ლელა სამნიაშვილი – როგორ ჭამდა ლექსი ადამიანს და სხვ. ლექსები

lela samniaSvili-33

როგორ ჭამდა ლექსი ადამიანს

მე ვნახე, როგორ ჭამდა ლექსი ადამიანს.

და ამაში არ ყავდა ბადალი.

არც რომელიმე მტაცებელი ბასრი კლანჭებით,

არც მიწა, შავი ჰერბარიუმით,

კვების ყველაზე ზუსტი რეჟიმით,

მინარევებით, ფესვებით და მწერებით ძვალსაც რომ მოინელებს;

არც სიყვარული, როგორც დაკლული პირუტყვიდან ამოცლილი გულის ფორმის ჭეშმარიტება -

სიმეტრიასთან რომ არა აქვს რამე კავშირი;

ერთად ყოფნის ღამეებშიც ჭერს მიშტერება -

თავის ქალას რომ აგხდის, სახლის სახურავსაც, ოზონსაც და მთელ სამყაროს, ვარსკვლავებიანს,

თითქოს არც კარი, არც მკლავები აქვს

სხეულს, სხვა სხეულს რომ ჩაეჭიდოს,

არც სიბერე – თითქოს კანი გათავისუფლებს -

აღარ არის ისეთი მჭიდრო,

სიცოცხლე კი ყირავდება შუა გზაზე -

ქვიშის წამზომი, რომ არა აქვს წაღმა-უკუღმა,

ყოველ ჯერზე თითო სევდიან ბორცვს რომ აშენებს

ბლაგვი მწვერვალით

(ბოლო მარცვალი ერთი წამით მაინც ბრწყინავდეს,

იყოს რაღაც, ლოდინის ღირსი),

ის პირველი ეცემა ფსკერზე,

რომ ზედ სხვა ბორცვი დაიშენოს;

არც რამე ნელი სნეულება,

მოძრაობის უფლებას რომ თანდათან გართმევს

და გშორდება შენი სხეული,

და გარშემო – რამდენიმე თავის კანტური -

თითქოს მთელი შენი ძალა მათ რხევაში კონცენტრირდება;

არც რომელიმე ძალაუფლება – ცემენტით სავსე

შავი ტომარა, გარედან რომ ამჩნევია იდაყვები,

ნამუხლარები, თითქოს ვიღაცამ მოათრია,

წელში გაწყდა, გზაზე დატოვა,

და თავის თავს ძვრასაც ვერ უზამს.

ლექსი კი ისე ნაზად ჭამდა, ისე ფაქიზად,

ჯერ გარშემო უტრიალებდა – ჩურჩულებდა -

გრძნობ? გტკივა? – წერე!

ის კი იდგა დაბნეული, არ იცოდა, რა უნდა ეგრძნო,

რა სტკენოდა, რაზე ეწერა

და ყველაფერს დაეძებდა, რაც იყო ბასრი -

ირონია, არაყი, თოვლი,

სილის გაწვნა, სამართებელი,

ყველა ამბავი, საიდანაც სისხლი გაჟონავს,

ან ცრემლის წვეთი, ან სიცილი ისტერიული.

და გრძნობდა, წერდა,

მერე უკვე ვეღარც გრძნობდა და მაინც წერდა,

და რაც არ იყო წერისათვის

საკმარისად მჭრელი, ნამდვილი,

სულყველაფერს მრავალისმთქმელად შეუკურთხებდა -

ადამიანებს, დროს, სიბერეს, მიწას, სიყვარულს,

საკუთარ თავს. საკუთარ თავს – ყველაზე მეტად.

პოსტმოდერნული გოთიკა

რა აქვს ცხოვრებას დასაწუნი -
ის ხომ მუქთაა -
ყველა სწავლება ამას ღაღადებს.
ჩვენ კი ვწუწუნებთ, ვაპროტესტებთ,
ვითხოვთ, ვამუქებთ.
თან, გამოგონილ გადასახადებს
ვაწესებთ. ტკივილს ვატრაგიკულებთ
როცა სიკვდილიც ასე მუქთაა.
ის – გოთიკური რიკულია -
მცირე დეტალი,
ის – ტყუილებით სავსე გუდაა.
გიჩხვლეტს და უცებ – აღარ არის.
სისხლის მარტივი
აღება – თითის ბალიშიდან,
თუნდაც – ვენიდან.
ანგელოზები ლამაზ თავებს აკანტურებენ,
გვიშხაპუნებენ ირონიას – უკვდავებიდან.

ჰარდ დრაივ ინსპექტორი

როგორ იტყუება სამყარო
ამ თავისი სიმეტრიით.
თითქოს ყველაფერს ქონდეს ადგილი
დასაწყისი და დასასრული.
წყვილი ხელი, ფეხი, თვალები
და ტუჩები – მოძრავი ორმო
საიდანაც ამოდის ხმები
უცხო ქვესკნელის.
იკუმება თუ არა, თავის ადგილზეა -
ლოგიკურ წერტილში.
თითქოს ფარგლით საგანგებოდ შემოგვიხაზეს.
ყვრიმალებს შორისაც – ზუსტი დისტანციით
ცხვირი, რომლითაც სამყაროს ყნოსავ.
სიტკბოებისგან ხუჭავ თვალებს,
ან მთელ ტანში გცრის.
მაგრამ რას არყევს ეს სურნელი?
რა არსებაა -
ბუშტივით კრიალა ახალშობილი.
დრო სულს უბერავს.
ზრდის შესაძლო წერტილამდე.
ჩონჩხის მწვერვალს ვერსად გასცდება.
სრულწლოვანი -
თითქოს წყალში გაუშვეს გემი.
დაცურავს სამყაროს თავზე
და არაფერი იცის არც სიღრმის,
არც გემბანით გადასაზიდი ტვირთის შესახებ.
მას არ ეკუთვნის საკუთარი დაბადება
და არც სიკვდილი.
სიცოცხლე კი ცარიელი სუნთქვითაც იოლად ივსება.
კამერა – სივრცეს მიშტერებული.
სიუჟეტის გარეშეც იწერს.
თავიდან თითქოს კარგად ერთობი.
გიყვარდება. წუხარ, როდესაც აღმოაჩენ,
რომ ყველა კადრს გასდევს წამზომი.
კომპაქტური სკივრი -
დღეებით გამოტენილი.
როცა პირთამდეა, ხურავენ.
სხვა სკივრში დებენ.
კიდევ სხვა სკივრში.
მიწა კი არასდროს არის მსუბუქი.
მთელი ძალით აწვება. ტკეპნის.
თითქოს ჰარდ დრაივ ინსპექტორია -
საგულდაგულოდ ამოწმებს ჩანაწერს,
გადაბეჭდავს თვალით უხილავ ნაწილაკებში.
და მერე სად არის სიმეტრია?
ეს ყველაზე დიდი ტყუილი.
ამ აბსურდულ სქემაზე სად შეიძლება იპოვო თავი?
ყველა წერტილში სამყაროს ცენტრია.
ყველა წერტილი, ზუსტად ჩვენსავით,
არსებობას თავის გარშემო აპროწიალებს.

 

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, ბარი

წმინდა ნიკოლოზ,

დაიფარე სიყვარული ემიგრანტი ქალის,

და შინ დარჩენილი ქმრის, შვილების და მოხუცების,

ვიდრე სხვის მოხუცს მოთმინებით ბანს დამჭკნარ ფეხებს -

სავარძლიდან იატაკისკენ ცხოვრებასავით ასე უმწეოდ ჩამოკიდებულს,

და იმეორებს უცხო ენაზე ჩაბეჭდილ სიტყვებს -

უცვლელ კოდს მისი აქაური არსებობისა,

მადლიერებით, ყოველ საღამოს.

მან მიამბო თავის დღეებზე, მარტოობაზე

და თქვა, სულ ახსოვს, რომ ამ ქალაქში ინახება შენი ნეშტი

და ამიტომ მსუბუქია მისი ხვედრი

სხვა ქალაქებში მოხვედრილებთან შედარებით, ცოტათი მაინც.

კვირაობით შეუძლია მოსვლა ტაძარში,

შენს წმინდა ძვლებთან შორიახლოს ტრიალი, ლოცვა,

სასანთლეების წმენდა მტვრისაგან

და ფიქრი თავის სიყვარულზე,

მგალობლების გუნდის მოსმენა,

რომ მღერიან გადარჩენაზე,

გადიდებენ თეთრთმიან მოხუცს,

სიყვარულის კეთილ შემწეს,

მოგზაურთა და დევნილთა მფარველს,

თვითონ მოგზაურს,

ასე შორს რომ დაგრჩა სამშობლო.

წლების გასწვრივ უხვად ჟონავს წმინდა ზეთი,

ფლაკონები ერთმანეთის მიყოლებით

ივსება და ლაგდება ტაძრის სუვენირების მაღაზიაში.

მათ აგზავნიან სამშობლოში,

ტურისტების და იღბლიანი მგზავრების ხელით,

ისე შორს, რომ გასაკვირი არ იქნება,

სასწაულის ამბავი თუკი ვერც ჩამოაღწევს.

სკეპტიკოსი მნახველი ფიქრობს,

რომ ეს ზეთი მხოლოდ ზეთია.

მისი ცოდვები, სნეულებები

ამ იმედებს არ იკარებენ.

ზუსტად იცის, რომ სჭირს რაღაც მოურჩენელი,

რაც დრომ დამართა,

და დრომ იცის თავისი საქმის.

ადგილობრივი გამომცემელიც ბევრს ფიქრობს შენზე.

ფიქრობს – შენდამი მოძღვნილ ლექსებს,

თუკი შეკრებს, ერთად დაბეჭდავს, – არ იზარალებს.

ალბათ ისინიც მრავალ ხმაში წაიკითხება.

მე კი, რომელიც შემთხვევითი ამბებით მოვხვდი

შენს ტაძარში, და ამ ქალაქში ვარ სულ ორი დღით,

ვფიქრობ, რომ ალბათ სიცოცხლეში ყველას უსმენდი,

ყველასთვის გქონდა თავშესაფარი.

ამიტომაც ვერ შეგელია ხალხი, მათ მიღმა დრო და სისტემა,

კომერციის და მუზების ღმერთი.

და კიდევ მიღმა – ადამიანი – მთელი თავისი მხოლობითობით.

და ვინ იცის, სად მიდიან ჩვენი ხმები,

ამ სამყაროში რა მანძილზე ძლებს ერთი ბგერა,

სმენას როდის ჩაეჭიდება.

წმინდა ნიკოლოზ,

დაიფარე სიყვარული ამდენნაირი,

ამდენი გზით შემოსული შენს ტაძარში,

ამდენი გზით რომ მიეშურება.

 

გზის სონეტი

ეს სამად სამი უტყუარი განზომილება -

წმინდა სამება – არსებობის ვრცელი ხედებით -

სიგრძის, სიგანის და სიმაღლის გარნიზონებით,

რომელშიც ასე საიმედოდ ჩაიკეტები -

გამძლე ციხეა. ყველაფერი ემორჩილება -

ნაგებობები, სხეულები, ცოცხლები, მკვდრები,

მთები, ღრუბლები, პლანეტები, ქვები, ჩრდილები,

სახეობები, თაობები და კიდევ მეტი

ფორმა, ვიდრე თვალს დაუნახავს, გაფაციცებულს,

ცხვირწინ ფრიალი უთვალავი ფერის, ჭრილობის,

სურვილი უფრო ფართო ხედის, უფრო ციცაბო

წერტილის, და გზა, რომ უყურებ, როგორც კინოფილმს,

სულ რომ გაურბის სისწრაფეში კადრს და სიუჟეტს,

რომ გადაადნობს სამს – ერთ წრფეში, თუკი მიუშვებ.

© არილი