პოეზია

პაპუნა გიორგაძე – “ლაიკა” და სხვა ლექსები

papuna 027838

ლაიკა

ლაიკა ზის მარტოდ მარტო,
ან ღამესთან ზის და თავთან.
კარის ზღურბლთან ზის ლაიკა,
არაფერს დარაჯობს,
ან და რა არის სადარაჯო?!
ნისლი ან თოვლი თუ გამოჩნდება,
ნისლს და თოვლს აღარ უყეფს ლაიკა,
ლეკვი აღარ არის,
თუმცა არაფერი უნახავს,
არსად წასულა,
ან და სად უნდა წასულიყო?!
სადაც დაიბადა მხოლოდ იქაა ნამყოფი,
სხვა და სხვა ამინდებში,
და ლეკვობიდან
სხვა და სხვა ამინდებს უყეფს, ეთამაშება.
უკვე კი აღარ,
აღარ არის ის დრო, როცა ზაფხულში,
კარის ზღურბლთან,
ლაიკა წევს,
ლაიკა ყეფს,
ცისფერ თვალებში მზე ამოდის ლაიკას,
და აღარც თოვლში პატარავდება
შორს გაქცეული,
აღარც კუდის და თოვლის დევნაში იღლება,
ეს ბოლო დროა,
ზის მარტოდ მარტო,
ან ღამესთან ზის და თავთან,
კარის ზღურბლთან ზის ლაიკა.
რაც გაიზარდა,
მზე თვალებში დაიტოვა,
ღამითაც მოჩანს,
თოვლშიც მოჩანს და ნისლშიც მოჩანს.
კარის ზღურბლთან ზის ლაიკა,
არაფერს დარაჯობს,
ან და რა არის სადარაჯო?!
ნისლი ან თოვლი თუ გამოჩნდება,
ნისლს და თოვლს ვეღარ უყეფს,
მზეც მის თვალებში შუადღესავით მოთენთილია.
სადაც დაიბადა მხოლოდ იქაა ნამყოფი,
სხვა და სხვა ამინდებში,
თუმცა მალე ნახავს,
წავა, სხვა ადგილს ნახავს ლაიკა,
უცხო ხეებს და იგივე ამინდებს,
უცხო გრძნობასაც,
რომელიც ფეხებიდან იწყებს სიცივეს,
და მზემდე ადის.

 

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,
ერთხელ სარეცხით სავსე კალათაში ეძინა
და შეჰყვა სარეცხს პატრონის მოსამსახურის ხელიდან
სარეცხ მანქანაში,
და სარეცხის ფხვნილიან წყალთან ერთად დალია სული.

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,
ერთხელ მაღალ კორპუსებზე სეირნობისას
დაინახა რომ მუნჯ ბავშვს სცემდნენ სხვა ბავშვები
და დასახმარებლად გადმოხტა,
მიწამდე ინანა, მიწამდე, სადაც სული არ დაჰყოლია,
არა იმიტომ რომ მიზანს სცდებოდა,
უბრალოდ ინანა
და გაუხარდა გაცოცხლებულს
მის გვერდით რომ იწვა მკვდარი მუნჯი ბავშვი.
კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა
ერთხელ მის ტერიტორიაზე შემოჭრილმა
ბეწვაქეცილმა და სუნიანმა ძაღლებმა გაგუდეს
კანალიზაციის იმ მილის გვერდით
რომელიც უკვე წლებია რაც გახეთქილიყო.

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,
და ერთ ზამთარში შიმშილით მკვდარი ვირთხების ჭამას
ისევ შიმშილით სიკვდილი ამჯობინა
და მოკვდა თოვლში, ლოთურ ბარბაცით,
უკნავლელად, უემოციოდ.

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,
ერთხელ მძარცველებს გაკიდებულმა
პოლიციის მანქანამ გადაუარა ჩიხში მძინარს,
გაცოცხლებულმა კი დაინახა
რომ სანაგვე ყუთს შეჯახებული პოლიციელები მომკვდარიყვნენ
ქუჩას კი ეტყობოდა მძარცველების მანქანის ბორბლების კვალი.

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,
ერთხელ მეცნიერმა დაიჭირა
და საცდელი ვირუსი გამოსცადა მასზე.

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,
და ახალ ზამთარს ისევ მოკვდა შიმშილით კატა.

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა
და ერთხელაც სიბერით მოკვდა,
ისევ იქ, იმ ქუჩაზე,
სადაც წლებია გახეთქილიყო კანალიზაციის მილი,
და გამვლელ ადამიანებს ცხვირსახოცები აეფარებინათ სახეზე.
ვეღარ ხვდებოდა გაცოცხლების მიზეზს ბებერი კატა.

თუმცა გაცოცხლდა
რადგან
კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა,
ბოლოს იგი მშიერმა ადამიანებმა დაიჭირეს,
გაატყავეს, შეწვეს და შეჭამეს
მრავლის მომსწრე ჩიხში,
ძვლები კი ბეწვაქეცილ და სუნიან ძაღლებს გადაუყარეს.

კატას 9 სიცოცხლე ჰქონდა
და ცხრავე აზრიანად, ამაყად და მშვიდად გალია,
მისი პატრონისგან განსხვავებით,
რომელმაც კატის პირველ სიკვდილზევე მოიკლა თავი.

 

ქუჩაში სეირნობისას გამომეკიდნენ ძაღლები

ქუჩაში სეირნობისას გამომეკიდნენ ძაღლები.
ფრთები შევისხი, ფრთები ყოვლისმომცველი
და ავიჭერი ცად, რომელიც არ იყო ლაჟვარდი,
თუმცა ძაღლებმაც შეისხეს ფრთები და ლაჟვარდი ცით
გამომეკიდნენ.
მაშინებდნენ და მიყეფდნენ რომ ყველა ღრუბელი ლიბერალია,
და რაც არ უნდა მაღლა მეფრინა, მაინც ვერავის ვნახავდი მაღლა,
მაშინებდნენ და მიყეფდნენ რომ ყველა სილურჯე, და ყველა სითეთრე
და ყველა ყვითელი კლაკნილი ლიბერალია.

აი მაშინ კი მოვიშორე ფრთები. ფრთები ყოვლის მომცველი,
და გადავეშვი წყალში ლაყუჩებით,
რადგან ქუჩაში და ცაში უკვე მომსდევდნენ ძაღლები,
თუმცა მათაც გამოიბეს ლაყუჩები, და წყალშც დამედევნენ

მაშინებდნენ და მიყეფდნენ რომ ყველა თევზი ლიბერალია,
და რაც არ უნდა ფსკერისკენ მეცურა, მაინც ვერავის ვნახავდი ფსკერზე,
მაშინებდნენ და მიყეფდნენ რომ ყველა წყალმცენარე, ნიჟარა
და მინიატურული მინა ლიბერალია.

აი მაშინ კი მოვიშორე ლაყუჩები,
და გავიქეცი ქვესკნელისკენ, სიბნელეებით, გვირაბებით, ექოებით,
რადგან ქუჩაში, ცაში და წყალში უკვე მომსდევდნენ ძაღლები,
თუმცა ისინიც გამომყვნენ ქვესკნელში სიბნელეებით, გვირაბებით, ექოებით.

მაშინებდნენ და მიყეფდნენ რომ ყველა ფასკუნჯიც ლიბერალია,
და რაც არ უნდა დაბლა გავქცეოდი, მაინც ვერავის ვნახავდი დაბლა,
მაშინებდნენ და მიყეფდნენ რომ ყველა სტალაქტიტი და სტალაგმიტი
და ყველა წარსულის მუნჯად მეტყველი ფრესკა ლიბერალია.

აი მაშინ კი როცა სხვა გზა აღარ დამიტოვეს მოვკვდი,
და გავფრინდი სამოთხისკენ ფეხებდამძმებული, დაღლილი,
რადგან ქუჩაში, ცაში, მიწაში და ქვესკნელში უკვე მომსდევდნენ ძაღლები,
თუმცა ისინი გამომყვნენ სამოთხეშიც, ნათელშემოსილნი და შარავანდედებით,

მაშინებდნენ და მიყეფდნენ რომ თავად ღმერთიც ლიბერალია,
და რაც არ უნდა წმინდა სულით წარვუდგე მსაჯულს, მაინც ვერავის ვიპოვნი იქაც,
მაშინებდნენ და მიყეფდნენ რომ ყველა ანგელოზი,
ყველა სერაფიმი და ქერუბიმი ლიბერალია.
აი მაშინ კი აღარსად გავქცეულვარ,
დინჯი გულისწყვეტით ვბრაზობდი სახლზე, და მკლავებზე ჩამოკიდებული ძაღლები
ხრავდნენ ჩემს ძვლებს და ძვლის ტვინს წოვდნენ გამაძღარები,
უყეფდნენ ყველას, და მიმეორებდნენ გაფრთხილებას, რომ არსად არავინ არ არის, არსად!

 

Project Psycho

ბებერი გველი დასრიალებს სხეულში.
სლიპინა კანი ეხება სხეულს.
ამონთხეული შხამით
გამოწვავს მკერდს და გამოსრიალდება.
ბებერი გველი მყრალია.
ღმერთი ჰალუცინაცია.
ყველა ვინც გიყვარს მკვდარია.
ყველა ვინც გიყვარს მკვდარია.

როგორ იტევდი როცა სხეულზე დიდია გველი.
როგორ იტევდი როცა გულზე მეტია მკვდრები.
ქარი რომ იყოს ჩადგებოდა.
აქ რომ ქარი იყოს ჩადგებოდა.
აქ ჩადგებოდა ქარი.
შენი წარსულის ნაწილია,
შენი მომავლის იდილიის ნაწილია
ბებერი გველის საკვებად ქცეული
შენს ფეხებთან ბებერი გველის მოთრეული
გაციებული მკვდარი.

გეგონა ყვირილი გიშველიდა
ვინმე ხმას გაიგონებდა და გიშველიდა
და დღემდე ყვირი მაგრამ არავინ გშველის.
გეგონა ამგვარ სიცოცხლეს სიკვდილი გერჩივნა.
გეგონა ამ მკვდრების ნახვას სიკვდილი გერჩივნა.
მაგრამ ასე არ ყოფილა.
მადლობელი ხარ რომ არ გკლავს გველი.

ენაზე საზიზღარი გემო გაქვს.
შენს გონებას აკონტროლებენ პირბადიანები.
უფრთხი თვით ღმერთზე ძლიერ ჰალუცინაციას.
გარშემო გიჟები დორბლავენ თეფშებში.
საკუთარ თეფშებში დორბლავენ გიჟები.
გიჟები დორბლავენ საკუთარ თეფშებში.
მაგიდის ქვეშ კი ბებერი გველის სუნია.
მაგიდის ქვეშ კი ბებერი გველის სუნია.

სადაც კედლებს არ აქვთ ექო.
სადაც ხელები ჩაჭიდების გარეშე ზურგს ეხებიან.
სადაც არასდროს ჩანს ღამე.
ქარი რომ იყოს ჩადგებოდა.
აქ რომ ქარი იყოს ჩადგებოდა.
აქ ჩადგებოდა ქარი.
ჰერმეტულ ვაკუუმს გასცდა ბებერი გველი
და დასრიალებს წარსულში
რადგან მომავალი არ არსებობს.
რადგან მომავალი არ არსებობს.

ასევე ჰერმეტული სპერმის ქილები.
თაროებზე ჰერმეტული სპერმის ქილები.
ოდესღაც შენც იქ იყავი.
შენი მკვდარი დაც იქ იყო.
ბებერი გველის მონელებული ახლახან.
მკვდარი. მყრალი. და.
ბებერი გველის მონელებული ახლახან.

ესეც იდილიის ნაწილია.
სიცოცხლის უტყუარი გარანტია.
ფუძემონგრეულ მომავალში.
შენ. შენი მკვდრები. და ბებერი გველი.
შენ. და საზიზღარი გემო ენაზე.
შენ. შენი მკვდრები. და ბებერი გველი.
შენ. შენი მკვდრები. და ბებერი გველი.

© არილი

Facebook Comments Box