სერიაში „ლიტოდისეა“ მალე გამოიცემა კიდევ ერთი ახალი ავტორის, კრელ კიგანის წიგნი. ირლანდიელი მწერალი კლერ კიგანი 1968 წელს ირლანდიაში დაიბადა, დიდ ოჯახში. 17 წლის ასაკში სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა, ირლანდიაში კი 1992 წელს დაბრუნდა. კიგანის პირველი წიგნი, მოთხრობების კრებული „ანტარქტიდა“ 1999 წელს გამოიცა და უილიამ ტრევორის სახელობის ჯილდო მიიღო. „ასეთი წვრილმანები“ კი, რომელსაც მალე ქართულად წავიკითხავთ, ავტორის რიგით მეოთხე წიგნია, 2021 წლის მიწურულს გამოცემული და ორუელის პრიზით (პოლიტიკური ფიქციისთვის) დაჯილდოებული. გარდა ამისა, ეს წიგნი 2022 წელს ბუკერის პრემიის მოკლე სიაშიც მოხვდა და იქცა ყველაზე პატარა წიგნად, რომელიც ოდესმე დასახელებულა ბუკერის ნომინანტებს შორის.
კიგანის წიგნები 30 ენაზეა თარგმნილი და მათ ხშირად ადარებენ მარგალიტებს. რადგან, ერთი მხრივ, ავტორი იშვიათად გამოსცემს წიგნებს (22 წლის განმავლობაში მხოლოდ ოთხი წიგნი გამოსცა) და რასაც გამოსცემს, ყოველთვის განსაკუთრებით ძვირფასი და ღირებულია.
„1985 წელია. პატარა ირლანდიური ქალაქი შობის აღნიშვნისათვის ემზადება. დიდი ოჯახის პატრონს, ხუთი ქალიშვილის მამას, ნახშირით მოვაჭრე ბილ ფერლონგს აუარებელი საქმე აქვს – მისთვის ეს ყველაზე დატვირთული სეზონია. დილაადრიან, როცა ის შეკვეთილ საწვავს აბარებს ადგილობრივ ქალთა მონასტერს, ბილი აკეთებს აღმოჩენას, რომელიც მას აიძულებს, დაუპირისპირდეს თავის წარსულსაც და, რაც მთავარია, საყოველთაო მდუმარებას ქალაქში, რომელსაც ადგილობრივი ეკლესია აკონტროლებს.“ – ასეთია რომანის სიუჟეტი. თავად ავტორი კი მას ასე ახასიათებს: „ვფიქრობ, ეს არის ამბავი იმ კაცის შესახებ, რომელსაც ხუთი ქალიშვილი ჰყავს, დაქორწინებულია, შესაძლოა, მეტისმეტად ბევრს მუშაობს და, შეიძლება, რაღაც სახის შუახნის კრიზისის წინაშეც დგას. ვფიქრობ, ესაა ამბავი კაცზე, რომელიც ახალგაზრდობისას შეყვარებული იყო და ვიღაცისგან იმავე ტიპის სიყვარულის შემოთავაზებას წინააღმდეგობას ვერ უწევს. და ეს, ალბათ, თვითგანადგურებას ჰგავს. მგონია, რომ ეს სასიყვარულო ისტორიაა. არ არის რომანტიკული სასიყვარულო ამბავი, მაგრამ არის ამბავი სიყვარულის შესახებ.“
როგორც უკვე ვახსენეთ, წიგნი ძალიან პატარაა, რაც, როგორც აღმოჩნდა, მთავარი გმირის დამსახურებაა. კლერ კიგანი ამბობს, რომ ბილ ფერლონგი ისეთი კაცია, რომელსაც ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და ვრცელი თხრობა მისი ხასიათისთვის შეუსაბამო იქნებოდა. ამიტომაც ვერ დაწერდა უფრო დიდ რომანს და იძულებული იყო, გაეთვალისწინებინა თავისი პერსონაჟის ბუნება, ესე იგი, ყოფილიყო მაქსიმალურად ზუსტი და მოკლედ მოეთხრო ის, რის შესახებაც წერა უნდოდა. მიუხედავად ამისა, პერსონაჟი საკმაოდ კომპლექსურია.
რომანისთვის გადამწყვეტი იყო სწორი დროის შერჩევაც, რადგან თუკი სხვა დროს განვითარდებოდა მოქმედება, არ ექნებოდა იმ საზოგადოების კრიტიკის საშუალება, რომელიც მისმა თაობამ შექმნა. ესაა საზოგადოება, რომელიც შიშით, მიზოგინიით, გაუბედაობითა და სიჩუმით არის სავსე. სწორედ ამიტომ გვახსენებს ეს წიგნი, რა მნიშვნელობა აქვს გაბედულებასა და წინააღმდეგობის გაწევის ძალას. რომანი ერთდროულად საზოგადოებისა და ამ საზოგადოების პირისპირ აღმოჩენილი ინდივიდის შესახებაა და ისეა დაწერილი, რომ თითოეულ სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რომანის მთლიანი სხეულის ფუნქციონირებისთვის.
უნდა ითქვას, რომ კრიტიკოსებმა „ასეთი წვრილმანები“ კარგად მიიღეს: მიუხედავად იმისა, რომ ამბავი გამოგონილია, რიგითი ადამიანის სიჩუმისა და დამახინჯებული ინსტიტუტების შეხვედრის ავთენტური სცენარია გადმოცემული. ავთენტური განსაკუთრებით მათთვისაა, ვინც იმ პერიოდის ირლანდიაში ცხოვრობდა, აღნიშნავენ ისინი. The Irish times-ში გამოქვეყნებულ რეცენზიაში კი ვკითხულობთ, რომ „ასეთი წვრილმანები“ საშუალებას გვაძლევს, ირლანდიის კოლექტიური ისტორიის საშინელი პერიოდი ახალი და განსხვავებული პერსპექტივიდან დავინახოთ, მაქსიმალურად გვაახლოებს მთავარი პერსონაჟის გამოცდილებასთან და გვახსენებს ფოლკნერის სიტყვებს, რომ კარგი ფიქცია უფრო მართალია, ვიდრე ფაქტები.
© არილი