Posted on

მალხაზ ხარბედია – რაბლეს ხუთწიგნეული

rabelaise 2372

ამ წიგნის რანაირი გამოცემა არ მინახავს და წამიკითხავს. ზოგი ისეთი თხელი მახსოვს, გეგონება, მარტო პური და ყველი გამოეტანოს რაბლეს თავის სუფრაზე. ძირითადად ქართულად და რუსულად ვკითხულობდი ნაწილებს, ნაჭრებს (ბარკალს, წინამხარს, ჩალაღაჯს, უმზეურს, სუკებს, არტალას), სანამ ბოლოს ორივე ენაზე არ ჩავიგდე სრული ხუთწიგნეული და მიყოლებით არ გავძიძგნე საუზმე-სადილ-სამხარ-ვახშამ-გვიან სუსნაობისას, ხემს-სალათ-წვნიან-თავიკერძ-დესერტიანად. მუდმივად შთაბეჭდილებებში ვიყავი ამ წიგნისგან, მაგრამ სულ სხვაა, როცა ერთიანად, უსასრულო რიგად მოდის შენამდე ეს უზარმაზარი, ძლიერად ნაკმაზი კერძთა კრებული.

იწყებ კითხვას და ჯერ ტალღებად აღწევს ტექსტი შენამდე, თავიდან მომზადებული ხარ, როგორც მკითხველი და რაბლეც თითქოს თავს იზოგავს, მაგრამ შეტოპავ თუარა, მაშინვე ენის, მეტყველებისა და გასტრონომიის მდორე ნაკადში აღმოჩნდები, სადაც ცურვის ცოდნაზე მეტად მოთმინება, სიებს მიდევნება, რიგში დგომა, ნერწყვის მარაგი და სიამოვნების გამოზოგვა დაგჭირდება. უცებ შეიძლება მოგბეზრდეს. ამ დროს აუცილებლად უნდა გადადო წიგნი, ცოტა ხნით მაინც.

„სახელმორჭმულნო მემთვრალენო“, ასე მოგვმართავს ავტორი, რომელიც ხანდახან პირდაპირ თავში გვირტყამს, გვათრობს, უჭმელზე ჩაფენილი სამი ჭაჭასავით. იგი ზოგჯერ დამღლელიცაა. წარმოიდგინეთ, ჰედონისტი სიზიფე, რომელიც შეუჩერებლად ხლართავს სიტყვებს, ცნებებს, წინადადებებს, კერძებს, ხუმრობებს, ადის და ადის აღმართზე, სულმოუთქმელად. არ გასვენებს. მხოლოდ რამდენიმე წიგნის ჩამოთვლა შემიძლია, სადაც ამდენ დასამახსოვრებელ, გასაფანქრ, ხაზგასასმელ სიტყვას, ცნებას, გამონათქვამს და ამბავს ვიპოვით. ამათგან ზოგი გამოგონილია, სხვები კი დროსა და სივრცეში ამოთხრილი, გადაფხეკილი, ხელახლა წაკითხული, ნაჰერმენევტირები – წინადადებები და აბზაცები, ფრაზები, მთელი თავები, საიდანაც სიტყვის გამოტოვებაც კი არ შეიძლება. აქ რაბლე მარტო არაა რა თქმა უნდა. აქ გურამ გოგიაშვილიცაა, მთარგმნელი, ვინც რაბლეს ეჯიბრება, ეპაექრება და ბოლომდე წურავს, ქაჯავს მის დურდოს. ანდა არა, პირიქით, წვნიანი, გაჯერებული დურდო მოაქვს ავტორისგან და ცდილობს ახალი, ძლიერი რამ გამოხადოს მისგან.

რაბლეს წიგნის კითხვისას აზარტი მოდის და მოდის, ნაყროვანების მიუხედავად კი, მადა უფრო და უფრო იღვიძებს. ეს წიგნი გვარწმუნებს, რომ ნებისმიერი გამოსავალი არსებობს ქართულ ენაში, და რომ მითია, შეცდომაა ქართული ენის მოუქნელობაზე წუწუნი და ვაება.

ენა, ლექსიკა აქ იმდენად მძიმეწონიანი და მნიშვნელოვანია, იმხელაზე იზრდება და ისეთ ფორმებს იღებს, რომ სიუჟეტს, მოვლენებს ფარავს და ხანდახან გავიწყდება კიდეც რა მოხდა, ან რომელ თავზე ვართ. წინმსწრები თხრობაა, რეტროსპექციაა თუ მიმდინარე ამბების აღწერა, მთელი ყურადღება და სიამოვნება მაინც ენას მიაქვს. მათ შორის შებოლილ, მოხარშულ, თხლად დაჭრილ ენასაც.

         ზემოთ გურამ გოგიაშვილი ვახსენე, ვინც თავისი რაბლე შექმნა და აქვე უნდა დავიმოწმო რაბლეს კიდევ ერთი მესაიდუმლე, მიხაილ ბახტინი. მან დიდი ადგილი დაუთმო რაბლეზიანურ ნადიმების მნიშვნელობას თავის დიდ წიგნში Творчество Франсуа Рабле и народная культура средневековья и Ренессанса. იგი პირველ რიგში ხაზს უსვამს, რომ რაბლესთან არ უნდა ვეძებოთ სადაგი დღეების, ჩვეულებრივი, მოსაბეზრებელი, კერძო-ყოფითი საკვები და პურისჭამა, ინდივიდების სადილ-ვახშმები. ეს სახალხო-სადღესასწაულო ნადიმია და აქ ნაყოფიერებისა და  საერთო-სახალხოობის ტენდენცია საფუარივითაა გარეული. ამ საფუვრის დახმარებით ამოდიან რომანის სახეები, იზრდებიან, სივდებიან, ფუვდებიან, სუქდებიან, ცომივით გადმოდიან და ყველაფერს მოიცავენ, ყველგან აღწევენ, დაახლოებით ისე, როგორც ერთხელ, ბავშვობაში შეაღწია ყველგან ჩემს იმედზე, თვალ-ყურის სადევნებლად დატოვებულმა პასკის ცომმა. ამ ცომმა დატბორა სრულიად სამზარეულო და გიგანტური რვაფეხასავით განირთხა სხვა ოთახებისკენაც.

ბახტინი ნადიმის ტრადიციულ გაგებაზეც არაერთხელ საუბრობს და მას ყოველთვის უკავშირებს სიტყვას, ბრძნულ სიტყვას, მაგრამ რაბლესთან, პლატონის ან ქსენოფონტეს ან პლუტარქეს სიმპოსიონებისგან განსხვავებით, მხიარული სიბრძნეა, მხიარული ჭეშმარიტება. ზღვარგადასული, თავისუფალი აზროვნება. აქ ადამიანი სამყაროს ჭამს, ღეჭავს და ყლაპავს მას. იგი ბოლომდე გრძნობს სამყაროს გემოს, აღიქვამს მას, უშვებს თავის სხეულში, გზას უხსნის თავისკენ, თავისი არსების ნაწილად აქცევს მას, ინელებს. სამყაროსთან ამგვარი ურთიერთობა, ჭამით ურთიერთობა, მხიარულია და საზეიმო. აქ ადამიანი სამყაროზე გამარჯვებას ზეიმობს. ბახტინი ხაზს უსვამს, სამყარო კიარ ყლაპავს ადამიანს, არამედ პირიქით, ადამიანი, გამარჯვებული, მშრომელი ადამიანი ჭამს სამყაროს.

ჭამა ყოველთვის შრომასთან იყო დაკავშირებული ხალხურ კულტურაში. ჭამა იყო შრომის გვირგვინი, ბრძოლის, მიწასთან, ქვეყნიერებასთან დაპირისპირების გვირგვინი. შრომა ჭამაში ზეიმობდა, ზეიმობდა გამარჯვებას და სწორედ ამიტომაც, ამ სახალხო კულტურაში სევდიანი, მოწყენილი ჭამა-სმა არ არსებობს. აქ არც სიკვდილია საბოლოო დასასრული. სიკვდილს კიდევ რაღაცეები მოსდევს და პირველ რიგში ეს რაღაცა ისევ ჭამა-სმაა, აღაპი, იგივე ქელეხი. სიკვდილის ნადიმი.

პური და ღვინო ბახტინის რაბლესთან ყველანაირ შიშს აქარვებს და აქრობს.  არანაირი მოწიწება და ფარისევლობა. პურითა და ღვინით იწყება უშიშარი ჭეშმარიტების ბატონობა. ამ დროს უკვე ყველაფერზე შეიძლება ხუმრობა (მაგ. გვიანი შუასაუკუნეების ერთ-ერთი ტექსტის მიხედვით მაცხოვარი თურმე ზეცაში საქეიფოდ ამაღლდა, მისი მზარეული პეტრე მოციქული ყოფილა, ღვინის მწდე, მერიქიფე კი იოანე ნათლისმცემელი). აქ დროის სადღესასწაულო ხმა ყოველთვის მომავალზე ლაპარაკობს. მომავლის ენით. ზოგიერთი ძველი ავტორი სუფრულ ლიბერტინიზმს უწოდებდა ამას და ასეთმა გაგებამ ბევრ რამეს მისცა დასაბამი ევროპაში.

გარდა ამისა, რაბლეს წიგნს ჭამის გმირობების, ჭამის თავგადასავლების წიგნსაც უწოდებენ. იგი სავსეა ბოთლთა ბზრიალით, ფრთა-კურტუმ-ბარკალთ ტრიალით, სასმის-საწდეთა წკრიალით. რანაირ კერძს არ შეხვდებით აქ, ნედლს, შემწვარს, მოხარშულს, გამოყვანილს, ნაბასტურმებს, ბოსტნეულისას, ხორცისას, თევზისას თუ ცომეულისას.

მაგ. გრანგუზიეს, გარგანტუას მამას ღვინოზე მარილიანის მიყოლება უყვარდა, ამიტომ მუდამ ჰქონდა ნაირნაირი შაშხი, მათ შორის პირველ რიგში მაინცური და ბაიონური, ბოლში გამოყვანილი ხარის ენა, ყაღები, გოდბიიო (ნაპატივარი კუაროს შიგანური, მიდი და გაიგე რას ნიშნავს), სხვადასხვა ძეხვეული და მარილში ჩადებული ძროხის ხორცი თავის მდოგვიანად. ხიზილალა და კუპატი – ბიგორული, ლონგონეური, ბრენული და რუერგული. აქ ნასუქი ბატის ადგილი შამფურზეა, შემოაქვთ ამიენური ხაჭაპურიც. სუფრები იშლება შემოწირულობებითაც – ქურციკი, ტახი, მტრედი, ბოცვერი, კურდღელი, ინდაური, საუკეთესო გუჯაბით (ფარში, გულსართი) დატენილი.

გრანგუზიესივე ბრძანებით პირველი წიგნის 37-ე თავში მითიური პურ-მარილი იშლება, სადაც ვახშმისთვის წვავენ: თექვსმეტ ხარს, სამ დეკეულს, ოცდათორმეტ მოზვერს, სამოცდასამ ციკანს, ოთხმოცდათხუტმეტ ჭედილას, სამას ძუძუს გოჭს თავის ტყემლის საწებლით, ორას ოც გნოლს, შვიდას ცხრატყავას, ოთხას ლუდენურ და კორნუალურ ყვერულს, ექვსი ათას ვარიას და ამდენივე მტრედს, ექვსას ჟრუნს, ათას ორას კურდღელს, ნანადირევიდან კი – თერთმეტ ტახს, თვრამეტ დათვს, ას ორმოც ხოხობს და ნაირ-ნაირ ქედან-ფლამინგო-დურაჯ-ყარყატებს.

მეოთხე წიგნის ორმოცდამეცხრამეტე თავში რამდენიმე გვერდზე გრძელდება ჩამონათვალი. ესაა გასტროლატრების შესაწირავი, რომელსაც თავიანთ „ყოვლადმუცელშემძლე ღმერთს“ სწირავენ და საიდანაც გამოხშირვით დავიმოწმებ რამდენიმე კერძს: შემწვარი ხბოს ბეჭი ცივად, ჯანჯაფილმოყრილი, დომხლის შეჭამანდი, კოტრანა, ანუ ნიგვზითა და ძმრით შეზავებული მოხარშული კომბოსტო, გულ-ღვიძლის ძეხვი, ცხრა მდოგვში ამოვლებული, ღორის სუკი ბარდიანი, ტვინის ძეხვი, ნანადირევის დამარილებული ხორცი თალგამით, ნიორწყლიანი ცხვრის ბეჭი, ცხელსაწებლიანი პაშტეტი, ისრიმის წვენში ამოვლებული ბურვაკის ხორცი, პრასიანი წყლის ქათამი, კაპარიანი ცხვრის ბეჭი, ცხრაფურცელა ღვეზელები, თექვსმეტნაირი ხაჭაპური და ფხლოვანი, კომშიანი ღვეზელები, ოცნაირი ტკბილი ნამცხვარი. აქვეა ჩამოთვლილი ურიცხვი თევზეული, ხორცეული და ბოსტნეული, ასნაირი სალათა და ტაბუცუნი: წიწმატის, სვიის, ზღვის ბალახის, გარდამრისასი (ბებერი ანწლის ძირას რომ იზრდება), სატაცურის, ცხრატყავასი. დამარილებულ გველთევზაზე რას იტყვით? თეთრ ღვინოში ჩაწყობილ სალამურა თევზზე? ასევე ხამსა, სარდინი, ქაშაპი, წვერა, სკაროსი, მელანთევზა, ქამბალა და მრავლი სხვა.

მარტო კვერცხისგან მომზადებულ ათზე მეტ კერძს შეხვდებით აქ – წოქო, ანუ თოხლო კვერცხი, შემწვარი, რძიანი, ჩახლილი, სქელი ერბო-კვერცხი (ანუ სირვა), წირიხტა (კვერცხით მოზელილი და ერბოში მოხრაკული პური), ყიყლიყო, დოფხოჭი…

ბოლოს ჩაროზის დროც დგება: ნაყინი, კაკუკა-საწუწკარი (!!!), ნუშის რძე, თაბასარა (დანიგვზული მხალი), უნაბი, მარილიანი ბუსტუღი, გორგომიჭელა, ხატრუკი (მოხარშული ნიგოზი), ოჯონჯახი (წყალში გაქნილი ნიგვზის გული), ბატიბუტ-ბატილა, ლეღვი…

მეხუთე წიგნში, 23-ე თავში აღწერილია ხელმწიფა-დედოფალის ვახშამი. სიმართლე ითქვას, იგი არც არაფერს მიირთმევს გარდა ამბროზიისა და ნექტარისა, სამაგიეროდ სხვებს უმდიდრეს პურმარილს უშლის, ერთმანეთზე უკეთესი და გემოიანი ნუგბარითა და საკბილო-სასუსნავით. ნადიმის დასასრულს კი, როცა აღარავის აქვს ჭამის თავი, კიდევ არაერთი კერძი შემოაქვთ – მწვად-ხაშლამით დაწყებული, კეცეულ-ყველეულით გაგრძელებული და ცომში შემწვარი პაშტეტით დამთავრებული (ქოთანში).

ამ თავს ხალისიანი და ჭეშმარიტად რაბლეზიანური დასასრული აქვს, სადაც აღწერილია, როგორ უღეჭავენ სხვები ხელმწიფა-დედოფალს საკვებს და როგორ აწვდიან მას პირდაპირ კუჭში:

„ის მამაცხონებული არცრასა ღეჭავდა, იმად კიარა, რომ კბილნი არ ესხდნენ კარგნი და მაგარნი, ანდა იმად კიარა, რომ მორთმეულ საზრდელ-საჭმელსა ღეჭვა არ უნდოდა. არა, ზნე-ჩვეულებად მოსდგამდა აგრე. საჭმელსა წინაპირველად პრეგუსტნი სინჯავდნენ გემოთი, მერმე მასიტერნი იგემოვნებდნენ და მოხდენილად ღეჭავდნენ, ხახა სუყველასა პირისფერი ატლასის სარჩულიანი ჰქონდა, ოქროთი მიმოძარღვული, კბილნი კი ქათქათა სპილოს ძვლისა, და რაც რამ დასაღეჭი იყო, კარგად რომ დაღეჭავდნენ, უმალ ოქროს ძაბრსა რამეს მოივარგებდნენ და პირდაპირ ხელმწიფა-დედოფლისა კუჭსა შიგან უშვებდნენ უკვე კარგად დაღეჭილ-დაფქულ საჭმელ-საზრდელსა. ამასობაში კიდევ ისიც შევიტყვეთ, რომ თურმე იმის მაგივრად ვინმე სხვა სკორავდა, სხვა გადიოდა ხოლმე კუჭში, ვისაც დაავალებდა“.

აუცილებლად უნდა დავიმოწმო ბოლო წიგნის 27-ე თავიც, ჩიჩლათანთა, ანუ ხის ქერქის ქალამანთა კუნძულისა და ძმათა ავაჯათა ორდენის შესახებ. ჯერ ყველით იწყება ყველაფერი, მდოგვითა და ღორის ქადით გრძელდება (ანუ ველისა ყრდელით) და შემდეგ დეტალურადაა ჩამოთვლილი შვიდეულის ყოველი დღის საზრდო (ვრცელ ციტატას ვერც აქ გადავურჩებით):

„ტაბლა ამდაგვარ-ესევითარი იცოდნენ: შვიდეულისა პირველ დღესა, ანუ კვირასა, ძეხვეულსა მიაძღებოდნენ, სისხლიანსა, გულღვიძლისასა თუ ჯიგრისასა, სოსის-კუპატსა, ქონჩატენილ ხბოს ხორცსა, ღორისა ღვიძლსა და მწყერთ (თავისთავად იგულისხმება ყველი მადისა აღსაძვრელად და მდოგვი ბოლოს დასაყოლებლად). შვიდეულის მეორე დღესა, ორშაბათსა, ქონიან ბარდასა მიირთმევდნენ, ვრცელკომენტარდართულსა, რა არი ჩმუჩნა-ჩმუჩნაში და ყბორვა-ყბორვაში სტრიქონსა და სტრიქონს შუა ეკითხათ. შვიდეულის მესამე დღესა, სამშაბათსა, ბლომად სეფისკვერსა, ანუ დიდებულთა კვერსა, შაფართხელასა, იგივ მცხვარსა ხმიადსა, ხაჭომცხვარ-ღვეზელსა, ქადასა, ნაზუქსა შეექცეოდნენ. შვიდეულის მეოთხე დღესა, ოთხშაბათს, სოფლურ საჭმელთ ეტანებოდნენ, სახელდობრ: ცხვრისა თავსა, ხბოს თავსა და მაჩვისა, ანუ თოფიხალთის თავსა, რომელი თოფიხალთაცა აქა ბევრი იცის. შვიდეულის მეხუთე დღესა, ხუთშაბათსა, შვიდნაირი შეჭამანდისა ჭამა უყვარდათ, შიგადაშიგ კი უცვლელ-უცვლებელ მდოგვსა აშუშხინებდნენ პირთ. შვიდეულის მეექვსე დღესა, პარასკევსა, არცრასა ეკარებოდნენ, თვინიერ ცირცელისა, ისიც, ფერზედვე ეტყობოდა, ძალიან მწიფე არ უნდა ყოფილიყო. შვიდეულის, ანუ კვირიაკეს მეშვიდე დღესა, შაბათსა, იდგნენ და ძვალთ ღრღნიდნენ, რისა გამოც არცა გუნება-განწყობილება უფუჭდებოდათ და არცა კიდევ ჯანისა სიმრთელესა უჩიოდნენ, რამეთუ კუჭ-ნაწლავი შაბათობითაც ჩინებულად უთხრიწინებდათ და უმხიარულებდათ“.

რაბლეს წიგნში გხვდება ზერელე, უგულო, საბრალობელი სადილებიც. ვინმე გასაცოდავებული დედაბერი, მაგ. მწვანე კომბოსტოს შეჭამანდს ხარშავს და შიგ დამძაღებული გლემურძი (ღორის ხორცსა და ტყავსშუა მომსუქნო ადგილია) და ძველი არტალის ნაჭერი უგდია. აქ ოცნებებიც ძირითადად გასტრონომიულ თემას უკავშირდება და დაახლოებით ასე ჟღერს: „ღმერთო მაღალო… სადმე ერთ კარგ სამზარეულოში ამოგვაყოფინე თავი, მოგვახილვინე, ვითარ ტრიალებენ შამფურნი, ვითარ გააქვს ტკაცატკუცი ნაჯორკალ-სამუგუზლესა, დაგვანახვე, ვითარ ტენიან კუპატსა, ვითარ კაზმავენ და ანელებენ შეჭამანდსა, ვითარ ამზადებენ ყელისა ჩასაკოკლოზინებელსა რასმე, ვითარი წესითა მიირთმევენ ღვინოსა“.

თითოეული პერსონაჟის დახასიათებისას, უპირველეს ყოვლისა ჭამის მადაზე, სმისა და მიყოლების ჩვეულებებზე და სხვა მუცელღმერთობებზე ამახვილებს ავტორი ყურადღებას. მაგ. გარგანტუა ხორცს წელიწადის დროთა მიხედვით არჩევდა, გააჩნია რომელი ნაჭერი რომელ სეზონზე უფრო გემრიელი იყო. მანამდე კი, ახალშობილი აღუ-აღუს ნაცვლად ნუნუა-ნუნუას იძახის და ამ დაძახებაზე აყლურწინებენ კიდეც ყრმას ნუნუას, დასამშვიდებლად. სხვათა შორის, მის გამოკვებას ათასი მეწველი ფური სჭირდება, რადგან მისი მეძუძური ბუნებაში არ დაბადებულიყო ჯერ. ჭაჭანაურს, ანუ ღვინოს მერეც ბევრს სვამს ჩვილი გარგანტუა და ძალიან მოსწონს ჭიქების ხმა, წკრიალი, ჭახუნი. სმა ხამლით უყვარდა, ხელსა შეჭამანდით იბანდა, წვნიანს წყალს აყოლებდა, ჭას ჩაუფურთხებელს არ გაუშვებდა… სადილზე წაიკიკნიდა და ვახშამზე იბესკნებოდა.

ახლა პანურგიც ვნახოთ, ვისი შემოსვლა თუ შემოვარდნაც დაუვიწყარია. იგი თავიდანვე სულ შიმშილზე და დაპურებაზე ლაპარაკობს, ლაპარაკობს ყველა ენაზე, მათ შორის გამოგონილ ენებზეც. შემდეგ რა თქმა უნდა უმასპინძლდებიან, მაგრამ პანურგი არ ჩერდება, მაინც ლაპარაკობს, თან ჭამს და თან ლაპარაკობს, ამბავს ყვება. იგი ბევრ რამეს ამბობს ჭამაზე, მადიანობაზე, მარხვაზე, დიეტებზე, თან ამ ცოდნას საქმითაც ამტკიცებს. მოგვიანებით ძმა ჟანიც გამოჩნდება, ვინც შამფურთა ტრიალისა და ფრიკასეს ჰოროსკოპის მიხედვით საზღვრავს რომელი საათია.

ერთი სცენაა, პანურგი თავმოჭრილ ეპისტემონს უაქიმებს. ჯერ თავანკარა თეთრი ღვინით განუბანს კისერს მოკლულს, მოგვიანებით უცხო საკურნებელ ფხვნილს მიაყრის, მალამოსაც წასცხებს, ძარღვს ძარღვს მიაბამს, მყესს – მყესს და მალას – მალას და ბოლოს, როცა „ოპერაციას“ დაასრულებს, ერთ ჯამფილა თოფივით ღვინოს შეასმევს ეპისტემონს და ზედ ტკბილ ორცხობილას დააყოლებინებს. მერე რა, რომ სამი კვირა ცოტას ხიხინებდა საიქიოდან მობრუნებული, „ყელი ჩახრინწული ჰქონდა, მხველარებდა, მაგრამ იმოდენი სვა და ღლია, ბოლოსა და ბოლოს ამანაც გაუარა“.

ახლა სმას რაც შეეხება, ანუ, როგორც გურამ გოგიაშვილი მოთარგმნის, ჩაღლევას. ამ წიგნის ერთი ნახევარი თუ ჭამაა, მეორე ნახევარი, რა თქმა უნდა სმაა, დაუღალავი, უსასრულო სმა, მწყურვალთა და გამარჯვებულთა სმა. სვამენ საუზმეზე, სვამენ საყველაწმინდოს, ასევე შუადღის ძილის შემდეგ, შუადღის ძილამდე, ღამე, მოგზაურობისას, შესვენებისას, საქმეში, უსაქმობისას, მოსაქმებისას. „რაღა ჭყაპურტა ვსვათო, ადგებოდნენ და შუაღვინოსა ფათალოს წბილათი გაწურავდნენ, დასაწმინდავებლად წყლიან კასრში გადაიღებდნენ, მასუკან კი ძაბრიან-ყალფაღიან გოზაურში ჩაუშვებდნენ“. ღმერთსა თუ ადამიანებს, ყველას ევედრებიან, da  mihi potum! (მიბოძე დასალევი). მეტსახელებიც აქვთ სმასთან დაკავშირებული. მაგ. პანტაგრუელს დიფსოდთა, ანუ წყურვეულთა მეუფეს უწოდებენ. ღვინოსთან დაკავშირებით რაღაც ცრურწმენებსაც აღიარებენ, მაგ. რომ ზარის ხმაზე ღვინო ჭანგდება.

მაგარი სმა მიდის პანტაგრუელთან თაუმასტის სტუმრობისას. ამ სცენაში შეძახილებსაც შეხვდებით, როგორებსაც დღესაც ხშირად ვამბობთ ხოლმე – „ყელი ნუ გაგვიშრე!“, „მოიტა, ბიჭო, მალე!“, „ჩამოასხი!“. არის შედარებით იშვიათი გამოთქმებიც – მაგ. „დაგვაწაფე წაფასა!“ სუფრის ბოლოს როგორც ირკვევა, თითოეულს თავის წილად სულ ცოტა 25-30 კასრი მაინც ჩაუსხამს სტომაქში და  „როგორა ღლევდნენ, არ იკითხავთ? როგორა და, Sicut terra sine aqua (ვითარცა მიწა ურწყული, რამეთუ პაპანაქება იდგა და თანაცა მწყურვალება ჰკლავდათ)“.

პანურგი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და უძირო მსმელია. გამოჩენის პირველივე წუთებიდან საშინლად სწყურია, „ქაშაყსაებრ ხმელია“ და ისე ისრუტავს ღვინოს, რომ ბოლოს ცოტა მეტიც მოუვა ამდენი უსუნთქებელი, მოყუდებით სმისგან. შენიშვნაზე კი ასეთ პასუხს იძლევა: „ბიჭმა იცის! შენა აქა, უკაცრაული პასუხია, პარიზელნი ლოთ-მებრუვენი არ გეგონოთ, ნიბლიასებრ რომა სვამენ და ბეღურასი არ იყოს, ჭამად მანამ არ აღებენ პირსა, სანამ უკან არ მოეფერებიან“. პანურგს მუდამ თან აქვს (ღართქვეშ) მათარა და ლიფიცხაური (შემწვარი ხმელი ხორცი) და ორივეს თავის „ქეშიკთ, ანუ გვამისა მცველთ და თანამცურვალთ უხმობს“.

ერთხელ პანურგი, როგორც გამოცდილ ღვინის დიდოსტატს შეეფერება, ბონურ ღვინოს ამოიცნობს (უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბურგუნდიულს, ახლა კოტ დე ბონს რომ უხმობენ) და აღფრთოვანებული ამბობს, ვისაც დიდხანს სურს ამ ღვინის დაჭაშნიკება-გემება, სულ ცოტა სამი წყრთა სიგრძისა ყარყარა ყელი უნდა ჰქონდეს, ანდა სულაც წეროს ყელიო.

ერთი აბზაცი უნდა დავუთმოთ ჭურჭლეულსაც, რითაც ეს ჩვენი გმირთა-გმირები ქეიფობენ. მათი ჩამონათვალი არაერთხელ გვხვდება წიგნში, ხშირად შეათამაშებენ ხოლმე ხელში ბრეტონულ ჯამფილას, კარახანას, ბადიას, ტარკოშს, ჭინჭილას და სხვა სასმისებს. ბაკბუკის ორაკულის თავში კი ჰომეროსის ხომალდების ჩამონათვალივით ვრცელი სია მოდის ამ ჭურჭლისა: „ფაიფურის თასი, დოინჯიანი, ანუ ორყურიანი ოქროს სარქვან-დოქი, კათხა, წვრილი, ჭიჭმატა ზურმუხტით მოოჭვილი, ბარძიმი, აბანოზის, ანუ ეკალმუხისა ძაბრი, ოქროთი შემკული, დამასკოური ჭედურობისა დიდფასიანი ოქროს სირჩა, იგივ ჭაშაკი, ანუ კონჩხა, ცეცხლში გამოყვანილი ბაჯაღლო ოქროს მაშრაფა, კულა, ხმიანი სასმელი“ და სხვ.

რასაკვირველია, აქ სმას თავისი წესებიც აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ბევრს და უწესოდ სვამენ ხოლმე, როგორც რაბლეს საერთო-სახალხო „ფილოსოფიას“ შეეფერება. ერთ-ერთი წიგნის შესავალში რაბლე ღვინის დაძალებაზე წერს და ამბობს, რომ ძალისძალათი დალევინება და კისერში ჩასხმა უხამსობაა: „ვისაც არა სწადს, პირსაც ნუ დაადებს, ხოლო ვისაცა სწადს… დაეწაფოს… მიეძაბროს… არცა იფიქროთ, რომ ღვინო შემოგაკლდებათ, როგორც გალილეის კანაში შემოაკლდათ ქორწილის დღესა. თქვენ მოდით, რაოდენიცა შეიძლოთ, ისხით და ისხით, მე კი გისხამთ და გისხამთ, მარადის ამოურწყავ, დაუშრეტელ უკვდავებისა წყაროდ ვაქცევ კასრსა ჩემსა…“.

ღვინოსთან აქ ყველა გაშინაურებულია, ზღვაში შეიძლება უჭირდეთ, ვაჟკაცობა ღალატობდეთ, მაგრამ მარანში მედგრად დგანან: „მარანში, ანუ საღვინე სახლსა შინ უნდა მნახოთ ვინცა ვარ!“.

ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, თავისი მშობლიური მხარის ღვინოს ახსენებს რაბლე, შინონს, რომელსაც მაშინაც და ახლაც, ძირითადად კაბერნე ფრანიდან აყენებენ. ჯიშებიდან კი, როგორც მოსალოდნელია ხოლმე ძველი დროის ევროპელ ავტორებთან, უფრო მეტად მალვაზიას სცემენ პატივს. აპედეფტების კუნძულზე, სადაც ხალხი სასაწნახლოებში ცხოვრობს და სადაც მეტრ ჟანსა და პანურგს მალვაზიათი უმასპინძლდებიან, ზედ მილანურ კუპატს აყოლებენ, ასევე „შემწვარ-შებრაწული ინდაურნი, ყვერულნი, სავათნი და სხვა მაზა-მაზა საკბილო სამუცლავი, სულ უცხოდ შეკმაზულ-შემზადებული“.

მალვაზიაზე კიდევ ერთი ამბავი უნდა მოვყვე. რაბლე ერთ-ერთ თავში ინგლისის მეფის, უდუარდ IV-ის ძმის, ჰერცოგ კლარენსის, ჯორჯ პლანტაგენეტის ამბავსაც იხსენებს, ვისაც მეფის წინააღმდეგ ბოროტგანზრახვა დაბრალდა და სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ ნება დართეს თავად აერჩია თუ როგორი სიკვდილი სურდა. მან მალვაზიადან დაწურული თეთრი ღვინით სავსე კასრში დახრჩობა აირჩია!

რომანში მევენახეობაზეც შეხვდებით ცნობებს და მეღვინეობის წვრილმან საკითხებზეც. ერთგან პანურგი წნეხის, საქაჯავის, წბერის მუშაობის პრინციპებსაც ეცნობა. იქვე საუბრობენ იმაზე, რომ ბაბილოს (მაღლარი ვაზის) ან უსურვაზის (ველური ვაზის) ჭაჭანაურში (ღვინოში) არ უნდა ავურიოთ ვენახის ღვინო, ოქროს სასმელი (ამის შესახებ ქართულ წყაროებშიც გვაქვს ცნობები). შემდეგ ვენახისკენაც გაახედებენ სტუმრებს (აპედეფტების კუძულზე ხდება ეს ამბავი, სადაც ვინმე ბოღოჭა დახვდებათ, „ქისა-ჩახვთა მრისველ-მკრეჭელი“) და ვაზის სახელებსაც ჩამოუთვლიან – კერძოულა, ციხურა, სესხურა, საჩუქარა, ხეირა, კარისპირა, დორანა, გასავალა, ფოსტურა, შეწირულა, დანაზოგურა, სასახლურა. სულ უხმარი სახელებია, ცინცხალი, ასერომ, თუკი გურამ გოგიაშვილისეული ეს სახელდებები მოგეწონათ, შეგიძლიათ რომელიმე უცნობ ჯიშს დაარქვათ კიდეც. გარდა ამისა, ბოცა-ბოთლის ტაძრისკენ გზის პირას მოზრდილი ვენახია გაშენებული, როგორც ახლა იტყვიან, საკოლექციო ვენახი, რომელშიც ყოველგვარი ვაზი ხარობდა ნაირნაირი ღვინისთვის: ფალერნული, მალვაზიური, მუსკატი, ტაბიური, ბონური, მირვოსული, ორლეანური, პიკარდიული, არბუა, კუსიური, ანჟუური, გრავისა, კორსიკული, ვერონული და მრავალი სხვ.

საწნახლის ყველა ნაწილსაც თავისი სახელი აქვს ამ კუნძულზე, ბოღოჭას საქმიანობის შესაფერისი: „საწნახლისა ხრახნსა დახლი ერქვა; გეჯასა – ხარჯი;  ქანჩსა – საბრძანისი; ღარსა – ნარჩნი გადასახადი; ხორგა-დოლურასა – ფასგადაუხდელნი თამასუქნი; დგუშთ – დაბრუნებულნი სესხნი; წყვილ მილსა – გადახდევინებულნი თანხანი; მერეტაფა-როფთ – სალდო; კოტა-სახელურთ – საბეგრო ნუსხა-სიანი; ტაბლაისანა-გირაგსა – ქვითარნი; გიდელთ – დამტკიცებულნი ფასდადებანი; გოდორთ – გადახდისა ბრძანებანი; ტიგანთ – რწმუნებანი; ძაბრსა – საბოლოო ანგარიშსწორება“.

ამ რომანში, როგორც გითხარით, დალევისთვის მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად მთარგმნელი ხშირად იყენებს ზმნას „ჩაღლევა“, „ჩავღლიოთ“. ერთგან ასეთი ზღაპრული ფორმულაც კი გვხვდება: „ბევრი ღლიეს თუ ცოტა ღლიეს…“. ამ ფორმულაზე რაბლეს ორი ანდაზა გამახსენდა: „იმან ვერ მოილხინოსა, / ვინც არ შეჰხარის ღვინოსა“ (ეს ევრიპიდეს სატირული დრამიდან, „კიკლოპიდანაა“ პერიფრაზი) და „თუ ღვინოა და ლორია, / ამინდიც მოსაწონია“.

ახალ ღვინოს ქართულ „გარგანტუა და პანტაგრუელში“ „პირისა მაჭიდარს“ უწოდებენ, და ამას გარდა კარგად ნაცნობ ქართულ გამოთქმებსაც შეხვდებით აქ, თუნდაც ამას: „ღვინოს ჩადის გემო აქვს“. სხვათა შორის, პერსონაჟები ხანდახან არაყსაც სვამენ, მსხლისა და ცირცელის იყსა.

რა ამბავს არ შეხვდებით „გარგანტუა და პანტაგრუელში“, დაუჯერებელს, უცნაურს, სასაცილოს, სახარხაროს, განსაცვიფრებელს. მეორე წიგნის ოცდამეჩვიდმეტე თავში მოთხრობილია ისტორია, რომელიც პარიზში, სადღაც პტი შატლესთან მომხდარა. ერთი ვინმე მებარგულე დუქანში ზედ მაყალთან ილუკმებოდა ცარიელ პურს, რადგან მწვადთან და კვამლთან უფრო ეგემრიელებოდა ცარიელი პურის ღმურძვლა. გამოძღა ამ ცარელა პურით ეს გაჭირვებული და წასვლა დააპირა, მედუქნემ კი შეუტია, მწვადის სუნის საფასურიც გადამიხადეო, არა ვარ მოვალე ვიღაცა მებარგულეები მწვადის სუნითა ვკვებოო. მოკლედ დიდი ჩხუბი ატყდება. უცებ გამოჩნდება ვინმე სენიორ ჟოანი, დიდი მასხარა და უბედურის ერთი და მედუქნეც მას მიმართავს, აჰა, მოდი სენიორ ჟოანს ვკითხოთ და მან გადაგვიწყვიტოს დავაო. სენიორ ჟოანი მებარგულეს ვერცხლის მონეტას დაააძრობინებს და რაღაც მასხრული მანიპულაციების შემდეგ რამდენიმეჯერ მიაკაკუნებს მაყალზე. ბოლოს კი კვერთხივით ასწევს ამ ვერცხლის მონეტას და გამოაცხადებს: “სასამართლომ აღიარა, რომ მებარგულემ, პური მწვადისა სუნთან ერთად რომ მიირთვა, სრულად გადაუხადა საფასური მედუქნეს მონეტისა წკრიალით”-ო. მომწონს ეს ისტორია, რომელიც სახეცვლილი გვხვდება სხვა კულტურებში და ტექსტებშიც, რაბლემდეც და რაბლეს მერეც. თან ყველაზე მეტად სურნელის და ხმის ეს შეხვედრა მომწონს – კვამლისა და წკრიალის.

ცალკე საუბრის თემაა რაბლეზიანური (და მისი ქართული შესატყვისი ტექსტის) გრამატიკა და მისი მეტყველების ნაწილები. ზმნები: ძგნარავს, ხრავს, შექანქლა, ანუნუავებს, მოიყარყარა, წაიდილისლუკმა, ძმუძვნა, ჩმუჩვნა, ყბორვა, ღმურძვლა, ახაჭოებული (ტვინი) და მრავალი სხვ. აქვეა სხვა სახელები: ლოთ-მებრუვენი, წრუტები, თხლაშოები, აზრთაყლაპიები, წვერგაპურისნამცეციანებულები, მუცელგახარებულ-დაზურგულ-დაზეპილები, გატიკნილ-გაჭიკნილები და ნაყლაპ-გაჭყეპილები, ფაშვნიერები და მუცელღორები.

საკუთარი სახელები: ჰერცოგი დე ჭამპურა, გრაფი დე ჯამლოკია, სენიორ დე წუწურაქა, ცივკვერა, ხაჭაპურა, პილო მღვარსლელი, დოქტორი ღვთისმეტყველებისა ჭამატაკია, გავალოკია, ხაპია, გავასუნია, თხაცხვირა, დრუნცულა, ნამილოკია, ბერნარდ კანჭიყლაპია. გრანგუზიეს მესაჭმელე-მზარეულების სახელებია: ხვლეპია, ტვლეპია და ლოკია. მეოთხე წიგნში კი, იმ თავში, სადაც ძმა ჟანი ტროას ცხენივით ღორს ააგებინებს „ხისხუროებს“ და სადაც უმამაცეს „მესაჭმელე-მზარეულებს მიაფანიერებს“, მთელი პირთა საძიებელია ამ ოსტატებისა: მესაწებლე, ფეთხუმა, სათქვეფელა, ლოთბაზარა, ვინეგრეტა, ჯამისძირა, ნაფიცხარა, სანსლე, ხელგვიანა, ჩაშუშულა, ხავიწა, ფრიკასე, მესაცრე, ქანქლე, ქორმუცელა, თქვლიფე, სვავმუცელა, მუცელპურა, ცეცხლე, ავმუცელა, ცხრამუცელა, სვიდაჭამე, ქონი-ჭამია-ტლეკია-ღეჭია-ყლაპია-ცხია-ჭრია-თოხლია-ხოხნია და მრავალი სხვა… შაშხა, კატლეტა, მწნილა, კოწახურა, ნაზუქა, ცომ-ცომა, წიწმატურა, ტაბუცუნა, ხრაკი, მოურიე, მაჭიკა, მუჟუჟა, ხორციკეპე, ქვირითა, ლუკმამქვეშმოიტანა, ჭინჭარა, ჭაჭიგოდორი, მარანა, მუქთაყლაპია… ყველას რა ჩამოთვლის, მხოლოდ რაბლეს გზის დალოცვასავით სიტყვებს გავიხსენებ: „ქველნი მთავარქონდაქარ-მზარეულ-მესაჭმელენი ესე, სულ დარჩეულნი, ყოჩაღნი, მოსატყუებელკბილმოცვლილნი, ციმციმ შევიდნენ ღორსა შიგან“.

ქართველ მკითხველს, რა თქმა უნდა, ბევრი სახელი მშობლიური ლიტერატურიდანაც ეცნობათ. მაგ. გიორგი შატბერაშვილის, რეზო ინანიშვილის, ნუგზარ შატაიძის და სხვათა მოთხრობებიდან – ჭამპურა, ბოღოჭა და ა.შ..

სანამ სახელებს, ენასა და მეტყველებას ვუტრიალებთ, ყველაზე მახვილი გამონათქვამებიც გავიხსენოთ, რომელთა გრძელი რიგიც ჰორაციუსის სიტყვებით იხსნება. იგი თავისუფალ თარგმანში ასე ჟღერს: „ვისაცა უსვამ ბევრიო, ვინ არ გამხდარა მჭევრიო“. ასევე – „სიკვდილი ჩავკლათ ჯამშია, არ შემოვუშვათ ჯანშია!“, „ღვინო, გენაცვალე, სულ სისხლში მიდის, ფეხსადგილისთვის სად არი!“, „ჩასაცეცხლავი თუ გაწყდა, მამულსაცა თვალი დაუდგება და ნამუსსაცა“, „ზურგსა ცეცხლი ეცხუნება, მუცელსა – ტაბლა, ზედ ჩაყრილი ჯამი და იმისი ჯანი!“, „ცისკარი ჩახველებითაო, ვახშამი ჩახევებითაო“. ერთ-ერთ თავში პანტაგრუელი ჰეროიკულს აწვება და ასეთ რამეს ბრძანებს: „ყოვლისა უფრორე უმჯობესი ჩრდილი დროშისაა, ოხშივარი ცხენისა და ხმიერება აბჯრისა“, რაზეც ეპისტემონი „ჭახრაკულად ჩაიღიმილებს“ და წარსთქვავს: „ყოვლისა უფრორე უმჯობესი ჩრდილი სამზარეულოსია, ოხშივარი დედოპურისა და ხმიერება სამწდეურ-ფიალ-ჯამისა“. აქვეა ჩასაფრებული პანურგის სიტყვაც, რომელიც მზადაა გადაფაროს წინა გამომსვლელების ნატვრანი: „ყოვლისა უფრორე უმჯობესი ჩრდილი მიჩიგდანისაა, ანუ საწოლისა ფარდისა, ოხშივარი დიაცისა ძუძუ-მკერდისა და ხმიერება ვაჟკაცისა მორ-დელამფრისა“.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაბლეს წიგნი გადავსებულია ციტატებით, მინიშნებებით, კალამბურებით, პერიფრაზებით და სხვა მრავალი მზაკვრობით. ავტორი დაუნანებლად იმოწმებს წინამორბედებსა და თავის საყვარელ ძველ ავტორებს, რომელთა ნაშრომებსაც, რა თქმა უნდა, თავის პერსონაჟებსაც ხშირად ჩაუგდებს ხოლმე ხელშიც და გამონათქვამებშიც. ჯერ იყო და პირველ წიგნში გარგანტუას დააზეპირებინა ანტიკური ავტორებისგან გამოკრებილი გასტრონომიული თავები, პლინიუსისა, ათენეოსისა, დიოსკორიდოსისა, გალენოსისა, პორფირიოსისა, ოპიანესი, პოლიბიოსისა, ჰელიოდორესი, არისტოტელესი, ელიანესი და სხვათა. შემდეგ კი პანტაგრუელს ისეთი წიგნები შეაყვარა, რომელთაგან უმრავლესობა არც არსებულა და მხოლოდ რაბლეს შინონით გაბრუვებულ გონებაში იშვებოდა: „აღმძვრელი ძალა ღვინისა“, „საბაბსუბაბი ყველიჭამიობისა“, „ვითარ სხვაობს შეჭამანდი შეჭამანდისაგან“, „ღორისა ქონისა ყბორვისათვის, სამ წიგნად“, „რაგვარ ვიგემოთ ხაჭიჭორიანი თხისა ხორცი პაპისა თვეებში წინააღმდეგ ეკლესიისგან აღკრძალვისა“, „სისხლიანი ძეხვისა, ანუ ჭიჭნაგურისა მომზადებისა ხერხთათვის“, „შიგანურისა ჩინებულ თვისებათათვის“, „ჭამისა შემდგომ მდოგვის დაყოლებისა გამო, თოთხმეტ წიგნად“, „თუ რაერთი მარაგი აქვთ ღვინისა ღვთისმეტყველებისა დოქტორობისა კანდიდატთ და კიდევ იმათ, ვინცა უკვე გაირტყა აღნიშნული ხარისხი, რვა უაღრესად პიკანტურ წიგნად“, „სამზარეულოს საბოლეთა გაწმენდის ხერხთათვის“ და სხვ.

რაბლე ხშირად მიმართავს მკითხველს უშუალოდ და ხანდახან ამ მიმართვებში დიდ ლიტერატურულ, ნარატოლოგიურ სიბრძნეებსაც გამოურევს ხოლმე. უნდა ვაღიარო, რასაც იგი  შესავალში ამბობს თავის წიგნზე, ძალიან მომწონს და სანიმუშო ფორმულასავითაა ჩემთვის – ამ წიგნის წერას იმდენივე დრო შევალიე, რამდენიც ჭამა-სმასაო. სწორედ ეს არაა ამბის მოყოლაც? ხშირად მიწევს ხოლმე შეხსენება საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც, რომ ასე ხდება ცხოვრების გახანგრძლივება, თხრობით უკვდავებასთან მისვლა, რომელსაც აქ კიდევ ჭამა-სმა ემატება ამბებით დაპურებას. შემდეგ, მეორე წიგნის დასრულებისას რაბლეს წამოცდება – „აქა აწ ვასრულებ იმაზედ შეთხზულსა ამა პირველსა წიგნსა, რამეთუ ჭაჭანურმა თავისი მიყო, ცოტა თავი მტკივა“-ო. მისსავე ენაზე რომ ვთქვათ, ნასმურევს აქ ღვინით გაბრძნობილობაც ემატება, რაც მჭევრმეტყველებას დროებით აჩერებს და დასასრულის (თუნდაც დრობითი დასასრულის) განცდას ამძაფრებს. უსიტყვოდ.

მეოთხე წიგნის დასაწყისში მიმართავს რაბლე თავის მკითხველს: „კეთილნო კაცნო! სადა ხართ? ვერა გხედავთ. დამაცათ, ცხვირი სათვალითა შემაკაზმვინეთო.“ დასაწყისის სიტყვები კია, მაგრამ წერილის დასასრულსაც შეიძლება მოუხდეს, რადგან ახლა მე ვუზივარ სათვალით ცხვირშეკმაზული ამ გვერდებს და დასასრულის გამონასკვას ვცდილობ, რის შემდეგაც აუცილებლად მოვიხსნი სათვალეს, რადგან მას მხოლოდ წერა-კითხვისას ვიყენებ, ჭამისას კი ხელს მიშლის – შეიძლება გაცხიმიანდეს, ან პამიდვრის გახლეჩვისას მისი უკვდავი ლავა შეეწუწოს და დაბინდოს მინები, შესაძლოა ხაშლამის ნისლმაც დაუზიანოს ფოკუსი ჩემს ასტიგმატურ ხედვას, მწვანილის დაფერთხვამ კი წვიმა მოიყვანოს, ჟინჟღლი მოფინოს შუშას, ხოლო ხახვმა ცრემლი ადინოს მის მიღმა ჩასაფრებულ თვალებს. ჰოდა მოვიხსნი ამ სათვალეს და დავასრულებ, თანაც ჭამის, წერისა და წაკითხვის ერთობის ნიშნად ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, როცა ყველაფრის დასასრულს ბაკბუკი ვერცხლის ყდაში ჩასმულ წიგნს წყალში ჩაუშვებს და იტყვის:

„თქვენებურნი ბრძენმსიტყველნი, მქადაგებელნი და სწავლულნი კარგ სიტყვათ ყურთაგან მიგართმევინებენ, ჩვენ კი ჩვენთა სწავლა-შეგონებათ პირდაპირ პირთაგან ვიჭმევინებით. ამადაც არ გეუბნები, წაიკითხე თავი ესე-მეთქი, ნახე გლოსა ესე-მეთქი, მე გეუბნები, გასინჯე თავი ესე-მეთქი, იგემე გლოსა ესე მეთქი. ოდესღაც ერთმა ძველმა იუდეველმა წინასწარმეტყველმან მთელი ერთი წიგნი შეჭამა და თხემიდან ვიდრე ტერფამდის სწავლული გახდა, შენ კი, ოდეს ამა წიგნსა იხმევ, თხემიდან ვიდრე ღვიძლამდის სწავლული გახდები. აბა, ჰე, დააღე ყბა!“

© არილი