მაქს ფრიში – აფთიაქარ ისიდორის ამბავი

max frishi

„აფთიაქარ ისიდორის ამბავი“ ნაწყვეტია მაქს ფრიშის რომანიდან „შტილერი“, რომელსაც 2017 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცემს. წიგნი სამ დამოუკიდებელ მოთხრობას შეიცავს, რომელთა საშუალებითაც რომანის ძირითადი მთხრობელი და მთავარი გმირი ცდილობს პარაბოლურად ახსნას საკუთარი ცხოვრების ისტორია, რომლის გადმოცემაც სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება, რადგან სუბიექტური რეალობა მნიშვნელოვნადაა აცდენილი იმ წარმოდგენებს, რომელიც მისი ცხოვრების შესახებ ჩამოუყალიბდა მის გარემოცვას.

მაქს ფრიშმა, რომელიც ქართველი მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი რომანებით „ჰომო ფაბერი“ და „ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, მსოფლიო აღიარება სწორედ 1954 წელს გამოსული „შტილერით“ მოიპოვა.

გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ

ისიდორი აფთიაქარი იყო, შესაბამისად, პატიოსანი ადამიანი, მაგრამ ფულსაც გვარიანად შოულობდა. რამდენიმე შვილი ჰყავდა და საუკეთესო წლებს ითვლიდა; აღნიშვნაც ზედმეტია, რომ ერთგული მეუღლე გახლდათ, მაგრამ მაინც ვერ იტანდა, სულ რომ ეკითხებოდნენ, სად დადიხარო. ეს მართლა აცოფებდა, ოღონდ ჩუმად, გარეგნულად არაფერს შეიმჩნევდა. ჩხუბად არც ღირდა, რადგან, პრინციპში, როგორც ვთქვი, ბედნიერი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ. ერთ მშვენიერ ზაფხულსაც, მაშინ ეს მოდაში იყო, მაიორკაზე გაემგზავრნენ და თუ ცოლის მუდმივ შეკითხვებს არ ჩავთვლით, რომელიც მას გულში აბრაზებდა, ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა. ისიდორი მაშინვე ძალიან მოსიყვარულე ხდებოდა, როგორც კი არდადეგები ეწყებოდა. ლამაზმა ავინიონმა ორივე ძალიან მოხიბლა. ხელკავით დასეირნობდნენ. ისიდორი და მისი მეუღლე, რომელიც ძალიან სასიამოვნო ქალბატონად უნდა წარმოიდგინოთ, ზუსტად ცხრა წლის ცოლ-ქმარი გახლდნენ, როცა მარსელში ჩავიდნენ. ხმელთაშუა ზღვა ისე ბრწყინავდა, როგორც პლაკატებზე გინახავთ. და აი მაშინ, როცა მეუღლე უკვე მაიორკისკენ მიმავალ გემზე ასულიყო, ისიდორმა გაზეთის ყიდვა მოინდომა; ქალი გაბრაზდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. შეიძლება, ისიდორი ცოტათი ცოლის ჯიბრზე იქცეოდა ასე, თავს რომ აბეზრებდა შეკითხვებით, სად მიდიხარო. ღმერთია მოწმე, ისიდორმა ეს არ იცოდა; უბრალოდ, რადგან გემი ჯერ გასვლას არ აპირებდა, ქუჩას ტაატით გაუყვა, როგორც ეს კაცებმა იციან ხოლმე. როგორც გითხარით, ცოლის ჯინაზე მთლიანად ჩაეფლო ფრანგული გაზეთის კითხვაში და მაშინ, როცა მისი მეუღლე მართლაც ულამაზესი მაიორკისკენ გაემგზავრა, ისიდორს გაზეთიდან თავი არ ამოუყვია, სანამ აგუგუნებულმა საყვირმა არ შეაკრთო და უცებ არ მიხვდა, რომ საკუთარი მეუღლის გვერდით კი არ იყო, არამედ საკმაოდ ჭუჭყიან სატვირთო გემზე, რომელიც სავსე იყო ყვითელ ფორმაში ჩაცმული კაცებით და რომელსაც ასევე ასდიოდა ორთქლი. ამ დროს აუშვეს ბაგირები. ისიდორმა მხოლოდ იმასღა მოჰკრა თვალი, როგორ რჩებოდა შორს ნავსადგური. ვერაგი სიცხის ბრალი იყო თუ ფრანგი სერჟანტის მიერ ნიკაპში ნათავაზები მუშტის, ისიდორმა გონება რომ დაკარგა, ნამდვილად არ ვიცი; სამაგიეროდ, გავბედავ და დარწმუნებით ვიტყვი, რომ ისიდორს, აფთიაქარს, უცხო ლეგიონში უფრო მძიმე ცხოვრება ექნებოდა, ვიდრე მანამდე. გაქცევაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. ყვითელი ციხე-სიმაგრე, სადაც ისიდორი გამოაწრთეს, უკაცრიელ უდაბნოში იდგა, უდაბნოში მზის ჩასვლა ძალიან შეუყვარდა. რასაკვირველია, ხანდახან, როცა ძალიან დაღლილი არ იყო ხოლმე, თავის მეუღლეზეც ფიქრობდა და ალბათ მისწერდა კიდეც წერილს, მაგრამ წერა აკრძალული ჰქონდათ. საფრანგეთი ჯერ კიდევ იბრძოდა თავისი კოლონიების შენარჩუნებისთვის, ასე რომ, ისიდორი იმდენ ადგილას მოხვდა დედამიწაზე, მანამდე რომ ვერც იოცნებებდა. მას, ბუნებრივია, ისევე დაავიწყდა თავისი აფთიაქი, როგორც სხვები ივიწყებენ თავიანთ კრიმინალურ წარსულს. დროთა განმავლობაში ის ქვეყანაც აღარ ენატრებოდა, რომელიც, საბუთების მიხედვით, მის სამშობლოს წარმოადგენდა. და მხოლოდ მის კეთილსინდისიერებას თუ მივაწერთ, რომ მრავალი წლის შემდეგ, ერთ მშვენიერ დილას ბაღის ჭიშკარში შეაბიჯა წვერიანმა და გამხდარმა ისიდორმა, ტროპიკულ ქვეყნებში რომ ახურავთ, ისეთი ჩაფხუტი იღლიაში ამოეჩარა, რომ თავისი საკმაოდ უჩვეულო სამოსით მეზობლები არ აეღელვებინა, რომელთაც ისიდორი დიდი ხნის მკვდარი ეგონათ. რასაკვირველია, ქამარში რევოლვერიც ჰქონდა გაჩრილი. კვირა დილა იყო. მისი მეუღლის დაბადების დღე. როგორც უკვე მოგახსენეთ, მას მეუღლე უყვარდა, მერე რა, რომ ამდენი წლის მანძილზე მისთვის ერთი ბარათიც არ მიუწერია. ერთი წამით შეყოვნდა, თვალწინ იდგა მისი სახლი, ზუსტად ისეთი, როგორიც დატოვა, ბაღის დაუზეთავი კარებიც ისევ ისე ჭრაჭუნობდა, როგორც ადრე. სახელურს ხელი მოკიდა და შეიცადა. ხუთივე შვილმა შორიდანვე დაიწყო ყვირილი, მამიკო! თითეული მას ჰგავდა რაღაცით, მაგრამ ყველანი შვიდი წლით გაზრდილიყვნენ და მათი შეხედვა ეუცხოვა. უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი იყო. და ისიდორმა შეაბიჯა, როგორც ნამდვილმა მამაკაცმა, რთულ ბრძოლებში გამობრძმედილმა და იმედი ჰქონდა, რომ მისი საყვარელი მეუღლე, თუკი იგი სახლში დახვდებოდა, ანგარიშის ჩაბარებას არ მოსთხოვდა. მინდორი გადაიარა, თითქოს არაფერი შეცვლილიყოს და ისევ თავისი აფთიაქიდან დაბრუნებულიყოს და არა აფრიკიდან ან ინდოჩინეთიდან. მეუღლე ენაჩავარდნილი იჯდა მზის ახალი ქოლგის ქვეშ. ისიდორს არც ის ძვირფასი ხალათი ენახა მანამდე, რომელიც მას ემოსა. მოსამსახურე გოგონამ – ესეც სიახლე იყო – უმალ გამოიტანა კიდევ ერთი ფინჯანი წვერიანი კაცისთვის, რომელიც აშკარად და, ამავე დროს, უსაყვედუროდ, ოჯახის ახალ მეგობრად აღიქვა. აქ როგორ გრილაო, თქვა ისიდორმა და აკაპიწებული სახელოები ისევ ჩამოიწია. ბავშვებს უხაროდათ მისი ჩაფხუტით თამაში, რაც, რა თქმა უნდა, უჩხუბრად ვერ ჩაივლიდა და როდესაც ახალი ყავა მოიტანეს, იდილია სრულყოფილი იყო – კვირა დილა, ეკლესიის ზარების ხმა და სადღესასწაულო ტორტი. მეტი რა უნდა სდომოდა ისიდორს! ახალი მოსამსახურე გოგონა, რომელიც დანა-ჩანგალს აწყობდა, ისიდორს სათვალავში საერთოდ არ ჩაუგდია და ცოლს მოეხვია. „ისიდორ!“ წარმოთქვა მქალმა და აღელვებისგან ყავის დასხმაც კი ვეღარ შეძლო, ასე რომ, ამის გაკეთება წვერიან სტუმარს თავად მოუხდა.“რა იყო?“, ჰკითხა მან ნაზად და მასაც შეუვსო ფინჯანი. „ისიდორ!“, გაიმეორა ქალმა და თვალზე ცრემლი მოადგა. ისიდორი ცოლს ისევ მოეხვია. „ისიდორ!“, ჰკითხა მან, „სად იყავი ამდენ ხანს?“ კაცს ერთი წუთით გონება დაებინდა. ფინჯანი დადგა; ოჯახურ ცხოვრებას გადაჩვეოდა, ვარდის ბუჩქის წინ წამოიმართა, ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეყო. „რატომ არასდროს მომწერე ერთი ბარათი მაინც?“ ჰკითხა ქალმა. ისიდორმა გაოგნებულ ბავშვებს უსიტყვოდ გამოართვა თავისი ჩაფხუტი, ჩვევაში გადასული გაწაფულობით ერთ წამში მოირგო თავზე, რაც, ალბათ, წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებდა ბავშვებზე – მამიკო ჩაფხუტით და რევოლვერის ბუდით – და ეს ყველაფერი არა მარტო ნამდვილი იყო, არამედ ხმარებისგან აშკარად გაცვეთილიც და როდესაც მეუღლემ წარმოთქვა: „ იცი რა, ისიდორ, ასე მართლა არ უნდა მოქცეულიყავი!“, ისიდორს უკვე ყელში ამოსვლოდა მშობლიური კერა, უცებ ამოიღო რევოლვერი ქამრიდან (ესეც ალბათ ჩვევაში გადასული გაწაფულობით, ასე მგონია) სამჯერ ესროლა ფუმფულა, ჯერ კიდევ ხელუხლებელ და ბეზეთი მორთულ ტორტს შუაგულში. ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორ მოითხვრებოდა იქაურობა. „ისიდორ!“, იყვირა მეუღლემ, მისი ხალათი თავიდან ბოლომდე ნაღების შხეფებით იყო მოწუწული, და რომ არა უმანკო ბავშვები, რომელთა თვალწინაც გათამაშდა ეს სცენა, ქალს მთელი ეს ვიზიტი, რომელიც, ალბათ, ათ წუთს ძლივს თუ გაგრძელდა, ჰალუცინაცია ეგონებოდა. ხუთი შვილით გარშემორტყმული ქალი ნიობს გავდა, მან მხოლოდ ისღა დაინახა, როგორ გავიდა ისიდორი, უპასუხიმგებლო ისიდორი, დინჯი ნაბიჯით ჭიშკარში, თავზე ის აუტანელი ჩაფხუტი ეხურა. ამ შოკის შემდეგ საბრალო ქალს ტორტის დანახვა აღარ შეეძლო, რომ ისიდორი არ გახსენებოდა. ამ მდგომარეობამ ძალიან დაასაწყლა და ჯერ ერთმა და შემდეგ უკვე რამდენიმე ადამიანმა ერთხმად ურჩია განქორწინება. მაგრამ ამ მამაც ქალს ჯერ კიდევ შერჩენოდა იმედი. ვინ იყო დამნაშავე, ხომ ისედაც ცხადი იყო. მაგრამ ჯერ კიდევ შერჩენოდა იმედი, რომ ისიდორი მოინანიებდა. მხოლოდ თავისი ხუთი შვილისთვის ცხოვრობდა, რომლებიც ისიდორისგან ჰყავდა და ახალგაზრდა ადვოკატს, რომელიც არცთუ პირადი დაინტერესების გარეშე სტუმრობდა და განქორწინებას აჩქარებდა, პენელოპესავით ერთი წელი ახლოს არ იკარებდა. და მართლაც, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ისევ მის დაბადების დღეზე, ისიდორი კვლავ დაბრუნდა, ჩვეულებრივ მიესალმა, ჩამოჯდა, აკაპიწებული სახელოები ჩამოიწია და ბავშვებს ისევ მისცა უფლება მისი ჩაფხუტით ეთამაშათ, ოღონდ ამჯერად, სიამოვნება, რომ ბავშვებს მამიკო ჰყავდათ, მხოლოდ სამი წუთი გაგრძელდა. „ისიდორ!“, ჰკითხა მეუღლემ, „ეხლა სადღა იყავი?“. ისიდორი წამოიმართა, მადლობა ღმერთს, აღარ უსვრია, არც უდანაშაულო ბავშვებისთვის გამოურთმევია თავისი ჩაფხუტი, არა. ისიდორი მხოლოდ წამოდგა, სახელოები ისევ აიკაპიწა, ბაღის ჭიშკარში გავიდა და აღარასდროს დაბრუნებულა. განქორწინების ქაღალდს მისმა საწყალმა მეუღლემ აუცრემლებლად ვერ მოაწერა ხელი, მაგრამ რა გაეწყობოდა, ისიდორი კანონით დადგენილ ვადაში არ გამოჩენილა, მისი აფთიაქი გაიყიდა, მეორე ქორწინება თავშეკავებულ ვითარებაში მიმდინარეობდა და კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სამოქალაქო ბიუროშიც გაფორმდა. მოკლედ, ყველაფერი თავისი დინებით მიდიოდა, ეს კი მოზარდი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი იყო. პასუხი კითხვაზე, სად ატარებდა მამიკო სააქაოში დარჩენილ სიცოცხლეს, ბავშვებს არასდროს მიუღიათ. არც ბარათი. დედიკოს არც უნდოდა, რომ ბავშვებს მამიკოს ამბავი ეკითხათ; მასაც ხომ არასდროს ჰქონია მამიკოსთვის რაიმეს კითხვის უფლება…

© არილი