მარგარეტ ეტვუდი – ყალბი სისხლი

margaret-atwood-567

ინგლისურიდან თარგმნა დალილა გოგიამ

 

მარლამ „წინა ცხოვრება“ სალის საშუალებით აღმოაჩინა. სალი და მარლა უბრალოდ, თანამშომლები იყვნენ, არაფერი განსაკუთრებული – ერთად დადიოდნენ საყიდლებზე, ზოგჯერ კინოშიც.

ერთ დღეს სალიმ უზარმაზარი ბრილიანტი აჩვენა და გამოუცხადა, რომ წინა ცხოვრებაში კლეოპატრა იყო და ახლა მარკ ანტონიუსზეა დანიშნული. საქმე ისაა, რომ სალიმ თავისი საქმრო ინტერნეტ საიტზე გაიცნო, ხოლო შემდეგ, როცა ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში შეხვდნენ, რაღა თქმა უნდა, ერთმანეთი გაგიჟებით შეუყვარდათ. მოდი და ნუ გაოცდები!

ამის გაგონებაზე, მარლას ყავა გადასცდა და ლამის დაიხრჩო. ჯერ ერთი, თუ სალი კლეოპატრაა, მაშინ თვითონ საბის დედოფალი გამოდის, რადგან ვერავინ იტყვის ოცდათხუთმეტი წლის სქელ და ცომივით თონთლო სალიზე, რომ მას ძველი ეგვიპტელი ქალის სექსუალურობის რამე სცხია. თანაც, მარლას გაახსენდა ის სპექტაკლი, რომელიც დიდი ხნის წინ ნახა, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ, რომ დავიწყებოდა მარკ ანტონიუსის, ან თავად კლეოპატრას აღსასრული – ასპიტებით სავსე კალათი.

„კლეოპატრამ პირველი ცხოვრება არც ისე კარგად დაასრულა“, ამოთქვა. თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გასცინებოდა. სისასტიკე იქნებოდა ვიღაცის ახირებული ილუზიების დაცინვა, ბოლო-ბოლო, თავად ვინ იყო, რომ ვინმესთვის დაეცინა? ახირებული ილუზიები ეძახე და, სალისთვის მშვენიერი შედეგი კი გამოიღო.

„მართალია,“ თქვა სალიმ, „საშინელი დრო იყო“. და ცოტათი გააჟრჟოლა. შემდეგ აუხსნა, რომ „წინა ცხოვრების“ დადებითი მხარე ისაა, რომ შანსი გეძლევა, დედამიწაზე იმავე ადამიანად დაბრუნდე, შეცდომები გამოასწორო და უკეთეს შედეგს მიაღწიო. ამით აიხსნება ისიც, რომ წინა ცხოვრების წევრები უმეტესად ის ისტორიული ფიგურები არიან, ვინც ცხოვრება ტრაგიკულად დაასრულა. მაგალითად, უამრავია ძველი რომის იმპერიიდან. მეფეებს, დედოფლებს და დიდებულებს საკუთარი ამბიციებისა და შურიანი თუ ეჭვიანი და ა.შ. ადამიანების გამო, წინა ცხოვრებაში გამოუსწორებელი პრობლემები ექმნებოდათ. ახლა კი ბედისწერის შეცვლის შესაძლებლობა მიეცათ.

„საიდან იცი, რომ მაინცდამაინც კლეოპატრა იყავი?“ – იკითხა მარლამ.

„რაღაცნაირად, მივხვდი.“ უთხრა სალიმ. „როცა პირველად პირამიდები ვნახე, ნამდვილი კი არა, ფოტო, ისეთი ნაცნობი და მშობლიური მეჩვენა! ჰო, და თანაც, საშინლად მეშინია გველების“.

ისევე, როგორც ყველას. – გაიფიქრა მარლამ. ჯობია, მაგ მარკ ანტონიუსის გეშინოდეს, ნამდვილ მაჩოს მიყვები ცოლად. იმ მანიაკს ალბათ ყოფილი კლეოპატრები სარდაფში შეშასავით უწყვია. თუმცა, მისი სკეპტიციზმი მარკის, რომლის ნამდვილი სახელი ბობი აღმოჩნდა, გაცნობისთანავე გაქრა. ბობი არაჩვეულებრივად მომხიბლავი, თუმცა სალიზე ბევრად უფროსი და მდიდარი გამოდგა. მას ძალიან უნდოდა, რომ სალი და ბობი, თუ კლეოპატრა და მარკი დაქორწინებულიყვნენ და შოტლანდიაში, თავის სამშობლოში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. მართალია, შოტლანდიის კლიმატი ბევრად განსხვავდება ეგვიპტის კლიმატისაგან, მაგრამ ეს სალის სულაც არ ანაღვლებდა: ეგვიპტესთან მისი წინა ცხოვრების ბევრი ტრაგიკული ამბავი იყო დაკავშირებული, და როგორც მარლას აუხსნა, ეგვიპტეს, შესაძლოა, დეპრესიაც კი გამოეწვია. თუმცა, ორივეს ძალიან უნდოდა იქ მცირე შვებულების გატარება, რადგან ნოსტალგია აწუხებდათ. სალის უნდოდა, გემით ნილოსს ჩაყოლოდნენ და ძველი ეგვიპტის წარმტაცი ისტორიული ადგილები დაეთვალიერებინათ.

ვიდრე თავის ახალ, გათხოვილი ქალის ცხოვრებას შეუდგებოდა, სალიმ მარლას იმ ინტერნეტ საიტის სახელი უთხრა – „თამაშები, წინა ცხოვრება და შენი შინაგანი მე“ – და დააყოლა, რომ მარლას აუცილებლად ეცადა ბედი: გული უგრძნობდა, ისიც ძველი სული იყო, თანაც, ასეა თუ ისე, არაფერს კარგავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მარლა კი არ ახალგაზრდავდებოდა, პირიქით; თანაც, სალისგან განსხვავებით, მომაკვდინებელი სამსახური ჰქონდა, ხოლო კაცი კი მის ცხოვრებაში არა და არ ჩანდა. მარლა კარგად მიხვდა სალის სიტყვებში დაფარულ ღვარძლს და საკმაოდ გაღიზიანდა კიდეც.

* * *

მარლას საკმაო დრო დასჭირდა, ვიდრე „თამაშებში“ მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტდა, თავს ნამდვილ იდიოტად გრძნობდა, ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, ჯეკ მფატრავს გადავაწყდებიო, ფიქრობდა. ბოლოს მაინც მოძებნა საიტი. რეგისტრაცია 50 დოლარი ღირდა, წესების წაკითხვა და დაფიცებაც მოუწია, რომ დადგენილ წესებს დაემორჩილებოდა. წესების მიხედვით, მაგალითად, იკრძალებოდა დუელი ყოფილ მტრებთან, არ შეიძლებოდა სხვა მოთამაშისთვის ნამდვილი ვინაობის კითხვა, თუნდაც ერთი და იგივე სახელით რამდენიმე წევრი შეხვედროდა. საიტზე მრავალი ანა ბოლეინი აღმოჩნდა, მაგრამ ერთმანეთისგან გასარჩევად, მათ წინა ცხოვრების სხვადასხვა პერიოდი ჰქონდათ მითითებული – როცა ჰენრიზე დაქორწინდა, ფეხმძიმობა, ან დრო, როცა ტაუერში განაჩენის აღსრულებას ელოდა და ა.შ. „თამაშების“ ძირითადი კონცეფციის მიხედვით, ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ფაზაში იცვლება, და ამიტომ, საიტზე ერთი და იგივე სახელით მოთამაშე წევრებს სხვადასხვა ემოცია ამოძრავებთ.

მისდა გასაკვირად, მარლა „წინა ცხოვრებამ“ საკმაოდ გაამხიარულა. თავი ვირტუალურ მასკარადზე ეგონა: გრძნობდა, როცა ვიღაც სხვა ხარ, შესაძლოა, სწორედ მაშინ აღმოაჩინო შენი რეალური მე. თავდაპირველად, მარლა სხვა წევრებს ადევნებდა თვალს, ხედავდა, თუ როგორ საუბრობდნენ ისტორიულ ფაქტებზე, ან როგორ უზიარებდნენ ერთმანეთს იმდროინდელ რეცეპტებს – სუფლეს, ტკბილეულს, ფარშირებულ ფარშევანგს. ის აკვირდებოდა ურთიერთობის ფორმებს, აკვირდებოდა, როგორ ფლირტაობდნენ ჰენრი მეოთხე და ალიენორ აკვიტანიელი, თუ მარიანა ევანსი და ჯორჯ ჰენრი ლუისი. შემდეგ წყვილები დაფარულ პირად საუბრებზე გადადიოდნენ. მარლას გული ელეოდა, ისე უნდოდა გაეგო, რითი მთავრდებოდა ასეთი დაწყვილებები. არც ისე ხშირად, საიტზე ნიშნობისა და ქორწინების განცხადებებიც ჩნდებოდა, როგორც ეს სალის შემთხვევაში მოხდა.

საიტზე აქტიურად ჩართვაში, მხოლოდ პაროლი არ კმაროდა: მას თავისი საკუთარი წინა ცხოვრება უნდა შეექმნა, მაგრამ არ იცოდა, რომელ ისტორიულ სახელს ამოფარებოდა. ახლა მარლას უკვე ეჭვი გაუჩნდა, რომ „თამაშები“ შესაძლოა ჩვეულებრივი გაცნობის საიტიც კი იყო. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, წინა ცხოვრება სჭირდებოდა. არავითარი სურვილი არ ჰქონდა, თავი ევა ბრაუნად გამოეცხადებინა და რომელიმე ფსიქოპატ ადოლფ ჰიტლერს გადაყროდა, თანაც, ამ წყვილმა რომანი მის ცხვირწინ გააბა.

თავადაც გაუკვირდა, როცა თამაში შოტლანდიის დედოფლის, მარია სტუარტის სახელით დაიწყო. მანამდე ამ ფიგურის მიმართ არავითარი ინტერესი არ გამოუჩენია, და არც წინასწარ მომზადებულა ამისთვის – ეს სახელი იმიტომ ამოარჩია, რომ ორივე სახელი ასო მ-ზე იწყებოდა და ერთხელ კი, ვიღაც კაცს შეხვდა, სახელად სტუარტს. თუმცა, როგორც კი საიტზე ეს სახელი დააფიქსირა, ახალმა როლმა თავიდან ბოლომდე შთანთქა. მაშინვე მოუვიდა წერილები რამდენიმე ელიზაბეტ პირველისგან. „ჩემს წინააღმდეგ მართლა ამზადებდი გადატრიალებას?“ ეკითხებოდა ერთი. „შეგვეძლო ახლო მეგობრები ვყოფილიყავით, იმდენი რამ გვაქვს საერთო! ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა“. წერდა მეორე. „თავს საშინლად ვგრძნობ, თავის მოკვეთა საშინელი შეცდომა იყო, ტყვიის კუბო ჩემი გადაწყვეტილება არაა“. წერდა მესამე. „შენმა ვაჟმა მიიღო მემკვიდრეობა. შენი მოქარგული სპილო ჯერ კიდევ არსებობს. ასე, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა“.

რა ტყვიის კუბო? ფიქრობდა მარლა, რა მოქარგული სპილო? და კითხვა დაიწყო. ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა ამ საიტზე, თავისებური საგანმანათლებო პროგრამაც ეთქმოდა.

* * *

სალი თავის ამბებს მეილით აცნობდა. თავიდან მოკლე და ცოცხალი წერილები მოდიოდა. წერდა, რომ მას და ბობ/მარკს მშვენიერი სახლი და ბაღი ჰქონდათ, და ბობიც ძალიან ყურადღებიანი და ხელგაშლილი იყო. თავის მხრივ, მარლამ თავისი ახალი თავგადასავალი უამბო, და ცოტათი გაბრაზდა კიდეც, როცა სალი ამ სიახლეს დიდი ენთუზიაზმით არ გამოხმაურებია.

ამასობაში, მარლამ რამდენიმე უხეში წერილი მიიღო ჯონ ნოქსისგან. კონცერტზე დევიდ რიციოსთან ერთად წავიდა, რომელიც საკმაოდ ხალისიანი, თუმცა გეი აღმოჩნდა; პაემანზე უარი უთხრა რამდენიმე ლორდ დარნლის: ის ცხვირმოუხოცავი იყო წინა ცხოვრებაში, და ამ ცხოვრებაში რა გამოასწორებდა. სამაგიეროდ, ერთი საღამო გაატარა ბარში ბოთუელის გრაფთან ერთად, რომელიც დიდი წუწურაქი ვინმე გამოდგა და სამი მარტინის შემდეგ ლამის გააუპატიურა.

მარლა გრძნობდა, რომ თანდათან მარიას შინაგანი სამყაროს გაცნობას იწყებდა. მარიას ის გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრებისკენ მიჰყავდა, ვიდრე აქამდე ჰქონდა. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ბევრი მაინც არაფერი იყო აღსანიშნავი.

* * *

რამდენიმე თვის დუმილის შემდეგ, სალისგან მწუხარე წერილი მიიღო: ბობ/მარკი გემიდან გადავარდა და ნილოსში დაიხრჩო. ეს მისი ართრიტის, თუ რომელიღაც ნიანგის ბრალი უნდა ყოფილიყო. გულგატეხილი სალი წერდა, რომ იქ არ უნდა დაბრუნებულიყვნენ, რომ ეგვიპტე მათთვის უბედურების მომტანი გახდა. ამასთან, მას აინტერესებდა, მარლა შვებულებას მასთან ედინბურგში ხომ არ გაატარებდა, რომ ამ მძიმე წუთებში მეგობარს გვერდში დასდგომოდა. სალი მზად იყო, მისი ბილეთის საფასური გადაეხადა, ახლა ხომ უკვე უამრავი ფული ჰქონდა. ის ვარაუდობდა, რომ მარლას სურვილი ექნებოდა, ენახა უძველესი ქალაქი, სადაც ოდესღაც თავს საბედისწერო ამბები გადახდა.

მარლა მაშინვე დათანხმდა. შვებულებაში ორ თვეში გადიოდა, მოსამზადებლად საკმაო დრო რჩებოდა. მან მარიას შესახებ წიგნები შეიძინა, ახლა უკვე მოზრდილი ბიბლიოთეკა ჰქონდა. წიგნებში ის ეწერა, რაც ისედაც იცოდა იმ ყალბი, ჯაშუშებისა და მტრების მიერ შეთითხნილი „ზარდახშის წერილების“ შესახებ. თავისი იტალიელი მდივნის, გონიერი დევით რიციოს მკვლელობის გამო ენით გამოუთქმელი ტკივილი იგრძნო, თუმცა, გაურკვეველი გრძნობები აღეძრა უვარგისი ქმრის, დარნლისთან დაკავშირებით, რომელიც მისი სახლის აფეთქების შემდეგ ბაღში მკვდარი იპოვეს. იმ აფეთქების შესახებ წინასწარ, აბა, საიდან უნდა სცოდნოდა! გადარეული ბოთუელი.

შოტლანდიაში გამგზავრებას გულისფანცქალით ელოდა.

სალის წერილებში უკვე აშკარად ჩანდა, რომ მას იმდენად აღარ უხაროდა მარლას სტუმრობა. თვითონ რაც უნდა, ის თქვას, მე კი, მეტი საქმე არ მაქვს, ეს შანსი ხელიდან გავუშვა და იმ მიწაზე კიდევ ერთხელ არ დავადგა ფეხიო, ფიქრობდა მარლა.

***

სალი აეროპორტში დახვდა. თავიდან მარლამ ვერც კი იცნო: ქალი გამხდარიყო და თმა წითლად შეეღება. მარლას მისი ცხვირის ფორმაც შეცვლილი მოეჩვენა, მოშვებული ღაბაბიც სადღაც გამქრალიყო და კბილებიც უფრო თეთრი მოუჩანდა. სახეზე მაკიაჟი სქლად ედო. მარლამ კი იცოდა, რომ სალის ძვირფასი ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ, ვერ ხვდებოდა, რამდენად ძვირფასი. თუმცა, აშკარა იყო, მათი ფასი მარლას შესაძლებლობებს ბევრად აღემატებოდა. მთლიანი ეფექტი განსაცვიფრებელი ჩანდა. ლამაზს ვერ დაარქმევ, მაგრამ თვალში აუცილებლად მოგხვდება, უხალისოდ გაიფიქრა მარლამ. ერთი თვალის შევლება რას ეყოფოდა, სალი ისეთი საყურებელი იყო, როგორც აღლუმი.

სალი უზარმაზარ ქუსლებზე თავს ძლივს იკავებდა, მარლას გადაეხვია და ცივად აღნიშნა, როგორ უხაროდა, რომ მისთვის მძიმე წუთებში ჩამოსვლა მოახერხა. „ჰერცოგი მანქანაში გველოდება“, თქვა მან, როცა გასასვლელისკენ წავიდნენ. „აუცილებლად მოგეწონება, ძალიან საყვარელია“.

„ვინ ჰერცოგი?“

„ესექსის“. თქვა სალიმ. მარლა გაჩერდა.

„ესექსის ჰერცოგი?“

„ჰო, წინა ცხოვრებაში ჰერცოგი, ისე დეივი ჰქვია, დეივ მაკლეოდი“.

„რა საერთო გაქვს ესექსის ჰერცოგთან?“ ჰკითხა მარლამ, „რომელი ჰერცოგია?“ გული ცუდს უგრძნობდა.

„როგორ გითხრა. მე, როგორც ელიზაბეტ პირველი, თავს მის წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ. იმედია, ამჯერად მაინც წავა საქმე უკეთ. მიუხედავად იმისა, რომ სიგიჟემდე მიყვარდა, მისი სიკვდილით დასჯის ბრძანებას ხელი მაინც მოვაწერე, მაგრამ, აბა, სხვა რა არჩევანი მქონდა?“

„მოიცადე.“ თქვა მარლამ. „შენ ხარ ელიზაბეტ პირველი? შენ ხომ კლეოპატრა ხარ!“

„ოჰ, მარლა, ეს ადრე იყო.“ – გაეცინა სალის. უფლება გაქვს, ერთზე მეტი წინა ცხოვრება გქონდეს. ეს უბრალოდ თამაშია, აი, ახლა ჩვენ ბიძაშვილები გამოვდივართ. ჩემო ბიძაშვილო, რა ცუდია, რომ მაშინ არ შევხვედრივართ, მაგრამ carpe diem.- სალიმ ხელმკლავი გამოსდო და მანქანისკენ წაიყვანა.

ბოროტო კუდიანო! – გაიფიქრა მარლამ, იცოდი, უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ღალატისთვის მაინც დამსაჯე, მერე კი, მშრალად რომ გამოსულიყავი, თქვი, რომ უბრალოდ მოგატყუეს. მარლას ნათლად ახსოვს ის სირცხვილი, როცა ჯალათმა ყველას დასანახად მისი წითელი პარიკი აღმართა და მოკვეთილი თავი მიწაზე გაგორდა. და მერე კიდევ, ის ძაღლი, კაბის ქვეშ! ნამდვილი ფარსია!

დეივი, ესექსის ჰერცოგი, წითელსახიანი, ჭაღარათმიანი შოტლანდიელი იყო, რომელსაც საკუთარი სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა. ის ბობ/მარკზე უფროსი, და, მარლა ნიძლავს ჩამოვიდოდა, მასზე მდიდარიც იქნებოდა. როცა ქალები მიუახლოვდნენ, მანქანიდან გადმოვიდა და მარლას ხელი ჩამოართვა.

„ეს ჩემი პატარა დედოფალია”. – ჩაიხითხითა, სალის დიზაინერის კაბით შემოსილ უკანალზე ხელი მოუთათუნა და მარლას თვალი ჩაუკრა – და თქვენ კი, როგორც ვხვდები, დიდი ხნის წინ დაკარგული მარია ბრძანდებით“.

თავს მიხედე, უნდოდა ეთქვა მარლას, არც სუფლეს გაეკარო, არც გემს.

* * *

სალი ბობ/მარკს აღარ გლოვობდა. ფაქტობრივად, არც კი ახსენებდა. როგორც გაირკვა, მარლა იმიტომ მიიწვია, რომ თავისი ახალი ცხოვრებით ეტრაბახა. სალის უზარმაზარი სახლი ჰქონდა, გარშემო უზარმაზარი მიწებით. უზარმაზარი იყო გარაჟიც, სადაც რამდენიმე მერსედესი ეყენა, ფეხსაცმლის კოლექციაც და კარადებიც, რომელშიც თავის ძვირფას ტანსაცმელს ინახავდა; სალის სამკაულიც უამრავი ჰქონდა. ზუსტად ისე, როგორ ელიზაბეტ პირველს, გაიფიქრა მარლამ, ყოველთვის ჩემზე უკეთესი ტანსაცმელი ეცვა, მანამდეც, ვიდრე იმ ნესტიან, ცივ კოშკებში გამომამწყვევდა, მე კი საშუალება არ მქონდა, ჩემი შესაფერისი მოსასხამი მეყიდა. იაფფასიანი შურისძიება! ჩემი ქარიზმის შურდა. თვითონ ფუფუნებაში იხრჩობოდა, ვიდრე მე ვიჯექი და სპილოს ვქარგავდი. მარტოობისთვის გამწირა! დამცინა! რა უსამართლობაა!

მეორე დღეს ესექსი/დეივი სტირლინგში თავისი შვილიშვილების სანახავად, შემდეგ კი თავის მეგობართან, ერთ-ერთ სერ უილიამ უოლესთან შესახვედრად წავიდა. სალიმ დილით ჯერ სალონში თმა მოიწესრიგა, მერე თავის ჯიუტ შოტლანდიელ მებაღეს ეჩხუბა, მერე კი მარლა ჰოლირუდის სასახლის მოსანახულებლად წაიყვანა.

„დიდი არაფერია“, გააფრთხილა წინასწარ. „ჩვეულებრივი ტურისტული მახეა, ეს ის აღარაა, რაც გახსოვს“.

მარლას სასახლე თითქოს ეცნო, თუმცა, ეს იმითაც აიხსნება, რომ უამრავი ფოტო ჰქონდა ნანახი. რამდენი ხანი გავიდა ჩემს მერე, გაიფიქრა მარლამ. ახლა ყველაფერი მეტისმეტად სუფთაა. სისუფთავისთვის თავს დიდად არასდროს იწუხებდა. არ მოეწონა უსასრულო გალერეა, სადაც სტიუარტების პორტრეტები იყო ჩამწკრივებული – „თითქმის ადამიდან იწყება, იმის საჩვენებლად, თუ რა კეთილშობილი დინასტიაა,“ – დამცინავად თქვა სალიმ. – „და ყველას ერთნაირი დიდი ცხვირი ადევს. არ ვიცი, ამას ვინ ხატავდა, მაგრამ ხელებისთვის ყურადღება აშკარად არ მიუქცევია, ამათ ხელები რომ ჩამოუშვან, ალბათ მუხლებამდე მისწვდებათ“.

თავის პორტრეტზე საშინლად გამოიყურებოდა – ლამაზი არ ეთქმოდა, თუმცა, მაშინ ყველა გიჟდებოდა მის სილამაზეზე. მის წინაშე კაცები ეცემოდნენ, მშვენივრად ახსოვს ბოთუელი, მისი ვნება… თუმცა, მან ცუდად დაასრულა.

„თითქოს რაღაცით გგავს, არა?“ თქვა სალიმ. „მგონი, აჯობებს, თმა წითლად შეიღებო, უფრო დაემსგავსები“.

სხვა ოთახებიც მოიარეს, სალი უსიამოვნოდ დაკაკუნობდა. ექსკურსიაზე ამ ფეხსაცმლით წამოსვლა რა სისულელეა, ფიქრობდა მარლა. მეწამული. ჯიმი ჩუ[2]. როგორც სალიმ აუხსნა.

ზედა სართულზე ავიდნენ. იქ მეტი ავეჯი იდგა. სურათები დაათვალიერეს. მარლა ელოდა, რომ რაღაც ისეთს წააწყდებოდა, რაც მოგონებებს აღუძრავდა, რაც მხოლოდ მისთვის იქნებოდა ნაცნობი და მშობლიური, მაგრამ ასეთი გარშემო არაფერი ჩანდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ იქ არასოდეს უცხოვრია.

„აი, საძინებელი“. თქვა სალიმ. „ეს კი, ცნობილი სავახშმო ოთახი, სადაც რიციო მოკლეს“. მან მარლას სულელურად გაუღიმა და დაამატა: „შენი ეგრეთწოდებული პირადი მდივანი“.

„ვიცი,“ თქვა მარლამ. აი, ახლა კი მართლაც იგრძნო რაღაც. პანიკა, სასოწარკვეთა… ალბათ ბევრი იკივლა. ალბათ იარაღი დაადეს, ვიდრე საწყალი დევიდი… ალბათ მარიას ამოეფარა, მაგრამ მაინც მისწვდნენ და გამოათრიეს. თვალზე ცრემლები მოადგა. იქნებ, მართალია ეს ყველაფერი? იქნებ მართლაც იყო აქ, ოდესღაც, როგორღაც? არა, რა თქმა უნდა არა.

„ამ ადგილას, მეტი ეფექტისთვის, სისხლის ლაქები დახატეს, მაგრამ ხალხი გაგიჟდა და საღებავს ფხეკდა“. – სიცილით თქვა სალიმ. „ახლა ყავისფრად გადაღებეს და უკეთესიცაა, მაინც ეტყობოდა, რომ ნამდვილი სისხლი არ იყო. აი, ამას შეხედე“.

ხის იატაკს წითელი ლაქები აჩნდა, კაცს ნამდვილი სისხლი ეგონებოდა. მათ უკან კედელზე კი ფირფიტა იუწყებოდა, რომ მართალია, სისხლი ყალბი იყო, მაგრამ ეს ნამდვილად იყო ის ადგილი, სადაც დევიდს 56-ჯერ ჩასცეს მახვილი და შემდეგ კიბიდან გადააგდეს.

აი, ის კიბეც. მარლა კანკალებდა. მისთვის საშინელი შოკი იქნებოდა, მაშინ ექვსი თვის ორსული იყო. ხომ შეიძლებოდა, მუცელი მოშლოდა. დევიდს ტანსაცმელი გახადეს და სამკაული მოხსნეს, რომ ძარცვას დამსგავსებოდა, შემდეგ კი სრულიად შიშველი ორმოში ჩააგდეს.

„მითხარი,“ თქვა სალიმ. „ მართალია? მართალია, რომ მასთან იწექი? იმ პატარა მახინჯ მუსიკოსთან?“ როგორც ჩანს, მარლას ცრემლებს ვერ ამჩნევდა.

მარლამ თავი ხელში აიყვანა. „ეს როგორ იფიქრე?“ თქვა მან. „მე დედოფალი ვიყავი!“ უკვე სიბრაზეს გრძნობდა. მაგრამ ხმა არ აუმაღლებია: იქვე ამერიკელი ტურისტები დედოფლის საწოლთან ჩამოკიდებულ ნაქარგებს ათვალიერებდნენ.

„ბევრი თვლიდა ასე“. სალი აშკარად მის გაღიზიანებას ცდილობდა. “იმ დროს სისხლი გიდუღდა და თავს დიდად არ იზღუდავდი, ფრანგი დოფინი, მერე დარნლი, მერე ბოთუელი და ვინ იცის, კიდევ ვინ. ვითომ რიციოს რატომ დაიწუნებდი?

„გეი იყო“, თქვა მარლამ, მაგრამ სალი არ ეშვებოდა.

„როგორც ამბობენ, ნამდვილი ბოზი იყავი. ჯობია, ახლაც ასე გააგრძელო, ცოტა გართობაზე რას იტყვი? თუ წონაშიც დაიკლებ…“

„ შენ მოაგზავნე ისინი“.თქვა მარლამ. სადმე წაიკითხა? იგრძნო, მუშტები როგორ შეკრა, „შენ გადაუხადე! იმ შეთქმულებს! შენ გაწყობდა ჩემი სიკვდილი, რომ მერე ყველაფერი შენ დაგრჩენოდა!“ დედოფალი ფუტკარია თავისი ფეხსაცმლის კოლექციასთან, თავის მდიდარ, თვითმარქვია, ვითომ ჰერცოგთან, თავის მერსედესებთან ერთად – გაიფიქრა მან. მარლამ ნაბიჯი გადადგა სალისკენ. სალიმ უკან დაიხია, ქუსლებზე ყანყალებდა. უკვე კიბის კიდესთან იდგა.

„მარლა, მარლა,“ თქვა ნერვიულად. „ნუ გადაირიე! ეს მხოლოდ თამაშია!“

არანაირი თამაში, გაიფიქრა მარლამ. ხელის კვრა ასე ძლიერად არ უნდოდა. სალი უკან გადავარდა, კიბეზე ჩაგორდა. გაისმა ჭრიალი, მერე უსიამოვნო ტკაცუნი.

„ფეხსაცმლის ბრალია,“ მოგვიანებით გაუთავებლად სლუკუნებდა მარლა, „ფეხი გადაუბრუნდა. ამხელა ქუსლები არ უნდა ჩაეცვა, მუზეუმში მაინც არა. გავაფრთხილე“.

* * *

თავიდან ჰერცოგი შფოთავდა, მაგრამ მარლა დაეხმარა ამ მძიმე დარტყმის გადატანაში. „ჩემი საწყალი დედოფალი,“ თქვა ბოლოს. „პატივმოყვარეობამ დაღუპა. საკუთარი თავით იყო შეპყრობილი, ხომ ასეა, არ მეთანხმები?“

შემდეგ, ის გამოტყდა, რომ მალულად უყვარდა მარია, ისევე, როგორც უამრავ კაცს მაშინ, თუმცა, პირადად არასოდეს შეხვედრია მას. აქამდე.


[1] კრებულიდან: Crimespotting: An Edinburgh Crime Collection, 2009.

[2] მეწამული. ჯიმი ჩუ. – მალაიზიელი დიზაინერი. მეწამული – ჯიმი ჩუს ფეხსაცმლის კოლექცია.

© არილი