Uncategorized

მაიკლ გორა – დიდი მწერლის ცხვირი

gorra-james-lafarge

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

1913 წელს, როდესაც ჰენრი ჯეიმსს სამოცდაათი წელი შეუსრულდა, მისმა თაყვანისმცემლებმა ჯონ სინგერ სარჯენტს მწერლის პორტრეტის დახატვა სთხოვეს. სარჯენტმა ჰონორარზე უარი თქვა და ჯეიმსის დაბადების დღეს თავისი ნახატი უძღვნა იუბილარს. ამ პორტრეტის შესაქმნელად საჭირო იყო, რომანისტი რამდენჯერმე სწვეოდა სარჯენტის სტუდიას (ლონდონში) პოზირებისთვის. სარჯენტი ყოველთვის სთხოვდა ჯეიმსს, რომ ხატვის პროცესს დასწრებოდნენ მწერლის „ხალისიანი, სიმპათიური, სანდომიანი, ენამჭევრი მეგობრები (ასე წერდა მოგვიანებით ჯეიმსი), რომელთა მასლაათი ჩემს განწყობილებას და სახის გულგრილ  გამომეტყველებას შეცვლიდა“. იმას, რომ სარჯენტმა მიზანს მიაღწია, მოწმობს ეს მხატვრული ტილო, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ზაფხულს მორგანის ბიბლიოთეკაში მოწყობილ გამოფენაზე „ჰენრი ჯეიმსი და ამერიკული ფერწერა“.

პორტრეტზე ვხედავთ პირმსუქან ჯეიმსს, რომლის მელოტ თავს ჭაღარა თმა გარს ფოჩებივით შემოვლებია. მწერალს თავი ოდნავ მარჯვნივ მოუბრუნებია; ქუთუთოებით ნახევრად დაფარული თვალებით თავდაჯერებით და სკეპტიკურად გვიმზერს; ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ჩვენ კი არ ვათვალიერებთ პორტრეტს, არამედ თვით ის გვაკვირდება. საყელო ჩვეულებისამებრ გადმოუკეცია და ბაბთა-ჰალსტუხი უკეთია. როდესაც პორტრეტი აქ დავინახე – ის, ჩვეულებრივ, ლონდონის პორტრეტთა გალერეაში ინახება ხოლმე – გამაოცა მისი ტუჩების სისავსემ და სახის თბილმა ტონებმა. 1914 წელს სამეფო აკადემიაში გამოფენილი ეს სურათი ნაჯახით დაჩეხა სუფრაჟისტმა ქალმა, არა იმიტომ, რომ თვით ჯეიმსის ან სარჯენტის საწინააღმდეგო ჰქონდა რამე, არამედ, უბრალოდ, იმის გამო, რომ მასში ძალზე ძლიერ ვლინდება მამაკაცური საწყისი. რესტავრირების კვალი ვერ შევამჩნიე, მაგრამ ძველ ფოტოსურათზე ეტყობა ერთი ნაჭრევი საფეთქელზე, მეორე კი – პირზე.

მორგანის ბიბლიოთეკაში დავათვალიერე ჯეიმსისა და მისი მეგობრების მრავალი პორტრეტი. ჰენრის ძმა, უილიამი, მხატვრობით იყო გატაცებული და სანამ – 1861 წელს – მეცნიერული კვლევებით დაინტერესდებოდა, თითქმის ორი წელი სწავლობდა ფერწერას ნიუპორტში, უილიამ მორის ჰანტის სტუდიაში. მაგრამ სწორედ ჰენრი ატარებდა მთელ თავის დროს მხატვრების სახელოსნოებში და ბევრი რამ ისწავლა მათგან. ისიც სტუმრობდა ხოლმე ჰანტს და ნახშირითა და ტუშით საათობით ხატავდა თაბაშირის ტვიფრებს, მაშინ, როდესაც უილიამი და დამწყები პორტრეტისტი ჯონ ლა ფარჯი სხვადასხვა საგანს ხატავდნენ. ჰენრი შეეთვისა მხატვრების ცხოვრებასა და საქმიანობას და ხატვის პროცესში მიმდინარე გულღია საუბრებს. მარტოსულ მწერალს ისევე იტაცებდა მხატვრების სახელოსნოები, როგორც – მოგვიანებით – სასტუმრო დარბაზები და წვეულებები. ეს გატაცება იმაშიც აისახა, რომ ჯეიმსის ბევრი ნაწარმოების (მაგალითად, ახალგაზრდობისას დაწერილი „როდერიკ ჰადსონის“ (1875) ან სიმწიფის ხანაში შექმნილი „ჭეშმარიტი ნიმუშების“) ფონი სამხატვრო სტუდიაა. გარდა ამისა, მას სიამოვნებდა, როდესაც ხატავდნენ ან ფოტოსურათებს უღებდნენ.

სწორედ იმის გამო, რომ ჯეიმსს სიამოვნებას ანიჭებდა პოზირება სამხატვრო სტუდიებში, მორგანის ბიბლიოთეკის გამოფენაზე წარმოდგენილია მისი ათეულობით პორტრეტი – უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე გამოფენილა. ერთ-ერთი მათგანია 1911 წელს ნახშირით შესრულებული შესანიშნავი პორტრეტი, რომლის ავტორი სესილია ნო გახლავთ. აქ რომანისტი პირქუშად იმზირება. ყურადღებას იპყრობს მისი მელოტი, კვერცხისებრი ფორმის თავი. ამ პორტრეტისგან განსხვავდება 1881 წელს ებოტ ჰანდერსონ ტეიერის მიერ ფანქრით ვირტუოზულად შესრულებული ნახატი, რომელიც სახის სამ მეოთხედშია დახატული. მასზე მკვეთრადაა გამოყოფილი ჯეიმსის ცხვირი. ეს ცხვირი დომინირებს, ასევე, მწერლის ყველაზე ადრეულ, ლა ფარჯის მიერ 1862 წელს ზეთის საღებავებით შესრულებულ პორტრეტში. ცხრამეტი წლის ჯეიმსს მუქი წითური ფერის თმა აქვს. ჩაფიქრებული, სევდიანი და, თითქოს, თავგზააბნეულია.

უილიამ ჯეიმსის პორტრეტი, რომელიც ლა ფარჯმა 1859 წელს დახატა, აქამდე არ მენახა. აქ უილიამი წელამდეა დახატული, პროფილში. ცალ ხელში პალიტრა უკავია, მეორე კი სურათის ჩარჩოს მიღმა გაუწვდენია. სურათში უილიამის პერანგის თეთრსახელოებზეა აქცენტი გაკეთებული. ეს ორი პორტრეტი ააშკარავებს ძმების მსგავსებას – მათ ერთნაირი ცხვირ-ტუჩი და თავის ფორმა აქვთ. მაგრამ ჩაფიქრებული, ერთ პოზაში გახევებული ჰენრისგან განსხვავებით, უილიამი აქტიურია, თითქოს მხოლოდ წამიერად შეყოვნებულა ხატვის დროს. ამ ორ პორტრეტზე დაკვირვებისას მეჩვენება, რომ ლა ფარჯმა ხაზი გაუსვა არა მარტო ძმების მსგავსებას, არამედ – არსებით განსხვავებასაც. თუმცა, შესაძლოა, ვცდები და ჭაბუკების პორტრეტებს მათ შესახებ ჩემი ოდინდელი ცოდნის პრიზმაში ვჭვრეტ. ლა ფარჯს შეეძლო სხვაგვარი პორტრეტები დაეხატა და აესახა უილიამის ჭაბუკური გაუბედაობა და ჰენრის მიზანსწრაფულობა. მაგრამ მხატვარი ასე არ მოქცეულა. სამწუხაროა, რომ ეს ორი პორტრეტი, ჩვეულებრივ, სხვადასხვა ადგილას ინახება: უილიამისა – პორტრეტთა ეროვნულ გალერეაში, ვაშინგტონში, და ჰენრისა – „საუკუნის ასოციაციის“ გალერეაში.

უისტლერის ორი ნახატი, ისევე, როგორც სარჯენტის ქმნილებები, ნანახი მქონდა. ჩინებულია ამ უკანასკნელის „ინტერიერი ვენეციაში“ (1899), რომელიც სამეფო აკადემიაში ინახება ხოლმე, თუმცა, სურათზე ასახულ მდიდარ ინტერიერს რამდენადმე ეწინააღმდეგება ფერების სიმწირე. ამ გამოფენაზე ყველაზე უფრო შთამბეჭდავია იმ სურათების ერთობლიობა, რომელთაც აერთიანებს თემატიკა – ჯეიმსის მეგობრები და იტალიის ხედები.

ვილა კასტელანი ფლორენციის ერთ-ერთი ბორცვიდან (არნოსგან სამხრეთით) გადმოჰყურებს ამ ულამაზეს ქალაქს. „გრძელი, სადა შენობის წინ პატარა, ბალახმოდებული, ცარიელი მოედანია“. ამ ციტატაში („ქალის პორტრეტიდან“) აღწერილია შენობა, სადაც გილბერტ ოსმონდი ცხოვრობდა. ბალახს ამჟამად ვერ ნახავთ, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი ისეთივეა, როგორც ჯეიმსმა აღწერა: ვილა კვლავ დგას ფლორენციის ერთ-ერთ ბორცვზე, მაღლა (ამიტომ რომანის პერსონაჟები ჩივიან, რომ უჭირთ აღმართზე ასვლა). გზის ყოველი მოსახვევიდან მოჩანს ზეთისხილის ბაღები და სანტა მარია დელ ფიორეს დიდებული ტაძარი. ვილა კასტელანი მეთხუთმეტე საუკუნეშია აგებული. იმ დროს, როდესაც იქ ჯეიმსი ცხოვრობდა, ვილა კასტელანი დაყოფილი იყო ბინებად, „სადაც, ძირითადად, ნახავდით სხვადასხვა ჯურის უცხოელებს, რომლებიც ფლორენციაში დასახლებულიყვნენ“. ერთ-ერთ მათგანში ცხოვრობდა ჯეიმსების ოჯახის მეგობარი ქვრივი ამერიკელი მამაკაცი, ფრენსის ბუტი (რომლის საარსებო წყაროს საფეიქრო ფაბრიკიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენდა) და მისი ქალიშვილი, ელიზაბეტი.

მამა-შვილი ბუტები „ქალის პორტრეტის“ პერსონაჟების – გილბერტ და პენსი ოსმონდების – პროტოტიპები არ გახლავან, მაგრამ ჯეიმსის პერსონაჟების ცხოვრება იტალიაში წააგავს მამა-შვილის განმარტოებულ არსებობას ემიგრაციაში. კოლმ ტოიბინის შენიშვნით (სტატიაში, რომელიც ამ გამოფენის კატალოგშია გამოქვეყნებული), ბუტების ოჯახის ისტორია „ოქროს ლარნაკშიც“ აისახა.

ფრენსის ბუტი მუსიკას თხზავდა, ლიზი კი ხატავდა. 1879 წელს ლიზი ფერწერას ეუფლებოდა მხატვარ ფრენკ დიუვენეკის (რომელიც წარმოშობით ცინცინატიდან იყო) სტუდიაში. ჯეიმსს აღაფრთოვანებდა დიუვენეკის ნახატები. ლიზის და დიუვენეკს ერთმანეთი შეუყვარდათ და, ფრენსის ბუტის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალ-ვაჟი დაქორწინდა. 1888 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც დიუვენეკმა დაასრულა ცოლის პორტრეტი, ლიზი პნევმონიით დაავადდა და გარდაიცვალა. პორტრეტზე ყავისფერ სამოსში – ხელთათმანებში, მუფტაში, კაბასა და ქუდში – გამოწყობილი ლიზი რუხ კედელთან დგას და კორსეტი წელზე იმდენად მჭიდროდ აქვს მოჭერილი, რომ თითქმის გესმით ვეშაპის ულვაშების ჭრაჭუნი. ქორწინების დღეს სწორედ ეს კაბა ეცვა. ქალის მზერა მშვიდია, გამჭოლი და ნაღვლიანი; ლიზის ის-ის იყო შვილი ეყოლა და მისი გამომეტყველება, ჩემი აზრით,  მშობიარობისშემდგომ დეპრესიაზე მიუთითებს. ეს პორტრეტიც ვირტუოზულადაა შესრულებული. ელიზაბეტ ბუტი სწორედ ასეთი გახლდათ. დაუვიწყარია ამ ნახატში აღბეჭდილი გულწრფელი სევდა და სულიერი ტკივილი.

გამოფენის კატალოგში განთავსებულია მისი ავტორების სამი შესანიშნავი სტატია. კოლმ ტოიბინი გვამცნობს ჯეიმსის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო დეტალებს და მსჯელობს იმ კვალის შესახებ, რომელიც  ჯეიმსის შემოქმედებას ამა თუ იმ მხატვართან და სკულპტორთან მისმა ნაცნობობამ დააჩნია. მარკ სიმპსონი, რომელიც უწინ კლარკის ინსტიტუტში (უილიამსტოუნში) მუშაობდა, საუბრობს მწერლის პოპულარიზატორული საქმიანობის შესახებ და გვაუწყებს, რომ ჯეიმსი ზოგჯერ აზვიადებდა თავისი მეგობრების ღირსებებს და მცდარ შეფასებებს გამოთქვამდა. მაგალითად, მან საინტერესო სტატიები მიუძღვნა მხატვარ უინსლოუ ჰომერის ადრეულ ნამუშევრებს, აღტაცებული იყო მისი ნახატების უშუალობით, მაგრამ იმ ამერიკელ მხატვართა სია, რომელთაც ჯეიმსი უგულებელყოფდა, საკმაოდ გრძელია და მათ შორისაა ტომას იკინსი. კატალოგში გამოქვეყნებულ სტატიაში დიკლენ კაიელი დეტალურად აღწერს ჯეიმსის ხელნაწერებსა და წერილებს, რომლებიც ბიბლიოთეკაში ინახება. ერთი შეხედვით, ამ სტატიას თითქოს არავითარი კავშირი არ აქვს ჯეიმსისა და მისი მეგობრების პორტრეტთა გამოფენასთან, მაგრამ აქ ნახავთ რამდენიმე ვიტრინას მწერლის დოკუმენტებით. კაიელის მითითებით, ჯეიმსი დაუდევრად ეპყრობოდა თავის კორესპონდენციას; თუმცა, გამოფენაზე შეიძლება გავეცნოთ მის (გამოუქვეყნებელ) მიმოწერას ამერიკელ ემიგრანტ ექიმთან, უილიამ ბოლდუინთან, რომელიც ფლორენციაში ცხოვრობდა. ბოლდუინს აურაცხელი რაოდენობის პაციენტი ჰყავდა, დაწყებული დედოფალი ვიქტორიათი და დამთავრებული მარკ ტვენით. მისი პაციენტი გახლდათ თვით ჯეიმსიც, რომელსაც, ალბათ, აღაშფოთებდა აზრი იმის შესახებ, რომ,  ექიმის გარდა, ვინმე დაინტერესდებოდა მისი ჯანმრთელობისა და დიეტის დეტალებით.

კერძო ცხოვრების დეტალების გამომზეურების თემა ასახულია ჯეიმსის ისეთ მოთხრობებში, როგორებიცაა „ასპერნის წერილები“ და „ნორთმორის კუნძულების ჩაძირვა“. მწერალი ცდილობდა, განეჭვრიტა მომავალი თაობების რეაქცია თავის კორესპონდენციაზე, ხვდებოდა, რომ ბევრი რამ მათთვის მოსაწონი არ იქნებოდა და ამიტომ ორჯერ – ჯერ 1909 წელს, შემდეგ კი 1915 წელს – დაწვა თავისი არქივის უმეტესი ნაწილი. როგორც ჩანს, მან გაანადგურა თავისი მიმოწერა სარჯენტთანაც.

ჯეიმსი და სარჯენტი პირველად 1884 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. რამდენიმე წლის შემდეგ ჯეიმსმა შესთავაზა მხატვარს, ლონდონში დასახლებულიყო, რეკომენდაცია გაუწია ჟურნალების რედაქტორებთან და სხვა მხატვრები გააცნო. ეს ორი შემოქმედი ერთსა და იმავე სამყაროს ასახავდა; კრიტიკოსები საუბრობდნენ მათი მსგავსების შესახებ და ამტკიცებდნენ, რომ ჯეიმსი და სარჯენტი მხოლოდ ერთმანეთის ქმნილებათა ილუსტრირებას ეწეოდნენ. ერთადერთი შემორჩენილი წერილი ააშკარავებს, რომ ისინი სახელებით მიმართავდნენ ერთმანეთს. და მაინც, ჯეიმსმა დაწვა თავისი კორესპონდენცია, სარჯენტმა კი, უბრალოდ, არაფერი შეინახა. სხვა მეგობრებისადმი გაგზავნილ წერილებში რომანისტი უმეტესად საუბრობს სარჯენტის როგორც მხატვრის, და არა როგორც პიროვნების შესახებ. ჩვენ ვერასოდეს შევიტყობთ სრულ ინფორმაციას მათი ურთიერთობის თაობაზე.

gorra-james-stevenson-sargent

ჯეიმსის თქმით, „ძალზე ზუსტი და შთამბეჭდავია“ 1885 წელს შექმნილი პორტრეტი მწერლისა, რომელთანაც  ჯეიმსიც მეგობრობდა და სარჯენტიც. შეიძლება ითქვას, რომ ესაა რობერტ ლუის სტივენსონისა და მისი მეუღლის ორმაგი პორტრეტი (ზეთის საღებავებით). სურათის მარჯვენა მხარეს სავარძელში ზის მოსასხამში გახვეული ფეხშიშველი ფანი სტივენსონი, ხოლო მწერალი ბოლთას სცემს და ხელით ულვაშს ისწორებს. უჩვეულოდ გამხდარი და გრძელი სხეული აქვს. ცოლ-ქმარს შორის ჩაბნელებული, იდუმალი კარის ღიობია. სარჯენტის ამ ტილოს ზედაპირი უფრო ტლანქია, ვიდრე მისი სხვა ნამუშევრებისა, რის გამოც ზოგიერთი კრიტიკოსი მხატვარს დაუდევრობაში სდებდა ბრალს. ეს საგანგებოდ ჩაფიქრებული დაუდევრობაა, რაც სტივენსონს ძალზე მოსწონდა. მწერალი სურათის პერიფერიაზე დგას, გვიყურებს და თითქოს ოთახიდან (ან ჩარჩოდან) გასვლას აპირებს. მისი ფიგურა ისეთივე ეფემერულია, როგორც გარდასული მოვლენები, რომელთა მოხელთებასაც ვცდილობთ ხოლმე ჩვენს ცნობიერებაში.

© The New York Review of Books, July 22, 2017

თარგმანი © არილი

Facebook Comments Box