ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

მალხაზ ხარბედია – “მოგზაურობა ევროპაში” – ტექსტის არქეოლოგიის მცდელობა

sulkhan saba 389

20 მოკლე მოგონება

“მოგზაურობა ევროპაში” – ტექსტის არქეოლოგიის მცდელობა

გიორგი ლეონიძემ სულხან-საბა ორბელიანს “ვნებიანი მოარაკე” უწოდა. ამ სიტყვებში პოეტი და ფილოლოგი 20-30 წლის სულხანს გულისხმობდა, ორი მეფის, გიორგი XI-ისა და არჩილის აღზრდილს, სიტყვების შეკრებითა და ამბების თხრობით გატაცებულ ახალგაზრდას, რომელიც იმ დროისთვის ჯერ არც გარეჯის უდაბნოს გზას დადგომოდა და არც მეფის კარზე მისულიყო ერთგულ მსახურად. წლების შემდეგ “ვნებიანი მოარაკე” ვნებიან მოქადაგედ იქცევა, მერე ვნებიან მოღვაწედ, ბოლოს კი, საბა მოგზაურობას დაიწყებს. ასაკში, როცა სხვები შინ ბრუნდებიან ხოლმე, საბა 3 წლით დატოვებს სამშობლოს და უცხო ქვეყანაში “გაიპარება”. ეს იქნება სევდიანი მოგზაურობა ვნებიანი მოგონებებით.

საბა-მოგზაურზე მოზრდილი ესეს ან მოთხრობის დაწერა შეიძლება, ადამიანზე, ვინაც პირველი დიდი მოგზაურობა 55 წლისამ წამოიწყო და რომელი მოგზაურობაც შემდეგ მთელი მისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდა: ესეში ამბავი ევროპაში გამგზავრებით დაიწყებოდა, უფრო სწორად, გორიდან გაპარვით, შემდეგ კი, გზად, სანამ საბა პატრ რიშართან ერთად გელათამდე მივიდოდა, მისი ძველი დიპლომატიური მოგზაურობების ამბავსაც მოვყვებოდით. მოვყვებოდით ძალიან მოკლედ, რადგან მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, ვიცით მხოლოდ ის, რომ “ორიანობის” დროს (გიორგი XI-სა და ერეკლე I ნაზარალიხანის მეფობისას) საბა გიორგი XI-ის სასარგებლოდ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ახალციხის ფაშასთან (გაბაშვილი, 72) და რომ იგი ირანშიც არაერთხელ იყო ნამყოფი. გელათიდან იგი ზღვისკენ გაემგზავრებოდა, შემდეგ კონსტანტინეპოლისკენ, აქედან მარსელში, პარიზში და უკან, მარსელში. მერე იტალია, რომი, ფლორენცია, სიცილია, მალტა, საბერძნეთი, კუნძულები, ისევ კონსტანტინეპოლი და ისევ საქართველო, კვლავ შუღლითა და უიმედობით სავსე. რამდენიმე წელიწადში საბა კიდევ ერთხელ გაემგზავრებოდა საქართველოდან, უკვე მოხუცებული (67 წლისა) ამჯერად სამუდამოდ დატოვებდა ქვეყანას და თავის თანამოაზრეებთან ერთად შეუდგებოდა “მთასა დიდსა კავკასიისასა მსგავს ჯოჯოხეთისა, სადაც იყო მრავალი გამომდინარე თოვლთა და ყინულთაგან. ესრედ ძნიად განსავლელ იყო ქვესკნელსა მას შინა უფსკრულსა ყინულისასა, ორბი, გინდა არწივი, მასცა ვერღა ეძლო მუნით ამოსვლა, არცაღა თუ ესეოდენთა ურიცხვთა დედაწულთა”[1].

ეს საბას უკანასკნელი მოგზაურობა იყო და ამ გრძელ გზაზე მას უკვე ალბათ აღარაფერი აკვირვებდა. არადა 1713-1715 წლებში, სანამ საბა კონსტანტინეპოლში დაბრუნდებოდა, იგი აღტაცებით იყო სავსე, ხნიერი კაცი ყმაწვილური გაოცებით ათვალიერებდა ყველაფერს, რაც ახალი შემოხვდებოდა გზად და დახასიათებისას არც სიტყვებს იშურებდა და არც აღმატებით ხარისხს ერიდებოდა. მის ტექსტში არაერთხელ შეხვდებით, “უანგარიშო უცხოებს”, “კაცის გუნების მიუწდომელს”, “შვენებულობით” გამორჩეულ, “გასაკვირვალ”, “დაუჯერებელ” საგნებს, რომელსაც ვერა ენა ვერ გამოთქვამს და რისი ნახვის შემდეგაც “კაცის გულს ჭირი უკუეყრება”. საბა ასე ცდილობდა თანამედროვეთა დაჯერებას: “ვინც დაიჯერებთ, ეს ჩემი თვალით მინახავს, ვინც არა და თქვენ იცით”, “დაიჯერეთ, ასე იყო. ამის მეტი რა გითხრა”, “დაიჯერეთ მართალია”, “რაც სანახავები ვნახო აღიწერება, მაგრამ რასაც შევიძლებ უცხოებს ვეცდები დავწერო. დაიჯერეთ, რომი ასეთია. ას წელს სულ იაროს კაცმა მის საკვირველობას ვერც გაუვიდეს, ვერც დაასრულოს. მაგრამ მე რასაც შევიძლებ, ჩემს ნახულს მართალს დავწერ. ეგება გეგონოსთ ქებისათვის ნამეტნავი დავწერო. უსაცილოდ დაიჯერეთ, რასაც ვწერ ნაკლებია და მასაც თავს გაუსვლელსა და შეუძლებელსა. დაიჯერეთ, ნახევარს მაშინაც ვერ მივსწვდები, რომ ვერ შევიძელ დასწავლა და დაწერა ნახევრისა” [30გვ. B35]. ხშირად დიდი მესიტყვე თითქოს ფარ-ხმალს ყრის და წამოცდება ხოლმე: “მისი მსგავსი არ მინახავს. რა ენა იტყვის…”, “ჯერ იმ სიუცხოვე არა მინახავს რა, არ დაიწერება. რა განიშნო?”, “ეკკლესიის ქებას ვერ დაგიწერ”, “როგორ ითქმის”, “რას იტყვის კაცის ენა”, ერთგან კი სულაც ამბობს: “შიგნით შევიდოდით, ისე გვეუცხოვის, გარეთ გამოვიდით, შიგნით შესვლა აღარ მოგვინდის”-ო.

ეს წიგნი უცხოობისა და განცვიფრების წიგნია, ახალი ქართული ენის “შესაქმე”, სადაც სულ რამდენიმე ათეული გვერდის მანძილზე შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ თუ როგორ ვითარდება ენა, როგორ იშვება აღწერის სრულიად ახალი უნარები, ხერხები, იბადება ახალი სიტყვები, პირველად ხდება ნივთების, ადგილებისა და ქმედებების სახელდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენი მოგზაური მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ლექსიკოგრაფია, იგი იმავდროულად ჩვენი მარკო პოლოცაა და სემუელ ჯონსონიც, იგია ადამიანი, ვინაც ათწლეულები მოუნდა, რათა თავის სამშობლოში ყველაფრისთვის მოეძებნა სახელი, შემდეგ კი წლები იმოგზაურა, რათა ამ ყველაფრის გამოხსნისთვის ებრძოლა. 1713 წლამდე საბა ცხოვრობდა სახელთათვის, შემდეგ კი იგი მოგზაურობდა ქვეყნისათვის. ეს იყო ურთულესი გზა აღმნიშვნელიდან – აღსანიშნისკენ, ტექსტიდან – რეალობისკენ, სიტყვებიდან – საგნებისკენ.

ამგვარი რეალურობის თუ საგნობრიობის მიუხედავად, საბას უკანასკნელი ტექსტი მაინც დიდი ლიტერატურაა. “ევროპაში მოგზაურობა” ჯერ კიდევ ელის ნარატოლოგის თვალით წაკითხვას, ჯერ კიდევ ბოლომდე განუსაზღვრელია მისი ადგილი სამოგზაურო ჟანრის ქართულ და მსოფლიო ნიმუშებს შორის, კარგი იქნებოდა თანამედროვე ლექსიკოლოგისა და გეოგრაფოსის კვლევაც გვეხილა ამ ტექსტზე[2], რომ არაფერი ვთქვათ “მოგზაურობის” ხელოვნებათმცოდნეობით ან ისტორიულ წაკითხვებზე.

ჩემი სტატია ნაწილობრივ ამ ისტორიულ წაკითხვასაც გულისხმობს, ამიტომ ძალიან მოკლედ მოვხაზავ იმდროინდელ ვითარებას:

1709 წელს ავღანეთში აჯანყებულები ჰკლავენ გიორგი XI-ს, 1712 წელს ზუსტად იგივე ბედი ეწევა გიორგი XI-ის ძმისწულს, ქაიხოსრო მეფესაც. ქაიხოსროს ძმა, ჯანიშინი ვახტანგი მეფობის მისაღებად სპარსეთში მიემგზავრება (1712 წლის აპრილში) სულხან-საბასთან ერთად. სამი თვის შემდეგ საბა უკან დაბრუნდა, თუმცა ვახტანგ VI ისპაჰანში კიდევ 2 წელი დარჩა, 1714 წლის მარტამდის, როცა ისლამის აღიარებაზე უარის გამო იგი ქირმანს გადაასახლეს. საბამ მოგზაურობა ვახტანგის გადასახლებამდე დაიწყო და მისი თავდაპირველი მიზანი აღზრდილის ქრთამით გამოხსნა და ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარება იყო. უკვე 1712-1713 წლებში ინტენსიური მიმოწერა იყო ვახტანგსა და ლუდოვიკოს, საბასა და პაპს, ევროპელ მისიონერებსა და ევროპელ სახელმწიფო მოხელეებს შორის. ამაზე დეტალურად არ შევჩერდებით (იხ. გაბაშვილი, 61-77), უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მთავარ საკითხად მაშინ კავკასიის 24 პროვინციის კათოლიკედ მოქცევა და საფრანგეთის სავაჭრო გზის საქართველოზე გავლა იდგა.

1714 წლის ზამთარში მარსელში სულხან-საბამ, აბატმა რიშარმა და დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის, გრიგოლის (ლორთქიფანიძის) წარმომადგენელმა, დავით ბერმა (ფრანგული წყაროების მიხედვით, David Mingrelien) მარსელში გალერებისა და ვაჭრობის გენერალური ინტენდანტის, პიერ დ’არნუ-ს ხელმძღვანელობით შეადგინეს მემორანდუმი,[3] საიდანაც ცხადად ირკვევა, რომ უპირველეს საკითხად სავაჭრო ურთიერთობა იდგა. მემორანდუმის სრული სათაური ასე ჟღერდა: “მემორანდუმი იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეიძლება, ერთი მხრივ, რომის კათოლიკური სარწმუნოების დასამკვიდრებლად, ვაჭრობის დასამყარებლად, როგორც საქართველოდან, ასევე მის მეზობელ ხალხებთან, მეორე მხრივ, მეფის ძალაუფლებისა და საფრანგეთის ვაჭრობის გაძლიერებისთვის ლევანტსა და აღმოსავლეთში, კერძოდ თურქებთან და სპარსელებთან”. სულხან-საბას ასევე შეთანხმების თავისი პროექტი ჰქონდა წარდგენილი, სადაც 6 ძირითადი მუხლი იყო:

პირველი, რომ ეს მეფე (ვახტანგი) მისცემს საჭირო სახლს საფრანგეთის კონსულს თვის დედაქალაქ თბილისში.

მეორე, რომ ის თავისი ხარჯით შეინახავს კონსულს და მისი უდიდებულესობის ყველა ქვეშევრდომს, რომლებიც გაივლიან საქართველოზე ან იქ დაჰყოფენ.

მესამე, რომ ის უზრუნველჰყოფს ყოველივე საფრთხისგან საქონელს, რომლებსაც ფრანგები ჩამოიტანენ საფრანგეთიდან და რომელსაც ისინი გაატარებენ საქართველოზე სპარსეთში წასაღებად და ან პირიქით, რომელსაც ისინი ჩამოიტანენ სპარსეთიდან საქართველოში.

მეოთხე, რომ ის კისრულობს კიდეც ხარჯებს ყველა საქონლის სპარსეთიდან შავ ზღვამდე და შავი ზღვიდან სპარსეთის ზღვამდე მისატანად.

მეხუთე, რომ ის მისცემს საჭირო საწყობებს, როგორც შავი ზღვის ახლოს, სამეგრელოში, ასევე თავის სამფლობელოში.

მეექვსე, რომ ის მისცემს ფრანგ სოვდაგრებს საშუალებას, აწარმოონ ვაჭრობა მეზობელ ჩერქეზებთან, აგრეთვე აწარმოონ ხელსაყრელი ვაჭრობა თავის ქვეშევრდომებთან და მეგრელებთან აბრეშუმეულობით, მატყლით, ცვილით და სხვა საქონლით”.

როგორც მოგვიანებით გაირკვა (და ამის შესახებ, როგორც ჩანს, სულხან-საბამ არაფერი იცოდა), პარიზის ელჩობა საბას ვიზიტის დასაწყისიდანვე საფრთხის ქვეშ იდგა. დევიდ ლენგი წერს, რომ საბას ელჩობის წარმატებით დასრულებას სპარსეთის ელჩის, მოჰამედ რიზა-ხანის იმ დროს პარიზში ყოფნამაც შეუშალა ხელი. თურმე ფრანგი დიპლომატები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მას არ გაეგო საბას ვიზიტის შესახებ (Lang, 122).

ძალიან მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს ისტორიული კონტექსტი, რომელიც სულხან-საბას მოგზაურობას დაედო საფუძვლად და რის შედეგადაც ქართულ ლიტერატურას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი შეემატა. როგორც აღვნიშნეთ, “მოგზაურობა ევროპაში” ჯერ კიდევ ელის ნამდვილ წამკითხველებს, ჩემი სტატია მხოლოდ ერთ-ერთი ასეთი წაკითხვის ნიმუში შეიძლება იყოს, რომელსაც პირობითად “ტექსტის არქეოლოგია” ვუწოდე. იგი ძირითადად ავტორის პირად მოგონებებს ეყრდნობა, უფრო სწორად კი, ამ მოგონებების გაცოცხლებას, განმარტებას, ახსნასა და ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში მის ჩასმას ემსახურება. ყველა ეს მოგონება საქართველოსთანა დაკავშირებული, ამიტომაც განმარტებათა ამ კრებულს “სულხან-საბა და მისი დრო”-ც შეგვიძლია ვუწოდოთ. მართალია საბას თანადროული საქართველოს შესახებ ბევრი სხვა წყაროც არსებობს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ საბას თვალით და სიტყვით დანახული საქართველო იქნებოდა. მისი იგავ-არაკები წმინდა ტექსტუალური სამყაროა, აქ მხოლოდ ენა და ნარატივი ბატონობს, “სწავლანი” ზნეობაზე გვესაუბრება, შესაბამისად, მხოლოდ “ლექსიკონი” და “ევროპაში მოგზაურობა” გვრჩება ისტორიულ-პრივატული ხასიათის ტექსტებად, სადაც ბევრი რამ შეგვიძლია ამოვიკითხოთ ავტორისა და ქვეყნის შესახებ. ამ მხრივ ნამდვილად გამოირჩევა საბას უკანასკნელი ტექსტი, სადაც ერთი უბრალო ლიტერატურული ფიგურის, შედარების წყალობით 20-მდე საინტერესო აბზაცი დაგროვდა. ამ აბზაცებში საბა უცხოობის გასანელებლად ამათუიმ ევროპულ მოვლენას თავის ქვეყანას ადარებს. იხსენებს ადამიანებს, სიწმინდეებს, სახელებს, ფაქტებს, ადგილებს, ნივთებს და ამ გახსენებით ჩვენც გვაძლევს უფლებას სულ მცირედით მაინც შევიგრძნოთ მაშინდელი სურნელები, წავიკითხოთ კულტურული ნიშნები, მოვხაზოთ გეოგრაფიული საზღვრები.

ჩვენი სტატიის ძირითად ნაწილს სწორედ ეს “მოგონებები” და მასზე “კომენტარები” შეადგენს. კომენტარებს წინ უძღვის საბას სრული მარშრუტი, რომელიც ტექსტის მიხედვით შევადგინეთ და რომელიც უზუსტეს თანამედროვე რუკებთანაა შეჯერებული.

საბას მარშრუტი[4]

გორი[5] > ოდიში (გელათი ან სენაკი?[6]) > ფოთი?[7] > კონსტანტინეპოლი > მარსელი > პარიზი > მარსელი > ანტიბი (Antibes, ს.ს. ტანტიბ ქალაქი) > ნიცა (Nice, ს.ს. ნისი), სავოიის (ს.ს. საბია) ბატონის ქალაქი > ვილფრანში (Villefranchesur-Mer, ს.ს. ლაფრანგა[8]) > მონაკომდე ოთხი მაგარი ციხე გაიარეს, ზღვისპირა > მონაკო (Monaco) > მენტონი (Menton, ს.ს. მანტო ქალაქი) > ამის შემდეგ უკვე გენუის (ს.ს. ჯენევიას) თემში შევიდნენ > სან რემო (San Remo, ს.ს. სენერემ ქალაქი) > პორტო მაურიციო (Porto Maurizio, ს.ს. ფიორტუმორი) > ონელია (Oneglia, ს.ს. ონელი) > დიანო მარინა (Diano Marina, ს.ს. დინა) > ალასიო (Alasio, ს.ს. არასიო) > ალბენგა (Albenga, ს.ს. არბეწქო) > ლოანო (Loano, ს.ს. ვანია ქალაქი) > ფინალე ლიგურე (Finale Ligure, ს.ს. ფინს ქალაქი) > ნოლი (Noli, ს.ს. ნორი) > ს.ს.-ს ლიმონილოში ალბათ ლუმინელა იგულისხმება (Luminella), ადგილი ნოლის დასავლეთით[9] > სავონა (Savona, ს.ს. საონა) > გენუა (Genova, ს.ს. ჯენევია), “სულობით ასე შენობა იყო გაბმით, სასახლე და წალკოტები, რომ ერთი ქალაქი გეგონებოდა” > პორტოფინო (Portofino, ს.ს. პორტუფენი) > მასა (Massa, ს.ს. მასა) > ლივორნო (Livorno, ს.ს. ალიკორნი[10]) > პიომბინო (Piombino, ს.ს. ფომბინო) > სამხრეთით კუნძულს, ელბას ჩაუარეს, ასევე ლონგონეს (Longone, ს.ს. ფორტო ლონგონე, პორტო აზუროს თავზეა) > პორტო ერკოლე (Porto Ercole, ს.ს. ფორტე ერკოლე, მონტე არგენტარიოს ნახევარკუნძულზე) > ჩივიტავეკია (Civitavecchia, ს.ს. ჩივტაევთია) > რომი > ოტრიკოლი (Otricoli, ს.ს. ოსტრიკო) > ნარნი (Narni, ს.ს. ნარმა) > ტერნი (Terni, ს.ს. თერნა) > სპოლეტო (Spoleto, ს.ს. სპოლეტო) > ფოლინიო (Foligno, ს.ს. ფოლინიო) > ვალჩიმარა (Valcimarra, ს.ს. ვალჩიმარა) > ტოლენტინო (Tolentino, ს.ს. ტოლეტინო) > მაჩერატა (Macerata, ს.ს. მაჩერთო) > რეკანატი (Recanati, ს.ს. რაღანატო), ლორეტო (Loreto, ს.ს. ლორენტა, შემდეგ ლარეტასაც ეძახის და ლოტერიასაც) > ფოლინიო (Foligno, ს.ს. ფოლინიო, ამ შემთხვ. უოლინიოს უწოდებს) > ასიზი (Assisi, ს.ს. ასიის ქალაქი) > პერუჯა (Peruggia, ს.ს. პერუჯა) > კამუჩა (Camucia, ს.ს. კამუჩია) > არეცო (Arezzo, ს.ს. არეცო) > ფლორენცია (Firenze, ს.ს. ფლორენცა) > პიზა (Pisa, ს.ს. ფისა) > პალერმო (Palermo, ს.ს. პალერმო) > მესინა (Messina, ს.ს. მისინა) > რეჯიო დი კალაბრია (Reggio di Calabria, ს.ს. რჯა) > აუგუსტა (Augusta, ს.ს. გუსტა) > სირაკუზა (Siracusa, ს.ს. სირაკუზა (“ჩამოვიარეთ მიღმად და დავინახეთ”)) > მალტა (Malta, ს.ს. მალთა) > მორეა (Morea, ს.ს. მორა, პელოპონესის ნახევარკუნძულის ძველი სახელწოდება) > კ. ევბეა (იგივე ნეგროპონტე, Negroponte, ს.ს. ნეღრა პონტო) > კ. ქიოსი (ს.ს ქიო, სახიზი) > მიტილენე, კ. ლესბოსი (ს.ს. მიტილინი, ბიტილიმი, ბიდლიმი) > სმირნა, იზმირი (ს.ს. ზმირინის ზღვა, ქალაქი) > ანატოლიას ჩაუარეს (ს.ს. მარჯვნივ ანადოლი, ანადოლზე ახლო ვიარებოდით) > გალიპოლი (Gallipoli, ს.ს. კალი პოლი, მარმარილოს ზღვასთან: “კალი პოლი ერთი მომცრო ძველი ქალაქია, ზღვის პირს, ურუმელში”) > კონსტანტინოპოლი > ათინა > ხოფა > ჩხალა > გონიო > ნიგალის ხევი > არტანუჯი > არტანი > აბოცი > თბილისი.

მეტეხი

საბას პირველი შედარება-მოგონება სწორედ თბილისს უკავშირდება: “მოვედით მონაკო ქალაქსა. ზღვაში ერთი კლდე შესულიყო თბილისის მეტეხსავითა”. [4გვ. A28v]

მაშინ მეტეხის ციხეს ავლაბრის ციხესაც უწოდებდნენ. XVIII საუკუნეში ციხე ორ ნაწილად იყოფოდა, მაღლა და დაბლა ციხეებად და საერთოდ, იმ პერიოდის მეტეხი არ აღიქმებოდა მხოლოდ კლდოვან მონაკვეთზე შემოზღუდულ ტერიტორიად. როგორც ვახუშტის გეგმიდან ჩანს, მეტეხის გალავანი ტფილისის ციხე-გალავნის გაგრძელებაა: ”თბილისის ციხის უბანი და ავლაბრის მეტეხის უბანი ერთი მთლიანი ობიექტია, გალავნით შემოზღუდული, რომელსაც მტკვარი შუაზე ჰყოფს. მტკვარზე გადებული ხიდიც ძირითადად ამ ორ გამაგრებულ პუნქტთა შემაერთებელია” (ბერძნიშვილი, 55).

საბას დროისთვის მეტეხი ბოლოჯერ როსტომ ხანის პერიოდში იყო განახლებული (1634-1658 წლებს შორის). როსტომმა ამ პერიოდში დატოვა ისნის სასახლე და მტკვრის ნაპირას, ანჩისხატსა და სიონს შორის ააშენა ახალი სასახლე (1638 წელს). მანვე ააგო ხიდი მეტეხზე და შიგ სპარსული გარნიზონი ჩააყენა.[11] ვახტანგ V შაჰნავაზმა 1661 წელს მეტეხი სათოფისწამლედ აქცია (Иосселиани, 23). მალე ტაძარი მეხმა დააზიანა, 1689 წელს კი ერეკლე I-მა (ნაზარალიხანმა) ციხეც და ტაძარიც სპარსელებს გადასცა, რომელსაც კვლავ თოფისწამლის საწყობისთვის იყენებდნენ. თეიმურაზ II-ის ქართლში გამეფებისას (XVIII საუკუნის 40-იან წლებში) დაბლა ციხე ცარიელი იყო, ციხის კართან კი სანეხვე ყოფილა (ბერძნიშვილი, 57). XVIII საუკუნის 50-60 წლებში აქ უკვე გვარჯილისა და თოფისწამლის ქარხანა ააგო მიკირტუმ თაყოაშვილმა, რიყის მხარეს, მეტეხის კარის მიდამოებში. ავლაბრის ციხეს კარი დარეჯანის სასახლის ზემოთ ჰქონდა, თუმცა სულხან საბას დროს ამ ციხეს სხვა კარიც უნდა ჰქონოდა, რომელიც ერეკლეს პერიოდში უკვე ნაკარევად იხსენიება. 1723 წელს, თურქების მიერ თბილისის აღების შემდეგ იყო მცდელობა მეტეხის კიდევ უფრო კარგად გამაგრებისა, მაგრამ თურქები მეტეხიდან ნადირ-შაჰმა განდევნა და ეს ჩანაფიქრი ვერ აღსრულდა (Иосселиани, 240).

საინტერესოა მაშინდელი თბილისის მდგომარეობაც. ვახტანგ VI-ის დროს თბილისს აღმავლობის ხანა დაუდგა. როგორც იმ პერიოდის სომეხი ისტორიკოსი, ესაია წერს: “დიდი ხნიდან მტრებს არ შეუძრწუნებიათ და მშვიდობით ტკბებოდა უმდიდრესი და საუკეთესო ქალაქი თბილისი; მამაკაცები იქ შრომისმოყვარე ვაჭრებია, ხოლო მათი ცოლები და ქალიშვილები, ლამაზები და აღზრდილები, სარგებლობენ შეუდარებელი ცხოვრებით, სიმდიდრითა და ფუფუნებით. ცხოვრობენ ისინი საუცხოო დარბაზებში – მდიდრულად მორთული ავეჯეულობითა და ყოველგვარი საოჯახო ნივთებით… სპილენძის ჭურჭლეულობის მაგიერ აქვთ ოქროსა და ვერცხლის; რა უნდა ვთქვა მე იმ დიდებულ ეკლესიათა სიმდიდრის შესახებ, რომელნიც ფლობენ ოქროსა და ვერცლის ნივთებს, რომელნიც მორთულნი იყვნენ ფარჩებით და სხვა მრავალგვარი შემკულობებით” (გვრიტიშვილი, მესხია, 162-163). ამ პერიოდში, ვახუშტის სიტყვით, ვახტანგმა “დაამდაბლნა თათარნი და უმეტეს ტფილისის ციხის მცველნი” (ვახუშტი, 482 – 5-6), თუმცა ეს პერიოდი, სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა. 1723 წელს თბილისი ორჯერ აიღეს ოსმალებმა, მაისში და ივლისში, ვახტანგ VI კი იძულებული გახდა რუსეთში გადახვეწილიყო. თავად მეფე წერდა: “მერე ურუმთ ჯარი ჩამოვიდა ქართლში და ჩვენ აღარ დაგვინდეს და საქართველოში ვეღარსად დავდექით. წამოვედით რუსეთის ხელმწიფესთანა და თან გვიახლა სულხან ყოფილი, საბა” (ლეონიძე, 104).

მუგუთის მსგავსი ალაგები

ლიგურიაში “მრავალი მაგარი ციხე და სოფლები ჩამოვიარეთ, მაგრამ დიდს ადგილს ვენახოვანი სულ წამხდარიყო. კედლები აეშენათ, გვერდზე მოესწორებინათ, ზედა ვენახები აეშენათ, მაგრამ სრულობით გაოხრებულიყო. ვიკითხე: რატო წამხდარა მეთქი. მითხრეს: მიწა არ ვარგებულაო. მაგრამ თუ მიწა არ ვარგიყო, იმდენი აუარებელი ვენახი რად ააშენეს? მუგუთის მსგავსი ალაგები იყო.” [6გვ. B2]

აშკარაა, რომ საბა აქ ტერასულ ვენახებს გულისხმობს, განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ დღესაც, მთელი ლიგურიის მხარე ტერასული ვენახებითაა განთქმული. გაკვირვებას იწვევს ერთი ფაქტი, კერძოდ კი ის, რომ დახასიათებისას საბამ არ გამოიყენა ტერასული ვენახების აღმნიშვნელი ძველქართული ტერმინი, ოროკები, სიტყვა, რომელიც სწორედ სულხან-საბას “სიტყვის კონამ” შემოგვინახა. “ოროკო” მასთან განიმარტება როგორც “მიწა ბაქან-ბაქ(ა)ნად მოვაკებული. წალკოტთა და საყანურთა ხარისხნი მოვაკებად”. ოროკებით განთქმული იყო მესხეთის მხარე, თუმცა როგორც საბას შენიშვნიდან ირკვევა, ქართლშიც იყო გავრცელებული ამ ტიპის ხელოვნურად ამოშენებული ბაქან-ნიადაგები, კერძოდ კი ლიახვის ხეობაში, სოფ. მუგუთის გარშემო. სხვათა შორის, სიტყვა ოროკი შემოინახა გურულმა კილომ, რომლითაც XIX საუკუნეში მშრალ თიხნარ ნიადაგს აღნიშნავდნენ.

მაზმანური

ერთ სნეულთა მსახურზე ამბობს: “საჭმელს უზიდავდა სნეულებს… იმისი ადვილი სამსახური ეს არის და მსოფლიური ცხოვრება. ასე სნეულებს მსახურებს. სულ მთლივ ფეხშიშველა, შიშველს ტანს მსხვილი მაზმანური, ქართველი ქვრივები რო ჩაიცვემდნენ, ისე ჭრელი აცვია.” [10გვ. B8]

         საბას “სიტყვის კონაში” მაზმანი განმარტებულია როგორც ბალნის მსთველი, ბალნის მგრეხელი, ხოლო მაზმანურში იგულისხმებოდა მატყლიდან დამზადებული უხეში ქსოვილი, რომლისგანაც, როგორც ირკვევა, იკერავდნენ ტანსაცმელს ქართლელი ქვრივები. სხვათა შორის, მაშინდელ საქართველოში გლეხის ქალის ჩაცმულობა თავად-აზნაურთა წრიდან გამოსული ქალის ჩაცმულობისგან თითქმის არაფრით განირჩეოდა. “განსხვავებული თავისებურება უფრო კოსტუმის ელემენტთა ღირებულების მეტ-ნაკლებობაში გამოიხატებოდა, ზოგჯერ კი, როგორც ირკვევა, ზღვარი ამ ხაზითაც იშლებოდა” (ბოჭორიშვილი, 199). გლოვის პერიოდში კი ქალს უსათუოდ თალხი ფერის (ლურჯი ან შავნარევი) თეთრეული უნდა ცმოდა.[12]

ოდიში

რა ალიკორნის საზღვარში შევედით, დავაკება შეიქმნა. ოდიშის მსგავსი ადგილი, ტყიანი, ბრტყელი. შორს მაღალი მთები მოჩანდა [14გვ. B13].

ვახუშტი ოდიშის შესახებ წერს: “და არს ქუეყანა ესე მგზავსი ვაკისა და უმეტეს ნაყოფიერი და ტყიანი. <…> ზაფხულს ზღÂის პირნი ვაკენი ცხელი და არა გაუძლისი <…> ხოლო აწ ეგრისი უპყრავსთ აფხაზთა, და მას ზეითი სამÃრის კერძო დადიანსა. კუალად ქუეყანა ესე არს ფრიად ტყიანი, მთით ბარამდე, და მცირე ველოვანი. მდინარეთა კიდენი ჭალოვანნი და ვაკეთა ადგილნი ეწერნი, ბარდოვან-ტალახ-ჭანჭრობიანი და ფრიად წÂმიანი. ამისგან არს ფრიად ნოტიობა, გარნა უვნებელი” (ვახუშტი, 777, 21. 782, 8-9, 783, 14-21). საბას დროს ოდიშის დიდი ნაწილი აფხაზებს ეპყრათ, ამასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ თედო ჟორდანიას „ქრონიკებში” დამოწმებული XVII-ე საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ქალის, ანიკა ქორთოძის (ქორთუა) მინაწერი ცაიშის სახარებაზე: “მერმეთ აფხაზის ლაშქარი მოვიდა, ტაძარს მოუხდა და ჩვენ დიდსა გაჭირვებასა და შიშსა ქვეშე შევვარდითო” (ჟორდანია, 467). მიხეილ თამარაშვილს მოჰყავს ჯუზეპე ძამპის წერილი, სადაც ვკითხულობთ: “სამეგრელო სამეგრელო აღარ არის, რადგან ომის გამო უკანასკნელ სიგლახაკეშია ჩავარდნილი… ახლა კაცს არ შეუძლია უშიშრად იყოს. მუდამ აფხაზების დაცემის შიშია, რადგან აქაურებს ხშირად იკლებენ” (თამარაშვილი, 205). ცნობილია, რომ XVII საუკუნის ბოლოს საქართველოში იმოგზაურა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა (1641-1707). ოდიშის შესახებ იგი წერდა, რომ მთელი სამეგრელო აფხაზების მიერ იყო განადგურებული, ცხუმიდან, ვიდრე ცხენისწყლამდე (ტუღუში, 22). “გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და Ãმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარედმდე, და დაეშენებოდენ თÂთ აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი” (ვახუშტი, 845, 19-23). XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე აფხაზ ფეოდალებს უკვე ღალიძგამდე ჰქონდათ დაკავებული ოდიშის ტერიტორია და ოდიშის მთავარმა გიორგი IV დადიანმა (კაცია ჩიქოვანის ვაჟმა) იმერეთის მბრძანებელს, გიორგი მალაქია აბაშიძეს თხოვა დახმარება. საბას გამგზავრების პერიოდში სწორედ გიორგი IV დადიანი იყო ოდიშის გამგებელი[13] და როგორც ვახუშტი წერს: გიორგი “სრვიდა უწყალოდ და ჰყიდდა ტყუედ ოდიშართა” (ვახუშტი, 846, 1-2).

ცალკე აღნიშვნის ღირსია დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი, გრიგოლი, რომელმაც სულხან-საბა და პატრი რიშარი შავ ზღვამდე გააცილა. რიშარის სიტყვით მას არაერთხელ გამოუთქვამს კათოლიკე ეკლესიასთან შეერთების სურვილი და ითხოვდა მისიონერების გამოგზავნას სამ ადგილას დასაყენებლად, სამეგრელოში, იმერეთსა და აფხაზეთში, რომელიც მაშინ “წარმართული” იყო. საბასა და თუ სხვათა მიმოწერაში ეს ფაქტი არაერთხელ გაიელვებს, სვადასხვა ინტერპრეტაციით. XVIII საუკუნის იტალიელი მოგზაურის, ქსავერიო გლავანი იმასაც წერს, აფხაზების გარდა სამეგრელოს მოსახლეობაც წარმართები არიანო, და იქვე აჩიკბაშებსაც ახსენებს და მათაც წარმართებად მიიჩნევს (Главани, 37)[14].

ქართველი მოქალაქეები ევროპაში

“ალიკორნაში ოთხიოდ ქართველი მოქალაქე იყვნეს. ერთი ტერტერა, სამნი სხვანი: ერთი სომხის საყდარი მიქეს, ვერა ვნახე.” [14გვ. B14].

იმ დროში სულ რამდენიმე ქართველი (ან საქართველოდან წასული) ვიცით, რომლებმაც იმოგზაურეს, სწავლობდნენ ან მოღვაწეობდნენ ევროპაში. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ იოსებ ქართველი, რომელიც საფრანგეთის საელჩოს თარჯიმანი იყო სპარსეთში. როგორც ვარაუდობენ, იოსებ ქართველი შეიძლება იყოს საბას “ძველი მეგობარი იოსები”, რომელიც ვახტანგ VI-მ გააგზავნა საფრანგეთში საბასთან. ასევე ვიცით სულხან-საბას კიდევ ერთი თანამედროვე, გასპარ ქართველი, რომელსაც მართალია ევროპის მოვლა არ დასცალდა (გარდაიცვალა 1701 წელს), მაგრამ მის გაკათოლიკებას დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც საბასთვის. გასპარი მართლმადიდებელი იყო. მას ევროპული წყაროები ქართველს უწოდებენ (ასევე კეთილშობილს, Nobleman) და მასთან ერთად ელჩობაში მონაწილე სომეხი ვაჭრებისგან განარჩევენ (გაბაშვილი, 65).[15]

ყაბახი

3 ივლისს რომში, წმინდა პეტრეს ეკლესიის სანახავად მისული, საბა ერთ “მომცრო მინდორზე” აღმოჩნდება[16]. “ოთხ პირად, მგრგვალად ორმოც-ორმოცი ქვის სვეტია ამართული. თვითო ექვს ადლს უმაღლეა, სამ კამარად შეკრული, მოსწორებული და ზეიდამ სულ წმიდათ სახეები ქვისა, გათლილი დგანან. მინდორს შუა ერთი ოთხკუთხა ქვა, ყაბახს უმაღლეა, მთელი და ზედ ჯვარი ამართული.” [17გვ. B18].

მაშინდელი ყაბახი (საასპარეზო ვაკე ადგილი ახლანდელი ალექსანდროვის ბაღის ქვედა ნაწილში) შედარებით გვიანი პერიოდის დოკუმენტებში მოიხსენიება როგორც “გარეთუბნის მოედანი” (ასევე, მედანი, ასპარეზი). შარდენის წიგნისთვის დართულ თბილისის ხედზე ყაბახი ჯერ კიდევ არ ჩანს და როგორც ვარაუდობენ, საასპარეზო ადგილად მისი ჩამოყალიბება XVII საუკუნის ბოლოს, XVIII-ის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, მას შემდეგ, რაც გარეთუბანში მოსახლეობის რიცხვმა იმატა (ბერიძე, 47). ქალაქიდან ამ მოედნამდე გზა შუა კარის ქვემოთ, ავანაანთ ხევზე გადებული ხიდითა და შემდეგ ვანქის სასაფლაოს ზემოდან (დასავლეთიდან) მოვლით მიდიოდა (ბერძნიშვილი, 49). იმდროინდელ ყაბახზე საკმაოდ დეტალური წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ 1735 წელს, ვახუშტის მიერ შედგენილი გეგმიდან. გეგმაზე ყაბახის სიახლოვეს კარგად ჩანს “ყაიბულას ბაღი”, რომელიც გრძელ ოთხკუთხედადაა აღნიშნული. საინტერესოა, რომ ეს ბაღი საბუთებშიც ჩანს. მაგალითად, საბას გამგზავრებამდე 1 წლის ადრე დაიწერა ნასყიდობის წიგნი, რომლითაც ყაიბულანთ ქაიხოსრო ჰყიდის “ბაღს ყაბახს. ზეით” (ბერძნიშვილი, 50). ყაბახთან მაშინდელი წყაროები ახსენებენ ასევე საქუროს (სააგურეს, აგურხანას).

ყაბახზე დაწერილი ისტორიული თუ ლიტერატურული ტექსტებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აღდგომის დღესასწაულის ვახუშტისეული აღწერა: “ხოლო აღდგომის წესი იყო ადრე ნათლებისად წირვა და შემდგომად წირვისა მცირედითა სანოვაგითა ხორცთათა აღიხსნიდიან პირთა მეფე და დიდებულნი. შემდგომად გამოვიდის მეფე და ყოველნი წარჩინებულნი და მცირებულნი ასპარეზსა ზედა და დასვიან სამეფო თასი ოქროსი ანუ ვეცხლისა ყაბახსა ზედა, დაუწყიან სროლა მას თასსა ისარნი მოყმეთა და ჭაბუკთა, და რომელი ჩამოაგდის ისრითა, მას მისციან თასი იგი. შემდგომად ამისა შექმნიან ბურთობა და რომელმან მხარემან აჯობის, იყო მხარე-თალარნი სამეფონი, და მისციან მათ  თვითოთა თვითო (ეგრეთვე ქორწილისა, დიდგამომჩვენებისა დღესა შინა ყვიან ესე ასპარეზსა ზედა). მერმე შემოვიდიან მეფისა თანა და შექმნიან ნადიმნი და პურობანი დიდნი მგოსან-სახიობითა. არამედ კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ვიდრემდის იყვნენ მუნ, არა იყო მწყობრთა ძალთა ცემანი, არამედ –  გალობანი. ხოლო შემდგომად წარსლვისა მათისა იყო მგოსანთა, მომღერალთა და ყოველთა სახიობთა ცემანი.” (ვახუშტი, 29-30, 17-25, 1-5). ასევე თეიმურაზ ბატონიშვილის “დღისა და ღამის გაბაასებაში”:

“როდის იქნების ქორწილი ან სხვა დღეობა კარგიო,

ყაბახზედ ოქროს ვაშლს შესმენ ძვირფასის, იყოს ვარგიო,

კარგა დაკაზმულს ცხენს ისხდენ, ზედ არ ეკიდოს ბარგიო,

კურტაკიანთა ვაჟთა თქვან: “სროლაში, მკლავო, მარგიო!”

ყაბახზე ჰქონია სასახლე იესე ბატონიშვილს (ალიყული-ხანს), რომელიც 1714-1716 წლებში ქართლის მეფის ტახტზე იჯდა. როგორც პლატონ იოსელიანი წერს თავის წიგნში, იესე ბატონიშვილი აქვეა დაკრძალული (Иосселиани, 250)[17].

მუზეუმი?

კარდინალთან ნანახ უცხო ნივთებს შორის საბა ასახელებს: “ბატონის სალაროში ღორის კბილსავით რომ კბილია, ორი მისთანა, მაგრამ იმტოლი ვერ იყო. კაცის თავი გაქვავებული, სოკო გაქვავებული. ეს ქართლშიაც მინახავს.” [38გვ. B46]

ამაზე კომენტარს აკეთებს საბას ტექსტის გამომცემელი, ს. იორდანიშვილი: “საბა აქ გვაწვდის მეტად საინტერესო ცნობებს საქართველოში “მუზეუმის” ჩანასახისას, ბატონის სალაროში. საყურადღებოა აგრეთვე მისი მისი პალეონტოლოგიური ცნობები ქართლის გაქვავებულ ცხოველთა და მცენარეთა შესახებ”.

ვახტანგის კარის ეკლესია

რომში: “იქიდამ მიგვიყუანეს ერთს დომენიკაანთ დედათ მონასტერში. ეკკლესია მომცრო იყო, მაგრამ საკვირველად საკვირველი შემკული იყო. სულ ფერადი მარმარილო. ამის მეტი რა გითხრა. ვახტანგის კარის ეკკლესიად დავნატრე: მე მიმაძღნობინა მეთქი” [42გვ. B52].

როგორც ჩანს, საუბარია წმ. გიორგის კარის ეკლესიაზე ბატონის სასახლესთან, რომელიც 1710 წელს ააგო სიმონ ბატონიშვილმა, ვახტანგის ძმამ. საბას მოგზაურობისას ეკლესია შესაძლოა ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დასრულებული და ალბათ ამით აიხსნება მისი ასეთი ზრუნვა შესამკობელზე. ამ ადგილას ადრე უძველესი, მთავარანგელოზის სახელობის V საუკუნეში აგებული ეკლესია იყო, რომელიც თემურ ლენგს დაუნგრევია 1398 წელს. მის ნანგრევებზე 1640 წელს როსტომ ხანმა სამი ეკლესია ააგებინა. 1). იოანე ნათლისმცემლის სახელობაზე, როსტომის სასახლის წინ. 2). ბატონის მოედანზე, ხარებისა და 3). წმ. გიორგის ეკლესია, რომელსაც 1747 წელს[18], ერეკლე II-სთან დაპირისპირების დროს, იესეს შვილის, აბდულა-ბეგის მომხრე მეციხოვნეების მიერ მეტეხის ციხის ზარბაზნიდან ნასროლი ყუმბარა მოხვდა სამხრეთ კედელზე და დააზიანა. ამ ტაძართან ბევრი საინტერესო ისტორია და ლეგენდაა დაკავშირებული. აქვე ინახებოდა წმ. გიორგის უძველესი ხატი და წმინდა ნაწილები.

ბიბლიოთეკა

24 ივლისს საბა პაპის “სამწიგნობროში” წაიყვანეს: “სხვა ყოვლისა რჯულისა და ყოვლისა ენისა წიგნები იყო. მრავალი ვეძებე ქართული წიგნები, ვერ ვიპოვე, არსად ჩნდა” [52 გვ. B55].[19]

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები, როგორც ცნობილია, 1629 წლით თარიღდება. საბას ევროპაში მოგზაურობისთვის ქართულ წიგნის ბეჭდვას 100 წლიანი ისტორიაც კი არ ჰქონდა და ამიტომ, ცხადია, ქართული წიგნების რაოდენობა ძალზე შეზღუდული იყო. 1629 წელს, რომში გამოცემული “ქართული ანბანი ლოცვებით”, სტეფ. პაოლინისა და ნიკ. ირბახის “ქართულ-იტალიური ლექსიკონის” და ფრ. მ. მაჯოს “ქართული გრამატიკის” შემდეგ 50 წელზე მეტი უნდა გასულიყო, სანამ ქართული წიგნის ბეჭდვის საკითხი კიდევ ერთხელ წამოიწევდა წინ. 1683 წლის 23 სექტემბერს იერუსალიმის პატრიარქი წერდა მეფე არჩილ II-ს: “სიხარულით მინდა გაცნობოთ. ქართულად ბეჭდვის შემოღება გადავწყვიტეთ, დაე, ქართული წიგნებიც ისე იბეჭდებოდეს აქ, როგორც ბერძნული” (იოსელიანი, 134). თედო ჟორდანიას ვარაუდით, 1696-1697 წლებში ჩამოსულ იერუსალიმის პატრიარქს სტამბის მოწყობის თაობაზე ვახტანგ VI-სთან ჰქონდა მოლაპარაკებები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ქართული წიგნის ისტორიაში მომავალი კათალიკოსი, ვახტანგ VI-ის ძმა, დომენტია[20]. საქმე ისაა, რომ იგი დოსითეოს პატრიარქს გაჰყვა იერუსალიმში და წიგნის ბეჭდვის საქმეც იქ შეისწავლა. 1704 წელს დომენტი კათალიკოსად აკურთხეს და 1705-ში თბილისში პირველი სტამბაც დაარსდა[21] (ე.წ. მარტივი, მცირე წარმადობის სტამბა), რომელიც 1709 წელს ანთიმოზ ივერიელის მიერ წარმოგზავნილმა იშტვანოვიჩმა სრულჰყო.[22] ამ მცირე სტამბაში დაბეჭდილი პირველი წიგნი დავითნი იყო (1705).

1708 წელს წელს თბილისში ჩამოსულმა იშტვანოვიჩმა ერთ წლიწადში დაბეჭდა “სახარება”, “სამოციქულო”, “დავითნი” (1709), 1710-ში – “კონდაკი”, “ლოცვანი”, “ჟამნი”, 1711-ში – “დავითნი” (მესამე გამოცემა), 1712 წელს გამოვიდა “დავითნის” მეოთხე გამოცემა და რაც მთავარია, “ვეფხისტყაოსანი”. საბას ევროპაში გამგზავრების წელს, 1713-ში გამოცემული ჩანს მხოლოდ ერთი წიგნი, სქელტანიანი “კურთხევანი”.

საბა წიგნებში ალბათ გულისხმობდა ხელნაწერებსაც, რაც მაშინ ევროპაში კიარა, საქართველოშიც კი ძნელად იპოვებოდა. იმ წლებში ქვეყანაში ძველი ხელნაწერების ძალზე აქტიური ძიება მიმდინარეობდა. კ. კეკელიძის სიტყვით, XVII-XVIII საუკუნეებში “გულმოდგინედ დაეძებდნენ წინა პერიოდში ნათარგმნ თუ დაწერილ თხზულებებს და დაუღალავად იღებდნენ მათგან პირებს”. XVIII საუკუნის დასაწყისში თბილისში მდიდარი ბიბლიოთეკები არსებობდა, სწორედ ამ წესით თავმოყრილი. გვაქვს ცნობებიც იმის შესახებ, რომ ვახტანგის ბიძის, გიორგი XI-ის ბიბლიოთეკით ძალზე ხშირად სარგებლობდნენ კათოლიკე მისიონერები (გაბაშვილი, 65). ეს ბიბლიოთეკა 1723 წელს, ჯერ მაჰმადყულიხანის ჯარის, ბოლოს კი ოსმალების შემოსვლის შემდეგ თითქმის მთლიანად განადგურდა.

სიონის ღვთისმშობლის ხატი

დომინიკანურ დედათა მონასტერში “მარჯვენა მხრის ტრაპეზზე ლუკა მახარებელისაგან დახატული იყო. და ერთს დიდს კუბოში ესვენა. სიონთა ღვთის მშობლის ტოლია. ძე მარცხნივ უზის” [53გვ. B66-67].

უკვე 1713-1714 წლებისთვის სიონის ღვთისმშობლის ხატთან მრავალი ლეგენდა თუ რეალური ამბავი იყო დაკავშირებული, თუმცა მისი თავგადასავალის ყველაზე მძიმე პერიოდი ჯერ კიდევ წინ იყო. ხატი 1522 წელს შაჰ-ისმაილს თბილისის აღების შემდეგ ტაძრიდან გამოუტანია, ძვირფასი ქვებისგან განუძარცვავს და მტკვარში ჩაუგდია. კახეთის მეფეს, ლევან II-ს ხატი ნავთლუღში, თბილისის სამხრეთით, ოთხი ვერსის დაშორებით, მარცხენა ნაპირზე უპოვია, კვლავ შეუმკია და ისევ სიონის ტაძარში დაუბრძანებია.[23] არსებობდა მეორე ისტორიაც, რომლის თანახმადაც, შაჰ-ისმაილს მორთულობისგან განძარცვილი ხატი მტკვრის პირას, ავლაბრის ხიდის ყურესთან დაუდგამს და ტფილისელ ქრისტიანთათვის ხატის გმობა და ფეხით გათელვა უბრძანებია. ურჩებს სიკვდილით სჯიდნენ. ამის შემდეგ ხატი მდინარეში გადაუგდიათ და მოგვიანებით იგი მტკვრის მარცხენა ნაპირზე გამოურიყავს, სადაც იგი ერთ კახელ გლეხს აღმოუჩენია, წაუღია კახეთში და მეფისთვის მიურთმევია. კახთა ბატონს ხატი ისევ ძვირფასად შეუმკია და სიონში დაუბრუნებია, სადაც იგი 1724 წლამდე, თურქების შემოსევამდე ესვენა. ასე იყო ალბათ 1713 წელსაც, საბას გამგზავრების პერიოდში, თუმცა 1723-1729 წლებში, კახეთის მეფე მაჰმად-ყული ხანის შემოსევების შემდეგ სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლის ხატი წაუღიათ. ხატის ბედი უცნობია, ზოგის აზრით იგი გადაუმალავთ (Иосселиани, 118-119). XVIII საუკუნის 1762 წელს სიონის ღვთისმშობლის ხატის ნაცვლად ვახტანგ VI-ის ვაჟს, გიორგის მოსკოვში “შეუმზადებია” და ტფილისში გამოუგზავნია ძვირფასად შემკული ხატი[24]. თავის მხრივ, ეს ხატიც, 1795 წელს გადაურჩენია სპარსელებისგან იოანე ოსეშვილს და იგი დროებით კაიშაურის მთებში გადაუმალია.

“განათლების რეფორმა”

რომში საბა ერთ მონასტერს ასტუმრეს, სადაც “სამადლოდ ბერძნის, სომხის და არაბის შვილები და სხვათა იზდებიან”. საბამ ამ უცხოელი ყმაწვილების (ეთიოპელის, სომხის, ბერძნის, ეგვიპტელის, ასურის, სპარსის და სხვ.) ქადაგებები მოისმინა, ბოლოს კი “მათმა ეპისკოპოსმა კიდეც მიხუმრა: ქართველი გვაკლია ყმაწვილები გამოგზავნეო, ასე ვასწავლიო და იქავ გამოვგზავნიო. მაგრამ ეს არც ხუმრობა იყო. მართლა მთხოვა პაპის ბრძანებითა.” [75გვ. B95-96].

ამასთან დაკავშირებით ძალზე საინტერესო წინადადებას ვხვდებით ორმხრივ მემორანდუმში, რომელზეც ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი. იმ მონაკვეთში, სადაც საუბარია საქართველოში გავრცელებულ “დასაძრახ ჩვეულებაზე”, რომელიც საკუთარი შვილების თურქებზე მიყიდვას გულისხმობს, ვკითხულობთ: “ისინი ემსახურებიან საზიზღარ ჩვეულებას, ამცირებენ თავიანთ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას და ამით დღითიდღე, სულ უფრო და უფრო ისუსტებენ თავს… არ იქნებოდა ძალიან ძნელი ერთდროულად გვესარგებლა ყველა ამ მოსაზრებით, ვაიძულოთ ისინი, შეცვალონ მიზანი, ვურჩიოთ, რომ ბავშვები 12 წლის შესრულების შემდეგ [გაგზავნონ საფრანგეთში]… უფრო გათვითცნობიერებულნი იქნებიან და შეეძლებათ მხარი დაუჭირონ თავისი ქვეყნის სარწმუნოებას და სამშობლოში დაბრუნებისას დაეხმარონ მათ ცხოვრებაში”. იმ დროში, საფრანგეთის მთავრობას შეეძლო “მიეღო ყოველწლიურად თავადაზნაურულ წრიდან გამოსული, ყველაზე უფრო ღირსეული, 16 წლის ასაკის 15 ან 20 ახალგაზრდა, რომლებიც ჩამოვიდოდნენ საფრანგეთში თავისი სურვილით და მშობლების განკარგულებით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისინი აღიზრდებოდნენ… კოლეჯში, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლებოდა დაარსებულიყო საქართველოში” (ტაბაღუა, 100-101).

ეს ფრანგული განათლება ძირითადად სამხედრო საქმეს გულისხმობდა და საქართველოში კოლეჯის გახსნის მცდელობაც ამას უკავშირდებოდა. სამწუხაროდ, ეს ორმხრივი სურვილი ქართული “განათლების სისტემის” რეფორმირებისა, რომელიც რომიდან და ლუი XIV-ის საფრანგეთიდან მომდინარეობდა, განუხორციელებელი დარჩა და საქართველოში მხოლოდ XIX საუკუნის 40-50-იანი წლებისთვის ჩამოყალიბდა ერთი მხრივ სამხედრო არისტოკრატია, მეორე მხრივ კი პირველად გაჩნდა საშუალება საუნივერსიტეტო – მართალია რუსული – განათლების მიღებისა.

ასბესტის ხელსახოცი

რომში, ერთ-ერთ კარდინალთან: “ერთი სხვილი ტილოს ხეში რომ იქნება მისათანა იყო… მოუკიდეს ცეცხლი… ის ტილო გარეცხილსავით დარჩა. მერმე ნაკვერცხალი დაუყარეს. პატარა საბერველით უბერეს. აეგზნო ნაკვერცხალი და გარეცხილს გვანდა. ცეცხლმა ვერ დააკლო რა. ათასი მარჩილი ეძლია ფრანჩისის კარდინალს და არ მიეცა. მე რით შევიძლებდი სყიდვას, თვარა ვახტანგ მეფისათვის კაი ძღვენი იყო. ის ფრანჩაგვისაგან არის. ამიანტოს ქვიან. წიგნებში ქვად არა სწერია. ხედ სწერია. ის ქვაც მინახავს. ყეენს გამოეგზავნა ვახტანგ მეფისათვის. ამისი ხელსახოცი ეგება მიშოვნო სადმეო.” [79გვ. B101]

საუბარია ბოჭკოვანი მინერალის, ასბესტის მასალისგან მოქსოვილ ნაჭერზე, რომელიც იმ პერიოდში ძალიან ძვირად ფასობდა და როგორც ვხედავთ, იშვიათი ნივთების მოყვარულ ვახტანგ VI-ს დაუბარებია საბასთვის. მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა ჯანმრთელობისთვის მისი მავნებლობის შესახებ, უფრო მეტიც, ანტიკურობიდან მოყოლებული, ასბესტის ნაქსოვთან ლეგენდები იყო დაკავშირებული. საბას ლექსიკონში ამიანტოსის შესახებ ვკითხულობთ: “ესე ბუნებით ხე არს მსგავსი ქვისა და განულეველი ცეცხლისაგან, რამეთუ ცეცხლსა რა შევიდეს, განაკვერცხლებული ჰგონიეს, და რა გამოიღო, ვითარცა წყლითა გარეცხილი, უწმიდეს არს. მისის ძაფთაგან ტილო მოიქსოება”[25]. დაახლოებით ასევე განიმარტება საბასთან “ამინატონი” (მცირედი ცვლილებებით, მაგ. გარეცხილის ნაცვლად საბა “განბრკინვალებულს” ამბობს). სამივე ამ ტექსტის ლექსიკურ ერთეულთა შედარება, ასევე ყეენისგან გამოგზავნილი “ქვის” ამბავიც გვაფიქრებინებს, რომ საბას რომში ვიზიტამდე ნანახი არ უნდა ჰქონოდა ეს მატერია, აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თავის “ლექსიკონში” საბამ “ამიანტოსის” და “ამინატონის” შესახებ სტატიები მუშაობის მეორე ეტაპზე[26], 1713-1716 წლებში, ევროპაში მოგზაურობისას უნდა შეეტანა და მათ, ორივეს ზემოთმოყვანილი შენიშვნა უდევს საფუძვლად.

ბოლო იმედები

“[პაპმა] ასე მალე არ გაგიშვებდიო, მაგრამ ვახტანგ მეფის უკითხავად წამოსულხარო, რომ დამეჭირე იმას გულს დააკლდებაო და წადი მისი საქმე მოიჭირვეო” [85გვ. B109]

ეს საუბარი რომში 1714 წლის 17 აგვისტოს შედგა. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა იმედები, რომ საბას ელჩობა უშედეგოდ არ ჩაივლიდა, თუმცა ნელ-ნელა საბა კარგავდა ამ იმედებს. პირველი დარტყმა კონსტანტინეპოლში ჩასვლისთანავე, ვახტანგისგან მიღებული წერილი იყო, სადაც იგი ვითარების გაუარესების შესახებ ატყობინებდა (როგორც ჩანს იესეს გამეფების ამბავიც მისი წერილიდან შეიტყო) და “სთხოვდა ევროპაში საქმის დაჩქარებას” (ლეონიძე, 97). საბას ბოლო იმედები მას შემდეგ უნდა გადაწურულიყო, რაც საფრანგეთიდან ლუი XIV-ის გარდაცვალების ამბავი მოვიდა. საფრანგეთის მეფე 1715 წლის 1 სექტემბერს გარდაიცვალა, ამ დროს საბა კონსტანტინეპოლში იმყოფებოდა და წესით მალე უნდა გაეგო ეს ამბავი, რადგან მუდმივად ჰქონდა ურთიერთობა საფრანგეთის ელჩთან სტამბოლში.

სხალნარი

რომიდან წამოსული საბა რამდენიმე დღეში ვალჩიმარაში აღმოჩნდა, სადაც სხალ ნარი დიდგორი რომ არის, ამგვარი ადგილები იყო [87გვ. B113].

სხალნარს ვახუშტიც ახსენებს ორჯერ: “ჩრდილოთ გორა კუმისისა, მტკურიდამ მიყოლით კოჟრამდე, განვლის სამადლოს და სხალნარს, მიადგების დიდგორს”, “Ãევი საღირაშენისა, გამოსდის სხალნარს და მოდის სამÃრით” (ვახუშტი, 325, 6, 327, 1).

ხახული

ქალაქ ლორეტოში საბას “წმიდა სახლის სანახავად”[27] წარუძღვნენ. საბა ლორეტოს ღვთისმშობლის (Madonna di Loreto) გამოსახულებას ახასიათებს და შემდეგ ამბობს: იმ ხატის სისწორ მაღლა კედელში ორი წითელი იაგუნდი ზის. ხახულის ღვთის მშობლის თვალს უფროსი არის და უკეთესიცა. და ყვითელი და თეთრი იაგუნდი, დიდროვანი, ურიცხვი [90გვ. B117].

1713 წელს ხახულის ხატი გელათის მონასტერში იყო დასვენებული. შემორჩენილი გვაქვს იმერეთში რუსეთის ელჩების, ტოლოჩანოვისა და იევლევის აღწერა, 1650 წლისა: “ყოვლად წმიდის ღვთისმშობლის ხატი, წელზევით გამოსახული, ხელებგაწვდენილი უფლისა მიმართ ისე, როგორც იწერება ვედრებაში. ძვირფასად შემკული და გასაოცარი” (ამირანაშვილი, 16). ვახუშტიც წერს, “აქა არს ყოვლად წმიდის ხატი ხახულის ღვთისმშობელი, ლუკა მახარებლის დახატული… და შემკული ძÂრფასითა ქვებითა აღმაშენებელისა და თამარ მეფისათი” (ვახუშტი, 753, 18). სრულიად შესაძლებელია, საბას გრიგოლ კათალიკოსთან სტუმრობის დროსაც ენახა ხატი. ჩვენთვის უცნობია თუ კერძოდ რომელი თვალი იგულისხმება “ღვთის მშობლის თვალში”. კარედი დემეტრე I-ის პერიოდში შეუქმნიათ. ხატი 1859 წელს გაიძარცვა, დაიკარგა თავად მინანქრით შემკული ღვთისმშობლის ვედრების ხატი. სავარაუდოდ თვალი თავად ხატზე იყო და არა კარედზე (შესაძლოა შენაწირ ნივთებს შორისაც იყო). ხახულის მოპარული ხატის ადგილი 1865 წელს რუსული ფერწერული ასლით შეუვსიათ, თუმცა მოგვიანებით, როცა მინანქრის ფრაგმენტები რუსი კოლექციონერის, მ. ბოტკინის კოლექციაში იპოვეს, ნახატი ისევ მინანქრით შეუცვლიათ (XX საუკუნის 20-იან წლებში ღვთისმშობლის ვედრების მინანქრის ფრაგმენტები საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისში დაბრუნებულა). მკვლევარი რ. ყენია თავის მონოგრაფიაში წერს: “ხატი რომ მთლიანად მინანქრით ყოფილიყო შესრულებული, მაშინ ახალ ხატს მთლიანად ფერწერით შეასრულებდნენ, ჩვენი აზრით, ხატი თავდაპირველად ჭედურით ყოფილა შესრულებული, ხოლო სახე და ხელები – მინანქრით”. შესაძლოა ძვირფასი თვალი სწორედ ხატის ჭედურ ნაწილში იყო ჩართული.

პლატონ იოსელიანი თავის “Путевые записки по Дагестану”-ში დეტალურად ჩამოთვლიდა საქართველოში გავრცელებულ 20 სხვადასხვა ძვირფას ქვას (Иосселиани, 1862, 81-84) და ბოლოში დასძენდა, რომ უდიდესი ნაწილი ამ ქვებისა ხახულის ხატს ამკობდაო (ხატს და არა კარედს). პლატონ იოსელიანის სიტყვით, ხალხში შემორჩა მხოლოდ სამი ქვის დასახელება, რომელიც ღვთისმშობლის გამოსახულებას ამშვენებდა: ობოლა, კედელა, შედეგა (Иосселиани, 1862, 84). აქედან, ობოლა – ოპალია, შედეგა – ობსიდიანი, კედელას წარმომავლობას იოსელიანი ვერ ხსნის, თუმცა ამბობს, რომ გარეგნულად ძალიან ჰგავდა ლაჟვარდის ქვას (лазоревый камень[28]). სამი ქვის ამბავს ადასტურებს გ. წერეთელიც გელათის მონასტრის წარწერების სრულ აღწერაში (Церетели, 251).

როზალია – ვარდუა

“ამ ქალაქის მეფის ქალს ლოზოლა რქმეოდა. ჩვენის ენით ვარდუად გამოითარგმნება” [18გვ. B118].

         საუბარია სანტა როზალიაზე (XII ს.). ეს ფრაგმენტი თამამად შეიძლება ლექსიკოლოგებმა საბას “სიტყვის კონაში” შეიტანონ, კერძოდ “თარგმანი ქვეყანათა და კაცთა სახელებისა”-ში და ლოზოლას ვარდუად თარგმანება სქოლიოს სახით მაინც ჩასვან ლობნი-სა და ლოთ-ს შორის.

ატენური ღვინო

სიცილიაზე: “სადილად ერთ ლიმენაზე მივედით. კლდე იყო შეკაფულივით, დიაღ, დიდსა და გრძლად მიგრეხილს მოგრეხილი. მეთევზენი ნადირობდნენ. ასეთი ღვინო იყო, ატენურის ღვინის მსგავსი. სხვაგან არ გვენახა. იმ ადგილებში სულ კაი ღვინო იყო.” [123გვ. B168].

საბა რამდენიმეჯერ ახსენებს უცხოურ ღვინოებს, თუმცა ეს ერთად-ერთი შემთხვევაა, როცა იგი ქართულს ადარებს მას.[29] იგულისხმება ეტნის რეგიონი, სადაც ვულკანური წარმოშობის კალთებზე განსაკუთრებული ხასიათის ღვინო დგება დღესაც. ეს რეგიონი ძლიერი წითელი, სასიამოვნო ვარდისფერი და თეთრი ღვინოებით ხასიათდებოდა. ალბათ სწორედ თეთრებს გულისხმობდა საბა, როცა ატენურს ადარებდა მას. საბას დროს ატენური საუკეთესო ქართულ ღვინოდ მიიჩნეოდა. მაშინ, გარკვეულ მიზეზთა გამო, ქართლში ძირითადად ქართლური ღვინო ფასობდა და ერეკლეს გამეფებამდე კახური ღვინო ისეთი პოპულარული არ იყო. ვახტანგ VI-საც ზვრების დიდი ნაწილი ქართლში ჰქონდა, კერძოდ ბოლნისში, ტკბილი კი დასადუღებლად კოჯორში აჰქონდათ ხოლმე (ჯავახიშვილი, 668).

ვახუშტი ბატონიშვილს ქართლის მეღვინეობის ლამის არცერთი ცნობილი მიკროზონა არ დაუტოვებია აღუნიშნავი. ატენის შესახებ იგი წერდა: “ხეობა ესე არს ვენახოვან-ხილიანი… არს ციხე მაღალს კლდეთა ზედა, ნაშენი დიდი, და ციხის გორის სამხრით არს საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული… დამჩხერალოდან ტფილისამდე, მტკურის კერძო მთამდე, არს ნაყოფიერი… ხილი და ვენახი მრავალნი; ღვინო აქაური უმჯობესი ყოვლისა ქართლისა, და უმეტეს ატენური ყოველთა საქართველოს ღვინოთა” (ვახუშტი, 345-17-21).

ატენური ე.წ. კლასიკურ მოგუდულ ღვინოდ ითვლება (მას ბუნებრივ ცქრიალა ღვინოსაც უწოდებენ). ზოგიერთი ენოლოგის მიხედვით, ატენურის დასამზადებლად ყურძენს გვიან კრეფდნენ, სიცივის დადგომის გამო დუღილი ბოლომდე არ მიდიოდა, ღვინოში ნარჩუნდებოდა ცოტაოდენი შაქარი და ნახშირორჟანგით ღვინის გაჟღენთვის გამო იგი ცქრიალის თვისებებით ხასიათდებოდა (იყო შემთხვევები, როცა გაზაფხულზე აგრძელებდა ღვინო დუღილს). შაქრისა და ნახშირორჟანგის შენარჩუნების მიზნით ატენის ხეობაში, მაღლობ ადგილას სპეციალურად იყო მოწყობილი ქვევრები, სადაც ბუნებრივ სიცივეს იყენებდნენ (“საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული”) და ამ ადგილს დღემდე საცივი ჰქვია.

ყანდურალოვისა და 19-ე საუკუნის სხვა ავტორების სიტყვით, ატენის ხეობაში ძირითადად ქართლური (გორული) მწვანეს, თავკვერისა და ბუდეშურის ჯიშები მოდიოდა და ზოგიერთის თანახმად ძველი ატენური მხოლოდ ბუდეშურიდან დგებოდა. უფრო გავრცელებულ ვარიანტებში ჩინური და გორული მწვანე ფიგურირებს ერთად, რომელსაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში უკვე ალიგოტეც ემატებოდა.

უფლისციხე

მალტის პირველ შთაბეჭდილებებში ვკითხულობთ: “ზღვის პირს ერთი კლდეა ვაკე. უფლის ციხის მსგავსი, ადვილი საჭრელი” [126გვ. B172].

საბას მოგზაურობიდან 30 წლის შემდეგ, ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერდა მის თანადროულ უფლისციხეს: “აშურიანს ზეით არს უფლის-ციხე, კუერნაქის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკურის კიდესა, რომელი აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ჩინგისამდე; აწ არს შემუსრვილი. არამედ შენობა უცხო, კლდისაგან გამოკუეთილი; პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისაგანვე; გÂირაბი ჩახვრეტით ჩაკაფული მტკურამდ[ე], დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკუეთილნი ქუაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს, აქა არს ბუზნი. გამოსული იხილვების სპა-ლაშკარნი შუბოსანმშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშკრებულნი, ნიშვნენ მისნობად და უწოდებენ უფლისციხეს”. შესაძლოა ვახუშტის სწორედ ამ ციტატის გამო ივარაუდა ერთ-ერთმა თანამედროვე ისტორიკოსმა: “თავდაპირველი მისი ფუნქცია [უფლისციხის], მართალია, შეიცვალა, მაგრამ რაღაც ქვეყნიდან იზოლირებული თემი, “წარმართული” თემი იქ მაინც ცხოვრობს XVIII საუკუნეშიც კი” (ყიფიანი, 23).

ტყვეები, აფხაზები

საბა მალტელების ვაჟკაცობას აღწერს და გვიამბობს თათრისთვის წართმეულ ტყვეებთან შეხვედრის ამბავს: “ქართველნიც ვნახე: ზოგი აფხაზი, ზოგი იმერელი, გურული, მეგრელი, რომ თათრისათვის წაერთმიათ. ენა ისევ კარგა იცოდნენ. აფხაზმა რატომ იცოდა, ის გამიკვირდა, ქართული! [129გვ. B177]. და რამდენიმე დღის შემდეგ: “მე რომ მიველ, ტყვე თორმეტი ათასი თქვეს. და ას და შვიდი ჩემობას მოიყვანეს. რასაც ქრისტიანებს დაახელებენ, არ დაატყვეებენ: თუ უნდა გაუშვებენ, თუ უნდა შეინახვენ. თათარი ტყვედ ჰყოლოდათ. ერთი აფხაზი, ოთხი გურიელი, ერთი გუგუნავა სეხნიას შვილი იყო. დედაკაცებიც გურიელი, მეგრელი დარჩომოდათ. კაის პატივით ინახევდნენ.” [140 გვ. B192]

         XVIII საუკუნის დასაწყისის ერთი იტალიელი მოგზაურის, ქსავერიო გლავანის ცნობით (Главани, 37), იმერეთსაც და სამეგრელოსაც ხანები მართავდნენ, მაგრამ სუჯუკიდან (ნოვოროსიისკი) სამეგრელომდე 25 აფხაზი ბეი ცხოვრობსო და ისინი მართავენ მხარესო.[30] საინტერესოა მაშინდელი სამურზაყანოს სტატუსიც. 1866-1887 წლებს შორის, გენერალ კონსტანტინე მუხრან-ბატონის მიერ შედგენილ ჩანაწერებში ნათქვამია, რომ XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე სამურზაყანო ჯერ კიდევ სამეგრელოს ნაწილს წარმოადგენდა და აფხაზეთის მთავარმა, ჯიქუშია შარვაშიძემ წაართვა იგი დადიანს და სამფლობელოდ მისცა თავის ძმას, ყვაპუს, რომლისგანაც, როგორც მუხრანელი ამბობს, მომდინარეობს სამურზაყანოში მცხოვრები ყველა შარვაშიძის გვარი. მეორე მხრივ, მიხეილ ვორონცოვისადმი მიწერილი ერთი წერილის თანახმად, აფხაზეთის მთავრის, ზეგნაყ შარვაშიძის შვილებს, როსტომ, ჯიქუშია და ყვაპუ შარვაშიძეებს ერთმანეთს შორის დაუნაწევრებიათ ბზიფსა და ენგურს შორის მოქცეული მიწაწყალი (ტუღუში, 27).

საბას ელჩობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი აფხაზეთის მხარის წარმართთა მოქცევაცაა. რიშარი წერდა: “აფხაზეთში… წარმართები არიან და მეზობლადაც წარმართი ჩერქეზები ჰყავთ”. მაშინ ამ მხარეში მოგზაურობაც ძალზე სახიფათო იყო. უკვე საქართველოს საზღვრებს მოღწეულ საბას ეუბნება მეგზური: “აფხაზი აშლილია, მეშინიანო” [149გვ, B203].

როგორც ამ ფრაგმენტშიც ვკითხულობთ, სულხან საბა გაკვირვებულია აფხაზების[31] ქართულით. ჩვენ მოგვეპოვება XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე აფხაზი თავადების მიერ ქართულ ენაზე შედგენილი არაერთი პირადი წერილი და მინაწერები, თუმცა ძირითადად, მოსახლეობამ, როგორც ჩანს, კარგად არ იცოდა ქართული.

ცალკე საკითხია ტყვეების სყიდვა, რომელიც იმ პერიოდში მთელს  საქართველოში იყო გავრცელებული. მართალია ვახტანგ VI-მ რამდენიმე წლის მანძილზე “მოშალა ტყÂს სყიდვა”, მაგრამ ეს ღონისძიებები დროებითი იყო. პრობლემა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს ეხებოდა, სადაც, როგორც მისიონერი რიშარი წერს: “საუბედუროდ ჩვეულებად აქვთ ერთმანეთი თათრებს მიჰყიდონ ხოლმე”. ამ ეპიზოდის გარდა საბას სხვა დროსაც არაერთხელ შეხვედრიან ქართველი ტყვეები. ყველაზე ბოლოს ასეთი შეხვედრა ხოფასთან მოხდა: “ზღვის პირ ცოტა ხანი ვლეთ. აგვიღელდა ზღვა და ორივ ნავი ერთმანეთს მოსხლიტა. იმათი ნავი ხოფას გააგდო და ჩვენი ნავი იმას ქვეით. იქ მეტყვე თათრები იყვნენ, იმერეთიდან ტყვეები მიჰყუანდათ კონსტანტინოპოლეს დასასყიდლად” [149გვ, B203].

აბაზიანი

4 ნოემბერს სულხან საბა წაიყვანეს მალტის ნათლისმცემლის ეკლესიაში, სადაც ნახა “ყელსაკიდი იუდას აღებულის ვერცხლისაგან. ორი, თითო აბაზისტოლი იქნებოდა” [135გვ. B-185].

         მაშინდელი ქართული ვერცხლის აბაზი 7,10-7,38 გრამს იწონიდა. საბას ლექსიკონში იგი განმარტებულია როგორც “ოთხი შაური, ორმოცი ფოლი”. საერთოდ, ყველაზე მცირე ფულადი ერთეული (თეთრი) XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნარევი ვერცხლის 0,035 გრ. ვერცხლს შეიცავდა, შაური შეიცავდა 50 თეთრს, აბაზი – 200-ს (ქოიავა, 20). საერთოდ ამ პერიოდში ქართლში გაბატონებული იყო თვლის ე.წ. დეციმალური სისტემა, რომელიც გამოისახება რიგით: 5-10-20-50-100. არსებობდა სპილენძის “ფული”, “ორი ფული”, ვერცხლის შაური, უზალთუნი, აბაზი, ექვსი შაური და მარჩილი (ქოიავა, 22). აბაზი მაშინ ყველაზე გავრცელებული ფულის ერთეული ყოფილა და ვინ იცის, შესაძლოა ის ფული, რომელიც საბას ვალებისთვის მისმა თბილისელმა “დავრდომილმა ნათლიდედამ” კარდაკარ სიარულით აგროვა[152გვ. B207-208], სწორედ აბაზ-აბაზ შეგროვდა. მაშინ ფულის ერთეულების თვლა დეციმალური სისტემის მიხედვით მიმდინარეობდა, მონეტები კი კვარტალური სისტემის მიხედვით იჭრებოდა (1-2-4-8-16). საერთოდ სულხან-საბა არაერთხელ ახსენებს ფულს, ქართულ და უცხოურ ფულის ერთეულებს. ხან იმის დეტალურ აღწერასაც გვთავაზობს თუ რამდენი გადაახდევინეს თორმეტიოდ კვერცხში, ცოტა ახალ ლობიოსა და ერთ კიბორჩხალაში (“ექვს ფლურის თხოვა დაგვიწყეს. ძლივ ხუთს მარჩილს დაგვჯერდნენ” [6გვ. B1]), ზოგჯერ კი ადგილობრივ ფულის ერთეულს უდარებს ქართულს (“ერთი სკუტი ოთხი აბაზია” [95გვ. B125]). ხშირია შემთხვევები, როცა საბა მგზავრობის ღირებულებას გვაცნობს, ასევე ამათუიმ სასულიერო პირის მიერ გაღებული ფულადი წყალობის ოდენობას ან თავის დანახარჯებს. ტექსტის დასასრულს კი დეტალურად ვგებულობთ, თუ რამდენი მარჩილი წაართვეს მას გონიოში, ჩხალაში და არტანში. ერთ-ერთი ყველაზე დიდი თანხა, რაც “მოგზაურობაშია” დასახელებული, რა თქმა უნდა ვახტანგ VI-ის გამოსასყიდი სესხია, 20 000 თუმანი[32] (300 000 ეკიუ).

ლიტერატურა

ამირანაშვილი შალვა, ხახულის კარედი, თბ. 1972

ბერიძე ვახტანგ, XVIII საუკუნის თბილისი ვახუშტის გეგმის მიხედვით// ანალები I, 1947.

ბერიძე თ. ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია, 1977.

ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია, საქართველოს ისტორია, თბ., 1946.

ბერძნიშვილი მამისა, თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში. თბ. 1965.

ბოჭორიშვილი ლ. კახური ჩაცმა-დახურვა – ქალის ჩაცმულობა// ანალები I, 1947.

გაბაშვილი ვ. სულხან-საბა ორბელიანი როგორც დიპლომატი.// სულხან-საბა ორბელიანი, 1658-1958. საიუბილეო კრებული. თბ. 1959.

გვრიტიშვილი დ., მესხია შ. თბილისის ისტორია, თბ. 1952.

. დონდუა, სულხანსაბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის გეოგრაფიული მნიშვნელობა// სულხან-საბა ორბელიანი, 1658-1958. საიუბილეო კრებული. თბ. 1959.

ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბ. 1973.

თამარაშვილი მიქელ, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. ნამდვილის საბუთების შემოტანითა და განმარტებით XIII საუკუნიდგან ვიდრე XX საუკუნემდე. ტფ. 1902.

იოსელიანი ავთანდილ, ქართული მწიგნობრობის, წიგნისა და სტამბის ისტორიის საკითხები (უძველესი დროიდან XIX ს. 60-იან წლებამდე). თბ. 1990.

დ. კაციტაძე, ირან-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, თსუ, შრომები, ტ. 108, 1964;

რ. კიკნაძე, ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1966

ლეონიძე გიორგი, სულხან-საბა ორბელიანი//ძიებანი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, 1940.

ჟორდანია თ. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა. ტფ. 1897.

ტაბაღუა ილია, სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა საფრანგეთში, თბ. 1965

ტუღუში ა.,  აფხაზეთის სამთავროს წარმოშობის დროის საკითხისათვის. ზუგ. 2001.

ქოიავა ნ. ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში. თბ. 1962.

ქუთათელაძე ლ. სულხან-საბა ორბელიანისა და ვახტანგ VI-ის ლექსიკოგრაფიული ურთიერთობისთვის.// სულხან-საბა ორბელიანი, 1658-1958. საიუბილეო კრებული. თბ. 1959.

ყენია რ. ხახულის ღვთისმშობლის ხატის კარედის მოჭედილობა, თბ. 1972

ყიფიანი გურამ, უფლისციხე, თბ. 2002.

ჯავახიშვილი ივ. საქართველოს ეკონომიური ისტორია// თხზულებანი, ტ. V. თბ. 1986.

Главани К. Описание Черкессии 1729 г. Тф. 1893.

Пл. Иосселиани. Описание древностей Тифлиса. Тф. 1866.

Пл. Иосселиани. Путевые записки по Дагестану в 1861 году. Тф. 1862.

Е. Накашидзе, Очерк виноградарства и виноделия В Гурии и Мингрелии// Сборник сведений по виноградарству и виноделию на Кавказе. Вып. IV. Тф. 1896.

Церетели Г. Е. Полное собрание надписей на стенах и камнях и приписок к рукописям Гелатского монастыря.// “Древности”. Труды Восточной комиссии.Т. 1. Вып. 2. 1891 М., 1891;

D.M. Lang Georgian relations with France During the Reign of Wakhtang VI.// Journal of Royal Asiatic Society, ¾, 1950.


[1] ეს აბზაცი გაბრიელ გელოვანს ეკუთვნის, ამ “ისტორიული ექსპედიციის” ერთ-ერთ მონაწილეს. მაშინ საბასთან და ვახტანგ VI-სთან ერთად ათას ოთხასი თავად-აზნაური და სამღვდელო მიდიოდა რუსეთში. ციტატა მოგვყავს გიორგი ლეონიძის ნარკვევიდან (ლეონიძე, 104-105).

[2] XX საუკუნის 50-იან წლებში გეოგრაფიული საკითხები დეტალურად მიმოიხილა დ. დონდუამ, თუმცა ცხადია თანამედროვე წაკითხვა ბევრი რამით განსხვავებული იქნებოდა 50 წლის წინანდელზე. ამას ისიც ადასტურებს, რომ ამ სტატიაზე მუშაობისას, რომელიც არ ისახავდა მიზნად გეოგრაფიული კუთხით ტექსტის განხილვას, ბევრი ახალი საინტერესო რამ აღმოჩნდა, რაც დ.დონდუას ნაშრომში გათვალისწინებული არაა.

[3] პონშანტრენისადმი მიწერილ წერილში სულხან-საბა წერდა: “ბატონი ითანდან (ინტენდანტი) დიდებული მარცილიას რომ არის… საქართველოს საქმეები მუსუ რიშარით დაგვაწერინა, და გაახლოთ”. სამწუხაროდ, მარსელში შედგენილმა მემორანდუმმა დ’არნუს “მოუცლელობის” გამო დროზე ვერ ჩააღწია ლუვრში, საბასა და ლუდოვიკ XIV-ის შეხვედრისთვის. საბამ დ’არნუს გადასცა ასევე საქართველოს რუკა.

[4] გორიდან ანტიბამდე მარშრუტი სხვადასხვა წყაროებისა და ვარაუდების მიხედვითაა აღდგენილი, ანტიბიდან თბილისამდე გზას კი საბას ტექსტის მიხედვით “მივყვებოდით”.

[5]  საბა სწორედ გორში შეხვდა პატრ რიშარს და ალბათ აქვე მიიღო გადაწყვეტილება, ევროპაში გაჰყოლოდა მისიონერს.

[6] კონკრეტულად სად შეხვდნენ საბა და რიშარი სამეგრელოს კათალიკოსს, გრიგოლს, უცნობია. XVI საუკუნის II ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში იყო გადმოტანილი. ვახუშტის მიხედვით, სენაკშიც ყოფილა აფხაზთა კათალიკოსის “საყოფელი” (ვახუშტი, 777, 9-11). პატრი დონ იოსებ მარი ძამპი, XVII საუკუნის 50-60-იან წლებში ოდიშის კათალიკოსს გაენათელს უწოდებს (Genacelle).

[7] მისიონერი რიშარის წერილის თანახმად, “სამეგრელოსა და სხვა პროვინციების პატრიარქი შავ ზღვამდე წამოგვყვა”-ო (თამარაშვილი, 312). ოდიშში, იმდროინდელ ფოთის გარდა “ნავსადგურობისათÂს” მოიაზრებოდა ანაკლიაც და ყულევიც (კემხელი, მოგვ. რედუტ-კალე).

[8] 1940 წლის გამოცემის კომენტატორი, ს. იორდანიშვილი არასწორად აიგივებს ამ ადგილს ფრანჟისთან (Frangy), რომელიც რონის ალპებში მდებარეობს და ზემო სავოიას მიეკუთვნება (იხ. კომენტარი 1940 წლის გამოცემაში, 180 გვ.).

[9] ამ ტოპონიმის (ლიმონილო) გასწვრივ ცარიელია გრაფები დ. დონდუას მიერ შედგენილ ცხრილში.

[10] გიორგი ლეონიძე ს.ს.-ს ალიკორნში შეცდომით გულისხმობს ლოკარნოს, ქალაქს შვეიცარიაში (ლეონიძე, 95).

[11] ამ პერიოდში სპარსეთისკენ მიმავალი გზა სწორედ მეტეხის ციხეზე გადიოდა.

[12] თემასთან დაკავშირებით იხ. ივანე ჯავახიშვილის, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის. თბ. 1962, 3-203 გვ.

[13] დადიანობა მას 1701-1706 წლებს შორის უნდა მიეღო.

[14] შდრ. ბაში-აჩუკი. თურქულად თავშიშველს ნიშნავდა და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც იმერლები უნდა იგულისხმებოდნენ, ანუ მეგრელების მეზობლად, რიონის ნაპირას მოსახლე ხალხი.

[15] ამ თემასთან დაკავშირებით არ შეიძლება არ ვახსენოთ ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი), რომელმაც დაწყებითი განათლება რომში მიიღო, 1626-1629 წლებში კი საგანგებო მისიით მოიარა დასავლეთ ევროპის ქვეყნები, როგორც თეიმურაზის ელჩმა. ს. იორდანიშვილი საბას ტექსტის წინასიტყვაობაში ახსენებს ვინმე გელოვანს, რომელიც XVI საუკუნეში იურიდიულ მეცნიერებებს სწავლობდა ნეაპოლის უნივერსიტეტში. გარდა ამისა, XVII საუკუნის მეორე ნახევარში, რომში, ურბანოს კოლეჯში ქართველი ახალგაზრდების გაგზავნის შესახებ წერს მიხეილ თამარაშვილიც.

[16] წმინდა პეტრეს მოედანი იგულისხმება.

[17] ყაბახის შესახებ იხ. ასევე (Иосселиани, 266).

[18] პლ. იოსელიანი რატომღაც 1764 წელს ასახელებს ამ თარიღად.

[19] წიგნში საბა არაერთხელ აღწერს ბიბლიოთეკებს, მაგალითად, იგი რომელიღაც კარდინალის ბიბლიოთეკაზე წერს: “ერთს კარდინალს ერთი საწიგნო სახლი აეშენებინა., დიდი და პატიოსანი. და კედლის ძირის ძირიდამ მაღლა თავამდი ოთხგნითვე წიგნი ეწყო, უანგარიშო და მრავალი, რომ ვინც მაგისთანა კაცი იყოს, წიგნის სყიდვა არ შეეძლოს, იქ მივიდეს და რაც წიგნი უნდა, იკითხოს. მიართმიდეს რასაც ხანს იკითხევდა და გარეთ ვერ გაიტანდა” [27გვ, B30-31].

[20] რომელიც, სხვათა შორის, ევროპიდან დაბრუნების შემდეგ მწვავედ დაუპირისპირდა თავისი ძმის აღმზრდელს (ლეონიძე, 102)

[21] თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი, გოლოვინისადმი გაგზავნილ წერილში არჩილ II ჯერ კიდევ 1703 წელს ადასტურებს ხაზგასმით, რომ თბილისში უკვე მოქმედებდა მცირე სტამბა.

[22] როგორც ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, ამ დროს ქართული სტამბა უნდა ყოფილიყო კონსტანტინეპოლშიც.

[23] შდრ. “შაჰ-ისმაილ <…> შემოვიდა, შემუსრნა ხატნი და ჯვარნი და განძარცვა სიონის ღვთისმშობლის ხატი და შთააგდო მტკუარსა შინა (რომელი შემდგომად ჰპოვა ბატონმან ლევან, ნათლუღის ჭალასა შინა), მოსწყÂდნა ქალაქი და ტყუე ყვნა” (ვახუშტი, 399, 1-4). სხვათა შორის, ქართულ ისტორიოგრაფიაში 1522 წლის შემოსევის შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს. ნ. ბერძენიშვილს ეს ამბავი რეალურ ფაქტად მიაჩნდა (ბერძენიშვილი, 305), ზოგის აზრით კი, შაჰ-ისმაილი საქართველოში არასდროს ყოფილა (დ. კაციტაძე, რ. კიკნაძე). ამაში ეჭვი ეპარებოდა თავად ვახუშტისაც და შესაძლო მოლაშქრედ შაჰ-ისმაილის სპასპეტს, დევალს ასახელებდა სქოლიოში: “მე ვგონებ დევალს უმეტეს ჭეშმარიტს, ვინადგან შაჰ-ისმაილ ხონთქრის ბრძოლას უკან აღარ ლაშკრობდა” (ვახუშტი, 397, სქ.).

[24] ხატის დეტალური აღწერა იხ. (Иосселиани, 114-117).

[25] შდრ. ნიკო ჩუბინაშვილთან, “ამიანტოს – კლდის ქუა ესოდენ ლბილი, რომელ დაისთვის ბაბმბასავით, ხოლო ნასთი ანუ ნაქსოვი მისი არ დაიწვის ცეცხლთა შინა, горный или каменный лен”.

[26] ლექსიკონზე მუშაობის სამი ეტაპის შესახებ იხ. (ქუთათელაძე, 236)

[27] საუბარია Santa Casa di Loreto-ზე, დასავლური ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდეზე, ქოხზე, რომელშიც მარიამ ღვთისმშობელს ეხარა მაცხოვრის შობა. ეს ქოხი XIII საუკუნეში გადმოუტანიათ იტალიაში, ქ. ლორეტოში.

[28] რატომღაც პლ. იოსელიანთან ლაჟვარდის ქვას ლათინურ სახელად Cianus Orientalis აქვს მიწერილი, არადა ცნობილია, რომ ამ ქვას Lapis lazuli ჰქვია.

[29] რომში ყოფნისას საბა იქაურ მარანსაც გვიხასიათებს. იგი, შეიძლება ითქვას, პირველი ქართველი იყო, ვისაც ევროპულ ყაიდაზე დააგემოვნებინეს ღვინო: “მარანი ვნახე დიდი და მძლავრი. ერთის ბუწინის პირი წახსნეს. ერთის პირიდამ სამი რიგი ღვინო წამოასხეს, სამფერი. სამსავ სხვადასხვა გემო ჰქონდა” [92გვ. B121]. ბუწინი – საბას სიტყვის კონაში განიმარტება როგორც შეწყობილი ხის ჭურჭელი, კასრი.

[30] თურქული წყაროების მიხედვით, ბეების რაოდენობა 24-ია.

[31] იმდროინდელ ფრანგულ ტექსტებში საუბარია აბაზებზე (des Abazas).

[32] 1 თუმანი უდრიდა 10 მინალთუნს, 1 მინალთუნი 5 აბაზს და ა.შ. საბას მოგზაურობის შემდგომ, 1717-1718 წლებში აბაზი 5,41 გრამამდე შემცირდა, 1748-1749 წლებში კი უკვე 4,60 გრ. გახდა. (ქოიავა, 58.)

Facebook Comments Box