გამომცემლობა ,,ინტელექტის’’ ორგანიზებით 22 ივნისს, 19 საათზე, მწერალთა სახლში ზაზა ხალვაშის კინოსცენარებისა და ჩანაწერების წიგნების პრეზენტაცია გაიმართება.
,,მუჭში დამალული კენჭები’’ 2000-2004 წლების დღიურებს აერთიანებს. მათში გვხვდება დაკვირვებები მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ მოვლენებზე, კინოზე, ლიტერატურაზე, სტილზე, სცენარის წერის სპეციფიკაზე, რეჟისურის სწავლების ასპექტებზე… გარდა ამისა, კრებული ზაზა ხალვაშის შემოქმედებითი ძიებების და კრიზისის პერიოდსაც ასახავს.
მეორე წიგნში ,,იქ-ჩემთან’’ ოთხი სცენარია წარმოდგენილი. სამი მათგანი: ,,მიზერერე’’, ,,იქ-ჩემთან’’, სოლომონი’’ 1988-2014 წლებში ფილმებად იქცა. მეოთხე კი ტიციან ტაბიძის ,,ამორძალების’’ მოტივების მიხედვით დაწერილ ტექსტს წარმოადგენს, რომელიც ზაზა ხალვაშმა ლაშა იმედაშვილთან ერთად დაწერა.
კრებულის სათაურად გამოტანილი სცენარი ,,იქ-ჩემთან’’ აჭარის მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ერთი ოჯახის ყოფას ასახავს. მშობლებსა და შვილებს შორის არსებულ ტოტალურ გაუცხოებას ბედისწერის აკორდივით ერთვის მოსალოდნელი მეწყრის მუდმივი საშიშროება. სცენარსა და ფილმში წარმოდგენილ ოჯახში მცხოვრები ძმების ურთიერთობის წარმოჩენით ტრავმული ცნობიერებ(ებ)ის საკმაოდ ფართო სპექტრი იშლება.
,,მიზერერე’’ (1990-1991) ფანტასმაგორიული პოლიტიკური იგავია და იმ პერიოდში მიმდინარე ურთულეს სოციო-პოლიტიკურ ვითარებაზე რეფლექსირებს. ცენტრალური ანტაგონისტი დემონური საწყისების მატარებელი არსებაა, რომელსაც უსახელო ქალაქში ქაოსი შეაქვს.
,,სოლომონი’’ (2014) პოსტსაბჭოთა საქართველოში მცხოვრები ხელოვანისა და ინდიფერენტული საზოგადოების კონფლიქტს შეეხება, რომელიც მთავარი პერსონაჟის ტრაგიკული მარცხით სრულდება.
წიგნები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
© არილი