პატრის ბოლონი – “დაჯაბნა” თუ არა კამიუმ სარტრი?

camus-sartre

7 ნოემბერს კამიუს ასი წელი შეუსრულდა. მის ნააზრევს დღეს ისე აფასებენ, როგორც არასდროს: ტოტალიტარიზმის მოწინააღმდეგე, იგი ადრევე ხედავდა იმ იდეოლოგიური რადიკალურობის სიბრმავეს, რასაც სარტრი განასახიერებდა. მაგრამ ხომ არ აჯობებს, თავი დავანებოთ მათი მუდმივი მეტოქეობის სქემატიზებას?

იმ დროს, როდესაც ალბერ კამიუს დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად ვემზადებით (1913-1960), მისი პოპულარობა ზენიტშია: გავრცელებული აზრის თანახმად, “მან წინასწარ განჭვრიტა ჩვენი აწმყო” და მისი ერთადერთი შეცდომა ალბათ ის იყო, რომ ” დროზე ადრე თქვა სიმართლე”, ჟან-პოლ სარტრისგან განსხვავებით, რომელიც თურმე ყველაფერში ცდებოდა. რას ემსახურება წარსულის ამგვარი გაცოცხლება? იგი რეალობას ასახავს თუ წარსული მხოლოდ პრიმიტიული სურათია? გარკვეულწილად, ალბათ ორივე. კამიუს ტრიუმფი, როგორი დამსახურებულიც უნდა იყოს, მაინც ვერ გადაფარავს მის ორაზროვნებასა და ბუნდოვანებას. რაც შეეხება სარტრს, მისი ბევრი კონცეფცია თუ ანალიზი, ყველაფრის მიუხედავად, ღირებულებას არ კარგავს. თუმცა არსებობს კითხვები, რაზეც პასუხი ვერც ერთმა ვერ გასცა… ხომ არ აჯობებდა, ჩვენი მიზნის განსახორციელებლად ორივეს დამსახურებაც გავიხსენოთ და ნაკლიც?

პოეტი და ფილოსოფოსი

ერთი მხრივ, ალბერ კამიუ დგას, მაღალი, სიმპათიური ადამიანი, პირდაპირი, მაგრამ პირქუში მზერით, მგრძნობიარე ტუჩებით. იგი “ალჟირელი უწიგნური ქალის ვაჟია, რომელიც გაუნათლებლობისგან რესპუბლიკურმა სკოლამ იხსნა”. ეს “კეთილი ნების ადამიანი” მარტოა ჰუმანურობის სადარაჯოზე და აბსტრაქტული გონით გამოწვეულ სიმახინჯეებს უპირისპირდება. მოკლედ, ჩვენს წინაშეა “პოეტი”. მეორე მხრივ, ჟან-პოლ სარტრია, შეუხედავი, დაბალი, თუმცა თავისი ინტელექტუალური ძალის წყალობით, მიმზიდველი ადამიანი. “პედაგოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებული ბურჟუა, რომელიც დაბადებიდანვე ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო”. იგი ფილოსოფოსია, ან, უფრო სწორედ, იდეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი, ცოცხალი დიალექტიკა, ვისაც უნარი აქვს, თავისი ცბიერი მსჯელობით დაგარწმუნოთ, რომ თქვენ წინ აღმართული თეთრი კედელი, რომელსაც საკუთარი თვალით ხედავთ, შავია. ხოლო ყველაფერი, რასაც თვლით, რომ მცდარია, – მართალი. ოკუპაციის პერიოდში კამიუ და სარტრი მეგობრობდნენ. შეიძლება ერთნაირად აღარც ფიქრობდნენ, მაგრამ მათ აახლოებდა ლიტერატურის (მათი ორი ცეცხლოვანი რომანის გამოსვლისთანავე ისინი პოპულარულები გახდნენ), ქალების და სრული თავისუფლების სიყვარული. ისინი წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები იყვნენ, თუმცა პირველი აქტიურად მოქმედებდა, მეორე უფრო ფიქრით იყო მოძრაობის წევრი (განა ის არ იყო, პარიზის ბრძოლის დროს, კომედი ფრანსეზში პოსტზე დგომის ნაცვლად სავარძელში რომ ჩაეძინა?).

განთავისუფლების შემდეგ ორივე აზრის მეტრი გახდა. პირველი ყოველდღიური გაზეთის სარედაქციო სვეტებით, მეორე სქელი ფილოსოფიური ტრაქტატით, რომელიც ცოტამ თუ გაიგო, მაგრამ დამკვიდრდა როგორც ახალგაზრდების “ბიბლია”. ისინი სენ-ჟერმენ-დე-პრეს სარდაფების ხშირი სტუმრები იყვნენ, იმდენად, რომ ორივე ერთ მიმდინარეობას, “ეგზისტენციალიზმს” მიაკუთვნეს.

თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა კამიუ და სარტრი მალევე დააშორა ერთმანეთს. საბჭოთა კავშირში პოლიტიკური ბანაკების არსებობის შესახებ გაჩენილი ეჭვების საფუძველზე პირველი ყოველგვარ ტოტალიტარიზმს დაუპირისპირდა, მეორე მარქსიზმს მიემხრო. ამას მოჰყვა კონფლიქტი პირველის ამბოხზე დაწერილი პოლიტიკურ-მეტაფიზიკური ესეის გამო. ალჟირის ომმა საბოლოო წერტილი დაუსვა მათ ურთიერთობას. პირველი, რომელიც ალჟირში დაიბადა, ბოლომდე მისი ერთგული დარჩა, მეორემ მხარი ალჟირელ მეამბოხეებს დაუჭირა. დიალოგი შეწყდა, მეგობრობა დასამარდა. იმ პერიოდის მოდამ მეორე განადიდა, პირველი კი სიჩუმეში ჩაიკეტა, რაც ცოტა ხნით დაარღვია ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებამ. იგი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი იყო. ორი წლის შემდეგ, 46 წლის ასაკში, კამიუ ავტოკატასტროფში დაიღუპა.

მდგომარეობა დროსთან ერთად შეიცვალა. ისტორიამ სამართლიანი პატივი მიაგო მას, ვინც თავიდან “გარიყა”. იგი “უმნიშვნელოვანესი თანამედროვე” გახდა. მაშინ როცა სარტრი ყველაფერში ცდებოდა, კამიუ “წინასწარ ჭვრეტდა ჩვენს აწმყოს”: “ადამიანთა გამანადგურებელი” რევოლუციებისგან განდგომა, “მომაკვდინებელი” იდეოლოგიებისა და რელიგიების დაგმობა, “ბრმა” ტოტალიტარიზმის უარყოფა და ეს ყველაფერი ადამიანთა სოლიდარობის სახელით. მოკლედ, იგი “წინასწარ-აღშფოთებული” იყო. მისი ერთადერთი შეცდომა? – “მან დროზე ადრე თქვა სიმართლე”.

ჩვენს ამ რეზიუმეში ამაოდ შევკრიბეთ კლიშეები. ამით მხოლოდ შევალამაზეთ არსებული წარმოდგენები იმაზე დაყრდნობით, რაც დღეს კამიუსა და სარტრის შესახებ იწერება – ამას მოწმობს როგორც მიშელ ონფრეს[2] ბიოგრაფიული ესე, ისე მემარჯვენე თუ მემარცხენე ჟურნალისტების სტატიები[3]. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს თხრობა თავიდან ბოლომდე მცდარია. როგორც ყველა საღი აზრი (სწორედ ამაშია მათი ძალა), ისიც რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, მაგრამ სქემების სახით წარმოგვიდგენს მათ და ინტერესების მიხედვით ახარისხებს ჩვენი ეპოქის ფსევდო პასუხების შესაბამისად.

პოლიტიკური ძალადობის თაობაზე

როგორც საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, კამიუ არ ელოდა, რომ 1952 წელს სარტრის მომხრეები თავს დაესხმოდნენ მის “ყველაზე მნიშვნელოვან” ნაწარმოებს. ეს იყო პოლიტიკური ფილოსოფია, “ამბოხებული ადამიანი”. წიგნი, რომლის დასაწერადაც იგი ათი ხანგრძლივი წლის განმავლობაში ემზადებოდა, საზოგადოებამ გამოსვლისთანავე ძალიან კარგად მიიღო (1951 წლის ნოემბერი). კამიუ ფიქრობდა, რომ სარტრთან მისი მეგობრობა კეთილგანწყობის თუ არა, “ლოიალური დიალოგის” საფუძველი მაინც გახდებოდა. თავიდან განა სარტრის ჟურნალში, “ლე ტან მოდერნში” არ გამოაქვეყნა მან ამ წიგნის ერთ-ერთი თავი? მაგრამ კამიუმ ერთგვარი გულისტკივილითა და ბრაზითაც კი აღმოაჩინა, რომ ჟურნალის 1952 წლის მაისის ნომერში დაიბეჭდა სარტრის ახალგაზრდა მხარდამჭერის, 30 წლის ფრანსის ჟანსონის კრიტიკა, რომელიც მეტად უარყოფითი და შეურაცხმყოფელიც იყო. გაბრაზებულმა კამიუმ თავისი პასუხი გაუგზავნა ჟურნალის დირექტორს, ანუ სარტრს, რომელსაც ამხელდა და შეფარულად ეჭვქვეშაც აყენებდა მისი წინააღმდეგობის მოძრაობაში მონაწილეობის ნამდვილობას და მას იმათ რიგში მოიხსენიებდა, ვინც “ისტორიის მიმართულებით მხოლოდ სავარძელს აბრუნებს”. პასუხი თავის მხრივ სარტრმა და ჟანსონმაც გასცეს – მათი სტატიები ჟურნალში სამი თვის შემდეგ გამოქვეყნდა.

როგორც ვხედავთ, კამიუ სულაც არ იყო მიამიტი და გამოუცდელი ჰუმანისტი, ვისაც მისი თავგამოდებული მხარდამჭერები ხოტბას ასხამენ. ისიც ნამდვილი პოლემისტი იყო. ჟანსონის გვერდის ავლით სარტრისთვის პასუხის გაცემა ახალგაზრდა კრიტიკოსის არად ჩაგდებას ნიშნავდა და მისი პასუხი წინასწარგანზრახულ პროვოკაციას შეიცავდა. თავის მხრივ, ჟანსონის სტატია ნაკარნახევი იყო არაარსებითი პოლიტიკური მოტივებით. აქამდე სარტრი კომუნისტების თვალში “მბეჭდავი აფთარი” იყო, რომელიც მართალია მემარცხენე იდეებს ატარებდა, მაგრამ მარქსისტი არ ყოფილა. თანაც, 1952 წელს აქტუალური გახდა კორეის ომი. დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბლოკებს შორის დაპირისპირება გაღრმავდა, რამაც ოფიციალურ გამოსვლებსა თუ ჟურნალ-გაზეთებში ანტიკომუნისტური ტალღის გაძლიერება გამოიწვია. საჭირო გახდა “საკუთარი ბანაკის არჩევა” და სარტრიც საფრანგეთის კომუნისტურ პარტიას დაუახლოვდა. თავის მხრივ, კამიუც მემარცხენე აზრებს იზიარებდა, მაგრამ იმის გამო, რომ არ სურდა სტალინიზმის მხარდამჭერად ჩაეთვალათ, გადაწყვიტა, დებატებისგან შორს დაეჭირა თავი. თავიდან, მათი კამათი, სანამ ვნებებისა და ჯვარედინი პოლემიკის ეფექტით გაღრმავდებოდა, უფრო მეტად პოლიტიკურ სტრატეგიას ეხებოდა, ვიდრე საკითხის არსს: დიალექტიკა სარტრთან, უკომპრომისობა ან აბსოლუტიზმი კამიუსთან. ზოგიერთებს არ გამოჰპარვიათ, რომ “ამბოხებული ადამიანის” პირველ გვერდებზე მეორდებოდა “ყოფიერება და არარაში” დასმული ზოგიერთი კითხვა. ვინაიდან ძირეული და სტრატეგიული მიზნები განუყოფელია, მათ შორის წარმოქმნილი ბზარი უფრო ღრმა, უფრო ძველ დაპირისპირებამდე მიდიოდა. ის პოლიტიკური ძალადობის საკითხს ეხებოდა და, აქედან გამომდინარე, ისტორიის როლსაც. კამიუ უშვებდა, რომ ზოგიერთ გარემოებაში შეიძლებოდა გამართლებულიყო ძალის დროებითი გამოყენება, თუმცა ეს ისტორიას არ უნდა დაეკანონებინა. სარტრი კი პირიქით ფიქრობდა. იგი თვლიდა, რომ ისტორიას თავისი მიმართულება აქვს და ანგარიში უნდა გაეწიოს იმას, რასაც მარქსისტულ-ლენინისტური ტრადიცია “ძალების მუდმივ მზადყოფნას” უწოდებს: მართალია, ძალადობა შეიძლება სახიფათო გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ უმოქმედობას ჯობია.

ფრჩხილების გახსნით ვხვდებით, რომ მათ დაპირისპირებაზე ჩვენი თხრობა ძირითადად როგორც ერთის, ისე მეორის პოზიციას წარმოაჩენს. იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ხშირად ad nauseam ამტკიცებენ, 1956 წლამდე სარტრი საფრანგეთის კომინისტური პარტიის “თანამგზავრი” გახდა არა სტალინის სიყვარულით, არამედ იმიტომ, რომ ამით იგი იმ ცვლილებების მოხდენის იმედს ინარჩუნებდა, რომელიც სტალინისეული არ იქნებოდა – 1968 წლის შემდეგ მისი მაოისტების გვერდით დადგომა ამას დაამტკიცებს. თავის მხრივ, არც კამიუ ყოფილა თავიდან ნებისმიერი რევოლუციის კრიტიკოსი, რის თავის სასარგებლოდ გამოყენებასაც მოგვიანებით შეეცდებიან ნეოლიბერალური ერის დასრულების ადეპტები. ამას არაფერი აქვს საერთო ვინმე ფრანსუა ფიურესთან[4]. კამიუ არასდროს დათანხმდებოდა კაპიტალისტური სამყაროს გუნდრუკისმკმეველი ყოფილიყო და, თუ სარტრის მარქსიზმზე ნათქვამ ფრაზას გამოვიყენებთ, “ჩვენი საუკუნის გადაულახავ ჰორიზონტად” დარჩა, რასაც მიაწერს კიდეც მას სარკოზი, როდესაც მისი ნეშტის პანთეონში გადასვენების იდეას წამოჭრის. კამიუს “სხვა რევოლუცია” სურდა, მაგრამ კარგად განსაზღვრა როგორი? პოლიტიკური ცვლილებების მოხდენის მეთოდი დიდწილად განაპირობებს მის შინაარსს, ანუ საკითხი ნამდვილად ეხება რევოლუციის იდეას. თუ რევოლუცია სხვების საზიანოდ მოპოვებულ პოზიციებს გაანადგურებს, შეიძლება თუ არა ის არაძალადობრივი იყოს (რაზეც კამიუ ოცნებობდა ხოლმე, როდესაც განდის იშველიებდა)? და რა გარანტიები შეიძლება არსებობდეს იმისთვის, რომ ის საპირისპირო მიმართულებით არ შეტრიალდება და ადამიანთა განურჩევლად დამონების იარაღი არ გახდება? ეს დებატები ახალ სიმწვავეს იძენს, მაშინ როცა უპრეცედენტო კრიზისის პირისპირ, პოლიტიკური და სოციალური ალტერნატივის იდეა, ასე ვთქვათ, საბოლოოდ ჩამკვდარია.

ლოგიკური ბოროტმოქმედებანი?

ვინაიდან საკითხი პოლიტიკურ ძალადობას ეხება, კამათს ეთიკური მხარეც აქვს. ყოველთვის სამართლიანად უნდა ჩაითვალოს (და მხარი დაეჭიროს) ჩაგვრის წინააღმდეგ ჩაგრულთა ძალადობრივი ქმედება? თუ უნდა აიკრძალოს ნებისმიერი ძალადობა, იმის მიუხედავად, საიდან იღებს სათავეს? ამ საკითხის სიმწვავე კულმინაციას ტერორიზმთან დაკავშირებით აღწევს. სარტრი ამაზე პასუხობდა, რომ ნებისმიერი განმათავისუფლებელი ბრძოლა უპირობოდ ამართლებს გარდაუვალ ქმედებებს და ჩაგრულთა ბრძოლას იგი ინსტიტუტების ძალადობას უპირისპირებდა, რომელიც წინსწრებით ქმნიდა ბრძოლის აუცილებლობას – ეს, ასე ვთქვათ, გაწონასწორებული პოზიციაა, რადგან ძალთა დისიმეტრიასაც აღიარებს და გზასაც უხსნის ნებისმიერ გადაცდომას. კამიუ კი უპირატესობას ადამიანის პატივისცემას ანიჭებს განთავისუფლების აუცილებლობაზე მეტად – მაგრამ რა მოხდება, თუ ეს პატივისცემა ამ განთავისუფლებაზე გადის?

გარკვეუწილად აქ ვუბრუნდებით საკითხს, რომელიც შეიძლება მხოლოდ გამოსაშვები გამოცდის თემა იყოს[5] – პოლიტიკასა და მორალს შორის კავშირი. რადგან თუ პოლიტიკა განსაზღვრავს მორალს, მაშინ სახელმწიფოს (ან თუნდაც რევოლუციის, ისტორიის) ინტერესებში პოტენციურ თვითნებობას ვაწყდებით. საკუთარ ცინიზმში ვეხვევით, რასაც კამიუ, აგრძელებდა რა ნიცშეს ნათქვამს, “თანამედროვე ნიჰილიზმს” უწოდებდა. შესაძლებელია, ისტორიას მივანდოთ მორალური ღირებულებების გამოკვეთაზე ზრუნვა? თუ ერთხანს ამის გვჯეროდა, ჰეგელის “თავისუფლების სულის” შთამბეჭდავმა პოპულარობამ, რაც შეიძლება რაღაც კუთხით გაუგებარი, მაგრამ რაციონალური იყო, დაგვანახა, რომ ამ “გონის ეშმაკობას” შეეძლო დიდი ხნით დაებნია ადამიანები და მათი ყველაზე თვითნებური და სასტიკი ქმედებები, კამიუს ძალიან მძაფრი გამონათქვამის მიხედვით, “ლოგიკურ ბოროტმოქმედებებად” ექცია. მაგრამ თუკი პირიქით, ტრანსცენდენტური მორალია ვალდებული, გვიკარნახოს პოლიტიკური ქმედება, ვერც ამ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება იქნება უკეთესი… პრინციპების დონეზე, სასურველი იქნებოდა, იმაში დარწმუნება შეგვძლებოდა, რომ ადამიანური მორალი, რასაც ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს, თავისი მოქმედების პირობებში ნეიტრალური და დამოუკიდებელია, თუმცა ნათელია, რომ ასე არ არის: თითოეულის პოზიციის დაფიქსირებით, უკეთეს პირობებშია ის, ვისაც ისედაც უკეთესი პირობები აქვს, და ამგვარად ის გადადის კონსერვატიზმში, თუ არა ამორალურობაში. ასეთია პრობლემა, რომელსაც აყენებს (და სხვათა შორის, ამავე მიზეზით, ნაკლებადაა ნახსენები) “ჩარევის მორალური ვალდებულება”, წარმოდგენილი French doctors-ის მიერ, როგორც სასწაულმოქმედი გამოსავალი, რადგან იგი ჰუმანურობის “უდავო” მოთხოვნებს ეყრდნობა. ხომ გამოიყენეს კიდეც ის ამერიკელმა ნეოკონსერვატორებმა გასამართლებელ საბუთად ერაყში ნეოკოლონიური ექსპედიციის დროს? აქ ჩვენ ვხედავთ კამიუს მიერ დასმული საკითხების სისწორეს და ამასთან ერთად მის მიერ გაცემული პასუხების პრობლემურ ხასიათსაც.

ჩვეულებრივ, აქ წყდება სარტრსა და კამიუს შორის დაპირისპირების შესწავლა. ანტიკოლონიალისტურ საკითხებში სარტრის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი მას კამიუსთან მიმართებაში უპირატესობას ანიჭებენ. მაგრამ ნამდვილად კარგად ჩაუღრმავდნენ ამ საკითხს? მართალია, კამიუ მთელი ცხოვრების მანძილზე (როგორც ეს ალბერ მემიმ აღნიშნა) გულის სიღმეში “კეთილი ნების კოლონიზატორად” რჩებოდა და კოლონიური სისტემის გაუმჯობესებას ცდილობდა ისე, რომ არ გმობდა მას, მაგრამ არც ის არის ცხადი, უკეთ მოიქცა თუ არა სარტრი მესამე სამყაროს ქვეყნებისადმი თავისი სოლიდარობის გამოცხადებით. მარქსისტების მსგავსად, მისი ფიქრები ბოლომდე XVIII საუკუნის განმანათლებელთა ორბიტაზე და მათ პოტენციურ ეთნოცენტრიზმთან დარჩა[6]. ამ საკითხში კამიუ და სარტრი, როგორც ვალდეკ-როშე იტყოდა, არიან “თეთრი ქუდი და თეთრი ფერის ქუდი”. სიმართლე კი ის არის, რომ როდესაც ისინი ერთმანეთს “უნივერსალურის” წყაროზე უპირისპირდებიან (კამიუსთვის ესაა ადამიანის ბუნება, სარტრისთვის პროგრესის იდეა), ორივე შემდეგ უნივერსალურ მოსაზრებას იზიარებს: ყველანი ვართ ძმები, თანასწორები და შესაბამისად ერთნაირნი. ჩვენი ათასწლეულის მთავარი გამოწვევა, რაზეც დასავლეთის დღევანდელი სირთულეებიც მოწმობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოზიცია დაიკავოს ტუნისსა და ეგვიტეში განვითარებული მოვლენების მიმართ, არის იმის ცოდნა, თუ როგორი უნდა იყოს სამყარო, სადაც ამიერიდან დამკვიდრებულია იდეა, რომ არსებული კონცეფციები არის თანასწორი და იმავდროულად განსხვავებული.

კთხვაზე ვინ “მოიგო” იდეოლოგიური ბრძოლა, სარტრმა თუ კამიუმ, როგორც ჩანს, მხოლოდ მიკიბულ-მოკიბული პასუხი გვაქვს: არც ერთმა და არც მეორემ. კამიუს დღევანდელი ტრიუმფი აქტუალურს ხდის მთავარ კითხვებს. ისიც მართალია, რომ ყველა კითხვას ჯერ არ შევხებივართ, განსაკუთრებით მარქსიზმის კამიუსეულ კრიტიკას მისი “კონსერვატორული” ხასიათის გამო. თუმცა ეს ვერ დაგვავიწყებს კამიუს ორაზროვნებასა და ბუნდოვანებას, რაც კრიტიკის საგანი ხდება, ისევე როგორც მის მიერ ისეთი თემების გამოყენებას, რასაც დელიოზმა 1970-იანი წლების “ახალ ფილოსოფოსებთან” დაკავშირებით უწოდა “გამოხრული კბილივით მნიშვნელოვანი თემები”: აბსურდი, თავისუფლება, ამბოხი და ა.შ., რაც ხშირად უფრო კონკრეტული და მწვავე საკითხების გვერდის ავლის საშუალება ხდება. ხოლო სარტრის შემთხვევაში პირიქით მოხდა. მართალია საბჭოთა ქვეყანაში კომუნიზმის კრახმა მისი მრავალი კონცეფცია დაანგრია, მაგრამ ვერაფერი დააკლო მის ბევრ ანალიზს, სახელდობრ იმას, რაც მარქსის ყურადღებით კითხვას და ნებისმიერი პოლიტიკური აქტის მატერიალური, კონკრეტული პირობების შესწავლას ეხება. ვერც ერთი მათგანი, ვერც კამიუ და ვერც სარტრი, ვერ გაექცა საკუთარ წინააღმდეგობრიობას: კამიუ განსხვავებულ რევოლუციაზე ოცნებობდა, მაგრამ მის იდეას “ზომიერ პოლიტიკაზე” ის რეფორმიზმამდე მიჰყავს. ვერც იმას ვხედავთ, თუ როგორ უხამებს სარტრი თავის ისტორიულ დეტერმინიზმს ეგზისტენციალიზმს[7]. დაბოლოს, არის კითხვები რაზეც პასუხი არც ერთს აქვს და არც მეორეს.

აღმოუჩენელი მესამე გზა

ცდილობდა რა ამ უხერხული აპორიის დასრულებას, ამერიკული იდეების მხარდამჭერმა ისტორიკოსმა რონალდ არონსონმა სარტრისა და კამიუს მეგობრობაზე დაწერილ თავისი ნარკვევის დასკვნაში აღნიშნა: ორივეს შეცდომა ის იყო, რომ საკუთარ ნახევრად სიმართლეში აიხლართა და არ გაითვალისწინა მოწინააღმდეგის შეხედულება. დღეს საქმე ეხება ამ ნახევრად სიმართლეების შეკრებას, ერთი სრული სიმართლის გამოყვანას და ერთგვარი “რევოლუციური მოძრაობის მიღებას, რომელსაც ექნებოდა სინდისის ქენჯნა და რეფორმისტული მოძრაობის საზღვრების განსაზღვრის უნარი”. ეჭვი გვეპარება, რომ ამგვარი “სინთეზი” შესაძლებელია: ხომ არ მოგვაგონებს ეს იმ მესამე გზას, რომლის პოვნასაც არაერთგზის შეეცადნენ კამიუ და სარტრი და, როგორც ვიცით, მათი ყველა მცდელობა წარუმატებლობით დამთავრდა[8].

ის, რასაც კამიუ-სარტრის კონფლიქტი გვიჩვენებს, პირველ რიგში არის თანამედროვე საზოგადოებების შესახებ ღრმა ანალიზის არარსებობა და შესაბამისი ახალი პოლიტიკური თეორიის უკმარისობა, რომელიც ბოლოს და ბოლოს საფუძველს ჩაუყრიდა “ჰუმანურ” რევოლუციას ან მსგავს მოვლენას. შესაძლებელია ამ სიტუაციის “გადალახვა” აზროვნების რადიკალურად შეცვლის გარეშე? რადგანაც ეჭვქვეშ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დგება, მაგალითად, ჩვენი პრეტენზია უნივერსალობაზე. დღეს უნდა შევეცადოთ, ისინი ახლებით ჩავანაცვლოთ და მათზე დაყრდნობით ისეთი სამყარო ავაგოთ, რომელიც შეძლებს უპასუხოს ჩვენი ათასწლეულის ახალ გამოწვევებს. ეს კონფლიქტი ამასთანავე იმასაც გვასწავლის, რომ ძნელია “საბოლოო” აზრის შემუშავება იმ კონფლიქტებთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტული ადამიანების ფიზიკურ და მორალურ არსებობას ეხება. რაც უნდა გავაკეთოთ, ყოველთვის აღმოჩნდება გარემოებები, როცა აუცილებელი გახდება გადაჭრით მოქმედება, თუმცა ჩვენი ქმედებების შედეგებში დარწმუნებული ვერ ვიქნებით. როგორც შექსპირი იტყოდა ცხოვრებაზე, ისტორიაც ესაა ამბავი “სავსე ხმაურით და მძვინვარებით, რომელსაც ვიღაც იდიოტი ჰყვება და აზრი არ გააჩნია”. შესაბამისად, მიუხედავად ჩვენი პატივისცემისა სარტრისადმი (რომელსაც პროგრესის სწამდა) და კამიუსადმი (რომელსაც არჩევანისთვის თავის არიდება სურდა), ჩვენ სავარაუდოდ ვერასდროს შევძლებთ მთლიანად განთავისუფლებას, და ეს გარკვეული აზრით კარგია, რადგან ეს გვიტოვებს გაუთვალისწინებელი მოქმედებისა და, შესაბამისად, შემოქმედების შესაძლებლობას ჩვენი არსებობის პერიოდში.

ფრანგულიდან თარგმნა მარინა ბალავაძემ

© “არილი


[1] © Le Magazine littéraire. სტატია გამოქვეყნდა 2013 წლის ოქტომბერში.

[2] L’Ordre libertaire. La vie philosophique d’Albert Camus, Michel Onfray, éd. Flammarion, 2012.

[3] იხ. მაგალითად, “Camus, l’homme qui avait toujours raison” (Le Point, janv. 2012), და “Camus le sacre” (Le Nouvel Observateur, nov. 2009).

[4] Le Passé d’une illusion, Francois Furet, éd. Robert Laffont/Calmann-Lévy, 1955, ხელახალი გამოცემა Livre de poche, 2003.

[5] აქ, რაღა თქმა უნდა, მიანიშნებენ ჟან-ჟაკ ბროშიეს პამფლეტზე:  “კამიუ, დამამთავრებელი კლასების ფილოსოფოსი”, Camus, philosophe pour classes terminales (1970), éd. La Difference, 2001.

[6] არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ სიტყვამ მოახდინა კოლონიზაციის ლეგიტიმაცია და განსაკუთრებით ალჟირის “დასახლება” XIX-ე საუკუნეში.

[7] სწორედ აქ უნდა გავითვალისწინოთ მორის მერლო-პონტის კრიტიკა “სარტრი და ულტრაბოლშევიზმი” (შემდეგ დაბეჭდილი წიგნში Les aventures de la dialectique, éd. Gallimard, 1955): ის, რაც სარტრს მარქსიზმს აშორებს, და ამას მერლო-პონტიც იზიარებს, მისი “ვოლუნტარიზმია”, მისი რევოლუციური რომანტიზმი, რასაც შეიძლება დავუმატოთ წვრილბურჟუობა, რადგან, საბოლოოდ, საკუთარი ეგოისტური კმაყოფილებისკენ შებრუნებული, “ჩაგრულებს”, რომლებიც უნდა დაეცვა, “საგნების” როლს ანიჭებდა. უკეთესი იქნებოდა, თუ მათ ბრძოლაში გაჰყვებოდა და თვითონაც მიიღებდა მასში მონაწილეობას.

[8] 1948 წელს ჟან-პოლ სარტრმა დავიდ რუსესთან ერთად შექმნა დემოკრატიულ რევოლუციური გაერთიანება (RDR). ეს მოძრაობა, და არა პარტია (შეიძლებოდა იქ გაერთიანება ისე, რომ არ დაეტოვებინათ თავისი პარტია), უარყოფდა ერთდროულად SFIO-ს (მუშათა ინტერნაციონალის ფრანგული სექცია) და PCF-ს (საფრანგეთის კომუნისტური პარტია) და ქადაგებდა სოციალიზმს. მისი სურვილი იყო, გამხდარიყო უფრო რევოლუციური, ვიდრე პირველი და უფრო დემოკრატიული, ვიდრე მეორის კომუნიზმი. მაგრამ სოციალური ბაზის გარეშე, წმინდად ინტელექტუალური მოძრაობა განწირული იყო გასაქრობად დაარსებიდან ერთ წელზე ნაკლებ ვადაში. კამიუ დაინტერესდა ამ მოძრაობით, რადგან იქ “ახალ მემარცხენე” ძალას ხედავდა, და 1955 წელს მხარი დაუჭირა ასევე პიერ მენდეს-ფრანსის ეფემერულ რესპუბლიკურ ფრონტს, მემარცხენე ცენტრისტულ საარჩევნო კოალიციას, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე თვეში დაიშალა.