დაწერილ ესეში “სამხრეთაფრიკული ბავშვობა” ფაქტები გააყალბა, ანუ ყველაფერს ისე არ მოყვა, როგორც სინამდვილეში იყო. ავტობიოგრაფიული ნარატივი სრულიად სხვა რამედ აქცია და თან – ბოლომდე გაცნობიერებულად. ავტობიოგრაფია ნებისმიერ შემთხვევაში ყალბდება, ვერასდროს ვერ ჰყვები ყველაზე მთავარ ამბავს – შენს ამბავს – იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია მაშინაც კი, როცა ნადინ გორდიმერისნაირი მთხრობელი ხარ. და რადგან მაინც ყალბდება, სჯობს, სწორედ შენ იყო გამყალბებელი.

ბოლო წლების ფოტოებიდან კაფანდარა, თხელსახიანი ქალი შემოგვყურებს. ისეთ მოხუცად ქცეულა, უფრო ფრინველებს რომ ჰგვანან, ვიდრე ადამიანებს. 90 წლის ასაკში გარდაცვალებაც სამყაროსეულ კანონზომიერებად აღიქმება. თითქოს გულდასაწყვეტიც არაფერია. დაგვრჩა წიგნები, ინტერვიუები, მისი ხმით წაკითხული მოთხრობები. მის სამშობლოში, სადაც ასე ფრთხილად არჩევენ ფერების აღმნიშვნელებს, ის იმ თეთრ ქალად დარჩება, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა ყველას უფლებების დასაცავად (მათ შორის იმუნოდეფიციტის სინდრომიანთა უფლებების დასაცავად), დაწერა უამრავ მტკივნეულ თემაზე, დაწერა ძალიან ზუსტად და ამაღელვებლად და სანობელე სიტყვაში განაცხადა: “იქნებ სხვა გზა, ხელოვნების გარდა, არც არსებობს ყოფიერების არსში ჩასაწვდომად? მწერლები არ აანალიზებენ იმას, რასაც აკეთებენ. გაანალიზება უფსკრულში ჩახედვა იქნებოდა კანიონის თავზე გაბმულ ბაგირზე გავლისას”.

მის ერთ პატარა მოთხრობაში შავკანიანი მშობლები მშვიდად რთავენ ნებას შვილებს, რომ თეთრკანიანის მიერ შემთხვევით მოკლულის გვამს უყურონ და ის მოთქმა-გოდებაც მოისმინონ, რაც გარდაცვლილის ახლობლებისთვის ამ უბედური შემთხვევის შეტყობინებას ახლავს. მწერალი შენიშნავს, ჩვენგან, თეთრკანიანებისგან განსხვავებით, ისინი ბავშვებს არ იცავენ საშინელი ამბებისგან და მძიმე განცდებისგანო. ადამიანები ყველგან ეძებენ იმას, რაც სიკვდილის მიღებას გააადვილებს. გარდაიცვალა მწერლად დაბადებული ქალი და შეგვიძლია თავი იმით ვინუგეშოთ, რომ, როგორც ერთ ლექსშია, “არყოფნა უფრო ბუნებრივია”.

© “არილი

Facebook Comments Box