მარკ რავენჰილი – აუზი (უწყლო)

mark ravenhill 45

ინგლისურიდან თარგმნა დავით გაბუნიამ

აუზი, ჰო, აუზი ჰქონდა.

ჩვენ შორის, ყველაზე წარმატებული იყო – ეგრეთ წოდებული საზოგადოების თვალში – ყველაზე წარმატებული.

მოკლედ – აუზი.

ვითომ შთაბეჭდილების მოსახდენად უნდოდა? სამარიაჟოდ?

არა. არა მგონია. არა. იმიტომ რომ…

კარგი გოგოა. კეთილი. რაღაცნაირად მყარად დგას ფეხზე. ფესვებს არ კარგავს.

და აი, უკვე აუზიც აქვს – ძაან მაგარია, აი, ძაან. ძაან. ძაან.

თანაც არც ჩვენ გვივიწყებს. კლინიკაში მოდის ხოლმე. თავშესაფრებში დადის. შიდსის ცენტრებშიც. თვითონაც დააარსა ერთი-ორი.

ჩვენს გამოფენებზეც მოდის. პატარა, მანსარდებში შეკუჭულ გამოფენებზე, ბოჰემურ უბანში. ფოტოებს, არტ-ობიექტებს ათვალიერებს, ზოგჯერ ყიდულობს კიდეც. და ამით ფინანსების მოძიებაში გვეხმარება.

ჰო, ჩვენთვის ფინანსების მოძიებაზე დაუღალავად ზრუნავს.

ჩვენ მას ვაღმერთებთ. ვაღმერთებთ. ოღონდ, მართლა.

წლების წინ, როცა ჩვენთან იყო – ანუ ჩვენი ჯგუფის წევრი იყო. გული და სული. გაიძრობდა ხოლმე ტანსაცმელს… აი, პირდაპირ შემოიხევდა, და ჩვენც ეგრევე შემოვიხევდით – ვბაძავდით – და პერფორმანსებს ვაკეთებდით, ან მოკლემეტრაჟიან არტჰაუს ფილმებს ვიღებდით ან უბრალოდ, შიშვლები ვცურავდით, სიშიშვლით ვკაიფობდით.

მაგრამ დღეს ის… აქ არ არის.

ეგრეა. ის… აქ არ არის, განდგომილია. მისი ნამუშევრებიც ამიტომ იყიდება. ეგეთების კეთება მაშინ დაიწყო, როცა რეი მოგვიკვდა შიდსით. რეის სისხლით, სახვევებით, კათეტერით და პრეზერვატივებით გააკეთა პირველად. ეს ნამუშევრები მსოფლიოს თითქმის ყველა გავლენიან კოლექციონერს მიჰყიდა.

აჰა.

განდგომილია. მაგრამ, რატომღაც მთელ მსოფლიოში მაინც დაფასებული და აღიარებულია.

აჰა.

და აი, უკვე აუზიც აქვს. ააააააააუზი.

თავიდან იმეილებს მოაყოლა. საშობაო იმეილებს. ეტეჩმენტში ჩემი ახალი აუზის ფოტოებს ნახავთ-ო.

ფრთხილად გავხსენი. ვირუსების მეშინია.

მისი აუზი. “ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, მესტუმროთ. ჩამოდით, ერთად ვიბანაოთ. როგორც გაგიხარდებათ, თუ გინდათ, ერთად, თუ გინდათ – ცალ-ცალკე, მოკლედ, ჩამოდით და ჩემი აუზი თქვენია”.

აი, სურათი. აუზი. სუფთა და ცისფერი, ლამაზად განათებული. და აუზის მომვლელი ბიჭი – რომელსაც, რომ მოენდომებინა, შეეძლო პორნო-ვარსკვლავი გამხდარიყო; ან, იქნებ არის კიდეც პორნო-ვარსკვლავი; ან აპირებს პორნო-ვარსკვლავობას. კიდევ პირადი მწვრთნელი, რომელიც დიდი მონდომებით ასწავლის ცურვას ჩვენს დაქალს, აუზის პატრონს. ისიც პორნო-ვარსკვლავია. არაა გამორიცხული, ამ პირად მწვრთნელს აუზის მომვლელი ბიჭი ტყნავდეს. ან მწვრთნელი ტყნავდეს აუზის პატრონს, ან სულაც აუზის პატრონი ტყნავდეს აუზის მომვლელს.

არა არა არა – ჩვენი მეგობარი ყოველთვის პატიოსნებით გამოირჩეოდა. ყოველთვის მკაცრად იცავდა ქცევის კოდექსს. მაშინაც კი, როცა ყველანი ერთად, სოროში ვცხოვრობდით. ჰეროინზეც კი არ შემჯდარა, ჰა-ჰა, დღეში ერთხელ მიეღო. ღამ-ღამობით კი თავისი ოთახის კარი სულ ჩაკეტილი ჰქონდა.

დიდი მიმოწერა ავტეხეთ. იმეილით. რატომაც, არა? წამო, წავიდეთ, ვნახოთ აუზი. წავიდეთ და გავცუროთ აუზში. რატომაც არა? რატომაც არა? ერთად გავცუროთ.

ვუპასუხეთ იმეილზე: მოვდივართ, მოვდივართ, ყველანი მოვდივართ. აი, ასე, ვსხდებით თვითმფრინავში ყველანი და მოვფრინავთ შენს აუზში.

ეგრევე გვპასუხობს: მაგარია. ძაან. ძაან. ძაან.

დრო, რაღა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად გადის. ყველას საქმეები გვაქვს – ბოჰემურ უბანში გამოფენებია მოსაწყობი, პროექტის ფარგლებში ნარკომანი მშობლების ბავშვთა თავშესაფარში კედლებია მოსახატი, დაფინანსების მოძიების კამპანიაა გასაგრძელებელი და კიდევ…

სალი, სასიკვდილოდ გადადებული. იმ დედამოტყნულ თავშესაფარში, სასიკვდილოდ გადადებული. ძვლებში გადასულა უკვე; მთელი ორგანიზმი შეუჭამა იმ დედამოტყნულმა და ახლა ძვლებზეა გადასული – ძვლის ტვინს უგემოვნებს ვერაგი – სალი გდია და იმეორებს:

სიკვდილი მინდა სიკვდილი მინდა რატომ არ ვკვდები რატომ არ მაცლით, წამალი რატომ უნდა დავლიო, თუ სიკვდილი მინდა?

ჩვენ ვეუბნებით

აუზზე იფიქრე. აუზზე იფიქრე. ამისთვის ღირს გაძლება. გაგიყვანთ აქედან და პირდაპირ აუზში ჩაგაფრენთ. გადარჩენილ, ბედნიერ, ჯანმრთელ დღეებზე იფიქრე აუზის პირას.

სალი ამბობს

კარგი.

ჩვენ გვამხნევებს. ამას ვინ ჭამს.

გალურჯებულ და გამწვანებულ სალის ყველგან წვეთოვანები წვეთოვანები წვეთოვანები აქვს გათხრილი და ექთნები და მოწყალების დები ახვევია და ჩვენ მორიგეობა დავაწესეთ იმიტომ, რომ ცხოვრება ხომ უნდა გაგრძელდეს და გამოფენები და ფინანსების მოძიების კამპანიები და ამიტომაც ვენაცვლებოდით ერთმანეთს, სანამ ერთ ღამეს ყველანი ერთად არ გავცვივდით, ოღონდ, ვერ მივუსწარით, სალი აღარ იყო.

და უცებ თითქოს სახალხოდ ჩაგხადეს, იმიტომ, რომ მთელი შენი არტი არაფრად არ ღირებულა, არაფერს არ წარმოადგენს, არანაირი აზრი არა აქვს. სალი აღარ არის და ხელოვნებამ ვერაფერი ვერ შეცვალა, ხელოვნებამ ვერ უშველა, იმიტომ, რომ სიკვდილი დიდია, ჩვენ კი პატარები და სინამდვილეში არაფერს არ წარმოვადგენთ, არაფერს.

აი, ისიც – კრემატორიუმში ჩამობრძანდა. გვითხრა: დიდი მადლობა, რომ სალის უვლიდითო. ამისთვის დიდ მადლობას გიხდით. რა ხალხი ხართ, რა ადამიანები ხართ, მე კიდევ ისე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, უფრო ადრეც უნდა ჩამოვსულიყავიო. ჩვენ კიდევ: არა, არა, არა, არა არა…

მაგრამ ვიგრძენი, რომ… თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვიგრძენი, გეუბნებით, მართლა ვიგრძენი… არა, ვიცი, რომ ასე არ უნდა ვფიქრობდე, მაგრამ… იქნებ ეს უბრალოდ ჩემი… არ ვიცი, თქვენც იგივე ხომ არ…. უბრალოდ, ასეთი გრძნობა გამიჩნდა, და რადგან გრძნობაა, აქვს არსებობის უფლება. ხომ მიმიხვდით, რას გეუბნებით? კარგი, კარგი, გეტყვით, აგიხსნით, რას ვგრძნობდი, როცა კრემატორიუმში ვიდექი და უცებ თავის მენეჯერთან თუ ვიღაცასთან ერთად შემობრძანდა, მინდოდა მეკივლა: შე მუტელო!

ღმერთო.

ფილტვების ჩაფხრეწამდე მეკივლა: “შე მუტელო, მუტელო – შენი ბრალია. შენ ხარ დამნაშავე. ამ კუბოს ხედავ? ამ იაფფასიან, უგემოვნო კუბოს ხედავ, სადაც ჩვენი დაქალი სალი წევს? შენი ბრალია. ეს შენ გააკეთე.”

ღმერთო.

“შენ მოკალი სალი”.

ღმერთო.

“იმიტომ, რომ არცერთი ჩვენგანი არ უნდა გამდიდრებულიყო, ცნობილი არ უნდა გამხდარიყო, არცერთს არ უნდა გვეფრინა. ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ. და არსებობს წონასწორობა, რომელიც შენ დაარღვიე. თუ ერთ-ერთი ჩვენგანი მაღლა მიიწევს, მეორე იძირება. ეს ბუნების კანონია. ბუნების ყველაზე ელემენტარული კანონი არ გესმის? რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გესმის – ყოველთვის გესმოდა, მაგრამ დაიკიდე – შეგნებულად – და სალი მოკალი. სალის სიკვდილი არჩიე. მუტელო. მუტელო. მუტელო”. რომ შემძლებოდა, თავზე თმას დავაგლეჯდი, ტანზე ტანსაცმელს, და იქვე, ადგილზე, მუტელში ჩავაფურთხებდი… თქვენც იგრძენით ხო?

არა არა არა არა. გასაგებია. გასაგებია. გასაგებია.

აი, ასე. ცუდები ვართ. ცუდი ადამიანები ვართ. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის აუცილებელი. არა, ჰო, არ არის. ჩვენი არტი, ჩვენი ხელოვნება რაიმე სიკეთეს მაინც რომ ემსახურებოდეს. მაგრამ ამის ნაცვლად, სულ გვახრჩობდა…

მგონი, ყოველთვის გვახრჩობდა… სოროში რომ ვცხოვრობდით, მაშინაც გვახრჩობდა…

უბრალოდ, ახლა ვიაზრებთ ამას.

უცნაურია, არა? სულ ვემეგობრებოდით, ერთად ვიყავით და მაინც ყველაზე საშინელება დაგვემართა – სიძულვილმა დაგვახრჩო

მომაკვდინებელმა სიძულვილმა

სხვა სახელი ამას არა აქვს.

კი, საშინელებაა. ნამდვილად ამაზრზენია.

ჰო, ასეა – და როგორმე უნდა გავთავისუფლდეთ. აუცილებლად! სიძულვილს ნარკომანი მშობლების ბავშვთა სახლებში ხატვით და ჩვენი დაქალისადმი დამოკიდებულების შეცვლით დავთრგუნავთ. გულში უნდა ჩავიკრათ. უნდა გვიყვარდეს. წინ უნდა წავიდეთ და წარსული დავივიწყოთ, ჩვენი სიავე უკან მოვიტოვოთ და მისდამი სიყვარულით გავაგრძელოთ გზა.

გადაღლილები ხართო, გვითხრა. ფეხზე ვეღარ დგახართო, გვითხრა. ფიზიკურად და სულიერად და ემოციურადო, გვითხრა. გთხოვთ, ჩამოდით ჩემთან, აუზზე. გთხოვთ, გეხვეწებით, წამოდით, რა. მეტი რა შემიძლიაო.

და აი, ასე, ყველამ ვუთხარით: კარგი.

მოდით, მივატოვოთ სიძულვილი, მივატოვოთ სიკვდილი, ეს ყველაფერი უკან მოვიტოვოთ. აუზიიიიიიიიიიიიიიიიიი.

და წავედით.

ვერ წარმოიდგენთ, რამდენი საათი უნდა იფრინო უცხო ახალ სამყაროში მოსახვედრად, სადაც აეროპორტის პალმის ხეები პაპანაქება სიცხის ბუღში ირწევიან.

იქ დაგვხვდა:

მობრძანდით მობრძანდით მობრძანდითო.

სახლის უშველებელ ვესტიბიულში აუზის მომვლელი ბიჭი, პირადი მწვრთნელი და მზარეული დგანან:

გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მეც აგრეთვე. გმადლობთ. დიახ. აჰა… როგორაა საქმეები? მიდით, მოშინაურდით თუ რაიმე დაგჭირდეთ… გადასარევია. აჰ, თქვენ ისა ხართ, ხო? გიცნობთ, დაუსწრებლად. შესანიშნავია.

მაგრამ – ცოტა დამნაშავედ კი ვგრძნობთ თავს, როცა გვახსენდება, ჩვენს ქალაქს როგორ უჭირს – ძალადობა, ობოლი ბავშვები, ტკივილი – და უცებ გვინდება, უკან გავბრუნდეთ და სასწრაფოდ ჩვენი ხელოვნებით გამოვეხმაუროთ. მაგრამ, არ ვჩქარობთ – ვაცდით, სანამ ეს გრძნობა გადაგვივლის, – ბოლოს და ბოლოს, განა მართლა ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ყველა ბავშვზე, რომელსაც დედა ნარკომანი ყავს? ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენა ხომ არა გვაქვს საკუთარ შესაძლებლობებზე?

ვუყურებთ ჩვენს მეგობარს და ვხვდებით… ჰო, შენც უბრალო ადამიანი ხარ. ჩვენნაირი ადამიანი. და მთელი ეს წლები ამ საშინელებებს რატომ ვფიქრობდით შენზე? ოჰ, როგორი შვებაა ამ ყველაფრისგან გათავისუფლება. და უცებ, ვამჩნევთ, როგორი დახვეწილია, როგორ ტკბილად იცინის, და სიმართლე გითხრათ, თითქმის მოგვწონს, რომ ბოლომდე ჩვენთან ერთად არ არის, განდგომილია – არ გვეტენება – სხვა ადამიანებივით არ გვაწუხებს თავისი სიახლოვით.

ყველანი სათითაოდ მივდივართ, ვეხუტებით და ვეუბნებით: “როგორ მოგვწონს აქაურობა. რა კარგია შენთან”. ოღონდ, მართლა. და თავს ისე მსუბუქად ვგრძნობთ, როგორც კარგა ხანია, არ გვიგრძვნია.

იცით, შესანიშნავი ადამიანია. ერთ-ერთი ჩვენგანია, უბრალოდ ცნობილი და წარმატებული. ჰოდა, რატომაც არ უნდა აღვნიშნოთ ეს ამბავი?

იმ საღამოს სადილად ხმალთევზა და ხმელთაშუაზღვის კომბოსტო მივირთვით, ჩაციებულ ღვინოსთან ერთად და მოგონებები მოგვეძალა, ისე გემრიელად ვისხედით, რომ ცრემლები მოგვაწვა. ღმერთო, გახსოვთ, როცა ყველანი ერთად ვიყავით და ყველაფერს ისეთი დიდი აზრი ჰქონდა, ყველაფერში იმხელა აზრს ვხედავდით, სუ გადაპენტილი იყო აზრით ყველაფერი, და ჩვენც ისე არ გვეკიდა ეს ყველაფერი, ისე გულმხურვალედ არ გვეკიდა. ხომ გახსოვთ ხომ გახსოვთ ხომ გახსოვთ ხომ გახსოვთ ხომ გახსოვთ ხომ გახსოვთ ის დრო? ეჰ, ეგ ბედნიერი ბედნიერი, ბედნიერი, ბედნიერი, ბედნიერი, ბედნიერი, ბედნიერი დრო?

მახსოვს… ძალიან ნათელი ფერები. საბავშვო ოთახში. სკოლაში. ჩვენს პირველ საერთო სახელოსნოში. მახსოვს, ყველაფერი ისეთი ფერადი იყო, რომ ვფიქრობდი: ღმერთო, ამდენი ფერის გამოხატვა რითი მოვახერხო-მეთქი.

ძილის დრო მოვიდა.

დავწექით.

უცებ, შემოვიდა, კარში მისი სილუეტი გამოიკვეთა:

“ხო, ვიცი, რომ ყველას გვეძინება, მაგრამ იქნებ ჯერ ცოტა აუზში ტიტვლებმა ვიდგაფუნოთ?”

ღმერთო, აი, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ დაუკარგავს… მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აღიარებულია… მაინც ცუღლუტი ცუღლუტი ცუღლუტი გოგოა.

წარსულიდან აღმდგარი ჯადოსნური სიტყვა: დდდ-გგ-აფფფფუუუუუუნიიიი! საწოლებიდან ავხტით და ისევ გარეთ გავცვივდით, ძაან მთვრალები ვიყავით და ძაან ვხალისობდით და შუქი არსად არ ენთო, აუზი ჩაბნელებული იყო. და უცებ ვიღაცამ დაიყვირა: გავიხადეეთ! აბა, როგორ, თუ ცუღლუტობაა, ცუღლუტობა იყოს, ამას რა ჯობია, ასწორებს… გავიხადეეეთ!

ჰოდა, ყველამ გავიხადეთ.

თან, ყველანი ვხვდებოდით, რომ ჩვენი სხეულები უკვე ისეთი აღარ იყო, როგორიც 10 წლის წინ. ცელულიტები, ქონი, ნაოჭები და ცოტა ჭაღარაც, შიგადაშიგ. ეჰ, რას იზამ, ნაღვლიანი ხრწნა საფლავისკენ მიმავალ გზაზე უკვე დაიწყო.

მაგრამ სიბნელეში ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა. სიბნელეში ისევ ისეთები ვიყავით, როგორიც 10 წლის წინ, როცა გახდაზე ვთამაშობდით პოკერს, ან შიშველ პერფორმანსებს ვაწყობდით და უბრალოდ ვკაიფობდით სიშიშვლით.

გადასარევია. ნაზი სიო ფეხებშუა გიბერავს, გელამუნება.

ვიღაცა იცინოდა, ვიღაცა ტიროდა, მაგრამ ყველანი ამ წამის შიშველმა მშვენიერებამ შეგვიპყრო.

ეს წუთები არასოდეს დამავიწყდება, არასოდეს. თითქოს რაღაც…. ყველანი ასე შიშვლები ვიდექით სიბნელეში. ზოგჯერ, როცა ტკივილგამაყუჩებელი ვერ მშველის, ვცდილობ, წარმოვიდგინო ეს წუთები და არც ისე საშინლად მეჩვენება.

წავიდეთ, აუზში ჩავხტეთო, – დაგვიძახა.

მერე, ადგილიდან მოწყდა და სიბნელეში გავარდა, ტრამპლინზე დახტა და დავინახეთ, როგორ აფრინდა მაღლა, ცაში – მისი სხეულის რკალი ღამის ცის ფონზე სულ ზევით და ზევით და ზევით

ისე მაღლა ჩანდა. თითქოს გაფრინდა. ანგელოზია. მოხარხარე მთვრალი ქალღმერთი-ანგელოზი.

მერე დაბლა დაეშვა, ჩვენ ტაშით და შეძახილებით ვამხნევებდით.

და უცებ

ზოგიერთს მოგვეჩვენა, რომ წყლის ჩქაფუნი მოგვესმა. ეგრეა. როცა ელოდები ჩქაფუნს, გესმის კიდეც. თავისთავად ხდება. მაგრამ არანაირი ჩქაფუნი არ გაგვიგონია. არ ყოფილა ჩქაფუნი. სამაგიეროდ იყო

ბრაგვანი.

მისი სხეულის ბრაგვანი.

მისი სხეულის ბეტონზე დანარცხების შემაზრზენი ხმა.

და სიჩუმე.

მერე კვნესა, ღმუილი და კივილი.

ააააააააააააააააააააააააააააააააააააა

სიბნელეში წინ მივიწევთ, შიშველი სხეულები წინ მიიწევს, სანამ აუზის კიდეს არ მივაწღევთ. და მერე, როცა თვალები სიბნელეს ეჩვევა, ყველაფერს ვხედავთ:

აუზი. უწყლო.

დაცლილი აუზი, აქა-იქ შემორჩენილი პატარა გუბეებით.

და აი, აუზის შუაგულში, მისი დაკრუნჩხული და დაგრეხილი სხეული, დამსხვრეული, და მისი ველური ბღავილი, რომელიც აღარ ჰგავს ქალღმერთის ან ანგელოზის ხმას. ოაოაოაოაოაააააააააააააააა

არ ვლაპარაკობთ. ერთმანეთს არ ვუყურებთ. ახლა იმდენად ერთად ვართ, რომ დალაპარაკება ან შეხედვაც კი არ გვჭირდება.

და აუზში ჩავდივართ, ვძვრებით.

თავზე ვადგავართ.

ჯერ კიდევ გონზე იყო. ისევ კიოდა, ბღაოდა და იკრუნჩხებოდა.

გვინდოდა გვეგრძნო ის, რასაც ჩვენი მეგობარი გრძნობდა – ის ერთ-ერთი ჩვენგანია, ჩვენ შემოქმედები ვართ, – არა, ჩვენ ადამიანები ვართ, – გვინდოდა გვეგრძნო ის, რასაც ჩვენი მეგობარი გრძნობდა – გაგვეზიარებინა მისი ტკივილი.

მაგრამ ასე არ მოხდა.

ვიდექით. ვიდექით, ვუყურებდით კრუნჩხვებს და ვუსმენდით კივილს. ვიდექით და ვუყურებდით. ყველანი.

ვერაფერს ვერ ვიზამდით. ვერ შევეხებოდით. მაგრამ ხომ შეიძლებოდა, რაღაც მაინც გვეგრძნო. სიცოცხლე თანაგრძნობის გარეშე…

კრუნჩხვები მალე შეწყვიტა. ის… ჩვენთან აღარ იყო. მოკვდა? მგონი, იმ წუთას ამ აზრმა გამიელვა და – არა, არ მომკვდარა და რატომღაც ეს ყველამ ვიცოდით. უბრალოდ, გონება დაკარგა.

და აჰა, ცნობილი განდგომილი არტისტი ახლა ფეხებთან გვიგდია და ჩვენ ვფიქრობთ:

სწორია. ისეთი გრძნობა გვაქვს, რომ – არის ამაში სიმართლის მარცვალი.

ძალიან ვწუხვარ, რომ იტანჯები, რომ გტკივა – მაგრამ ეს სამართლიანია.

სალისთვის, რეისთვის, ჩვენთვის – ეს უნდა მომხდარიყო.

იცი, შენ დაფრინავდი – ხო, ფრთები გაშალე და თავზე გადაგვიფრინე. კი, ბატონო. შენ ცდილობდი და გიფასებთ. მცდელობას. მაგრამ, რა გეგონა, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა? მაღლა-მაღლა დაფრინავდი, ზემოდან უყურებდი ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენს ქალაქს. მართლა გეგონა, რომ შეგრჩებოდა? რა თქმა უნდა, არ შეგრჩებოდა. ახლა კი პირდაპირ მიწას დაენარცხე. გტკივა, არა? წარმომიდგენია. კი, გეტკინება.

რა კარგი გრძნობაა. შესანიშნავია. ერთი დაგანახა შენი თავი. ჰეჰ, ცალი თვალით მაინც შეგახედა. მე შეუდარებელი ვარ.

ჩემში იმდენი ძალაა. ოჰ, იმდენია, რომ ვერასოდეს წარმოვიდგენდი.

შე ახვარო შე ახვარო შე ახვარო შე ახვარო შე ახვარო შე ახვარო შე ახვარო

და ჩვენ

ხომ შეიძლება, რომ მოკვდე. იქნებ სიკვდილმა მოგაკითხოს. და თუ შენ მოგაკითხა, ესე იგი, ჩემთვის არ მოუკითხავს. მე გამითენდება ხვალინდელი დღე.

და ჩვენ

შე მძღნერო შე მძღნერო შე ბოროტო ბოროტო ბოროტო მძღნერო. ამას რომ იფიქრებ სხვა ადამიანზე, რამდენი ბოროტება უნდა იყოს შენში?

და ჩვენ

შენ მპატრონობდი. შენ პატრონობდი ჩემს გამოფენებს ბოჰემურ უბანში. როგორც იქნა: ახლა მე ვიქნები შენი პატრონი. შემიძლია, მოგიარო. სხვა როგორ გადაგიხადო სამაგიერო “დამსახურებისთვის”, შენს დასახიჩრებულ სხეულს მოვუვლი.

და მისი სახე. გეგონათ, რომ სამუდამოდ შერჩა ტკივილისგან დაღრეცილი ნიღაბი? არაფერიც, სახე ისეთივე ცივი და გაუცხოებული ჰქონდა, როგორც ყოველთვის. რომ შემძლებოდა მისთვის თავის ქალა გამებურღა, ან სკალპი ამეხადა მხოლოდ იმიტომ, რომ გამეგო რას ფიქრობდა, რას გრძნობდა, სიამოვნებით გავაკეთებდი. ღმერთს გეფიცებით, მართლა გავაკეთებდი.

ღვინისგან მთლად გამწვანებული ფსელის პატარა ნაკადი დავინახეთ. ახლა გვეცინება ამაზე, მაგრამ მაშინ სწორედ ფსელმა გამოგვაფხიზლა.

და ავწრიალდით, ვრეკეთ, კარები გამოვუღეთ, შენ სასწრაფოს გაჰყევი, მე მანქანით…

გთხოვთ, უშველეთ ჩემს მეგობარს, გთხოვთ, საშინელება შეემთხვა, გთხოვთ!

პალატაშია. წვეთოვანებით, სახვევებით, აპარატებზე მიერთებული. და ჩვენ, წინ და უკან დავდივართ, ერთმანეთისთვის ყავა და სიგარეტი მოგვაქვს და დერეფანს ვაკონტროლებთ, ვეკითხებით ექიმებს და ექთნებს: სიახლე ხომ არ არის, სიახლე, სიახლე, სიახლე? ერთმანეთს ვერ ვუტყდებით, როგორი – ჰო, ვიტყვი – როგორი აჟიტირებულები ვართ.

შენც იგრძენი ეს?

ძაან არ მინდოდა, მაგრამ მაინც

მაგრამ, მაინც აჟიტირებულები ვიყავით, თუმცა ყველანი უარვყოფთ. იმიტომ რომ, ეს არ არის ადეკვატური რეაქცია.

“თქვენი მეგობარი ვერაფერს ვერ გრძნობს”, გვეუბნება ექიმი “ნამდვილად ვერაფერს ვერ გრძნობს”.

მიდი, შე მუტელო, იგრძენი. მიდი, ჰო, იგრძენი. ჩვენ ვუყურებთ. ისე ვუყურებთ, როგორც უნდა ვუყურებდეთ. და ვაკვირდებით თავს ოდნავ თუ გაამოძრავებს, ოდნავ მაინც თუ დაიკვნესებს, ლოყაზე ცრემლი თუ ჩამოუვარდება. თითქოს ვიცით, რომ ასე უნდა მოხდეს.

ვუყურებთ მის დალეწილ სხეულს, მაგრამ ვერაფერს ვგრძნობთ. არა და ვის, თუ არა ხელოვანს, უნდა ეგრძნო რაღაც…

და უცებ, ერთ-ერთმა ჩვენგანმა, არ მახსოვს რომელი იყო, უთხრა:

“შენ ჩემი არ გესმის, მაგრამ შენ მიმართ საძაგლობებს ვგრძნობდი. ამიერიდან ასე აღარ იქნება. ასე ვერ გავაგრძელებ. შენ ახლა გიჭირს და მე მოგივლი. გთხოვ, შემომიშვი და გპირდები, რომ მეყვარები. ნუ იქნები განდგომილი. აქ იყავი, გთხოვ”.

მერე მის სახლში ვბრუნდებით, ვისვენებთ და ვხედავთ, როგორ მოაბიჯებენ ჩვენს ოთახში: სალი – შეჭმული მკერდით, რეი – ასანთის კოლოფისხელა ფილტვით და ესეც და ჩვენ გვინდა რომ შევუერთდეთ ამ მსვლელობას ჯოჯოხეთისკენ, ან სამოთხისკენ, ან განსაწმენდელისკენ, მაგრამ არ ვუერთდებით. იმიტომ რომ, ჩვენ გვაქვს დიაზეპამი და მოსაწევი, ღვინო და დიაზეპამი. და ყველაფერი კარგადაა.

მეორე დღეს პირადი მწვრთნელი ქვითინებს, მზარეული ყმუის, აუზის მომვლელი ბიჭი იმუქრება, ოვერდოზით გავიპარებიო. ის ბიჭი, რომელმაც გაუფრთხილებლად დაცალა აუზი. ის ბიჭი, რომელსაც ჩვენ ვანუგეშებთ. როგორი კეთილები ვართ… თურმე შესანიშნავი ადამიანები ვყოფილვართ.

და როგორც კი ჩვენში საჭირო ძალას აღმოვაჩენთ, საავადმყოფოში მივდივართ.

ახლა აღარ გვახსოვს. ამას არა აქვს მნიშვნელობა. თუმცა, როგორ არა. კურატორების და ხელოვნებათმცოდნეებისთვის აქვს. მაგრამ, ჩვენთვის არა აქვს არანაირი მნიშვნელობა. მოკლედ, ერთ-ერთ ჩვენგანს ფოტოაპარატის წამოღება მოაფიქრდა.

არც კი ვიცით, ვინ ჩაიგდო ჩანთაში ციფრული ფოტოაპარატი. შეიძლება ყველამ ერთად.

მოკლედ, ვდგავართ საავადმყოფოში ფოტოაპარატით ხელში.

და ჩვენ აქ ვართ. ჩვენ აქ ვართ. და ჩვენ აქ ვართ პალატაში. და ჟალუზებიდან მზის სინათლე შემოდის.

გამარჯობა. გამარჯობა. აი, ჩვენც მოვედით.

გეხვეწები, გაიღვიძე და შეგვაჩერე. ნუ მოგვცემ ამის უფლებას. არაა აუცილებელი რაიმე თქვა. უბრალოდ თვალები გაახილე და მორჩა. რომ იცოდე ჩვენ როგორ… შენ ჩვენი ჯგუფის ნაწილი იყავი.

და კამერა ძირს დავუშვით.

მიდი, შემოგვხედე. დაგვინახე. იგრძენი. იზრუნე. ეს ხომ ბუნებრივია. მაგრამ ჩვენ…

და ვაკვირდებით, რა მდგომარეობაშია ახლა. სისხლი ჩამოწმინდეს, სხეული ისეთი დალურჯებული და დასიებული აქვს, რომ ადამიანის ასე დამახინჯება წარმოუდგენელია. კიდურები თაბაშირში აქვს. კისერი თაბაშირში აქვს. ნიღბით ასუნთქებენ ჟანგბადს. წვეთოვანები და მილები. ხელოვნური სუნთქვის აპარატი წუის. მოძრაობა… უცვლელი სურათი…

ჩვენი მეგობრის, ჰო, მაგრამ ასევე…

დანადგარების ხაზები….

მოიისფრო დაბეჟილობა…

მიმზიდველია. მაცდურია. ამაში არის მშვენიერება. მთელი ცხოვრებაა, მშვენიერებაზე ვნადირობთ და ახლა იგი ჩვენ წინაშეა

ვდგავართ და ვუყურებთ და გვაფორიაქებს ეს მძაფრი მშვენიერება.

(მოისროლეთ ეგ საძაგელი კამერა მერვე სართულის ფანჯრიდან.)

იმ პალატაში ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყავით, ალბათ, თქვენც იმავეს იგრძნობდით. დღეს ჩვენ ყველანი ხელოვანები ვართ.

განათება კარგი იყო, სივრცე კომპოზიციის ბევრ ვარიანტს გთავაზობდა, – და სიმართლე რომ ვთქვათ, ისეთი ადვილი ადვილი ადვილი ადვილი იყო იმ ფოტოების გადაღება, რომელიც მერე ასე შემზარავად გვეჩვენებოდა.

(ლინზა დალეწე, ობიექტივში ჩააჯვი და მეხსიერება წაუშალე.)

და იმის ცდუნება, რომ კომპოზიცია გადაგვეწყო… ცოტათი გამოგვეწია საწოლი, სახე სინათლეში მოქცეულიყო. ცდუნება დიდი იყო და ჩვენ ვერ გავუძელით. საწოლი სინათლეში გამოვაგორეთ, თან ვამოწმებდით, რაიმე მილი ან წვეთოვანი რომ არ მოგვეგლიჯა… როგორც ხედავთ, მეცნიერებას და ხელოვნებას თურმე ბედნიერად შესძლებიათ თანაცხოვრება.

პირველი კადრის გადასაღებად ბევრი დრო დაგვჭირდა. პირველი კადრი. სურათი.

მერე, როცა მოსაწევ ოთახში ვისხედით, ჩვენს თავს ვეუბნებოდით:

ცუდად მოვიქეცით. საშინლად. ხომ არ ჯობია, მოვნიშნოთ და წავშალოთ ყველაფერი, რაც… ჰა, რას იტყვით?

ასეც მოვიქეცით. არა – სიმართლე გითხრათ, – ცოტაღა დაგვაკლდა. უფრო სწორად, არ წაგვიშლია.

იმ ღამით ლეპტოპში ვათვალიერებდით ჩვენს ნამუშევარს და სულაც არ შეგვზიზღდა ჩვენი თავი ისე, როგორც ველოდით. უკვე დავიწყეთ ფიქრი – ინტერვიუებზე, გამოფენებზე, კატალოგებზე, გაყიდვაზე.

მომდევნო ორი თვე ყოველდღე დავდიოდით.

დილიდანვე საავადმყოფოში, ელოდები ხელსაყრელ მომენტს, რომ ფოტოები გადაიღო, სანამ შეგიძლია.

ოჰ, რა კარგად შევისწავლეთ ის საავადმყოფო! ის კი არა, ცოტა ხანს სანიტარს ვხვდებოდი – მიგელი ერქვა, სისხლის ანალიზებიც ავიღეთ ვენერიულებზე და ერთმანეთს შედეგებიც ვაჩვენეთ, მაგრამ სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვიყავი და ყველაფერი მალე დამთავრდა. მგონი, მიგელს კი უნდა გასჩენოდა რაღაც ეჭვი – ყოველდღიურ ფოტოსესიებზე. არა, ამაში ცუდი არაფერი იყო, მაგრამ…

მაგრამ მაინც ჩუმად ვმოქმედებდით მთელი ეს დრო. შეიძლება, უბრალოდ, მძაფრი შთაბეჭდილებები გვინდოდა.

საღამოობით ყველაფერს საგულდაგულოდ ვამოწმებდით, რაც დღისით გადავიღეთ

ვაწესრიგებდით, თანმიმდევრობით ვაწყობდით, კატალოგისთვის ვამზადებდით. საცდელი ბეჭდვაც კი დავიწყეთ გადღაბნილი ფერებით, ტონირებით და სხვადასხვა ხარისხში…

მისი სახლი ჩვენი სახლია, ჩვენი სახელოსნოა. დილით მზე გვაღვიძებს, ღამე სარწყავი გაყვანილობა ცვარავს გაზონს და ჩვენ კი მისი მოსამსახურეები გვაჭმევენ და გვივლიან.

ამასობაში, ჩემი სხეული იფურჩქნება და მკვრივდება – პირადი მწვრთნელი დილის 6 საათზე მოდის, მერე გარეუბნების გავლით სპორტდარბაზისკენ მივრბივართ და ნაშუადღევს აუზს ორმოცდაათჯერ გადავცურავ.

ნეტავ დიეტოლოგი აქამდე ამეყვანა. შესანიშნავად ვგრძნობ თავს.

და თუ დროზე მივხედავთ ყველაფერს, წესიერ არტ-დილერს დავუკავშირდებით, წესიერ აგენტს, მარკეტოლოგს – ეს ფოტოსერია ძალიან მნიშვნელოვანი გახდება.

გაოგნებულები ვაკვირდებოდით, – ხომ გესმით, არა? – დღითიდღე როგორ იცვლებოდა მის სხეულზე ნაკაწრები, დაჟეჟილობები და ჭრილობები.

უბრალოდ შეხედე. შეხედე. არა, შეხედე და დაინახავ. რა საინტერესოა, არა? ხო საოცარია?

როგორ მწიფდება მის სხეულზე იარები და როგორ ებერება ყველაფერი. ან რა ფერთა პალიტრაა ჭრილობებზე. ერთ დღეს დასიებული ქუთუთო ჩაუცხრა და ცალი თვალი გამოუჩნდა, მაგრამ მეორე დაუსივდა. ჰო.

ისეთ ერთიანობას ვგრძნობთ. ჩვენ ახლა ერთნი ვართ. გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ჩვენც ვმუშაობთ.

ცოცხლები ვართ – კარგად შემომხედეთ: ბებერი გვამი სიცოცხლეს დაუბრუნდა – ფრთები გავშალე, თამამად დავაბიჯებ მიწაზე და ღრმად ვსუნთქავ სუფთა ჰაერს.

ალელუია! ალელუია! ალელუია!

ძაან ხმამაღლა არ მოგივიდეს

ალელუია! ალელუია! ალელუია!

თუ გინდათ, შემომიერთდით.

ალელუია! ალელუია! ალელუია!

ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ! ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ! ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ!

მაგრამ ბედნიერება ისეთი ხანმოკლეა. რვა კვირა და მერე…

ჩვეულებრივად მივაკითხეთ. ამ დროს მიგელი – უკვე აღარ ვხვდებოდით ერთმანეთს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს – მიგელი გაღიმებული გვიახლოვდება, სახე უბრწყინავს.

ვხვდებით. ვხვდებით. შეუძლია არც გვითხრას:

“თქვენი მეგობარი გონზე მოვიდა.”

ოჰ.

ორიოდ თვეში მძინარე მზეთუნახავმა…

ოჰ.

რაღაცნაირი სიმსუბუქე ვიგრძენი… იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებდით… რა იყო ეს? ეს ფოტოების გადაღება? ქურდობა…? არა არა არა არა. ასე არ უნდა მოვქცეულიყავით. ეს იყო…. შვება, ნამდვილი შვება. მოკლედ… გადავრჩით. რა ბედნიერებაა, რომ ხელოვნების დრო წავიდა და შეგვიძლია, ისევ ადამიანები ვიყოთ.

არაჩვეულებრივია.

ნეტავ, აქ იყოს, ჩვენთან იყოს.

სანამ პალატაში შევიდოდი, ერთი ხაზი გავიყნოსე. ეს ადრე არავისთვის მითქვამს. ზუსტად მაგდენი მქონდა, ერთი გაყნოსვა, გასახდელში შევედი და… ჩემი თავის მე თვითონ არ მესმის.

“გამარჯობა! გვიცანი?! ყველანი შენთან ვართ!”

არ გაუღვიძია – უფრო სწორედ, ეს არ არის ჩვეულებრივი სიფხიზლე – შიგადაშიგ აზრზე მოდის, თვალებს ახელს, გვიყურებს და გვხედავს. აქაა, ამ პალატაში, ჩვენთან ერთად. ერთხელ გაგვიღიმა კიდეც. ყველაფერს გეფიცებით.

გვიხარია მისი ამბავი და ჩვენიც. ძალიან გვიხარია, მაგრამ მაინც…

სტანდარტულ სიტყვებს ვეუბნებით, როგორც ნახევრად უგონო ავადმყოფებს ან ჩვილ ბავშვებს ელაპარაკებიან. ენის მოჩლექით ვეჟღურტულებით, ცოდოა, პატარა.

“ერთხელაც წავიდეთ, შიშვლებმა ვიდგაფუნოთ! აი, როცა მოგინდება. აქედან გაგიყვანთ, აუცილებლად. მერე ტანსაცმელს გავიხდით და ყველაფერი ძველებურად იქნება…”

… ჩვენთან ერთად იქნები, ისევე, როგორც ათი წლის წინ, ყველაფერს გავიხდით და დავიკიდებთ, ვიქნებით მხოლოდ ჩვენ და ჩვენი ფუჩუები, კუტუები, ძუძუკები და ტაკუნების ღარები და მთელი ეს მობანავე მშვენიერება ვიქნებით ჩვენ. იფიქრე ამაზე, ძვირფასო, ამაზე იფიქრე. რა ბედნიერებაა, რომ ეს ერთხელ უკვე გამოვცადეთ ცხოვრებაში და კიდევ გამოვცდით. აუცილებლად. აუცილებლად. აუცილებლად.

ვკოცნი. რეაქცია არა აქვს. მაგრამ არა უშავს. ყველაფერი ხომ…

ერთმანეთს ვეუბნებით: მორჩა. უკეთ ხდება. ბედნიერი დღეები გვიახლოვდება.

ერთმანეთს ხელებს ვჭიდებთ, ვიღიმით და ვმღერით. მთელი ჯგუფი მისი საწოლის ირგვლივ ვდგავართ, ვუმღერით და უცებ თვალებს ახელს, ამოგვხედავს და…

ერთი წამით მეჩვენება… არა.

ჰო, მეც მომეჩვენა… არ ვიცი, სხვებმა თუ დაინახეს…

მე მგონი, ყველას მოგვეჩვენა…

მან იცოდა. იცოდა, რასაც ვაკეთებდით. ჯიბეში ფოტოაპარატი დამინახა და მიხვდა. ჩვენზე გაცილებით ჭკვიანია.

მაგრამ ეს შეუძლებელია.

ტუჩებს წყლით ვუსველებთ, თითებზე ვეფერებით და ჩურჩულით ვეუბნებით:

გვიყვარხარ.

ის კი გვპასუხობს:

დიდი მადლობა, რომ მთელი ეს წლები ჩემი მეგობრები იყავით.

ესე იგი, არა, ვერც კი ხვდება, როგორ გვძულდა და ამ სიტყვების გაგონებაზე თავს ბედნიერად და მიტევებულად ვგრძნობთ. არაჩვეულებრივი გრძნობაა.

საათობით ვუსხედვართ გვერდით, როცა სძინავს, ან ღვიძავს და მგონი, ჩემს ცხოვრებაში… ჩემს ცხოვრებაში ასე მშვიდად არასოდეს ვყოფილვარ.

აბა, სახლში დაბრუნებულებს რა დაგვემართა… ის რამდენიმე კვირა სპორტდარბაზში არ მივლია. მუცელი მომემჩვარა.

გულისრევამდე ვჭამ ქათმის ფრთებს და ნაყინს.

ერთ ღამეს, როცა სასმელი, მოსაწევი და კოკაინი თავზესაყრელად გვქონდა. სერიოზულად დავცხეთ ერთმანეთს. უმიზეზოდ. დიდი წივილ-კივილით, კარების გაჯახუნებით, ცრემლებით და უხერხული სიჩუმით.

რატომღაც ეგეთ დროს ძაან მნიშვნელოვანი ხდება ის, რომ ნარკომანი ვარ. მინდა, ძაან მინდა ჯგუფის ნაწილი ვიყო, კი, ნამდვილად ეგ მინდა და იმათ თუ არ უნდათ იქნებ მე გავრიყე ტფუი ჯანდაბა ამ ოთახში ერთი შპრიციც კი არ გდია არსად, ეს რანაირი საავადმყოფოა შპრიცები რომ არა აქვთ?

ჩემთან თუ დაწვები 100 დოლარს მოგცემ. დაანებე ამ აუზს თავი. არ შეიძლება ერთი წუთით დაივიწყო ეს აუზი და ერთი კარგად მომტყნა? ჩემს ფულს რას უწუნებ.

რეი და ტომი და სალი ჩემს ოთახში დაწრიალებენ. მესმის, რომ ეს ნარკომანის ჰალუცინაციებს ჰგავს, მაგრამ მე ამას გლოვას დავარქმევ, როცა მკვდარი მეგობრების ძვლები თავზე გაცვივა და სიცოცხლის ხმებს ახშობს, სანამ ჩვენ… ვჭამთ. გვძინავს. ვჯვამთ. ვანძრევთ. და მერე თავიდან. ვჭამთ. გვძინავს. ვჯვამთ. ვანძრევთ. და ისევ თავიდან.

ჰო, მართალია, ერთ-ერთმა ჩვენგანმა გადაწყვიტა მისთვის სურათები ეჩვენებინა. არ მახსოვს რომელმა…

მგონი მე არ ვყოფილვარ, მაგრამ…

იქნებ, მე ვიყავი…

რა მნიშვნელობა აქვს, ერთ-ერთმა ჩვენგანმა. ყველანი იმ ოთახში ვიყავით და ყველამ რაღაც განსაკუთრებული დავინახეთ მის ღიმილში, გამოხედვაში.

მომეჩვენა, რომ მე მადანაშაულებდა და…

ძალიან ძნელია მიხვდე, რას ფიქრობს. ყოველთვის ასეთი იყო… როგორც წესი, გეჩვენება, რომ პასუხს გთხოვს.

მე უბრალოდ მინდოდა…

ვიღაცამ გაიფიქრა მე უნდა ვუთხრა, რომ თავი უკეთ ვიგრძნოო.

ან იქნებ იმიტომ, რომ მისთვის ტკივილი მიგვეყენებინა.

თავის ჯერ კიდევ დალეწილ და დალილავებულ სხეულს დახედა და თქვა:

“აქ არსად სარკე არ არის, ალბათ საშინლად გამოვიყურები. დიდი ეჭვი მაქვს, არ უნდათ, რომ დავინახო როგორ…”

და უცებ ვიღაცის ხმა გაისმა:

“არა რატომ, შეგიძლია ნახო როგორი ხარ”

“მართლა?”

“იქნებ, არ ღირს. ჰო, არ ღირს, ასე აჯობებს”

“არა, მინდა ნახვა”

არ შეგვაჩერა. ხომ ხვდებით… არადა, ჰქონდა შანსი.

“სარკე გაქვთ?”

“არა, მაგრამ…”

ლეპტოპი გავშალეთ. პირველი კვირა საავადმყოფოში. ადამიანს არ ჰგავს. შემდეგ. მეორე კვირა. მესამე. და ა.შ. თანდათან უკეთ ხდება.

უყურებდა, მაგრამ მის მზერაში…

მის მზერაში ვერაფერი ამოვიკითხეთ.

უცებ გვეკითხება:

“საიდან გაქვთ ეს ფოტოები?”

ჩვენ ვუპასუხეთ:

“ჩვენ გადავიღეთ”.

და მეგონა, რომ მიხვდებოდა ჩვენს ბოროტ განზრახვას, მაგრამ მგონი ვერაფერს ვერ მიხვდა, იმიტომ, რომ გვითხრა:

“დიდი მადლობა”

გულწრფელი მადლობა იყო.

არ უთხოვია ლეპტოპი გამორთეთო, მაგრამ ჩვენ გამოვრთეთ.

ბატარეა ჯდებოდა.

მერე, მითხრა:

“შეგიძლია ტუალეტში წამიყვანო?”

კათეტერი უკვე აღარ ედგა. ტუალეტში წავიყვანე. თავს კარგად ვგრძნობდი, იმიტომ რომ ჩემზე იყო ჩაჭიდებული და ვხვდებოდი, რომ მართლა ვჭირდებოდი.

რამდენიმე მისვლაზე ეს სურათები არ უხსენებია. არ მახსოვს ზუსტად რამდენზე… სამი… ოთხი… მოკლედ, რამდენიმე დღე ეს თემა არ წამოჭრილა.

მე მგონი, რამდენიმე კვირა არ გვილაპარაკია ამაზე. ისე, სიმართლე გითხრათ, ამაში ცუდი არაფერი იყო. პირიქით, კარგი ვქენით, რომ ეს ყველაფერი დავაფიქსირეთ მისთვის.

ჰო, თუ მისთვის დავაფიქსირეთ, ჰო…

მაგრამ, კომპოზიციებს რომ ვაწყობდით, მერე გამოფენას ვგეგმავდით… ამას თუ არ ჩავთვლით, მაშინ, ჰო…

ერთ დღესაც გვითხრა:

“ფოტოაპარატი მოიტანეთ.”

“ო… არა.”

“კი, მოიტანეთ ფოტოაპარატი. გაგრძელება მინდა. თანდათან უკეთ ვხდები. უფრო და უფრო ვძლიერდები და მინდა ეს ყველაფერი დავაფიქსირო.”

სხვა რა გზა გვქონდა, მოვუტანეთ ფოტოაპარატი.

იმ დღეს იცინოდა. ისეთი ბედნიერი იყო. თავი სინათლისკენ მიატრიალა, ნაჭრილობევი უკეთ რომ გამოჩენილიყო.

პერანგი აიწია, ნაკერები და დალურჯებული ხორციდან გამოშვერილი ძვლები რომ გამოეჩინა.

ისეთი ენერგია ამოძრავებდა, როგორიც წლების მანძილზე არ გვინახავს.

“შენ იქ დადექი. აი, ასე. წვეთოვანი ჭრილობასთან ერთად მოახვედრეთ კადრში.”

და მის ბრძანებებს ვასრულებდით. უამრავ ფოტოს ვიღებდით. მერე, გვეუბნებოდა:

“შემახედეთ. შემახედეთ. შემახედეთ. შემახედეთ”.

ეს ბრძანება იყო.

მართალია, ბავშვურად ნათქვამი, მაგრამ მაინც…

ჰოდა, ჩვენც ვათვალიერებინებდით. ის კი ძალიან ყურადღებით აკვირდებოდა. და უცებ…

ასეთ დროს, ნებისმიერ ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ინატრებდა რამე ძლიერ ნარკოტიკს, ან იმ პალატიდან გაქცევას.

მას კი ფოტოები მოსწონს.

მთელი ეს ენერგია.

ყოველდღე გვამუშავებდა. და ყოველდღე ვაფიქსირებდით.

ადრე რაღაც ხიბლი ჰქონდა. მას ეძინა, ჩვენ კი თითქოს რაღაცას ვპარავდით, ახლა კი…

მისი გაბედნიერება სამსახურად გადაგვექცა. გიჟდება ამაზე. და ყოველ დღე სულ უფროდაუფრო ძლიერდება. ამასობაში კი ჩვენ… ჩვენ, ცოტა არ იყოს, ცუდად ვართ.

თავის ტკივილები მაქვს. ქრონიკული შაკიკი. ამ დილით პარსვის დროს ხელი ამიცდა და აი, შეხედეთ ჭრილობას. არა, ახლა არა მიშავს, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მეწვის. არა უშავს, ჩემზე ნუ იდარდებთ. ექიმო, ექიმო მგონი აუზის მომვლელმა ბიჭმა რაღაც სოკოვანი დაავადება გადმომდო. თანაც, ხომ იცით, რომ წამალი გადავაგდე და ცრემლებს ვერ ვიკავებ.

ღმერთო, რა მოხდება, რომ დაიძინოს. არ გვინდა, რომ გადაიღალოს… წესით, სულ უნდა ეძინოს, თუმცა… ჩვენ უფრო ვიღლებით.

საავადმყოფოში ვიზიტები. ფლუორესცენტული სინათლე. უხარისხო ყავა. დაიღლები, აბა რა…

ახლა ფოტოების დაბეჭდვაც მოითხოვა. ჰოდა, დავუბეჭდეთ.

მთელს პალატაში ფენს. ალაგებს, ასწორებს, აკვირდება. და ჰო, ზოგჯერ ჩვენც გვეკითხება აზრს, მაგრამ საბოლოოდ მაინც მისი თვალი, მისი ხედვაა გადამწყვეტი.

ძალიან მაგარია თავის საქმეში.

ისეთ ცნობილ გალერეებში ყოფილა გამოფენილი, რომ… როცა აკვირდები, როგორ მუშაობს ამ სურათებზე, ბევრ რამეს სწავლობ. ეს დიდი პატივია.

თუმცა, უჩვენოდ ტუალეტში მაინც ვერ დადის. ხომ გახსოვთ? დღის ბოლოს… ვკიდებთ ხელს და ტუალეტში მიგვყავს.

აზრადაც არ მოგვსვლია, რომ მასთან სხვა სტუმრებიც მოდიოდნენ, სანამ…

მაღალი, მდიდარი, გარუჯული… ყლე ეგა!

“ეგ კაცი ვინ იყო?”

“გალერეის პატრონია, რომელთანაც ამჟამად ვთანამშრომლობ. აქედან რომ გამწერენ ჩემი ნამუშევრის ჩვენება მინდა”.

რა ნამუშევრის?

“რაღაც იდეები მაქვს…”

ასეც ვიცოდი. მივხვდი, რომ წავაგეთ. ეს მისი სხეულია, ის გადახტა აუზში. და ჩვენი გადაღებული სურათები კი არა, თვითონ იყო ნამუშევარი. მას ყველაფერი აქვს, ჩვენ ეჰ – არაფერი.

მეტი აღარ შემიძლია. ამომასუნთქეთ. მეც მინდა წარმატება.

ამ ფოტოების ავტორობას მიითვისებს და ჩვენ ისევ მივბრუნდებით ბოჰემურ უბანში, გავაგრძელებთ ჩვენს ძალიან საჭირო საქმიანობას სოციალურად დაუცველი ფენისთვის. გულწრფელად ვიტყვი, ამომივიდა ყელში, არ შეიძლება მეც ვიყო სოციალურად დაცული?

ახლა კიდევ მისთვის ყოველდღე ფოტოების გადაღება სასჯელად იქცა. თითქოს გესმის, რას იტყვიან მასზე. იცი, ვინ იყიდის ამ ფოტოებს.

რაღაცა სხვა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში, მაგრამ რა?

ჰოდა ყველამ ერთად მოვილხინოთ მის ოთახში. დავბოლდეთ. ვითომ ყველანი ერთად ვართ ამ საქმეში, ერთად ვიღებთ ამ ფოტოებს.

და აი, მოდის დრო. ზამთარია. ის სახლში ბრუნდება.

ვღელავთ. ბევრი რამაა მოსაგვარებელი.

სია ჩამოწერა, რა თქმა უნდა. ტანსაცმელი და მაკიაჟი, რომელიც საავადმყოფოში უნდა მივუტანოთ. შევედით. საწოლზე ზის. გველოდება. წასასვლელად მზადაა. ლამაზად აცვია და სადა, მაგრამ დახვეწილი მაკიაჟი გაუკეთებია.

ისე ჯანმრთელად, ისე კარგად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ჭრილობა აქვს, თავი ისე ძლიერად უჭირავს, თითქოს საკუთარ ჭრილობებს დასცინისო. ის წინ მიდის, ჩვენ კი მივდევთ. ჩვენ ვართ სუსტები. სუსტები ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით უკან.

მაგრამ, ქუჩაში, სადაც ჯანმრთელი ადამიანები დააბიჯებენ, ფლირტაობენ, ვაჭრობენ, ბოზობენ და იგინებიან… მოკლედ, იქ – როცა, საავადმყოფოს კარიდან გადის წვიმაში – უცებ, სუსტი ხდება. უცებ ხედავ, რომ კიდურები მთლად წესრიგში არა აქვს. ცოტათი კოჭლობს. ხედავ, რომ ჯერ არ მოუგონიათ მაკიაჟი, რომელიც დასიებულ სახეს დაფარავს. სულ რაღაც ერთი ნაბიჯი საავადმყოფოდან ქუჩაში, და რამხელა განსხვავებაა. აქ ის უცხოა, ეს ჩვენი სამყაროა. მიუხედავად ჩვენი უბადრუკი არსებობისა, ეს ჩვენი სამყაროა, სადაც ის ფეხქვეშ მიწას ვეღარ გრძნობს.

და ისევ კეთილები ვართ. ჩვენ კეთილები ვართ. ტაქსიში ვსვამთ, მძღოლს მიმართულებას ვკარნახობთ, ხელით ვიჭერთ, რომ ჯაყჯაყმა ტკივილი არ მიაყენოს. ჩვენ აქ შენთვის ვართ. ჩვენ გაგიძღვებით და გვეყვარები. ჩვენ სიბნელიდან სინათლეში გაგიყვანთ. გვენდე. შეგვიყვარე. გთხოვთ.

სახლში მისული მალე იღლება. ოდნავ ეღიმება. ეს ის პატარა ღიმილია, წლების მანძილზე ყველას რომ ურიგებდა, თუმცა სინამდვილეში არაფერს ნიშნავდა. ეს ღიმილი ყველას თავისებურად ესმოდა. ამასობაში, ძილი ერევა და ვეუბნებით:

“წამოდი, დავწვეთ, დავწვეთ, დაისვენე, დასვენება გჭირდება. ძალიან გჭირდება დასვენება”.

თვალყურს ვადევნებთ და ვზრუნავთ მასზე. ჩვენ გულწრფელად – ეს მნიშვნელოვანია, ამაში უნდა გვენდოთ – ჩვენ გულწრფელად ვზრუნავთ.

ძილი უტყდება. თვალებს დახუჭავს თუ არა, ერთსა და იმავე სიზმარს ხედავს. როგორ იხდის ტანსაცმელს. როგორ ხტება ჰაერში. მისი სხეულის რკალი ვარსკვლავებიანი ცის ფონზე. მოწყვეტით ეშვება ქვევით. გაქვავებული წამი. წამი, როდესაც ხვდები, რომ ახლა საშინლად გეტკინება და ბრაგვანი.

და ამ დროს ეღვიძება.

ჩვენ მის გვერდით ვართ. ერთ-ერთი ჩვენგანი ყოველთვის მასთანაა. გვიღიმის და გვეუბნება:

მადლობა. მადლობა. მადლობა. მადლობა. მადლობა, რომ ჩემთან ხართ.

და ჩვენ ვეუბნებით:

სულელო. შე სულელო. რა სისულელეა.

გვინდა და იმიტომ ვართ მასთან. კი, ნამდვილად ასეა.

სტუმრები მოდიან ხოლმე. მისი მენეჯერი, მარკეტოლოგი, გალერეის მეპატრონე.

ჩვენ მათ ღიმილით ვხვდებით და მისი ოთახისკენ მივაცილებთ.

ჩვენ მათ ვუღიმით და ვთავაზობთ სასმელს. ძალიან ვცდილობთ, მაგრამ მაინც არ გვესმის რაზე ლაპარაკობენ ზედა სართულზე.

თუმცა, ისედაც ვიცით, ვიცით ეს ისტორია. მისი ისტორია. სურათები. ამაზე თათბირობენ. სეილები. ფექიჯინგი. ფრომოუთიგი. სთართინგი. დიდი სტარტისთვის ემზადებიან.

ჩვენ კიდევ არალეგალი მოახლეები ვართ და ყოველ დღე უნდა ველოდოთ დეპორტაციას.

გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რამდენიმე წლის წინ წარმოიდგენდით, რომ…? ის ხომ ჩვენს ჯგუფში ყველაზე შეუმჩნეველი იყო.

მერე, ერთ დღესაც მან

მოდით სურათები ამოვალაგოთ. ოთახებში გამოვფინოთ.

და დავიწყეთ. ის ემზადება, ჩვენ კი…

არა, არა შენ არა ხარ მზად, არა, აჯობებს ჯერ გამოკეთდე. რა გეჩქარება. მერე მივხედოთ.

მპირდებით?

რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, გპირდებით.

და ეს გულწრფელად ვუთხარით. ოღონდ მართლა. მაშინ დასამალი არაფერი არ გვქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ ვირუსის აკიდება ვინმეს უნდოდა. არა, ასე არ იყო. არ დავმსხდარვართ და არ გვინატრია

მოდი ვირუსო, მოდი. შეაღწიე ჩემს ინბოქსში. მოდემიდან მეხსიერებაში და ჰარდ დისკზე.

რა სისულელეა. მაგრამ, მაინც მგონია, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი სადღაც გულის სიღრმეში ნამდვილად ფიქრობდა, რომ საეჭვო ეთეჩმენტის გახსნით ლეპტოპში ფაილები სათითაოდ წაეშლებოდა და, მათ შორის, ის ფოტოებიც.

ძაან შევიცხადეთ.

შევეცი. შევეცი. შევეცი.

მაგრამ, ბექაფი არ გაგვიკეთებია, ასე რომ… საქმე სერიოზულად იყო.

მისთვის არ გვითქვამს. საიდუმლოდ შევინახეთ.

ახლა დაისვენე და როცა გამოჯანმრთელდები… ფოტოებს… კი…კი… აუცილებლად.

თანაც, ყველა ფოტო არ დაგვიკარგავს. ძირითადი ნაწილი დაიკარგა, მაგრამ ფოტოაპარატის მეხსიერებაში იყო ცოტა დარჩენილი და რამდენიმეც – ამობეჭდილი. მოკლედ, საკმარისი იმისთვის, რომ შეაკოწიწო თუნდაც… თუნდაც… თუნდაც….

მაგრამ, იმდენი მაინც დარჩა, რომ მისი მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა.

დღე ახლოვდებოდა. უკვე ძალიან ახლოს იყო. ახლოვდებოდა დღე, როდესაც დანაპირები უნდა შეგვესრულებინა. უნდა გვეჩვენებინა ყველა ფოტო. მისი დასიებული, დაკრუნჩხული სხეულის პირველი, ჩუმად გადაღებული კადრებიდან დაწყებული, საავადმყოფოში ყოფნის ბოლო, ჯანსაღი დღეების ჩათვლით.

ხვალ ვეტყვით. ხვალ. ხვალ ჩამოხვალ სასტუმრო ოთახში და გამოფენილი დაგხვდება მთელი გალერეა.

დიდი მადლობა.

ამბობს და მშვიდი ღიმილით იძინებს.

ჩუმად ვსხედვართ. ველოდებით…

ო, ღმერთო.

ველოდებით.

მე პირად მწვრთნელს ვაბრალებ. პირველი შემთხვევა ხომ არაა – მწვრთნელები, როგორც წესი ნარკოდილერებიც არიან, შეთავსებით. იმ ღამეს სწორედ მწვრთნელმა მოგვყიდა. მოგვყიდა და ჩვენც ვიყიდეთ.

მეგონა, სუფთა ვიყავი, ოღონდ მართლა. არ ვყოფილვარ. არასოდეს. შემჯდარი ვარ და ყოველთვის ვიქნები. სანამ არ მოვკვდები. რა მაგარია, არა? ხო ძაან მაგარია? იმიტომ, რომ ვიცი, ვინც ვარ. ეს მე ვარ მომხმარებელი, ნარკომანი, დამპალი, ბოზი, სირი და სულ სირზე მკიდია… ჰო, ეს მე ვარ… და თავს გადასარევად ვგრძნობ.

მე ცოცხალი ვარ. მე ცოცხალი ვარ. სიფხიზლე სიკვდილია. ჯანსაღი მკვდრების სახეები დაგანახათ მე კიდევ ისეთი ფეხის თითებიდან ყლის წვერამდე თესლურად ცოცხალი ვარ!

მაკოცეთ, მაკოცეთ, ვინმემ ენა ჩამიყოს პირში ან სხვაგან სუ მკიდია, მოდით, ადამიანებო, ვეადამიანოთ ერთმანეთს, ხვრელებში ჩავსუნოთ სულ ერთია ადამიანები ვიყოთ. ხო ძაან მაგარია? არ გაჩერდეთ, ზევით, ზევით, კიდევ ზევით და სულ ზევით, სანამ არ გაასხამ! აააა!

რა დროს ქვემოთ ჩამოსვლაა.

მუსიკას აუწიეთ მუსიკას აუწიეთ მუსიკას აუწიეთ მუსიკას აუწიეთ მინდა, რომ მუცლიდან სიიიიიიიიიისხლი წამომივიდეს, როცა მუსიკას აუწევ.

მერე ერთ-ერთმა ჩვენგანმა ფოტოაპარატი მოიტანა, მეხსიერებაში შევიდა, აარჩია პირველი სურათი და

წაშალა.

ჰო ჰო ჰო ჰო ჰო ჰო

და დაიწყო დიდი გართობა

მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე

მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე

მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე

მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე

მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე

მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე

მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე

მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე

მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე მონიშნე წაშალე

სანამ “სასწაულებრივი განკურნების” არცერთი დამადასტურებელი დოკუმენტი აღარ დარჩა.

მერე ცოტა ხანს დავისვენეთ საკუთარი საქციელით დარეტიანებულებმა. ცოტა ხნით ვიზეიმეთ საკუთარი ძლევამოსილება. ღმერთო – ჩვენი სხეულები ნამდვილ ტრიუმფს ასხივებდა.

მაგრამ, მოიცა… დაბეჭდილი ფოტოებიც ხომ არსებობს. ხო, დაბეჭდილები. მხოლოდ ეგღა დარჩა.

აჯობებს, შევჩერდეთ. მორჩა. უკვე დავრწმუნდით, რომ ძლიერები ვართ. ნამდვილად.

დაბლა ჩამოვდივარ. შემომხედეთ. ვერ ხედავთ, რომ დაბლა ჩამოვდივარ. წყალი მჭირდება.

ო, არა, ახლა მაღლა ვართ. გთხოვ… გთხოვ ახლა ნუ შეწყვეტ.

ეს ერთადერთია, რის გაკეთებასაც ამქვეყნად მოვახერხებთ. ჩვენი ცხოვრება არარაობაა. ჩვენი ხელოვნება არარაობაა. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა ვიყოთ საკუთარ თავთან გულწრფელები, ჩვენი ხელოვნება ყლეობაა და არაფრად არ ღირს.

ჩვენი ხელოვნება არარაობაა, ჩვენ ადამიანები არა ვართ. საკუთარი ცხოვრება გავანადგურეთ. ხელოვნებაში არასწორი გზა ავირჩიეთ და ვერსად ვერ მივედით. ახლა კიდევ ძალიან გვიანია ჩვენი ტალანტების აღმოჩენა.

ჩვენს სხეულებს შეხედეთ, კარგად დააკვირდით – ძუძუები დღითიდღე საფლავისკენ მიმდის.

ნეტავ შიდსი ან კიბო მქონდეს – როგორ გაუმართლათ სალის და რეის – შიდსი ან კიბო, რომ არ ვიტანჯო იმის ყურებით, ყოველდღე, თანდათან, წვეთ-წვეთად როგორ ვიცლები ღირსებისგან.

არა, არ მიტრიალდე. არ მიტრიალდე-მეთქი!

პედრო – დაბრუნდი და რაც შეიძლება მეტი წამალი მოიტანე, ყველაფერს ვიყიდით.

მოკლედ, მეგობრებო, მორჩა. თუ შეიძლება, ბოლო ხმაზე ჩართეთ მუსიკა. პლაზმურ ტელევიზორში რამე პორნო გაუშვით და… ქიმიური რულეტკა ვითამაშოთ… რაც შეგხვდება კენჭისყრით, იმას გაიკეთებ ან შეისუნთქავ ან ტრაკში გაითხრი.

წავიდა, წავიდა, წავიდაააა!

და სანთებელა – მისი სასწაულებრივი განკურნების პირველ ფოტოს კუთხიდან ცეცხლი მოედო. გვიხარია, ვიცინით, ბედნიერები ვართ – ცეცხლის ალი ფოტოებს ანადგურებს და მეხსიერებას შლის.

ახლა რიგ-რიგობით ვუკიდებთ

ნამდვილი კოცონია

და ჩვენ კოცონის ირგვლივ ვცეკვავთ თავისუფლები, სრულიად თავისუფლები, სანამ ფოტოები ფერფლად და კვამლად იქცევა.

სულ მალე სულ მალე სულ მალე არაფერი აღარ დარჩება.

რა ხდება?

აქ არის. მხოლოდ მაისური აცვია, კარში დგას.

რას აკეთებთ?

ჩვენ გვინდა, ვუთხრათ:

ძაან კარგად, ძაან კარგად ძაან კარგად იცი, რასაც ვაკეთებთ. ხო იცი, არა? ხო იცი, რომ სხვა გზა არ გვქონდა?

მაგრამ არ ვეუბნებით. ვდგავართ და ვუყურებთ. სიჩუმე. შემოდის. ცენტრში დგება. და ყველაფერს ხედავს.

ხვდება – იცის.

ყველაფერი, რაც მას მეგობრობა ეგონა, სიძულვილი ყოფილა. ყველაფერი, რაც სიყვარული ეგონა, შური აღმოჩნდა. ხელებს ვუჭერთ, კისერი მოვუგრიხეთ, ფეხები გადავუმტვრიეთ, თავის ქალა გავუჩეჩქვეთ.

და ბოლოს. როგორც იქნა, აღარაა განდგომილი. მთელი არსებით… აქაა. თვალებით გვჭამს. თითქოს გვესმის, როგორ გვეუბნება – მიუხედავად იმისა, რომ პირს არ აღებს, მაინც გვესმის, როგორ გვეუბნება:

“თქვენ პატარა ადამიანები ხართ. ყოველთვის პატარები იყავით. იმ დღიდან მოყოლებული. არსებობენ პატარა და დიდი ადამიანები. მე დიდი ადამიანი ვარ, თქვენ კი – არა. გასაგებია? გასაგებია? გასაგებია? ამდენი წელია, ამას გულში ვინახავ, მაგრამ მეყოფა. მე მაქვს ნიჭი. მე მაქვს ხედვა. კურთხეული ვარ. ვერცერთი თქვენგანი ახლოსაც ვერ მოვა ჩემთან. თქვენ გგონიათ, მთელი ეს წლები ამდენ შურსა და ბოღმას ვერ ვხედავდი? რა თქმა უნდა, ვხედავდი. სალი და რეი იმიტომ დაიხოცნენ, რომ მეტისმეტად სუსტები იყვნენ და ვეღარ იცოცხლეს. მეტისმეტად სუსტები იყვნენ, რომ ეცოცხლათ და ხელოვნება შეექმნათ. მე თქვენ შორის ერთადერთი ვარ, რომელიც მართლა ძლიერია და რაც არ უნდა გააკეთოთ, ვერ გამანადგურებთ. იმიტომ, რომ ყოველთვის თქვენზე ძლიერი ვიქნები. ასე რომ, შიგადაშიგ წერილები მომწერეთ და თქვენს პატარა, უმნიშვნელო ცხოვრებაზე მომიყევით”.

მორჩა თუ არა ამ სიტყვებს, ისეთი შვება ვიგრძენით – ამდენი წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ჩვენთან იყო, აქ იყო.

მართლა დიდი შვება ვიგრძენით.

მგონი, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი ღამე იყო.

არა, მგონი კი არა, მართლა უბედნიერესი იყო. როცა ვიღაცა სიმართლეს ეგრე გეუბნება… აბა, სცადეთ და ვინმეს ათქმევინეთ ეგრე, თუ გამოგივათ… ამაღამვე სცადეთ… მართლა ძაან მაგარია.

რამდენიმე წელი გავიდა. აი, ხელებზე შემომხედეთ, ხომ ხედავთ, ნაჩხვლეტები აღარა მაქვს. სუფთა ვარ. ეს ოთხი კბილი ახალია. ხო ლამაზია?

ერთ ტიპს შევხვდი, რომელიც მომეწონასავით და უკვე 2 ბავშვი გვყავს. 2 წლის და 4 წლის. ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ და თავს კარგად ვგრძნობ. როცა ყველანი ერთად ვთამაშობთ გასაბერ აუზში, მეჩვენება, რომ ყველაფერი კარგადაა. ბავშვებს საკუთარი პატარა მობილურები აქვთ – უსაფრთხოების მიზნით – და ძალიან უყვართ აუზში ჩაწოლილი დედიკოსთვის სურათების გადაღება. რა საყვარლობაა.

მინდა მჯეროდეს, რომ ერთ დღესაც სადღაც სარეაბილიტაციო თავშესაფარში ან შიდსიანების პალატაში, ან კიდევ სადმე ყველანი ხელახლა შევხვდებით. შევხვდებით და ისევ ერთი ჯგუფი ვიქნებით. რას იზამ – რომანტიკოსი ვარ. წლები გადის, მე კი ისევ სულელი, ბებერი რომანტიკოსი ვარ.

მოკლედ. აანთეთ სანთლები. გამოაცხვეთ ტორტი. იმღერეთ. ჩვენი ჯგუფი ისევ შეიკრა. ყველანი ერთადა ვართ. ოცნება ოცნებად რჩება – ცხოვრება კი, ო, რა გრძელია.

© არილი