ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

ნინო ტეფნაძე – პაატა შამუგიას ,,უპირატესობის” შესახებ

პოეტები მხოლოდ ქაღალდზე რითმებით მოლაპარაკენი როდი არიან. პოეტური თვალით, პოეტური გულით და დიდი ოცნებით გასხივოსნებული სხვაც ბევრი დადის დედამიწაზე, “- ეს სიტყვები ,,ნატვრის ხიდანაა” და ალბათ, თავის დროზე მათ სანუგეშებლად შეიქმნა, ვისაც პოეტობა უნდოდა და არ გამოუვიდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. პოეტები აღარც ქაღალდზე წერენ, არც მაინცდამაინც რითმებით ლაპარაკობენ და მით უმეტეს, დიდი ოცნებით გასხივოსნებულნი აღარ დააბიჯებენ დედამიწაზე.
ასე მაგალითად, პაატა შამუგიას მე დედამიწაზე უფრო ხშირად სოციალურ ქსელში ვხვდები. კამათისას ყოველთვის მზად აქვს ხოლმე სათანადო ირონია და მოწინააღმდეგის მხარზე დასაცემად საჭირო ციტატები. რაც მთავარია, მის სტატუსებსა და კომენტარებს თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ ის არაა პოეტი ლეონიძისეული გაგებით. არც ქაღალდზე წერს, არც ტრადიციულ რითმებს წყალობს და საერთოდაც, კარგად ესმის, რომ პოეზია უსაქმურობის ხელოვნებაა და ღმერთთან მას ხელი არ აქვს.
მიუხედავად ამისა, რელიგიური მოტივები მის ლექსებში მაინც უხვადაა. პრინციპში, ამას უკვე რელიგიური მოტივებიც აღარ ჰქვია, ეს რაღაც ფამილარული დამოკიდებულებაა ღმერთთან. როცა შეგიძლია, მას ზურგზე ხელი დაუტყაპუნო და ნახევრად (!) ხუმრობით უთხრა: ,,მოდი, როლები გავცვალოთ, ღმერთო, შენ იყავი პაატა შამუგია, მე ვიქნები ღმერთი”. ვიღაცისთვის ასეთი მიდგომა იაფფასიანი ტრიუკია, ვიღაცისთვის – ეპატაჟი. ჩემთვის საქმე გაცილებით მარტივადაა. პაატა მორწმუნე არაა, რის გამოც თავს უფლებას აძლევს, ყოველგვარი მოწიწებისა და ტაბუების გარეშე იმეგობროს ღმერთთან. ან სულაც ითანამშრომლოს. კრებულ ,,უპირატესობაში” პაატა შამუგია, უფალი და საბჭოთა კავშირი მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და თითოეული მათგანის ,,უპირატესობა” მხოლოდ პირობითია.
ასეთივე ფამილარული დამოკიდებულება აქვს ავტორს ენასთანაც. სიტყვებთან ურთიერთობისას ის თავდაჯერებულია, როგორც ფილოლოგს ეკადრება და თავხედი, როგორც პოეტს მოეთხოვება. პაატას ლექსებში ხშირად წააწყდებით კონტექსტში სავსებით ლოგიკურად ჩამჯდარ ნეოლოგიზმებსა და სიტყვების ეკლექტურ სიმრავლეებს (,,კონიუნქტურული ,,დედაენა” უცხოელი ტურისტისათვის”, ,,მომხდართა ლოცვა”, ,,მეთერთმეტე მცნება”), მელოდიურ ალიტერაციებსა და გონებამახვილურ შედარებებს.. და ამ ყველაფერს შემთხვევითობის სასიამოვნო კვალი ატყვია. თითქოს, ლექსის წერის დროს წინ ეწყოს სიტყვებით სავსე ტომრები და მათგან ამოღებულ სიტყვებს ანგარიშმიუცემლად არგებდეს ერთმანეთს. მიუხედავად ასეთი ,,დაუდევრობისა”, ყოველი შედარება ბუნებრივი გამოდის: ,,სიყვარული ისეთი სახიფათოა, როგორც კონტრაბანდა/
და ღიმილი პირდაპირი, როგორც ვარდნა”, ყოველი მეტაფორა კი – ემოციურად ზუსტი:
,,მიწაში საიმედოდ ჩათესილმა მკვდრებმა გაიხარონ,
ყლორტები გამოიღონ,
ხელებზე ხილ(ებ)ი გამოებათ და ვიხილოთ ხილი”.
ვფიქრობ, ემოციური სიზუსტე იმით მიიღწევა, რომ პაატა პოეტი-ცენზორია. დაუნდობლად ცხრილავს ხოლმე საკუთარ ლექსებს, გადარჩენილი ლექსებიდან- მონაკვეთებს, გადარჩენილი მონაკვეთებიდან კი – სიტყვებს. შედეგად კი 4 წლის განმავლობაში მხოლოდ 1 თხელი კრებული მიიღება. სამაგიეროდ, ის, რაც წიგნში ხვდება, საუკეთესოა.
წიგნში ლექსებთან ერთად პოემაა შესული, ,,უპირატესობა”. ის ათი თავისგან შედგება და თითოეულ მათგანში სხვადასხვა კუთხით შლის მთავარ თემას – საბჭოთა კავშირს. ასოციაციები ერთი შეხედვით, ბანალურია: სიკვდილი, დუმილი, წითელი ფერი, გადასახლება. სამაგიეროდ, ამ ასოციაციების გამოხატვის ფორმაა განსხვავებული. ასე მაგალითად, იღებს პოეტი წინადადებას ,,ამხანაგ მამას ასახლებენ მიუდგომელ სიცივეში” და სამი სერიის თერთმეტ მწკრივში აუღლებს. ამ ექსპერიმენტის შედეგად კი საინტერესო პოეტური პარადიგმა იბადება. გარდა ამისა, უხვადაა საბჭოთა რეჟიმის აღმწერი ახალი სიმბოლოები: შიშის დესანტები, წითელი მგლები, ანონიმური რეალობა.. აქ ვერსად ნახავთ ნამგლებსა და უროებს. საბჭოთა მიმართებები პაატა შამუგიასთან არაპროგნოზირებადია, როგორც მომავალი წლის ამინდი.
ჰო, აი წერას უკვე ვასრულებდი და გამახსენდა, რაც აქამდეც უნდა მეთქვა. პაატა მხოლოდ სოციალურ ქსელში არაა ირონიული. ის ირონიას ლექსებშიც იყენებს და ალბათ, სწორედ ამით გაურბის პოეტურ ტრადიციად ქცეულ სენტიმენტებს. როგორც წესი, მისი ირონია არ ტოვებს წმინდა, ხელშეუხებელ თემებს, რაც სულაც არაა გასაკვირი. აკი თვითონ პაატაც ამბობს, რომ პოეზია მხოლოდ საგნებისთვის ადგილის შეცვლაა. ადგილის შეცვლას კი ღმერთიც ისე ექვემდებარება, როგორც ნებისმიერი მოკვდავი.
პ.ს. ჩემთვის სწორედ ეს – ღმერთსა და ადამიანს შორის წაშლილი ზღვარია პაატას პოეზიის მთავარი ,,უპირატესობა”.
© kalmasoba.com
Facebook Comments Box