პროზა (თარგმანი)

პასკალ კინიარი – ენაზე მომდგარი სახელი

pascal-quignard 43434

პასკალ კინიარი (დაიბადა 1948 წელს) თანამედროვე ფრანგული მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. განათლებით ფილოსოფოსი და მუსიკოსი, იგი ფართო ერუდიციით და მრავალმხრივი ინტერესებით გამოირჩევა. ძველბერძნული და ლათინური ენებით გატაცებამ, ბაროკოს მუსიკასთან სულიერმა სიახლოვემ მის მსოფლმხედველობაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.

იგი მრავალ ჟანრში მუშაობს – რომანი, ესე, მცირე ტრაქტატი, მოთხრობა, ზღაპარი, სცენარი. 2000 წელს საფრანგეთის აკადემიის დიდი პრიზით აღინიშნა მისი რომანი „ტერასა რომში“, ხოლო 2002 წელს მიენიჭა გონკურის პრემია წიგნისთვის „მოხეტიალე ჩრდილები“. განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოუტანა მწერალს რომანმა „ყოველი დილა ქვეყანაზე“, რასაც ალენ კორნოს ეკრანიზაციამაც შეუწყო ხელი.

ფრანგულიდან თარგმნა გურანდა დათაშვილმა

სადაა ჯოჯოხეთი? სადაა ბნელი ნაპირი ჩვენი არსების სიღრმეში, სადაც ყოველ სულიერს ყავლი გაუდის? სად მკვიდრობს ჯოჯოხეთი, თუკი იგი იმ ვაშლშია, რომელიც ყმაწვილმა ქალმა ეს-ესაა მოწყვიტა და გთავაზობთ? სადაა ადგილი, სადაც ყველაფერი იღუპება? ნორმანდიის პროვინციაში გამუდმებით იზრდება ბალახი, სუსხიანი ზამთარი იცის, ოღროჩოღრო გზებია, გაუთავებლად წვიმს.  იქ ხეთა სამეფოა, უხვადაა ვაშლის ხეები.

იქ ოკეანე ბატონობს და ქარია მისი მბრძანებელი. ამიტომაც ამ მიწის ბატონ-პატრონნი ოკეანის გამგებლები იყვნენ. ქარის მბრძანებლები კი ზღვაოსნები არიან. ნორმანდიაში ისიც კი ზღვაოსნად ითვლება, ვინც ყანას ბარავს. ტანსაცმლის გამომჭრელიც კი ზღვაოსანია. სიდრს რომ წურავს, ისიც ზღვაოსანია. კოტანტენის ნახევარკუნძულიც კი მეზღვაურის ნავია, რომელსაც ზღვისკენ უბიძგებენ. იგი დრაკარია, რომელიც ოკეანის თეთრ ნაპირს შემორჩა.

მეფე ლუი ენაბლუ 879 წლის აპრილში გარდაიცვალა. მის შემდეგ  კარლომანი გამეფდა. ეს ამბავი სწორედ იმ დროს მოხდა. მაშინ, როდესაც სოფლებსა და ნავსადგურებში აღარავინ იცოდა არც წერა და არც კითხვა.  მეათასე წელი ახლოვდებოდა. იმ დროს ნორმანდიის საჰერცოგოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც დროების დასასრულს ელოდნენ და ისეთებიც, ვინც ამას არ ელოდა. ერთ მხარეს ქრისტიანები იყვნენ, მეორე მხარეს კი დანიელები, მაგრამ ისინი ერთმანეთში იყვნენ არეული. ერთმანეთისგან გამოცალკევებას ვერ ახერხებდნენ, რადგან დროების დასასრული თითოეული დღის თითოეული წუთია. ეს გიიომამდე[1] იყო.

ერთ ძველ ქალაქში, რომელსაც დივს ეძახდნენ,  ჭაბუკი თერძი ცხოვრობდა, სახელად ბიორნი. მის სახელს წარმოთქვამდნენ, როგორც ჟენს და ჰყვებოდნენ, რომ ძველ ენაზე ჟენი დათვს ნიშნავდა. თერძი თვალტანადი ყმაწვილი იყო. განიერ შარვალს და გრძელსახელოებიან პერანგს ატარებდა. წელზე კი ფაქიზი ნაქარგობით შემკული ფართო ქამარი ერტყა. იგი ქალის სამოსს კერავდა. ყველა ქალს, ვინც კი მასთან იკერავდა ტანსაცმელს, იგი მოსწონდა და სიამოვნებით გაჰყვებოდა მას ცოლად. თუკი დაუკვეთდნენ, ჟენი კედლის დიდ ხალიჩებსაც ქსოვდა. გარდა ამისა, სათევზაო ბადეების ქსოვაც ეხერხებოდა.

იგი სხარტი გონების პატრონი იყო. ყველაფერზე მზად ჰქონდა პასუხი. ისე კარგად კერავდა, რომ ხელმოკლე არ ეთქმოდა. მისი სახლი მდინარის ნაპირს გადაჰყურებდა. თავხეზე ყოველთვის ორი ხმალი ეკიდა. კოლბრიუნს იგი უყვარდა.

კოლბრიუნი მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა. თავს ქარგვით ირჩენდა. მას გაგიჟებით უყვარდა ჟენი. დილას, შუადღისას და საღამოს თავისი ფანჯრიდან მისკენ იცქირებოდა. ღამე აღარ ეძინა.

ერთ ღამეს, როცა ლოგინში ბევრი იტრიალა და დაძინება ვერ მოახერხა, საკუთარ თავს უთხრა:

„მოსვენება დამეკარგა. მასზე ვფიქრობ და გულზე ცეცხლი მიკიდია. თვალზე ცრემლი მადგება. ეკალივით ჩამოვხმი. მისი სახელი გონებიდან არ მშორდება“.

მეორე დილას მან ტანთ ჩაიცვა, წითელ-ყვითლად მოქარგული წინსაფარი გაიკეთა და ქუჩა გადაკვეთა. შემდეგ ვაჟის ფანჯრის ხის რაფაზე დააკაკუნა. თერძმა თავი უკმაყოფილოდ ასწია, რადგანაც კოლბრიუნმა საქმეს მოსწყვიტა. ქალმა უთხრა, რომ იგი უყვარდა და ბედნიერი იქნებოდა, თუ მისი მეუღლე გახდებოდა. მან დასძინა:

„შენში ყველაფერი მომწონს. შენი ხმის გაგონებაც კი მიყვარს. რა არის შენთვის შენი ხმა? არაფერი. მე კი მის გაგონებაზე სიცოცხლე მემატება“.

ჟენმა საკერავი გადადო. ქალს შეხედა. უთხრა, დაფიქრება მჭირდებაო. დაამატა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო ქალის თხოვნა. უთხრა, ყოველთვის სიამოვნებით გიყურებდი, როცა ფანჯარასთან ქარგავდი ხოლმეო. გაიმეორა, რომ მოსაფიქრებლად დრო სჭირდებოდა: საღამო, ღამე და მეორე დილა.

მეორე დღეს, სანამ საათი შუადღეს დარეკავდა, ჟენმა კოლბრიუნის კარზე დააკაკუნა. საგანგებოდ გამოწყობილიყო. ეცვა თავისი გრძელსახელოებიანი პერანგი, განიერი შარვალი და წელს ნატიფი ნაქარგობით შემკული ქამარი უმშვენებდა. ქალმა შინ შეიპატიჟა. აღელვებისგან წითლად ღუოდა. ვაჟმა მისი ნაქარგები დაათვალიერა. შემდეგ მიუბრუნდა და მისი ხელები თავისაში მოიქცია. გამოუტყდა, რომ მის ცოლად შერთვას აპირებდა, მაგრამ ერთი პირობით. ქალიშვილს უთხრა:

„კოლბრიუნ, შენზე ამბობენ, რომ დივის ყველაზე დახელოვნებული მქარგავი ხარ. შეგიძლია თუ არა, ჩემი ქამრის დარი ლამაზი ქამარი მოქარგო? პირადად მე ეს ვერ შევძელი“.

ამ სიტყვებზე ჟენმა ქამარი შეიხსნა და კოლბრიუნს გაუწოდა.

ქამრის შეხებაზე კოლბრიუნს სახეზე ალმური მოედო, რადგანაც ქამარს თერძის სხეულის სითბო ჰქონდა გამოყოლილი. მან უპასუხა:

„შევეცდები, ჟენ, რადგანაც მინდა შენი ცოლი გავხდე. იმედი მაქვს, ნამუშევრით კმაყოფილი დარჩები“.

კოლბრიუნი თავაუღებლად შრომობდა. ღამეებს ათენებდა, რომ ზუსტად გადმოეცა ორნამენტები, რომლებიც ქამარს ამკობდა, მაგრამ ხაზები ისე იყო ერთმანეთში გადახლართული, ძაფები, რომლებითაც ისინი იყო გადანასკვული, ისეთი სათუთი და ნაზი იყო, ხოლო ფერები იმდენად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, რომ ვერ ახერხებდა ესოდენი სრულყოფილებისთვის მიეღწია.

ზედიზედ თეთრად ნათენებ ღამეებს შიში დაერთო. ვაითუ, პირობა ვერ შევასრულოო. უხეირო მქარგავი ვყოფილვარო, წუხდა კოლბრიუნი და დარდობდა, ჟენი ჩემზე უარს იტყვის, რადგანაც სიტყვას ვერ ვასრულებო.

ქალი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. სიცოცხლის ხალისი დაკარგა. ჭამა შეწყვიტა. ამბობდა:

„იგი მიყვარს. ქარგვა თითქოს ვიცი. თავდადებით ვმუშაობ, მაგრამ არაფერი გამომდის“.

მუხლებზე იჩოქებდა და თვალცრემლიანი ევედრებოდა ღმერთს. შესთხოვდა:

„ჰოი, ზეცისა და სიკვდილის მეუფევ, ვინც არ უნდა იყო, მოდი ჩემ საშველად. რას არ გავიღებ, ოღონდაც თერძი ჟენის მეუღლე გავხდე“.

*

ერთ ღამეს, როცა კოლბრიუნი ქვითინებდა, კარზე კაკუნი მოესმა. ხელში შანდალი აიღო და სახე ახლოს მიიტანა ფანჯარასთან, რომელსაც ქარისგან ღორის გაპოხილი შარდის ბუშტი იცავდა. მან ვიღაც  დიდგვაროვანი ბატონის სილუეტი დალანდა.

ბატონს მდიდრულად ეცვა. ოქროს კამზოლი და ფართო თეთრი მოსასხამი ემოსა. წელზე ოქროსავე სარტყელი ჰქონდა  შემოხვეული  იარაღის დასაკიდად. იგი კაკუნს განაგრძობდა.

კოლბრიუნმა მორიდებით გამოაღო კარი. ბატონმა უთხრა:

„ნუ გეშინიათ. ღამით გზა ამებნა. მდინარეზე გაწოლილ ნისლს გამოვყევი. სიბნელეში თქვენი სახლიდან გამოსული შუქი დავინახე. მსურს ცხენი შევასვენო. იგი თქვენს ღობესთან მივაბი. თუ არ შეგაწუხებთ, ცოტა რამეს გეახლებოდით და დავლევდი კიდეც“.

კოლბრიუნმა იგი შინ შეიპატიჟა. კერას შეშა მიუმატა. სტუმარს  შემაჭრებული სიდრი შესთავაზა. ბატონმა შეახსენა:

„მშია“.

კოლბრიუნმა ბოდიში მოუხადა დაბნეულობისთვის, მაგრამ ღამის დაღლილობას მასზე ემოქმედა. სტუმარს  ბურღულის ფაფის მომზადება შესთავაზა, მაგრამ მან უპასუხა, ვაშლს ვამჯობინებდიო.

კოლბრიუნმა ხილის თასი აიღო და სარდაფში ჩავიდა ვაშლების ამოსატანად. სტუმარს ვაშლი გაუწოდა. ბატონმა ვაშლი ჩაკბიჩა. მან შეამჩნია, რომ კოლბრიუნი მალულად იმშრალებდა ცრემლებს. პირი შეიწმინდა და მიმართა:

„ქალიშვილო, შენ ტირი“.

კოლბრიუნმა უპასუხა, რომ ეს სიმართლე იყო და დასძინა:

„მე თერძი ჟენი მიყვარს. ასე გვიან ღამით იმიტომ ვმუშაობ, რომ ჟენს შევპირდი ქამრის მოქარგვას. ხუთი კვირაა დღე და ღამეს ვასწორებ, მაგრამ ღირებული ვერაფერი შევქმენი. იქნებ, ჯობია საკუთარი თვალით ნახოთ?“

იგი ქამრის მოსატანად წავიდა და სტუმარს უჩვენა ნიმუშები, რომლებშიც ამაოდ ცდილობდა, ზუსტად გადმოეცა ქამრის მშვენიერება.

ბატონს გაეღიმა და მიუგო:

„მოიცა… ან სამყარო ძალზე პატარაა, ან შემთხვევითობაა ძალზე უცნაური რამ. მგონი იმ აბგაში,  ჩემს ცხენს რომ  ჰკიდია ფერდზე, სწორედ ამგვარი ქამარი უნდა მქონდეს“.

როცა ბატონი სახლში შემობრუნდა და ქამრები ერთმანეთს შეადარეს, აღმოაჩინეს, რომ ისინი წყლის ორი წვეთივით ჰგავდა ერთიმეორეს. ერთი ძაფიც კი არ იყო სხვა ფერის. ერთი ხაზიც კი არ იყო განსხვავებული. უეცრად კოლბრიუნს ცრემლები მოაწვა. მან თქვა:

„იმიტომ მეტირება, რომ ღარიბი ვარ. ეს ქამარი ერთი ცხენი, შვიდი ძროხა, ან ოქროს აგრაფი მაინც ეღირება. ვერასოდეს შევძლებ მის ყიდვას. ვერასოდეს გავხდები ჟენის ცოლი“.

ბატონმა უბრძანა, რომ ახლავე შეეწყვიტა ცრემლების ღვრა. იგი ძალიან ახლოს მივიდა ქალთან, თავზე ალერსით გადაუსვა ხელი და უთხრა:

„ამ ქამარს ისე გაჩუქებ, თუ გინდა.

– რის სანაცვლოდ? – აღშფოთებით დაუსხლტა ხელიდან კოლბრიუნი.

– უბრალო პირობის სანაცვლოდ.

– რა პირობის? – შეეკითხა კოლბრიუნი.

– რომ ჩემს სახელს არ დაივიწყებ – უთხრა ბატონმა.

–  რა გქვიათ? – ჰკითხა ქალმა.

– მე ჰედებიკ დე ჰელს მეძახიან.“ – განაცხადა ბატონმა.

კოლბრიუნმა სიცილი ვერ შეიკავა. ხელი ხელს შემოჰკრა და წამოიძახა:

„როგორ უნდა დამავიწყდეს ასეთი მარტივი სახელი: ჰედებიკი? ვგონებ, დამცინით“.

ბატონმა მიუგო:

„არ დაგცინი, კოლბრიუნ, მაგრამ ამდენსაც ნუ იცინებ. იმიტომ რომ, თუ ერთი წლის შემდეგ ამავე დღეს, ამავე საათს, შუაღამისას ჩემი სახელი დაგავიწყდება, ჩემი გახდები“.

კოლბრიუნმა გულიანად გაიცინა.

„ძალიან ადვილია სახელის დამახსოვრება!“ – თქვა მან.

იგი სტუმართან მივიდა და ქამარი გამოართვა. კაცი სკამიდან წამოდგა. კოლბრიუნმა უთხრა :

„თქვენი მოტყუება არ მსურს, ბატონო. მე მხოლოდ თერძი ჟენი მიყვარს. მას სიტყვა მივეცი და მაშინვე ცოლად უნდა გავყვე, როგორც კი ქამარს მივუტან“.

ბატონმა უთხრა:

„შენ უკვე მითხარი, რა ვალდებულება გაკისრია შენი თერძის წინაშე, მაგრამ ჩემდამი აღებულ ვალდებულებასაც ნუ დაივიწყებ. გახსოვდეს ჩემი სახელი. თუ მეხსიერება გიღალატებს, მით უარესი შენი თერძისთვის. ამ შემთხვევაში იძულებული იქნები, მე წამომყვე“.

კოლბრიუნმა უპასუხა:

„თქვენ ერთსა და იმავეს იმეორებთ. სულელი არ ვარ. ჰედებიკ დე ჰელის სახელის დამახსოვრება ისეთივე ადვილია, როგორც კოლბრიუნისა და არა მგონია, ოდესმე გამიჭირდეს ჩემი სახელის გახსენება. თქვენ ძალიან კეთილი იყავით ბატონო ჩემო, მაგრამ ვშიშობ, რომ ერთი წლის შემდეგ გულში მხოლოდ ქარს და სინანულს ჩაიკრავთ“.

– შესაძლოა ასეც მოხდეს, თქვა ბატონმა დე ჰელმა უცნაური ღიმილით. მაგრამ მე რომ შენს ადგილას ვიყო, ჟენის სხეულით ვისარგებლებდი და მას ძალიან მაგრად ჩავიკრავდი გულში!

ამ სიტყვებზე მან მხრებზე მოიგდო თავისი ქათქათა მოსასხამი, გადააბიჯა კარის ზღურბლს, მივიდა ღობესთან, შეჯდა თავის ბედაურზე და გზას გაუდგა კუნაპეტ ღამეში. მხედარი და მისი ცხენი მყისვე გაუჩინარდნენ თეთრ ნისლში, რომელიც მდინარეზე გაწოლილიყო.

*

ჟენს უცებ გაეღვიძა. მზერა ფანჯრისკენ გაექცა: რიჟრაჟი ძლივს კრთოდა და უკვე ვიღაც აკაკუნებდა კარზე. ვაჟი საწოლიდან წამოხტა და გაიფიქრა:

„იმედი მაქვს, კოლბრიუნია. იმედია, ქარგვა დაასრულა“.

იგი კარის გასაღებად წავიდა. ქალ-ვაჟი მაგიდაზე დაიხარა და ქამრებს დასცქეროდნენ. მათ ერთმანეთს ადარებდნენ, იცინოდნენ. ჟენი კოლბრიუნს ეუბნებოდა:

„ჯადოქრის ხელები გქონია“.

კოლბრიუნი წითლდებოდა, გული სიამაყით ევსებოდა.

მაგიდაზე გაშლილი ქამრები იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, რომ ვერცერთი მათგანი ვეღარ ხვდებოდა, რომელი ქამარი მიანდო ჟენმა ქალიშვილს.

კოლბრიუნმა ვეღარ მოითმინა:

„მაშ, ხვალვე შეგვიძლია საჯაროდ გამოვაცხადოთ ჩვენი ქორწინების შესახებ“.

ჟენმა უპასუხა, რომ ხვალამდე დაცდა საჭირო არ იყო. გამოცხადება დღესვე შეეძლოთ და დაამატა:

„მეამაყება, რომ ცოლად ვირთავ ოსტატს, რომელმაც შეძლო იმ სამუშაოს შესრულება, რომლის ბოლომდე მიყვანაც მე ვერ მოვახერხე“.

მან კოლბრიუნის ხელები თავისაში მოაქცია, მისკენ დაიხარა. ქალ-ვაჟი ერთმანეთს გადაეხვია.

ისინი დაქორწინდნენ. ჟენის ქონებას შეადგენდა: ხის სახლი მდინარე დივის პირას, ათგანი ქსოვილის თოფი, ჩაქუჩი, ორი ხმალი. კოლბრიუნს მზითევში მოჰყვა: ხის მაგიდა, სკამი, ტალ-კვესი, შანდალი, სართავი ჯარა, თითისტარი, საქარგავის გადასაჭიმი ბურთი და რგოლი. ჟენმა ყველას თანდასწრებით მიართვა კოლბრიუნს თავისი ნატიფად ნაქარგი ქამარი და წელზე შემოარტყა. ასევე, ყველას თანდასწრებით კოლბრიუნმა თავისი ქამარი აჩუქა ვაჟს და ვაჟმა თვითონვე გაინასკვა იგი მუცელზე. თავ-თავიანთი ქამრებით დამშვენებულმა ქალ-ვაჟმა შესვა თითო-თითო ფიალა პრე და სიდრი მთელი დივის თვალწინ და ამგვარად ყველას დასტურით ჩატარდა მათი ქორწინების ცერემონიალი.

ქორწილს მჭედელი უძღვებოდა. მას გარს ეხვივნენ წყლის მზიდავი, ბეწვეულის მკერავი, მეთევზე, დურგლები და ხაბაზები.

კოლბრიუნი ძროხაზე შეჯდა და ჟენის სახლისკენ გაემართა. ჟენმა გასაღებები ჩააბარა თავის მეუღლეს.

კოლბრიუნმა კერაზე ნაცარი მოხვეტა, იბანავა, თმა მაღლა აიწია და კეფაზე ლენტით შეიკრა. მარჯვენა ხელში ჩაქუჩი დაიჭირა, სარეცელზე დაწვა, ფეხები გაშალა და ქმარი მიიღო. ორივემ ბედნიერად იგრძნო თავი. ცხრა თვე გავიდა.

მეცხრე თვის მიწურულს, როცა საქარგავ რგოლზე შავი ბედაურის სილუეტი გამოჰყავდა, კოლბრიუნს უეცრად სახე ეცვალა.

მას გაახსენდა ბატონი, იმ საღამოს რომ ეწვია, როცა ტიროდა და შუქი ანთებული ჰქონდა დატოვებული, სწორედ ჟენზე ქორწინების წინადღეს. გაახსენდა მისთვის მიცემული პირობა. ის-ის იყო, მისი სახელი უნდა გაეხსენებინა, რომ უეცრად იგი სრულიად ამოუვარდა თავიდან.

სახელი ენაზე ადგა, მაგრამ ვერ იხსენებდა. სახელი მის ბაგეებთან დალივლივებდა, სულ ახლოს იყო, კოლბრიუნი მას გრძნობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა მის მოხელთებას, ბაგეებში მოქცევას, წარმოთქმას.

იგი აღელდა. ფეხზე წამოხტა.

ბევრი ეძება გონებაში, მაგრამ ვერ გაიხსენა იდუმალი ბატონის სახელი. მის თვალებში ელდამ დაისადგურა.

ოთახში ბორიალს მოჰყვა.

იმეორებდა მოძრაობებს, რომლებიც იმ საღამოს აგონებდა. სარდაფშიც ჩავიდა ვაშლების ამოსატანად ქაშანურის ხილის თასით ხელში, ცდილობდა, თანმიმდევრულად აღედგინა, რაც გააკეთა. ფიქრობდა თეთრ მოსასხამზე, შავ ბედაურსა და ოქროს სარტყელზე. ხმამაღლა წარმოთქვამდა იმ ღამით ნათქვამ  წინადადებებს, ახსოვდა კაცის მიხრა-მოხრა, ვაშლის ჩაკბეჩის ხმა, მისი კამზოლი, სიტყვები, წინადადებები, მაგრამ ვერ იხსენებდა მის სახელს.

*

კოლბრიუნმა ძილი დაკარგა.

საძინებელი ოთახი ნაღველმა მოიცვა. ღამეს ქალი შიშში ატარებდა. საკუთარ თავს უკრძალავდა ქმართან სიახლოვეს. საწოლში მოუსვენრად წრიალებდა დავიწყებული სახელის ძიებაში.

ქმარი გაკვირვებული იყო.

საძინებლის შემდეგ ნაღველმა სამზარეულოში გადაინაცვლა. კოლბრიუნს კერძები ეწვებოდა. როცა საჭმელი დახრუკვას გადარჩებოდა, სუფრის გაწყობა ავიწყდებოდა. კერაში ნაცარს აღარ ხვეტდა, ამიტომ ბუხარი იმურებოდა და ბოლავდა. იქამდეც კი მივიდა, რომ ერთხელ კერძის მომზადება დაავიწყდა, იმდენად მოეცვა შიშს მისი გონება, რომელიც დავიწყებულ სახელს ეძიებდა.

ქმარი გაჯავრდა.

კოლბრიუნი ჩამოდნა. ისევ გამხმარ ეკალს დაემსგავსა. ნაღველმა, რომელიც საძინებელ ოთახსა და სამზარეულოში დაბუდებულიყო, ახლა ხეხილის ბაღს შეუტია. ქალი აღარ მარგლავდა სალათის ნათესებს, ამოსაღები სტაფილო მიწაში რჩებოდა, ბოცვრები ამაოდ ელოდნენ ბოსტნეულის ღეროებს. ბაღი აღარ იძლეოდა ვაშლსა და მსხალს. ამიტომ ჩიტები მას აღარ ეკარებოდნენ. ყველაფერი მიჩუმდა. წელში მოხრილი, თავჩაღუნული კოლბრიუნი ხეების ტოტებქვეშ დაბორიალებდა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა, დავიწყებულ სახელს იხსენებდა.

ერთხელ ჟენმა სილა გააწნა.

თვალცრემლიანი კოლბრიუნი მისკენ შებრუნდა. ქმარმა ხელები დაუჭირა და გულმოსულმა ჰკითხა მასში ასეთი ცვლილების მიზეზი. რამ დაატეხათ თავს ასეთი ნაღველი?

რატომ აღარ ეკარებოდა საჭმელს? რატომ გაურბოდა ქმრის ალერსს, როცა ერთად იწვნენ? და რატომ ქვითინებდა გულამოსკვნილი მთელი ღამე? რამ დაადუმა ხეხილის ბაღი? რატომ გაცივდა კერა? რატომ დაბორიალებდა თავდახრილი ოთახებში? შეშლილივით რატომ დაეხეტებოდა ბაღში ტუჩების ცმაცუნით, თითქოს რაღაცის თქმა სურს და ვერ გაუბედიაო?

კოლბრიუნმა ვერაფერი უპასუხა. სილა ისეთი ძლიერი იყო, რომ ლოყა სტკიოდა.

მან ტირილს უმატა. თავი მეუღლის მკერდში ჩარგო და ქვითინებდა. ვერ ჩერდებოდა, გულამომჯდარი სლუკუნებდა. ჟენი თმაზე ეფერებოდა მეუღლეს. ქალს უთხრა:

„ძალიან ბევრს ტირი. დივი უნდა შეგარქვა, იმდენს ტირი. იმ მდინარის სახელს დაგარქმევ, რომელიც ჩვენს სოფელს ჩამოუდის. მის წყალს მოჰყავს ჩვენი ხილი, მასში იკლავენ წყურვილს ჩვენი ცხენები და ძროხები, მასში ირეცხება ჩვენი თეთრეული, მისით ვაკეთებთ წვნიანს, მასში ვიბანთ ხელ-პირს, მასში დაცურავენ თევზები, შენსავით რომ აღებენ პირს მთელი დღის მანძილზე.“

უეცრად კოლბრიუნმა ოთხი ნაბიჯით დაიხია უკან. სახე მთლად გაფითრებოდა. ცრემლები შეშრობოდა. მან ქამარი შეიხსნა და ქმარს გაუწოდა.

ის წელში გამართული იდგა ჟენის წინაშე. სახეზე მტკიცე გადაწყვეტილება ეწერა. ქმარს უთხრა:

„მე მოგატყუე. მრცხვენია. ეს ქამარი ჩემი არ არის. ვერ შევძელი მისი მოქარგვა. ეშმაკობა ვიხმარე. ერთხელ, შუაღამისას როცა ვტიროდი, რადგანაც ვერაფერს ვუხერხებდი საქარგავს, სანთელი ანთებული დავტოვე. კარზე ერთმა წარჩინებულმა ბატონმა მომიკაკუნა. ცხენი ჩემს ღობეზე მიება, დიდი თეთრი მოსასხამი ემოსა. ეს ქამარი მან მომცა. მე კი სიტყვა მივეცი, რომ მისი გავხდებოდი, თუკი ერთი წლის შემდეგ მის სახელს ვეღარ მოვიგონებდი. უკვე ცხრა თვეზე მეტი გავიდა. სახელი რაა? სახელზე ადვილი დასამახსოვრებელი რა უნდა იყოს? სიტყვა „ქამარი“ როგორ უნდა დაივიწყო? სიტყვა „სიყვარული“ როგორ ვერ უნდა გაიხსენო? როცა სულს დავლევ, მაშინაც კი შენი სახელის ხსენებაში ვიქნები, მაგრამ იმ სახელს ვეღარ ვიგონებ“.

თერძი ცოლთან მივიდა, ქამარი გამოართვა და კოლბრიუნი გულში ჩაიკრა.

„ნუ ტირი, უთხრა მას. მე შენ მიყვარხარ. ან იმ სახელს მივაგნებ, ან იმ ბატონს.“

მეორე დღეს, გამთენიისას, ჟენი წამოდგა და ტანთ ჩაიცვა. კოლბრიუნს ჰკითხა, თუ საითკენ წავიდა ბატონი.

„იქით“ – მიუთითა მან.

ჟენი იქით წავიდა. მდინარის კალაპოტს მიჰყვა. ტყეში შევიდა, ტყის მჭრელებს გაესაუბრა. ბუჩქნარი გადაჩხრიკა, კლდეებზე იფოფხა. ორდღიანი სიარულის შემდეგ კუნძზე ჩამოჯდა, რადგან დაღლილობამ სძლია. ცრემლები წამოსცვივდა. უკვე მეორე თვის ნახევარი იყო გასული. უეცრად თვალწინ ყურდაცქვეტილი ბაჭია გამოეცხადა. ბაჭია შეეკითხა:

„რატომ ტირი?

– თეთრმოსასხამიან ბატონს დავეძებ.“

„გამომყევი“ – უთხრა ბაჭიამ.

ჟენიც ადგა და ფეხდაფეხ მიჰყვა. ბაჭიამ იგი თავის სოროსთან მიიყვანა, რომელიც ხავსის ქვეშ იყო ჩამალული. ჟენმა ჩაიმუხლა, ოთხზე დადგა და სოროში შეძვრა. იგი მიწის ქვეშ ჩავიდა და იმ ქვეყანაში აღმოჩნდა. უცებ დიდი, თეთრი ციხე-დარბაზი დაინახა, რომელიც ღამეში ანათებდა. ასაწევი ხიდი ჩამოშვებული  იყო და მან ხიდზე გაიარა.

ეზოში მეჯინიბეები ცხენებს აურვებდნენ.

ოთხკუთხა ეზოს შუაგულში მსახურები დიდ ოქროს ეტლს აკრიალებდნენ. სხვები კრეტსაბმელებს ასუფთავებდნენ.

ჟენი მსახურებს მიუახლოვდა და კრძალვით ჰკითხა:

„შეიძლება გავიგო, რატომ ხეხავთ ამ ეტლს?

– ჩვენი ბატონი დედამიწაზე ასასვლელად ემზადება. იქიდან  ახალგაზრდა მქარგავი ქალი უნდა ჩამოიყვანოს და ცოლად შეირთოს, – უთხრეს მსახურებმა.

– ეტლი, რომელსაც თქვენ ახლა აკრიალებთ, მართლაც დიდებულია. გულახდილად მითხარით, როგორ შეიძლება მოხდეს, რომ ასეთი საუცხოო ეტლის მფლობელს დიდებული სახელიც არ ერქვას?“

– მართალი ბრძანდებით, – უპასუხეს მსახურებმა. ეს ეტლი ჰედებიკ დე ჰელს ეკუთვნის.“

ჟენს გააჟრჟოლა.

„გადაეცით ჰედებიკ დე ჰელს, რომ თერძი ჟენი სალამს უთვლის.“ მან სათითაოდ დაუკრა თავი მეჯინიბეებს და მსახურებს, რომლებიც ეტლის გარშემო ტრიალებდნენ. თავიანთი მხრივ, ისინიც ასევე დაემშვიდობნენ მას.

ჟენმა ციხე-დარბაზი დატოვა. ჰელიდან აღმართით გამობრუნდა. უნდა ითქვას, რომ ნორმანდიის ძველი მცხოვრებნი ჰელს ჯოჯოხეთს უწოდებდნენ.

უნდა ვთქვათ, რომ ჯოჯოხეთი სამყაროს სახელია სამყაროს ყველა ბინადრისთვის.

ჟენი სოროდან ამოძვრა. სუფთა ჰაერი რომ  ჩაისუნთქა, ქალაქ დივისკენ გაიქცა. გზად ჰედებიკ დე ჰელის სახელს იმეორებდა. სახელი კარგად ახსოვდა, რადგანაც გულმოდგინედ ცდილობდა მრავალჯერ გაემეორებინა იგი.

მდინარესთან მისულმა წყალში თავისი სახლის ანარეკლი დაინახა. წამით შეჩერდა. დივზე მოლივლივე სურათმა მოხიბლა. ხელით მოაჯირს დაეყრდნო, შეხედა თავისი სახლის გამოსახულებას, რომელიც წყლის ზედაპირზე ელავდა. უეცრად იგრძნო, რომ  შიოდა.

როცა წელში გასწორდა, შეეცადა კვლავ ეთქვა სახელი: ის იქვე იყო, სულ ახლოს, ენაზე ადგა, მისი ბაგეების ირგვლივ ნისლივით დაცურავდა. ხან უახლოვდებოდა, ხან შორდებოდა. მაგრამ როცა მოინდომა ცოლისთვის ეთქვა, სახელმა უმტყუნა.

*

ორი დღე ისვენებდა. კოლბრიუნს ისე ეშინოდა მასთან დაშორების, რომ ღამით ჟენის მკლავებში შიშისგან თრთოდა. ამასობაში მეთერთმეტე თვე დადგა. ჟენი წავიდა, მდინარეს გაჰყვა და ტყეში შევიდა. ბევრი ეძება ხავსქვეშ, მაგრამ ის სორო ვეღარ იპოვა. ცხოველებს ეკითხებოდა მიწისქვეშა სამყაროს გზას, მაგრამ ისინი მდუმარედ შესცქეროდნენ, ან მისგან გაქცევას ლამობდნენ. თერძი სულ უფრო და უფრო ღრმად მიიწევდა ტყეში.

უეცრად ტყე დამთავრდა და იგი ოკეანის წინაშე აღმოჩნდა.

დაქანცული იყო. წყალში შეჭრილი კლდის კიდეზე ჩამოჯდა, რომელსაც ტალღები ეხლებოდა. ცრემლები მოაწვა. წყლის ზედაპირზე კამბალა ამოცურდა. მან ჰკითხა:

„რა გატირებს?“

ჟენმა შეხედა თეთრ ტალღებში მონავარდე კამბალას და უთხრა:

„თეთრმოსასხამიან და ოქროსსარტყლიან  ბატონს დავეძებ.“

„გამომყევი“ – მიუგო თევზმა და ზღვაში ჩაყვინთა.

ჟენი ოკეანეში გადაეშვა. ზღვის ფსკერს შეეხო. წყალმცენარეთა კედლის მიღმა დიდი ციხე-დარბაზი დაინახა, რომელიც სიბნელეში ანათებდა. ასაწევი ხიდი დაშვებული იყო. მან ზედ გაიარა.

ეზოში ჯარისკაცები უნაგირებს ადგამდნენ შავ ბედაურებს.

ციხე-დარბაზის ოთხკუთხა ეზოს შუაგულში მსახურები წითელ ბალიშებს დებდნენ ეტლში. მზარეულებს წყლის დოქები და ვერცხლისთავსახურიანი ლანგრები მოჰქონდათ, საიდანაც მადისაღმძვრელი სუნი ამოდიოდა და მათ ეტლის კარებებში, საგანგებოდ ამისთვის განკუთვნილ სათავსებში, ფაქიზად აწყობდნენ.

ჟენი მზარეულებთან მივიდა და კრძალვით ჰკითხა:

„შეიძლება გკითხოთ, რატომ ალაგებთ ამ კერძებს ეტლში“?

– ჩვენი ბატონი დედამიწაზე ასვლას აპირებს ახალგაზრდა მქარგავი ქალის წამოსაყვანად და სურს  მგზავრობისას  მას  მცირე საუზმით გაუმასპინძლდეს.

– მართლა არაჩვეულებრივი სუნი დგას, თქვა ჟენმა. მართალი მითხარით, როგორ შეიძლება, რომ მას, ვინც ასეთ საუცხოო კერძებს ამზადებინებს, თავადვე არაჩვეულებრივი სახელი არ ერქვას?

– მართალი ბრძანდებით, მიუგეს მზარეულებმა. ასეთ კერძებს ყოველდღე მიირთმევს ჰედებიკ დე ჰელი.

ჟენმა ტუჩები დაისველა.

„გადაეცით ჰედებიკ დე ჰელს, რომ თერძი ჟენი  სალამს უთვლის“.

მან სათითაოდ დაუკრა თავი მზარეულებს, რომლებიც ეტლის გარშემო ტრიალებდნენ. ისინიც ამგვარადვე დაემშვიდობნენ.

ჟენმა დატოვა ზღვის ციხე-დარბაზი. გაარღვია ზღვის ზედაპირი. ნაპირზე გამოვიდა. პლაჟი გადაკვეთა. ტყეში შევიდა. მირბოდა და ჰედებიკ დე ჰელის სახელს იმეორებდა. სახელი კარგად ახსოვდა, რადგანაც განუწყვეტლივ იმეორებდა. ცდილობდა ხშირ-ხშირად ეთქვა იგი.

ტყე გადაიარა. ტყიდან გამოვიდა და ხეობას გაჰყვა. მდინარეს მიუყვებოდა. ხიდზე ავიდა. ხიდზე ცოლი დაინახა, რომელიც მისკენ მორბოდა და სახელს უძახდა. ძალზე წყნარი საღამო იყო.  ბინდდებოდა. ცოლი მის სახელს გაჰყვიროდა. მის უკან მზე ჩადიოდა. ჟენი ხედავდა ცოლის წინ წამოშვერილ უზარმაზარ ჩრდილს, რომელიც ჩამავალ მნათობს ხიდის ფიცარნაგზე გაეწვინა. მას შიოდა, დაღლილი იყო. იგი მისკენ მომავალი ამ უზარმაზარი ჩრდილის წინ შედგა. როცა ცოლი გულში ჩაიკრა და მან სახელის შესახებ ჰკითხა, ჟენმა უცებ ვერ გაიხსენა იგი: სახელი ნამდვილად არ იყო შორს. იქვე იყო, მის გვერდით, ენის წვერზე ადგა, მისი ბაგის ირგვლივ ჩრდილივით დაფარფატებდა. ხან მიუახლოვდებოდა, ხან შორდებოდა, მაგრამ როცა ცოლისთვის უნდა გაემხილა, სახელმა უმტყუნა.

*

ჟენი ორი დღე ისვენებდა. კოლბრიუნი ღამით აღარც კი წვებოდა დასაძინებლად. ოთახებში დაბორიალებდა. ცდილობდა სახელი გაეხსენებინა. მთელი მისი არსება შიშს მოეცვა. მეთორმეტე თვეც დადგა. ჟენი სახლიდან გავიდა. მდინარეს გაუყვა, ხიდი გადაიარა, ტყეში შევიდა და ბაჭია ვერ იპოვა. ტყიდან გამოსულმა სანაპიროსკენ გასწია. კლდის წვერზე ავიდა. არცერთი თევზი არ შეხმიანებია. მოშორებით ერთი ნახევარკუნძული და მთა დაინახა. იგი მთისკენ გაემართა. მთაზე ასვლას დღეები მოანდომა.

მთის ნახევარს რომ მიაღწია, იგი ისეთი ციცაბო გახდა, რომ უფრო მაღლა აცოცება ვეღარ შეძლო. ხელებზე დაიხედა: თითები დასისხლიანებული ჰქონდა. ამიერიდან როგორღა უნდა მოეხერხებინა კერვა მის სათუთ თითებს. ნემსში ძაფის გაყრას მაინც შეძლებდა? კლდეზე ცოცვისგან თითები დაბრტყელებოდა  და სისხლი სდიოდა. ჟენს ცრემლები წამოუვიდა.

მის გვერდით კაკაჩა დაეშვა.

კაკაჩამ ნელა შეიკეცა უშველებელი ფრთები და უთხრა:

„რა გატირებს ამ შუა კლდეზე დაკიდებულს?

ჟენმა უპასუხა:

„იმ ბატონს ვეძებ, რომელიც თეთრ მოსასხამს და ოქროს სარტყელს ატარებს და დიდი შავი ბედაური ჰყავს. მაგრამ უფრო ზემოთ ვეღარ ავდივარ“.

„მომყევი“ – უთხრა კაკაჩამ.

“ფრენა არ ვიცი“ – მიუგო თერძმა.

–  “ფრენაში არაა საქმე , – უთხრა კაკაჩამ – მთავარია არ ჩამოვარდე“!

–  “აზრი არა აქვს“ – თქვა ჟენმა. მაინც ვერ დავიმახსოვრებ იმ სახელს, რომელსაც ცოლი მთხოვს. დაბლა დავეშვები.

–  “გამომყევი, აქედან ახლოსაა, – შეაწყვეტინა კაკაჩამ, – მე გიჩვენებ ადგილს, სადაც ნაპრალია.“

ის ადგილი მართლაც არ იყო შორს. კაკაჩა ნელა მიფრინავდა. ჟენი მიჰყვებოდა და თან კლდეებს ებღაუჭებოდა. ერთგან კაკაჩამ ფრთა აიქნია და ვაჟს მთაში გაჩენილი ნაპრალი დაანახვა.

ჟენი მთის სიღრმეში ჩავიდა. ჩასვლას რამდენიმე დღე მოანდომა. უფსკრულის სიღრმეში მან დიდი, თეთრი ციხე-დარბაზი დაინახა, რომელიც წყვდიადში ელვარებდა. იგი მისკენ გაეშურა. მუხლებზე დავარდა. ჩამოშვებულ ასაწევ ხიდზე გაიარა და მუხლები გადაეყვლიფა.

ეზოში მხედრები თავ-თავიანთი ცხენების უნაგირებზე სხდებოდნენ.

ციხე-დარბაზის ოთხკუთხა ეზოს შუაგულში ოქროს ეტლის სახურავზე ასულმა ორმა  ჯარისკაცმა იარაღი იშიშვლა.

ჟენი ჯარისკაცებს მიუახლოვდა და კრძალვით ჰკითხა:

„შეიძლება გკითხოთ, რატომ ახვედით ამ ცარიელ ეტლზე და რატომ აელვებთ იარაღს“?

– „წუთი წუთზე ჩვენი ბატონი უნდა მობრძანდეს. დედამიწიდან ახალგაზრდა მქარგავი ქალის წამოსაყვანად მიდის და ჩვენ მისი დაცვა გვევალება“.

– „თქვენი იარაღი მართლაც შეუდარებლად ლაპლაპებს, – თქვა ჟენმა. ერთი მითხარით, განა შეიძლება, რომ კაცი, რომელიც ასეთი ბრწყინვალე იარაღის პატრონია, თავადაც ბრწყინვალე სახელს არ ატარებდეს“?

–  “მართალი ბრძანდებით – მიუგეს მათ. ყველა ეს იარაღი ჰედებიკ დე ჰელს ეკუთვნის. ახლა კი გზა მოგვეცით, რადგანაც წასასვლელად ვემზადებით“.

ჟენი გაიქცა და ჯარისკაცებს მიაძახა:

„გადაეცით ჰედებიკ დე ჰელს, რომ თერძი ჟენი სალამს უთვლის“.

ჟენი მირბოდა, კლდეებზე ქურციკივით მიხტოდა, ჰელიდან ამოვიდა, კვლავ გარბოდა. ჰედებიკ დე ჰელის სახელს იმეორებდა. გამეორების წყალობით გონებაში კარგად ჰქონდა ჩაბეჭდილი მისი სახელი. ცდილობდა ბევრჯერ გაემეორებინა იგი.

*

დივში კოლბრიუნი ჟენს ელოდებოდა. გამხდარიყო. დავიწყებულ სახელს იგონებდა. კანკალს აეტანა. საბედისწერო ვადამდე მხოლოდ სამი დღე რჩებოდა, ჟენი კი ჯერ არ დაბრუნებულიყო. ქალი თავის თავში ეძებდა სიტყვას, მაგრამ ვერ პოულობდა. ჟენთან დაშორების ისე ეშინოდა, რომ ამის გაფიქრებაზე ძარღვებში სისხლი ეყინებოდა. იგი უზურგო სკამზე ავიდა. ჟენის ორი ხმლიდან, რომლებიც თავხეზე ეკიდა, ერთ-ერთს მისწვდა. ხმალს პირი აულესა, რადგანაც სიკვდილი სურდა. არ უნდოდა იმ ბატონის ცოლობა. მას სურდა, მხოლოდ ჟენის ყოფილიყო.

*

ჟენი სახელს იმეორებდა. მეთორმეტე თვის ოცდამეცხრე დღე იდგა. ის მთიდან ჩამოდიოდა. კლდიდან კლდეზე ხტებოდა. ბოლოს ქვიშიან ნაპირამდე მიაღწია. მირბოდა. პლაჟმა ტყესთან მიიყვანა. მეთორმეტე თვის ოცდამეათე დღე გათენდა. კვლავ მირბოდა. ტყეში შევიდა და იგი გადაკვეთა. უკვე მეთორმეტე თვის ოცდამეთერთმეტე დღე იდგა. ღამდებოდა. ღამის თერთმეტი საათი იყო. ისევ მირბოდა. ხიდზე გადავიდა. მდინარის წყალი არაფერს ირეკლავდა და ღამეში ნებისმიერი ჩრდილი მყისვე ინთქმებოდა.

სახლის კარი შეაღო და ცოლისკენ არ გაუხედავს, რომელსაც ჭირის ოფლი ასხამდა. მას ხელში ხმალი ეჭირა. მისგან ზურგშექცევით იჯდა კერის წინ. ხმლის წვერი იატაკს ებჯინებოდა.

ჟენმა დაიყვირა:

„ჰედებიკ დე ჰელია მისი სახელი!“

და მოწყვეტით დაენარცხა ძირს. კოლბრიუნი მობრუნდა. როცა ადგა, სწორედ მაშინ დარეკა პირველად შუაღამის მაუწყებელმა ზარმა. უეცრად ქარმა დაუბერა, კარი თავისით გაიღო და კარის ჩარჩოში ბატონი ჰელი გამოჩნდა. დიდი თეთრი მოსასხამის ქვეშ საუცხოო კოსტიუმი ეცვა. წელზე ოქროს სარტყელი უელავდა. მის უკან ოქროს ეტლი მოჩანდა, რომელიც ღამეში ელვარებდა.

დე ჰელი სიცილით მიუახლოვდა ქალს. სურდა ხელი ჩაევლო მისთვის. კოლბრიუნმა ხელი უკან გასწია. წინ გადაიხარა და ჰკითხა:

„რატომ გსურს ხელი გამომართვა, ბატონო?

– გახსოვს ჩემი სახელი, კოლბრიუნ?

– რა თქმა უნდა, მახსოვს სახელი, რომელსაც თქვენ ატარებთ. განა ბევრ ქალს იცნობთ, რომლებიც თავიანთი კეთილისმყოფლის სახელს ივიწყებენ?

– რა მქვია? – ჰკითხა ბატონმა.

– მაცალეთ, რომ ენაზე მომადგეს. მაცალეთ, რომ ჩემმა ბაგეებმა წარმოთქვან იგი.

– რა მქვია? – დაიყვირა ბატონმა.

კოლბრიუნმა წყნარად, ღიმილით მიუგო:

„ბატონო, თქვენი სახელია ჰედებიკ დე ჰელი“.

ბატონს ყვირილი აღმოხდა. ირგვლივ ყველაფერი გაშავდა. ყველაფერი ჩაქრა, როგორც სანთელი, რომელსაც ლაპარაკისას ვაქრობთ. ყველა, ვინც ლაპარაკობს, შუქს აქრობს.

ღამის წყვდიადში მხოლოდ ფლოქვების თქარათქური ისმოდა.

*

როცა კოლბრიუნმა თვალის გახელა გაბედა, ეტლი იქ აღარ იყო.

კოლბრიუნი გულწასული ჟენის სხეულზე დაიხარა და მის ბაგეებს დაეკონა.

ღამე ისეთი ბნელი იყო, როგორც ჩვენ დროს იცის ხოლმე. კოლბრიუნმა ტალ-კვესი გაჰკრა, რომ ანთებული სანთელი ახლოს მიეტანა იმ კაცის სახესთან, რომელსაც მისი თმა ეხებოდა. რომლისკენაც სახე დაეხარა და რომელსაც ტუჩებს უწვდიდა. ჟენი წყნარად სუნთქავდა.

*

ჟენი ჩამომდნარიყო. მუცელი შიმშილისგან უყურყურებდა. კოლბრიუნმა ცალ მუხლზე ჩაიჩოქა. სასანთლე კვლავ ხელში ეჭირა.

„Oramus ergo te, Domine: ut cereus iste in honorem tui Nominis consecrates, ad noctis hujus caliginem destruendam, indeficiens perseveret.” (უფალო, გევედრებით, რომ ეს წმინდა სანთელი, რომელიც თქვენი სახელის მოგონებას ეძღვნება, ჩაუქრობლად ენთოს, რათა ამ ღამის წყვდიადი გაანათოს.)

ჟენს გაეღვიძა. დასუსტებულიყო. სახე გაფითრებოდა. კოლბრიუნმა ხელი მოჰკიდა და წამოწევაში დაეხმარა. ორივემ დაიჩოქა ანთებულ სანთელთან. მათ ეს ლოცვა წარმოთქვეს:

„Oramus ergo te, Domine: ut cereus iste in honorem tui Nominis consecrates, ad noctis hujus caliginem destruendam, indeficiens perseveret.” (უფალო, გევედრებით, რომ ეს წმინდა სანთელი, რომელიც თქვენი სახელის მოგონებას ეძღვნება, ჩაუქრობლად ენთოს, რათა ამ ღამის წყვდიადი გაანათოს.)

ერთი წუთის განმავლობაში ორივე ცახცახებდა, შემდეგ კი მთელი სიცოცხლე ბედნიერები იყვნენ. მათი შვილები და შვილთაშვილები გამრავლდნენ და ბოლოს მიიცვალნენ. ამ ქვეყნად დატოვეს მაგიდა; სასანთლე; ძაფი; ძაფსართავი ჯარა ცხოველების მატყლისგან ძაფის დასართავად; თითისტარი ამ ძაფის ამოსახვევად; და ჩემი ხმა ამ ყველაფრის მოსათხრობად.


[1] იგულისხმება უილიამ დამპყრობელი (1028-1087), ნორმანდიის ჰერცოგი და შემდგომ ინგლისის მეფე (მთ. შენიშვნა).

© “არილი

Facebook Comments Box