ესე

ირმა ტაველიძე – ფამუქომანია

orhan-pamuk 34654

მოგზაურობა ნისლში  

თურქულიდან ნათარგმნი პირველი წიგნი – გამომცემლობა “საბჭოთა საქართველოს” მიერ 1967 წელს გამოცემული სუათ დერვიშის “ფოსფორიანი ჯევრიე” 11-12 წლისამ წავიკითხე და რა თქმა უნდა, ბევრი ვერაფერი გავიგე. მახსოვს სრულ უიმედობასა და სასოწარკვეთაში ჩაძირული ქვეყნის სურათი, რომელიც კითხვის დროს წარმომიდგა თვალწინ. ეს ძალიან უბედური ადამიანების სამყარო იყო, რომლებსაც არჩევანი არ ჰქონდათ. მეჩვენებოდა, რომ მწერალი განგებ კი არ ამუქებდა იმ სოციალურ ფონს, რომელზეც დრამა უნდა გაშლილიყო, არა, ის თურქეთს ისე აღწერდა, როგორიც ის სინამდვილეში გახლდათ. დიდი ხნის მანძილზე სწორედ სუათ დერვიშის მიერ აღწერილი ბნელი, უიმედობით მოცული, მუდმივი საფრთხეებით გაწამებული ქვეყანა მახსენდებოდა, როცა ვინმე თურქეთს ახსენებდა. ეს იყო ადგილი, სადაც ცხოვრება არ მინდოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ არც არასდროს მომინდებოდა.

დღეს სტამბოლი ორჰან ფამუქის მკითხველებისთვის ნამდვილი მექაა: ერთხელ მაინც უნდა წახვიდე და მოილოცო. შეუძლებელია ამ მწერლის წიგნები გიყვარდეს და მისი ქალაქის, მისი ქვეყნის მიმართ გულგრილი დარჩე. მკითხველებს, რომლებიც გატაცებით კითხულობენ ყველაზე ცნობილი თურქი მწერლის რომანებს, სტამბოლი წარმოსახვაშივე უცოცხლდებათ: უბნები, ქუჩები, შენობები, ხიდები და უამრავი სხვა რამ, რისგანაც ქალაქის განუმეორებელი სახე იქმნება. ისინი ორჰან ფამუქის სანობელე ლექციაში ნახსენებ დასავლელ მოგზაურებს ჰგვანან, ძველ დროში სამხრეთის მხრიდან რომ მიადგებოდნენ ხოლმე ქალაქს და ნისლიდან მოულოდნელად წამომართული სტამბოლის პეიზაჟებით ტკბებოდნენ. სწორედ ასე წამოიმართება მწერლის ქალაქი მკითხველის თვალწინ და კითხვის დასრულებისას უკვე მისიცაა, მთელი თავისი ევროპულ-აზიური მშვენიერებით და სურნელით.

რა თქმა უნდა, ეს სხვა სტამბოლია და კარგად იცი, რომ წარმოსახვაში გაცოცხლებული ქალაქი ნამდვილს არ დაემთხვევა, მაგრამ მაინც ჯიუტად გჯერა მწერლის, რომელმაც დაგარწმუნა: მისი სამყარო შენი სამყაროცაა, იმიტომ, რომ ორივეს ერთნაირი სევდა გიღრღნით გულს.

ორჰან ფამუქი არაერთ ინტერვიუში აღიარებს, რომ ყოველთვის გულს უკლავდა პერიფერიაში, ჩაკეტილ კულტურულ გარემოში ცხოვრების განცდა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს გულგრილობა მისი ქვეყნის წარსულისა და აწმყოს, თურქული კულტურის, თურქი მწერლების მიმართ. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პირველად მოხვედრილი ახალგაზრდა ავტორი მეტად დათრგუნა გამოცემული წიგნების სიმრავლემ და მრავალფეროვნებამ, მიუხედავად იმისა, რომ იმ წელს “თეთრი ციხესიმაგრის” გერმანულ თარგმანს კრიტიკოსები კეთილგანწყობით შეხვდნენ. განა იოლი არ იყო, რომ მისი ხმა სამუდამოდ ჩაკარგულიყო ამ ვეება სივრცეში? “გადავდიოდი დარბაზიდან დარბაზში, სართულიდან სართულზე, შენობიდან შენობაში, თვალს მიხარებდა ფერად-ფერადი წიგნების უამრავი წყება მთელი მსოფლიოდან, მაოცებდა მათი მრავალფეროვნება, როცა ვფურცლავდი. ამავე დროს კი ვხვდებოდი, რა რთული უნდა ყოფილიყო, რომ ჩემი ხმა ვინმესთვის გამეგონებინა, საკუთარი კვალი დამეტოვებინა, თავი დამერწმუნებინა, რომ ადამიანები სხვებისგან გამომარჩევდნენ”, – აღიარა მწერალმა წლების შემდეგ, 2008 წლის 14 ოქტომბერს, როცა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნისას სიტყვას წარმოთქვამდა. იმ წელს ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსით თურქეთი სარგებლობდა, რაც თურქული ლიტერატურით მსოფლიოს საგამომცემლო ბიზნესისა და მკითხველთა ფართო წრის დაინტერესებას ერთმნიშვნელოვნად გულისხმობდა. ორჰან ფამუქმა არა მხოლოდ მთელი მსოფლიო მიახედა თანამედროვე თურქეთისკენ, არამედ მკითხველს გზა გაუხსნა სხვა თურქი მწერლებისკენ, ევროპულ-აზიურ ტრადიციებს შორის ამოზრდილი, მდიდარი თურქული ლიტერატურისკენ.

დიდი ხნის მანძილზე არ ვიცოდი, რომ სუათ დერვიში ქალი იყო – წარბშეკრულ, ღრმად ჩაფიქრებულ კაცად წარმომედგინა. ქართველ მკითხველს ამა თუ იმ თურქი მწერლის გაცნობის ბედნიერება მანამდეც ჰქონდა, მაგრამ ორჰან ფამუქთან ერთად მან თურქეთი, როგორც ერთდროულად ნაცნობი და უცნობი ქვეყანა, თავიდან აღმოაჩინა.

ჩვენი ბიჭი

ორჰან ფამუქის პირველი წიგნი, რომელიც ქართულად ითარგმნა, კინოსცენარი “ფარული სახე” გახლდათ. ის თამარ ალფენიძემ გასული საუკუნის ბოლოს თარგმნა, თუმცა მხოლოდ 2008 წელს გამოსცა გამომცემლობა “ელფმა” თურქეთის კულტურის სამინისტროსთან არსებული სააგენტოს დახმარებით. ამავე წელს გამოვიდა ქეთევან ტომარაძის ნათარგმნი “თეთრი ციხესიმაგრე” (გამომცემლობა “ინტელექტი”). მომდევნო წლებში მწერლის სხვა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნებიც ითარგმნა და გამოიცა: “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” (მთარგმნელი: ნანა ჯანაშია, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2009), “მე წითელი მქვია” (მთარგმნელი: ლია ჩლაიძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010), “უმანკოების მუზეუმი” (მთარგმნელი: ეკატერინე ახვლედიანი, გამომცემლობა “დიოგენე”, 2011), “თოვლი” (მთარგმნელი: ნანა ჯანაშია, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011), “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” (მთარგმნელი: თამარ ალფენიძე, გამომცემლობა “დიოგენე”, 2012), “მდუმარე სახლი” (მთარგმნელი: ლია ჩლაიძე, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012). უახლოეს მომავალში “დიოგენე” გამოსცემს თამარ ალფენიძის ნათარგმნ ორჰან ფამუქის კიდევ ერთ რომანს “ახალი ცხოვრება”, ასევე – ესეების კრებულს “სხვა ფერი”, რომელსაც ხათუნა ბასილაშვილი თარგმნის და წიგნს რომანის ხელოვნების შესახებ, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების ციკლს წარმოადგენს (მთარგმნელი: ია ბერსენაძე). ბოლო ორი წიგნი ინგლისური ენიდან ითარგმნება. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა კი ორჰან ფამუქის “შავი წიგნის” გამოცემას აპირებს, რომელსაც ისევ ნანა ჯანაშია თარგმნის.

ორჰან ფამუქი ერთადერთი თანამედროვე მწერალია, რომლის ყველა წიგნიც ქართულად ნათარგმნია (ან ახლა ითარგმნება). გამომცემლობების ამგვარი მონდომება კი მხოლოდ ერთზე მიანიშნებს: ქართველ მკითხველს მისი წიგნები მოსწონს, შესაბამისად, ისინი სხვა, არანაკლებ ცნობილი მწერლების წიგნებზე უკეთესად იყიდება. გამომცემლობა “დიოგენეს” იმ წიგნის გამოცემის უფლებაც კი აქვს მოპოვებული, რომელიც ფამუქს ჯერ არ დაუწერია.

რატომ მოსწონს ქართველ მკითხველს ასე ძალიან ორჰან ფამუქი? გამომცემელი ბაკურ სულაკაური თვლის, რომ ეს, დიდწილად, ნობელის პრემიის დამსახურებაა, რომელიც მწერალმა ლიტერატურის დარგში 2006 წელს მიიღო: “მოდაშია. ადვილი ასახსნელი არ არის, რატომ. პირველი: მართლა კარგი მწერალია. მეორე: თემები საინტერესოა მკითხველისთვის. თან ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა: რომ არ დაინტერესებულიყო პოლიტიკური პრობლემებით, ნობელის პრემიას ვერ მიიღებდა. ნობელის პრემია რომ არ მიეღო, ინგლისურად თავიდან არ თარგმნიდნენ და ინგლისურად ასეთი მასშტაბით რომ არ იყოს ნათარგმნი, ასეთი პოპულარულიც ვერ იქნებოდა. უცებ გახდა პოპულარული მთელ მსოფლიოში და რაც მთელ მსოფლიოშია პოპულარული, ჩვენთანაც მაშინვე პოპულარული ხდება”.

გამომცემელი თამარ ლებანიძე დარწმუნებულია, რომ ორჰან ფამუქის წიგნების წაკითხვა დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და მათ სწორედ ამიტომ კითხულობენ დიდი ხალისით საქართველოში: “ფამუქი რთულად არ წერს. ქართველ მკითხველს კი კითხვა უჭირს – ვერ არჩევს ლიტერატურას, როგორც ასეთს. დაღეჭილი ლუკმები უყვარს. გარდა ამისა, ყოფითი კულტურა გასაგებია მკითხველისთვის. აღწერილ გარემოსთან და სიტუაციებთან მას დისტანცია არ აქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ ფამუქი კარგად ხატავს პერსონაჟს – მისი ყველა პერსონაჟი ცოცხალია”.

თურქეთისა და საქართველოს წარსულში ხშირია არა უბრალოდ გადაკვეთის წერტილები, არამედ ეს თითქმის საერთო ისტორიაა საუკუნეების მანძილზე. ასეთი სიახლოვე და ერთად ცხოვრების გამოცდილება შესაძლოა თურქი მწერლით დიდი გატაცების ერთ-ერთი მიზეზიც იყოს. თურქულ-ქართული ყოფითი რეალიები მსგავსია. მსგავსია კომპლექსებიც, რომლებსაც პერიფერიაში ცხოვრების განცდა აჩენს. ფილოსოფოსი გიგა ზედანია რადიო “ცხელი შოკოლადის” გადაცემაში “წიგნები” (14. 03. 2013) აღნიშნავს, რომ ფამუქის კითხვისას მისთვის გამაოგნებელია ეს ფაქტი: მიუხედავად ორასი წლის განმავლობაში სხვა კულტურის – რუსულ-სლავური კულტურის – ბატონობის ქვეშ ყოფნისა, ბევრი შრე შევინარჩუნეთ, რომლებიც დღევანდელ თურქულ საზოგადოებასთან გვაახლოებს, თუმცა პირდაპირი კონტაქტი ძალიან დიდი ხანია, არ გვქონია. ეს არის რაღაც დავიწყებულის გახსენებაც და ამავე დროს განცდა, რომ ტყუპისცალები, რომლებიც დაბადებიდანვე დააშორეს, ერთმანეთს ხვდებიან – მათ შორის მსგავსებაც თვალშისაცემია და განსხვავებაც.

ორჰან ფამუქი ქართველი მკითხველისთვის ბევრად უფრო ახლობელი და გასაგები აღმოჩნდა, ვიდრე თუნდაც პოლ ოსტერი, რომლის ნიუ-იორკიც შორეულ და მიუწვდომელ მეტროპოლისად რჩება. სტამბოლი აქვეა – ნამდვილიც და გამოგონილიც – ხელის გაწვდენაზე. როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, ფამუქი ჩვენი ბიჭია და მისი შეყვარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს უნდა იყოს. ჩემი აზრით, მთელი საიდუმლო ეს არის.

მედიუმები

ყოველთვის მჯეროდა, რომ წიგნის კითხვა, როგორც ყოველ ჯერზე განსხვავებული გამოცდილების მიღება, მკითხველს ცვლიდა. თუ წიგნი, რომელსაც კითხულობ, გცვლის, რა სახის ზემოქმედებას ახდენს წიგნი, რომელსაც თარგმნი? მე-16 საუკუნის თურქი ილუსტრატორების მსგავსად, მთარგმნელის იდეალი ინდივიდუალობის დაკარგვას გულისხმობს. მისი ხელოვნება ნათარგმნ წიგნში ბოლომდე გაქრობის ხელოვნებაა. იდეალურ შემთხვევაში, თარგმნის პროცესი ვერ გცვლის, რადგან არ არსებობს ის, ვინც უნდა შეცვალოს. სანაცვლოდ, იოლად შესამჩნევ ანაბეჭდებს ტოვებს – თითქმის ფოსფორიანს – შენს მსოფლმხედველობაში, მეტყველებაში, კანზე. ამიტომაც დავიწყე მწერლის ხმის, მისი თითების ანაბეჭდების ძებნა მთარგმნელებში – თითქმის ისე, როგორც “შავი წიგნის” პერსონაჟი – გალიფი იწყებს საყვარელი რუიას კვალის ძებნას ყველაფერში, რასაც ის შეხებია.

ორჰან ფამუქის ქართველი მთარგმნელები წინა ქვეთავში უკვე ვახსენე. აი, რა მომწერა თამარ ალფენიძემ: “რომ კითხულობ, გგონია, რომ, იცი, საითკენ მიდიხარ და მოულოდნელად სხვაგან აღმოჩნდები. მაგალითად, “ახალი ცხოვრება” ასე იწყება: ერთ დღეს წიგნი წავიკითხე, რომელმაც მთელი ჩემი სიცოცხლე შეცვალა. შემდეგ ორ-სამ გვერდზე ჰყვება, რაზე იყო წიგნი და რა შეიცვალა მასში წაკითხვის შემდეგ. კითხულობ და ფიქრობ, ეს ყველაფერი ახლა თუ მითხრა, მერე რაღას აპირებს, მთელი წიგნი რაზე უნდა მელაპარაკოსო, და ესაა სწორედ ის, რაც გითრევს და მიზეზი, რატომაც მოგწონს მწერალი. როცა უნდა, ხელოვნებათმცოდნესავით ლაპარაკობს ფერწერაზე, კალიგრაფიაზე, ხელოვნებაზე, ზოგადად; როცა უნდა, ლიტერატურათმცოდნესავით საუბრობს ლიტერატურის დანიშნულებაზე; როცა უნდა, სიყვარულზე ისე გიყვება, თითქოს დღეს შეუყვარდა 21 წლისას თავდავიწყებით და პირველად ცხოვრებაში; როცა უნდა, სარკასტულად გადმოგცემს ცხოვრებისეულ სიბრძნეს და იცის, რომ ეს სარკაზმი მასში იმ შიშის და ნაკლის მანიშნებელია, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანად წარმოადგენს; როცა უნდა, ისტორიკოსივით გაცნობს ქვეყნის ისტორიის იმ ძირითად ასპექტებს, რომლებიც აუცილებლად მიგანიშნებს იმაზე, თუ რა აღმოჩნდა მისი საზოგადოების ასეთად ჩამოყალიბების მიზეზი. ფაქტობრივად, ხელის გულზე გიდებს ყველაფერს, რის შესწავლასაც დიდი დრო მოანდომა, და არ გღლის”.

ლია ჩლაიძემ კიდევ ერთი თურქი მწერალი გამაცნო, რომელიც 70-იან წლებში უთარგმნია და მაშინ 40-ათასიანი ტირაჟითაც გამოცემულა – დრამატურგი ჰალდუნ თანერი. საბედნიეროდ, მისი პიესების ხელახალ გამოცემას მალე გაეცნობა ქართველი მკითხველი. ორჰან ფამუქის წიგნებით ქართული საზოგადოების დაინტერესების მიზეზები კი ასე ამიხსნა: “ძალიან კარგი მწერალია, თუმცა ნობელის პრემიამაც ითამაშა დიდი როლი. ხშირად ხდება ხოლმე, რომ მკითხველები ფეხის ხმას ჰყვებიან. ფამუქი უდავოდ დიდი მწერალია და ამას იმსახურებს. ღირსებაა ის ენა, რომლითაც წერს. ეს განსაკუთრებით ჩანს “წითელ წიგნში”, რომელიც ძალიან ლამაზი ენით დაწერილი წიგნია. ჩვენ თურქ მწერლებს ცუდად ვიცნობთ. კომუნისტების დროს მხოლოდ სოციალური შინაარსის ნაწარმოებები ითარგმნებოდა, იმაზე დაწერილი წიგნები, თუ როგორი გაჭირვებულები და უბედურები არიან. ამ დროს ჰყავდათ ნამდვილი მწერლები, რომლებსაც არ ვიცნობდით. თუნდაც ჰალდუნ თანერი, უდიდესი ევროპული განათლებით. მოულოდნელობის ეფექტმა დიდი როლი შეასრულა: ფამუქის წიგნებით უცებ აღმოვაჩინეთ არა მარტო თურქული ლიტერატურა, არამედ თურქეთი”.

ნანა ჯანაშია სუათ დერვიშის “ფოსფორიანი ჯევრიეს” მთარგმნელიცაა, თუმცა მასთან საუბრისას ამ რომანზე ხმა არ ამომიღია (მოგვიანებით წიგნი თავიდან წავიკითხე, მაგრამ წლების შემდეგ, რაც უნდა უცნაური იყოს, მეორე შთაბეჭდილება პირველმა მთლიანად გადაფარა). რასაკვირველია, ფამუქომანიის მიზეზების გარკვევა ვცადეთ: “მთავარი მიზეზი ნობელის პრემიაა. ამის შემდეგ გაჩნდა ასეთი დიდი ინტერესი. ისიც უნდა ითქვას, რომ თავად მწერალი ძალიან კარგია. რაც უფრო მეტს ვთარგმნი, მით უფრო მეტად ვიჯერებ ამას. წერს ისეთ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენი მკითხველისთვის ახლობელია. გასათვალისწინებელია ისტორიული კავშირიც ჩვენს ქვეყნებს შორის. ნამდვილად ბევრი საერთო გვაქვს. ფამუქის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ყველაფერი ითარგმნება, რაც კი დაუწერია. საბედნიეროდ, თურქოლოგიის ძირძველი სკოლაა საქართველოში. თურქი მწერლები ყოველთვის ითარგმნებოდა. ჩვენთან რომ ასეთი ძლიერი სკოლა არ ყოფილიყო, რასაკვირველია, ფამუქით მკითხველის ასეთი დაინტერესებაც არ იქნებოდა”.

ქეთევან ტომარაძე: “ორჰან ფამუქის შემოქმედებისადმი გამორჩეული ინტერესი სწორედ მის გარეგნულ გულწრფელობასა და იმ “აღიარებით ჩვენებებში” უნდა ვეძიოთ, რომლებსაც მწერალი მიმართავს, და რაც ასე ორიგინალურად ერწყმის მის ნაწერებში განფენილ მისტიკას. ეს ყველაფერი არასოდეს არის ხელოვნური, ნაძალადევი და არა მარტო წუთიერ განწყობას ქმნის, ფიქრისკენ უბიძგებს მკითხველს. ფამუქი ისეთ თემებსა და იდეებს ირჩევს, რომლებიც ზოგჯერ შოკისმომგვრელ ზემოქმედებას ახდენს წიგნის მოყვარულ, მწერლობაში კარგად გათვითცნობიერებულ მკითხველზეც კი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრისა და გადაკვეთის ადგილი, სტამბოლი მწერლისთვის მხოლოდ გეოგრაფიულ ცნებად, ან თუნდაც გეოპოლიტიკური ვნებათაღელვის ობიექტად როდი მოიაზრება. ის მთელი არსებით გრძნობს ორი ცივილიზაციის შეხვედრისა და მდუმარე თანხმობის ქალაქს. ეს ფამუქის უმთავრესი ღირსება, სიმდიდრე და უპირატესობაა, რომლის მეშვეობითაც ქმნის საკუთარ სააზროვნო ველს, განუმეორებელ სამყაროს. მწერალი სიღრმისეულად იცნობს ევროპულ და აზიურ კულტურებს, ტრადიციებს, მათ ნაკლსა და ღირსებებს, და უმთავრესს და საუკეთესოს ითავისებს, რაც სინთეზირების პროცესში ფასდაუდებელ სამსახურს უწევს. ფამუქი საუკეთესო მთხრობელია: ოსტატურად ათავისუფლებს ნაწერს მორალისტური ტენდენციებისგან და ქმნის ჭეშმარიტ მხატვრულ ტექსტს, ნამდვილ ლიტერატურას, რომელიც ძალდაუტანებლად შემოდის შენში და სამუდამოდ რჩება”.

მიმოწერის დასაწყისში ქეთევან ტომარაძემ მირჩია, ფამუქომანიის მიზეზების ძიებისას, პირველ რიგში, მკითხველების აზრი გამეგო. ამას აქამდეც ვაკეთებდი: ორჰან ფამუქის წიგნების კვალს ჩემს ყველა მეგობარსა და ნაცნობში ვეძებდი. მთარგმნელებს კი მართლაც დიდი სიამოვნებით ვუსმინე და მათი წერილებიც სიამოვნებით ვიკითხე. მომეჩვენა, რომ ფლუორესცენციული ნათებებიც შევნიშნე.

სტამბოლის კატები   

ქართულ ბლოგებზე ბევრს წერენ ორჰან ფამუქზე, ძალიან ბევრსაც კი. საკუთარი მოსაზრებების გაზიარების მოთხოვნილება განსაკუთრებით მათ უჩნდებათ, მწერლის წიგნებს სულმოუთქმელად რომ კითხულობენ და პირველივე შესაძლებლობისთანავე გასულ წელს გახსნილი მუზეუმის მონახულებას რომ აპირებენ. რამდენიმე კრიტიკულ შენიშვნას თუ არ ჩავთვლით, რომლებიც პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებას და ცოტა არ იყოს, გაწელილ სიუჟეტებს უკავშირდება, ბლოგერები ორჰან ფამუქის რომანებით აღფრთოვანებული მკითხველების დიდ ჯგუფს წარმოადგენენ.

“მივიკვლევთ გზას ფამუქის ლაბირინთში და უკვე ეჭვიც კი გვეპარება – გვინდა თუ არა საერთოდ გასასვლელის პოვნა. იქნებ სამუდამოდ აქ დარჩენა გვირჩევნია, აღმოსავლეთის სურნელით გაჟღენთილ ფურცლებში, სადაც მხატვრის სანუკვარი ოცნება თვალის სინათლის დაკარგვაა, რათა სამყარო ალაჰის თვალით დაინახოს; სადაც მკვლელობა მხოლოდ სრულყოფისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული ნაბიჯია; სადაც სიყვარული ისეთი ტკბილია, როგორც შექიურეს სახელი და ისეთი გიზგიზა, როგორც ხმელი ხისგან დანთებული კოცონი”, – წერს მოლი ბლუმი საკუთარ ბლოგზე (mollybloomsday.com).

ახალგაზრდა ორჰანს კი ეშინოდა, რომ მისი ხმა სხვა მწერლების ხმებში იოლად ჩაიკარგებოდა. ზოგიერთისთვის ეს ხმა ყველაზე მკაფიოდ სტამბოლში, ჩუქურჯუმას უბანში ისმის: “ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ თავი ქესქინების ნამდვილ ოჯახში მეგონა. ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ამ საწოლთან რამდენიმე წუთი ვიჯექი და მეგონა, რომ სულ ცოტა ხნის წინ იქ ჩემი უფროსი მეგობარი, ქემალ ბეი იწვა, რომელმაც სიკვდილის წინ მითხრა: თამთა-ხანუმ, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე” (სამყაროს უკანასკნელი ბლოგი. boloblogi.wordpress.com).

ერთ-ერთ ბლოგზე ასეთ მიმართვასაც გადავაწყდი: “ორჰან-ბეი, რა აუცილებელი იყო ისეთი რადიკალური ნაბიჯი, როგორიც სომხების გენოციდის აღიარებაა? ეს ხომ პრინციპის საკითხია თითოეული თურქისთვის! მაგრამ ეს იყო კიდევ ერთი ბიძგი, რომლითაც თქვენ თურქეთის საზღვრებს გასცდით და საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინეთ. არ ვიცი, გათვალეთ თუ არა. ფაქტი ერთია: თურქი ერის სიამაყე უნდა ყოფილიყავით და ახლა თქვენს ხსენებაზე თანამემამულეები უხერხულად იშმუშნებიან. თუმცა ეს ვერაფერს გაკლებთ ჩემს თვალში, რადგან არ იტყუებით!” (tamarasbicycle.wordpress.com).

მუზეუმები არ მიყვარს – ექსპონატები, რომლებსაც ხელით ვერ ვეხები, დაუკმაყოფილებლობის განცდას მიტოვებს და თითოეულ ჯერზე იმასაც ვგრძნობ, რომ თვალიერებისთვის განსაზღვრული დრო არასდროს არის საკმარისი. ამიტომაც არ მიმიწევს გული ჩუქურჯუმას მუზეუმისკენ.

ყველაზე ძალიან სტამბოლის კატები მაინტერესებს – ამბობენ, რომ იქ მართლაც უამრავი კატაა და ეს ამ ქალაქის კიდევ ერთ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს. ამ დღეებში ბევრს ვფიქრობდი ამ კატებზე, რომლებიც გადარბიან და გადმორბიან სტამბოლის ქუჩებიდან ორჰან ფამუქის წიგნებში და წიგნებიდან სტამბოლის ქუჩებში. ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ ხდება რაღაც უბრალო და ყოველდღიური – ძალიან პირადი, როცა მოგონებად იქცევა; როგორ შეუძლიათ მოგონებებს საკუთარი ცხოვრებით იცხოვრონ და საბოლოოდ, გაქციონ იმად, ვინც ხარ; როგორ შეიძლება წერო საკუთარ თავზე, ოჯახზე, ქალაქსა და ქვეყანაზე ისე, რომ მოვლენების შუაგულშიც იყო და თან დამკვირვებელიც იყო; როგორ შეიძლება მკითხველს შენი წარმოსახვითი მუზეუმი ისე მოატარო, რომ თითოეული ექსპონატის ხელში აღების და დიდხანს თვალიერების განცდა დარჩეს.

ბლოგი რომ მქონდეს, ამაზე დავწერდი.

და რაღაც პირადიც

“შორეული ენებიდან ნათარგმნი ყველა ავტორი აღმოჩენილა ამ სიტუაციაში: რომანისტი ზუსტად იმ პოეზიაზე საუბრობს, რომელსაც თავის ცხოვრებაში ხედავს, ან იმ ჩრდილებზე, რომლებიც პირად ცხოვრებას უბნელებს, კრიტიკოსები და მკითხველები კი მის წიგნებს კითხულობენ, როგორც ქვეყნის პოეზიისა თუ ჩრდილების გამოხატულებას. რომანისტის თვით ყველაზე პირად წარმოდგენებსა და შემოქმედებით თავისებურებებს მთელი ერისთვის დამახასიათებლად აღიქვამენ – ამ ერის სახედაც კი”, – ამბობს ორჰან ფამუქი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოთქმულ სიტყვაში. ეს გაღიზიანება, ალბათ, იმით არის გამოწვეული, რომ მისგან მუდმივად განსაზღვრული როლის თამაშს მოითხოვენ, როცა მისი წიგნები 60 ენაზეა ნათარგმნი და მთელ მსოფლიოში გაფანტული, როცა სამყაროს ხმებში მისი ხმა ასე მკაფიოდ ისმის.

პოპულარობას თავისი საზღაური აქვს და უმრავლეს შემთხვევაში, ეს საკუთარი თავის ნაწილობრივ ან სრულად გაწირვაა. ამბობენ, რომ ბოლო წლებში ორჰან ფამუქი სწორედ ორჰან ფამუქს თამაშობს, რაც მეტისმეტად თვალშისაცემია. შესაბამისად, მისი ნაბიჯები სულ უფრო იოლად პროგნოზირებადი ხდება.

მიუხედავად ყველაფრისა, მე ვიცი, რა მომწონს მის წიგნებში: სწორედ ის პირადი, რაც ხან ძალიან ახლოს არის პოეზიასთან და ხან ჩრდილივით ეფინება ყველაფერს, რასაც მწერლის ხელი ეხება.

© “ცხელი შოკოლადი”