პოეზია

ნატო ინგოროყვა – ახალი ლექსები

ბზარი. მსხვრევა.

ეს ბზარის თვისებაა –

გაგრძნობინებს, რომ მსხვრევის დროა.

მეტიც: მსხვრევა აუცილებელია ახალი ხმების გასაგონად.

ხშირად ვფიქრობ –

როგორ აღვწერდით საგნებს და მოვლენებს დამაჯერებლად,

სანამ ზუსტ სიტყვებს ვიპოვიდით.

მრავალფეროვანი სიტყვების გარემოშიც, როცა იცი, რაც უნდა თქვა,

როცა გეჩვენება, რომ შეუვალი ხარ,

ტონიც განსაზღვრულია და სხეულის ენაც – მორგებული,

სწორედ მაშინ აღმოჩნდები ყველაზე თვინიერი.

უპირატესობა მოთოკილი ტკივილებისკენაა და გაგრძნობინებს,

რომ სიყვარული არ არის საკმარისი, გესმოდეს ჩიტების ენა,

როცა ისინი ცაში დაფრინავენ ან ჩვენს ღობეზე ჩამოსხდებიან.

ფოთოლცვენის ამბავი

ხეებზე ვფიქრობ,

ტბის გასწვრივ რომ დარგეს,

საკუთარ ანარეკლს რომ ჩასცქერიან და

თავიანთ ჭკნობას აკვირდებიან.

ხეებზე ვფიქრობ –

ტბას გარშემო რომ შემოურგეს,

წყალმა ფესვებს წყალი რომ შეუყენა და

გულზე გადაიწვინა.

იმ კაცზე ვფიქრობ,

ხე რომ დარგო,

სახლი ააშენა, შვილი გააჩინა და

ახლა მის მივიწყებულ საფლავს

ჩამოცვენილი ფოთლები ავსებს.

შავ-თეთრ ფოტოებზე ვფიქრობ,

რომლებიც შეიძლება გადაფერო,

მაგრამ

მზე მაინც მცხრალი დარჩება.

ძილისა და ძილისწინა ამბებისა

არის ძილისწინა ამბები,

გულში რომ უნდა ჩაიდო.

გული საიმედო საცავია,

თუ გაჩერდა, ამბავიც მასთან რჩება.

არის ძილისწინა ამბები,

გულში რომ არ უნდა ჩაიდო –

ძილი კარგი საშლელია.

რაც უფრო ღრმაა, უკეთესად შლის.

არის ძილისწინა ყოფნა:

ცა შენი საძინებლის ფანჯარას კი არ დაჰყურებს –

შენი ქუთუთოების ქვეშ მოექცევა

და ძილი ცდილობს, თავი წაგართვას.

არ ნებდები, მხარს ხშირად იცვლი,

ბალიშსაც რამდენჯერმე შეუცვლი ადგილს,

სანამ სინამდვილის ყველა კონტური არ გაიდღაბნება

როცა შენც აღარ გახსოვს, ეს როდის ან როგორ მოხდა,

როცა შენც აღარ გინდა ფხიზლობდე.

ჯვარი თუ ნული

რაც უფრო გრძელია გზა,

მით უფრო უძველდება მოგონებებს თარიღები.

მით უფრო მრავლდებიან ადამიანები, რომლებმაც ჩაიარეს.  

მეხსიერებაც თავისებური ფოტოშოპია:

თუ  ვინმე ან რამე  ზედმეტია, წაშლი.

ფერებსაც შეუცვლი –  ფერადიდან შავ-თეთრისკენ და პირიქით.

გახსოვს „ჯვარი და ნული“? – ვკითხე.

ვის არ უთამაშია, – მიპასუხა.

არასდროს შემივსია სწორად.

თუმცა ვხედავდი, რომელი უჯრა

ინახავდა გამარჯვების სიხარულს –

თვალს ვარიდებდი,  ვუთმობდი.

ახლა ჩემი ჯერია, ვთქვი და

მესამე ჯვარი მაინც არ დავსვი.

ნულების რიგს დაველოდე – 

სიცარიელე  უნდა გადამეხაზა.

დაუკითხავი ამბებიდან

განა ყოველთვის ჩვენ ვირჩევთ ამბავს, რომელზეც ვწერთ.

ზოგჯერ ჩვენი ნამძინარევი სხეულივით ზანტი მოგონებებიდან

მტვერს ჩამოიფერთხავენ გაურანდავი სიტყვები,

ისეთებიც, მსაზღვრელებს რომ არ მოითხოვენ.

ახლა, როცა მოგონებების დრო თითქოს აღარცაა,

როცა წარსულისთვის თითქმის აღარავის სცალია,

როცა ჟამი მხოლოდ აწმყოს და მომავალს ეკუთვნის, –

მეც არ ვიცი, რატომ გამოძვრა მაინცდამაინც

ეს შავ-თეთრი ამბავი

ჩემი მოგონებების გრძელი ჯაჭვიდან და კოკო შანელი გამახსენა,

რომელმაც თქვა, რომ ყველა ქალს

უნდა ეკიდოს კარადაში პატარა შავი კაბა,

რომელსაც სხვადასხვა აქსესუარით ახალ-ახალ ისტორიას შეუქმნის.

მე არასოდეს მქონია იმდენი ფული, რომ „შანელის“ კაბა მეყიდა,

მაგრამ მაქვს მისი სუნამო „შანსი“ და ეს სურნელი ძალას მაძლევს,

ვიფიქრო სხვა თავგადასავლებზეც, რომლებიც

ჩემს გლუვ ცხოვრებას დააწახნაგებს,

რომ მოგონებების კიდობნიდან

კვლავ ამოვაძვრინო დაუკითხავი ამბავი,

რომელშიც გაოცება და მოულოდნელობა ერთდროულად ისმის.

გარგულია

* გარგულია – ქვისგან გამოკვეთილი გროტესკული ფიგურა საწვიმარი მილის თავზე

ვინც მოითმენს, ის მოიგებს, –

ამბობდნენ  ჩემი გვარის ქალები

და გვიტარებდნენ მოთმინების გაკვეთილებს.

გვიკითხავდნენ ზღაპრებს, რომლებიც იწყებოდა

თითქმის უტყუარი ჭეშმარიტებით: იყო და არა იყო რა.

რომლებშიც ლხინი მუდამ ჩვენს მხარეს იყო და ჭირი – იქ, სადღაც.

დაიღალა გულიც და ყურიც ამ შეძახილით.

არჩევანი რომ მქონოდა, ვიქნებოდი გარგულია,

საკუთარი მხურვალე სუნთქვით გადარჩენილი.

შემომსვამდნენ რომელიმე შენობის თავზე,

დაველოდებოდი წვიმიან დღეებს, რომ პირი გამეხსნა და

მზიან ამინდებში ნაგროვები ტკივილები გადმომეღვარა.

ვიქნებოდი გარგულია და ერთადერთი საქმე მექნებოდა –

სიზმრისა და ცხადის წყლისთვის გატანება

იმ სახლის საძირკვლის გადასარჩენად, რომელშიც ვცხოვრობ.

ართვინი. შიშების მოთვინიერება

გზა იყო გრძელი,

მიხვეულ-მოხვეული, გვირაბებიანი.

ჩამოვედით.

სასტუმროს წინ პირქუში კლდე

შეუვალი მცველივით იდგა

თითქოს ელოდა, რომ კარის გაღების ნებართვა გვეთხოვა.

ჩამოვედით.

ღამეც წამოგვეწია და

მრუმე ხეობის კონტურები გადაფარა.

 ჩვენი ძილი ქვეშ მოიყოლა და გატეხა.

აქ ადრეც ვყოფილვარ.

ამ კლდის იქით კიდევ უფრო მკაცრი ხეობებია,

ვთქვი, უფრო – თავის სანუგეშოდ, რადგან

ჩაკეტილი ხეობა ჩემს გადამალულ შიშებს აფხიზლებს.

სიმაღლისაც მეშინია, დავძინე მკაცრად.

თუმცა ვახშმობა მაინც გავბედე

ქალაქის ყველაზე მაღალი კლდის თავზე.

არ მიყვარს წყალში შესვლა, ნაპირზე დავრჩები,

მინდოდა მეთქვა. მაინც დავთანხმდი

მდინარეზე კატარღით გასეირნებას.

ამ კლდის იქეთ იუსუფელია –

უდიდესი ელექტროსადგური.

მზარავს შეგუბებული წყალი, ვთქვი – ვანიშნე,

რომ კლდიდან არ გადავიხედავდი.

ნუ გეშინია, მითხრა მან.

კლდეზე ბროწეულების ტყეა, ახლა მწიფობენ.

მშვიდად, წყალი ჯებირებს ვერ გადმოლახავს, – მანიშნა.

მერე კამერაც მოვიმარჯვეთ

და შევინახეთ კადრები, რომლებიც მხოლოდ ჩვენ გველოდნენ,

რომლებიც დაგვპირდნენ,

რომ სხვის თვალებში არასოდეს განმეორდებიან.

გზამკვლევი ნეაპოლში წამსვლელთათვის

Vedi Napoli e poi muori!

იოჰან ვოლფგანგ გოეთე, „მოგზაურობა იტალიაში“

„ნახე ნეაპოლი და მოკვდი!“ –

ამბობენ ორ საუკუნეზე მეტია.

ვნახე ნეაპოლი და ვიცი,

რატომ უნდა მიყვარდეს სიცოცხლე.

ის არ ჰგავს ქალაქებს, რომლებსაც

მხოლოდ ღირსშესანიშნაობებით ვიმახსოვრებ,

და არ მათქმევინა, რომ

აქ სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

ნეაპოლი ერთი ყლუპის ყავის ქალაქია,

თუმცა ყელს ისე კაწრავს,

რომ რამდენიმე ყლუპად ინაწილებ.

სიმბოლოების ქალაქია,

წითელი წიწაკის ქალაქია,

რომელსაც ან შეიყვარებ, ან გაერიდები.

გარეთ გამოფენილი სარეცხის ქალაქია,

ღია ფანჯრების  ქალაქია და

ვიწრო ქუჩებში ხეტიალისას

უცნობი ადამიანების სამზარეულოშიც შეგახედებს,

მათი საშინაო ცხოვრება რომ დაათვალიერო.

ის გაძლევს ნებას, არაფერი აკეთო,

უბრალოდ შეირგო ყოფნა,

რომელსაც ზოგჯერ გადაძახილები დაგირღვევს.

აქ თითქმის ყველა სახლს აცვია

მაისური ლურჯ-თეთრი ზოლებით.

აქ შეგიძლია იყო ფილუმენა და

გყავდეს შენი დომენიკო.

აქ შეიძლება დაიჯერო, რომ ესა-ესაა

გაურიგდი ჯეკის, მერის, ვინჩენცოს

ოპერაცია „სან ჯენაროსთვის“.

ნეაპოლმა არ იცის სიყვარულის და აღტაცების გამოზოგვა.

ის ადამიანების ქალაქია,

წინდახედულთა და უკანმოუხედავთა ქალაქი.

უხერხულობისთვის

ცოტა რამ მეყოფოდა.

ვთქვათ,

ცხადის სიზმარივით წაშლა რომ შემეძლოს,

მეხსიერება სინამდვილესთან მარტო არ მტოვებდეს,

ჩემი სხეული ნაკლებად იმჩნევდეს შინაგან შფოთვებს

ან

წიგნის ფურცლებზე ამბების კითხვას ჰგავდეს ყოველდღიურობა,

ყოველი გადაფურცვლისას ქაღალდს ხელს ჩამოვაყოლებდი,

სადაც მოვისურვებდი, იქ გავწყვეტდი კითხვას

და მიბრუნების ნიშნად სანიშნეს ჩავტოვებდი.

ალბათ

ჩემს ხმასაც დაეტყობოდა სიმტკიცე, აღარ შეირევდა დაღლილობას.

თვალწინ მხოლოდ მათი ლანდები ჩამიქროლებდა,

ვინც შევიყვარე, ვინც ვერ დავივიწყე.

თუმცა ხდება ასეც: გეჩვენება, რომ დაინახე, ვისაც ელოდი,

აედევნები, როგორც ფილმებშია

და…

უხერხულობას საბოდიშო სიტყვებით გადაფარავ.

იარაღის მაღაზია

ქუდი რომ შემიგდონ, არ შევალ, – მითქვამს თავდაჯერებით.

მაგრამ ისეთი ვიტრინებისკენ გაგექცევა ხანდახან მზერა,

აქამდე გულგრილად რომ ჩაუვლიდი.

აქ გამოფენილია:

პირალესილი დანები,

მზეს რომ თვალს სჭრიან და ირეკლავენ.

პირჩაკეცილი, შალითებით შენიღბული,

ბუდეს ამოფარებული

და მაინც ბასრი.

გამოფენილია

პისტოლეტები, მოკლელულიანი თუ ლულაგრეხილი,

სხვადასხვა კალიბრის, ფეხშემართული,

შენკენ დამიზნებით.

ჩაივლი და დაგადევნებს –

მსხვრევის ხმას,

მკვლელის ვნებას,

მონადირის მზერას.

ჩაივლი და ფეხს არ აუჩქარებ,

რადგან შიგნით ჩაბრუნებული სიტყვების ჭურჭელი ხარ,

მაყუჩიანი იარაღის აუცდენელი სამიზნე,

გამოშრები და

წკაპ!..

© არილი

Facebook Comments Box