პროზა

ნიკოლას მაჩაბელი – ეშმაკის ბორბალი

nikolasi-3928

მომო, ყოველთვის გახსოვდეს, რომ

კაცისთვის ყველაზე საპატიო ადგილი ტრაკია.

კაცის ღირსება ტრაკშია“.

                                   რომენ გარი, ცხოვრება წინაა

ვინ გავრიო ამ ჩემს გაუგონარ და მიუწვდომელ ამბავში – მამაჩემი, რომელიც ყოველ დილით სამსახურში მიმყავდა, თუ დედაჩემი, რომელიც კულინარიის კურსებს ამზადებდა ახალბედა წყვილებისთვის. როგორი დასაწყისია, თუ ვინ გავრიო ამ ჩემს გაუგონარ და სევდიან ამბავში? არის კი ეს კარგი დასაწყისი კარგი ნოველისთვის, მოგწყვეტთ კი ის ყველა საქმეს და გაგიტაცებთ? არადა, ბევრ მწერალს დაუწყია ასე თავის ნაწარმოები, მკითხველთან უხილავი გასაუბრებით – არის თუ არა ეს კარგი დასაწყისი? მაგრამ მხატვრულად აქ საინტერესო ის უფროა, შენ, როგორც მკითხველი, სად იმყოფები, როგორ გარემოში, რა მდგომარეობაში დასცქერი ამ ნაწერს, რა გაწუხებს და რა ფიქრებს ჰყავხარ გატაცებული, ბოლოს რით იყო დაკავებული შენი ტვინი და ზოგადად ამ ბოლო დროს რას მოუცავს შენი გონება. იმიტომ, რომ ჩემი მიზანი ამ ნოველაში სწორედ ისაა, ის არამზადა, ის შეუცნობელი და ყოვლისშემძლე…

მოდი, არავისაც არ გავრევ და პირდაპირ მოვყვები, რკინას ხელი, ცას ხელი და აი ისიც…

მე და ჩემი სექსუალური პარტნიორი ცისია თითქმის ყოველ მესამე დღეს ვწერაობდით. მომავალი არ გვადარდებდა და წარსულზეც თვალები უნდა დაგვეხუჭა, რადგან იმას რომ გამოვკიდებოდით, ერთად არ დაგვედგომებოდა. ცისია ვაკეში გავიცანი, ჭავჭავაძის 45-ში, კაფე Grange-ში მარტო იჯდა თავისთვის და მობილურზე ხმამაღლა ლაპარაკობდა. მაშინვე მივხვდი, რომ მისი ხმამაღალი საუბრის მიზანი ჩემი ყურადღების მიპყრობა იყო, მეც ეს არ მინდოდა? ამაზე უკეთესს რას ვინატრებდი? თავიდანვე დამევასა, წარმოიდგინეთ, ვიქტორია სეკრეტის ტიპის წვრილი და მაღალი გოგო, გაშლილი წაბლისფერი თმით, ბოლოები უფრო ქერაში რომ გადადის, მოკლე შორტით და Balenciaga-ს ბოლო კოლექციის ტოპით დასკუპებულიყო ჩემს წინ. რომ ვუყურებდი, ასე მეგონა საზაფხულო ფესტივალის სარეკლამო რგოლიდან იყო გადმომხტარი. ჩემი უფო მუდამ მზად იყო მის ასაქინძად. უფო არ გაინტერესებთ რა არის? უფო ჩემი სირია – ცისიამ შეარქვა, ჩემი სირი უცხოპლანეტელს აგონებდა, ანუ ლათინური აბრევიატურით UFO (undefined flying object). ცისიას ხორციანი ბარძაყები ან დუნდულები ჰქონდა-მეთქი, მოგატყუებთ, უფრო სიმაღლეზე და წვრილ ტანზე მიდგებოდა. მისი მოდელის გამოყვანილი წელი შესანიშნავად იგრიხებოდა, ვიწრო და პატარა საშო კი მუდამ კარგად უჭერდა.  ცისიასთან სექსი ერთი სიამოვნება იყო, სიყვარულის კი რა გითხრათ! სიყვარული ძველად იყო. მოდი, ასე ვთქვათ, ეს ამბავი სიყვარულის გარდაცვალების შემდეგ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როცა შემორჩენილი ფიზიკური აღგზნებადობა განაგებდა ჩემს სამყაროს და არა სხვა რაიმე იდეური, ნაზი, ან ფაქიზი.

მე მათ რიცხვში შევდიოდი, ვისაც უელბეკის მოჟამული და ნაცრისფერი ავადობა შეეყარა. ეს ავადობა ტვინიდან მოდიოდა და დაკავშირებული იყო უამრავ ფაქტორთან, უპირველესია განცდილი ძლიერი სიყვარულის დრამატული აღსასრული, შემდეგ მოდის დამღლელი რუტინული სამუშაო გარემო, ამას თან ერთვის მოუცლელობა, უმეგობრობა და ხელოვნური ძიება იმისა, რაც გაგაბედნიერებს. ყველაფერს კი აგვირგვინებს აუსრულებელი შემოქმედებითი უნარი ტვინისა, ეზიაროს სიახლეს.

ჩემს უსიყვარულო ცხოვრებას ის დაერთო, რომ 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი 12- საათიანით შემიცვალეს. ამას ხელფასზე არ უმოქმედია, დამაბოლეს, რაღაც პროექტში ჩაგრთეთო, ევროკავშირმა დიდი თანხა გამოყოო. აგერ უკვე მეორე წელია, ველოდებოდით ამ თანხებს. ხომ წარმოგიდგენიათ, მოაღწევდა კი ოდესმე ეს თანხები ჩვენამდე? როგორც კულუარებიდან გავიგე, ხელისუფლების ახალგაზრდა პოლიტიკოსებს უკვე ჩაეჯიბათ ჩვენი კუთვნილი ფული, ჩვენი 12-საათიანი სამუშაო გრაფიკი კი ღიმილით სრულდებოდა, რადგან სხვა გზა არ იყო, უფრო სწორად, სხვა გზა იყო, კი, იყო ტაქსაობა, ლოთობა, მათხოვრობა, ქურდობა, ყველაფრის გაყიდვა, მათ შორის ჩემი მოხუცი დედ-მამის, მაგრამ ამ ყველაფერს რატომღაც ჩემი შინაგანი მორალური კრედო ბლოკავდა. ხანდახან იმასაც კი ვაკვირდებოდი, რომ „არა ლოთობა“, „არა ქურდობა“, „არა დედ-მამის გაყიდვა“ უფრო ათ მცნებას წააგავდა და იმასაც ვასკვნიდი, რომ ჩემი მორალური კრედო ათ მცნებაზე იყო აღმოცენებული. ხოლო ის, რაც ათ მცნებაში არ შედიოდა, ჩემი ტვინისთვის დაიშვებოდა. ასე მაგალითად, უსიყვარულო ურთიერთობა ცისიასთან – რა პრობლემაა, 12-საათიანი გაუპროტესტებელი მუშაობა – რა პრობლემაა, მაგრამ სიახლე? რა ვუყოთ ამ ადამიანურ რეზისტანტიზმს, რომელიც ვერა და ვერ ეგუება სიახლის არარსებობას? თითქოს სხეულიცა და გონებაც გაერთიანებულნი არიან და მოწოდებულნი სიახლისაკენ? მაგრამ რის ფასად? და რა ფორმებით? განა ყველაფერი დასაშვებია?!

მე და ცისიას ჩამოწერილი გვქონდა დროები, კვირის რომელ დღეებში უნდა შევხვედროდით ღამით და რამდენი ხნით უნდა დავრჩენილიყავით ერთად. ჩემთვის ადვილი იყო, მითუმეტეს რომ სამსახურმა შემაჩვია ყოველგვარ რუტინას. უფოც თითქოს მექანიკური გამხდარიყო, გადავრთავდი პირველში, იწყებოდა ნელი სვლა, შემდეგ მეორეში, მესამეში და ა.შ. ბოლოს მოსახვევი და ტორმუზი. წმინდა ავტომატური მიმდევრობით ვასრულებდი საქმეს, და რაც მართალია მართალია, ცისიას ტანი რჩებოდა იმ ამპულად, რაც თითქოს ბენზინს მისხამდა და ყველაფერი ორგაზმამდე მიგვყავდა. ჩამოწერილ დროებში ეჩხირებოდა ხოლმე ერთი კვირა, როცა მე და ცისია აღარ ვხვდებოდით. ღმერთს ვფიცავ, მე ჩემი ვეცადე და ცისიას შევთავაზე, შენი ციკლის პერიოდშიც შევხვდეთ ერთმანეთს და ან ფილმებს ვუყუროთ, ან რამე წავიკითხოთ-თქო. მეოცე საუკუნის პირმშოს ისევ მსდევდა წმინდა რომანტიზმი, ცისიას კი უკვე ოცდამეერთე საუკუნის ძუს, რას გააგონებდი. ცისიამ ყოველ ჯერზე ხელი ამიკრა და არცერთი მისი ციკლის პერიოდში არ შევხვედრილვართ, მე კი ხანდახან მახსენდებოდა ჩემი დაკარგული სიყვარულის ამბავი, სიყვარულის, რომელთან ერთად ჩემს ოთახში წითლად ვრწყავდით იატაკს და ხელოვნების ნიმუშადაც კი ვაქციეთ მენსტრუაცია. ეს მაშინ, როცა სიყვარულით ვიწვოდი, როცა მის სიტყვას, მის ღიმილს, მასთან ერთად ოცნებას აზრი ჰქონდა. ახლა კი, ახლა ამ ვაკელ ცისიასთან, 20-იოდე წლის უაზრო, უმომავლო გოგოსთან მქონდა საქმე დაჭერილი, გოგოსთან, რომელსაც საკუთარი უბნელების – ნინიას, მაკას, ლიკუნას და პლიუს ლუკას და გუგას ისტორიები ეკერა პირზე, და მათ სულელურ ღადაობებზე ეცინებოდა. მე კი მათთან საერთო არაფერი არ მქონდა.

კარგად მახსოვს თებერვალი სრულდებოდა და მახარა ცისიამ, რომ ის კვირა იწყებოდა, ამიტომ აღარ უნდა მიმეწერა, მე კი გავბედე და მეორე დღეს მოვიკითხე. ვცდილობდი ადამიანური ურთიერთობის სახე მაინც ჰქონოდა ჩემი და ცისიას შეხვედრებს, მაგრამ პასუხად საშინლად დეპრესიული ზარი გაისმა, რამაც ცოტა შემაშინა კიდეც.

– იცი, როგორ მტკივაააა? იცი, როგორ მომდის სისხლიიი? შენ კიდე ბარებში ხეტიალი გინდა, ხელის გადახვევა და სეირნობა? მე ცუდად ვარ, შენ კიდე აქ გართობაზე მებოდიალები. არა, აშკარად ციკლი ჰქონდა, ტელეფონი გავუთიშე და პირველად, რა თქმა უნდა, ყოფილი გოგოები გამახსენდა, ნუთუ ისინიც ასეთი სიგიჟით ხვდებოდნენ ამ პროცესს? ამ ფიქრებში ვარ, რომ მოულოდნელად ჩემს ფეისბუქში ცისიას მესიჯი ამოხტა, ლინკი იყო, „ინებე და წაიკითხე, მომავალ კვირამდე“. ძალიან დაღლილი ვიყავი, მაგრამ ლინკი მაინც გავხსენი და წაკითხვა ვცადე. რომელიღაც სამედიცინო ინტერნეტ საიტზე დეტალურად იყო ახსნილი მენსტრუაციის მნიშვნელობა, განახლების აუცილებლობა, მისი გართულებები, ქალებში სტატისტიკური მონაცემები და ა.შ. ისე კარგად იყო დაწერილი, რომ ჩამითრია, ლამაზი სიტყვებით იყო აღწერილი სისხლის ბუშტუკების პატარა საყვარელი მოქმედებანი. რამდენი რამე არ მცოდნია, ასე მაგალითად, „მენ“ ლათინური სიტყვა იყო და მთვარეს ნიშნავდა, ხოლო „სტრუაციო“ დენას, მთვარის 28-დღიან ცვალებადობას დაუკავშირეს ქალის სისხლის ცვლა. გავარკვიე, რომ ქალის სასქესო ორგანოს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ტვინს მიუძღოდა, ის აწვდიდა მნიშვნელოვან იმპულსებს  სისხლის ბურთულაკებს, რომლებიც შემდეგ იქ, ქვემოთ ახდენდნენ გადატრიალებებს, ტვინი ამზადებდა ორგანიზმს ჩასახვისა და განაყოფიერებისთვისაც. დავწექი და ისევ ამ უშველებელ სტატიას ვკითხულობდი, არადა მეორე დღეს დამღლელი სამსახური მელოდა. კითხვაში ჩამეძინა.

ლიტერატურას საერთოდ უყვარს ორაკულისებრი თარიღები. მეც ამას ვაბრალებ, რომ ეს ყველაფერი გაზაფხულის  პირველ კვირას დაიწყო და მეც იმ მესიჯიდან შეიძლება დავიწყო ათვლა, როცა ჩემს ტვინში სიახლის ყინული დაიძრა. მეორე დღეს სამსახურში თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, შეუძლოდ, თითქოს გულყრაც მქონდა, კუჭის თავიც უმიზეზოდ გაღიზიანებულიყო, სამუშაო მბეზრდებოდა და მბეზრდებოდა. შინ ისევ ათი საათისთვის დავბრუნდი. ჩემი მოხუცი დედა და მამა ჩხუბობდნენ, მათი ჩხუბის დანახვამ გამახარა, ისინი არ ეპუებოდნენ ერთმანეთს, ორივე თავისას იცავდა და თან ერთმანეთს უზიარებდნენ, მართალია უხეშად, მაგრამ მაინც. მე კი ცისიასთვის პრეტენზიების წაყენება კი არა, მის გაბრაზებაზეც ნული რეაქცია მქონდა. კარგა ხანი იყო, რაც ასე გამოუთქმელად ვცხოვრობდი, კონფორმისტიც აღარ მეთქმოდა, უფრო რობოტების წინარემორბედი ვიყავი. დაწოლისას მაღვიძარა რომ უნდა დამეყენებინა, ხელი ინტერნეტის ბრაუზერზე დამეჭირა და ისევ ის სტატია გაიხსნა, ცისიას გამოგზავნილი, წინა დღით რომ ამაფარა სახეზე. მახსოვს კითხვა განვაგრძე და ბოლომდე ჩავედი, ვაანალიზებდი ქალთა ამ ფენომენს. სუნი, სითხე უკვე კარგად ვიცოდი, ისე ჰქონდა აღწერილი ავტორს. დაძინებისას არაფერზე არ ვფიქრობდი, არაფერი არ მინდოდა, არაფერს არ ველოდი, ამიტომ დავიძინე და ისევ გავიღვიძე, და რაც მომდევნო დღეს მოხდა ამას უკვე ვეღარ წარმოვიდგენდი.

დილით ავდექით მე და მამა, დედასთან წუხანდელ ჩხუბზე ბუზღუნებდა, მე მეღიმებოდა და არაფერს ვეუბნებოდი. ჩავსხედით მანქანაში და სამსახურთან დავტოვე, მე კი ისევ იქ, ისევ მეხუთე სართულზე ავედი და ოთახში კომპიუტერთან დავჯექი. ამ ორი წლის განმავლობაში კომპიუტერთან ამდენხნიანი ჯდომის შედეგად მეორე „მე“ შევქმენი, რომელსაც მუდამ ვესაუბრებოდი, ჩვენ ერთად ვოცნებობდით და განვიხილავდით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, საოფისე ინტრიგებს, ხანდახან ცისიას და სხვა გოგოების ტანებს და ა.შ. მე და „მე“ ვისხედით ამ დილით და კი არ ვსაუბრობდით, ერთმანეთს ვუბღვერდით, ეს პირველად მოხდა, თავს ვერ ველაპარაკებოდი, იმ გამოძახილ „მეს“ ვერ ვეთამაშებოდი და ვერც წარმოსახვით ცხოვრებას ვაწყობდით, რომელიც სადღაც კი ხდებოდა, მაგრამ ჩემს სხეულში არა. დაძაბულობა ისევ გაგრძელდა, ჯერ იყო და უძილობას დავაბრალე, მერე კი ცუდ კვებას, რომ გულყრა დამემართა და ტუალეტში გავვარდი. ჩემმა თანამშრომლებმა ამ დილაადრიან დერეფანში რომ დამინახეს, თავიანთი ოთახებიდან გაკვირვებით გამომხედეს, მე კი ტუალეტისკენ მივრბოდი. ორი თითი ჩავიყავი და ამოვიღე და ამოვიღე კუჭის წვენი და სითხე. რატომღაც გულზე არ მომეშვა, მუცლის ტკივილი კი გამიძლიერდა. უნიტაზზე ჩამოვჯექი, ცოტა სული რომ მომეთქვა. მუცელში მტკივნეული, ჭვალის მსგავსი დარტყმები არ წყდებოდა. იქნებ გავცივდი? იქნებ გაზები მაქვს-თქო? უნიტაზზე უნდა დავჯდე და რას ვხედავ, ჩემს თეთრ ტრუსიკზე სისხლის ლაქებია. თვალები დავაჭყიტე, გული ისე გადამიქანდა, ლამის იქვე დავეცი, თუმცა ნელა დავეშვი უნიტაზზე და კუჭში გასვლა ვცადე. ჩემი ტკივილები გრძელდებოდა, კუჭში კი არ გავედი, სისხლად დავიღვარე. ასეთი რამ ცხოვრებაში არ მომსვლია, ასეთი რამ არც არავისგან გამიგონია, ერთი ტუალეტის ქაღალდის რულონი სულ დავცალე, რომ რამენაირად სისხლი შემეჩერებინა. გამოვედი და სარკეში ჩავიხედე, ლამაზი ვიყავი, ძალიან სიმპათიური, დაკვირვებული ვიყავი, ყოველი გაოფლვისა და დაცლის შემდეგ ისე ვლამაზდებოდი, როგორც ჟურნალის გარეკანზე დაკუნთული დაზეთილი ბიჭები. სარკეში საკუთარი თავის დანახვამ გამახალისა, ისევ მე ვიყავი და ისევ ცოცხალი ვიყავი, მაგრამ პრობლემა, რომელიც წამოიჭრა, უთუოდ სერიოზული იყო და ექიმთან აუცილებლად უნდა წავსულიყავი.

ოთახში დაბრუნებისთანავე ჩემს სადაზღვევოში დავრეკე და მეორე დღით ექიმთან ჩავეწერე, მისგან თანხმობის დასტური რომ მივიღე, ჩემს უფროსს ეს თანხმობის შეტყობინება გადავუგზავნე და მთავარი საზრუნავი მოვიშორე, რომ მეორე დღით სამსახურის გაცდენაზე არ დამერხეოდა, ჩემი საქმეები გადანაწილდებოდა და მე არ მომიწევდა გაორმაგებული მუშაობა მომდევნო დღეებში. სამაგიეროდ თანამშრომლების არაერთგვაროვანი რეაქციები შემეფეთა სადილობისას, ყველას ეგონა, რაღაც მოვიმიზეზე და ყველა საეჭვოდ მიყურებდა, აბა რა აწუხებს ეხლა ამას? წავა ხვალ და დატკბება კუს ტბის ხედებით თავის ვაკელ ნაშასთან ერთად, მომესმა ჭორაობაც, მე კი რიგში ვიდექი და ვფიქრობდი, დახლიდან რა უნდა ამეღო ისეთი, რომ ცოტა კუჭი დამშვიდებულიყო. გამყიდველმა შემომღიმა და რას ინებებთო მკითხა, მე ცოტა მისკენ გადავიხარე და სხვებს რომ არ გაეგოთ ვუთხარი, კუჭი მტკივა და რამე ისეთი მომეცით, რომ არ გააღიზიანოს-თქო. გოგონა უკან გახტა და ხელები გაშალა. – ბატონო, აქ ყველაფერი კუჭის გამაღიზიანებელია. პირი დავაღე, ჩემს უკან რიგში მდგომები მელოდებოდნენ, – კი, მაგრამ მოხარშული კარტოფილი არ გაქვთ? – კი, ოღონდ პილპილი აყრია, – ჯანდაბა, წიწიბურა? –წიწიბურა ტყემალშია? მოგართვათ? ჩემი მოთმინების ფიალა ივსებოდა, მეც თვალები დავხუჭე, არაფერი არ უნდა გამომეხატა, ჩემი გაბრაზება სადღაც უნდა წასულიყო, სადღაც გულში, მერე კუჭში (მართლაც იქ წავიდა), მე გავუღიმე გამყიდველს – მაშინ ტრადიციულად, შემწვარი ქათამი მინდა-თქო ბულგარული წიწაკით.

სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, რომ გემრიელად გეახელით, კუჭი ხმებს არ გამოსცემდა და არც გულძმარვა დამმართნია, ერთი ეს იყო რომ წელთან, თირკმელებს ოდნავ ქვევით, დუნდულებთან, დამივლიდა ხოლმე გამჭოლი ყრუ ტკივილი.

დღე გავიდა და შინ რომ მივედი, დედა და მამა სერიალს უყურებდნენ. სახლში მისვლისთანავე დავწექი და მშობლებს ვუთხარი, რომ ხვალ ექიმთან ვიყავი დაბარებული 2 საათზე, ამიტომაც მამას მე ვერ წავიყვანდი სამსახურში, მას შეეძლო ჩემი მანქანა წაეყვანა, მე კი ფეხით წავიდოდი კლინიკაში. ღამე გული უცნაურად მიფრიალებდა, მახსენდებოდა დილის ფატალური შემთხვევა ტუალეტში და შიშით დამეძინა. რისი ნიშანი უნდა ყოფილიყო? სიმსივნის? რაიმე ბაქტერიის? თუ კიდევ უფრო საშიში ნაწლავების გადახლართვის.

შუაღამისას უცნაურმა სიზმარმა გამომაღვიძა. სიზმარში ვითომ ჩემი მანქანით მივდიოდი, აქა-იქ შუქები ენთო, ტროტუარზე კი შიშველი გოგოები დადიოდნენ. არა, ეს არ იყო ტანების ნარნარი, ეროტიული ან პორნო ილუზიები, ეს იყო ქალების სხეულების საეჭვო გამოფენა. სიზმარში მქონდა შეგრძნება, რომ ისინი თავის საჩვენებლად სპეციალურად ჩემთვის გამოსულიყვნენ, მე კი მანქანით ნელა მივდიოდი, რომ ამ დროს მანქანა 180 გრადუსით ამოტრიალდა და მე თავით ხევში გადავეშვი. გამომეღვიძა, ხელები ყვერებთან მქონდა წაღებული და მექავებოდა, უფრო სწორად კი, სათესლე მილს ვიქავებდი, თან მსიამოვნებდა რომ ვეთამაშებოდი და ასე ნელ-ნელა ჩამეძინა.

მეორე დღეს ექიმს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ოფისში დილით მომხდარი ის შემთხვევა კარგად გავიხსენე. ექიმი შეწუხებული სახით მიყურებდა და უჟმურად გამომკითხა, ვსვამდი თუ არა, რამდენად ხშირად, ადრე მქონია თუ არა ამგვარი პათოლოგიური გამოვლინება, და ბოლოს რაიმე ნარკოტიკულ საშუალებას ხომ არ მოვიხმარდი. ყველაფერზე უარი რომ მიიღო, საეჭვოდ შემომხედა, მერე კი დაასკვნა, გამოკვლევები უნდა ჩავიტაროთო. ჩემი განავლის და შარდის ნიმუშები დაიტოვეს, მუცელზე კი ექოსკოპია გადამიღეს. პასუხები მომდევნო დღეს იქნებოდა, რა უნდა მეკეთებინა დარჩენილი დღე, ასეთი დღე რამდენი ხანია აღარ მქონია, 5-6 თვის წინ მქონდა, როცა ერთი კვირით შვებულება ავიღე და ჩემს საყვარელ თბილისს ვუვლიდი. სულ ფეხით მოვიარე ყველა ქუჩა, თავი ოცდამეერთე საუკუნის გრიშაშვილი მეგონა, მაშინ იდეაც მომივიდა, თანამედროვე თბილისისთვის დამახასიათებელი ნივთები და საოჯახო ატრიბუტები მეც შემეგროვებინა. ახლა კი ქუჩაში ხეტიალის თავი არ მქონდა, მაგრამ არც სახლში მინდოდა მისვლა, ჩემს მოხუც დედას ალბათ მოსწავლეები ეყოლებოდა კულინარიაში. არ მინდოდა მათი შეწუხება, თანამშრომლები ოფისში იყვნენ, ცისიასთვის ხომ არ დამერეკა და შევხვედროდი? არა, დამეზარა, რომ წარმოვიდგინე მისი ტვინისწამღები პასუხი, იმ წამსვე დავიჭყანე და გადავიფიქრე. საბოლოოდ ერთი კაფის მეორე სართულზე აღმოვჩნდი. ყავას ვწრუპავდი და იქიდან შევცქეროდი ქუჩაში მოსიარულე ხალხს, რა შეცვლილიყო ამ ქალაქში ჩემი ბავშვობის მერე, როგორ შეცვლილიყო ხალხი, ქუჩები, ფასადები. თვალი ისევ მეპარებოდა მაგარი ნაშებისკენ, რომლებიც ნელ-ნელა იხდიდნენ ზამთრის ტანსაცმელს და გაზაფხულურად, ცოტა თხლად ჩაცმისკენ მიუწევდათ გული. კაცები მარტოხელა ძაღლებივით მიიღრინებოდნენ, ნაცნობებს საერთოდ ვეღარ ვხედავდი –  გაოცებული ვიყავი – არც სკოლის მეგობრები, არც კლასელები, არც უნივერსიტეტელები და ჩემი თანაკურსელები. ყველა სადღაც წასულიყო, ყველა ის ჩიტების გუნდი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც ერთხელ ჩნდებიან, ერთ სეზონზე ხედავ მათ, გიხარია, და მერე ქრებიან სამუდამოდ. ყველა უცხოეთში წავიდა, ყველა დაიკარგა, ამიტომ ჩემს თბილისში ნაცნობი ისევ ჩემი მშობლების თაობის ხალხი უფრო იყო, ვიდრე ჩემი თაობა; ან კიდევ ცისიას სანაცნობო წრე, რომელიც, იცოცხლე, საკმაოდ დიდი იყო – ვაკის მეხუთე კვარტლიდან დაწყებული და მეშვიდეთი დამთავრებული. ახლა ვაკე კვარტლებადაა დაყოფილი, მე კი ძველებურად, ჭავჭავაძის, ყიფშიძის და აბაშიძის ქუჩებით მოვიხსენიებ, როგორც მაშინ, ჩემი სტუდენტობისას. ცისიას სამეგობრო და სანაცნობო წრე ძალიან ჭრელია, თითქმის სულ გართობაზე ორიენტირებული, ეს ბავშვები მდიდარი მშობლების შვილები არიან და გარდა ამისა, სახელმწიფომ სპეციალური შეღავათები გამოსცა ვაკელი ბავშვებისთვის, როგორც გადაშენების პირას მყოფი ბავშვებისთვის, ამიტომ ცისიაც და მისი მეგობრებიც ოფიციალურად იღებენ ხელფასს არაფრისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ იყვნენ.

დღე თვალსა და ხელს შუა გამეპარა. ყავას ყავა მოჰყვა და ბოლოს წვენი. ამასობაში კი უკვე მოსაღამოვებულიყო. ფეხით წავედი სახლში. პეკინზე მივსეირნობდი და ჩემი ბავშვობა ისეთი სიჯიუტით მაწვებოდა და ისეთი საოცარი ღრმა შეგრძნებით მომტიროდა, ვნატრობდი, ისევ ის პატარა ბიჭი ვყოფილიყავი, ჰოლანდიის ნაკრებს რომ გულშემატკივრობდა, პატრიკ კლუივერტის პლაკატებს რომ აკრავდა მზიან ლოჯში და საფეხბურთო მატჩებს რომ უთევდა ღამეებს. წლების წინათ ის ბიჭი მეძახდა, ის თითქოს არსად წასულიყო, აქ, ჩემს მოგონებაში, ჩემს ტვინში დაეკავებინა საპატიო ადგილი.

სეირნობამ და ამდენმა ფიქრმა თავისი ქნა – უშფოთველად მეძინა, აღარც ოფისი მახსოვდა და აღარც  ექიმთან ვიზიტი. დილით მამაჩემმა წამომაგდო ჯაჯღანით, რამდენი ხანი უნდა გეძინოს, ადექი, წასვლის დროაო. თვალები გავახილე და რეალობა დამეცა თავში. წამოვხტი, გავემზადე, საჭესთან დავჯექი, გვერდით მამა დაჯდა და ამ დროს მუცელში ისევ ტკივილი ვიგრძენი. ოჰ, შენი, ოღონდ ეს არა, გავიფიქრე. ოფისში დაზაფრული სახით შევედი, შიში მიტევდა, ანალიზების პასუხები მაგიდაზე დამხვდა. ასეთი მოლაპარაკება იყო სადაზღვევოსა და კომპანიას შორის, ანალიზები ოფისში უნდა გაგზავნილიყო, რომ პაციენტი არ მოცდენილიყო სამსახურს. გავხსენი ფურცლები და ექიმი ისევ კლინიკაში მიბარებდა, ანალიზების პასუხი არ მოწონებია და მე უკვე დათხოვილი ვიყავი ოფისიდან, ეს თან მიხაროდა და თან მაკვირვებდა, ასეთი რა უნდა ყოფილიყო.

ექიმმა უკვე ღიმილით მიმიღო, მომახსენა, რომ ყველა ანალიზის პასუხი ნორმალური იყო და არაფერი სანერვიულო არ ჩანდა, მაგრამ მეტად დააფიქრა ჩემმა მონაყოლმა და საკითხების დასაზუსტებლად კიდევ მკითხა, ხომ არ მაწუხებდა მუცელი, ან კიდევ ხომ არ შემიმჩნევია იგივე სიმპტომები. შემდეგ ქაღალდზე დაწერა ტექსტი და გადმომცა, თან გამიღიმა – თავის დაზღვევის მიზნით ამ ექიმთანაც მიდიო. ქაღალდი ავიღე. ზედ ეწერა ინიციალები. გაბრიელ კ. პეკინის N5. რომ შევხედე, დაამატა, ცნობილი ძველი ქირურგის ი.კ.-ს შვილია, დამიჯერეთ, სჯობს მასთანაც გადავამოწმოთო.

პირდაპირ პეკინის ქუჩისკენ გავემართე, კლინიკაში რომ შევედი და ექიმის ბარათი გადავეცი მიმღებში, იმ ოთახისკენ მიმითითეს, რომელზეც წაეწერათ – „ჰორმონოლოგიის განყოფილება, ექიმი გაბრიელ კ.“.

გაბრიელი ოთახში დამიხვდა. რიჟა, სანდომიანი სახის მქონე, გაპარსული და პოზიტიური კაცი იყო. მოვახსენე ამბები. სანამ ვყვებოდი, არცერთი წამით არ მოშორებია სახიდან ღიმილი. ბოლოს კი პირდაპირ მომახალა: – დიახ, შესაძლოა, ჰორმონალური დარღვევა გაქვთ. – (პირი დავაღე!) ვერაფერი ვთქვი გაბრიელმა თავისი გააგრძელა: – მე ახლა გაგსინჯავთ და ყველაფერს გავარკვევთო. ყველაფერი გამახდევინა, დედიშობილა ვიდექი ამ კაცის წინაშე და საკმაოდ მრცხვენოდა, ხელებიც კი ავიფარე ჩემს უფოზე. ის კი სულ თავისუფლად, ვითომც არაფერი ყოფილიყოს, მიმოდიოდა. სულ გაშიშვლება რა საჭირო იყო, ვერ ვხვდებოდი. მუცელი შებერილი გაქვთო, ეს უკვე ერთი ნიშანიაო. მუცლის შებერვა სიცივეს და ბევრ ჭამასაც შეეძლო, მე კი არც მციოდა და არც ნაჭამი ვიყავი, მაგრამ ის რას გულისხმობდა? გაბრიელი ჩემს ყვერებთან დაიხარა, ხელი უფოზე მქონდა აფარებული, ყვერებს თითი გააყოლა და ანუსის ხვრელამდე მივიდა, ჩემს სათესლე მილს ამოწმებდა, ერთ ადგილას გაჩერდა და თითქოს ხორცმეტი მოზომა. შემდეგ კი თავადაც შეშინებული, უკან გახტა, უკვე ყვიროდა – დიახ, თქვენ, ჰორმონების აშკარა დარღვევა გაქვთ, საჭიროა სრული გამოკვლევა და ამაში თქვენ უნდა დამეხმაროთ. უკვე მაციებდა, დედიშობილა ვიდექი და ეს კაცი მაყრიდა და მაყრიდა თავზე სიტყვებს, არ ჩერდებოდა. რას ნიშნავდა მისი სიტყვები? მე ყურით მივყვებოდი, მაგრამ გონებით უკვე ვეღარ, ის კი ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა:

–   თქვენ ჰორმონალური დარღვევა გაქვთ, სხეული რატომღაც ტრანსფორმაციას განიცდის, ეს თანამედროვე სამყაროს ახალი სენია, თქვენს სასქესო ორგანოსთან უკვე იკვეთება კლიტორი, შებერილი მუცელი და ბოქვენთან ახლადგაცვენილი თმა ამის დასტურია და ის პირველი სისხლდენა, რომელიც დაგემართათ, აუცილებლად გაგრძელდება. თქვენ შესაძლოა ჰეტეროსექსუალიდან ჰერმაფროდიტად გადაიქცეთ, ეს არ ნიშნავს რომ თქვენ მამაკაცობას კარგავთ ან აღარ აგიდგებათ, არა, თქვენ ქალები ისევ სიამოვნებას მოგანიჭებთ, მაგრამ სხეულში ქალის ჰორმონებმა გადაწონეს ბალანსი და ეს დისბალანსი შესაძლოა მკვეთრად ჩამოყალიბებული ქალის სასქესო ორგანოს ჩამოყალიბების წინაპირობაც გახდეს. მუტაცია გარდაუვალია, თუ არაფერი ვიღონეთ. მე ისევ შიშველი ვიდექი. მიხვდა, რომ უკვე ვკანკალებდი, გაჩერდა, ტანსაცმელს დაწვდა და ჩაიცვითო, მითხრა. მე უცბად ამოვიცვი და როცა პირისპირ მაგიდასთან დავსხედით, უკვე აზრზე ვიყავი, შემეძლო კითხვები დამესვა.

–   კი მაგრამ რატომ? როგორ? უსუსური ადამიანივით, ჩამომხმარი ჩია კაცივით ვეგდე სკამზე და ძლივს ამოვთქვამდი სიტყვებს.

–   არ ვიცით, ამის ასე უცბად თქმა არ შეგვიძლია. არის უამრავი მიზეზი, პირველ რიგში საკვები, მერე წამლები, პრეპარატები… არ ვიცი თქვენს შემთხვევაში რომელია, ეს უნდა გამოვიკვლიოთ და ამაში თქვენ უნდა დაგვეხმაროთ.

–   საკვები? უკვე ცრემლები მომდიოდა.

–   დიახ, ბოლო დროს მსოფლიოში შეინიშნება ჯანქ ფუდის ტენდენცია, ზედმეტად მამაკაცური ჰორმონებისა და ზედმეტად ქალური ჰორმონების შემცველი საკვები, თუ ერთ-ერთ მათგანს ძალიან ეტანებოდით, შესაძლოა ამას გამოეწვია. სხვა ქვეყნებში კიდევ უფრო იმატა ამ მიზეზით გამოწვეულმა ჰერმაფროდიტულმა ანომალიებმა.

–   კი მაგრამ, წამლებს არ ვიღებ, არც ანტიდეპრესანტებს, მხოლოდ ერთი წლის წინ ვიღებდი.

–   ანტიდეპრესანტები და ტკივილგამაყუჩებლები უამრავი გვერდითი მოვლენის გამომწვევი მიზეზები არიან. რა თქმა უნდა, ესეც უნდა გვითხრათ, ბოლო პერიოდში რა დოზით და რა პერიოდულობით იყენებდით ტკივილგამაყუჩებლებს. ყველას სხეული ერთნაირად ვერ იტანს წამლებს და საჭიროა მათი რეგულირება.

–   არ ვიცი, მე არ მჯერა ამის.

–   ეს დეპრესიული ფონია, რომელიც, რა თქმა უნდა, თან სდევს მუტაციას. ეს ამბავი ახლა თქვენს მამაკაცურ ღირსებაზე იმოქმედებს. შეიძლება თქვენ ჩემი არ დაიჯეროთ და შეგეშინდეთ, აქ საერთოდ აღარ მოხვიდეთ და გაიქცეთ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს გაგრძელდება, თუ ჩემს რჩევებს არ მიჰყვებით. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ერთადერთი ჰორმონალური კვლევის კლინიკა ის არის, სადაც ახლა თქვენ იმყოფებით.

–   კი მაგრამ, როგორ, რატომ მე?

–   აბა რა გითხრათ ბატონო, ბავშვობაში მიდრეკილი ხომ არ ყოფილხართ სტრესებისადმი, დეპრესიებისადმი? ხომ არ ძალადობდა ვინმე თქვენზე?

–   არა, ძალადობით არავის უძალადია, მე უბრალოდ ძალიან მგრძნობიარე ბიჭი ვიყავი, ძალიან ცოცხალი, ხომ მოგეხსენებათ, 90-იანი წლების ინდიგო ბავშვების თაობა, მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, მაგრამ ახლა ძალიან უუნარო, უემოციო და უმოქმედო გავხდი.

–   მესმის, საოფისე ცხოვრება. – გაჩერდა, იფიქრა და გააგრძელა, –  თქვენი სხეულის ტრანსფორმაცია შესაძლოა ფსიქოგენური ხასიათისაც კი იყოს და ფიზიოლოგიურში გადასვლა მხოლოდ სხეულის პასუხია იმაზე, რაც თქვენ თავში ტრიალებს. მითხარით, გიყვარდათ ოდესმე გოგოების სათამაშოები? გყავდათ და? ან გქონიათ მიდრეკილება ქალის პარფიუმერიისადმი?

გავჩერდი და ფიქრი დავიწყე. არა ასეთი რამ არ მახსენდებოდა. დედის სარკეს და მის პომადა-პარფიუმერულ ფუნჯებს მუდამ ამრეზით ჩავუვლიდი ხოლმე, მაგრამ გაბრიელის ბოლო შეკითხვაში რაღაცამ მიმიზიდა, რაღაც ხელჩასაჭიდი იყო. ბუნებრივად ვპასუხობდი.

–   არა, და არ მყოლია, არც დედაჩემის ნივთებს ვეტანებოდი, მაგრამ ფსიქოგენური ხასიათი ჩემი ავადობისა არ არის გამორიცხული. რადგან, რადგან…

–   რადგან, რა, გეთაყვა? თქვით.

–   რადგან ჩემი ტვინის აკვიატებებს უამრავჯერ შევუწუხებივარ. 41- წლიანი ცხოვრების მანძილზე ვგრძნობდი იმას, რომ რაღაც უხილავ, უშინაარსო, უმიზეზო რამეებს ავიკვიატებდი და შემდეგ  ტვინში ეშმაკის ბორბალივით ვატრიალებდი მათ. არ ვიცი ამას რა ჰქვია, მომწამვლელი ტვინი მქონდა, სულ ვცდილობდი არ მეფიქრა, სულ ვცდილობდი გავქცეოდი ამ ფიქრებს, მაგრამ სხეულისთვის არასდროს არაფერი დამიმართია.

–   მესმის, შესაძლოა ეს თქვენი ტვინის მიერ პროვოცირებული აკვიატებაა, ვინაიდან თქვენ მიდრეკილი ხართ ამ აკვიატებებისკენ, და სრულიად მოსალოდნელია, სხეული უბრალოდ პასუხობდეს თქვენი ტვინის ახალ ჟინს. მაშინ გაიხსენეთ, ბოლოს რა ასეთი აკვიატება შეამჩნიეთ საკუთარ თავს?

–   ბოლოს? და აქ ცისია გამახსენდა და მენსტრუაციის დეტალური გაცნობა.

–   აი ახლა უფრო გასაგებია ყველაფერი, თქვენი ტვინი ნამდვილად ეშმაკის ბორბალივით ატრიალებს მიღებულ ინფორმაციას, თქვენდაუნებურად ხდება წაკითხულით და ნაფიქრით ტვინის გაჯერება, ნელ-ნელა. წარმოიდგინეთ, ეშმაკის ბორბლის ერთ-ერთ კუპეში დაჯექით და ნელი სვლით ერთსა და იმავე გზას გადიხართ, ხან სულ ყველაფერს გადმოჰყურებთ და შიშით კანკალებთ, არ გადმოვვარდეო, ხანაც  ქვევით დაეშვებით და კი არ ჩადიხართ, უბრალოდ ემზადებით მორიგი ადრენალინის მისაღებად. საჭიროა ჩამოხვიდეთ ამ ატრაქციონიდან, თორემ სხეულში ქალური ჰორმონები ამოქმედდებიან. თავი ფანტასტიკური ჟანრის ფილმში მეგონა, სადაც სამედიცინო და ტექნიკური მიღწევების მსხვერპლი რომელიღაც მამამთავრის წინაშე წარდგება, მაგრამ რა ფილმი, რის ფილმი, ნამდვილად მე ვიყავი, პეკინის ნომერ 5-ში ვიჯექი კაბინეტში, ექიმ გაბრიელ კ.-ს წინ…

–   დიახ, დიახ. წარმოვთქვი ორჯერ, უკვე გაოცებაც აღარ ერქვა ჩემს მდგომარეობას და მივიწყებული რამ წამოვიწყე, ამდენი ხნის უნახავი, ამდენი ხნის განუცდელი. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა, ეს ამხელა კაცი ავტირდი და გაბრიელის ფეხებთან დავეცი, ბავშვივით ვლუღლუღებდი და დახმარებას ვთხოვდი თეთრებში გამოწყობილ გაბრიელს კ.-ს, რომელიც უკვე მიქაელ-გაბრიელივით მეჩვენებოდა. ღმერთის გამოგზავნილი ექიმი იყო, რომელიც მიშველიდა და ფიზიკურ ყოფას, ეშმაკურ ავადურ ტვინს განმიკურნავდა.

–   გთხოვთ, დამეხმარეთ, გთხოვთ, ეს წარმოუდგენელია, ჩემს ლამაზ და წმინდა სხეულს ეს დამართნოდა, ეს ნამდვილად ჩემი გონების ბრალია, ნამდვილად ჩემი აკვიატებებისგან მოდის, მე ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვით, გადავიხდი რამდენსაც გინდათ, გევედრებით, დაგიჯერებთ, ოღონდ განმკურნეთ ამ ტრანსფორმაციისგან, ოღონდ დამიცავით, ძალიან მეშინია, ექიმო. გაბრიელი კი სავარძელში იჯდა და მხარზე ხელებს მისვამდა, კეთილი სახით დამცქეროდა და მამშვიდებდა.

–   დამშვიდდით, თანამედროვე მეცნიერება შეძლებს თქვენს დახმარებას, მაგრამ შემდეგ თქვენ ის უნდა იპოვოთ, რაც ასეთ მდგომარეობამდე აღარ მიგიყვანთ. არის უამრავი წამალი, მამაკაცურ ჰორმონებს ამოვწევთ, სხეულის კორექციას ადვილად მოვახერხებთ, დამშვიდდით, ფსიქოლოგიურ კონსულტანციებსაც გაივლით და ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გენდომებათ. მთავარია, რომ ეს თქვენი ტვინის აკვიატებები შეაჩეროთ, თუ თქვენ ამას ვერ შეძლებთ, ძალიან მტკივნეულ შოკურ მეთოდს მივმართავთ და მაინც შევაჩერებთ მუტაციას. გულში ვემადლიერებოდი, რომ ასეთი ყოვლისშემძლი იყო, აჯობებდა კი ის ჩემს ტვინს და ჩემს აკვიატებებს?

მიქაელ-გაბრიელის კაბინეტიდან რომ გამოვედი, დერეფანში ჩემი უფროსი შევნიშნე – ბატონი პუპუნა. აქ რა უნდა? ისიც გაბრიელ კ.-სთან იყო ჩაწერილი და მიმღებში გოგონას ღიმილით ესაუბრებოდა, გავიგონე ფრაზა – „ახალ ცხოვრებას დავიწყებ, გაბრიელის წყალობით“. კედელ-კედელ ჩავუარე, ისე, რომ ვერ დამინახა. მერე მოვტრიალდი და დავინახე, ჰორმონოლოგიის კაბინეტში შედიოდა. თვალში მისი დიდი ტრაკი რომ მომხვდა, გამახსენდა, როგორ ღადაობდნენ ჩემი თანამშრომლები ბატონი პუპუნას უეცრად გასიებულ ტრაკზე და თითქოს ყველაფერს მივხვდი.

კლინიკიდან რომ გამოვედი, ჩემი თავის არ მჯეროდა. საკუთარი სხეული ტრანსფორმაციას აპირებდა და მე ჰეტეროსექსუალიდან ტრანსსექსუალად უნდა გადავქცეულიყავი? შორეულ აზიაში, ტაილანდსა და მალაიზიაში მომრავლებული ორსქესა ადამიანებივით მეც არეული ცხოვრება მელოდა? თანამედროვე გულივერის მოგზაურობა უნდა დაწყებულიყო? ხელი მკერდზეც დავიდე, ჰორმონების შეუქცევადი მატება მკერდის გაზრდასაც გამოიწვევდა და სულ დავიზმენდი, სულ დავკომპლექსდი და შეშლილივით გავრბოდი. ქუჩაში მოსიარულეებს გაშმაგებით ვაკვირდებოდი, მინდოდა გამეგო, ვინ მიიქცევდა ჩემს ყურადღებას. მადლობა ღმერთს, ისევ ნაშებისკენ გამირბოდა თვალი, ისევ მათ მშვენიერ ტრაკებსა და გადმოყრილ ძუძუებს შევცქეროდი, თან გაზაფხულის სურნელოვანი დღე იდგა. სამსახურს თავი უნდა დავანებო, სამსახურს თავს ვანებებ, ხმამაღლა ვამბობდი. ქუჩაში გამვლელები გაკვირვებული მიყურებდნენ, გიჟი ვეგონე. hey, peopleeeee, tell meeee am I going insaaaaaneee, გულში მოულოდნელად ბლექ საბატის სიმღერა ამოტივტივდა, ძია ოზი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში მოტკეცილი შარვლითა და ჩახატული თვალებით ეკითხება ხალხს, ხალხო, მითხარით, ვიშლები? ვგიჟდები? რა მემართება? თელ მი, ემ აი გოოოოოუუუუიიინგგგ ინსეეენ…

მთელი ცხოვრება ტრანზაქციის პერიოდში ვიყავი. მთელი ჩემი თაობა, ჩემი სამეგობროები, ჩემი თანატოლები, მუდამ გარდამავალ პერიოდს გავდიოდით. ბაღში დავდიოდით და ომი იყო, საქართველო დამოუკიდებელი ხდებოდა; სკოლაში იყო და ჩვენზე გამოცადეს პირველი ახალი სახელმძღვანელოები; უნივერსიტეტში იყო და ჩვენზე გამოცადეს ახალი სასწავლო სისტემა. არ გვქონდა ერთი ჯგუფი, დაქსაქსული ვესწრებოდით ლექციებს, ყველაფერმა ჩემზე გადაიარა. ევროპაში სანამ შევიდოდით, პოსტსაბჭოთა მდგომარეობიდან დამოუკიდებლობამდე და დამოუკიდებლობიდან ევროპამდე ჩვენ გადავდიოდით სისხლით და ომებით. ისევე როგორც მთელი ჩემი თაობა, მეც ჩემი სხეულით და გონებით ვიცვლიდი წლიდან წლამდე და გამოვცდიდი ხან გენმოდიფიცირებულ ქარხნულ პურს, ხან სიგუას ნამცხვარს, ხან ჭყონიას ორმაგ ჩიზბურგერს. მე განვიცდიდი ამ სიახლეებს და მე განვიცდიდი ამ ცვლილებას. ნუთუ ვერა და ვერ დასრულდა ჩემი ტრანზაქცია? მართლა საცდელი ვირთხები ვიყავით მთელი მსოფლიოსთვის, მართლა საცდელი ნიმუშები მედიცინისთვის, ტექნიკისთვის. ვნატრობდი შიშები გამქრობოდა, არ შევგუებოდი ამ ყველაფერს, თვალები დამეხუჭა, გავმქრალიყავი და  ამ დროს ულამაზესმა გოგომ ჩამიარა, კარგად ჩახატული თვალებით, დაბერილი ტუჩებით, შეკრული ძუძუებით. თვალი გავაყოლე, აი ეს კი ზეციდან მოსულ სასწაულს ჰგავდა. კაცი ვიყავი და მართლა ასევე შესაძლებელი იყო, რომ ქალიც ვყოფილიყავი? როგორი იქნებოდა ქალად ყოფნა? ისევ ადამიანი ვიქნებოდი ორივე სქესით? ანუ სრულყოფილი ადამიანი ვიქნებოდი? ღმერთი ჩემში გააერთიანებდა ადამსა და ევას? ნუთუ ადამის 41-წლიანმა ცხოვრებამ ვერ იპოვა თავისი სულის მეგობარი და ახლა ის გონებასა და სხეულს ხელოვნურად საკუთარ თავზე უნდა გამოება. იმაზეც კი დავფიქრდი, რას მიზამდნენ ქვეყანაში ასე გაძლიერებული და გააქტიურებული საზოგადოებრივი ფემინისტური ჯგუფები. ჯვარს გამაკრავდნენ? მგონი, გამიგებდნენ, ჩემთვის ეს ხომ მტკივნეული პროცესი იყო. როგორ არ უნდა მეთქვა უარი ქალად გადაკეთებაზე, ნუთუ ისინი დათანხმდებოდნენ საკუთარი სქესის მოულოდნელ ცვლილებას? აქ საქმე სქესის ცვლილებას ეხებოდა და არა რომელიმე გენდერის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას.

ეს იყო ის სიახლე, რომელიც ჩემმა ტვინმა აიკვიატა და ახლა რამენაირად, თუნდაც ხელოვნური შოკით უნდა მეცადა, რომ დამევიწყებინა. მორიგი რამე უნდა მეპოვა, რასაც ავიკვიატებდი; ისეთი რამ, რაც ფიზიკურად მაინც არ გადამაშენებდა, სანამ რობოტით არ ჩამანაცვლებდნენ ჩემს სამსახურში. სიყვარული კი იქნებოდა ყველაფრის მკურნალი, მაგრამ ტვინს სიყვარულზე გაფიქრებისას უკვე ალერგიული დეგრადაცია და დადებილება ეწყებოდა. სიყვარული მახსოვდა მკვდარი და გაწბილებული, გაქცეული, ბაბუაწვერას წვრილი, ფაქიზი ჯოხებივით, წასული შორს, სადღაც.

ვინ გავრიო ამ ჩემს გაუგონარ და მიუწვდომელ ამბავში… ისევ ცისიას დავურეკე, მინდოდა მეთქვა რომ შევხვედროდით, ვინმესთვის მინდოდა გამეზიარებინა ჩემი პრობლემები. სხვათა შორის, ისიც გამიკვირდა, რომ ცისიასთვის ვაპირებდი ამის გაზიარებას. ამ ვაკელ კრეტინობას როგორ უნდა გაეგო, ან როგორ უნდა მეთქვა, ან რა უნდა მეთქვა? სიყვარულის ჩანაცვლება ვერ იქნებოდა, მაგრამ იქნებ როგორც მეგობარს, ისე დავლაპარაკებოდი? მოკლედ, მე ჩემსას ვცდილობდი, თითქოს ის 90-იანების ინდიგო ბავშვი დაბრუნებულიყო, მგრძნობიარე და ცოცხალი. აიღო თუ არა ყურმილი ცისიამ, გაისმა წუწუნი:

–   უკეთ ვარ, მაგრამ იცი როგორ მტკიოდა? გესმის ჩემი?

–   კი, კი, მესმის, ცისია, ახლა ყველაზე კარგად მესმის შენი, ახლა ყველაზე კარგად მესმის შენი, – გაოგნებული ვეუბნებოდი ცისიას ტელეფონში…

© არილი

Facebook Comments Box