თარგმანი,  ინტერვიუ,  პორტრეტი

მიხალ რუსინეკი ვისლავა შიმბორსკაზე – არაფერი მნიშვნელოვანი

Culture.pl-ის ინტერვიუ მიხალ რუსინეკთან, რომელსაც 15 წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა ვისლავა შიმბორსკასთან, რამდენიმე თვის განმავლობაში კი მისი პირადი მდივანიც იყო.

2022

ვისლავა შიმბორსკა 2012 წელს გარდაიცვალა. თქვენ თქვით, რომ გრამატიკასთან დაკავშირებული პრობლემა შეგექმნებოდათ – რთული იქნებოდა ვისლავაზე წარსულ დროში საუბარი. უკვე შეეჩვიეთ ამას?

ხანდახან ისევ ახლანდელ დროში ვლაპარაკობ მასზე. მაგრამ, იცით რა, რაღაც ეტაპზე გავაცნობიერე, რომ ვალდებული ვიყავი, ადამიანების ცნობიერებაში შიმბორსკას სახელი აწმყო დროში შემენახა.

გენატრებათ?
რა თქმა უნდა. განსაკუთრებით მძაფრად მაშინ ვგრძნობ ამას, როცა ოჯახთან ერთად ვმოგზაურობ. პანი ვისლავასთვის პატარა, უცნაური საჩუქრები ჩამომქონდა ყოველი მოგზაურობიდან. ხანდახან ისევ მინდა ხოლმე, რამე უცნაური სუვენირი ვუყიდო. მაგრამ მერე მახსენდება, რომ უკვე აღარავინაა, ვისთვისაც მათი მიტანა შემიძლია.

შიმბორსკასთან დაკავშირებულ რომელ მოგონებას იხსენებთ ყველაზე ხშირად?

ძალიან ბევრია! მისი იუმორის გრძნობა ძალიან მიყვარდა. ახლაც კი გულიანად მეცინება, როცა სასაფლაოზე მომხდარს ვიხსენებ.

მიამბეთ ამის შესახებ.

ვისლავა ასაკოვანი ქალბატონი იყო. მისი ზოგიერთი მეგობარი გარდაიცვალა და, ჩვეულებრივ, მათ დაკრძალვებს ესწრებოდა ხოლმე. როგორც იცით, პოლონეთში კაცები ხელზე კოცნიან ქალს მისალმებისას. როცა ისინი ვისლავას ხვდებოდნენ და მის ხელს დაიჭერდნენ, ვისლავა ამბობდა: „აკოცეთ, სანამ ჯერ კიდევ თბილია“.

ხშირად იმეორებთ, რომ ექსტრაორდინარული ადამიანი იყო.

არაპროგნოზირებადი იყო. ერთად 15 წელი ვმუშაობდით და მაინც ვერასოდეს ვხვდებოდი წინასწარ, რას იტყოდა ან როგორი რეაქცია ექნებოდა. მის ნაცვლად ვერაფერს ვწყვეტდი. შიმბორსკა თავს გზას ძალიან ნათლად ხედავდა და ამ გზას მიჰყვებოდა. ბევრი კუთხით ძველმოდური იყო, მაგრამ არაჩვეულებრივად გამოსდიოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა. მან შექმნა თავისი სურათი. იცოდა, რომელ თემებზე უნდა ელაპარაკა საჯაროდ და რომლებზე – არა.

რა მიაჩნდა მნიშვნელოვნად?

მაგალითად, ნობელის პრემიის მიღების შემდეგ, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, რათა არავის ეთქვა, შიმბორსკას საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვსო. დიდ ყურადღებას უთმობდა მეგობრებს და სხვა მწერლებთან შეხვედრებსაც ესწრებოდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ასეთი საღამოებისას საშინლად შეუფერებელი სიტუაციები იქმნებოდა. ჟურნალისტები და მკითხველები გარს შემოეხვეოდნენ ხოლმე შიმბორსკას, ავიწყდებოდათ, რომ ღონისძიების მთავარი გმირი ის არ იყო. როცა ეს ხდებოდა, ის ხაზგასმით ამბობდა უარს ავტოგრაფებზე და არც ვინმესთან ფოტოს გადაღებას თანხმდებოდა.

ყველას უნდოდა მასთან ფოტო, ყოველთვის და ყველგან.

ხანდახან ეს აბსურდამდე მიდიოდა. ერთხელ შიმბორსკამ კლინიკაში მოინახულა თავისი და, რომელიც მძიმედ იყო ავად. იქაც კი ფოტოს გადაღებას სთხოვდნენ.

თავის წიგნში „ლალა“ პოლონელი მწერალი იაცეკ დენელი ბებიამისზე წერს: თავდაპირველად, ის ცოცხალი, ენერგიული ქალია, მერე კი დგება მომენტი, როცა ეს ენერგია ტოვებს მას. განსხვავებული ადამიანი ხდება. შიმბორსკას თუ ჰქონდა ასეთი მომენტი, როცა გააცნობიერებთ, რომ გტოვებდათ და წყვეტდა ძველ, ირონიულ პანი ვისლავად ყოფნას?

დაუჯერებელია, მაგრამ შიმბორსკა უკანასკნელ დღემდე ისეთი იყო, როგორსაც ყოველთვის ვიცნობდი: ნათელი გონების ადამიანი. პანი ვისლავამ სერიოზული ოპერაცია გადაიტანა. ამის შემდეგ ექიმმა გვითხრა, რომ გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივი იქნებოდა. ჯერ ვმსჯელობდით, უნდა გვეთქვა თუ არა ამის შესახებ მისთვის, მაგრამ მალევე შევთანხმდით, რომ შიმბორსკასნაირი ადამიანის მოტყუება შეუძლებელია. იმ დილით ექიმმა ვისლავას სრული სიმართლე უთხრა, ლანჩის მერე კი მე შევხვდი ვისლავას. მზად ვიყავი, მენახა დამწუხრებული და იმედგადაწურული – და თვალებს ვერ დავუჯერე, როცა ბედნიერი და მოღიმარი ვნახე. ისიც კი ვიფიქრე, იქნებ ექიმმა არაფერი უთხრა-მეთქი.

მაგრამ ექიმმა უთხრა, არა?

დიახ, უთხრა. მიუხედავად ცუდი ამბებისა, შიმბორსკამ კარგი განწყობა შეინარჩუნა და საკუთარ თავად დარჩა.

ნამდვილად არაფერი შეცვლილა მის ქცევაში?

მხოლოდ ერთი რამ. ყოველთვის უყვარდა შავი იუმორი და, ვფიქრობ, შავი იუმორი მას შემდეგ აღარ აცინებდა, რაც მიხვდა, რომ დიდი დრო აღარ ჰქონდა დარჩენილი.

საიდან იცით?

რატომღაც კალენდარი ვაჩუქე, რომელშიც სასაფლაოს შესახებ დაწერილი ლექსი და პირქუში ნახატები იყო. შეხედა და თქვა: „ეს უკვე აღარაა სასაცილო.“ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ვისლავამ გამოამჟღავნა, რომ იცოდა, მისი აღსასრული ახლოს იყო.

მომიყევით თქვენი უკანასკნელი შეხვედრის შესახებ.

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ვესტუმრე. ამ დროს ექთანი მუდმივად მის გვერდით იყო. ჩასვლამდე ორი საათით ადრე გავაფრთხილე, რომ მასთან მივდიოდი. ექთანი დაეხმარა პანი ვისლავას ჩაცმასა და თმის მოწესრიგებაში. ჩემი იქ ყოფნისას ვისლავას არ ჰქონდა ჭიქის აწევის ძალა, ამიტომ ყავას საწრუპით სვამდა. სხვადასხვა რაღაცაზე ვილაპარაკეთ. ეწეოდა, როგორც ყოველთვის. პანი ვისლავა კარგად იყო მომზადებული სიკვდილისთვის.

რას გულისხმობთ?
თავისი არქივი და ქაღალდები მოაწესრიგა. დააფუძნა ფონდი, რომელიც მის შემოქმედებაზე მისი სიკვდილის შემდეგ იზრუნებდა. გადარიცხა თანხა ამ ფონდში და მისი განკარგვის უფლება გადასცა. უკანასკნელი კრებულისთვის „საკმარისი“ ლექსები შეკრიბა. საავადმყოფოში ყოფნისას მოაწერა გამომცემელთან შეთანხმებას ხელი და წიგნის ბეჭდვა მისი სიკვდილიდან სულ რამდენიმე თვეში დავიწყეთ.

ნობელის კატასტროფა

შიმბორსკას არ მოსწონდა მისი სახელის გარშემო შექმნილი ხმაური და აურზაური.

მეტისმეტ ყურადღებას ირიდებდა თავიდან, თუმცა ისინი ცდილობდნენ, რომ ყველა შესაძლო გზით შეექმნათ მისგან „ცნობილი სახე“. ბევრი ხალხი აშინებდა. არ მოსწონდა დიდი ხმაური ან ზღვარგადასული ენთუზიაზმი. და მაინც, უამრავი ადამიანი მოდიოდა მასთან შესახვედრად. და არა მხოლოდ პოლონეთში. მახსოვს ერთი ღონისძიება იტალიაში, ბოლონიაში – ამ ღონისძიებას ორი ათასი ადამიანი ესწრებოდა. შიმბორსკა ახლომხედველი იყო და სათვალეს არ ატარებდა, რადგან არ მოსწონდა, როგორც გამოიყურებოდა სათვალით. ამიტომ მაყურებლების მხოლოდ პირველ რიგს ხედავდა. ღონისძიება რომ დასრულდა, ვუთხარი, რამდენი ადამიანი ესწრებოდა და ვერ იჯერებდა! შიმბორსკა არ კეკლუცობდა; მას, უბრალოდ, არ შეეძლო დაჯერება, რომ ამდენ ადამიანს აინტერესებდა მისი ნაწარმოებები.

როგორ შეიტყო ნობელის პრემიის შესახებ შიმბორსკამ? მაგალითად, ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი ამბობდა, რომ საცვალს აუთოებდა, როცა ახალი ამბავი გაიგო.

შმბორსკა კურორტზე იყო, ზაკოპანეში. ლანჩისთვის ემზადებოდა. საკმაოდ ნორმალური იყო. ნობელთან დაკავშირებული ყველაზე სასაცილო ამბავი, რაც მსმენია, იტალიელ ლაურეატ დარიო ფოს უკავშირებდა. გზატკეცილზე მიდიოდა მანქანით, ფანჯარა ღია ჰქონდა. ამ დროს ვიღაც უცნობი მანქანით გაუსწორდა, ფო დაინახა, გააღო თავისი ფანჯარა და დაუყვირა: „თქვენ ნობელი მოიგეთ!“ ბევრი მწერლისთვის პრიზის მიღება მოულოდნელობა იყო. ეტყობა, მხოლოდ გიუნტერ გრასმა წამოიძახა – „როგორც იქნა!“

შიმბორსკა ნობელის პრემიის მიღებას კატასტროფას უწოდებდა.

დიახ. მას უყვარდა სიწყნარე, მაგრამ ნობელის მიღების შემდეგ მის ირგვლივ დაუსრულებელი აურზაური იყო. როცა ახალი ამბავი გამოცხადდა, გადაწყვიტა, ამის სათქმელად თავისი დისთვის დაერეკა. აღმოჩნდა, რომ მის დას ეძინა. შიმბორსკამ კი თქვა: „ნუ გააღვიძებთ. არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა“. როცა დამ გაიღვიძა, ტელეფონით ისაუბრეს და შიმბორსკამ ყველაფერი უამბო. დამ უთხრა – „გილოცავ!“ და სწრაფად დაუწყო ზაკოპანეს ამინდის შესახებ გამოკითხვა. ძალიან სასაცილო იყო! ასეთ სცენას ბრიტანულ კომედიაში ნახავ; ორი და, პირველი სევდიანად ამბობს: „მე ნობელი მოვიგე“. მეორე უცვლელი ტონით პასუხობს: „გილოცავ. და როგორი ამინდია ზაკოპანეში?“

პრიზს დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა.

მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. თუმცა, ბევრი დადებითიც ჰქონდა. ახალი მეგობრები გაიჩინა, იმოგზაურა. ბოლოს მოგზაურობითაც კი დაიღალა. მახსოვს, როცა ირანში მიიწვიეს, შიმბორსკამ მითხრა: „ვიცი, ძალიან გინდა იქ წასვლა, მაგრამ მე უბრალოდ არ მინდა“.

დაჯილდოების ცერემონიაზე მომიყევით.

ნობელის მთელი ეს პომპეზურობა და ცერემონია მისთვის უცხო გახლდათ. ცერემონიამდე რეპეტიცია იყო. შიმბორსკას უჩვენეს, საით უნდა წასულიყო, როგორ უნდა მისალმებოდა თავის დაკვრით მეფეს და შემდეგ – დანარჩენებს. თვალები ცრემლებით ამევსო, როცა საზეიმოდ გამოაცხადეს მისი სახელი და ყველა ტაშს უკრავდა. მერე კი სიცილი წამსკდა, როცა ვნახე, როგორ დაუკრა თავი სტუმრებს შიმბორსკამ არასწორი მიმდევრობით. შემდეგ ის მეფეს წარუდგინეს და შიმბორსკა მის გვერდით დაჯდა. ვისლავამ მეფეს ანეკდოტი მოუყვა შოტლანდიელზე, რომელიც მატარებლით მგზავრობდა და თქვა, რომ თაფლობის თვის გასატარებლად მიდიოდა. „თუ ასეა, მარტო რატომ მგზავრობ?“ – ჰკითხა მას ერთ-ერთმა მგზავრმა. „ქვრივზე დავქორწინდი. მას უკვე ჰქონდა თავისი თაფლობისთვე“ – უპასუხა შოტლანდიელმა.

© არილი

Facebook Comments Box