ნუგზარ ზაზანაშვილი -“მე მომავალში ვიცხოვრე უკვე”

“ყოველი ახლობელი ადამიანის დაკარგვისას გიმძიმდება ვალის ეგზისტენციური შეგრძნება, სადღაც არაცნობიერში რომ გაუდგამს ფესვი…”
ამ წერილის სათაურად გატანილი ტაეპი თამაზ ბაძაღუას ეკუთვნის – პოეტს, რომელიც სრულიად ახალგაზრდა, ოცდარვა წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან… ორი ოჯახი ბრმა, უსამართლო, ულმობელი შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა… მახსოვს, ვერავინ იკავებდა ცრემლს… მხოლოდ ერთი იმდროინდელი ჩვენი ამხანაგი ნეტარი გამომეტყველებით იდგა სოფლის სასაფლაოზე გათხრილ შემაძრწუნებლად ფართო საფლავთან… როგორც აგვისხნა: ოჯახთან ერთად იმ ქვეყნად წასვლა ლამის ღვთის მადლის მოფენის ტოლფასიაო… ამაზრზენია ფსევდოქრისტიანობა: ამ “წყალობით”, ღმერთმა უწყის, რამდენი ადამიანი დამწუხრდა, ხოლო ქართულმა ლიტერატურამ ბევრი დაკარგა – ის, რასაც თამაზ ბაძაღუა კიდევ შექმნიდა…
მიუხედავად ბედის სიმუხთლისა, შემოქმედმა მაინც დატოვა მისი ასაკისთვის განსაცვიფრებლად მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა: ლექსები, პიესები, მოთხრობა, ნათარგმნი… დღეს თამაზ ბაძაღუა 50-ს ცოტათი გადაცილებული იქნებოდა…

ამ წერილში მე მხოლოდ მის ორიგინალურ პოეზიას შევეხები, დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ გადავიკითხავ მას და ზოგიერთ სუბიექტურ მოსაზრებას შემოგთავაზებთ: ჭეშმარიტი პოეზიის აღქმა ხომ ყოველთვის სუბიექტურია და უამრავ სივრცეს ტოვებს მისი სხვა კუთხით, სხვა რაკურსით, სხვა დეტალურობით აღსაქმელად და ეს პროცესი ამოუწურავია. ამასთან, ამ წერილში მოყვანილი მოსაზრებები თუ ინტერპრეტაციები, ამა თუ იმ “განფენილობით”, ხშირად დაემთხვევა თუ შეეხმიანება თამაზ ვასაძის, ანდრო ბუაჩიძის, ივანე ამირხანაშვილის თამაზ ბაძაღუას შემოქმედებისადმი მიძღვნილ წერილებში გამოთქმულ შეხედულებებს და ეს არც არის გასაკვირი: ჩვენ ვმეგობრობდით თამაზთან…

* * *

რატომღაც ორი ეპიზოდი გამორჩეულად ჩამებეჭდა მეხსიერებაში… ვდგავართ ფანჯარასთან უნივერისტეტის პირველი კორპუსის მეორე სართულზე და ეზოს გავცქერით, ახალგაზრდა მწერალთა წრის სხდომის დაწყებას ვუცდით. ეზო ახლად მოასფალტებულია: ასფალტის ფენა გამსხვილდა, გაძლიერდა და ეზოს შუაგულში გახარებულ, მარტოხელა ხეს ყოველი მხრიდან მიეჯარა; მიწა, ნიადაგი აღარსად ჩანს – გეგონება, ხე თვით ასფალტიდანაა ამოზრდილი და ამიტომ უცნაურად გამოიყურება. ვეუბნები თამაზს: “შეხედე, რა უცნაური ხეა”; იმ წამსვე მპასუხობს: “ასფალტში ჩაჭედებული ხე”… ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მეტაფორებით “აზროვნებდა”… სამყაროს პირველყოფილი, პირველქმნილი თუ ბავშვური აღქმის მაგვარი რამ აშკარად თან სდევს მთელ მის პოეზიას და ამის სათავე შესაძლოა, კოლხური, ბზიან-სუროიანი, ხავსმოდებული, საუკუნოვანი ტყეების იდუმალებასთან შეხებისას მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებში ვეძებოთ: “ჩვენ წვიმა მოგვაქვს დავიწყებისთვის, / წვიმა, რომელმაც შეგვიყვარა, როგორც მცენარე, / წვიმა, რომელშიც გახსნილია მოთმინების უკვდავი შხამი, / რათა წაშალოს ჩვენი მწვანე ბედნიერება”; ან – “მწვანე სისხლივით მოჟონავს სურო ქვითკირის გასწვრივ / და ძველი საუკუნეების სიზმრებიდან / დაღონებულნი მოვაბიჯებთ, მოვიჩქარით”; ანდა – “დღეიდან ზღაპრებს ვერ მოგიყვები, / ჩემი ტყაშმაფა გაეხვია მწუხრის სველ თმებში, / თუთარჩელას თეთრ სიწყნარეში / და ოჩოკოჩსაც გზა აერია / და ქაჯ-ეშმაკნიც მეჩხერ ტყეებს დაუყვნენ დაღმა, / ჩვენი კეთილი მეზღაპრეც მოკვდა, / იმისი ხმა კი / ვარსკვლავების წკრიალს შეერთო”…
და პოეტი უმძაფრესად განიცდის “მწვანე ბედნიერების” დაკარგვას, ბუნების იდუმალი ერთიანობისაგან, თუ ჰარმონიისაგან, თავის და ზოგადად ადამიანის გამოყოფას, გაუცხოებას, განცალკევებას: “…რომ ამოსწიოს ჩვენს ძველ სისხლში ჩამარხული მძიმე ვარსვლავი, / ვინ დაგვიბრუნებს იმ უძველეს აღფრთოვანებას / და ბალახის უკვდავ სიხარულს”… და ეს განცდა – რომელსაც, უნებლიეთ, პირველყოფილი ცოდვის დისკურსშიც გადავყავართ – შესაძლოა, საფუძვლად უდევს პოეტის ღრმა რელიგიურ წიაღსვლებს (რასაც ქვემოთ უფრო დაწვრილებით შევეხებით)…
და პოეტი თითქოს ამ დანაკარგს აკომპენსირებს იმით, რომ ვერ ელევა “ვარსკვლავებს”, “მზეს”, “მთვარეს”, “ხეებს”, “ბალახს”, “მინდვრებს”, “ქარებს”, “წვიმებს”, “მდინარეებს” – თავისი პოეტური სამყაროს მუდმივ “მობინადრეებად” აქცევს მათ და ეს ყოველივე იმთავითვე განსაზღვრავს თამაზ ბაძაღუას მსოფლაღქმის ერთგვარ ჰიპერბოლურობას, რაც პოეტიკაზეც აისახება.

* * *

მაშინვე აშკარა იყო, რომ შემოქმედის ეს სასაფუძვლო, თანდაყოლილი სომბოლურ-მეტაფორული აზროვნების უნარი სხვა არაფერია, თუ არა გამოსახულება, ნიშანი მისი თვითმყოფადობისა, თვითმყოფადი ნიჭისა, მოულოდნელად რომ ებოძა სამეგრელოს ერთ, ძველ, პატარა სოფელში დაბადებულსა და გაზრდილ ახალგაზრდა კაცს… ჩანს, ეს გაცნობიერებულიცაა: თამაზ ბაძაღუას ლექსში, მიმანიშნებელი სათაურით “პოეტი ანუ დაბადება”, ვკითხულობთ: “… ჯერ მზე არ არის გაკეთებული, / ჯერ ბალახებსაც არ უცვნიათ თავისი თავი, (…) ჯერ მეტაფორა არ არსებობს / და არარსებულ ვარსკვლავების ქვეშ დაეძებს საყრდენს, / ჯერ თბილი სუნთქვით დღე და ღამე არ გაუყვია / და არაფრისგან ყველაფერს ელის”; ან ეს სტრიქონები წავიკითხოთ: “ჩემი ბალიში ასე მწარედ მაძინებს და მეჩურჩულება: / შენ იმ ბავშვს ჰგავხარ, / სიზმარში რომ იზრდება ვითომ, / ვითომ ცაში რომ დალივლივებს / და გაღვიძებულს / უკვირს თავისი უმწეო და სუსტი სხეული.”
ყველა ნიჭი თვითმყოფადი არ არის… თამაზი კი სწორედ თვითმყოფადი ნიჭით იყო გასხივოსნებული და იმავდროულად – დამძიმებული; დამძიმებული, რადგან ასეთი ნიჭი – ნიჭი საგნების, მიმართებების, კავშირების, მოვლენების თავიდან აღმოჩენისა, თავიდან ქმნისა – თუკი იგი გაცნობიერებულია, თანდათან “მწვავე დაავადების” გამოკვეთილ სიმპტომად იქცევა, მძიმე ტვირთად აწვება შემოქმედს და აიძულებს მის “მეს” უკიდურესად დაძაბულ, ლამის ნევროტულ რეჟიმში “იმუშაოს”, მუდმივად “უფსრულის პირას მოცეკვავედ” გრძნობდეს თავს: “თუმცა ხიფათი ჩემი ნაკვალევის სურნელია, / ასე ტკბილად რომ მასულელებს, / თავის მაცდურ ტალღებზე მხვეწავს / და მაცეკვებს უფსკრულის პირას.”
არა იმდენად ყბადაღებული კომპლექსების, არამედ უმთავრესად ამის გამოა, რომ ასეთი ნიჭით დაჯილდოებული პოეტი, მხატვარი, მუსიკოსი ტვირთის შემსუბუქებას ხანდახან გარეშე, გამარინდებელი საშუალებების გამოყენებით ცდილობს, მაგრამ საბოლოოდ აწყდება უკუეფექტს: დაავადება მეტად მწვავდება…
ძველი ფორმულა ასეც შეიძლება, იყოს ინტერპრეტირებული: შემოქმედი, რახან ის შემოქმედია – “ავადმყოფია”: “ჯანმრთელს” ხომ “ცოცხალი მეტაფორებით” აზროვნების, რიტმულად და/ან რითმიანად საუბრის, ან ასეთ საუბარზე საუბრის მოთხოვნილება არ გააჩნია; “ჯანმრთელი” კომუნიკაციისას მხოლოდ კლიშეებად ქცეულ, “მკვდარ” მეტაფორებს იყენებს ხოლმე, რასაც ვერც კი ამჩნევს; მაგრამ რახან შემოქმედი “ავადმყოფია” – მაინც ადამიანია და რახან ადამიანია – გრძნობს, რომ სულს ხანდახან დამშვიდებაც ესაჭიროება… ოღონდ, ჩვეულებრივი დასვენება თუ შესვენება პოეტს არ ეხერხება, უცხოა მისთვის და… თამაზ ბაძაღუას ლექსი ეკლესიასტესთან ალუზიებით მდიდრდება: “მე აქ ყოველთვის მახსენდება წმინდა მამები, / (…) / მათი ლოცვები – / არაფერს და არაფერს შორის გაჩენილი მყარი სითეთრე, / მათი სიტყვები – სივრცის გარეთ, / ალუბლის, ხიფათის და სიკვდილის გარეთ, / (…) / მე მახსენდება მათი თვალები – / ამაოების უფსკრულები, / რომლის კიდეზე / ნევროზით მთრთოლავ ჩემს გულს ვდებდი და ვამშვიდებდი.” (“მარტვილის მონასტერთან”)… მაგრამ მომდევნო ლექსის დასაწყისშივე: “ცვალებადი განწყობილება / ანადგურებს ჩემს ნათელ დილას”…

* * *

კიდევ ერთი რამ, რასაც თამაზ ბაძაღუას ამ სიმბოლურ-მეტაფორულ აზროვნებასთან დაკავშირებით დღეს ვაცნობიერებ არის ის, რომ მისი პოეზია ერთგვარად XX საუკუნის ჰერმეტული პოეზიის სხივებსაც ირეკლავს: ჰერმეტიზმი არა როგორც დროით განსაზღვრული პოეტური სტილი თუ მიმდინარეობა, არამედ როგორც მსოფლაღქმის “ელემენტი” იგრძნობა თამაზის ლექსებში… თუმცა ასეთ “ელემენტს”, უნებლიეთ, მაინც თან სდევს შესაბამისი გამომსახველობითი საშუალებები, როგორიცაა სიტყვის მრავალმნიშვნელოვნება, ტექსტის ერთგვარი შეკუმშული ექსპრესიულობა, ალუზიურობა, რთული ასოციაციურობა თუ “პერსონალური სიმბოლიზმი”, რაც ლექსის მყისიერ აღქმას გამორიცხავს: თამაზ ბაძაღუას ლექსი რთულია და მკითხველისაგან “ემოციურ-ინტელექტუალურ მომზადებასა” და დაკვირვებას მოითხოვს.
ლექსების უმრავლესობა მეტაფორითვე იწყება, რაც თავიდანვე “იდუმალების ეფექტს” ახდენს და თითქოს მიანიშნებს მკითხველს, რომ ის სხვა, რთული სამყაროს კარს აღებს: “მეც მომიძებნეს მკერდი ქორებმა, / ბასრი ჭანგებით გულზე მასხედან”; “ცრემლი კი როგორც მესამე თვალი / ბნელით ავსებულ ოთახს მინათებს”; “ვით აბრაამის ანგელოზი, ჩამძახის მჭახედ / შიში, რომელმაც მიმაბრუნა შენს ნათელ გულში”; “რატომ დაეძებს სექტემბერი / ჩემი ოთახის ჩარაზულ კარებს?” და სხვა მრავალი.
შესაბამისად, თამაზ ბაძაღუას პოეზიაში ვერ იპოვით მარტივ სახეებს – ტროპი, თითქმის ყოველთვის, რამდენიმე შრეს შეიცავს: შრეები ეხლართებიან ერთმანეთს და რთულად წარმოსასახავ ერთიან, შეკუმშულ სახეს ქმნიან. ამასთან, მრავალშრიანი თუ მრავალწევრიანი ტროპები იშვიათად მოიცავს ახლომდებარე ასოციაციური რიგების ერთეულებს: უმეტესად ერთეულები მოულოდნელად ებმიან ერთმანეთს, რაც ჩვეულ საგნებს, მოვლენებს, გრძნობებს თუ განცდებს უჩვეულო ჭრილში წარმოაჩენს, რისთვისაც ხშირად ჰიპერბოლური ბმულები და ახლებური, უჩვეულო სინტაგმები იქმნება: “ქარით გიყურებ და ყველაზე ჩუმი ვარსვლავით / გისმენ, ხეებით გესაუბრები / და ნისლით ვცდილობ გაღიმებას” და აქ არაფერია ხელოვნური, წინასწარგანზრახული – პოეტი ასე ხედავს სამყაროს, ანუ ასეთია პოეტის სამყარო, ის ამ სამყაროში ცხოვრობს, პოეტი ამ ენაზე მეტყველებს, პოეტმა სხვა ენა არ იცის… თამაზ ბაძაღუა აღმოთქვამს: “… ან ვინ შეჰყურებს / რა მდუღარე სისხლი მოწვეთავს / ჩემი სიტყვების გამსკდარ გულიდან” (ეს სტრიქონები ნაწილობრივ ალუზიურიცაა: პასტერნაკის სტრიქონები შეიძლება, გაგვახსენდეს პოეტური დებიუტის შესახებ). ამ ტროპის ჩონჩხია: სისხლი – სიტყვები; ანუ სიტყვები დაჭრილია, ნაჭრილობევია, სიტყვებს სისხლი სდის, რაც განცდის უკიდურეს, ზღვრამდე მისულ სიმძაფრეს გადმოსცემს; მაგრამ პოეტი კიდევ უფრო ამძაფრებს გამომსახველობას, დამატებით, მოულოდნელ განსაზღვრებით შრეებს მატებს მას: “მდუღარე სისხლი”, “სიტყვების გამსკდარი გული”; ან – “დრო ისე ნელა გადის სიბნელიდან – / მაგიდაზე საათიც იტანჯება, / ისე ნელა – / ავადმყოფს სისხლს რომ გამოუშვებენ, / და დაწყნარებულ ხელებს გულზე გადაისვენებს, / ამოისუნთქავს, / ჭირისუფლებს წყნარად შეჰღიმებს”; ანდა – “ახალი მთვარე გიქნევდა ხელებს, / როგორც ძმაკაცი, / როცა ლუდზე გეპატიჟება”; ესეც წავიკითხოთ: “სველ წვიმას კაცი მიყრდნობია, / მთვრალი, საყელოამოწეული”; ან ამ მეტაფორებს დავუკვირდეთ, სადაც საგნები სრულიად მოულოდნელი “რაკურსითაა” დანახული და ეს პოეტური ნიჭის ბრწინვალე გამოსახულებებია: “წამახული ლურსმნებივით გესობოდა ტანზე სიცილი”; “წინასწარ მღერის თავის ნაყოფს აპრილის ბაღი”; “ტოტმა წყალი ჩრდილს გადაასხა”; “მე ვიწყებ სიტყვებს და ფრინველებს / შენი მშვიდი ხელისგულიდან”; “ქვა აჩუხჩუხდა / შენს ძარღვებში ქვამ დაიწყო დნობა”; “შემომყეფა სევდამ ქუჩიდან, / გამომაგდო ძაღლივით გარეთ” და მრავალი სხვა…
და, ალბათ, შემთხვევითი არ არის ის, რომ თამაზ ბაძაღუამ სათარგმნელად, პეტრარკასა და მიქელანჯელოს შემდგომ (სხვათაშორის, მიქელანჯელოს პოეზიის ჰერმეტულობაზეც საუბრობენ ლიტერატურის მკვლევარები), უპირველესად, ჯაკომო ლეოპარდი და ეუჯენიო მონტალე აირჩია – ორი იმ სამთაგანი, რომელთაც ოქსფორდული ლიტერატურათმცოდნეობა გასული ორი საუკუნის ყველაზე გამორჩეულ იტალიელ პოეტებად აღიარებს (მესამე – ჯუზეპე უნგარეტია; მისი რამდენიმე ლექსიც თარგმნა თამაზმა), და რომლებიც, ჰერმეტული თუ ნეოჰერმეტული პოეზიის ბრწყინვალე დამამკვიდრებლებად მოგვევლინენ გასული საუკუნის ოცდაათიან-ორმოციან წლებში. იგივე ითქმის სალვატორე ქუაზიმოდოზეც, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა დასახელებულ სამ პოეტს და ნობელის პრემიის ლაურეატიც მონტალეზე თექვსმეტი წლით ადრე გახდა: თამაზს მისი ლექსებიც აქვს ნათარგმნი…Dამავე რიგში უნდა მოვიხსენიოთ უმბერტო საბა, ალფონსო გატო და სხვა შესანიშნავი პოეტები… ქართველი პოეტი უთუოდ სულიერ ნათესაობას გრძნობდა მათთან…
საინტერესოა ისიც, რომ იტალიური ჰერმეტული პოეზიის მკვლევართა უმრავლესობა (მათ შორის – ბროდსკი) ხაზს უსვამს იმას, რომ ჰერმეტიზმი ერთგვარი დაპირისპირებაც იყო ფაშიზმის პეირიოდში გაბატონებულ მაჟორულ თუ იდეოლოგიზებულ პოეტურ პროდუქციასთან, ერთგვარი გამოსავალი იყო: რეჟიმს მიაჩნდა, რომ “რთული პოეზია” მასებზე არ არის ორიენტირებული, ამდენად იტალიური ფაშიზმი მას მაინცდამაინც არ დევნიდა. თამაზ ბაძაღუა საბჭოთა იმპერიის არსებობის ბოლო ათწლეულში გამოდის ფართო ლიტერატურულ ასპარეზზე: ცენზურა ოდნავ შესუსტებულია, “რთული პოეზიის” გზა უკვე გაკვალულია, უპირველესად, ოთარ ჭილაძის და მისი პლეადის (ვგულისხმობ მის მომდევნო თაობასაც) სხვა ნოვატორების მიერ – საბჭოთა რეჟიმი მეტ-ნაკლებად შეგუებულია ამასთან; მაგრამ იმპერია ჯერ ისევ არსებობს და ფიქრობს, რომ ჯეროვნად აკონტროლებს ლიტერატურულ სივრცესაც… როგორც აღმოჩნდება – სულ ტყუილად: სწორედ XX საუკუნის ქართული ლექსის მეორე რეფორმამ, ლექსის “დემოკრატიზაციამ”, რასაც ოთარ ჭილაძის წინა თაობის ცნობილმა, ბრწყინვალე პოეტებმა ჩაუყარეს საფუძველი, პრესისა და ტელე-რადიო სივრცის ტოტალური იდეოლოგიურობის პირობებში, დიდი – შესაძლოა, გადამწყვეტიF- “განმათავისუფლებელი ზემოქმედება” იქონია მკითხველის ცნობიერებაზე; არადა, პოეზიას მაშინ ათასობით მკითხველი ჰყავდა (სხვა წერილში უფრო დაწვრილებით ვწერდით ამ რეფორმის მნიშვნელობაზე და ზოგიერთ თავისებურებაზე).
და თამაზ ბაძაღუაც ბუნებრივად, ორგანულად და იმავდროულად თავისებურად, ორიგინალურად აგრძელებს ამ გზას… თუ კიდევ უფრო დავაკონკრეტებთ: რიგი ნიშნებით (მაგალითად, ტროპის რთული აგებულებით, განცდის სიმწვავით, სიღრმისეული რელიგიურობით) თამაზ ბაძაღუას ლექსი ლია სტურუას ლექსს ენათესავება (თამაზი ლია სტურუას საგანგებოდ ლექსსაც უძღვნის თავის ერთ-ერთ პირველსავე პუბლიკაციაში); თუმცა პოეტური სამყაროები სხვადასხვაა, აშკარაა პოეტიკური განსხვავებებიც. ეს “თვითმყოფადი გაგრძელებაა”: ბაძაღუას სამყაროში სახე მეტად განყენებულია, მოუხელთებელია, მეტაფიზიკურია; რიტმი უფრო გამოზომილია, “მძიმეა”; ბაძაღუა უფრო გრაფიკოსია – ერთადერთი ინვარიანტული ფერი მის პოეზიაში წითელია, სისხლისფერია; “სისხლი” ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განმეორებადი “ფიგურაა”, რომელიც იმ მარადიულ გზნებასთან თუ “ემოციურ-ინტელექტუალურ გენთან” ასოცირებს, რაც ნაბოძები აქვს ადამიანს, ინდივიდს; “სისხლი” იმავდროულად ემოციის უკიდურესად გამამძაფრებლის “ფუნქსიასაც ასრულებს”: “უნდა გაექცე თოვლის რიჟრაჟს შუაღამისას / და სისხლს ფიქრები აუკრძალო”.
კიდევ ერთი პარალელი: მაგალითად, ეუჯენიო მონტალე ნამდვილი პესიმისტი იყო, რაც არაერთხელ აღუნიშნავთ მისი პოეზიის მკვლევარებს, და რასაც თავადაც არ უარყოფდა (მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ამასვე მიანიშნებს ნობელის პრემიის მინიჭებისას მისი სამადლობელი სიტყვის სათაურიც კი – “შესაძლოა კი – პოეზია ისევ არსებობდეს?”); თუმცა ამ ცერემონიაზევე აღინიშნა, რომ მონტალე მაინც პატარა სივრცეს უტოვებს იმედს. ჩემი აზრით, აბსოლუტურად იგივე შეიძლება ითქვას თამაზ ბაძაღუას პოეზიაზე.
ამასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბაძაღუას ლექსი თვითმყოფადია, არ არის რომელსამე არსებულ, მათ შორის ჰერმეტიზმის, ყალიბზე ზუსტად ჩამოსხმული. მაგალითად, მისთვის უცხოა მონტალეს პოეზიისთვის დამახასიათებელი ლიტერატურული ენისა და ყოველდღიური სალაპარაკო ენის შერწყმა, ყოველდღიურობიდან “ამოზრდილი” დეტალურობა, ჰერმეტიზმისათვის ზოგადად დამახასიათებელი ბგერწერისა და რიტმის მიმართ გამახვილებული ყურადღება და სხვ.
XX საუკუნის ჰერმეტიზმს “აქ არ ყოფნის პოეზიასაც” ეძახიან, მაგრამ შინაარსი, რაც ამ ტერმინში ძევს განსხვავებულია თამაზ ბაძაღუასეული “აქ არ ყოფნისაგან”: ზემოთ მინიშნებული “დაავადების” კიდევ ერთი სიმპტომი გაორებაა – “სარკეში ვცდილობ საკუთარი თავის დამალვას”; ან – “რაღაც უძრავი გაყინულა / ჩემსა და ჩემს შორის”; ანდა – “ისიც ჩასწერე, (…) რომ დამავიწყდა ჩემი სიცოცხლე (…) რომ შუადღისას კარტოფილს ვიწვავ / და ორ კაცზე ვაწყობ მაგიდას”; ან კიდევ – “გვიან საღამოს, როცა კარზე მომიკაკუნებს / ჩემი თავი – როგორც სტუმარი, / დაღლილი და შეციებული”… თამაზ ბაძაღუას ალტერ ეგო (როგორც ადრე ვიტყოდით – მისი პოეზიის ლირიკული გმირი) გადის ყოველდღიურობიდან, დღევანდელობიდან. პოეტის სამყაროს სივრცე-დროის “აგებულებაში” აწმყო ილუზიაა, თითქოს არც არსებობს, პოეტი აქ არ არის, მუდამ სადღაც წინაა: “მე ფრინველი ვარ, საკუთარ ფრთას ჩამორჩენილი”; ან – “…და საკუთარმა ნაკვალევმაც გაგვისწრო თითქოს”; ანდა – “ჩემს დღეებზე და ღამეებზე / ერთი ცხოვრებით მეტი ვარ უკვე”; და კიდევ: “ჯერ მოუსვლელი წვიმები გაწვიმს, / ჯერ დაუმდგარი ზაფხული გთუთქავს”…

* * *

მეორე ეპიზოდი: სტუდენტობის ერთ-ერთ პერიოდში თამაზ ბაძაღუა სადღაც ზემო ვაკეში, თუ სწორად მახსოვს, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე (სახის ოვალით და თმის ვარცხნილობით კიდეც ჰგავდა ტიციანს), მიწის სართულზე ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა. სამაგიეროდ, ჰქონდა ძველი, მაგრამ “მოქმედი” საბეჭდი მანქანა (არ ვიცი – ათხოვა თუ აჩუქა ვინმემ, თორემ თავისი იმდროინდელი “შემოსავლებით” ამ “ძველმანსაც” კი ვერ შეიძენდა), რაც ჩვენ, “დამწყები პოეტების” უმრავლესობას, არ გაგვაჩნდა და, სიმართლე რომ ითქვას, არც გვჭირდებოდა – რა უნდა გვებეჭდა იმდენი…
სიტყვამ მოიტანა და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თამაზ ბაძაღუა პოეტად, მწერლად ადრე ჩამოყალიბდა (და ესეც მისი გამორჩეული ნიჭის ნიშანია), რაც იმ დროისთვისაც უჩვეულო იყო – ინფორმაციული ნაკადის სიჭარბე უკვე შეინიშნებოდა; ხოლო პოეტად ჩამოყალიბება ამ ჭარბი ინფორმაციის – უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ლიტერატურული ინფორმაციის – “ათვისებას” მოითხოვს, რაც ჩვეულებრივ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია. ჰოდა, პირველად ვაპირებდი ლექსების გამოქვეყნებას და თამაზს ვთხოვე რამდენიმე ლექსი იმ საბეჭდ მანქანაზე გადაებეჭდა. ავედით, მივეცი ხელნაწერი, დაიწყო ბეჭდვა, შეხვდა სიტყვა “სიყვარული” და მეუბნება: იცი, ეს სიტყვა თვალდახუჭულმაც კი შემიძლია, დავბეჭდოო… თამაზ ბაძაღუა სიყვარულის პოეტი იყო… მისთვის სიყვარული, გრძნობა კი არა, შეგრძნებაა, ყოვლისმომცველი შეგრძნება… მას სიკვდილიც კი უყვარდა… სიკვდილი და სიყვარული: აი, მისი პოეზიის ორი უმთავრესი და უცნაურად ურთიერთგადახლართული თემა, საგანი, სამიზნე, საშუალება, ფიგურა, სიმბოლო – ყველაფერი ერთად.
ზემოთ აღინიშნა, რომ თამაზ ბაძაღუა პესიმისტია და ეს არ არის რამ გამოგონილი, რამ სიყალბენარევი თუ ახალგაზრდული პოზა, ეს პოეტის მსოფლაღქმიდან გამომდინარე ბუნებრივი ელემენტია, ისევე როგორც – სიღრმისეული რელიგიურობა; და – ჩემი განცდით – ამ “ტონალობაში” თამაზ ბაძაღუას სამყარო სიორენ კიერკეგორის და XX საუკუნის რელიგიური ეგზისტენციალიზმის სამყაროს ენათესავება. ვენეციაში, პოეტებისათვის კარგად ცნობილ სან მარკოს მოედანზე თამაზ ბაძაღუას ეჩვენება – “… ჰაერივით ვიფანტებით ოთხივე მხარეს / და ჰაერივით არსად ვმთავრდებით.” მაგრამ ეს მხოლოდ ოცნებაა, მოჩვენებაა. სინამდვილე კი ის არის, რომ “მე მაქვს ხელები და შიში, / რომლებიც ვერასოდეს გაექცევიან / უხილავის გამყინავ მზერას” – ამ შემთხვევაში “უხილავი” არყოფნაა, სიკვდილია…
ჩემი აზრით, თამაზ ბაძაღუასავით მძაფრად, ღრმად, დრამატულად ქართულ პოეზიაში არავის “უკვლევია” “სიკვდილი” (ტერენტი გრანელსაც კი)… როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიკვდილი მისი პოეზიის მუდმივი “პერსონაჟია”, ის ხილულად თუ უხილავად, უშუალოდ თუ მისი სხვადასხვა გამოვლინების სახითა თუ ნიღბით ილანდება პოეტის თითქმის ყოველ ნაწარმოებში: პოეტმა ხომ “მომავალში უკვე იცხოვრა” და ეს გამოცდილება კარნახობს, რომ სიკვდილი, სასრულობის, ქმნადობისა და სწრაფწარმავლობის განცდა – როგორც ერთი ფილოსოფოსი იტყოდა – სათავეა ხელოვნებისა; სიკვდილი არსადაა, არაფერშია, უცხოა და იმავდროულად ყველგანაა, ყველაფერშია, შინაურია…
პოეტის შემოქმედებაში “სიკვდილი” ასოციაციურად თუ კონოტაციურად უკავშირდება “ცივს”, “მშვიდს”, “მთვარეს”, “სამყაროსაც” კი. “სამყაროს გული”, ადამიანის გულისაგან განსხვავებით, თითქოს მკვდარია, ამდენად “მეტაფიზიკური გარესამყარო” უცხოა ადამიანისთვის; რა შეიძლება, სამყაროს ასეთმა “გულმა” შვას – ცივი მთვარის და ცივი სიმშვიდის გარდა? “…და სამყაროს მკვდარი გულიდან / ამოვა მთვარე და სიმშვიდე…” საით შეიძლება, ასეთმა “გულმა” (რომელიც “ჩაშავებულ ღრუბლებადაც” ვლინდება) გაგიყოლიოს? – “ჩაშავებული ღრუბლების ნეში / სიკვდილის ცივი მინდვრებისკენ მიათრევს სხეულს…”
სიკვდილი, აღსასრულის განცდა თითქოს ა პრიორი გამორიცხავს ამ ქვეყნად დიდი ნუგეშის, დიდი სითბოს, დიდი სინათლის არსებობას: “რას დაგვპირდება განთიადი: აღსასრულის მოახლოებას / თუ მცირე ნუგეშს, მცირე სითბოს, მცირე სინათლეს.”
სწორედ სიკვდილი გაფიქრებს სიცოცხლის ამაოებაზე, ამწვავებს ეჭვს – საერთოდ საჭიროა კი “სიმღერა”, პოეზია? და თუ მაინც თავს ვერ ანებებ “სიმღერას”, მწარედ დაგაფიქრებს – როგორ უნდა გაუძლო “მომღერალმა” ამ გაუსაძლის მოლოდინს: “…როგორ გაუძლებ სიკვდილის სუნს მთელი სიცოცხლე, / რომ თან იმღერო, თან ნიჩაბი გეჭიროს ხელში…”
როგორ?… და პოეტი ცდილობს, წარმოსახვისა და განცდის უკიდურესი დაძაბვით, მიაკვლიოს ნუგეშს და ეს თამაზ ბაძაღუას პოეზიის სიღრმისეული რელიგიურობის მეორე წყაროდ იქცევა… ამ მტანჯველ ძიებას ცალკე ლექსებიც ეძღვნება (მათ შორისაა ბრწყინვალე “აღმოსავლეთის ვარსკვლავი”, სადაც, ჩემი აზრით, ცხადდება თამაზ ბაძაღუას მსოფლაღქმის უმთავრესი საყრდენი, რასაც ქვემოთ მივანიშნებთ). “მე მეშინია ჩემი სიფხიზლის – არაფრად ქცევის” – ამბობს პოეტი ლექსში “აღსარება ქრისტეს ჯვარცმასთან”, ბავშვივით გულწრფელად ამბობს: მხოლოდ სიფხიზლე, მხოლოდ აქ ყოფნა წარმოშობს “არაფრად ქცევის” შიშს; წარმოშობს კი არა, ეს შიში (თუ ძრძოლა – ეგზისტენციალიზმის ტერმინოლოგიით) მისი შემადგენელი, ორგანული ნაწილია, საბოლოო ჯამში – “ეს არის ის”… ეს ის ამოსავალი განცდაა, მტანჯველი განცდაა, რომელიც აიძულებს პოეტს, ეძებოს უალტერნატივო ნუგეში: “ჩვენ ჯერ არ გვითქვამს არცერთი ლოცვა ბოლომდე, / რადგან ჩვენი სიღრმიდან / ჯერ ჯვარი ვერ ამოვიტანეთ”.
პოეტის ერთ-ერთ უსათაურო ლექსში (“სადაც არასდროს არ ვიქნები, სწორედ იქ არის ბედნიერება”) იმ ეზოთერიკოსების თუ თეოსოფების სახელებიც კი ნახსენებია, რომლებიც თავისებურად ცდილობენ “სიცოცხლის შემდგომ სიცოცხლის” ინტერპრეტაციას, და რომელთა წიგნებსაც კითხულობს პოეტი – მარადიულ კითხვაზე პასუხის საპოვნელად; მაგრამ, აი, ამ ლექსის ბოლო სტრიქონები: “ჩემი ხელები არ არის ჯვარი, / ჩემი ხელები ნიჩბებია გაუქმებული. / ფრთხილად ვარსკვლავო, ჩემს სიბნელეს ნუ შეეხები, / მარტოობასაც აქვს თავისი კანონი და მოვალეობა. / მე ის მამშვიდებს, ვისაც ვერასდროს ვერ დავინახავ.” და მიუხედავად ტრაგიკული ინტონაციისა, ბოლო სტრიქონი ფარულ იმედსაც შეიცავს: ის შესაძლოა, ვერასოდეს დაინახო, მაგრამ ის მაინც შეიძლება, იყოს… და ამის დამადასტურებელია ზემოთ ციტირებული ერთ-ერთი ლექსის ბოლო ტაეპები: “მე აქ ყოველთვის მახსენდება წმინდა მამები, / თუმცა ისინი არასოდეს აქ არ მინახავს.” მართლა, შესაძლოა, გახსოვდეს ის, რაც არასოდეს გინახავს. ნებისმიერ ჩვენგანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ეუფლება ასეთი განცდა: განცდა იმისა, რომ რასაც ახლა, ამ წამს განიცდი, უკვე განგიცდია ოდესღაც; ესაა უხსოვარი განცდის განმეორების განცდა და თუკი ასეთ განცდებს უფრო ღრმად ჩავუკვირდებით, უთუოდ აღმოვაჩენთ რაღაც გაუგებარს, მიღმიერს, არსებულ არარსებულს… და აშკარაა, რომ თამაზ ბაძაღუას ადრე მოაკითხეს ასეთმა განცდებმა, მთელი თავისი სიმწვავით მოაკითხეს…
და მაინც რა შეიძლება დაუპირისპირდეს ტოტალურ უნუგეშობას?
“ჯერ უნდა გაოცდე, დაფიქრდე: … ანდა რატომ ვარ მონაწილე ამ მოძრაობის, / სიკვდილის, მთვარის, შემოდგომის”? ან – “რა ვუპასუხო იმ მიხრწნილ და უხიაკ ბებერს, / მთელი სიცოცხლე რომ იცინის ჩემში მაცდურად / და (….) არავინ უყვარს, საკუთარი სიკვდილის გარდა”; ან რატომ ხდება ასე – “არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე”…
უნდა დაწყნარდე, მოუსმინო, მიუყურადო, თუნდაც ეს ასეთ ფასად დაგიჯდეს: “…და როცა სიკვდილს უსმენს, / მისი სიტყვები ვერ პოულობენ საკუთარ ტუჩებს.”
და ნელ-ნელა, წვეთ-წვეთად უნდა “დააგროვო” – “გროვდება ცრემლი – იმედის და სასოწარკვეთის / ასე, წვეთ-წვეთად, შენც ცრემლივით ჩემში გროვდები.”; უნდა “აღზარდო” – “მე დამეკარგა ჩემი სიკვდილი (…) / რომელსაც ვზრდიდი დაბადებიდან”; უნდა შეეჩვიო, მიეჩვიო, დააფასო – “…და ჩემი ქერქიც გაიჟღინთა სიკვდილის წყლებით”; ან – “…და ღვინოსავით ვეჩვევი სიკვდილს”…
და გაუდგე “ქარების გზას – დიდი სიმშვიდის / და დიდი, დიდი სიყვარულის საძებნელად”, რომელიც მიგიყვანს იმის გაცნობიერებამდე, რომ სიცოცხლე ტანჯვის, სიკვდილის გარეშე კარგავს ღირებულებას: “…ჩემი სიკვდილი მაცოცხლებს-თქო, / ჩემი ტანჯვა მახარებს-თქო – / ესეც ვუთხარი”… რომ სიცოცხლეში, არსებობაში არაფერია უტყუარი არარსებობის, სიკვდილის გარდა: “…მე ვიცი მხოლოდ ჩემი სიკვდილი”… მიგიყვანს იმის განცდამდე, რომ სიკვდილი რამ ჭეშმარიტია და მისი აბსოლუტური სიმშვიდე მიმზიდველია: “გარდაცვლილი მეგობარი მესიზმრა წუხელ: / მეფერებოდა, ხელს მიქნევდა, წამომყევიო / და მახარბებდა რაღაც მშვიდს და რაღაც ნამდვილს”; ანდა – “გაუთენარი დღეები გზაფრავს, / ვერ ამობობღდი ბინდის ხაროდან, / ჩაგძახი როგორც ჭერახდილ საფლავს, / სადაც ბავშვივით მოგიხაროდა.” როგორც წერდა XX საუკუნის კიდევ ერთი ცნობილი ფილოსოფოსი – სიკვდილი, სასრულობა კი არ აუფასურებს ადამიანის არსებობას, პირიქით – აზრს ანიჭებს მას; პოეტი საბოლოოდ უფრო შორს მიდის – არა მხოლოდ აზრს, არამედ – მშვენიერებასაც, სრულქმნილებასაც, სიკვდილი აბრწყინებს სიცოცხლეს: “…და საკუთარმა ნაკვალევმაც გაგვისწრო თითქოს, / საფრთხე ხვეწავს იმ ნაკვალევს, / საფრთხე ანიჭებს სრულქმნილებას…”; ანდა – “… მშვენიერი ყვავი გაფრინდა / სიცივეების წმინდა მხარეში, / ხოლო იმ წუხილს ვარსკვლავები მოგიყვებიან, / ოღონდ ახედე და იფიქრე გზის დასასრულზე”; ან ეს სტრიქონები წავიკითხოთ, რომლებიც, ჩემი აზრით, არასოდეს ამოიშლება ქართული პოეზიის საგანძურიდან:

ჩვენ სიყვარულზე ცოტა მეტი ვართ,
ჩვენ სიყვარულიც თურმე არ გვყოფნის,
ჩვენ არ ვტირივართ, თუკი გვეტკინა,
ჩვენს ყოფას შუქი ადგას არყოფნის.

* * *

“არყოფნის შუქი”… არყოფნაც ანათებს, არყოფნაც ნათელია… უნებლიეთ გაგახსენდება: “რაღაა იგი სინათლე”… და ასევე უნებლიეთ კიდევ ერთი სტუდენტობისდროინდელი (ანუ გასული საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრის) ამბავი მაგონდება: რუსთაველის გამზირზე, სამხატვრო გალერეაში იმართება ირაკლი თოიძის გამოფენა (მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი სააგიტაციო პლაკატი იყოს – “Родина-мать зовет!” – სადაც ჭაღარაშერეული, ჭარმაგი, მუქ-წითელ კაბიანი ქალია გულწრფელი ექსპრესიულობით გამოსახული, რომელიც თითქოს მოუძღვება ხიშტების – ანუ საბჭოთა პატრიოტების – “ტყეს” და რომელსაც, წინა პლანზე, ხელში ფურცელი უჭირავს – სამხედრო ფიცი). კოტე ჯანდიერი, მე და, თუ სწორად მახსოვს, ჩვენი მეგობარი ნიკო შუშტაკაშვილი ვსხედვართ სამხატვრო გალერეის სიახლოვეს, ალექსანდრეს ბაღში და ველოდებით გამოფენის გახსნას. ჩვენს სკამზე უცნობი, ტანდაბალი, ხანშიშესული, სიმპათიური კაცი ჩამოჯდება და გაგვიბამს საუბარს. როგორც ირკვევა, ეს თავად ირაკლი თოიძეა. მას არ მოკლებია საბჭოთა რეგალიები, მაგრამ როგორც ყველა ნამდვილ მხატვარს, მაინც არ დაკარგვია კარგისა და ცუდის, ჭეშმარიტის და იდეოლოგიზირებულის გარჩევის უნარი: იგი გვირჩევს, გამოფენის ის ნაწილი დავათვალიეროთ, სადაც მისი ახალგაზრდობისდროინდელი, მოდერნისტული ნამუშევრებია განთავსებული. მერე სიტყვამ “ვეფხისტყაოსანი” მოიტანა (ირაკლი თოიძე ერთ-ერთი იმ ცნობილ მხატვართაგანია, ვინც “ვეფხისტყაოსნის” დასურათხატების საკუთარი ვერსია შექმნა) და აი, რა გვითხრა ოსტატმა: რუსთაველი არ იტყოდაო “რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია”, ეს რუსთაველის აზროვნების მასშტაბებს არ შეეფერება, გადამწერებმა დაამახინჯეს, უნდა იყოსო “რაღაა იგი სინათლე, რასაც არ ახლავს ბნელია”… ბატონ ირაკლის მაინც ეტყობოდა – საბჭოთა ფილოსოფიის მთავარი “იარაღის” – დიალექტიკური მატერიალიზმის გავლენა…
რუსთაველმა, რა თქნა უნდა, იცოდა, მათ შორის “დიალექტიკურადაც”, რომ შუქი ჩრდილის, ნათელი ბნელის გარეშე არ არსებობს, მაგრამ რუსთაველმა თქვა ის, რაც თქვა: უჩრდილო შუქის, უბნელო ნათელის, აბსოლუტური ნათელის, ყოვლისმომცველი ნათელის, ყოვლად დამამშვიდებელი ნათელის შეგრძნება – ეს არის ყოფნის ღირსეული, ჭეშმარიტი მეგა- თუ მეტამიზანი. უბნელო ნათელი, თუ მზიანი ღამე, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, მაინც ყოვლისმომცველ სიყვარულთან, ქრისტესთან ასოცირებს; ამასთან, რუსთაველის ასეთი ხედვა უთუოდ ნეოპლატონისტურიცაა (და ეს ყოველივე არაერთხელ აღუნიშნავთ რუსთველოლოგებს): ფილონ ალექსანდრიელი წერს – “ჭეშმარიტ გზაზე დგას ის, ვინც ღმერთს ღვთაებრივის მეშვეობით შეიმეცნებს, ხოლო ნათელს – ნათელის მეშვეობით”; იგრძნობა ძველი ინდუისტური, ბუდისტური და სუფისტური მსოფლაღქმის კვალიც (და ესეც აღნიშნულა რუსთაველოლოგიაში) და სხვ.
და, ალბათ, ამავე მეგაკონტექსტში ექცევა თამაზ ბაძაღუას “არყოფნის შუქიც”… ის კიდევ უფრო ახლოა დიონისე არეოპაგელის მიერ ღვთაებრივის აღქმასთან: “ღვთაებრივი ჭეშმარიტების მარტივი, აბსოლუტური და უცვლელი საიდუმლოებანი გადამალულია მდუმარების დამაბრმავებელ სიბნელეში, რომელთან შეხვედრისასაც გამოცანას აწყდები. ეს უღრმესი, ყოვლად შეუღწევადი სიბნელე ხომ გასხივოსნებულად ნათელია. და მიუხედავად იმისა, რომ მას ვერც დაინახავ და ვერც შეეხები, იგი ჩვენს გონებას ტრანსცენდენტური მშვენიერებით პირთამდე ავსებს”… ახლოა, მაგრამ იგივე არ არის: თამაზ ბაძაღუას “არყოფნის შუქი” არ არის მხოლოდ რამ ტრანსცენდენტური თუ მეტაფიზიკური, იგი “ყოფას ადგას”, იგი ეგზისტენციურიცაა, პოეტს სურს – დაინახოს ის, ხელით შეეხოს მას…
და სწორედ ეს არის პოეტისათვის იმედის საყრდენი: აღნიშნულა, რომ თამაზ ბაძაღუა თითქოს გრძნობდა, უხმობდა თუ წინასწარმეტყველებდა თავის აღსასრულს, მძაფრად გრძნობდა ბედისწერას… მაგრამ იმის მიუხედავად, რომ პოეტი წერს – “მე დამეკარგა ჩემი სიკვდილი – ოქროვანი და დიდებული” (“ავტოკატასტროფაში დაღუპული დეიდაშვილის ხსოვნას”); “… არ ვიცი, რამ მაიძულა / საკუთარ თავს რომ ვემუქრები განადგურებით”; ან – “მე გამოვედი ეკლესიიდან, / რომელშიც არ შევსულვარ / და უძრავი ზარების რეკვაში / ვუსმენდი ჩემს გარდაცვალებას / (…) / და მარმარილოს უტყვმა თვალებმა / მჭრელი სხივივით აირეკლეს ბავშვი, რომელიც / სიბერისგან გარდაიცვალა” (“ნიკოლოზ ბარათაშვილი”); ან კიდევ – “მე მეშინია მისი წკრიალის, / მისი ტკბილი მიმზიდველობის” – მე მაინც არა მგონია, რომ ეს სტრიქონები მოახლოებული სიკვდილის წინასწარმეტყველებაა, არა მგონია, რომ პოეტის “ნება სიკვდილისაკენ”, მართლა, სიკვდილს უხმობდა. ასე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ის არასოდეს შექმნიდა, ვერ შექმნიდა ახალშობილი ქალიშვილისადმი მიძღვილ უმძაფრეს, შესანიშნავ ლექსს – “მე ვარ მგელი…” პირიქით – მე მგონია, რომ პოეტი აბსოლუტურად გულწრფელია (ან რატომ უნდა დამაეჭვოს ამან), როდესაც ამბობს: “ზამთარი ჩემი გულია, / გული, რომელიც თეთრად სკდება, / რომელიც ჯერ არ დანებებია უიმედობას. / და თუ მოგვისწრო თოვლმა, / მე ვიტყვი, / რომ გადარჩენა არასოდეს არ არის გვიან, / რადგანაც როცა ვამბობ “თოვლი” – / მე ვგულისხმობ მუდამ სიყვარულს.” ანუ – “თოვლი, რომელიც “ცივის”, “ზამთრის”, “სიკვდილის” ასოციაციურ ველზე უნდა მდებარეობდეს, მაინც “სიყვარულიცაა”, მაგრამ სხვა სიყვარული… ამქვეყნიური სიყვარული თუ ბედნიერება ხომ პოეტს “არ ჰყოფნის” (“ბედნიერებაც ცოტაა ჩვენთვის, / რომ ბედნიერი ვიყოთ ბოლომდის.”) – მას სურს, სიცოცხლეში თუ სიცოცხლეშივე შეიგრძნოს სიკვდილის, “არყოფნის შუქიც”, ანუ სიკვდილის სიყვარულიც, რაც, ვფიქრობ, სიკვდილისაკენ სწრაფვას თუ მისი მოახლოების წინასწარმეტყველებას კი არ წარმოადგენს, არამედ ყოვლისმომცველ განცდას, რომელიც სულ სხვა “სიბრტყეზეა განლაგებული” – სიბრტყეზე, თუ ფსკერზე, რომელიც ეგზისტენციურიცაა, მაგრამ სიტყვით ვერ გამოითქმება, რადგან ის სიტყვის “არასიტყვიერი” საფუძველია.
“სიყვარულის საგანი არის რაღაც არარსებული: ის, რის წინაშეც ჩვენი სურვილი ინაბება არის ფარდა, რომლის მიღმა არარსებული რეალურად გვეჩვენება” – წერდა პოსტსტრუქტურალიზმის ერთ-ერთი ცნობილი თეორეტიკოსი… განსხვავება ისაა, რომ პოეტს არარსებული რეალურად კი არ “ეჩვენება”, არამედ ის ამ არარსებულს მთელი თავისი არსებით განიცდის, შეიგრძნობს:

თან იმ ჭრილობებს სულს ვუბერავდი
ხან ღმუილით და ხანაც სიცილით,
ვერ მოვიტყუე თავი ვერაფრით,
არყოფნის მზერა ვერ მოვიცილე.

შენ – განუწყვეტლივ მიბიძგებ – საით?
მარადიულო დღეო და ღამევ,
ამოდი ჩემგან, რომ მივხვდე მაინც
ჩემგან შენს გარდა თუ რჩება რამე.
ყველა ცდუნებას გზა მოვუჭერი,
რომ ჩავიღვარო შენში ვით წვენი,
თუ მხოლოდ ეს ვარ – უტყვი ჭურჭელი,
რათა ბოლომდე ავივსო შენით.

* * *

ერთსაც დავამატებ: დღეს სულ უფრო მწვავედ გაისმის საყვედური პოეზიის მიმართ, რომელიც ზედმეტად ჰერმეტულია (ამ სიტყვის ფართო გაგებით), პოეტის შინაგან სამყაროზეა ფოკუსირებული და ავიწყდება საკაცობრიო თუ ეროვნული პრობლემები; მაგრამ ასეთი საყვედური, ვფიქრობ, მუდამ უნდა დაკონკრეტდეს, რადგან, ცნობილია, რომ რაც პოეზიაში უპირველესად ღირებული და საინტერესოა – ეს სწორედ პოეტის ორიგინალური შინაგანი სამყაროა; ასე რომ არ იყოს, პოეზია დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას, რადგან იგი მუდამ უტრიალებდა და უტრიალებს მარადიული “თემების” მცირე რაოდენობას. ცნობილია ფორმულა: ხელოვნებაში მთავარია არა “რა”, არამედ – “როგორ”… სხვანაირად რომ ვთქვათ: მიუხედავდ იმისა, რომ ხელოვნებაში “რა” და “”როგორ” ერთიანია, მაინც ამ ერთიანობაში ახალი, ორიგინალური, თვითმყოფადი “როგორ” თავის თავში შეიცავს ახალი ნიუნასებით გამდიდრებულ, ახალი თვალით დანახულ, ახლად დაბადებულ “რას”, რომელიც თავისი წარსული “ორეულისგან” ყოველთვის განსხვავებულია…
მეორე მხრივ, ჰერმეტულობა თუ ინტრავერტულობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოეტისთვის უცხოა “აქტუალური თემები”. თამაზ ბაძაღუა შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მეტად ინტრავერტული ქართველი პოეტი იყოს, მაგრამ მისთვის უაღრესად მტკივნეულია, მტანჯველია საბჭოთა პოლიტიკურ რეჟიმთან შეხება, სამშობლოს “ვირტუალურობის” განცდა… და იგი, უპირველესად, შეგუების თუ განურჩევლობის დაძლევისკენ მოუხმობს საკუთარ თავს, თაობას, უხმობს თავის ენაზე, მწვავედ, მძაფრად: “და ფანჯრებს იქით პეიზაჟის განურჩევლობამ / გამახსენოს ჩემი სიმხდალე – / უცოდველობად მონათლული დიდი ხნის წინათ… / (…) / საუკუნეა ჩემს სხეულში, როგორც ტაძარში / აღარავინ აღარ ლოცულობს!”; ან – “ვინ გამოგვიყვანს ეგვიპტიდან, / ვინ გვაშიმშილებს ორმოც დღე-ღამეს. / ჩვენ მოწუწუნე თაობა გვქვია, / ჩვენი კანონი არის შიში და გულგრილობა”; კიდევ უფრო მძაფრად – “მოწვეთავს ცრემლი – ვეღარ ტირიხარ, / დაგჭრეს და სისხლი მაინც არა გდის, / გადაგაწნავენ მათრახს ირიბად / და შენც მადლობას იხდი მარადის.” ანდა, ამაზე მეტად “პოლიტიკური” რა უნდა შეექმნა პოეტს (თუმცა, როგორც თამაზ ბაძაღუას სხვა ლექსები, ეს ლექსიც ერთმნიშვნელოვანი არ არის, სხვა დისკურსის შინაარსებსაც იტევს და სხვაგვარადაც შეიძლება, იქნეს ინტერპრეტირებული):
მკვდრები ყვიროდნენ:
აი, ჩვენი სისხლი და ძვლები,
ჩვენი ხელები – ბნელი ნესტით ამწვანებული,
ჩვენი თვალები – ღია და მუნჯი,
მკვდრები ყვიროდნენ, -
აი, ჩვენი დროშების შუქი,
ჩვენი ძახილის თამამი ექო,
დაუძლეველი სისხლის ჩუხჩუხი,
მდინარეებად და ღრუბლებად აღმა წასული,
მკვდრები ყვიროდნენ
მაშინ
როცა ცოცხლები სდუმდნენ.

* * *
აი, ასეთ სივრცეებს იტევდა ოცდარვა წლის ბიჭის სული, ბიჭის, რომლის ბედისწერად, სიკვდილი კი არა, პოეზია იქცა… როგორ განვითარდებოდა მისი ლექსი? იქნებ – გოეთეს ცნობილი ფორმულის მიხედვით, პოეტური სიტყვის თუ სტილის დროში ცვლილებას რომ გამოხატავს… თუმცა, ასეთი კითხვის დასმაც და სავარუდო პასუხების ძებნაც ფუჭი საქმეა: თამაზ ბაძაღუამ დაგვიტოვა ის, რაც დაგვიტოვა – დაგვიტოვა ჩვენ და დაუტოვა ქართული ლექსის მომავალ მკითხველს…
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“