პოეზია

ნუგზარ ზაზანაშვილი – წავა წავა და სხვ. ლექსები

***

რა გინდ გადაგხდეთ,

რა გინდ შეგემთხვეთ

მორთეთ ნაძვის ხე,

საახალწლო ნაძვის ხე მორთეთ…

აიღეთ ფერადი ბურთები,

ვარსკვლავები,

ჩიტები

და მორთეთ ნაძვის ხე…

 

თუ ამის ფული არა გაქვთ,

იშოვეთ ერთი მწვანე ტოტი

და ორი ლურსმანი,

დაამაგრეთ ტოტი კედელზე

და შეაბით – რაც გაქვთ,

ოღონდ ფერადი:

ძველი ღილები,

ან ძაფები,

ან მოგონებები,

ან რამე ასეთი…

 

და ზედმეტ კითხვებს ნუ დაუსვამთ

ნურც სხვას

და ნურც საკუთარ თავს…

უბრალოდ მორთეთ მწვანე ტოტი,

ერთი, პატარა, საახალწლო

მწვანე ტოტი მორთეთ…

 

***

ოფისში,

ჩემი ოთახის ფანჯარაში

აყვავებული იასამანია

და რა დასამალია –

მე მიყვარს სენტიმენტალური

აყვავებული იასამანი,

მიყვარს მისი ფერი,

მისი სურნელი,

მისი პატარა გულისებრი ფოთლები,

მისი პაწაწინა ყვავილები……

 

მალე აღდგომაა…

როდესაც ყვავის იასამანი,

ყოველთვის მალე აღდგომაა –

სენტიმენტალური

აღდგომა…

 

***

მ. ნ.-ს

წავა წავა

წავა წავა

წავა წავა

წავა…

– როგორა ხარ?

– ავადა ვარ.

– ავადა ხარ?

– ავად.

 

წავა წავა წავა წავა

წავა წავა

წავა…

შეიცვლება მედიცინა,

შეიცვლება

ჰავაც.

 

წავა წავა

წავა წავა

წავა

წავა

წავა……

მანამდე კი

წვენს დაგისხამ,

მოგიდუღებ

ყავას.

 

***

შაბათს, 11 საათზე, ჩვეულებრივ,

ოფისის მანქანით ოფისისკენ ვმოძრაობ.

მანქანის რადიოდან 50-იანი წლების

ამერიკული ჯაზ-ორკესტრი უბერავს:

ტრომბონები,

საქსოფონები,

საყვირები…

 

შევუხვიე ვიწრო ქუჩაზე…

შეფერხება:

ჩემ ხაზზე, ერთ-ერთ სადარბაზოსთან

მუქი ფერის პიკაპია გაჩერებული,

შემხვედრი ნაკადი კი არ წყდება…

ვაკვირდები:

ჯერ კუბოს თავსახურს ვამჩნევ – ტროტუარზე,

მერე – კუბოსაც,

ჩემკენ ზურგით მოქცეული ორი კაცი

პიკაპის “ფურგონში” რომ ათავსებს…

 

ისე, რატომაც არა! –

ძალიანაც უხდება სასულე ინსტრუმენტების

ეს რიტმული რია-რია

გინდ გადასვენებას, გინდ გასვენებას,

მით უფრო – მაისის მზიან დღეს…

 

***

რა უნდა დამხვდეს იმ ქვეყნად ისეთი,

ეს ივლისის წვიმა რომ არ მომენატროს,

ან – თუნდაც ეს გალუმპული ყვავი,

ჭადრის ტოტზე რომ ზის

და –  იმის თავიც აღარა აქვს,

დაიჩხავლოს: “მეტი ვერასდროს”…

 

***

“სიბერის ნიშნებიდან”

ჩავუარე

ჩამიარა

თვალი თვალში მხოლოდ წამით გაიყარა

და მეხსიერებაში აღიბეჭდა

ჩალისფერი თმა და

ახალგაზრდა სახის მიმზიდველი ნაკვთები

 

ის შეიძლება აღარასოდეს შემხვდეს

და ამას არცა აქვს მნიშვნელობა

უბრალოდ კარგია რომ

დადიან ქუჩებში ასეთი სახეები

და წამით მაინც

თვალს თვალში გაგიყრიან ხოლმე

 

***

რას დაწერ ისეთს,

რა სტრიქონებს გამოიგონებ?..

 

სიცოცხლემ წერა-კითხვა არ იცის,

ის უბრალოდ მიდის იქით,

საითაც უნდა მიდიოდეს –

მხოლოდ მისთვის ცნობილი მიმართულებით…

 

ჰოდა,

 

ჭკუას ვკარგავ ნახიჭევანურ გოგრის მურაბაზე,

მის უნაზეს გემოზე, არომატზე…

და თუმცა ტკბილი არ მეჭმევა,

ღამის სიბნელით ვისარგებლე –

უჩუმრად და მალულად –

პატარა ქილა ბოლომდე გამოვცალე…

 

ჩოკ საღოლ გოგრის მურაბის მომგონს!

და კიდევ – ძველ მეგობარს, ტარიელ თალიბოვს, –

სამეცნიერო წოდებებმა რომ ვერ შეცვალა,

და რომ ისევ ეამაყება “ვეფხისტყაოსნის”

პერსონაჟის სეხნიობა.

 

დაფრენიდან აფრენამდე

 

ამ ლექსის აღსაქმელად საჭიროა სომხ., რუს., ინგლ.,

გერმ., ფრანგ., თურქ./აზერ. ენების ცოდნა

 

დამშვიდდი, ძმაო, „ვალნავატსა

პეტკ ჩი“,

ეს ყველაფერი ღირს კი ამად –

„მელოჩი“?

და მერე რა რომ, გზა გერჩია

„დიffერენთ“,

რაც გერგო – გერგო, შეირგე და

იმღერე!

იმღერე დილით, შუადღეს და

საღამოს.

ხანდახან ცოტა გააბოლე –

გაამოს!

ღამით კი თავი დაანებე

საიტებს –

რას მოინელებ იმას, რასაც

დაიტევს

კიბერნეტიკა, „ცუმ ბაიშპილ(ь)“,

ბლოგები?!..

თუმცა ესეც ხომ იგივეა –

მოგების

შესახებ გაწვდის განუწყვეტლივ

სიგნალებს.

შენც სათანადოდ იხუმრე და

იანგლე!

 

და კიდევ:

ნუ დაინანებ ნურასოდეს –

„საღოლს“ და

ნუ დაინანებ ნურასოდეს –

„ბრავოს“ და

ნუ დაინანებ ნურასოდეს –

„გუდ ჯობს“ და…

დაფიქრდი – ოქრო რატომაა

მუნჯობა,

ანდა – ძილი რად ეძალება

საღათას?

 

და ბოლოს:

ჰევ ე ნაის თრიფ,

ბონ ვოიაჟ და

საღსალამათ!

 

***

N-ს

ვერც ნიჭი გიშველის

ვერც Alma Mater

შენ რომ გსურს

ისეთ წიგნს

ვერასდროს

დაწერ

© არილი

Facebook Comments Box