ლელა სამნიაშვილი – ქებათაქება დემოკრატიას და სხვ. ლექსები

lela samniashvili

ქებათაქება დემოკრატიას

რა გადაფარავს ჯამბაზის ქარიზმას,
ფერუმარილს და პარიკს რომ აისხამს,
პირზე რომ გაწელავს ღიმილს.

მან იცის, რა უნდათ ბავშვებს და მოზრდილებს,
დარბაზში ამდენი პარკით რომ მოზიდეს
ჩიპსი და მიწისთხილი.

ჯამბაზის გარეშე სპექტაკლი არა ღირს,
არცერთი ტრიუკი, არცერთი მალაყი
და ათასნაირი რისკი.

ყველაზე მდაბალი, ყველაზე მაღალი,
ორჩოფეხებზე შემდგარი ამაყად -
ჯამბაზი მეფეა ცირკის.

ველური მხეცების პირქუში მწრთვნელები,
ილუზიონისტის მოქნილი ხელები -
ემორჩილებიან ჯამბაზს.

ზოგს ეს აბრაზებს,
ერჩიან ჯამბაზებს,
მაგრამ ასე სურს დარბაზს.

ტრაგედიები მოსაბეზრებელი -
ანგელოზებით და ბელზებელებით -
წუთშესვენებას იწყებს.

ჯამბაზი არაფრად დაგიდევთ წესებს
და ერთი ბორბლით ტრიალებს წრეზე
და აბურთავებს სიტყვებს.

არ ვიცით, ვინ არის ცირკის დირექტორი,
ან გამნათებელი, ან კიდევ დიქტორი.
ცირკმა ჩაყლაპოს ისინი.

კარგახანია შევთანხმდით ამაზე,
მთავარი არის კარგი ჯამბაზი,
რომ გაცინებს და იცინის.

მას შეუძლია გაწითლდეს სირცხვილით,
გალურჯდეს რისხვისგან და მაინც იცინოს.
ამიტომ, დიდება ჯამბაზს!

მოკლედ, რა თქმა უნდა, ზოგს ეს აბრაზებს
და რა თქმა უნდა, ერჩიან ჯამბაზებს,
მაგრამ ასე სურს დარბაზს.

პატარა კერძო სამოთხეებში

“დედამიწა გასკდა,
როცა კვირიონს თოფი ესროლეს” -
თქვა ჩემმა შვილმა შემოდგომის მწიფე შუადღეს,
როცა სოფელში, მსხმოიარე ბაღში მოკლული
ლურჯი ხავერდის ფრინველი ნახა.

გვერდგამოჭმული ლეღვები ტოტზე -
პირდაღებულ ბაყაყებს გავდნენ.
დაკარგვოდათ მთელი სიტკბო,
ნიშნისმოგებით ყიყინებდნენ აბეზარ ხმაზე.

მებაღე ხომ მართალია ამ შემთხვევაში -
ის რგავს, ის რწყავს, მოთმინებით ის ელოდება,
როდის ჩადგება გულებში წვენი,
როდის ჩადნება კანში შაქარი.
ამიტომ პირის დაკარებაც არის მხოლოდ
მისი უფლება. თოფის გასროლაც -
ამ უფლების დამოწმებაა.

ბეღურები, შოშიები, კვირიონები -
ეს ლამაზი, საძაგელი უსაქმურები,
წესრიგს რომ მაინც ვერ მიეჩვივნენ -
იყენებენ ფრთების ზღაპრულ პრივილეგიას -
დაფრინავენ თავის ნებაზე,
არ იციან ტყუილ-მართალი,

პირველყოფილი უმანკოებით
უნაკვეთებო ცის ბაღიდან ესხმიან მიწას,
ოქროსფერ მარცვლებს უნისკარტებენ,
შემოდგომის პატარა კერძო სამოთხეებში -
თითქოს მათთვის გაფენილიყოს
აგარაკები ტკბილი ნაყოფით.

დიახ, მებაღე მართალია,
მაგრამ ბავშვიც არის მართალი,
როცა მკვდარ ფრინველს პირველად ხედავს,
მას კი ლურჯ ყელზე უთვალავი ფერი გადასდის
და მკვდარიც ისე ლამაზია, თითქოს, სამყაროს,
ყველაზე დიდი მონდომებით ის შეექმნას
ბაღისა და მებაღის მიღმა.

* * *

ცალკე – ნაჭუჭი, ცალკე – უღელი -
ამ გულიანსაც წლები გამოხრავს.
სადღაც გრძელდება აუღელვებლად -
სულების, როგორც სპირტის გამოხდა.
სამყაროს ქვაბი. მუცლების გვრემა.
სუნზე ჭინკების წრე შეიკვრება.
კმაყოფილები იტყვიან – გემო
წელს შარშანდელზე მწარე ექნება.

დილის სონეტი

ჰორიზონტიდან გამოვძვერი საღსალამათი,
კანისქვეშეთი დილის ხმებმა ოდნავ გაკაწრეს,
დღემ ძველებურად მიუშვირა სახეს სანათი,
თხელმა ქუთუთომ გადაწია მძიმე საკაცე
ძვლების. და ისევ გამოვძვერი, თავი წავართვი
უძვლო სამყაროს – გონებაში გაშლილს, გაფენილს.
დამხვდა სახელი და სხეული და მისამართი,
ძვირფასი სახე რამდენიმე და ყველაფერი
რაც წუხელ ძილმა გადაფარა. ავტომატურად -
თვალის გახელა, წამოდგომა, საათის ბრტყელი
მონოლოგი და ყავის გემო არომატული,
გრძნობა, რომ ცხვირწინ ხელუხლები, ახალი დღეა.
და თვალის ფანქრის მკვეთრი ხაზი – სარკის გადაღმა.
ხელის ოდნავი გატოკება. ცხადის გადღაბნა.

© არილი