კატეგორიის გარეშე

მარიო ვარგას ლიოსა – დეიას საყვირი

kortasari 22 copy

თარგმნა თამარ ლომიძემ

ავრორა ბერნანდესს

1984 წლის ერთ კვირადღეს ის-ის იყო, სტატიის წერა უნდა დამეწყო, რომ ტელეფონი აწკრიალდა. ყურმილი ავიღე, თუმცა მუშაობის დროს ტელეფონს არ ვეკარები ხოლმე. “ხულიო კორტასარი გარდაიცვალა” – მაუწყა ჟურნალისტმა და კატეგორიული კილოთი მომთხოვა: “თქვენი კომენტარი?”

გამახსენდა ვალიეხოს გამოთქმა – “ესპანელივით სულელი” – და ბრძანებას ენის ბორძიკით დავემორჩილე. იმ კვირადღეს, სტატიაზე მუშაობის დაწერის ნაცვლად, გადავათვალიერე და გადავიკითხე კორტასარის ზოგიერთი მოთხრობა, აგრეთვე – რომანების ეპიზოდები, რომლებიც მეხსიერებამ ესოდენ ცოცხლად შემომინახა. გარკვეული ხნის განმავლობაში მის შესახებ არაფერი მსმენოდა. არ ვიცოდი არც მისი ხანგრძლივი ავადმყოფობის და არც საშინელი აგონიის შესახებ. გამიხარდა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ავრორა გვერდიდან არ მოშორებია და რომ, მისი წყალობით, დაკრძალვამ მშვიდად ჩაიარა, რევოლუციური ყვავ-ყორნების კლოუნადის გარეშე, რომლებსაც ბოლო წლებში ესოდენ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ მის ცხოვრებაში.

ორივე მათგანი დაახლოებით ორმოცი წლის წინ გავიცანი პარიზში, ჩვენი საერთო მეგობრის ოჯახში. მას შემდეგ – 1967 წელს, საბერძნეთში ბოლო შეხვედრამდე, როდესაც სამივენი თარჯიმნებად ვმუშაობდით საერთაშორისო კონფერენციაზე – ყოველთვის აღმაფრთოვანებდა ავრორას და ხულიოს ხილვა და მათი საუბრების მოსმენა. მათი მსჯელობა ჭკვიანური, საფუძვლიანი, საინტერესო, მნიშვნელოვანი იყო. ბევრჯერ მიფიქრია: “ყოველთვის ასეთები ვერ იქნებიან. ამ ფრაზებს, უჩვეულო ანეკდოტებს, გონებამახვილურ ციტატებსა და ხუმრობებს, რომლებიც შესაბამის მომენტში ინტელექტუალურ ატმოსფეროს აფეთქებას იწვევენ, ალბათ, შინ ამზადებენ”. ისინი ორი გაწაფული ჟონგლიორივით ოსტატურად ესროდნენ ერთმანეთს თემებს და ამიტომ მათთან არავის სწყინდებოდა. მომწონდა (და მშურდა კიდეც) ამ წყვილის სრული ურთიერთგაგება, იდუმალი ინტელექტი, რომელიც თითქოს აერთიანებდა მათ. ასევე აღმაფრთოვანებდა მათი სულიერი ერთობა, გათვითცნობიერებულობა ლიტერატურაში (რომელიც მათი განსაკუთრებულობისა და სრულყოფილების შთაბეჭდილებას წარმოქმნიდა),  გულღია დამოკიდებულება ყველას და, პირველ ყოვლისა, ისეთი ლიტერატურული შეგირდების მიმართ, როგორიც მე ვიყავი.

ძნელად სათქმელია, რომელი მათგანი უფრო ნაკითხი იყო, ან რომელი გამოთქვამდა უფრო Dშთამბეჭდავსა და ახლებურ მსჯელობებს წიგნებისა და ავტორების თაობაზე. იმას, რომ ხულიო წერდა, ავრორა კი მხოლოდ თარგმნიდა, მხოლოდ დროებით ვითარებად მივიჩნევდი, დათმობად – ავრორას  მხრივ –  რათა ოჯახში იმ მომენტში მხოლოდ ერთი მწერალი ყოფილიყო. ახლა, როდესაც ავრორა მრავალი წლის შემდეგ ვნახე, რამდენჯერმე ენაზე ვიკბინე, როდესაც დავაპირე მეკითხა, რაზე მუშაობ, რისი გამოქვეყნებას აპირებ-მეთქი. ჭაღარა თმას თუ არ ჩავთვლით, სრულებით არ გამოცვლილიყო: პატარა, მოხდენილი აღნაგობის ენერგიული ქალი დიდრონი, ლურჯი, ჭკვიანური თვალებით. მაიორკაზე, დეიას კლდეებზე ისე ცქვიტად დაძვრებოდა, რომ კინაღამ გული ამომივარდა და უკან ჩამოვრჩი. ამ მხრივ,  კორტასარს წააგავდა: დორიან გრეის მსგავსად, არ ბერდებოდა.

1958 წლის ერთ საღამოს ვიჯექი ძალზე მაღალ, გამხდარ, უწვერულვაშო ჭაბუკთან ერთად, რომელსაც ძალზე მოკლედ შეკრეჭილი თმა ჰქონდა. ლაპარაკის დროს გრძელ ხელებს იქნევდა. უკვე გამოექვეყნებინა მოთხრობების პატარა კრებული და ამზადებდა მეორე კრებულს, რომელიც ხუან ხოსე არეოლას მეხიკოში უნდა გამოეცა. მოთხრობათა კრებულის გამოცემას მეც ვაპირებდი. ჩვენ, ორმა ახალგაზრდა მწერალმა, ერთმანეთს გამოცდილება და პერსპექტივები გავუზიარეთ. მხოლოდ დამშვიდობების შემდეგ გავაცნობიერე – და გავოგნდი – რომ ეს იყო ავტორი “ბესტიარიუმის” და მრავალი მოთხრობისა, რომლებიც ბორხესისა და ვიქტორია ოკამპოს ჟურნალ “სამხრეთში” წავიკითხე. მანვე  ბრწყინვალედ თარგმნა ედგარ პოს თხზულებათა სრული კრებული. პუერტო-რიკოს უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ეს ორი (საუცხოოდ გაფორმებული) ტომი სულმოუთქმელად წავიკითხე. ჩემი თანატოლი მეგონა, თუმცა ჩემზე ოცდაორი წლით უფროსი გახლდათ.

სამოციან წლებში და, განსაკუთრებით, იმ შვიდი წლის განმავლობაში, რომლებიც პარიზში გავატარე, კორტასარი ჩემს საუკეთესო მეგობრად და მენტორად იქცა. როდესაც პირველი რომანის ხელნაწერი წასაკითხად მივეცი, ახალბედას მოუთმენლობით ველოდი მის განაჩენს. კორტასარის წერილმა – კეთილგანწყობილი შეფასებებითა და რჩევებით – ბედნიერების განცდა მომანიჭა. მივხვდი, რომ ეს წერილი ჩემს გასამხნევებლად იყო განკუთვნილი მტრებისა და კრიტიკოსების გარემოცვაში.

კორტასარის ცხოვრება, მისი რიტუალები, კაპრიზები და ჩვევები იმდენადვე აღმაფრთოვანებდა, რამდენადაც –  მისივე პროზის სილაღე და სიცხადე, აგრეთვე – ის, რომ მისი მოთხრობებისა და რომანების ფანტასტიკური პერსონაჟები თითქოს არაფრით გამოირჩეოდნენ ჩვეულებრივი ადამიანებისგან და, ამავე დროს, ესოდენ შთამბეჭდავნი იყვნენ. ყოველთვის, როდესაც ხულიო და ავრორა სადილად მპატიჟებდნენ –  თავდაპირველად სევრის ქუჩაზე, ვიწრო ბინაში, შემდეგ კი პატარა სახლში გენერალ ბურეს შესახვევშიO- ეს დღესასწაული იყო. მნუსხავდა მის საქაღალდეში შეგროვილი უჩვეულო საგაზეთო ამონაჭრები და ეგზოტიკური საგნები. დამაინტერესა “სათამაშოების ოთახმა” – იდუმალმა ადგილმა მათ სახლში, სადაც – როგორც ამბობდნენ – ხულიო იკეტებოდა, საყვირზე უკრავდა და ბავშვურად იქცევდა თავს. ის იცნობდა იდუმალსა და ჯადოსნურ  პარიზს, რომელსაც ვერ იპოვიდით ვერც ერთ მეგზურში და რომელშიც კორტასართან ყოველი შეხვედრისას ათას სასწაულს ვპოულობდი: ფილმებს, გამოფენებს, უცნობ პოეტებს და თვით ალქაჯების თავყრილობას Mutualite-ზე, რაც ძალზე მოსაწყენ სანახაობად მეჩვენა, მაგრამ კორტასარმა შემდგომში განსაცვიფრებლად ასახა, როგორც ერთგვარი იუმორისტული აპოკალიფსი.

ამ ხულიო კორტასართან მეგობრობა შეიძლებოდა, მაგრამ დაახლოება შეუძლებელი გახლდათ. ეს ჯადოქარი  თავაზიანობისა და ქცევის წესების სისტემის მეშვეობით (რომელთაც უნდა დამორჩილებოდი, თუკი მისი მეგობრობის შენარჩუნება გსურდა) თავის თავსა და სხვებს შორის გარკვეულ დისტანციას ამყარებდა, რაც მას იდუმალების შარავანდედით მოსავდა.  ცხოვრების ფარული განზომილება – ირაციონალური და ბობოქარი – მისი ძალმოსილების წყარო იყო, რომელიც დროდადრო თავს იჩენს მის ტექსტებში, თვით ყველაზე ფრაგმენტულსა და ხალისიანშიც კი. კორტასარი იყო უკიდურესად პრივატული პიროვნება, რომლის შინაგანი სამყარო (ხელოვნების ნიმუშის მსგავსად აგებული და დაცული), ალბათ, მხოლოდ ავრორასთვის იყო ხელმისაწვდომი, თვით მისთვის კი, ლიტერატურის გარდა, არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა და არც არაფერი არსებობდა.

ეს არ ნიშნავს, რომ კორტასარი ისეთი წიგნიერი, განათლებული და ინტელექტუალური პიროვნება გახლდათ, როგორიც იყო, მაგალითად, ბორხესი, რომელიც სამართლიანად წერდა: “ბევრი წავიკითხე და ცოტა ვიცხოვრე”. კორტასართან ლიტერატურა განზავდება ყოფით გამოცდილებაში და მსჭვალავს მთელ ცხოვრებას, აცოცხლებს და ამდიდრებს მას განსაკუთრებული ბრწყინვალებით, ისე, რომ არ განძარცვავს სპონტანურობისგან. ალბათ, არც ერთ მწერალთან არა აქვს თამაშს ისეთი ლიტერატურული ღირებულება, როგორც კორტასართან, და არც არავის უქცევია თამაში მხატვრული შემოქმედებისა და კვლევის  ესოდენ პლასტიკურ და ნაყოფიერ იარაღად. მაგრამ ეს სრული  ჭეშმარიტებაა არაა, რადგან ხულიო არ მიმართავდა თამაშს ლიტერატურულ ნაწარმოების შექმნის მიზნით. მისთვის თვით წერა იყო თამაში, გართობა, ცხოვრების – სიტყვების, აზრების – ორგანიზება თვითნებურად, თავისუფლად, წარმოსახვის მეშვეობით, ბავშვის ან შეშლილისთვის ჩვეული უპასუხისმგებლობით. მაგრამ ამგვარი თამაშის წყალობით კორტასარმა გამოავლინა და გამოიყენა მანამდე უცნობი საშუალებები. ის გვიჩვენებს ადამიანის სულის უცნობ, ტრანსცენდენტურ სიღრმეებს, რასაც, ალბათ, მიზნად არ ისახავდა. შემთხვევითი არაა (ან, თუკი შემთხვევითია, სწორედ იმ გაგებით, რომელიც თავს იჩენს რომანში “62. ასაწყობი მოდელი”), რომ თავის ყველაზე მნიშვნელოვან რომანს მან “კლასობანა” – ბავშვთა თამაშის სახელი – დაარქვა.

რომანის ან თეატრის მსგავსად, თამაში გამონაგონის ფორმაა: ესაა სამყაროში შეტანილი ხელოვნური წესრიგი, წარმოდგენა რაღაც ილუზორულის შესახებ, რომელიც ენაცვლება ცხოვრებას. თამაში გვმიჯნავს საკუთარი თავისგან, გვავიწყებს ჭეშმარიტ რეალობას და საშუალებას გვაძლევს გავთავისუფლდეთP – სანამ შენაცვლება გრძელდება – ჩვენ მიერვე შექმნილი მკაცრი კანონებისგან. თამაში, როგორც თავდავიწყება, გართობა,  გამონაგონი – ჯადოსნური საშუალებაა იმ ატავისტური შიშისგან გასათავისუფლებლად, რომელსაც წარმოშობს სამყაროს ფარული ანარქია, ჩვენი წარმომავლობის, მდგომარეობისა და ბედ-იღბლის  ირაციონალური საიდუმლო. სახელგანთქმულ წიგნში “Homo Ludens” იოჰან ჰოიზინგა ამტკიცებდა, რომ თამაში ცივილიზაციის საფუძველია და რომ საზოგადოებრივი ინსტიტუციები, სისტემები, პრაქტიკები და რწმენა-წარმოდგენები გამომდინარეობს ქცევებისა და რიტუალების იმ ელემენტარული ფორმებიდან, რომელიც ბავშვთა თამაშებს ახასიათებს.

კორტასარის სამყაროში თამაში მივიწყებულ ვირტუალურობას უბრუნებს სერიოზულ ქმედებებს, რომელთაც მოზრდილი ადამიანები მიმართავენ საკუთარი დაუცველობის შესანიღბავად, საშიშროებებით აღსავსე, გაუგებარი და აბსურდული სამყაროს წინაშე შიშის დასაძლევად. მართალია, რომ მისი პერსონაჟები ტკბებიან თამაშით, მაგრამ ხშირად ეს უკავშირდება არა მარტო სახიფათო გადახრებს, არამედ – ერთგვარ საფრთხილო ცოდნასაც, ან კიდევ – გაუცხოებას ან სიკვდილს.

სხვა შემთხვევებში კორტასარისეული თამაში თავშესაფარია მგრძნობიარობისა და წარმოსახვისთვის. მისი მეშვეობით სათუთი, მიამიტი არსებები თავს იცავენ სოციალური ძალმომრეობისგან, ანუ იმისგან, რასაც  კორტასარის  ყველაზე გონებამახვილურ  წიგნში – “ქრონოპები და ფამები” – ეწოდება “სასარგებლო მიზნებისკენ ლტოლვის ან პრაგმატიზმის შემზარავი ტენდენცია”. მისი თამაშები მიმართულია “აწყობის”, გამოყენების, ბოროტად გამოყენების, ცრურწმენების წინააღმდეგ და, რაც მთავარია, სერიოზულობის საფრთხობელას წინააღმდეგ, რის გამოც მწერალი აკრიტიკებდა თავისი ქვეყნის კულტურასა და ეროვნულ თავისებურებებს.

როდესაც ვსაუბრობ “თამაშის” შესახებ, არსებითად, მრავლობითი რიცხვის ფორმები უნდა გამოვიყენო, რადგან კორტასარის წიგნებში თამაშობს ავტორი, თამაშობს მთხრობელი და თამაშობს მკითხველიც,  რომელიც  იძულებულია ასე მოიქცეს იმ ხაფანგების ზეგავლენით, რომლებიც ყველაზე მოულოდნელ ადგილებშია ხოლმე დაგებული. ეჭვგარეშეა, რომ არაჩვეულებრივი თავისუფლებისა და ხალისის გრძნობა გეუფლება, როდესაც მოულოდნელად ხდება კლასიკური ძეგლების პაროდირება, აკადემიური ლექსიკონების სასაფლაოდან სიტყვების ამოთხრა და, შემდგომ, გაცოცხლება იუმორის მეშვეობით, ან კიდევ – ხტუნაობა კლასობანას სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის – კორტასარის მარჯვე ხელშეწყობით.

“კლასობანა” 1963 წელს გამოქვეყნდა და მთელი ესპანურენოვანი სამყარო შეძრა. მან ძირი გამოუთხარა იმ რწმენებსა და ცრურწმენებს, რომლებიც მწერლებსა და მკითხველებს ნარატიული ხელოვნების საფუძვლებად მიაჩნდათ. მანვე წარმოუდგენელი მასშტაბით განავრცო ჟანრის საზღვრები. “კლასობანას” წყალობით შევიტყვეთ,  რომ კითხვა თვითგართობის Bბრწყინვალე საშუალებაა, რომ შესაძლებელია სამყაროსა და ენის საიდუმლოებათა წვდომა გართობის მეოხებით. ის აზრიც გავითავისეთ, რომ თამაში საშუალებას გვაძლევს ჩავწვდეთ ცხოვრების იდუმალ შრეებს, რომლებიც მიუწვდომელია რაციონალური შემეცნებისა და ლოგიკური გონებისთვის და რომელთაც თვალს ვერავინ გაუსწორებს იმის გარეშე, რომ სიკვდილის ან შეშლილობის საფრთხის წინაშე არ დადგეს. “კლასობანაში” გონება და უგუნურება, ძილი და მღვიძარება, ობიექტურობა და სუბიექტურობა, ისტორია და ფანტაზია კარგავენ თავიანთ საგანგებო სტატუსს,  მათი გამმიჯვნელი საზღვრები მქრქალდება. ისინი ანტონიმებად კი არა, სინონიმებად წარმოგვიდგებიან. ამგვარ სამყაროში არავითარი განსხვავება არ შეიმჩნევა, მაგალითად, მაგასა და ოლივეირას, და, მეორე მხრივ,  კორტასარის ცნობილი “შეშლილებს” შორის მისი მომდევნო წიგნებიდან (ბევრი სხვა წყვილის მსგავსად, მე და პატრიციამ სამოციან წლებში, “კლასობანას” წაკითხვის შემდეგ, საგანგებო ჟარგონი გამოვიგონეთ და ამ ეზოტერული ენის მეშვეობით ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს სათუთ საიდუმლოებებს).

“კლასობანასა” და კორტასარის სხვა თხზულებების შესახებ მსჯელობისას, თამაშის ცნებასთან ერთად, გასათვალისწინებელია თავისუფლების ცნება. თავისუფლება, რომელიც არღვევს ნარატივის აგების მყარ ნორმებს, თხრობის კონვენციური წესის ნაცვლად შემოაქვს ფარული წესრიგი, რომელიც უწესრიგობას წააგავს, ძირეულად ცვლის ჩვენს წარმოდგენებს ნარატიული თვალსაზრისის, ნარატიული დროის, პერსონაჟთა ფსიქოლოგიის, ამბის სივრცული ორგანიზებისა და ლოგიკური თანმიმდევრობის შესახებ. სამყაროსგან დაუცველობის მძაფრი  გრძნობა, რომელსაც რომანის განვითარებისას განიცდის ორასიო ოლივეირა (რის გამოც პერსონაჟი წარმოსახული თავშესაფრის ტყვეობაში აღმოჩნდება), ეუფლება “კლასობანას” მკითხველსაც, რომელსაც ამ ლაბირინთში,  ამბის ამ ხლართებში, ხვეულებსა და განტოტებებში გზას უბნევს ცბიერი ნარატორი. აქ აღარაფერია  უეჭველი: არც მიმართულება, არც სიმბოლოები, და არც თვით გზა, რომელსაც პერსონაჟი იკვალავს. რას მაუწყებენ ისინი? რატომ არ ძალმიძს მათი ზუსტი მნიშვნელობის გააზრება? იქნებ, ყოველივე იმდენად იდუმალი და რთულია, რომ აღქმის ჩვენეულ უნარს აღემატება? ან, იქნებ, ეს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული უდიდესი ფანდია?  საქმეც ისაა, რომ ორივე მათგანია. “კლასობანასა” და კორტასარის ბევრ მოთხრობაში დაცინვა, მასხარაობა, ილუზიონიზმი ხშირად გვაგონებს ცხოველთა პაწაწინა გამოსახულებებს, რომელთაც ზოგიერთი ვირტუოზი თითების ჩრდილთა მეშვეობით გვიჩვენებს ხოლმე, ან კიდევ – მონეტებს, რომლებიც სადღაც უჩინარდება და შემდგომ ჩვენს ყურებსა ან ცხვირში ვპოულობთ. მაგრამ ასევე ხშირად – “კლასობანას” იმ ცნობილი აბსურდული ეპიზოდების მსგავსად, რომლებშიც მთავარი როლი გამოჩენილ პიანისტს, ბერტა ტრეპატს განეკუთვნება (პარიზში), ან ფიცრებზე ტალიტას გადასვლაა აღწერილი (Bუენოს-აირესში) – მათ მივყავართ ქცევის უძველეს ფესვებთან, მის შორეულ ირაციონალურ წყაროებთან, ადამიანური გამოცდილების უცვლელ – მაგიურ, ველურ, რიტუალურ – არსთან, რომელიც რაციონალური ცივილიზაციის საფუძველია, გარკვეულ ვითარებაში კი თავს იჩენს და ანადგურებს მას. (ეს თემა ხორცშესხმულია კორტასარის ზოგიერთ საუკეთესო მოთხრობაში, მაგალითად, “კიკლადების კერპსა” და “ღამის სახეში”, რომლებშიც უეცრად წარმოგვიდგება შორეული და მძვინვარე ღმერთები, რომლებიც შიგნიდან უნდა ააფეთქონ თანამედროვე ცხოვრება და გაძღნენ ადამიანური მსხვერპლით).

“კლასობანამ” არნახული ბიძგი მისცა ფორმალურ ძიებებს ახალ ესპანურ-ამერიკულ  მწერლობაში, მაგრამ სამართლიანი არ იქნება, მას ექსპერიმენტული რომანი ვუწოდოთ. ამგვარ კვალიფიკაციას აბსტრაქტულობისა და პრეტენზიულობის სუნი უდის. ის გულისხმობს სინჯარების, რეტორტებისა და შავი დაფების სამყაროს, რომლებზეც ალგებრული გამოსახულებებია ჩამოწერილი; რაღაც აბსტრაქტულს, უშუალო ცხოვრებისგან, სურვილებისა და სიამოვნებისგან გამიჯნულს. “კლასობანაში” სიცოცხლე დუღს და გადმოდუღს. მასში მძლავრად იგრძნობა სინედლე და დინამიკა, ახალგაზრდული ეგზალტაცია და ამბოხი, იმ მწერლების წინააღმდეგ მიმართული მჟღერი ხმამაღალი სიცილი, რომლებიც, კორტასარის თქმით, გახამებული საყელოთი და ჰალსტუხით სხდებიან საწერ მაგიდასთან. უბრალო პერანგში გამოწყობილ კორტასარს შემოქმედება ისეთსავე სიხარულს ანიჭებდა, როგორც სხვებს – შინ მომზადებული გემრიელი კერძი ან საყვარელი მუსიკის მოსმენა მყუდრო ოთახში. “კლასობანა” გვასწავლის, რომ სიცილი არ ემტერება არც  სერიოზულობას  და არც ექსპერიმენტებს, რომლებიც  ყალბი და სასაცილოა მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ ძალზე სერიოზულად აღიქვამენ. ისევე, როგორც მარკიზმა დე სადმა ამომწურავად ასახა სექსუალური ძალმომრეობის უკიდურესი გამოვლინებები, “კლასობანაც” ფორმალური თამაშის აპოთეოზია, რომლის გვერდითაც ნებისმიერი “ექსპერიმენტული” რომანი უფერულად და მოარულად გამოიყურება. ამიტომაა, რომ კორტასარს, ბორხესის მსგავსად, უამრავი მდარე მიმბაძველი ჰყავს, მაგრამ არ ჰყავს არც ერთი მოწაფე.

რომანის გაუქმება, ლიტერატურის განადგურება, “ქალბატონ მკითხველთა” ჩვევების  დარღვევა, სადა სტილი, უხეიროდ წერა და ა.შ. – ყოველივე ის, რასაც “კლასობანაში” მორელი მოითხოვს – რაღაც ძალზე მარტივის მეტაფორები გახლავთ: ლიტერატურისთვის დამღუპველია ჭარბი კონვენციურობა და სერიოზულობა, აუცილებელია მისი განწმენდა რიტორიკისა და მოარული ელემენტებისგან, რათა ის კვლავ აღიჭურვოს სინედლით, გრაციით, სითამამითა და თავისუფლებით. კორტასარის სტილი ამგვარია, პირველ ყოვლისა, მაშინ, როდესაც ემიჯნება პომპეზურ პროსოპოპეას. რომლითაც მისი ალტერ ეგო, მორელი,  მაღალფარდოვნად საუბრობს ლიტერატურის შესახებ – ესე იგი, მის მოთხრობებში. კორტასარის მოთხრობები ჩვეულებრივ, უფრო გამჭვირვალე და კრეატიულია, ვიდრე მისი რომანები, თუმცა მათში ვერ ნახავთ ეფექტებზე გათვლილ “სარაკეტო ტექნიკას”, რომელიც ამ უკანასკნელთ შარავანდედის მსგავსად გარემოიცავს.

კორტასარის მოთხრობები არანაკლებ ამბიციური ან რევოლუციურია, ვიდრე – მისი ვრცელი ტექსტები, მაგრამ ის, რაც რომანებში ორიგინალური და ნოვატორულია, ჩვეულებრივ, მოთხრობებში მხოლოდ შეფარულად იჩენს თავს – მათთვის დამახასიათებელი არაა “კლასობანას”, “62. ასაწყობი მოდელის” და “წიგნი მანუელისას” რამდენადმე კადნიერი ვირტუოზულობა, რომლის ზეგავლენითაც მკითხველს ისეთი გრძნობა უჩნდება, თითქოს მისი ინტელექტუალური განვითარების დონეს ამოწმებენ. ეს რომანები რევოლუციური მანიფესტებია, მაგრამ მხოლოდ მოთხრობებში ხორციელდება ჭეშმარიტი კორტასარისეული  რევოლუცია, რომელიც აქ უფრო ზომიერია, მაგრამ უფრო ღრმა და მყარიც, რადგან განპირობებულია თვით გამონაგონის ბუნებით, მისი განუყოფელი არსით და ვლინდება ფორმაში, საშუალებებსა და მხატვრულ ტექნიკაში, რომლითაც გამონაგონი აღიჭურვება ყველაზე ბრწყინვალე ხელოვანთა შემოქმედებაში. თავის მოთხრობებში კორტასარი ექსპერიმენტირებას არ მიმართავდა:  მან იპოვა, აღმოაჩინა და შექმნა რაღაც მარადიული.

ყველა ექსპერიმენტატორი მწერალი როდი ქმნის ფანტასტიკურ ნაწარმოებებს. ხულიოს უყვარდა ფანტასტიკური ლიტერატურა და შესანიშნავად იცნობდა მას. კორტასარის კალამს ეკუთვნის რამდენიმე შესანიშნავი მოთხრობა, რომლებშიც ასახულია უჩვეულო მოვლენები, მაგალითად, ადამიანის გარდასახვა პატარა წყლის ცხოველად მომცრო შედევრში “აქსოლოტლი”; ან ჭარბი ენთუზიაზმის გამო ჩვეულებრივი კონცერტის გადაქცევა საშინელ სისხლისღვრად, როდესაც აგზნებული ხალხი აცვივდება სცენაზე, რათა დაფლითოს დირიჟორი და მუსიკოსები “მენადებში”. მაგრამ ის აგრეთვე წერდა ორთოდოქსული რეალიზმის პრინციპებზე აგებულ მოთხრობებსაც. ასეთია, მაგალითად, “მოზვერი” – მოკრივის, მეტსახელად, მოზვრის მიერ მოთხრობილი ისტორია საკუთარი ცხოვრების შესახებ, რომელიც, არსებითად, სხვა არაფერია, თუ არა თხრობა პერსონაჟის მეტყველების შესახებ – დახვეწილობის, მუსიკალურობის, იუმორის ლინგვისტური დღესასწაული. პერსონაჟის მეტყველების განუმეორებელი სტილი მოიცავს ადგილობრივ კოლორიტს, ხალხის თავისებურებებს და მითოლოგიას; “მდევარში” თხრობა მიმდინარეობს წყვეტილი დროის დახვეწილი ფორმებით ასახულია ჯონის, ბრწყინვალე ჯაზმენის მიერ აბსოლუტის ამაო ძიება და, შემდგომ, სულიერი განადგურება, რასაც – “რეალისტური” (რაციონალური და პრაგმატული) რედუქციის საშუალებით – მოგვითხრობს ჯონის კრიტიკოსი და ბიოგრაფი, მთხრობელი ბრუნო.

ფაქტობრივად, კორტასარი რეალისტიც იყო და ფანტასტიც. მის მიერ გამოგონილი სამყარო დამაჯერებელია ზუსტად ამ უცნაური სიმბიოზის გამო, რომელიც, როჟე კაიუას აზრით, აუცილებელია ფანტასტიკისთვის. ფანტასტიკური ლიტერატურის ანთოლოგიის პროლოგში კაიუა ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტად ფანტასტიკური ხელოვნება მწერლის ჩანაფიქრიდან კი არ იბადება, არამედ შემთხვევითობას ან სხვა იდუმალ ძალას ექვემდებარება. ამგვარადვე, განაგრძობს კაიუა, ფანტასტიკური არც ტექნიკიდან გამომდინარეობს და არც ლიტერატურული ხატია, არამედ O მოუხელთებელი ფენომენია – ესაა რეალობა, რომელიც წინასწარი განზრახვის გარეშე უეცრად თავს იჩენს ხოლმე ლიტერატურულ ტექსტში. მახსოვს ხულიოს გაოცება მონპარნასის ბისტროში კარიერის თეორიის შესახებ ხანგრძლივი და ცხოველი დიალოგის შემდეგ, როდესაც დავარწმუნე, რომ ეს თეორია  ზუსტად შეესაბამება მის შემოქმედებას. კორტასარის სამყაროში ყოფითი რეალობა თანდათან ინგრევა და ფარული ზეწოლის შედეგად ფანტასტიკურისკენ, უჩვეულოსკენ იხრება, ოღონდ, მასში მთლიანად არ შთაინთქმება; წარმოიქმნება ერთგვარი შუალედური სივრცე, საკუთარი დროითა და ტერიტორიით, სადაც რეალური და ფანტასტიკური ერთმანეთს გადაფარავს, თუმცა არ ერწყმის. ესაა “Blow-Up”-ის, “დედის წერილების”, “საიდუმლო იარაღის”, “აჭედილი კარის” და მრავალი სხვა ამბივალენტური მოთხრობის სამყარო, რომლებიც რეალისტურიცაა და ფანტასტიკურიც, რადგან ექსტრაორდინარული მათში, შესაძლოა იყოს პერსონაჟების ფანტაზიის ნაყოფი ან კიდევ – სასწაული. ამგვარი ამბივალენტურობა ახასიათებს ფანტასტიკური ლიტერატურის ცნობილ ნიმუშებს, მაგალითად, ჰენრი ჯეიმსის “ხრახნის შეტრიალებას” – დახვეწილ მოთხრობას, რომელშიც ამბივალენტურობის დიდოსტატი იმგვარად მოგვითხრობს ამბავს, რომ შეუძლებელია შევიტყოთ, ფანტასტიკური მოვლენა (აჩრდილების გამოჩენა) მართლაც მოხდა თუ პერსონაჟის ჰალუცინაციას წარმოადგენს. კორტასარს ჯეიმსისგან, პოსგან, ბორხესისგან, კაფკასგან  განასხვავებს არა ამბივალენტურობა ან ინტელექტუალიზმი, – რომლისკენაც კორტასარი არანაკლებ მიდრეკილია, ვიდრე ისინი, – არამედ ის, რომ კორტასარის ყველაზე რთული და დახვეწილი ნაწარმოებები არასოდეს იქცევა აბსტრაქციებად. ისინი გარდუვალად ემყარება ყოფით, კონკრეტულ რეალობას და  ისეთივე ცხოვრებისეულია, როგორც ფეხბურთის მატჩი  ან ბარბექიუ. სიურრეალისტებმა გამოიგონეს გამოთქმა “ყოველდღიური სასწაული” ამ იდუმალი პოეტური – მიზეზშედეგობრიობისა და მეცნიერული კანონებისგან გათავისუფლებული – რეალობის აღსანიშნავად,  სადაც პოეტი მიწიერ, ჩვეულებრივ  მოვლენებს ისე აღიქვამს, როგორც  სიზმრებს ან ჰალუცინაციებს. ეს სასწაულებრივი რეალობა წარმოშობს ისეთ წიგნებს, როგორებიცაა არაგონის “პარიზელი გლეხი” ან ბრეტონის “ნადია”, მაგრამ მწამს, რომ არც ერთ თანამედროვე მწერალს არ შეესაბამება დეფინიცია “წინასწარმჭვრეტი” ისე ზუსტად, როგორც კორტასარს. ის ამჩნევს უჩვეულოს ჩვეულში, აბსურდულს – ლოგიკურში, გამონაკლისს – კანონზომიერებაში და გასაოცარს – ბანალურში. არავის გაუკეთილშობილებია ყოველდღიური ცხოვრებისეული მოვლენები ისერიგად, როგორც კორტასარს, რომელმაც, თავისი მაგიური კალმით, გვიჩვენა, რაოდენ სრულყოფილი და, ამავე დროს, თავზარდამცემია ჩვეული მოვლენები – მას ძალუძს დაწეროს ტექსტები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავქოქოთ საათი ან ავიდეთ კიბეზე, და ეს იქნება შთამბეჭდავი ლექსები პროზაში ან კომიზმით გამსჭვალული ფსევდომეტაფიზიკური ტექსტები.

ამ ალქიმიის საფუძველია სტილი, რომელიც ყველაზე უჩვეულო ფანტაზიებს აერთიანებს ფიზიოლოგიურ აქტებთან და  ქუჩის ამბებთან, წარმოსახვის უსაზღვრო თავისუფლებას კი –  სხეულისა და ისტორიის შეზღუდულ ცხოვრებასთან. მისი სტილი ბრწყინვალედ ახდენს ზეპირი ტრადიციის, ყოფითი მეტყველების თავისუფალი დინების, სპონტანური ექსპრესიის სიმულირებას. ჩვენ წინაშეა ილუზია, რადგან, რეალურად, ჩვეულებრივი ადამიანი აბნეულად მეტყველებს, იმეორებს ან ტოვებს სიტყვებს, რაც მხატვრულ ტექსტში დაუშვებელია. კორტასარის ენა კი ფაქიზად მოქსოვილი და იმდენად ეფექტური გამონაგონია, რომ ბუნებრივი მეტყველების შთაბეჭდილებას ტოვებს, ისეთისა, როგორიც ცხოვრებიდან აღებული მეტყველებაა, რომელიც მკითხველს შეიძლებოდა მოესმინა უშუალოდ ცოცხალი ადამიანებისგან. ეს ენა უაღრესად გამჭვირვალეა და ორგანულად შეესაბამება აღსანიშნს – სიტუაციებს, საგნებს, ყოფას, პეიზაჟებს, აზრებს – ფარული სხივის მსგავსად, რომელიც შიგნიდან აშუქებს და ადასტურებს მათ ნამდვილობასა და ჭეშმარიტებას. კორტასარის ნაწარმოებების უდიდესი დამაჯერებლობა ამ სტილს ემყარება. მის ყველაზე რთულ ტექსტებშიც კი  კაცობრიობის სუნთქვა გვესმის. სტილის ფუნქციონალურობა აქ იმდენად მძლავრია, რომ კორტასარის საუკეთესო ტექსტები თითქოს მეტყველებენ.

მიუხედავად ამისა, სტილისტური სიცხადე საცთურია, რომელიც გვაიძულებს ვიწამოთ, რომ ამ ნაწარმოებების შინაარსიც გამჭვირვალეა,  რომ  ის ჩრდილებისგან განძარცულ, ნათელ სამყაროს ასახავს. ესეც ილუზიაა, რადგან კორტასართან სამყაროს ძალმომრეობა ედება ბრალად.  ტანჯვა, ტკივილი და შიში განუწყვეტლივ თან სდევს ადამიანებს, რომლებიც ხშირად თავს აფარებენ (ორასიო ოლივეირას მსგავსად) შეშლილობას, რათა გაექცნენ ცხოვრებას. “კლასობანას” შემდეგ კორტასარის შემოქმედებაში შეშლილი ცენტრალურ პერსონაჟად იქცევა. მაგრამ შეშლილობა აქ შენიღბულად ვლინდება,  მის ფონს საშიშროება ან ტრაგედია არ წარმოადგენს. ესაა მხიარული გამოვლინება არსობრივი აბსურდულობისა, რომელიც სამყაროს რაციონალურობის ნიღაბს მიღმააა შეფარული. კორტასარის შეშლილები ხალისიანი და თითქმის ყოველთვის კეთილი მანიაკები გახლავან, რომელთა  ლინგვისტური, ლიტერატურული, სოციალური, პოლიტიკური ან ეთიკური ზრახვები  – სევერინო პერესის მსგავსად – განკუთვნილია ყოფის  აღნუსხვისა და კლასიფიცირებისთვის, აბსურდული ნომენკლატურის შესაბამისად. მაგრამ მათი ახირებული ქცევის საფუძველია უკმაყოფილება არსებული მსოფლწესრიგით, უთავბოლო ძიება სხვაგვარი – უფრო პოეტური და მოულოდნელობებით აღსავსე (ზოგჯერ – კოშმარული) ცხოვრებისა, ვიდრე ჩვენი შეზღუდული არსებობაა. კორტასარის შეშლილები, რომლებიც ერთდროულად – ბავშვები, მეოცნებეები, მასხრები, მსახიობები არიან, გვიჩვენებენ, როგორი ბედ-იღბლისთვისაა განწირული უმწეობა და მორალური სიწმინდე, ამიტომ მათ თანავუგრძნობთ და ჩვენს ბრალეულობასაც ვიცნობიერებთ.

თამაში, შეშლილობა, პოეზია, იუმორი – ყოველივე ეს ალქიმიური ნაერთის მსგავსად წარმოგვიდგება ამ ალმანახებში (“ერთი დღე ოთხმოც სამყაროში”, “უკანასკნელი რაუნდი” და, ბოლოს, “ავტონავტები კოსმოსტრადაზე”, რომელშიც ასახულია უკანასკნელი აბსურდული პილიგრიმობა საფრანგეთის ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე). აქ კორტასარი თავისუფლდება – ყმაწვილური სითამამით – თავისი მიდრეკილებების, მანიების, აკვიატებული იდეების, სიმპათიებისა და ფობიებისგან. ეს სამი წიგნი პოლარულად უპირისპირდება სულიერ ავტობიოგრაფიას. დამოკიდებულება ლიტერატურული წინაპრების მიმართ მათში თავს იჩენს, როგორც პერმანენტული კადნიერება, ერთგვარი იუმორისტული უპატივცემლობა.  მაგრამ სამოციანი წლების ბოლოს კორტასარმა განიცადა იმგვარი ტრანსფორმაცია, როგორიც, მისი თქმით, “მხოლოდ ლიტერატურაში შეიძლება მოხდეს”. ხულიო ამ შემთხვევაშიც არაპროგნოზირებადი “cronopio”-ს სახით წარმოგვიდგა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, რომელსაც მწერალი ეთანხმებოდა, კორტასარის ტრანსფორმაცია (ყველაზე უჩვეულო მუტაცია, რომელიც, ჩემი აზრით, შეიძლება შეადარო “აქსოლოტლის” მთხრობლისას) მოხდა 1968 წელს, საფრანგეთში. იმ ბობოქარ დღეებში ის პარიზის ბარიკადებზე იმყოფებოდა, არიგებდა თავის პამფლეტებს, შეუერთდა სტუდენტებს, რომლებიც “წარმოსახვის ძალაუფლების” განმტკიცებისკენ ისწრაფოდნენ. იმხანად ორმოცდათოთხმეტი წლისა იყო; გარდაცვალებამდე დარჩენილი თექვსმეტი წელი მან, როგორც მწერალმა, სოციალიზმს მიუძღვნა; იცავდა კუბასა და ნიკარაგუას, ხელს აწერდა მანიფესტებს და ყოველთვის ესწრებოდა რევოლუციურ კონგრესებს.

კორტასარის შემთხვევაში, განსხვავებით ბევრი მისი კოლეგისგან, რომლებიც ასევე მეამბოხურ სულისკვეთებას ამჟღავნებდნენ, მაგრამ – უფრო სნობიზმის ან ოპორტუნიზმის გამო (modus vivendi და ინტელექტუალურ ისტებლიშმენტში სოციალური კიბის უფრო მაღალ საფეხურებზე ასვლის ხერხი, რომელიც ესპანურენოვან სამყაროში იყო და, გარკვეულწილად, ახლაც არის მემარცხენეთა მონოპოლია), ეს იყო ჭეშმარიტი ტრანსფორმაცია, რომელიც განპირობებული გახლდათ უფრო ეთიკით, ვიდრე – იდეოლოგიით (რომლის მიმართ ალერგია ჰქონდა). კორტასარის ცხოვრება საჯარო გახდა, ხოლო მისი თხზულებების უმეტესი ნაწილი ეძღვნებოდა რეალურ პოლიტიკურ ვითარებას და მიმდინარე მოვლენებს. ეს თხზულებები თითქოს სხვა პიროვნების მიერ იყო დაწერილი, რადგან უწინ კორტასარი პოლიტიკას ირონიულად ქირდავდა, როგორც რაღაც უცხოს. (მახსოვს, როდესაც მინდოდა მისთვის ხუან გოიტისოლო გამეცნო, კორტასარმა იხუმრა: “თავს შევიკავებP- ის ძალზე პოლიტიკური პიროვნებაა”). ცხოვრების ამ მეორე ეტაპზე (ისევე, როგორც პირველზე, ოღონდ – განსხვავებულად) ის მეტს გასცემდა, ვიდრე იღებდა. კორტასარი ხშირად ცდებოდა  –  კერძოდ, როდესაც თქვა, რომ სტალინიზმის დანაშაულებები, უბრალოდ, კომუნიზმის “შემთხვევითი შეცდომები” იყო – მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც იმდენად გულუბრყვილო და უშუალო გახლდათ, რომ მის მიმართ პატივისცემას გაგრძნობინებდათ. პირადად ჩემმა პატივისცემამ, სიყვარულმა და მეგობრობამ – თუმცა კი შორიდან – გაუძლო ჩვენს პოლიტიკურ უთანხმოებებს.

მაგრამ ხულიოს ტრანსფორმაცია გაცილებით უფრო ღრმა იყო და მხოლოდ პოლიტიკურ ქმედებებში როდი გამოიხატებოდა. ჩემი აზრით, ის 1968 წლის მოვლენებამდე ერთი წლით ადრე დაიწყო, კერძოდ, მაშინ, როდესაც დაცილდა ავრორას. როგორც უკვე ვთქვი, 1967 წელს სამივენი საბერძნეთში ვიმყოფებოდით და თარჯიმნებად ვმუშაობდით. მთელი დღეების განმავლობაში ვისხედით ერთ მაგიდასთან “ჰილტონის” საკონფერენციო დარბაზში, ხოლო საღამოებს ვატარებდით აკროპოლის მახლობლად, პლაკას რესტორნებში. ერთად ვათვალიერებდით მუზეუმებს, მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ტაძრებს და ერთხელ პატარა კუნძულს – ჰიდრასაც ვეწვიეთ. ლონდონში დაბრუნებულმა. პატრიციას ვუთხარი: “შესანიშნავი წყვილია. ავრორა და ხულიო მიხვდნენ, რა საოცარი რამაა ბედნიერი ქორწინება”. რამდენიმე დღის შემდეგ კი მივიღე ხულიოს წერილი, რომელშიც მატყობინებდა ცოლთან გაცილების შესახებ. ასეთი იმედგაცრუება არასოდეს განმიცდია.

როდესაც კორტასარს ლონდონში კვლავ შევხვდი,  ახალშერთული ცოლი ახლდა და  უკვე სხვა პიროვნება იყო. გრძელ თმას და, ასევე, გრძელ (ბიბლიური წინასწარმეტყველების მსგავსად) მოწითალო წვერს ატარებდა. მაიძულა, ეროტიკული ჟურნალები მეყიდა. ისეთივე გატაცებით საუბრობდა ქალების, მარიხუანისა და რევოლუციის თაობაზე, როგორც უწინ – ჯაზისა და მოჩვენებების შესახებ. გულწრფელი და უშუალო იყო და სრულიად არ ახასიათებდა ქედმაღლობა და პოზიორობა, რომელიც აუტანელია ორმოცდაათი წლის ასაკს მიტანებულ წარმატებულ მწერლებში. უნდა დავძინო, რომ  უფრო ენერგიულად და ახალგაზრდულად  გამოიყურებოდა, მაგრამ არ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელსაც ადრე ვიცნობდი. ყოველთვის, როდესაც მას შემდგომში ვხედავდი – ბარსელონაში, კუბაზე, ლონდონში ან პარიზში, კონგრესებზე ან მრგვალ მაგიდასთან, საჯარო თუ საიდუმლო შეხვედრებზე – სულ უფრო მეტად მაოგნებდა: ეს ის იყო? ხულიო კორტასარი იყო? რა თქმა უნდა, ის იყო, მაგრამ ახლანდელი ხულიო წააგავდა მატლს, რომელიც პეპლად იქცა,  ან კიდევ – ფაკირს, რომელსაც ესიზმრა, რომ მაჰარაჯა იყო და როდესაც თვალები გაახილა, სამეფო ტახტზე იჯდა და გარს მშვენიერი მხევალი ქალები ეხვივნენ.

ეს მეორე ხულიო კორტასარი, როგორც მწერალი, ჩემი აზრით, ნაკლებად ინდივიდუალური და კრეატიული იყო, ვიდრე – უწინ. მაგრამ, როგორც ჩანს, ის, სანაცვლოდ, უფრო ინტენსიურ ცხოვრებას ეწეოდა და ამიტომ უფრო ბედნიერი იყო, ვიდრე ადრე, როდესაც არსებობა მისთვის შემოქმედებითი მუშაობით ამოიწურებოდა. ყოველ შემთხვევაში, ახლა ის უფრო ახალგაზრდა, მგრძნობიარე, ხალისიანი იყო. თუ ვინმემ იცის ამ ტრანსფორმაციის საიდუმლო, ეს, რა თქმა უნდა, ავრორა იქნებოდა,  მაგრამ გამბედაობა არ მეყო, მეკითხა მისთვის ამის შესახებ. ზაფხულის  ცხელ დღეებში, დეიაში, ხულიოს შესახებ არ გვისაუბრია. მაგრამ ის – უჩინრად – ყოველთვის იქაა, ფარული მონაწილეა ყველა საუბრის, რომელთაც მისთვის დამახასიათებელი სიმარჯვით წარმართავს. კოპწია კოტეჯს, რომელიც  ზეთისხილის ხეებს, კვიპაროსებს, ბუგენვილეებს, ლიმონის ხეებსა და ჰორტენზიებს შორისაა მიმალული, ავრორას ხელი ეტყობა. საღამოს ჟამს მომცრო ტერასაზე მსხდომთ, უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს სიბნელიდან მონაბერი ნიავი და ნამგალა მთვარე, გორაკის თავზე რომ შესკუპებულა. დროდადრო საყვირის ხმები გაისმის. გარშემო არავინაა. ხმები გაისმის სასტუმრო ოთახის კედელზე გაკრული პლაკატიდან. მასზე გამოსახულია მაღალი,  გამხდარი, უწვერულვაშო ჭაბუკი, რომელსაც ძალზე მოკლედ შეკრეჭილი თმა აქვს და მოკლესახელოიანი პერანგი აცვია. ხულიო კორტასარი ერთობა.

© “არილი