ესე,  რეპორტაჟი

მაგდა კალანდაძე – მეცამეტე ქალი

alice munroe

ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში კანადელი მწერალი, ელის მონრო გახდა

“თანამედროვე მოთხრობის დიდოსტატი“ – ასე წარუდგინა შვედეთის აკადემიამ ელის მონრო აუდიტორიას, რომელიც 10 ოქტომბერს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის დასახელებას ელოდებოდა. ნობელის კომიტეტისგან რომ მოულოდნელი აღარაფერია, ეს უკვე დიდი ხანია, ყველამ იცის. თუმცა პრემიის გაცემის მსგავსი მოტივაცია მაინც უცნაურად ჟღერდა – გამოდის, რომ ნობელის კომიტეტმა ამჯერად დააჯილდოვა მოთხრობა, როგორც ჟანრი. მწერალიც, რასაკვირველია.

ელის მონრო 82 წლისაა; ის პირველი კანადელია, ვინც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო (თუ არ ჩავთვლით სოლ ბელოუს, რომელიც კანადაში დაიბადა, თუმცა ნობელის პრემიის მიღებისას იგი უკვე კარგა ხანია ამერიკის მოქალაქე იყო და უპირატესად ამერიკელ მწერლად მოიხსენიება). შვედეთის აკადემიის მდივანი, პეტერ ენგლუნდი, ყველა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მონრომ მოთხრობა, როგორც ლიტერატურის ჟანრი, თითქმის სრულყოფილებამდე აიყვანა: “პრემია, უბრალოდ, ლიტერატურას გადავეცით; სულ ეს არის. თუ წაგიკითხავთ ელის მონროს ნაწარმოებები, ვფიქრობ, მიხვდებით, რას ვგულისხმობ“, – ეუბნება ენგლუნდი „The Local“-ს. როგორც ჩანს, სიმბოლურია ახსნა-განმარტებების ამგვარი ლაკონიურობა –სიტყვაძუნწობა ლიტერატურის “სიტყვაძუნწი“ ჟანრის შესაფასებლად. რაც შეეხება იმას, წაგვიკითხავს თუ არა მონროს ნაწარმოებები: გამოკითხვის მიხედვით, რომელსაც ნობელის კომიტეტის ვებგვერდი ლიტერატურაში პრემიის გაცემის შემდეგ ყოველ წელს ატარებს, ელის მონროს არც ისე ბევრი მკითხველი ჰყავს. გამოკითხულთა მხოლოდ 30 % ადასტურებს, რომ წაუკითხავს მწერლის ერთი ნაწარმოები მაინც. დანარჩენებს კი, იმისათვის, რომ მიხვდნენ, რა იგულისხმა ნობელის აკადემიამ წელს დიდოსტატობის მიღმა, მონროს მოთხრობების კრებულის მოძიება მოუწევთ.

“გამაოგნებელია, ფანტასტიკურია… ჩემმა ქალიშვილმა გამაღვიძა და მითხრა, რომ გავიმარჯვე… დავინტერესდი, რაში გავიმარჯვე. გონზე ვერ მოვედი. ისიც კი არ ვიცოდი, რომ კანდიდატთა სიაში ვიყავი“, – მონრო სიხარულსა და გაოცებას ვერ მალავს. არცაა გასაკვირი: მიუხედავად არაერთი ლიტერატურული პრემიისა, მწერალი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე არ ყოფილა განებივრებული მასშტაბური აღიარებებით; ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი და წარმატება მას დიდ ძალისხმევად და, რაც ყველაზე მთავარია, ხანგრძლივ მოლოდინად უჯდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წერა ადრეული ასაკიდანვე დაიწყო და მისი მოთხრობების პირველი კრებული კანადის მთავარი ლიტერატურული პრემიით აღინიშნა, ქვეყნის მიღმა მისი დანახვა და აღიარება კარგა ხანს აყოვნებდა. „ყურადღება ვერ მივიქციე. შეიძლება, ეს კანადელობის გამო იყო, შეიძლება, იმიტომ, რომ ქალი ვარ. შეიძლება ორივე ერთად“, – აღნიშნავს მოგვიანებით მონრო. საბოლოოდ კი სწორედაც ეს ორი, შეიძლება ითქვას, ერთი მხრივ, მტკივნეული ფაქტორი აქცევს მონროს მოთხრობებს იმ ლიტერატურად, რომლის შესახებაც დღეს უკვე მსოფლიო ლაპარაკობს.

ნობელის კომიტეტის შეკითხვას, შესძენს თუ არა ჯილდო მას ბევრ ახალ მკითხველს, მონრო პასუხობს: „იმედი მაქვს. ასევე მგონია, რომ ეს არა მხოლოდ ჩემი წიგნების მკითხველთა რაოდენობას გაზრდის, არამედ, ზოგადად, მოთხრობებისაც. რადგან, ხშირად მოთხრობები ერთგვარ არასერიოზულ ჟანრად აღიქმება, იმ სამუშაოდ, რომელსაც ადამიანები მანამ ასრულებენ, სანამ პირველ რომანს დაწერენ. მე ვისურვებდი, რომ მოთხრობა, როგორც ლიტერატურის ჟანრი, წინა პლანზე გადავიდეს ყოველგვარი ზედმეტი პირობების გარეშე; მწერალი არ განიცდიდეს რომანის დაწერის აუცილებლობას“.

მონრო მართალია. წლევანდელი ნობელის პრემია მხოლოდ მისი ჯილდო არ ყოფილა. ეს იმ მწერალთა წახალისებაც იყო, რომლებიც, მრავალთა აზრით, ჯერ მხოლოდ „სავარჯიშოებს“ ასრულებენ. შეიძლება ითქვას, რომ მწერლებისთვის რომანის დაწერის მიზანს ნობელის კომიტეტმა კიდევ ერთი მიზანი გაუთანაბრა – მოთხრობის, როგორც ჟანრის, სრულყოფა. ჯერჯერობით კი, შვედეთის აკადემიის აზრით, ამას მხოლოდ თანამედროვე „კანადელი ჩეხოვი“ (როგორც მონროს ხშირად მოიხსენიებენ) ახერხებს: „მან ხელი მოკიდა ისეთ ჟანრს, როგორიც მოთხრობაა; ლიტერატურულ ფორმას, რომელიც თითქმის მთლიანად დაიჩრდილა რომანის მიერ და მან მოახერხა ამ ფორმის თითქმის სრულყოფილებამდე აყვანა“, – ამ სიტყვებით ასაბუთებს ნობელის კომიტეტი წლევანდელ გადაწყვეტილებას.

ელის მონრო მოთხრობებების 14 კრებულის ავტორია. მიუხედავად იმისა, რომ წერა მან ადრეული ასაკიდანვე დაიწყო, პირველი წიგნის გამოცემა მხოლოდ 1968 წელს მოხერხდა. მწერლის ბიოგრაფია, თვალის ერთი გადავლებით, ასე გამოიყურება: 1931 წელს იგი კანადაში, ონტარიოს პროვინციის პატარა ქალაქში, ვინგჰემში დაიბადა. მამა მელიების ფერმას უძღვებოდა, დედა კი მასწავლებელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მონრომ დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის განხრით განაგრძო სწავლა, თუმცა არ დაუმთავრებია – 1951 წელს ცოლად ჯიმ მონროს გაჰყვა და საცხოვრებლად ვიქტორიაში (ბრიტანეთის კოლუმბია) გადავიდა. მონრო იხსენებს, რომ იმ დროისათვის მას ორი არჩევანი ჰქონდა: მშობლების სახლში დაბრუნებაზე ფიქრიც კი არ უნდოდა – ეს იმას ნიშნავდა, რომ ვეღარასოდეს მოახერხებდა ონტარიოს პროვინციის იქით ცხვირის გაყოფას; ამის ალტერნატივად კი ადრეული ქორწინება რჩებოდა.

ვიქტორიაში გადასვლის შემდეგ იწყება მონროსთვის ნაყოფიერი შემოქმედებითი ხანა. 1968 წელს, როდესაც მისმა პირველმა კრებულმა „ბედნიერი ჩრდილების ცეკვა“ კანადის უმაღლესი ლიტერატურული პრემია (Governor General’s) მიიღო, მონრო წიგნების მაღაზიაში მუშაობდა – მხოლოდ ასე ახერხებდა სახლის სამუშაოებისა და ოჯახური რუტინისთვის თავის დაღწევის, გარესამყაროსთან კონტაქტს (მონრო სამ შვილს ზრდიდა). ჯილდოს მიღების შემდეგ მონროს „მორიდებულ დიასახლისად“ მოიხსენიებდნენ საუბრებში. ეს დამოკიდებულება მას აღიზიანებდა და თანდათან იმასაც აცნობიერებდა, რომ მის წარმატებასა და წიგნების მიმართ დამოკიდებულებას ცოტა ალმაცერად უყურებდნენ: მონრო ქალი იყო, მწერლობა ქალისთვის ერთგვარ ახირებად და სიგიჟედ აღიქმებოდა. თავად მწერალს კი ეს ფაქტორი მეტ გაბედულებასა და ამბიციას მატებდა.

მოგვიანებით მარგარეტ ეტვუდი იხსენებს:
„კაცი მწერლები ეუბნებოდნენ, რომ მისი მოთხრობები მოსაწყენი და ოჯახური თემებით გადატვირთული იყო; ცუდად არ წერდა, თუმცა მასთან დაწოლა მაინც არ მოუნდებოდათ, რაზეც მონროს მკვახე პასუხი ჰქონდა ხოლმე: “არც არავინ ეპატიჟებათ“. უხერხულობისა და სირცხვილის განცდა, წარუმატებლობა და მარცხია სწორედაც წამყვანი ხაზი მის ნაწარმოებებში; მწერალი იშვიათად იხსენებს წარმატებებს და იშვიათადვე ჰყვება მათ შესახებ; რადგან წერის სურვილი და მისწრაფება მასში სწორედ სხვადასხვა მარცხმა გააღვივა.

ამავე თემაზე საუბრობს „ნიუ -იორკერის“ რედაქტორი ჩიპ მაკგრეტიც, რომელიც, ამავდროულად, მწერლის პირველი რედაქტორი იყო: „მონროს მოთხრობების წაკითხვა ყველა კაცისთვის აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს. გენდერული პოლიტიკის შესახებ უტრირებას რომ თავი ავარიდოთ, ვიტყვი, რომ, მწერალი, უბრალოდ, შესანიშნავად წერს ოჯახური თუ სხვა ტიპის ურთიერთობების შესახებ, რაშიც, ჩვეულებრივ, კაცებიც არიან ჩართული. მეორე მხრივ, ისიც აღსანიშნავია, რომ მონროს სამყაროში კაცები ან მოძალადეები არიან, ან ცდილობენ, ქალების ხასიათი, მოთხოვნილებები და სურვილები უკანა პლანზე გადაწიონ. ამის მიუხედავად, არ ვთვლი, რომ მონრო ტენდენციური ან რომელიმე პოლიტიკის გამტარებელია საკუთარ ნაწარმოებებში“.

ჩიპ მაკგრეტსა და „ნიუ-იორკერში“ მოთხრობების გამოქვეყნების საწყის პერიოდს თავად მწერალიც განსაკუთრებული ემოციებით იხსენებს: “ნიუ-იორკერში“ მივიღე რედაქტორთან მუშაობის პირველი გამოცდილება. მანამდე მხოლოდ მცირე, გამოუსადეგარ რეკომენდაციებს ვისმენდი ჩემს ტექსტებთან მიმართებაში, არადა საჭირო იყო მახვილი თვალი, რომელიც თავის მოტყუების საშუალებას არ მომცემდა. სწორედ ასეთი რედაქტორი იყო ჩიპ მაკგრეტი. გაოცებული ვიყავი, რომ ვიღაცას შეეძლო, სიღრმისეულად გაეაზრებინა ის, რისი გაკეთებაც მე მინდოდა“.

მონრო „ნიუ-იორკერს“ 50-იან წლებშიც უგზავნიდა მოთხრობებს. თუმცა, პასუხად უარის არაოფიციალურ, დაუსაბუთებელ შეტყობინებებს იღებდა. დღემდე ახსოვს ამ შეტყობინებათაგან ერთ-ერთის შინაარსი: “კარგი ნაწერია, თუმცა თემა ცოტათი გადაჭარბებულად ფამილიარულია“. ამ მოთხრობაში მონრო ხანდაზმული შინაბერა ქალის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ჰყვებოდა. მწერალი ამბობს, რომ ადრეულ პერიოდში მას ძალიან ბევრი ხანდაზმული შინაბერა პერსონაჟი ჰყავდა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ასეთს არავის იცნობდა. თავადაც ამ დროისათვის კარგა ხნის დაქორწინებული იყო, ასე რომ, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველებასაც ვერ აბრალებს ამ ამბავს. მოგვიანებით კი ამბობს, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, შინაგანად თვითონ გრძნობს თავს ხანდაზმულ შინაბერად.

1971 წელს მონრო კვლავ მშობლიურ ონტარიოს უბრუნდება – საცხოვრებლად თავის მეორე ქმართან ერთად მშობლების სახლის მახლობლად გადადის. ამ დროისათვის მწერალი უკვე თავის მეორე წიგნსაც გამოსცემს და მიზნად ისახავს, რომ რომანი დაწეროს. არც ისაა გამონაკლისი მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ მოთხრობების წერა – ეს მხოლოდ შესავალია მთავარი სამუშაოსთვის. „მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ ჩემს პირველ ხუთ წიგნზე ვმუშაობდი, მსურდა, რომანი დამეწერა. ვფიქრობდი, რომ სანამ რომანს არ დავწერდი, არავინ აღმიქვამდა სერიოზულ მწერლად. ეს ფაქტორი ყოველთვის მაწუხებდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ მადარდებს. უფრო მეტიც, რაღაცები შეიცვალა კიდეც. ვფიქრობ, რომ მოთხრობები ახლა გაცილებით უფრო სერიოზულად აღიქმება, ვიდრე ადრე“, – ეუბნება მონრო „ნიუ-იორკ-ტაიმსის“ კორესპონდენტს. ამავე ინტერვიუში ის ამბობს (2013 წლის ივლისი), რომ მისი ბოლო წიგნი „ძვირფასი ცხოვრება“ უკანასკნელი ნამუშევარია და მეტს აღარ დაწერს. აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ამხნევებს მას ფილიპ როთის მაგალითი; სჯერა მისი გადაწყვეტილების სისწორის და დარწმუნებულია, რომ ახლა ის ბედნიერია.

მაგრამ მონროს ამ სიტყვებს ახლა უკვე აღარავინ ენდობა: პირველად მან 2001 წელს გაახმოვანა წერისათვის თავის დანებების სურვილი, 2006 წელს კი „The Toronto Globe and Mail“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აღარ არის საკუთარ ძალებში დარწმუნებული და უკვე დროა, დაისვენოს ამ შრომატევადი სამუშაოსგან; თუმცა 2012 წელს მისი მოთხრობების მეთოთხმეტე კრებული („ძვირფასი ცხოვრება“) გამოიცა. დღეს კი, უკვე ნობელის პრემიის ლაურეატად აღიარების შემდეგ, მონრო ორაზროვნად პასუხობს იმავე შეკითხვას. კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც წერს და აქვეყნებს, ეს კი ჩვეულებრივი სამუშაოა, რომლისგანაც ადრე თუ გვიან დასვენების დრო დგება. მაგრამ არც იმას უარყოფს, რომ ჯილდოს ამბავმა შეიძლება მას ეს აზრი შეაცვლევინოს კიდეც.

ელის მონრო უცნაურ რეკომენდაციას აძლევს მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს მისი წიგნები. მწერალს სურს, რომ ახალმა მკითხველებმა მისი ნაწარმოებების გაცნობა ბოლო (და, შესაძლოა, უკანასკნელი) წიგნით, “ძვირფასი ცხოვრებით“ დაიწყონ. მონრო ამას მარტივად ხსნის – მწერლების უმეტესობა თვლს, რომ შემდგომი წიგნი წინაზე უკეთესია; შესაბამისად, მონრო თავის საუკეთესო წიგნად ბოლო ნამუშევარს მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ მკითხველს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი, მიუბრუნდეს მის სხვა, ადრინდელ ნაწარმოებებსაც. “ძვირფასი ცხოვრების“ მოთხრობათა მნიშვნელოვან ნაწილს კი თავად მწერალი ასე ახასიათებს: „აქ ყველაფერი ისაა, რაც ყველაზე ახლობელია ჩემთვის, რასაც პირველად და უკანასკნელად ვამბობ საკუთარი ცხოვრების შესახებ“. რა თქმა უნდა, ეს პატარა კომენტარი ბევრს ვერაფერს ეტყვის მკითხველს, მაგრამ გაახსენებს მონროს ცხოვრების იმ ძირითად კონტურებს, რაც ყოველთვის მთავარი ხაზი იყო მის მოთხრობებში: გულისამაჩუყებელი ბავშვობა ონტარიოში, მელიების ფერმა, ადრეული ქორწინება და საცხოვრებლად ბრიტანეთის კოლუმბიაში გადასვლა, რასაც განქორწინება და ონტარიოში სოფლის ცხოვრებასთან დაბრუნება მოჰყვა. გზა, რომელიც მან გაიარა, იმ გზების მსგავსია, რომელსაც მისი პერსონაჟები გადიან: ეს არის ქალისათვის რთული და წინაღობებებით აღსავსე სამყარო, სადაც ყველა ადგილი კაცების მიერაა დაკავებული.

როდესაც მონროს ეკითხებიან, რას აპირებს წერისთვის თავის დანებების შემდეგ, მწერალი პასუხობს, რომ ნამდვილი ქალივით ცხოვრებას გეგმავს: „ნამდვილი ქალი“ როგორია? მაგალითად, ისეთი, ვისაც ბევრი ადამიანი ჰყავს სადილად დასაპურებელი“, – იცინის მონრო. რა თქმა უნდა, ასეთი პასუხი არ გადმოდგება მათთვის, ვისაც ერთი სული აქვს, მონროს მოთხრობებს ფემინისტური ლიტერატურა უწოდოს, თუმცა, იქნებ, სადილების მომზადება და დიდი ოჯახის მოვლა სწორედაც თავისუფლების პერვერსიული გამოხატულებაა 82 წლის მწერლისთვის, რომელიც თავაუღებლად შრომობდა, რომ აღიარება მოეპოვებინა და საკუთარი შესაძლებლობები დამტკიცებინა.

ახლა უკვე ელის მონროს მსოფლიო იცნობს. მის შესახებ სიყვარულით საუბრობენ კოლეგები, ულოცავენ პრესტიჟულ ჯილდოს და „მოთხრობების დიდოსტატად“ აღიარებაშიც ეთანხმებიან შვედეთის აკადემიას. მათ შორისაა მარგარეტ ეტვუდიც, რომელიც ყველაზე კარგად იცნობს თანამემამულე მწერალს და ზუსტად იცის, რომ ნობელის პრემიით დაჯილდოებული მონრო ისევ ისეთი თავმდაბალი და მოკრძალებული იქნება, როგორც – ადრე: „ის, რა თქმა უნდა, არ დაიწყებს თავის დაფასებასა და განდიდებას; ეს საქმე აწი ჩვენ, დანარჩენებმა უნდა ვიკისროთ მისთვის“.

© “არილი

Facebook Comments Box