პროზა

მარი ბექაური – ძარცვა ქუთაისურად

                                   დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე

    ჰოლივუდურ ფილმებში ენახა, რომ როცა ნიღბიანი მძარცველი ბანკში შევარდებოდა, ჯერ მოლარე-ოპერატორს მიუშვერდა იარაღს და ეუბნებოდა: დროზე ფული, თორემ მოგკლავო! მერე კი შემოტრიალდებოდა და ბანკში მყოფებს დაუყვირებდა: ახლავე ძირს დაწექით ყველანიო!

    თუმცა, როცა ჰოლივუდური ფილმების ზეგავლენით, თავზე ჩულქჩამოცმული ქუთაისის ერთ-ერთ ბანკში შევარდა, მოლარე-ოპერატორს იარაღი მიუშვირა და უყვირა: დროზე ფული, თორემ დაგბრიდავო, მოლარე-ოპერატორს უნებურად წამოსცდა: შენ შიგ ხომ არა გაქვსო?!

ასეთ პასუხს არაფრით არ ელოდა და აიჭრა:

როგორ მიბედავ, მართლა დაგბრიდავო!

და მოლარე-ოპერატორიც გონს მოეგო:

კაი, ჩემო ძმაო, ავღელდი უცებ, მასე სწრაფად რომ შემოქანდი და წამომცდაო.

მომენტალურად აპატია: კაიო, და ბანკში მყოფებს მოუტრიალდა: ძირს დაწექით ახლავეო!

    ჯერ დილის ათი საათი იყო და ბანკში სულ თორმეტი ადამიანი იმყოფებოდა.

    ამათგან შვიდი მძარცველის ბრძანებას მაშინვე დამორჩილდა. სამს ხუმრობა ეგონა და გაეცინა. ერთი ასაკოვანი კაცი გაბრაზებული გაქვავდა ადგილზე. ერთმა მოხუცმა ქალმა კი ძალიან შეწუხებული სახით შეხედა:

რა დავწვე, სად დავწვე, ძლივს ავდექი საწოლიდან, აქ რომ მოვსულიყავიო…

ერთ-ერთმა მწოლიარემ თავი წამოყო და მოხუცს მხარი აუბა:

ჰო, რა დილაუთენიას აგიტყდა ბანკის დაყაჩაღება, გეცლია გამოფხიზლება ხალხისთვისო.

    მძარცველს თავში გაუელვა, მართლა ადრე ხომ არააო, მაგრამ ამაზე წუხილის დრო არ იყო და ისევ მოლარე-ოპერატორს მიუბრუნდა:

აბა, სადაა ფულიო?

მოლარე-ოპერატორმა: არ არიო.

– როგორ თუ არ არი?! – შეიცხადა ამან.

– არ არი! წუხელ წაიღეს და… – ოპერატორმა მხრები აიჩეჩა.

– შენ მე სულელი ხო არ გგონივარ?! – აღშფოთდა მძარცველი და იარაღი ჰაერში შეაქნია, – ლიმონკა არ გამახსნევინო, იცოდე!

– ლიმონკა კი არა, სულ რომ ატომური ბომბი გვხეთქო, მაინც არაა ფული, ჩემო ძმაო! წუხელ წაიღეს-მეთქი, ხომ გითხარი!

– და დღეს?!

– რა დღეს?! დილის ათ საათზე რომ მოგინდა ძარცვა და ტერორიზმი, გეცლია ცოტა! ჯერ ათი წუთის გაღებულიც არაა ბანკი! ყავაც კი არ მქონდა დალეული!..

    მძარცველი მიხვდა, რომ მართლა ადრე მოსვლოდა და სასწრაფოდ ახალ გეგმას საჭიროებდა. იქვე, სკამზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. ფიქრი კაი ხანს გაუგრძელდა და, როგორც ჩანს, ერთ-ერთი მძევალი ისე დაღალა ამ უმოქმედობამ, რომ თავი წამოსწია და იკითხა:

– ჩვენ ხომ არ ავდგეთ?

მძარცველმა გახედა და ხელი აუქნია:

– ადექით… დასხედით, თუ გინდა… პროსტო ზედმეტი არაფერი ქნათ, თორე მართლა დაგბრიდავთ, იცოდე.

– კაი, ძამია, – მიუგო მწოლიარემ და წამოდგა.

სხვა მძევლებიც ადგნენ. იმ გაბრაზებულმა კაცმა კი, რომელიც ადგილზე გაქვავებულიყო, ინტერესით იკითხა:

– ახლა რა ვქნათ?

– ჰო, რა ვქნათ? – აჰყვა მოლარე-ოპერატორი.

– მაცადეთ ცოტა, ვფიქრობ! – გაბრაზდა მძარცველი და ყველანი ჩაჩუმდნენ.

    უცებ ბანკთან საპატრულო პოლიციის მანქანები მოცვივდნენ და იქიდან ფორმიანები გადმოლაგდნენ.

– რომელმა ქენით?! – ფეხზე წამოიჭრა მძარცველი.

– რა ვქენით? – დაიბნა ერთ-ერთი მძევალი.

– რომელმა დარეკეთ?!

– მე არაფერი მიქნია, ჩემი დედას ვფიცავარ! – ხელები ასწია შუახნის კაცმა.

– რად უნდოდა დარეკვა, გარედან ვერ დაინახავდნენ თუ… – შეიცხადა მოლარე-ოპერატორმა.

– ჰო, აქ ყლე კი არაა ვინმე, სიმონ, – დაუდასტურა ერთმა ბიჭმა.

– აუ, გეგონება, კინოში ვიყოთ! – თქვა რაღაცნაირი აღტაცებით ლამაზმა გოგომ.

– კინოს გაჩვენებთ მე თქვენ! – გაბრაზდა უცებ მძარცველი.

– კაი, კაცო, დამშვიდდი, მართლა რამე არ გადაგიტრიალდეს თავში, – აღელდა ბიჭი, – ჩვენ რა დაგიშავეთ, წესიერი ხალხი ვართ!

მძარცველი დაშოშმინდა და უცებ იდეაც მოუვიდა.

– ფეისბუქი გაქ, ხო? – მიმართა ბიჭს.

– რაფერ არ მაქ! – მხრები აიჩეჩა ბიჭმა.

– ჰოდა, შედი ახლა და გაუშვი ლაივი!

– რა ლაივი?!

– ლაივი, რო, აი, ბანკში ვართო და მძარცველია შემოვარდნილი და მძევლად აგვიყვანაო და ფული მოჯვით, თორე დაგვბრიდავსო.

– ისე, ნაღდად არ მოგვკლავ, ხო? – აღელდა შუახნის კაცი.

მძარცველმა მისი შეკითხვა დააიგნორა და ისევ ბიჭს მიუტრიალდა.

– აბა, რა ქენი, შეხვედი?

– დამაცადე.

    რამდენიმე წამის შემდეგ ბიჭი წამოდგა და მობილურის კამერაში ლაპარაკი დაიწყო:

– გამარჯობა, სრულიად საქართველო!.. ახლა მე ვარ ქუთაისის ბანკში და, როგორც ხედავთ, ასეთი სიტუაცია შეიქმნა აქ, რომ შემოვარდა მძარცველი და მძევლად აგვიყვანა…

ამ დროს კამერა დანარჩენებისკენ მიატრიალა და განაგრძო:

– ეს კაცი ითხოვს ფულს… გარეთ მობილიზებულია პოლიცია და ზოგიერთი ტელევიზიაც…

– მობილიზებულს მოგცემ მე შენ! – შემოვარდა უცებ ლაივში ჩულქჩამოცმული კაცი და ლაივიც გაწყდა.

    თუმცა, ათი წუთიც არ იყო გასული, რომ ჩანაწერი უკვე ათასობით ადამიანს, ტელევიზიებს და პოლიციას ენახა.

    ქუთაისის ბანკის დაყაჩაღების ამბავი მართლაც წამებში მოედო ქვეყანას და ხალხი აღელვებული ელოდა მომდევნო ლაივს, რომელმაც არ დააყოვნა…

    სულ მალე გამოჩნდნენ შუახნის კაცი და მძარცველი და შუახნის კაცმა თქვა:

– აგერ, ამ კაცს უნდა ორი მილიონი.

– სამ საათში, – დაამატა მძარცველმა.

– სამი საათი რად უნდათ? – დაეჭვდა მძევალი და მძარცველს შეხედა. მძარცველმა მხარი გაკრა:

– მიდი, ბიჭო, უთხარი.

– ორი მილიონი უნდა აგერ, ამ კაცს, სამ საათში… კიდევ…

როგორც ჩანს, მძევალს დაავიწყდა, კიდევ რა უნდა ეთქვა და მძარცველს შეხედა:

– მოდი, შენ თვითონ დაენახე და უთხარი პირობები.

– შენ უთხარი!

– რა ვუთხრა, დამავიწყდა!

მძარცველმა მძევალს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, მძევალმა თავი დაუქნია და ისევ დაიწყო:

– მოკლედ, აგერ, ამ კაცს უნდა ორი მილიონი, ვერტმფრენი, რუსული დროშა და ანკესი.

– სამ საათში! – დაამატა მძარცველმა.

– სამ საათში! – გაიმეორა მძევალმა.

– თორემ ყველას დავხოცავ! – თქვა მძარცველმა.

– დაგვხოცავ არა, ისა! – გაისმა კამერის იქიდან მოხუცი ქალის ხმა.

ლაივი გაწყდა.

– ახლა მევიცადოთ, – თქვა შუახნის კაცმა, რომელმაც ქვეყანას მძარცველის პირობები გააცნო.

– სამი საათი რა ვაკეთოთ? – ნერვები მოეშალა ბრაზიანს.

– მევიფიქრებთ რაცხას, – პირველად ამოიღო ხმა ერთმა ბენდენიანმა კაცმა, რომელიც მანამდე ფეხი ფეხზე გადადებული იჯდა და დასტოინად ადევნებდა თვალს მთელ ამ სიტუაციას.

    სანამ ბანკში მყოფები ფიქრობდნენ, სამი საათი რა ეკეთებინათ, ხალხი ნამდვილ საგონებელში ჩავარდა…

    ვერავინ მიხვდა, მაგრამ უკლებლივ ყველას აინტერესებდა: რატომ მოითხოვა მძარცველმა ანკესი.

    ქვეყანაში, სადაც ყოველთვის ყველას ჰქონდა მტკიცე მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კომპეტენტური იყო ამ საკითხში, ანკესის ამბავზე ერთი ვარაუდიც კი ვერ გამოითქვა.

   მძევლები ან ფული ვიღას ახსოვდა, როცა ერის წინაშე ამხელა თავსატეხი წამოჭრილიყო:

    ანკესი.

    ბანკს რომ დავუბრუნდეთ, დაახლოებით ერთი საათის მერე ერთ-ერთმა მძევალმა გარეთ მინისტრი შენიშნა და წამოსცდა:

– ოჰ, ჩამოსულა ვაჟბატონი!

– ვინ, სიმონ? – დაინტერესდა ბიჭი.

– ვინ და მინისტრი. ვერ ხედავ? კამერებთან რომ დგას… ინტერვიუს აძლევს, ალბათ.

– ჩამოსულა, თორე რას ამბობ! – ირონიულად ჩაიცინა ბრაზიანმა კაცმა, – აღშფოთდება, შეშფოთდება და წავა.

– დავიღალე, – თქვა მოულოდნელად მოხუცმა ქალმა.

– აბა, შეამოწმე, რამდენმა ნახა ლაივი? – მიმართა მძარცველმა ახალგაზრდა ბიჭს.

– მაიცა.

ბიჭმა ინტერნეტი ჩართო.

– დავიღალე, – გაიმეორა მოხუცმა ქალმა შეწუხებული ხმით.

– უიმე, დედა! – შესძახა ბიჭმა გულწრფელი გაოცებით.

– რა იყო? – დაიძაბა მძარცველი.

– რამდენია, იცი?

– ბევრი?

– 247 000-მდე! – მიუგო ბიჭმა ამაყად.

– მართლა?! – მძარცველმა ცოტა არ დაუჯერა.

– ნახე! – გაუწოდა მობილური და სანამ მძარცველი მის ნათქვამს ამოწმებდა, გახარებულს წამოსცდა:

– ცნობილი ვარ, ჩემი დედა მოვტყან!

– ჰა, ახლა! – შეუღრინა მძარცველმა.

– მაპატიე, სიმონ, გამიხარდა უცებ, ხომ გესმის.

– დავიღალე, – თქვა ისევ მოხუცმა ქალმა.

– რა ცნობილი, რა მოიგონეთ ეს, საერთოდ?! იციან ჩემებმა, აქ რომ მოვდიოდი და შემიშინეთ ახლა ბაღანე! – გამოხატა ბრაზი ერთმა შუახნის კაცმა.

– ოჰ, დიდი ბოდიში, ჩემო ბატონო, – გახედა კაცს მძარცველმა. მოხუცმა ქალმა კი, ღმერთმა უწყის, უკვე მერამდენედ გაიმეორა:

– დავიღალე.

– ვაიმეეე! – ნერვები მოეშალა მძარცველს და წამოხტა, – წადი! გიშვებ!

– ჰა? – დაიბნა ქალი.

-წადით, ქალბატონო! ტვინი მომეტყნა უკვე!

– მართლა?!

– მართლა, აბა, ტყუილა?!

მძარცველი ქალისკენ დაიძრა.

– ადექით!

ქალი ადგა. მძარცველმა ხელი მკლავში მოკიდა და შესასვლელი კარისკენ წაიყვანა.

– გახვალ ახლა და ეტყვი იმათ, რომ ჩემს პირობებს თუ არ შეასრულებენ, ვაფშე ყველას დედას მოვუტყნავ აქ. გაიგე, ხო?

ქალმა თავი დაუქნია.

– იცოდე, ერთი ზედმეტი მოძრაობა არ გავიგო… და რომ გახვალ, კარი მოკეტე.

ქალმა ისევ თავი დაუქნია და კარისკენ დაიძრა.

– შეხედე, ბიჭო, მართლა გოუშვა, – შეიცხადა შუახნის კაცმა.

    ქალმა ბანკის კარი დაკეტა და მძარცველის დანაბარებიც პირწმინდად გადასცა ტელევიზიებს, რომლებიც გამოსვლისთანავე მიესივნენ:

– შიგნით რა ხდება, ქალბატონო?!

– გემუქრებოდათ?! შეიარაღებულია?!

– თქვენ რატომ გამოგიშვათ?!

– ამჟამად რა სიტუაციაა?!

და ა.შ. და ა.შ.

ქალმა შეწუხებული სახით მიიდო ხელი შუბლზე და განაცხადა:

– ძალიან დავიღალე… მოთხოვნების შესრულებას ელოდება. თუ არ შესრულდება, დედას მოუტყნავს ვაფშე ყველას.

– გასაგებია, და ანკესი რისთვის უნდოდა? – ჩაეძია ერთ-ერთი ჟურნალისტი.

– უიმე, მე რა ვიცი. დავიღალე-მეთქი…

– ანუ, თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია ანკესზე?!

ამ დროს ქალს პოლიციამ სტაცა ხელი და გააცუქცუქეს.

    სანამ მძევალი ქალბატონის გათავისუფლების ამბავი გავრცელდებოდა, ერს უკვე გამოეთქვა ვარაუდები იმაზე, თუ რისთვის მოითხოვა მძარცველმა რუსეთის დროშა. ნაწილი ფიქრობდა, რომ ის რუსეთუმე იყო და ამ დროშის აღმართვას აპირებდა. ნაწილი კი ირწმუნებოდა, რომ იგი თავისი დანაშაულებრივი ქმედებით ქვეყანაში რუსულ პოლიტიკას აპროტესტებდა და, სავარაუდოდ, დროშას დაწვავდა.

    სამაგიეროდ, კვლავ არ იყო არცერთი ვარაუდი ანკესზე და ერიც კვლავ საგონებელში ეგდო…

    სამი საათი რომ შესრულდა და არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მძარცველი ანერვიულდა. წამოდგა და ბოლთის ცემა დაიწყო. მძევლები ინტერესით ადევნებდნენ თვალს, სანამ ერთ-ერთმა არ გაბედა და ჰკითხა:

– ახლა რა ვქნათ?

– მაცადე, ბიჭო, ვფიქრობ, – შეუღრინა მძარცველმა და ბოლთის ცემა განაგრძო.

– თქვენც იფიქრეთ, – გადახედა ბენდენიანმა მძევალმა დანარჩენებს, – იქნებ,  შევჯერდეთ რაღაცაზე.  

    ცოტა ხანს ყველანი გაჩუმდნენ. მერე კი ახალგაზრდა ბიჭს უცებ თვალები გაუნათდა.

– ლაივი გავუშვათ ისევ, სიმონ!

– და რა ვთქვა? – ჰკითხა მძარცველმა.

– რა თქვა და თქვი, რო კიდევ ერთ საათს გაძლევთ და თუ არ შეასრულებთ ჩემს პირობებს, იცოდეთ, მართლა დავბრიდავ მძევლებსო.

– შენ, ბიჭო, სულელი ხომ არა ხარ?! – აღშფოთდა ბრაზიანი კაცი, – და რომ არ შეასრულონ ერთ საათში, რა ქნას, დაგვბრიდოს?!

ბიჭი გაჩუმდა.

– თავი კინოში ხომ არ გგონია?! – განაგრძო კაცმა.

– კინოს რას ერჩით? – ჩაერთო ახალგაზრდა ქალი.

– არა, რამეს კი არ ვერჩი, – ხელები გაშალა კაცმა, – აქ სხვა რაღაცაზეა საუბარი, ჩემო დაიკო.

– არა, მე ვერ გავიგე, კინომ რა დააშავა, – როგორც ჩანს, მართლა ვერ გაიგო ქალმა.

– ვაიმე, ქალბატონო! – გაბრაზდა ბრაზიანი კაცი.

– ისე, კინოზე გამახსენდა, ამნაირი ამბავი დაგვემართა და ერთი სელფი არ გადავიღოთ? – წამოდგა უცებ ბიჭი.

– აუცილებლად უნდა გადავიღოთ! – მხარი აუბა მოლარე-ოპერატორმა და ისიც წამოდგა.

– გაჩუმდით! – იყვირა უცებ მძარცველმა და ბიჭს მიუტრიალდა:

– ჩართე.

– ლაივი?

– ჰო. ჩართე და მომე.

ბიჭმა ლაივი გაუშვა. კამერაში ჩულქჩამოცმული მძარცველი გამოჩნდა და დაიწყო:

– მომისმინეთ ახლა კარგად… თქვენ მე ვიღაც ბოგანო სირი ხომ არ გგონივართ?! ჩემს სიტყვას პატივს არ სცემთ, თუ რა ხდება?! იცოდეთ, ერთ საათს გაძლევთ კიდევ და მეტი არ მინდა, არ შეასრულოთ, რაც გითხარით! ამას ხომ ხედავთ?

კამერაში ხელყუმბარა გამოაჩინა.

– მიყარეთ მერე კაკალი!

კამერიდან მძარცველის თავი გაქრა და ბანკის ჭერი გამოჩნდა.

– აჰა, გამორთე! – გაისმა მძარცველის ხმა და ლაივიც გაითიშა.

    მიუხედავად იმისა, რომ ანკესის თაობაზე მწვავე მსჯელობა არ წყდებოდა, ხალხი ამ ლაივმა ძალიან ააღელვა, რადგან მძარცველი მართლაც გაბრაზებული ჩანდა.

    გადაუხადეთ რა, მძევლები არ დახოცოს!

    იქნებ აიყვანონ რამენაირად!

    რა გაცინებთ, როცა ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი?!

    სოციალურ ქსელში ეს და სხვა ამგვარი პოსტები არ წყდებოდა.

    ერთი საათის მერე კი ტელევიზიები პირდაპირ ეთერში ჩაერთნენ.

    ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გოგომ თმა შეისწორა და დაიწყო:

– ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის ბანკთან, სადაც უკვე ოთხ საათზე მეტია, შეიარაღებულ პირს მძევლად ჰყავს აყვანილი თორმეტი ადამიანი. ბანკის ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია და არიან ადგილობრივი მოქალაქეებიც…

მოულოდნელად სროლის ხმა გაისმა და ჟურნალისტი კამერიდან სწრაფად გაქრა.

– ვაიმე! – გაისმა მისი ხმა.

ორიოდე წამის შემდეგ კი კამერა დაიხარა და კვლავ გამოჩნდა ჟურნალისტი, რომელიც ასფალტზე იწვა და განაგრძობდა:

– როგორც ხედავთ, იყო სროლის ხმა! ჯერჯერობით უცნობია, ეკუთვნოდა თუ არა გასროლა მძარცველს და რა სიტუაციაა ბანკში ამჟამად…

კამერაში უკანა ფონიდან ხმაური გაისმა და მათ შორის ხმამაღალი შეძახილი:

– აიყვანეს! აიყვანეს, ხალხო!

– როგორც ჩანს, მძარცველი აიყვანეს და გასროლა ეკუთვნოდათ სამართალდამცავებს! – თქვა ჟურნალისტმა, სწრაფად წამოხტა და გაიქცა. ოპერატორი მისდევდა.

    რამდენიმე წამის შემდეგ კამერაში გამოჩნდა მძარცველი, რომელსაც ოთხი პოლიციელი მოათრევდა.

ჟურნალისტი არ დაიბნა და მაშინვე უყვირა:

– ბატონო! ბატონო!.. ანკესი რისთვის გჭირდებოდათ?

– რა?! – ვერ მიხვდა მძარცველი.

– ანკესს ხომ ითხოვდით და რისთვის გინდოდათ?!

პოლიცია მძარცველს მანქანისკენ მიაქანებდა, თუმცა, სანამ ჩატენიდნენ, დაპატიმრებულმა მოასწრო და იყვირა:

– თქვენ სულელები ხო არა ხართ?! რა ანკესი?! ენ კა ეს რაცია მოვითხოვე მე!

    ერი საგონებლიდან ამოვარდა.

© არილი