კრიტიკა,  რეცენზია

გიორგი ფირცხალაიშვილი – ცოტნე ცხვედიანის „მაიაკოვსკის თეატრი“

tsotne-tskhved-23

„ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს საკუთარ სიმბოლურ სამყაროში, არის მცდელობა, უარყოს და გადალახოს თავისი გროტესკული ბედი. ის პირდაპირ ეშვება თავდავიწყებაში – სოციალური თამაშებით, ფსიქოლოგიური ხრიკებით და პირადი გატაცებებით, მისი რეალური მდგომარეობისგან იმდენად შორეულით, რომ ყველაფერი ეს წარმოადგენს შეშლილობის ფორმას – შეთანხმებულ შეშლილობას, კოლექტიურ შეშლილობას, შენიღბულ და კეთილშობილ შეშლილობას, მაგრამ სწორედაც რომ შეშლილობას“.

 ჟაკ ელული „პოლიტიკური ილუზია“

ინდივიდუალიზმის ილუზია

ფსიქონალიტიკოსის და სოციალური ფილოსოფოსის, ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენლის ერიხ ფრომის აზრით, ანტიკური ტრაგედიის დანიშნულება ადამიანური არსებობის მთავარი პრობლემების წარმოჩენა იყო. მაყურებელი, რომელიც არ წარმოადგენდა მაყურებელს თანამედროვე გაგებით, ანუ მომხმარებელს, უერთდებოდა მოქმედებას და ყოველდღიურობის სფეროდან გადადიოდა ზოგადადამიანურის სფეროში, განიცდიდა რა საკუთარ ადამიანურ საზრისს. თანამედროვე კულტურაში ადამიანის ყოფიერების დრამატიზაციისაგან თითქმის აღარაფერი რჩება. ადამიანი ფაქტიურად არ გადის საკუთარი გამომუშავებული საგნებისა და გამოგონებული შეხედულებების სამყაროდან და  თავისი განაწყენებულობის ჩარჩოში რჩება.“მაიკოვსკის თეატრი“ ფრომის ამ მოსაზრების თვალსაჩინო ილუსტრირებაა.მოდერნის ეპოქის ადამიანი ცხოვრობს იმ ილუზიის მდგომარეობაში, რომელშიც ფიქრობს, რომ იცის რა სურს, მაშინ როცა მას სურს ის, რაც უნდა სურდეს გაბატონებული იდეოლოგიით ნაკარნახევი შაბლონის მიხედვით. ადამიანი ექვემდებარება არა პირდაპირ უხეშ ძალას, არამედ ანონიმურ ძალაუფლებას და იღებს ისეთ „მეს“, რომელიც არ წარმოადგენს მის არსს. და რაც უფრო მეტად აკეთებს ამას, მით უფრო დაუცველად გრძნობს თავს. შესაბამისად, სულ უფრო მეტად უწევს დაქვემდებარება.  რომანში ხშირად შევხვდებით იმ მზა სოციალურ შაბლონებს და იდენტობებს, რომელზეც ერიხ ფრომი საუბრობს და რომლებიც ინდივიდუალიზმის აღმნიშვნელებად იქცნენ. მათ უკან კი თვითობის, შინაარსის ნაცვლად იმიჯების სოციალური კაპიტალდაბანდებაა. რომანში ასეთები არიან „როცკერები“, ანარქისტები, სხვადასხვა ტიპის ელიტები, მედია, რომელიც მითებს აწარმოებს და ყიდის და ა.შ. რომანში ასახული პერსონაჟების მიხედვით, შეგვიძლია პირობითად გავმიჯნოთ ლეგიტიმური შაბლონები და შაბლონები, რომელთაც აქვთ არალეგიტიმურობის პრეტენზია, მაგრამ სისტემისთვის ისეთივე ლეგიტიმურები არიან. ლეგიტიმური შაბლონი ემთხვევა თანამედროვე მარკეტინგული კაპიტალიზმის წარმოებულ სურათხატებს წარმატების შესახებ, თანდართული ინდივიდუალიზმის ხაზგასასმელი მზა კომპონენტებით, კორპორატიული „რევოლუციონერობით“ თუ კონკურენტუნარიანი „ამბოხებებით“ ბაზარზე. შაბლონები, რომელთაც აქვთ არაფორმალობის, სისტემისგან გასულის პრეტენზიები, მაგალითად, ანარქიზმი, რომელსაც ცვლილების პოლიტიკური პრეტენზიის ნაცვლად, ანარქიზმის ვულგარული გაგება კვებავს, როგორც განსხვავებულის, და ეს ანარქიზმი სჭირდება იმდენად, რამდენადაც ამ განსხვავებულობას დააფიქსირებს საზოგადოებაში. სხვაობა მათ შორის ალბათ რაოდენობრივია და არა თვისობრივი. სწორედ ამ ტიპის ანარქისტებთან (ან შესაძლოა ზოგადად ანარქისტებთან, როგორც რეალური ცვლილებებისთვის მებრძოლ პოლიტიკურად უუნარო რომანტიკოსებთან) ურთიერთობა თუთას, რომანის მთავარი პერსონაჟის, ფრუსტრირებისა და პოლიტიკური ცნობიერების განვითარების ერთ-ერთი ფაზაა, როცა რეალობის ნაივური გაცნობიერება გადადის კრიტიკულ გაცნობიერებაში. ხოლო პირველი შემთხვევა, თუთას მეგობარი ნენეა, რომელთან ერთადაც პათეტიკურობანას თამაშობენ და ყველა იმ რევოლუციურ ფრაზას გაიძახიან, რომლისაც ოდესღაც სწამდათ, რათა თუთამ შეიძულოს ყველა ეს მოწოდება და ამ გზით შეძლოს დაძლიოს საკუთარი ნაივურობა, მეამბოხე იდეალიზმი. ნენე პოზიტივის დღესასწაულებს აწყობს და მოუწოდებს ხალხს ხშირი გაღიმებისკენ („მისმა ხელოვნურმა ღიმილმა შეცვალა გულწრფელი სიცილი, იგი განიცდის უიმედობის უსიცოცხლო გრძნობას, ნაცვლად ნამდვილი ტკივილისა“ – ერიხ ფრომი). ნენემ არ იცის, რომ ღიმილი და პოზიტივი სპონტანური და ნატურალური მდგომარეობაა. ის ბრმად იმეორებს ნეოლიბერალური მარკეტინგული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ ცენტრალურ შაბლონს მეტი ღიმილის და პოზიტივის შესახებ, ანუ მეტი სიმულირებისკენ. სიმულირება კი ნიშნავს, ნაკლებად დაუპირისპირდე რეალობას, ან მაქსიმუმ – გამომუშავებული ღიმილი დაუპირისპირო.

თუ თანამედროვეობის თვალთახედვით შევხედავთ, ფრომის კრიტიკა დღეს ალბათ უფრო რადიკალური იქნებოდა, რადგან იმ დროს ჯერ კიდევ ისახებოდა სამომხმარებლო საზოგადოების კონტურები, ხოლო იმიჯების და სამომხმარებლო ფეტიშის მაწარმოებელი პიარ- და სარეკლამო ტექნოლოგიები ისეთი განვითარებული არ იყო, როგორც დღეს. კონსუმერიზმს, ელიტარულობას, იერარქიულ სოციო-ეკონომიკურ სტრუქტურას, 60-70-იან წლებში არაერთი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა, როგორც ევროპაში ისე ა.შ.შ.-ში. ამავე სულისკვეთების პროტესტს ატარებდა როკ-ჯგუფებისა და როკ-შემსრულებლების დიდი ნაწილი, შემდგომში კი პანკი. ამ თემასთან დაკავშირებით, რომანში ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, ჯინსების თაობის მამებს გვერდიგვერდ ეკიდათ მორისონის და რეიგანის ფოტოები. შესაბამისად, არც ერთის ესმოდათ და არც მეორის, რადგან გადმოღებული იყო დასავლურობის ან უბრალოდ ანტისაბჭოურობის იმიჯები და არა შინაარსები და პროცესები.

თუთას კომიკურობა განპირობებულია არა მისი სიყალბით, არამედ სწორედ გულწრფელობა სძენს მას კომიკურობას. მათთვის, ვისთვისაც შეუმჩნეველია დომინანტური იდეოლოგიის სოციო-პოლიტიკური განპირობებულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, თავისუფალი ნების უკან ამოფარებული იეროგლიფების ამოკითხვა, მათი ფსიქოსოციალური დეტერმინანტების ზემოქმედების გააზრება, დაწყებული ბავშვობიდან, საგანმანათლებლო სისტემით, სოციო-ეკონომიკური სტრუქტურით, გაგრძელებული კულტურული სივრცით, საგნების სამომხმარებლო ფეტიშიზაციით და მთლიანობაში გარკვეული ღირებულებების წარმოებით, რომელიც ადამიანის ხატზე კონკრეტულ წარმოდგენას ქმნის, თუთას დაპირისპირება ქარის წისქვილებთან ბრძოლას დაემსგავსება, წისქვილთან, რომელსაც არ გააჩნია სისავსე და რომლის უკანაც მშვიდად და კომფორტულად იმალებიან ჩაგვრის სტრუქტურული ფორმები. ამავდროულად, თუთა იაზრებს კიდეც თავის გროტესკულობას და მთავარი პრობლემაც იმაში მდგომარეობს, რომ ეს გააზრება არაფერს ცვლის, რადგან სისტემის უზარმაზარი წისქვილის წინააღმდეგ ის ვერ ახერხებს თანამოაზრეების შემოკრებას. ჯანყისთვის კოლექტივის გაფართოების მცდელობები საბოლოოდ მარტოობამდე მიიყვანს. „თანამოაზრეებით“ იმედგაცრუებული თუთა ცდილობს, რევოლუციურ კლასთან, მუშებთან დაახლოებას, მაგრამ მათთან ადეკვატური კომუნიკაციის დამყარებას ვერ ახერხებს. აქ ადამიანური გაუცხოების მომენტს ვაწყდებით, რომელსაც ერიხ ფრომი არაერთ თავის ნაშრომში განიხილავს და ამ გაუცხოებას თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიშან-თვისებად გამოყოფს. თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომის „თავისუფლებისგან გაქცევა“ 25-ე წინასიტყვაობაში წერს, რომ ინდუსტრიული ცივილიზაციის პირობებში, მართალია, გაჩნდა გარკვეული თავისუფლებები, ინფორმაციული პლურალიზმი და ა.შ. მაგრამ კონკურენციაზე აგებულ სისტემაში ადამიანები ერთმანეთისგან გათიშულები და იზოლირებულები არიან. შესაბამისად, ნევროტულ, ფსიქიკურ აშლილობებს არამხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სოციო-ეკონომიკურ საწყისებსა და მის მიერ წარმოებულ ღირებულებებში ხედავს, რომლებიც ადამიანის თვითაღქმაზე ზემოქმედებენ. თუთა საბოლოოდ საკუთარი იზოლირებულობის ტყვეა, რომელმაც იცის ამ იზოლაციის შესახებ, მაგრამ მის მიღმა ვერ გადის და ამავდროულად განწირულია დარჩეს პაროდიულად, რადგან სივრცეში, რომელშიც ცხოვრობს „პოზიტივის დღესასწაულები“ ნაკლებ პაროდიულად აღიქმება, ვიდრე მისი წინააღმდეგობა. თუთა უარს ამბობს კულტურის მიერ შემოთავაზებულ დამამშვიდებლებზე. საბოლოოდ, მისი დესტრუქციული ძალა მიემართება არა გარეთ, სამყაროს მისამართით, არამედ შიგნით, საკუთარი თავის ნგრევისკენ. ეს თვითგამანადგურებლობა გაცნობიერებული თუ არა, სულ მცირე, ნაგრძნობია. რაც ვლინდება რომანის ბოლოსკენ, როცა თუთას სიკვდილის სხვადასხვა სცენარი იწერება. ამის შესახებ რომანის დასაწყისში ვიგებთ, მაგრამ რომანის დასასრული, რომელიც თითქოს უბრუნდება დასაწყისს, ახლებურად გვაკითხებს ამ სცენარების მნიშვნელობას. ამ თავს ერიხ ფრომის ციტატით დავასრულებ: ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენზე არ ახდენს ზეწოლას გარე ძალა, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ გამოვხატოთ ჩვენი აზრები და გრძნობები, და დარწმუნებული ვართ რომ ეს თავისუფლება ავტომატურად უზრუნველყოფს ინდივიდუალობის გამოვლენას. მაგრამ უფლებას გამოხატო საკუთარი თავი, მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ჩვენ შეგვიძლია გაგვაჩნდეს საკუთარი აზრები“.

მუნჯი მეტყველება

ფრანგი ფილოსოფოსი ჟაკ რანსიერი ნაშრომში „არაცნობიერის ესთეტიკა“, აღნიშნავს, რომ ფსიქოანალიტიკური თეორიის საშუალებით, იმაშიც კი, რაც არ შედის კლინიკურ ტერიტორიაზე, თავისთავად შეიძლება აღმოვაჩინოთ აზრის არაცნობიერი მოდუსი, ხოლო ხელოვნების ნაწარმოებთა ტერიტორია არის სივრცე, რომელშიც ამგვარი არაცნობიერი განსაკუთრებით მნიშვნელობს. შემოქმედება ფსიქიკის სიღრმისეული მოთხოვნილებაა. ცხოვრებაში აღგზნება მხოლოდ მცირედი ნაწილით ხორციელდება. ის წარმოიქმნება ნერვულ სისტემაში და შესაძლებლობისა და განხორციელებულის, პოტენციურისა და რეალურის ნაშთია. რომანში „მაიაკოვსკის თეატრი“ მთავარი პერსონაჟის – თუთას რამდენიმე ზღაპარს, ერთ ლექსს და ვლადიმერ მაიაკოვსკის პიესის „მისტერია ბუფის“ ადაპტირებული ვერსიის მცირედ ნაწილს შევხვდებით. ფსიქოანალიზის ერთ-ერთი ცენტრალური დებულების თანახმად, ადამიანი არის არა მხოლოდ ის, რასაც ვერბალურად და ქცევით გამოხატავს, არამედ ისიც, რასაც არ ამბობს და მოქმედებაში არ ახორციელებს. ანუ რასაც არ ახმოვანებს საკუთარი თავის შესახებ. ამ შემთხვევაში იგულისხმება არაცნობიერი და არა აზრები ან ქცევები, რომელთა გამოხატვისგან ადამიანი გაცნობიერებულად იკავებს თავს. ამგვარად, თუთას მხატვრული ტექსტების მეშვეობით შეგვიძლია მოვიხელთოთ ის, რაც რომანის ჩვეულებრივ ნარატიულ თხრობაში არ ჩანს. ამ თავის მცდელობაა, წავიკითხოთ ავტორი თუთა რომანში გაშლილ მის ბიოგრაფიულ პერიპეტიებთან სინთეზში და არა ავტორი ცოტნე ცხვედიანი, როგორც ორივე ტექსტის შემოქმედი.

თანამედროვე ფსიქიატრიის პოზიციებიდან, თუთას განვლილი გზა შეიძლება შეფასდეს, როგორც გზა მცირე ფსიქიკური აშლილობიდან კლინიკურ შედეგამდე, რომელშიც არც ადრეულ ასაკში და არც შემდგომ არ მომხდარა პროფესიული ჩარევა. ამავე პროფესიული პერსპექტივიდან, თუთა თეატრს, როგორც პოტენციური პაციენტი, ისე მიმართავს და არა როგორც ხელოვანი. არტთერაპია თეატრის გზით ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდია ფსიქოთერაპიაში. რომანის ეს ეპიზოდი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც სუბლიმაციის კულტურული ფორმა, არარეალიზებული ქცევითი ტენდენციების მორალური და ემოციური კონფლიქტებისგან „განწმენდის“ იდეალური საშუალება. თუმცა ამგვარი ვიწრო პროფესიული წაკითხვა გამოგვატოვებინებს თუთას რეფლექსიას სამყაროზე, მის აღქმას და ანტაგონიზმს მჩაგვრელ სისტემურობასთან და მის ჩართულობას თეატრში მხოლოდ თერაპიულ აუცილებლობად განგვიმარტავს.

თუთას ერთ-ერთ ზღაპარში თხუნელა წყლის ვირთხას, რომელსაც წყალში ჩასვლის ეშინია, ცურვას ასწავლის. თხუნელა წყალში ჩავა და იქედან აღარ ამოდის. ელოდება წყლის ვირთხას, მაგრამ წყლის ვირთხა უყურებს მას და მაინც ვერ ბედავს წყალში ჩასვლას. გადის წლები, თხუნელა კი კვლავაც აგრძელებს საჩვენებელ ცურვას, მაგრამ წყლის ვირთხა ხანდახან თუ გახედავს მას. ერთხელაც წყლის ვირთხა თხუნელას წყალში ვეღარ დაინახავს და შეშინებული შევარდება შიგნით. ასე სრულდება ამბავი. რას გვეუბნება თუთას ზღაპარი „წყლის ვირთხაზე და თხუნელაზე“ თავად თუთას შესახებ? ამ შემთხვევაში ზღაპრის იდეა საინტერესოა იმდენად, რამდენაც შეუძლია ჩაუღრმავდეს თავად ზღაპრის ავტორს. ეს ზღაპარი არაფერს ისეთს, ახალს არ ამბობს თუთაზე, რასაც თავად რომანი შემდგომში არ გვეტყვის. უბრალოდ, წინ უსწრებს მოვლენათა ქრონოლოგიას. იმას, რაც ჯერ არ მომხდარა, მაგრამ აუცილებლად მოხდება, რადგან თუთას თავისი ფსიქიკური პროდუქტის სიმბოლური პრინციპი გადააქვს ცხოვრებაში. მანამ აგრძელებს ცურვას, სანამ ზღვის ჰორიზონტი ან ზღვისავე ფსკერი არ შთანთქავს მას. ის მანამდე იცურებს, სანამ წყლის ვირთხა ცურვას არ ისწავლის, სანამ არ დაძლევს წყლის შიშს, ხმელეთზე მშვიდად მოძრაობის კომფორტს. თუთას ცხოვრებაც მისავე დაწერილ ტექსტს მიჰყვება კვალდაკვალ, მის ფუნდამენტურ ხაზს, თუმცა ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ფინალის მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია, თუთას გაუჩინარებამდე ცურვას მოჰყვება თუარა ის სასურველი დასასრული, რომელიც ზღაპარშია? ალბათ არა. ვირთხა ვერ გაბედავს ცურვას (ვინ არის წყლის ვირთხა? ცოტნე ცხვედიანისთვის წყლის ვირთხა შესაძლოა მკითხველია. თუთასთვის კი ვირთხა მისი ძმაა). თუმცა ეს არ გამორიცხავს თავად ცურვის სწავლის შესაძლებლობას. ოპტიმიზმი, რომელიც ახლავს თუთას ზღაპარს, არ ახლავს რეალობას, რომელშიც ის ხანგრძლივი დაუბანლობით და განმეორებადი სუიციდური პრელუდიებით თავისივე დაწერილი ზღაპრის მეტაფორას ემსგავსება, ხავსმოდებულ თხუნელას, რომელიც მაინც აგრძელებს ცურვას და ამ ცურვაში ტრაგიკულსა და პაროდიულს შორის მონაცვლეობს. ეს ის შემთხვევაა, როცა ფანტაზია საკუთარ ჭეშმარიტებას ახორციელებს ჯერ ესთეტიკურ სფეროში და შემდეგ ცხოვრებაში.

თუთას პროტესტი გაბატონებული წესრიგის წინააღმდეგ იწყება ჯერ კულტურულად, მისი თანმდევი დაპირისპირებით მამასთან, როგორც პატრიარქალური სისტემის ცენტრალურ ფიგურასთან, და გრძელდება ჩაგვრის სოციო-ეკონომიკური ასპექტების გააზრებით. ანუ მისი ჯანყი ლოკალური სივრციდან – ოჯახი – გადაიზრდება მთლიან საზოგადოებრივად. კულტურული დაპირისპირება იძენს პოლიტიკურ დატვირთვას, ცვლილების არამხოლოდ კულტურულ, არამედ პოლიტიკურ პრეტენზიას. თუ თუთასეული ვერსია „იკაროსის მითისა“ ერთ-ერთ თემად მამასთან დაპირისპირების, შვილის, როგორც ალტერნატიული, ახალი გზის მაძიებლის საკითხს წამოჭრის (მამისადმი მიმართებას შემდგომში მისი ძმა განსხვავებულად იაზრებს და ცდილობს დაინახოს ის გარემო-მნიშვნელები, რამაც მამა აქცია „მამად“) და უფრო ადვილად წასაკითხი ფსიქიკური პროცესის სახე აქვს. ლექსი „ჰელიოგაბალუს“, რომელიც პრეზიდენტის სახით ნებისმიერი ტიპის ძალაუფლების მპყრობელზე განზოგადდება, უფრო საინტერესო ფსიქიკური პროცესის შედეგია. თუთას ღამღამობით პრეზიდენტი ესიზმრება და სთხოვს, მის სექსუალურ ობიექტად იქცეს, ამგვარად კი ძალაუფლებისგან განიარაღდეს. ამ სიზმრების შემდეგ იწერება თუთას ზემოხსნებული ლექსი, სადაც პრეზიდენტს მოუწოდებს, მიეცეს ყველა ღარიბსა და ღატაკს, ქალსა და კაცს, რათა ჰელიოგაბალუსივით, რომის იმპერატორივით, გაუთანაბრდეს თავის ხალხს და ამ ეროტიკული ჟესტით უარყოს საკუთარი ძალაუფლება და ლტოლვა მისადმი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჰელიოგაბალუსის შესახებ თუთას ჯერ კიდევ სიზმრებამდე ამოეკითხა ან მოესმინა სადღაც. თუ რომანის თეატრალურ თემას შევყვებით, გამორიცხული არაა, ანტონენ არტოს წიგნი „ჰელიოგაბალუსიც“ წაეკითხა და ეს ერთგვარი ალუზიაც იყოს. ამ ინფორმაციას და თუთას სურვილს კი არაცნობიერი საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ გადათარგმნის და აქ ალბათ საბოლოოდ მყარდება ძალაუფლების მპყრობელის მისეული იდეალი, რომელსაც შემდგომში მხატვრული პროდუქტის სახე მიეცემა. მნიშვნელობა არ აქვს, მხატვრულად ღირებულის თუ არა, ეს პერსონაჟის ღრმა და რთული, როგორც კოგნიტური ისე ემოციური ფსიქიკური ჯაჭვია. რომანის, ისევე როგორც თუთას, დასასრული კონცეპტუალურად ეკვრის ამ თემას, რადგან თუთა საბოლოოდ პრეზიდენტის ცხვირზე ამოსულ წყლულად იქცევა. წყლული ერთი მხრივ, თავად ამ პერსონაჟის მეტაფორაა, ხოლო მეორე მხრივ, მისი შესაძლებლობის ნიშნული, მაქსიმუმი, რადგან რაც მას ამ საზოგადოებრივ სივრცეში შეუძლია გააკეთოს, ესაა – წყლული გაუჩინოს ძალაუფლების მფლობელს.

რომანში კიდევ ერთი ზღაპარია, მფრინავ ფეხსაცმელებზე, რომლის ინტერპრეტირებისგანაც თავს შეგნებულად შევიკავებ. ამ შემთხვევაში ასოციაციური ბმები წარმოსახვითობასა და როგორც ზღაპრამდელ, ისე ზღაპრისშემდგომ რეალობას შორის საკმაოდ ბევრია და ინტერპრეტირების უფრო ფართო ველიც აქვთ, ხოლო მეორე მხრივ, დატვირთულია ღია ალუზიებით. ვიღაცას „ზეცის ფსკერის“ მობინადრეთა ტრაპეზმა თუთას მამის რესტორანში, შესაძლოა, ლუის ბუნუელის „ვირიდიანას“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაახსენოს, რომელიც თავის მხრივ ალუზიაა ბიბლიურ პასაჟზე, ხოლო თუთაში არშემდგარი ქრისტე დალანდოს, რომელსაც სიკეთის ან გმირობების კეთება ნერვულ აკვიატებაში აქვს გადაზრდილი, ხოლო მის მოწამეობრივ სწრაფვაში ნარცისი იმალება.

© არილი

Facebook Comments Box