პოეზია (თარგმანი)

რობერტ ჰასი – მუსიკად ქცევა და სხვ. ლექსები

Robert_Hass tert

ინგლისურიდან თარგმნა ზვიად რატიანმა

რობერტ ჰასი, ამერიკელი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი. დაიბადა 1941 წელს. შვიდი პოეტური კრებულის ავტორი. უილიამ კარლოს უილიამსის, პულიტცერის, უოლეს სტივენსისა და ბოლინგენის პრემიების ლაურეატი. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების პოეტი ლაურეატი 1995-1997 წლებში.

მუსიკად ქცევა

იქნებ დაწერო ლექსი მადლზე.

 

როცა დაინგრა ყველაფერი, რაც დაინგრა,

და ყველაფერი, რაც მოკვდა, მოკვდა,

როცა კაცმა სიბრალულით გააპარა თვალი სარკისკენ,

ხოლო ქალმა თვალი მშვიდად გაუსწორა ახალ ნაოჭებს

და სათითაოდ შეისწავლა, როცა ტკივილი,

რომელსაც დიდხანს ემსახურნენ და ეგონათ,

ნიშნად მადლიერებისა, დაეხსნებოდათ,

მიყუჩდა, მაგრამ არ გამქრალა,

და როცა შეძლეს დაფიქრება, მშვიდად და დისტანცირებულად,

დანარჩენ ადამიანებზე, მათ ცხოვრებაზე,

მათ სიყვარულ-არსიყვარულზე, მიზეზებზე, ჩვევებზე, შიშებზე

და იმაზეც, რომ საკუთარი თავის სიყვარული

სარეველაა, გარეული მოყვავილე გრძნობების ბაღში,

რომელსაც ასე რუდუნებით უვლიდნენ და ეჭიდებოდნენ

მთელი ცხოვრება, და დარწმუნდნენ, რომ ვერავინ –

გარდა თავისი სიმუნჯით და სიღატაკით

გაბრუებული წმინდანების – გაექცევა მის უწყვეტ და თანმიმდევრულ

ძალადობას მომავალზე, სწორედ მაშინ აღმოცენდა მათში რაღაც –

მსგავსი მუსიკის თუ სინათლის: ეს იყო მადლი.

 

აი მეგობრის მონათხრობი იმ დღეებზე,

როცა ცდილობდა თავის მოკვლას. ის გოგომ დატოვა.

გული გაივსო ფუტკრებით და მორიელებით, მატლებით, ფერფლით.

ის აძვრა ხიდის საყრდენ კოჭზე. იყო ლურჯი, მზიანი შუადღე.

ყურეში წყალი ციმციმებდა. ზღვის სურნელი მოქონდა ჰაერს

და მას თავში მოუვიდა რთული სიტყვათშეთანხმება „ზღვის პროდუქტები“.

იყო რაღაც სულელური ამ სიტყვებში – ხომ არ ვამბობთ

„მიწის პროდუქტებს“ – და რაღაც შეურაცხმყოფელიც

ზოლიანი ქორჭილასთვის, რომელზეც ხშირად თევზაობდა

კლდის ქიმიდან, და ნახშირივით შავი ღორჯოსთვის,

რომელიც ნაპირს ვერ შორდება. ბოლოს დაასკვნა,

რომ ეს სიტყვები გულისხმობდნენ მხოლოდ მიდიებს,

ხამანწკებს და კიბორჩხალებს. სხვა შემთხვევებში –

რესტორნების მენიუში ეწერა „თევზი“.

…და როდესაც გაეღვიძა (რამდენიმე საათი მაინც

ეძინა ასე, რკინის ძელთან ჩახუტებულს) მზე ჩადიოდა

და თავს გრძნობდა ბევრად უკეთ. შეეშინდა. გაჭირვებით მოისხა ქურქი,

რომელიც თავქვეშ ჩაეკეცა ბალიშივით. ფრთხილად ჩამოძვრა

და დაბრუნდა ცარიელ სახლში.

 

სააბაზანოს კარის სახელურზე

ეკიდა გოგოს თეთრი ტრუსი. გარეცხილი. დიდხანს უყურა.

გული გაივსო სიბრაზით და უძლურებით, როდესაც თეთრზე

გამოისახა ვარდისფერი. მას შეეძლო ევარაუდა,

სად იქნებოდა ახლა იგი. რაშენ-ჰილზე, კერძო ბინაში.

ეს-ესაა გაათავეს. მას თვალები ცრემლით ევსება,

მადლიერებით ეფერება კაცის ნიკაპს და ამბობს, „ღმერთო,

რა კარგი იყო ყველაფერი“. მოშორებით, სანაპიროზე,

მსუყე ბურუსში ძლივს ბჟუტავენ ნავსადგურის სინათლეები.

„მოწყენილი ხარ“, ამბობს კაცი, „ის გაგახსენდა?“

„მე ყველაფერი გავაკეთე. ყველაფერი!“ – პასუხობს გოგო

და ვიდრე ისევ ატირდება, კაცი ეხვევა

(გვატემალური გობელენი ილანდება საწოლის თავზე)

და ერთხელაც ათავებენ. და ერთხელაც ტირის გოგო.

შემდეგ ძინავთ.

მან ეს სცენა დაატრიალა

კიდევ ერთხელ. სანახევროდ. ერთნახევარჯერ.

საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ მოუწევს ამით ცხოვრება.

რომ სხვა გზა არ აქვს – უნდა შეძლოს ამით ცხოვრება.

შესაძლოა, სიკვდილამდე. ვერანდიდან დიდხანს უსმენდა,

როგორ ფეთქავდა ტყე ღამეში, ზაფხულის ღამეში.

მაყვლის ხეების ქერქები კი ცოტა გვიან ატკაცუნდნენ,

როცა აგრილდა.

 

არა, ეს ისეთი ამბავი არ არის,

რომლის დასასრულს მეგობარი გადმოიხრება

და ჩაგჩურჩულებს: „მაშინ მივხვდი…“

ამბავი, რომელსაც ყველა თანაუგრძნობს

და ბოლომდე არავის ჯერა.

მეც მხოლოდ იმის თქმა მინდოდა,

რომ სამყარო გადაივსო ამდენი ტანჯვით

და გაირღვევა, თუ დროდადრო არ ამოსკდა ტანჯვა მუსიკად.

ოღონდ მთავარი წესრიგია. წესრიგი და თანმიმდევრობა:

ჯერ შენი თავის სიყვარული. შემდეგ ტანჯვა. ბოლოს მუსიკა.

 

საზომი

დაბრუნებები.

სპილენძისფერი სხივი

ისევ ყოვნდება წვრილ-ფოთლიან

 

იაპონურ ქლიავთან. ზაფხული

და მზის ჩასვლა, შეძენილი სიმყუდროვე

საწერი მაგიდის

 

და თანდაყოლილი

სიმყუდროვე წერის, ესენი

ქმნიან წესრიგს, რომელსაც ვეკუთვნი

 

მხოლოდ და მხოლოდ

ყურადღებაგაფანტული. ბოლო სხივები

აკონტურებენ ლურჯ მწვერვალებს

 

და თითქმის ვამჩნევ

იმას, რისთვისაც დავიბადე

და რაც არ არის

 

არც ქლიავის ხე, არც მზის სხივი,

არამედ – ფეთქვა

ამ სტრიქონის. ბოლო სტრიქონის.

 

გმირობა. პარალელი

როცა კუროსავას „შვიდ სამურაიში“ ეცემა მებრძოლი

ნაცრისფერ წვიმაში,

კინოკამერის ობიექტივში, ტოკუგავას დინასტიაში,

ეცემა წელში გამართული, როგორც ფიჭვი,

როგორც ერთ-ერთი აიასი

ჰომეროსის წამღერებულ დაქტილებში, და ხე არის იმდენად დიდი,

რომ ტყის მჭრელი მეორე დღესაც უბრუნდება იღბლიან ადგილს

და ჩეხავს ქანცის გაწყვეტამდე,

მესამე დღეს კი ბიძას მიიყვანს.

 

მოზრდილ მორებს ცალკე აწყობენ,

ხის ფისის სუნით ჯერდება ჰაერი.

კონებად კრავენ ჩამოთლილ ტოტებს

და ერთმანეთზე ალაგებენ.

ხის ქვედატანს, უზარმაზარ დისკოებად ჩამოხერხილს,

ოთხ-ოთხად ჭრიან და ყოველი მეოთხედი მაინც დიდია.

შუაწელის ნაწილებს კი ორად აპობენ.

ტოტების ათი და მორების ოთხი კედელი –

მთვარეები, და ნახევარმთვარეები, მეოთხედი მთვარეები –

ნახერხის ზვინები.

 

ტყის მჭრელი და ბიძამისი, მოხუცებული.

ისინი დგანან შუაგულ ტყეში.

დგანან ტალახში გადაზელილ ფიჭვის ნაფოტებში.

მათ შეწყვიტეს მუშაობა,

რადგან ძალიან დაიღალნენ

და რადგან აღარ გამახსენდა, შემეთხზა ჯორი

და ურემი. მათ არ ყოფნით გამბედაობა,

რომ მეზობლებს დაუძახონ დასახმარებლად

და რამდენიმე მორი მაინც წაათრიონ

სამდღიანი შრომის შემდეგ. დგანან და იცდიან,

იქნებ ისევ მე მოვუფიქრო გამოსავალი,

ვიდრე თავზე წაადგებათ დიდი ბატონის მოურავი

და ორივეს დააპატიმრებს.

 

უსასრულოა მათი მოთმინება!

მოხუცი ყალიონს ქაჩავს და აფურთხებს,

ბიჭი კი ფიქრობს: კიდევ უფრო გამდიდრდებოდა,

რომ ყოფილიყო მდიდარი და ყოლოდა ჯორი.

ათი დღე უნდა ამის გაზიდვას.

მეშვიდე დღეს დაიჭერენ და ნაჯაფარს ჩამოართმევენ.

და ხელცარიელს გაუშვებენ შინისაკენ.

ან უარესს დამართებენ. მე ვერაფრით დავეხმარები.

ჯერ არც გაჭრილა ის ბილიკი ტყიდან სოფლამდე.

გმირი კი, წელში გამართული, როგორც ფიჭვი, უკვე დაეცა.

უკანასკნელი ამოსუნთქვა. გაშეშდა ჰაერი.

უსიტყვოდ ტოვებს კინოდარბაზს კაცი და ქალი,

განსხვავებული წარმოდგენებით ერთგულების თაობაზე.

საზღვარი აქვს წარმოსახვასაც.

 

არაპარადოქსი

მხატვრები უკეთ ასახავდნენ ჯვარცმის სცენებს,

ვიდრე ჩამოხრჩობის. უკანასკნელს ბევრად უკეთ,

ვიდრე დახვრეტის. და დახვრეტის სცენებს უკეთ,

ვიდრე თავის მოკვეთისა გილიოტინით.

 

აქ საჭიროა დაზუსტება:

დიდი მხატვრები სხვებზე უკეთ ასახავდნენ ჯვარცმის სცენებს.

კარგი მხატვრები მათზე უკეთ ასახავდნენ ჩამოხრჩობას.

საშუალო მხატვრები – დახვრეტას.

ცუდი მხატვრები – გილიოტინას.

 

და კიდევ ერთი დაზუსტება:

ჯვარცმის სცენებში, შესაძლოა, მაცხოვარი ჯერაც ცოცხალია.

ჩამომხრჩვალიც, შესაძლოა, ჯერაც ცოცხალია.

დახვრეტილიც, შესაძლოა, ჯერაც ცოცხალია.

თავი კი გორავს.

 

ყოფნის უპირატესობა

მრავალნი ეძლევიან სიყვარულს. წყვილის თავზე ანგელოზები,

ადამიანური ვნებების აუმღვრეველ, კრისტალურ ეთერში,

ერთმანეთს უწნავენ თმას, რომელიც მარწყვივით ჟღალია

და ცივი მდინარესავით მსუბუქი. დროგამოშვებით

ისინი იხედებიან ქვემოთ – მოუთოკავი ექსტაზი

მათი გადმოსახედიდან ახლად-შეღინღლული

ბარტყების ხტუნვაა გაზაფხულის გუბურაში –

და როცა ქალი, რომელიც ეს-ესაა გამოერკვა,

იხრება კაცის დახუჭული თვალებისკენ

და ეუბნება, შემომხედე, და კაცი შეხედავს: თითქოს

მოქაჩა თოკი და ასწია ბნელი სცენის მძიმე ფარდა…

თუ როგორც არის. მთავარია, ხედავენ ერთმანეთს

მტაცებლის ხარბი და დამფრთხალი თვალებით,

ერთმანეთს ეკვრიან წებოვანი, სველი მუცლებით,

და ანგელოზები იწყენენ ამ დროს, მათ ეს

არ უყვართ. ისინი პათეტიკურად თრთიან,

როგორც ბავშვი-მათხოვრები ვიქტორიანულ ლითოგრაფიებზე,

სრულყოფილი ფორმებით და ალებასტრივით

თეთრი კანით, ქორის ბუმბულივით ხეშეში ძონძებით.

ყოველი ქმნილება დაღდასმულია ტანჯვით.

მთვარეც ჭრიალებს ზოგჯერ ამოსვლისას.

შეყვარებულებს განსაკუთრებით უჭირთ

სიმართლესთან შეგუება, და ისინი ხუჭავენ თვალებს,

და ერთმანეთს ეხვევიან. სიახლოვისას

ყველაზე უკეთ შეიგრძნობა მომაკვდავი ბუნება სხეულის,

და სიყვარულის საათებიც – საგალობელია,

სიკვდილისადმი აღვლენილი. დადგება ის დღეც,

როცა საღამოს, სეირნობისას, ქალი ეტყვის თავის მამაკაცს,

რომ დილიდან ცუდად იყო, რადგანაც მიხვდა,

რომ ვერასდროს შეავსებენ ერთმანეთის სიმარტოვეს,

მით უფრო ვერ – რაც უფრო უყვართ.

მაპატიე, ეტყვის ქალი, არ მინდოდა გული გტკენოდა.

მესმის, ეტყვის მამაკაცი, თუმცა ვერ გრძნობს გულისტკენას,

მაგრამ ესმის, რომ ცხოვრების დედააზრი – საზღვრებშია,

რომ კვდებიან ახალგაზრდები, არ უმართლებთ სიყვარულში,

არ უმართლებთ კარიერაში. მიაბიჯებს ქალის გვერდით

და ფიქრობს სევდაზე, რომელიც ერთია

შეხვედრისას და განშორებისას, კვნესისას და ღიღინისას,

და რომელმაც გაამყარა მათი კავშირი

ერთგულების და მადლიერების ილუზიით,

და იმედით, რომ შეძლებდნენ მარტო ყოფნასაც,

ან უბრალოდ განაგრძობდნენ ერთად ყოფნას უსიყვარულოდ,

როგორც წყვილები ზაფხულის პლაჟზე,

რომლებიც ფურცლავენ ინტიმურ ჟურნალებს,

ეძებენ სტატიებს ქალისა და მამაკაცის სიახლოვეზე

და ერთმანეთს უკითხავენ. და მათ თავზეც დაფარფატებენ

წერა-კითხვის არმცოდნე და მაინც მზრუნველი,

გიგანტური ანგელოზები.

© არილი

Facebook Comments Box