კარლო მ. ჩიპოლა – ადამიანური სიბრიყვის ძირითადი კანონები

homer-simpson-wallpaper

კარლო მ. ჩიპოლამ (1922-2000) პავიას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დაამთავრა და შემდეგ ეკონომიკის ისტორიის კვლევა განაგრძო. 1953 წელს ჩიპოლა ფულბრაითის სტიპენდიით ბერკლის უნივერსიტეტში მიიწვიეს, ორი წლის შემდეგ კი იმავე უნივერსიტეტში პროფესორის ადგილი შესთავაზეს. სწორედ ბერკლიში ასწავლიდა სიცოცხლის ბოლომდე ეკონომიკის ისტორიას. კარლო ჩიპოლა ეკონომიკის ისტორიის სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. ჩიპოლას კვლევის მეთოდი ემყარებოდა მაკროისტორიული და მიკროისტორიული მიდგომების კომბინირებას ძალიან ვრცელ კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ კონტექსტებში.

მთარგმნელი

„რა არის ეს „მ“ კარლო მ. ჩიპოლას სახელში? „მარია“, როგორც ბევრს ჰგონია (ვიკიპედიაც ამას გვამცნობს)? მარიო? არა. არაფერსაც არ ნიშნავს. უფრო სწორად, საკუთარ თავს ნიშნავს: ეს „მ“ ჩიპოლამ იმისთვის მიიმატა, რომ სავალდებულო ველი – middle name  – შეევსო ხოლმე ბერკლის უნივერსიტეტის ბლანკებში, სადაც 1953 წელს გადავიდა.

ეს არ ყოფილა ეკონომიკის ისტორიის ამ გიგანტური ფიგურის ერთადერთი „ანცობა“. ასევე გასართობად დაწერა და გაავრცელა ტექსტიც, რომელიც მოგვიანებით მის ყველაზე ცნობილ წიგნად და გამომცემლობა „მულინოს“ საარაკო ლონგსელერად იქცა, სახელწოდებით „სახალისო, მაგრამ არც ისე“. ეს პაწაწინა წიგნი ყოველ წელს ხელახლა გამოიცემა და მისი მილიონობით ეგზემპლარი იყიდება მსოფლიოში. წიგნი უამრავ ენაზე ითარგმნა. ბედის ირონიაა, რომ სწორედ ამ ტექსტმა, და არა მისმა „სერიოზულმა“ ნაშრომებმა,  მოუტანა დიდ მეცნიერს მეტი აღიარება და პოპულარობა.

ეს ამბავი 1973 წელს დაიწყო. ჩიპოლამ ბოლონიელ გამომცემელს, „მულინოს“, სთხოვა მოკლე, ინგლისური ტექსტის ასიოდე ეგზემპლარის დაბეჭდვა, რომლებიც მეგობრებისთვის უნდოდა ეჩუქებინა შობის დღესასწაულზე. ეს იყო მომხიბლავი (თვით)პაროდია ეკონომიკის ისტორიაზე უძველესი დროიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით. 1976 წლის აგვისტოში კი ჩიპოლამ მეორე ტექსტის დასაბეჭდად მიმართა იმავე გამომცემლობას. ტექსტს ერქვა The Basic Laws of Human Stupidity.

„მულინომ“ კვლავ ასიოდე ეგზეპლარი დაუბეჭდა ავტორს. ჩიპოლამ მეგობრებს დაურიგა დანომრილი ეგზემპლარები. მრავალი წლის მანძილზე ავტორი უარს ამბობდა ტექსტის იტალიურად თარგმნაზე. შეუძლებლად მიაჩნდა ორიგინალის სვიფტისეული იუმორის სხვა ენაზე გადატანა. მაგრამ მეგობრები არ ასვენებდნენ, ტექსტი მრავლდებოდა, ხელიდან ხელში გადადიოდა და ბოლოს, ჩიპოლა დაყაბულდა, ორივე ტექსტი თავიდან დაეწერა იტალიურად და გამოეცა პატარა წიგნად სახელწოდებით „სახალისო, მაგრამ არც ისე“. წიგნი 1988 წელს გამოვიდა. ვიკიპედია იუწყება: 1976 წელს ტექსტი ინგლისურად გამოსცა გამომცემლობამ The Mad Millers-მაო. თუ შეამოწმებთ, დარწმუნდებით, რომ წიგნის  ISBN -ი  არანაირ ასეთ გამომცემლობას არ შეესაბამება. დიახ, ეს არარსებული გამომცემლობა იყო და ის „გიჟი მეწისქვილეები“ სწორედ ბოლონიური „მულინო“ (მულინო – იტალიურად წისქვილს ნიშნავს) იყო, რომელმაც უბრალოდ პირადი თხოვნა შეუსრულა მეცნიერს და ასე იქცა მისი წარმატების მთავარ პროტაგონისტად. „მულინოს“ გუნდი ძალიან ამაყობს ამ  ისტორიით. ტექსტს არნახული წარმატება ხვდა წილად. ზღვა თარგმანი დაიბეჭდა უამრავ ქვეყანაში, მაგრამ არასოდეს გამოსულა ტექსტის ორიგინალის ნამდვილი ბრიტანული ან ამერიკული გამოცემა, რაც ფრიად უცნაური იყო ტექსტისთვის, რომელიც თავდაპირველად სწორედ ინგლისურად დაიწერა. ეს საქმე კვლავ ბოლონიურმა გამომცემლობამ ითავა და ინგლისური ორიგინალი გამოსცა, მალე კი მისი  ელექტრონული ვერსიაც გამოაქვეყნა. პარადოქსია, მაგრამ ასეა: ტექსტი ჯერ თარგმანების მეშვეობით გახდა მსოფლიო ბესტსელერი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიბეჭდა მისი ორიგინალი“.

არმანდო მასარენტი

—————- 

იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ

კაცთა მოდგმა, მის წარმომადგენელთა ერთსულოვანი ნებითა და შესაშურად შეხმატკბილებულ ქმედებათა წყალობით, სავალალო მდგომარეობაშია. თუმცა ამაში ახალი არაფერია. რომელ ეპოქასაც არ უნდა გადავწვდეთ, ასე იყო მუდამ: კაცობრიობა მუდამ სავალალო დღეში იყო. უბედურებისა და ჭირ-ვარამის მძიმე ტვირთი, რომელსაც ადამიანი ეზიდება (როგორც ინდივიდი, ისე ორგანიზებული საზოგადოების წევრი), არსებითად იმ გაუგონარი – გავბედავ და ვიტყვი, სულელური – წესის შედეგია, რომლის მიხედვითაც დასაბამიდანვე მოხდა სიცოცხლის ორგანიზება.

დარვინისგან ვიცით, რომ ჩვენც იქიდან მოვდივართ, საიდანაც ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენლები. ცნობილია, რომ ყველას, ჭიაღუა იქნება ეს თუ სპილო, თავისი წილი ვაი-ვაგლახის, შიშის, ფრუსტრაციის, ტანჯვისა თუ შეხლა-შემოხლის ყოველდღიური ულუფა ერგო ცხოვრებაში. მაგრამ ცოცხალ არსებათაგან მხოლოდ ადამიანს ხვდა წილად ყოველდღიური ტანჯვა-უბედურების დამატებითი დოზა, რომლის წყარო და თავიდათავი მისივე სახეობის წარმომადგენელ არსებათა ჯგუფია. და ეს ჯგუფი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მაფია ან ნებისმიერი სამრეწველო, სამხედრო თუ კომუნისტური დაჯგუფება. ეს არაორგანიზებული ჯგუფია, მას არანაირი წყობა და წესრიგი არ გააჩნია, არა ჰყავს ხელმძღვანელი, პრეზიდენტი, არა აქვს წესდება. თუმცა ისეთი იდეალური ჰარმონიულობით მოქმედებს, თითქოს უხილავი ხელი მართავდეს. მისი თითოეული წევრის ქმედება პოტენციურად აძლიერებს ყოველი სხვა წევრის ქმედების ეფექტურობას. სწორედ ამ დაჯგუფების წევრთა ბუნება, ხასიათი და ქცევაა მომდევნო გვერდების თემა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე ესე არც ცინიზმის ნაყოფია და არც სოციალური დესტრუქტივიზმის გამოხატულება, ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტად არა, ვიდრე მიკრობიოლოგიის ნებისმიერი წიგნი შეიძლება იყოს. ეს ნაშრომი კონსტრუქციული ძალისხმევის შედეგია, რომლის მიზანია, გამოიკვლიოს, გაიცნოს და, ამრიგად, შეძლებისდაგვარად გააუვნებლოს კაცობრიობის კეთილდღეობისა და ბედნიერების მოძულე შავბნელ ძალთაგან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი.

პირველი ძირითადი კანონი

ადამიანური სიბრიყვის პირველი ძირითადი კანონი სრულიად ნათლად ამბობს, რომ:

ვერასოდეს, ვერც ერთი ადამიანი სათანადოდ ვერ აფასებს სულელი ინდივიდების რაოდენობას მის გარშემო[1].

ერთი შეხედვით ეს განცხადება ტრივიალურია, ან სულაც – ცხადი, ან – არცთუ ისე კაცთმოყვარული. შეიძლება – სამივე ერთად. მაგრამ დაკვირვება გვარწმუნებს ამ განცხადების ჭეშმარიტებაში. გავითვალისწინოთ შემდეგი:

რამდენად გადაჭარბებულიც არ უნდა იყოს ჩვენი მოლოდინი რეგვენთა რაოდენობასთან დაკავშირებით, მუდამ გვაოცებს, რომ:

a)      ადამიანები, რომლებიც ადრე რაციონალურებად, გონიერებად მიგვაჩნდა, მოულოდნელად აბსოლუტურად სულელები აღმოჩნდებიან;

b)     ყოველდღე, საოცარი დაჟინებითა და მონოტონურობით ხვდები აუტანლად სულელ სუბიექტებს, რომლებიც მოულოდნელად, სრულიად უადგილო დროსა და ადგილას გამოტყვრებიან.

პირველი ძირითადი კანონის თანახმად, შეუძლებელია რიცხვითი მნიშვნელობა მიენიჭოს სულელი ადამიანების შეფარდებას მოსახლეობის მთლიან რაოდენობასთან: ნებისმიერი რიცხვითი პროგნოზი არასაკმარისი აღმოჩნდებოდა. ამიტომ რომელიმე პოპულაციაში სულელი ადამიანების წილი პირობითად σ-თი გამოვსახოთ.

მეორე ძირითადი კანონი

დღეს დასავლეთის დომინანტური კულტურული ტენდენცია კაცობრიობის თანასწორობის იდეას იზიარებს. პოპულარულია ადამიანის, როგორც იდეალურად აწყობილი სამრეწველო ჯაჭვის მასობრივი პროდუქტის, აღქმა. განსაკუთრებით გენეტიკა და სოციოლოგია იტეხს თავს იმის დასამტკიცებლად (შთამბეჭდავი მეცნიერული მონაცემებითა და ფორმულირებებით), რომ ბუნებით ყველა ადამიანი ერთნაირია და თუ გარკვეული ჯგუფების წევრები უფრო მეტად ჰგვანან ერთმანეთს, ეს აღზრდისა და სოციალური გარემოს ბრალია და არა დედაბუნებისა. მე, პირადად, ამ გავრცელებულ აზრს არ ვეთანხმები. მრავალწლიანმა დაკვირვებამ და ექსპერიმენტებმა დამარწმუნა, რომ ადამიანები ერთნაირები არ არიან, რომ ზოგი სულელია და ზოგი – არა და რომ განსხვავებას კულტურული ფაქტორები კი არ განსაზღვრავს, არამედ – სწორედ დედაბუნების ბიოგენეტიკური ხრიკები. ადამიანი ისევე იბადება სულელი, როგორც – ჟღალთმიანი; ისევე მიეკუთვნება სულელთა σ ჯგუფს, როგორც სისხლის ამა თუ იმ ჯგუფს შეიძლება ეკუთვნოდეს. დიახ, ადამიანი განგების ამოუცნობი ნებით იბადება სულელად.

მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანთა გარკვეული σ რაოდენობა სულელია და რომ ეს განგების ნებაა, რეაქციონერი არ გახლავართ, რომელიც რასობრივი ან კლასობრივი დისკრიმინაციის იდეის შემოპარებას ცდილობს. მტკიცედ მწამს, რომ სიბრიყვე ნებისმიერი ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის სრულიად არადისკრიმინირებადი პრეროგატივაა და ეს პრეროგატივა მუდამ პროპორციულადაა გადანაწილებული. ამ ფაქტს მეცნიერულად გამოხატავს მეორე ძირითადი კანონი, რომელიც გვამცნობს:

ადამიანის სისულელე აბსოლუტურად დამოუკიდებელია ამავე ადამიანის ნებისმიერი სხვა მახასიათებლისგან.

აქ ბუნებამ თითქოს საკუთარ თავს გადაამეტა. ცნობილია, რომ რაღაც აუხსნელი ძალით მუდმივად ნარჩუნდება ზოგიერთი ბუნებრივი მოვლენის ფარდობითი სიხშირე: ადამიანი ჩრდილოეთ პოლუსზეც მრავლდება და ეკვატორზეც; წყვილდებიან როგორც პროგრესული, ასევე გონებაჩამორჩენილი ინდივიდები, შავკანიანები, წითელკანიანები, თეთრკანიანები თუ ყვითელკანიანები; ახალშობილებში მამრისა და მდედრის შეფარდება (მამრთა უმნიშვნელო უპირატესობით) მეტ-ნაკლებად მუდმივია, და ა.შ. აუხსნელია, როგორ აღწევს ამ საოცარ შედეგს ბუნება, მაგრამ ცხადია, რომ მას დიდ რიცხვებთან უწევს მუშაობა. სისულელის ფარდობით სიხშირეში გამაოგნებელი ისაა, რომ ბუნება ახერხებს ამ სიხშირის მუდმივობის შენარჩუნებას ყოველთვის და ყველგან, ჯგუფის ზომისგან დამოუკიდებლად: მნიშვნელობა არა აქვს, რამხელაა ჯგუფი, მასში სულელი ადამიანების პროცენტი მარად უცვლელია.

არც ერთი სხვა მოვლენა, რომელიც ოდესმე შესწავლის საგანი ყოფილა, არ იძლევა ბუნების ძალის ასეთ საოცარ დასტურს.

ის, რომ აღზრდასა და სოციალურ გარემოს არანაირი კავშირი არა აქვს σ-თან, მსოფლიოს ბევრ უნივერსიტეტში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა. Uნივერსიტეტის პოპულაცია ოთხ დიდ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: მეთვალყურეები, ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და პროფესურა.

მეთვალყურე პერსონალზე დაკვირვებამ აშკარად აჩვენა, რომ მათი ნაწილი სულელია. σ-ს მნიშვნელობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა (პირველი კანონი), თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ამ ადამიანების სოციალურ პირობებს, განათლების დონეს და ა.შ. დააბრალეს. მაგრამ სოციალურად უფრო მაღლა მდგომი ჯგუფების – სტუდენტებისა და ადმინისტრაციული პერსონალის – ანალიზმაც სულელთა იგივე წილი გამოავლინა. ეს მონაცემიც ბევრად აღემატებოდა მოლოდინს. კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო პროფესურაზე დაკვირვებით მიღებული შედეგები. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა უნივერსიტეტის ზომას ან სახელს: იგივე σ წილი, ყველგან სულელებისგან შედგებოდა. იმდენად გამაოგნებელი იყო მიღებული შედეგები, რომ გადაწყვიტეს, კვლევა “ელიტურ” ჯგუფზე – ნობელის პრემიის ლაურეატებზე – გაევრცელებინათ. ბუნების უზენაესი ძალა კვლავაც დადასტურდა: ნობელის პრემიის ლაურეატების σ რაოდენობა სულელებისგან შედგება. ძნელია ამ შედეგის მიღება და გადახარშვა, მაგრამ უამრავი ექსპერიმენტი ადასტურებს მის სანდოობას. მეორე ძირითად კანონს წყალი არ გაუვა, გამონაკლისი გამორიცხულია. ის ამტკიცებს, რომ სულელები თანაბრად არიან ქალებსა და მამაკაცებში, “განვითარებულ” თუ “ჩამორჩენილ”‘ერებში. მისგან გამომდინარეობს, რომ მნიშვნელობა არა აქვს, დახვეწილ საზოგადოებაში ტრიალებ თუ პოლინეზიელ პირსისხლიან ყაჩაღებთან გიჭირავს საქმე, მონასტერში ხარ გამოკეტილი თუ მდიდარ ბანოვანთა საზოგადოებაში ნებივრობ, სულელი ადამიანების მუდამ ერთნაირ რაოდენობასთან გიწევს ურთიერთობა და ეს რაოდენობა (პირველი ძირითადი კანონი) – მუდამ იმაზე მეტია, ვიდრე ელი. ეს რიცხვი ყოველთვის, ყველაზე პესიმისტურ პროგნოზსაც კი გადააჭარბებს.

ტექნიკური შუალედი

ახლა კი საჭიროა, განიმარტოს ადამიანური სიბრიყვე და განისაზღვროს მოქმედი პირები.

ადამიანებს სოციალიზების სხვადასხვანაირი მიდრეკილება და უნარები აქვთ. არიან ინდივიდები, რომლებისთვისაც სხვა ინდივიდებთან ნებისმიერი კონტაქტი მტანჯველი აუცილებლობაა. მათ, პირდაპირი გაგებით, ადამიანების ატანა უხდებათ, ადამიანებს კი – მათი. სპექტრის მეორე ბოლოში არიან ინდივიდები, რომლებსაც არანაირად არ შეუძლიათ მარტოობა და მზად არიან, ისეთი ადამიანების წრეში გაატარონ დრო, რომლებიც არ მოსწონთ, ოღონდაც კი მარტო არ იყვნენ. ამ ორ უკიდურესობას შორის დიდი მრავალფეროვნებაა, თუმცა ადამიანთა დიდ უმრავლესობას მარტოობა უფრო ტანჯავს, ვიდრე ადამიანური ურთიერთობები. არისტოტელემ აღიარა ეს, როცა დაწერა, ადამიანი სოციალური ცხოველიაო. მისი მოსაზრების ჭეშმარიტებას ადასტურებს ის, რომ ადამიანები უმეტესწილად სოციალურ ჯგუფებად ცხოვრობენ, რომ უფრო მეტი დაოჯახებული ადმიანია, ვიდრე მარტოხელა, რომ უდიდესი დრო და კაპიტალი იხარჯება უაზრო და მოსაწყენ საღამოებზე და რომ სიტყვას “მარტოობა” ზოგადად უარყოფითი დატვირთვა აქვს. განდეგილია თუ გართობის მოყვარული, ადამიანს მაინც უწევს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა.ადამიანი საკუთარ თავს მუდამ სხვა ადამიანებთან მიმართებაში განიხილავს, თუნდაც თავს არიდებდეს მათ. თითოეულ ჩვენგანს ერთგვარი მიმდინარე ანგარიში აქვს თითოეულ სხვა ადამიანთან. ნებისმიერი ქმედებიდან ან უმოქმედობიდან, თითოეული ადამიანი იგებს ან აგებს და ამავე დროს განაპირობებს მოგებას ან წაგებას სხვისთვის. მოგება და წაგება შეიძლება სათანადოდ გამოისახოს გრაფიკულად. 1-ელ ნახაზზე სწორედ ეს მთავარი გრაფიკია მოცემული.

ნახ. 1

1-000

ავიღოთ ინდივიდი, რომელსაც პირობითად პეტრეს დავარქმევთ. X ღერძი ასახავს შემოსავალს, რომელსაც ის საკუთარი საქმიანობიდან იღებს, YYღერძი კი – შემოსავალს, რომელსაც სხვა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი იღებს პეტრეს ქმედებისაგან. X ღერძზე ნულის მარჯვნივ პეტრეს მოგებაა ასახული, მარცხნივ კი – წაგება. შესაბამისად, YYღერძზე ნულის ზევით იმ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მოგებაა (ნულის ქვევით კი – წაგება) გამოსახული, რომელთანაც პეტრეს ურთიერთობა აქვს. თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ მაგალითი: პეტრე გარკვეულ ქმედებას სჩადის პავლესთან მიმართებაში. თუ პეტრე ამით სარგებელს ნახულობს, პავლე კი ზარალდება, ეს ქმედება ჩვენს გრაფიკზე  არეალის რომელიღაც წერტილში განთავსდება.

მოგება და ზარალი X და Y ღერძებზე ნებისმიერ ვალუტაში შეიძლება აისახოს, მაგრამ, მთავარია, მხედველობაში მივიღოთ ფსიქოლოგიური და ემოციური მოგება და წაგებაც. ეს არამატერიალური ქონებაა (ან ზარალი) და, ამდენად, მათი გაზომვა ობიექტური პარამეტრებით რთულია. ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზმა შეიძლება ნაწილობრივ გაგვიადვილოს პრობლემის გადაჭრა, მაგრამ არ მინდა ტექნიკური დეტალებით გავუწვრილო მკითხველს გული, უზუსტობამ შეიძლება გაანგარიშებაში შეცდომა მოგვცეს, თუმცა თემის არსს ვერ შეცვლის. ერთი რამ ძალიან მნიშვნელოვანია: პეტრეს მოქმედების შეფასებისას, იმ მოგებისა და ზარალის შეფასებისას, რომელიც პეტრეს ამ მოქმედებიდან ელის, პეტრეს ფასეულობათა სისტემა უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ პავლეს მოგებისა და ზარალის განსაზღვრისათვის აუცილებელია, პავლეს ღირებულებათა სისტემას დავეყრდნოთ და არა პეტრესას. პატიოსანი თამაშის ეს წესი ხშირად ირღვევა ხოლმე და ბევრი უბედურება სწორედ იმის ბრალია, რომ ადამიანები ცივილიზებული ქცევის ამ უმნიშვნელოვანეს პრინციპს არ იცავენ. კიდევ ერთხელ მოვიყვანოთYბანალური მაგალითი: პეტრე თავში ჩასცხებს პავლეს და ამით სიამოვნებას იღებს. პეტრეს იქნებ ჰგონია კიდეც, რომ პავლე ბედნიერია, რომ თავში ჩასცხეს. მაგრამ დიდი შანსია, პავლე ასე არ ფიქრობდეს და, შესაძლოა, საშინლად უსიამოვნოდაც თვლიდეს თავში ჩაცხებას. თავში ჩაცხება პავლესთვის მოგებაა თუ ზარალი, ეს პავლეს გადასაწყვეტია და არა – პეტრესი.

მესამე (და უზენაესი) ძირითადი კანონი

მესამე ძირითადი კანონი გულისხმობს, თუმცა ღიად არ ამბობს ამას, რომ თოთოეული ადამიანი აუცილებლად მიეკუთვნება რომელიმეს ამ ოთხი მთავარი კატეგორიიდან: უთავბოლოები, ჭკვიანები, ბანდიტები და სულელები.  დაკვირვებული მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ ეს ოთხი კატეგორია შეესაბამება , , და არეალებს საწყის გრაფიკზე (იხ. ნახ. 1).

თუ პეტრე სჩადის ქმედებას, რომელიც მას ზიანს აყენებს, მაგრამ, ამავე დროს, ეს ქმედება მომგებიანია პავლესთვის, პეტრე ზონაში განთავსდება: მისი საქციელი უთავბოლობაა. თუ პეტრეს საქციელი მასაც სარგებელს მოუტანს და პავლესაც, პეტრეს ადგილი არეალშია: მისი საქციელი ჭკვიანურია. ხოლო თუ მისი საქციელი თავად მოგებას მოუტანს, მაგრამ პავლეს დააზარალებს, პეტრე Bარეალში ხვდება, რადგან ის ბანდიტივით მოიქცა. სულელები კი არეალში არიან.

მესამე ძირითადი კანონი ნათლად ამბობს, რომ:

სულელი არის ის, ვინც ზიანს აყენებს სხვა ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ისე, რომ, ამავე დროს, თავად არანაირ სარგებელს არ ნახულობს; მეტიც, შეიძლება,  თავადაც ზარალდებოდეს საკუთარი ქმედებით.

მესამე ძირითადი კანონისადმი რაციონალური ადამიანები ინსტინქტურად სკეპტიკურად ან უნდობლად განეწყობიან ხოლმე. მიზეზი ისაა, რომ რაციონალურ ადამიანებს უჭირთ ირაციონალური საქციელის აღქმა და გაგება. თუმცა თავი დავანებოთ თეორიას და იმას დავაკვირდეთ, რაც ყოველდღე ხდება ჩვენს გარშემო. ნებისმიერ ჩვენგანს გაახსენდება შემთხვევები, როცა ადამიანმა სარგებელი ნახა და ამით ჩვენ ზიანი მოგვაყენა: ეს ადამიანი ბანდიტი იყო. ისეთი შემთხვევაც გაგვახსენდება, როცა კაცმა საკუთარ თავს ავნო, მაგრამ მისი საქციელი ჩვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა: უთავბოლო კაცს შევხვდით[2]. ისეთიც გაგვახსენდება, როცა ადამიანის ქმედება ორივე მხარისთვის სასარგებლო ყოფილა: ეს ჭკვიანი ადამიანი იყო. ასეთი შემთხვევები უამრავია. მაგრამYთუ კარგად დავფიქრდებით, მოგვიწევს იმის აღიარება, რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე მომხდარ მოვლენათა უმრავლესობა სულ სხვანაირია. ჩვენი ყოფა გადაპენტილია ამბებით, მოვლენებით, რომლებიც გვაკარგვინებს ფულს, დროს, ენერგიას, მადას, სიმშვიდესა თუ გუნება-განწყობილებას; წარამარა ვაწყდებით ვიღაც გაუგებარ არსებას, რომელიც ყველაზე უადგილო ადგილას და უდროო დროს გადაგვეყრება და თავისი სრულიად ბრიყვული ქმედებით ისე დაგვაზარალებს, რომ საკუთარი ნამოქმედარიდან ვერანაირ სარგებელს ვერც თავად მიიღებს. არავინ იცის, არავის ესმის, ვერავინ ახსნის, რატომ აკეთებს ეს გაუგებარი არსება იმას, რასაც აკეთებს. ამას ახსნა არა აქვს, უფრო სწორად – ერთადერთი ახსნა აქვს: ეს ადამიანი სულელია.

სიხშირის გადანაწილება

ადამიანთა უმრავლესობა თანმიმდევრულად არ მოქმედებს. ზოგიერთ ვითარებაში ადამიანი ჭკვიანურად იქცევა, მაგრამ სხვა ვითარებაში იგივე ადამიანი უთავბოლობას იჩენს. წესიდან ერთადერთი გამონაკლისი სულელები არიან, რომელთა ქმედებები, როგორც წესი, მაქსიმალური თანმიმდევრულობით ხასიათდება. აქედან არ გამომდინარეობს, რომ გრაფიკზე მხოლოდ სულელი ინდივიდების ადგილმდებარეობის მონიშვნაა შესაძლებელი. თითოეული ადამიანისთვის შეგვიძლია გავთვალოთ ადგილი 1-ელ ნახაზზე, საშუალო შეწონილი მაჩვენებლის მიხედვით. ჭკვიანი ადამიანი ხანდახან შეიძლება უთავბოლოდ მოიქცეს, ხანდახან – ბანდიტივითაც. მაგრამ, რადგან მოცემული ინდივიდი არსებითად ჭკვიანია, მის ქმედებათა უმრავლესობა შესაბამისი იქნება, ასე რომ, საშუალო შეწონილი მაჩვენებელი მას 1-ლი ნახაზის ზონაში მოახვედრებს.

გრაფიკზე ინდივიდები განთავსდებიან და არა მათი ცალკეული ქმედებები, ამიტომ არსებობს პატარა გადახვევები ბანდიტებისა და სულელების სიხშირეებში.

ნახ. 2

2-0000

იდეალური ბანდიტი ისაა, ვინც საკუთარი ქმედებით სხვას თავისი მოგების ტოლ ზიანს აყენებს. ბანდიტიზმის ყველაზე მარტივი ფორმაა ქურდობა. ადამიანი, რომელიც 10 000 ლირას ამოგაცლის სხვა ზიანის მოყენების გარეშე, იდეალური ბანდიტია: შენ 10 000 დაკარგე, მან კი 10 000 იშოვა. Mმე-2 ნახაზზე ასეთები OM ბისექტრისაზე განთავსდებიან, რომელიც არეალს შუაზე ყოფს. თუმცა იდეალური ბანდიტები შედარებით ცოტანი არიან. როგორც ვთქვით, OM წრფე არეალს შუაზე ყოფს და ბანდიტების უმრავლესობა სწორედ ამ ორი ნახევრიდან ერთშია განთავსებული. ბჭ არეალის ბანდიტები თავად მეტ სარგებელს ნახულობენ, ვიდრე სხვისთვის მიყენებული ზიანია. ამ არეალში განთავსებული ყველა ბანდიტი გონიერების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება და რაც უფრო მეტად უახლოვდება მათი ადგილმდებარეობა X ღერძის მარჯვენა ნახევარს, მით უფრო მეტია ამ ინდივიდებში ინტელექტის კოეფიციენტი. საუბედუროდ, ბჭ არეალი არცთუ ისე ხალხმრავალია. ბანდიტების უმრავლესობა ბს არეალშია თავმოყრილი: ეს ინდივიდები საკუთარი ქმედებით ნაკლებ მოგებას ნახულობენ, ვიდრე სხვისთვის მიყენებული ზიანია. თუ ადამიანი მიწაზე დაგანარცხებს და ფეხს მოგტეხს, რომ 10 000 ლირა წაგართვას, მანქანას დაგიზიანებს, რომლის შეკეთება ნახევარი მილიონი ლირა დაგიჯდება, 30 000-ლირიანი მაგნიტოფონის მოსაპარად ტყვიას დაგახლის და სიცოცხლეს გამოგასალმებს მხოლოდ იმიტომ, რომ შენს ცოლთან გაერთოს ერთი ღამით, ცხადზე უცხადესია, რომ ეს იდეალური ბანდიტი არ არის. თუნდაც მისი პარამეტრები გამოვიყენოთ მისი სარგებლის გასაზომად (შესაბამისად, ჩვენც ჩვენს პარამეტრებს ვიყენებთ ჩვენთვის მოყენებული ზიანის შესაფასებლად), ეს ინდივიდი მაინც ბს არეალში მოხვდება, წმინდა სისულელის ზღვართან ახლოს. სულელი ადამიანების სიხშირის განაწილება ძალიან განსხვავდება ბანდიტების სიხშირის განაწილებისგან. თუ ბანდიტები ძირითადად საკუთარ არეალში ჩაფანტულები არიან, სულელების უმრავლესობა Y ღერძის გასწვრივაა თავმოყრილი, ნულის ქვევით. ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ სულელთა უმრავლესობა ჯიუტად არ იცვლის პოზიციას და დაჟინებით ცდილობს, ზიანი მიაყენოს სხვას ისე, რომ თავად არანაირი სარგებელი არ ნახოს. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი სრულიად წარმოუდგენელი საქციელით არა მხოლოდ სხვებს აზარალებს, არამედ – საკუთარ თავსაც. ესენი ერთგვარი სუპერსულელები არიან და მათი ადგილი ჩვენი სისტემის არეალშია.

სიბრიყვე და ძალაუფლება

ისევე, როგორც ყველა ადამიანი, სულელებიც ახდენენ ზეგავლენას სხვა ადამიანებზე, სხვადასხვაგვარი ინტენსივობით. სულელის მიერ მიყენებული ზიანი, როგორც წესი, შეზღუდულია, მაგრამ ზოგიერთი მაინც ახერხებს საშინლად აზარალოს არა მხოლოდ ერთი ან ორი ინდივიდი, არამედ – ადამიანთა ჯგუფი, თემი ან მთელი საზოგადოება. სულელის ზიანის მომტანი პოტენციალი ორ უმთავრეს ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი ფაქტორი გენეტიკურია. ზოგიერთ ინდივიდს მემკვიდრეობით სისულელის გენის ვეებერთელა დოზა გადაეცემა და ამ მემკვიდრეობის წყალობით ასეთი ადამიანები დაბადებიდანვე საკუთარი ჯგუფის ელიტას ეკუთვნიან. სულელი ადამიანის მარგი ქმედების კოეფიციენტის განმსაზღვრელი მეორე ფაქტორია ამ ადამიანის სოციალური პოზიცია და ძალაუფლების ბერკეტები, რომლებიც მას ხელთ უპყრია საზოგადოებაში. შთამბეჭდავია არსებითად სულელ ინდივიდთა პროცენტი საჯარო მოხელეებს, გენერლებს, პოლიტიკოსებს, სახელმწიფოს მეთაურებს შორის. მოყვასისთვის ზიანის მიყენების უნარი ყოველთვის საგანგაშოდ იზრდებოდა (და იზრდება) იმ პოზიციის მნიშვნელობის მიხედვით, რომელიც სულელს ეჭირა (ან უჭირავს). ამ თვალსაზრისით სამღვდელოებასაც ნუ დავუკარგავთ დამსახურებას. შეკითხვა, რომელიც ხშირად ებადებათ გონიერ ადამიანებს, გახლავთ ის, თუ როგორ ახერხებენ ბრიყვები ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

კლასი და კასტა (სამოქალაქო თუ საეკლესიო) მუდამ იყო ის სოციალური ინსტიტუტი, რომელიც საშუალებას აძლევდა სულელებს, პრეინდუსტრიულ ხანაში და საზოგადოებაში მმართველი პოზიციები დაეკავებინათ. თანამედროვე, ინდუსტრიულ მსოფლიოში კლასი და კასტა თანდათან კარგავს მნიშვნელობას. მაგრამ კასტისა და კლასის ადგილზე აღმოცენდნენ პოლიტიკური პარტიები, ბიუროკრატია და დემოკრატია. დემოკრატიულ სისტემაში საყოველთაო არჩევნები უაღრესად ეფექტური საშუალებაა, რათა ხელისუფალთა შორის სტაბილურად შენარჩუნდეს სულელთა პროცენტი. უნდა აღინიშნოს, რომ მეორე კანონის თანახმად, ამომრჩეველთა გარკვეული, ფიქსირებული წილი სულელია და არჩევნები მათ არაჩვეულებრივ შანსს აძლევს, ზიანი მიაყენონ სხვებს ისე, რომ არაფერი მოიგონ საკუთარი ქმედებისგან. ისინიც პირნათლად აღასრულებენ ამ მისიას: უზრუნველყოფენ სულელთა იმ ფიქსირებული რაოდენობის სტაბილურად შენარჩუნებას ხელისუფლებაში.

სიბრიყვის ძალა

ძნელი მისახვედრი არაა, თუ რაოდენ ზრდის სულელი ადამიანის ზიანის მიყენების უნარს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ბიუროკრატიული ძალაუფლების ბერკეტები. მაგრამ ჯერ კიდევ არ აგვიხსნია ბოლომდე, მაინც რატომაა ასეთი საშიში სულელი ადამიანი: ანუ რაში მდგომარეობს სიბრიყვის ძალა. სულელები განსაკუთრებით საშიში და ზიანის მომტანნი იმიტომ არიან, რომ გონიერ ადამიანებს უჭირთ სულელური ქცევის წარმოდგენა და გაგება. ჭკვიან ადამიანს შეუძლია გაიგოს ბანდიტის ლოგიკა. ბანდიტის ქმედება რაციონალურ მოდელს ემყარება: ცხადია, ეს უპატიოსნო რაციონალობაა, მაგრამ რაციონალობაა. ბანდიტს მეტი უნდა საკუთარ “ანგარიშზე”. ვინაიდან ჭკუა არ ჰყოფნის საიმისოდ, რომ თავადაც მეტი იშოვოს და სხვასაც მეტი აშოვნინოს, მისი “მოგება” მოყვასის “ზარალს” უდრის. ეს ყველაფერი სწორი არაა, მაგრამ სრულიად რაციონალურია და, ამდენად, პროგნოზირებადი. მოკლედ, ბანდიტის ქმედების, ბინძური მანევრების, შავბნელი ზრახვების პროგნოზირება შესაძლებელია, ისე როგორც – სათანადო თავდაცვის შემუშავება. მაგრამ სულელი ადამიანის შემთხვევაში ეს გამორიცხულია. როგორც მესამე ძირითადი კანონი ამბობს, სულელი ყოველგვარი მიზეზის, კონკრეტული გეგმის გარეშე გაგიმწარებთ სიცოცხლეს, ყველაზე წარმოუდგენელ უდროო დროსა და ადგილას. არანაირი რაციონალური გზა არ არსებობს, რომ გამოიცნოთ, თავს დაგესხმით თუ არა სულელი, ან სად, როდის და რატომ გააკეთებს ამას. სულელის წინაშე სრულიად უძლური ხართ.

ვინაიდან სულელი ადამიანის ქმედებები რაციონალობის კანონებს არ ექვემდებარება, აქედან გამომდინარეობს, რომ:

a)      როგორც წესი, სულელის თავდასხმა მოულოდნელია;

b)     მაშინაც, როცა აცნობიერებ, რომ თავს გესხმიან, რაციონალურად თავდაცვას ვერ ახერხებ, რადგან თავად თავდასხმას არანაირი რაციონალური სტრუქტურა არ გააჩნია.

ის, რომ სულელის ქმედებები აბსოლუტურად ცვლადი და ირაციონალურია, არა მხოლოდ თავდაცვას ართულებს, ნებისმიერ კონტრშეტევასაც თითქმის შეუძლებელს ხდის. ეს იგივეა, ესროლო ობიექტს, რომელიც წამით არ ჩერდება და არ იცი, როდის საით გახტება. სწორედ ამას გულისხმობდნენ დიკენსი და შილერიც, როცა პირველმა თქვა: სიბრიყვითა და ჯანმრთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტით კაცი ყველაფერს გაუმკლავდებაო, მეორემ კი – სირეგვნეს ღმერთებიც ფუჭად ერკინებიანო.

კიდევ ერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი. გონიერმა ადამიანმა იცის, რომ გონიერია. ბანდიტმა შესანიშნავად იცის, რომ ბანდიტია. უთავბოლოს მარადჟამს ახსოვს და ტანჯავს საკუთარი უთავბოლობა. სამივესგან განსხვავებით, სულელმა არ იცის, რომ სულელია. ეს მას აძლიერებს, ეფექტურობას მატებს მის დამანგრეველ ქმედებებს. სულელს არ აბრკოლებს ის გრძნობა, რომელსაც ანგლოსაქსები თვითგაცნობიერებას უწოდებენ. სულელი მოულოდნელად, ღიმილით გამოგეცხადება და, თითქოს ქვეყნად ყველაზე ბუნებრივ რამეს სჩადიოდეს, თავდაყირა დაგიყენებს გეგმებს, მიწასთან გაასწორებს შენს სიმშვიდეს, გაგირთულებს ცხოვრებას, გაზარალებს ფულს, დროს, წაგიხდენს ხასიათს, მადას, ჩაგიკლავს შრომის უნარს და ამ ყველაფერს ყოველგვარი ბოროტი ზრახვის, მიზეზის, სინდისის ქენჯნის გარშე გააკეთებს: სულელურად.

მეოთხე ძირითადი კანონი

გასაკვირი არაა, რომ უთავბოლო ადამიანები, ანუ ისინი, ვინც ჩვენს სისტემაში არეალში არიან განთავსებულნი, როგორც წესი, ვერ ხვდებიან, რაოდენ დიდ საფრთხეს წარმოადგენენ სულელები. ეს მათი უთავბოლობის კიდევ ერთი დასტურია. გასაოცარი კი ისაა, რომ ხშირად ჭკვიანები და ბანდიტებიც ვერ აცნობიერებენ სიბრიყვის დამანგრეველ ძალას. რთული ასახსნელია, რატომ ხდება ასე. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ხშირად ჭკვიანებიცა და ბანდიტებიც სულელი ინდივიდის წინაშე ერთ შეცდომას უშვებენ: საკუთარი თავით ტკბებიან, ზევიდან დაჰყურებენ სულელს, იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ გამოუშვან ადრენალინი და თავდაცვისთვის მოემზადონ. ზოგადად გავრცელებულია აზრი, რომ რეგვენი მხოლოდ საკუთარ თავს ავნებს, მაგრამ ვინც ასე ფიქრობს, ერთმანეთში ურევს სისულელესა და უთავბოლობას. ხანდახან ადამიანი ვერ ძლევს ცდუნებას, სულელ ინდივიდს შეეკრას, რათა ის საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. ამ მანევრის შედეგები აუცილებლად კატასტროფული იქნება, ვინაიდან:

a)      მას სულელთა ბუნების სრული არცოდნა უდევს საფუძვლად;

b)     ეს დამატებით არეალს აძლევს სულელს, პრაქტიკულად გამოიყენოს საკუთარი ნიჭი.

ადამიანმა შეიძლება თავი მოიტყუოს, რომ სულელით მანიპულირება შეუძლია, და დროებით შეიძლება მოახერხოს კიდეც ეს. მაგრამ ძალიან მალე მოუღებს ბოლოს სულელის არაპროგნოზირებადი საქციელი.

ეს ყველაფერი ნათლადაა თავმოყრილი მეოთხე ძირითად კანონში, რომელიც ამტკიცებს, რომ:

არასულელი ადამიანები ვერასოდეს აფასებენ სათანადოდ სულელი ადამიანების ზიანის მომტან პოტენციალს. უფრო ზუსტად: არასულელს მუდმივად ავიწყდება, რომ სულელთან საქმის დაჭერისას კრახი გარდაუვალია და ეს შეცდომა ძალიან ძვირად დაუჯდება.

საუკუნეთა მანძილზე, საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში, უამრავმა ადამიანმა არ გაითვალისწინა მეოთხე ძირითადი კანონი, რამაც კაცობრიობას ენით აღუწერელი ზიანი მიაყენა.

მაკროანალიზი და მეხუთე ძირითადი კანონი

წინა თავის დასკვნით დებულებებს “მაკრო” ანალიზამდე მივყავართ. მასში ინდივიდუალური კეთილდღეობის ნაცვლად გათვალისწინებულია საზოგადოების კეთილდღეობა, რომელიც ამ კონტექსტში ინდივიდუალურ კეთილდღეობათა  ალგებრული ჯამის სახითაა განსაზღვრული. მეხუთე ძირითადი კანონის სრული გაგება არსებითია ამ ანალიზში. გარდა ამისა, საჭიროა დავამატოთ, რომ ამ ხუთი ბაზისური კანონიდან მეხუთე უდავოდ ყველაზე ცნობილია და მის გამომდინარეობას ყველაზე ხშირად ახსენებენ ხოლმე. მეხუთე კანონი ამტკიცებს, რომ:

სულელი ადამიანი ადამიანის ყველაზე საშიში ტიპია.

ამ კანონის გამომდინარეობა კი ასე ჟღერს:

სულელი ბანდიტზე საშიშია.

ეს კანონი და მისი გამომდინარეობა ჯერ კიდევ “მიკრო” დონეზეა ფორმულირებული. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ კანონსა და მის გამომდინარეობას “მაკრო” ხასიათის ღრმა ზეგავლენა აქვს.  მთავარი ისაა, რომ იდეალური ბანდიტის (ადამიანი, რომელიც მე-2 ნახაზზე OM წრფეზეა განთავსებული) ქმედების შედეგი სიმდიდრის და/ან კეთილდღეობის უბრალო გარდაქმნაა. იდეალური ბანდიტის ქმედების შედეგად მის ანგარიშზე ზუსტად იმდენი “დაირიცხება”, რამდენიც “გამოაკლდება” მეორე ადამიანის ანგარიშს. გლობალურად, საზოგადოებისთვის, ამით მდგომარეობა არც უმჯობესდება და არც უარესდება. საზოგადოების ყველა წევრი რომ იდეალური ბანდიტი იყოს, საზოგადოება სრული სტაგნაციის პირობებში აღმოჩნდებოდა, მაგრამ დიდი კატასტროფები არ მოხდებოდა. ყველაფერი ამოიწურებოდა სიმდიდრის მასობრივი გადაცემ-გადმოცემით. თუ საზოგადოების ყველა წევრი რეგულარული მონაცვლეობით იაქტიურებდა, არა მხოლოდ მთელი საზოგადოება, არამედ მისი ცალკეული ინდივიდებიც იდეალური სტაბილურობის პირობებში აღმოჩნდებოდნენ.

მაგრამ როცა სულელი საქმეს შეუდგება, ვითარება სრულიად იცვლება. სულელი სხვას აზარალებს და თავად არაფერს იგებს. შედეგად მთელი საზოგადოება იყვლიფება და ღატაკდება. მთავარ გრაფიკზე გამოსახული სისტემა აჩვენებს, რომ POM  წრფის მარჯვნივ (იხ. Mმე-3 ნახაზი) განთავსებული ინდივიდების ყოველი ქმედება სხვადასხვა ხარისხით, მაგრამ ხელს უწყობს საზოგადოების კეთილდღეობის ზრდას. ხოლო POM წრფის მარცხნივ მყოფი თითოეული ინდივიდის ქმედება აღარიბებს საზოგადოებას.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უთავბოლოები, რომელთაც თავიანთი კატეგორიის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი ინტელექტუალური მაჩვენებელი აქვთ (უჭ არეალი), ინტელექტუალური ბანდიტები (ბჭ არეალი), და განსაკუთრებით კი ჭკვიანები ( არეალი) – ყველანი, სხვადასხვა დოზით, მაგრამ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შენებაში მონაწილეობენ.

ანალოგიურად, სიბრიყვის მაღალმაჩვენებლიანი ბანდიტები (ბს არეალი) და სულელი უთავბოლოები (უს არეალი) სულელთა მიერ წარმოქმნილ ზიანს კიდევ ზიანს ამატებენ და, ამდენად, მათ დამანგრევენ ძალას კიდევ უფრო აძლიერებენ.

ნახ. 3

3-000

ეს ყველაფერი საზოგადოებათა პერფორმანსის შესახებ რამდენიმე მოსაზრებას გვკარნახობს. მეორე ძირითადი კანონის თანახმად, სულელი ადამიანების რიცხვი მუდმივაა, რომელიც არაა დამოკიდებული დროზე, სივრცეზე, რასაზე, კლასზე ან სხვა ნებისმიერ – ისტორიულ, სოციალურ თუ კულტურულ – ცვლად ფაქტორზე. უმძიმესი შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ სულელთა რაოდენობა დაკნინების გზაზე მყოფ საზოგადოებაში მეტია, ვიდრე განვითარებულსა და აყვავებულში. ნებისმიერ საზოგადოებას სულელთა ერთი და იგივე რაოდენობა ღრღნის. საზოგადოების ამ ორ ტიპს შორის განსხვავება იმაშია, რომ დაკნინებულ საზოგადოებაში:

a)      საზოგადოების სულელ წევრებს სხვა წევრები საშუალებას აძლევენ, უფრო აქტიურები იყვნენ;

b)     არასულელი მოსახლეობის შემადგენლობა იცვლება უს და ბს არეალების ბინადართა მატების ხარჯზე. F

ეს თეორიული ვარაუდი ბევრჯერ დაადასტურა ისტორიული შემთხვევების ამომწურავმა ანალიზმა. ისტორიული ანალიზი საშუალებას გვაძლევს, თეორიული დასკვნები ახლებურად, უფრო მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ, მეტი რეალისტური დეტალებით.

მნიშვნელობა არა აქვს, კლასიკურ ხანას ავიღებთ, შუა საუკუნეებს, ახალ პერიოდსა თუ თანამედროვეს, ყველა წინ მიმავალ, განვითარებულ საზოგადოებას სულელების თავისი უცვლელი, გამაოგნებელი რაოდენობა ჰყავს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ წინ მიმავალ ქვეყანაში ჭკვიანი ადამიანების რაოდენობაც უჩვეულოდ მაღალია. ისინი სულელებს აკონტოლებენ და, ამავე დროს, ქმნიან სარგებელს საკუთარი თავისთვის და საზოგადოების სხვა წევრებისთვის: იმდენს, რამდენიც კმარა, რომ წინსვლა გარანტირებული იყოს.

დაკნინების გზაზე მყოფ საზოგადოებაში სულელთა პროცენტი, როგორც ვთქვით, იგივეა. მაგრამ საზოგადოების დანარჩენ წევრებში – განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფ ინდივიდებში – შეიმჩნევა სისულელის მაღალმაჩვენებლიანი ბანდიტების საგანგაშო მომრავლება (მე-3 ნახაზის არეალის ბს ქვე-არეალი), ხელისუფლებაში არმყოფთა შორის კი – უთავბოლოთა რაოდენობის საგანგაშო ზრდა (პირველი გრაფიკი, ნახ. 1, არეალი). არასულელი მოსახლეობის შემადგენლობის ასეთი ცვლილება აძლიერებს სულელთა წილის დამანგრეველ ძალას და გარდაუვალი დაღუპვისკენ მიჰყავს ქვეყანა.

© “ცხელი შოკოლადი”


[1] ძველი აღთქმის ავტორები კარგად იცნობდნენ პირველ ძირითად კანონს. სწორედ მისი პერიფრაზირება სურდათ, როცა დაწერეს, “stultorum infinitus est numerous” (“სულელთა რიცხვი უსასრულოა”). თუმცა პოეტური გაზვიადება გამოუვიდათ: სულელთა რიცხვი უსასრულო ვერ იქნება, რადგან სამყაროში ადამიანთა რაოდენობა სასრულია.

[2] იმისთვის, რომ ადამიანს უთავბოლო ვუწოდოთ, მნიშვნელოვანია, რომ ის თავად იყოს თავისი საქციელის ინიციატორი. თუ მე წამოვიწყე რაღაც, რამაც ის აზარალა და მე მოგება მომიტანა, ის კი არაა უთავბოლო, მე ვარ ბანდიტი.