კატო ჯავახიშვილი – დედაჩემმა მითხრა, რომ. და სხვა ლექსები

kato javakhishvili 23

დედაჩემმა მითხრა, რომ.

დედაჩემმა მითხრა, რომ.
დედაჩემმა მითხრა, რომ.
რომ მითხრა დედაჩემა და მითხრა რომ დედაჩემმა და დედაჩემმა მითხრა, რომ, -
მუშაობა უნდა დაიწყოს.
ზამთრისპირი იდგა, და.
ზამთრისპირი იდგა, და.
და იდგა ზამთრისპირი და ზამთრისპირი და იდგა და ზამთრისპირი იდგა, და, -
დედაჩემმა მუშაობა დაიწყო.
ფოთლებივით მიმყავდა შინ.
ფოთლებივით მიმყავდა შინ.
მიმყავდა ფოთლებივით შინ და მიმყავდა შინ ფოთლებივით და შინ მიმყავდა ფოთლებივით და შინ ფოთლებივით მიმყავდა და მიმყავდა დრო,
და დედაჩემიც, რომელმაც მუშაობა დაიწყო.
დედაჩემი რეცხავდა გზას.
რეცხავდა დედაჩემი გზას და რეცხავდა გზას დედაჩემი და გზას დედაჩემი რეცხავდა და გზას რეცხავდა დედაჩემი და დედაჩემი რეცხავდა გზას,
რომელიც არ იყო.
დედაჩემმა, – შიმშილი კლავს.
შიმშილი კლავს, – დედაჩემმა და შიმშილი დედაჩემმა კლავს და კლავს შიმშილი დედაჩემმა და კლავს, დედაჩემმა შიმშილი და დედაჩემმა, – შიმშილი კლავს, -
თქვა.
ვსუქდებოდი რისგან, მე.
რისგან ვსუქდებოდი მე და რისგან მე ვსუქდებოდი და მე რისგან ვსუქდებოდი და მე ვსუქდებოდი რისგან და ვსუქდებოდი მე რისგან, თუკი შიმშილი კლავს და თუკი კლავს შიმშილი და თუკი დედაჩემი, რომელმაც მუშაობა დაიწყო და თუკი მუშაობა რომ დაიწყო, სწორედ ის დედაჩემი, შიმშილმა ვერ მოკლა და ვერ მოკლა შიმშილმა და თუკი ფილოლოგი როა, სწორედ ის დედაჩემი, დედაჩემი როა, ფილოლოგი და ასეთი წყალწყალა ნაყოფი პოეტად რომ გამოაძვრინა, პოეტად რომ გამოაძვრინა ასეთი წყალწყალა ნაყოფი, რადგან პოეტი შეიძლება იყოს წყალწყალა ნაყოფი და ნაყოფი წყალწყალა შეიძლება იყოს პოეტი, სწორედ ის დედაჩემი დგას ახლა და ჭურჭელს რეცხავს.
დედაჩემს ვუთხარი, რომ.
დედაჩემს ვუთხარი, რომ.
ვუთხარი დედაჩემს, რომ. და ვუთხარი, რომ დედაჩემს და რომ ვუთხარი დედაჩემს, რომ, – გმირია დედაჩემი და დედაჩემი გმირია, რომ გმირები არ არსებობენ, არ არსებობენ გმირები და დედაჩემი მაინც გმირია, არარსებული გმირი და დედაჩემმა მითხრა, რომ:

 

მუშაობა უნდა დაიწყოს.

 

უმი

წყალმა გააღო კარი და შემოვიდა.
წყალმა დაკეტა კარი და გავიდა.
დაკეტა კარი წყალმა და დავწყდი.
გააღო წყალმა კარი და მოვეშვი.
გაღმა მიწაა.
გამოღმა – კაცი წევს და წყალმცენარეებს ღეჭავს.

 

ვიყავი მე მშიერი და მაძღარი.
ვიყავი მე მსუქანი და გამხდარი.
გამხდარი ვიყავი მე და ძვლები დამითვალა.
მსუქანი ვიყავი მე და ქონი ავითალე.
გული კომშია.
გულს იქით კაცი ღუმელთან ზის და შემოდგომაში მბრაწავს.

 

კაცმა ჩატეხა ფანჯარა და შემოძვრა.
კაცმა ფანჯარა გახსნა და გავიდა.
ჩატეხა კაცმა ფანჯარა და მომიწვა.
მომიწვა კაცი და ფანჯარა გატყდა.
ნახევარი წვიმდა.
გულს აქეთ – ნახევარი მზე იყო და წვიმა არა.

 

სახლში – ღვეზელი უმი ხორცის მოვუმზადე.
თითები გაყინული მქონდა და წითლად გავთბი.
ღვეზელი უმი ხორცის სახლში მოვუმზადე.
თითები გაყინული მქონდა და ღვეზელი მოვუმზადე.
გაყინული თითები მქონდა და ღვეზელი მოვუმზადე.
ხორცი თბილია.
წყალი – ცივი.
ღვეზელი – უმი.
გულს უკან კაცი მიდიოდა და ნახევარი გზა ვდუმდი.

 

ვივახშმოთ

კარგად მახსოვს, როგორ ავდგები ერთ მშვენიერ დღეს ჩემი წამოყუდებული ცხოვრებიდან და სამზარეულოს მაგიდას აულაგებელს დავტოვებ.
მაგიდა იმდენ კაცზე იქნება გაშლილი, რამდენზეც მენდომება.
იმდენზე, რამდენიც მოიცავს მაქსიმუმ ორს და მინიმუმ ცხოვრებას.

 

კარგად მახსოვს, როგორ გამოვიხსნი ჩემ თავს და საგზლად
პოლიეთილენის პარკში გახვეულ ბავშვობის ორცხობილას წავიღებ.
ორცხობილა იქნება ტკბილი და ფხვიერი.
ორცხობილა იქნება ცოტა და სამყოფი.
ორცხობილა იქნება ღიმილგადასმული და ვერგასაყოფი.

 

კარგად მახსოვს, როგორ დაბრუნდები შენი მხრებაწურული და გაყოფილი ცხოვრებიდან, როცა ჩემი სამყოფი დრო დაგრძელდება
და სამზარეულოს მაგიდას მიუჯდები.
მაგიდაზე იდება იაფფასიანი საცხობიდან მოტანილი ლობიანი და ხაჭაპური.
მაგიდაზე იდება იაფფასიანი მაღაზიიდან წონით ნაყიდი ნამცხვარი.
მაგიდაზე იდება მეგობრის ნაჩუქარი, პლასტმასის ბოთლში ჩასხმული ახლადდაწურული ღვინო.
მაგიდაზე იდება სირცხვილიც, რომელსაც მე და შენ ერთად შევექცევით
როცა ჩემი ტანი ასეთი ცოტა რჩება შენი შიმშილისთვის
და ჩემი უსირცხვილო ნაოჭები ასეთი შეუფერებელი შენი უმწიფარი ახალგაზრდობისთვის, რომელიც მოვიგონეთ ჩვენ,
იმისთვის, რომ სიყვარულზე არ გველაპარაკა.
იმისთვის, რომ უბრალოდ გვევახშმა.

 

და თითქოს ისე ფეხაკრეფით და თითქოს ისე მოლოდინით შემოდის დილა
და თითქოს უკვე თოვლი იყო და მგონი უკვე წამოთოვა და… არადა, წვიმდა.
და თითქოს უკვე ყველაფერი, რაც მოხდა და არ მოხდა და მოხდება სულაც
და თითქოს უკვე ეს თითები და თითქოს უკვე ეს ცხოვრებაც ნახშირისფერ დაფაზე წვანან.

და ახლა ისე უძრავია და ახლა ისე მარტივია ტკივილი, თითქოს.
და ახლა იმდენ სისულელეს და ახლა იმდენ ჭკვიანობას მიუჩენ ადგილს
და ახლა ისე სიჩუმეა და ახლა ისე უდარდელად  ვზივარ და გფიქრობ-
დე უნდა წესით ახლა. გფიქრობ-დე უნდა წესით, მაგრამ. ვზივარ და ვადგენ
მიზეზებს, როდის არ ვყოფნიდი, მიზეზებს როდის ვიგონებდი, მეტს, ანდა ნაკლებს.
იმისთვის, სადაც არ ვიყავი, იმისთვის, სადაც არ მელოდნენ, იმისთვის, სადაც,
თვალი სანახევროდ გავახილე და ქალი, რომელიც პირობითმა სინანულმა მოკლა
შენ მთელი შენი ზომიერი და მთელი შენი გეგმიური ცხოვრებით გაგცდა.

მერე ჩაიდანში წყალი დაშრა და მერე უკვე მაგიდასთან ამოშრა სიტყვაც.
და მერე უკვე ტკივილები და მგონი უკვე მოგონებაც არ ტოვებს იმედს.
და ახლა სადაც დავსეირნობთ და სადაც ახლა ვიმალებით, ქარის ხმას გაყვა:
სახლი, რომელშიც ვერ მოვთავსდით, შვილი, რომელშიც ვერ შევერთდით და ჩვენი ომიც.

ვივახშმოთ.
მე ქვაბით ნალექიან ყავას მოვადუღებ და დავთრებს გადავშლი.
შენ შეგიძლია შენი უმწიფარი ცხოვრების სუნი აბაზანაში ჩამოირეცხო.
აბაზანა არის ვიწრო და ცივი.
აბაზანა არის ბნელი და ორისთვის სამყოფი.
აბაზანა ხანდახან არის ცხელი და ნაპირგადმოსული ჩემი ტანის ორთქლში გახვევა შეუძლია.

 

უნდა ვივახშმოთ.
მე თითებს ზამთარში შევაცურებ და ცოტა ღვინოს მოვსვამ.
შენ შეგიძლია დავთრებში ჩაიხედო.
დავთრები არის სამომავლო და ერთობლივი.
დავთრები არის საჩვენო და გეგმიური.
დავთრებში არის სიყვარულის ახსნა და მსხვერპლშეწირვა.
ყველაფერი ის, რაც დღეს შენ ჩემგან გჭირდება.
ყველაფერი ის, რაც დღეს მე შენგან შეიძლება მივიღო.

 

იქნებ, ვივახშმოთ.
ჭერიდან აღარ მოდის თოვლი.
სახურავი შეაკეთეს, ამიტომ ყინულს გიგდებ ჭიქაში.
შენ შეგიძლია პერანგიდან ამოსული ქალის თვალები ჩარგო დავთრებში,
რომელსაც მე უხმოდ ვუზივარ, აგერ უკვე მთელი წელია.
ასოებს შორის კი ბავშვები იბადებიან.
სხვისი ბავშვები,
ჩვენ რომ ვერაფრით მოგვიყვანეს თბილი ქვეყნიდან.

 

მოდი, ვიფიქროთ, რომ ტკივილი ყოვლისშემძლეა.
მე ყვრიმალებზე მივინათებ მზეებს, რომლებიც ამ ოთახში არ ანათებენ.
შენ შეგიძლია მაგიდის ქვეშ ხელი მაგრად, მაგრად მომკიდო, -
ყველა ძვალმა გაიჭრიალოს.
არ მეტკინება, ეს სიბერეა.

 

აი, ამ სახლის სამომავლო ბედისწერა – ჩემი მეგობრის ნაჩუქარი ატმის კომპოტი.
გაზზე ვაცხელებ – ცივი ალბათ არ შეიძლება, ხომ ზამთარია.
შენ ალბათ ახლა კომპიუტერს უნდა მიუჯდე
მე მითითებებს ველოდები და მაინც ვფიქრობ, როდის დადგება დღე, რომელსაც ეს ფურცლები არ დასჭირდება.
ამ კაბიდან კი გული მიჩანს, ნიშნავს – ზამთარი უნდა ჩავიცვა.

 

უნდა ვიფიქრო, როგორ მოვკვდე, როცა ადგები.
როდის მოვკვდე, როდის ჯობია.
ამიტომ დავთარს დავთარს ისე სწრაფად ვამატებ, ამიტომ საქმეს საქმეს ისე ჩუმად ვაწებებ, არ იცოდე, როდის ავდგები.

 

მაგიდა იმდენ კაცზე იქნება გაშლილი, რამდენზეც მენდომება.
იმდენზე, რამდენიც მოიცავს მაქსიმუმ ორს და მინიმუმ ცხოვრებას.

 

შენ უნდა მითხრა:
ჯერ გაიშალე, საკუთარი თავი შეარცხვინე
და მერე დაჭკნი.

 

არ მეუბნები.

ჰოდა, ვივახშმოთ.

© არილი