Uncategorized

ბლიცი მკითხველთან – ლევან ძნელაძე – „თავის რეალობას ავტორი თავიდან ბოლომდე თავად ქმნის“

გასული წლის თებერვალში არილმა ახალი რუბრიკა დაიწყო – ბლიცინტერვიუ ავტორებთან. ერთი წლის შემდეგ კი ბლიცინტერვიუს სტუმრები არა მარტო პოეტები, დრამატურგები, პროზაიკოსები, მთარგმნელები თუ გამომცემლები, არამედ არილის ერთგული მკითხველებიც იქნებიან.

ამჯერად რუბრიკის სტუმარია ლევან ძნელაძე.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

ნაბოკოვი თავის ცნობილ ლექციებში ერთგან ამბობს, რომ სისულელეა მხატვრული ნაწარმოების ავტორს მოსთხოვო „რეალობის ასახვა“, რადგან თავის რეალობას ავტორი თავიდან ბოლომდე თავად ქმნის. ამ გაგებით, განყენებული რეალობა არც არსებობს. სანამ ამას წავიკითხავდი, იქამდე მეც ვფიქრობდი ხოლმე ამგვარ დიქოტომიაზე, მაგრამ ნაბოკოვის ეს მიდგომა მომეწონა და ვფიქრობ, მკითხველებს ამის გააზრება გამოგვადგება.

თემა, პრობლემა, რომელიც ტექსტებში ყველაზე მეტად გაინტერესებთ

ბრაზი, იმედგაცრუება, ყოველდღიურობა, მარტოობა / გაუცხოება, სულიერება.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი ქართულ ლიტერატურაში

ალუდა ქეთელაური, აღაზა… ყველა პერსონაჟი ვაჟასი მახსენდება, მაგრამ ეს ორი განსაკუთრებულად.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

ასეთი ბევრია. ამ წამს პრუსტის ციკლი „დაკარგული დროის ძიებაში“ გამახსენდა. ამას მთელი წელი უნდა დავუთმო.

თქვენი, როგორც მკითხველის, ყველაზე დიდი გატაცება

ავტორების მაქსიმალურად ბევრი კონტინენტიდან და ქვეყნიდან ქექვა და მათი გაცნობა.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პროზაიკოსი

საუკეთესო არ ვიცი, მაგრამ მე მომწონს კოტე ჯანდიერი (სამწუხაროდ ცოტას წერს), ზურაბ ქარუმიძე და ზაირა არსენიშვილსაც თანამედროვედ ვთვლი, რადგან მკითხველთა შედარებით ფართო წრემ ახლახან გაიცნო.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით

თომას ბერნჰარდის ბევრ რომანს მოვაწერდი ხელს. ასევე, ჯონ უილიამსის „სთოუნერს“. თუ თავხედობაა, თავხედობა იყოს.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ბესიკ ხარანაული, მაია სარიშვილი, ზვიად რატიანი და კიდევ ბევრი. რაც არ გვიჭირს, პოეზიაა. ჩემი თაობის პოეტებიდან ზაზა კოშკაძე, დიანა ანფიმიადი და პაატა შამუგია, რა თქმა უნდა.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

მგონი არ მახსოვს.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

არც ეს მახსოვს.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

აკა მორჩილაძის „Maid in Tiflis“, თამთა მელაშვილის „გათვლა“, ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“. ჩემთვის ესენია.

თემა, რომელიც ლიტერატურაში თქვენთვის უინტერესოა

არა მგონია, უინტერესო თემა არსებობდეს.

როგორც მკითხველს, რაიმე უცნაურობა თუ გახასიათებთ?

არ ვიცი, მგონი ჩვეულებრივი, მოსაწყენი მკითხველი ვარ.

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა არ მახსენდება, მაგრამ თუ ასეთი არსებობს, რომელიმე რელიგიური წმინდა ტექსტიდან უფრო იქნება, ვიდრე მხატვრული ლიტერატურიდან.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

ძალიან კი მერიდება, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ მოყვარული. თუმცა, შეიძლება დადგეს ამის დროც.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

საუკეთესოს ნამდვილად ვერ გამოვარჩევ, ქართულ ენაზე უამრავი შედევრია. მე ყველა გადაკითხვაზე აღმაფრთოვანებს გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემანი“, ეს არის რომანტიკა ‘on steroids’. ისე, მართლა ბევრის გახსენება შეიძლება.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ქართულად და ინგლისურად. რუსულად რთულს ვერაფერს წავიკითხავ.

ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ

აგათა და ულრიხი „უთვისებო კაციდან“.

ქართველი მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ალბათ ვაჟას დაველაპარაკებოდი Deep Ecology-ზე.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

“A screaming comes across the sky” – Thomas Pynchon, Gravity’s Rainbow.

რომელია საუკეთესო დასასრული?

ახლა ვერ ვციტირებ, მაგრამ „დანაშაული და სასჯელის“ დასასრული მახსენდება.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ენა, რადგან ამბავი ფურცელზე თავისთავად ვერ დაიწერება. ის ვიღაცამ კარგად უნდა გადმოსცეს.

რა არის, თქვენი აზრით, მკითხველის პირველი მცნება?

არ შეგეშინდეს „რთული“ ტექსტების. მიჰყევი დინებას.

ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ

ბავშვობაში წაკითხული მოლა ნასრედინის არაერთი ამბავი, დანიილ ხარმსის უცნაური იგავები და ოსკარ უაილდის ზღაპრებში ამოკითხული ამბები.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე

უარს არ ვიტყოდი, რომ მეც მათ რიგებში ვყოფილიყავი, მაგრამ აკადემია დამეზარა.

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

ასეთი ძირითადად ის წიგნებია ხოლმე, რომლებიც ზედმეტად სწრაფად წავიკითხე.

ყველაზე ცუდი წიგნი, რომელიც წაგიკითხავთ

არ მივეკუთვნები იმ მკითხველთა სიას, რომლებსაც ყველა ტექსტი ბოლომდე მიჰყავთ. თუ რამე არ მომწონს, თავს ვანებებ. წასაკითხი ბევრია.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

რაც არ უნდა იყოს, ყოვლად საზარელი პერსპექტივაა. მაგრამ რადგან პირდაპირი მნიშვნელობით არ მეკითხებით (ალბათ), მაშინ ასეთი ახალი აღთქმა და ბჰაგავად-გიტა იქნებოდა (ოღონდ ამ უკანასკნელის ქართული გამოცემა არა). მხატვრული ლიტერატურიდან ეს, შესაძლოა, მუზილის „უთვისებო კაცი“ იყოს. ალბათ ფრენკ ო’ ჰარას ერთ კრებულსაც შემოვაპარებდი.

ახლა რას კითხულობთ?

Donna Tartt – The Secret History

Georges Bataille – Literature and Evil

რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ თანამედროვე ქართული ლიტერატურა

საკმარისად კარგად ვერ ვადევნებ თვალს, მართლა.

რომელია, თქვენი აზრით, არილის საუკეთესო ნომერი?

ამასწინათ იყო ნომერი თბილისის შესახებ და ეგ იყო ძალიან კარგი.

ყველაზე დასამახსოვრებელი ყდა არილის რომელ ნომერს ჰქონდა?

არც თუ კარგი ვიზუალური მეხსიერება მაქვს. დაგუგვლას და რამის შერჩევას სიმართლე ჯობს.

ბოლოს რა წაიკითხეთ ჩვენს ჟურნალში?

მგონი, ანი ერნოს სანობელე სიტყვა.

ხომ არ გახსენდებათ რომელიმე ავტორი, რომელიც პირველად არილში აღმოაჩინეთ?

თუ არ ვცდები, ასეთი იყო დონალდ ბართელმი, კარგა ხნის წინ.

როგორ გგონიათ, კარგი მკითხველი ხართ?

კარგი მკითხველი არ ვიცი, მაგრამ კარგი მქექავი ნამდვილად ვარ.

© არილი

Facebook Comments Box