ესე,  კრიტიკა,  კულტურა/ლიტ.თეორია

გია ეძგვერაძე – რამდენიმე გაცვეთილი ცნების შესახებ

gia edzgveradze 777

მიუნხენის აკადემიასა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში წაკითხული ლექციის ტექსტი

“სინამდვილეში ყოფიერება ჩვენთვის თითქმის მხოლოდ სიტყვაა, ხოლო საზრისი მისი – განქარვებადი ნისლი”.

მარტინ ჰაიდეგერი, “მეტაფიზიკის შესავალი”

წინამდებარე ტექსტში მე შევეცადე დისკურსიულ ანალიზში რამდენიმე კულტურისათვის პრინციპულად ფუნდამენტური, მაგრამ ჩვენდამი სიახლოვის გამო ბანალურობამდე გაცვეთილი ცნების რეანიმირება მომეხდინა. ცნებებისა, რომელთაც ჩემი მცდელობის წარმატების შემთხვევაში უდაოდ გააჩნიათ პოტენცია – ადვილად გადაფარონ ჩვენთვის სასურველი შემეცნებითი ველი.

ცნებათა კორპუსის მთელი სპექტრიდან ჩვენთვის ყველაზე ნაცნობნი შევარჩიე: კულტურა, მხატვარი, აკადემია.

კულტურა და ხელოვნება

ამ სამი ცნების რეფლექტიური განსჯისას ნათელი გახდება, თუ რას ეფუძნება ჩვენი რწმენა იმის აზრისა და დანიშნულების შესახებ, რასაც დღეს ჩვენ თანამედროვე ხელოვნებას ვუწოდებთ.

ერთი უბრალო პროპოზიციით დავიწყოთ. ჩვენ, ყველა უდავოდ დავეთანხმებოდით მარტივ დებულებას, რომ სამხატვრო აკადემია – კულტურის მატარებელია და რომ აქ ხელოვნებას ასწავლიან. მაგრამ ამ უეშმაკო, თუმცა საზეიმო მტკიცებაში, მის პათეტიურ და ბაქია ტონში მგრძნობიარე სმენა უეჭველად აღმოაჩენს ერთგვარ ისტერიულ ბგერებს, რომლებიც ამჟღავნებენ სურვილს – ცხადად და გარკვევით დავინახოთ ის რეალობა, რომელიც სინამდვილეში სავსეა წყალქვეშა დაბრკოლებებითა და შენიღბული წინააღმდეგობებით. უკვე თვით სიტყვების – კულტურა და ხელოვნება – მოხსენიება ერთიან და მშვიდობისმყოფელ კონტექსტში, ნიღბავს ფუნდამენტალურ წინააღმდეგობას, რომელიც ამ ორ ცნებას შორის არსებობს. სწორედ ეს დიქოტომია ხდის პარადოქსად თანამედროვე ხელოვნების სასწავლო პროცესს (აკი არსებობს შეხედულება, რომ მისი სწავლება საერთოდაც შეუძლებელია).

პარადოქსი აქ თავიდანვეა გაცხადებული. დღევანდელი ხელოვნება, რომელიც უეჭველად წარმოადენს კულტურის ნაწილს, თავისი მხრივ, კულტურისაგან პრინციპულად განსხვავებულ მიზნებს ისახავს. მეტყველებასა და ყოფაში ეს ორი სიტყვა ერთმანეთთთან ისე ახლოს დგას, იმდენადაა შესისხლხორცებული ჩვენს აღქმაში ერთიანი “ამაღლებული გრძნობით”, რომ გაუწაფავ და “კეთილგანწყობილ” სმენას ალბათ, სინონიმებადაც კი ჩაესმის. მაგრამ ისიც სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენც კი, კულტურულ დისკურსში ჩართულებს და მასში სიამოვნების, დაკმაყოფილების, ზოგჯერ კი – დაცული სივრცის  მაძიებელთ, დაგვავიწყდა, რომ ხელოვნება ყოველთვის მეტადაა დაკავშირებული ბარბაროსულთან (როდესაც მისი მზერა წარსულისაკენაა მიმართული) და აბსურდულთან (როცა იგი წინ იყურება), ვიდრე კულტურულთან; რომ იგი ყოველთვის გარღვევაა, კულტურულ და საერთოდაც ყველა საზღვართა მიღმა — და რომ ასეთი გარღვევისათვის საზღაურს მუდამ ნამდვილი სისხლით იხდიან. ამ სისხლს კულტურა, ხელოვნების ახალი ნიმუშის საკუთარ სივრცეში შემოზიდვისთანავე, უმალ ჩამორეცხს და ყველაფერს იღონებს იმისათვის, რომ ის ბარბაროსული და აბსურდული (მხატვართა მიერ კულტურის მიღმა სივრცეებიდან ნადავლად მოპოვებული) თვალთახედვიდან გააქროს — გადახსნილი ჭრილობა და ეს  ნაყოფიერი ნადავლი კულტურულ გაცვლებში, კულტურულ დისკურსებში ჩართოს, ამით საკუთარ, ანუ “კულტურულ სხეულად” აქციოს და ბოლოს მისი სრული ლეგიტიმაციის შედეგად ეგრეთწოდებულ სასაქონლო ფასეულობად გადააქციოს.

მაგრამ რატომ ვარქმევთ ამ ყველაფერს დრამას, სად არის აქ სისხლი და რა გაგებითაა იგი ჩამორეცხილი?

თანამედროვე მხატვრის შემოქმედებით “დრამასთან” ზიარება იმით იწყება, რასაც ჩვენ, საერთო გაგებით, ასე მოხდენილად ვუწოდებთ “კულტურასთან ზიარებას”. კულტურა უსაზღვროდ ზოგადი ცნებაა, რომელიც თავისი კონტროლის ქვეშ აქცევს ნებისმიერ აქტივობას. იგი თვითაქტუალიზირდება და პირობით ნიშანთა მეოხებით გაცხადდება. მისი მისიაა – გააშუალოს რეალობა, გახადოს ეგზისტენციის სეგმენტების მოუხელთებლად უკიდეგანო სიმრავლე მისაწვდომი და არტიკულირებული სუბიექტისათვის, მისცეს მას კომუნალურ სივრცეში ოპერირების საშუალება, თვითშენახვისა და ეკონომიის მოდუსში. კულტურას და კულტურულ ცნობიერებას კონკრეტულ-რაციონალური მიზნები აქვს – თანაცხოვრებისა და სასიცოცხლო პროცესის ორგანიზება.

ადამიანის ცნობიერების ამოვსება კულტურის სხეულით მისი ცნობიერების აქტივობის პირველივე წამიდან იწყება. ეგზისტენციური მოცემულობების კულტურულ ინფორმაციად ქცევის განუწყვეტელი პროცესით დაკავებული ჩვენი ცნობიერება, ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავსაც მხოლოდ კულტურის პირობით ფორმებში/ნიშნებში აღიქვამს. ასე რომ, მთელი ჩვენი სამყაროს სურათი ჩვენს ცნობიერებაში მხოლოდ პირობითი ფორმებისგანღა შედგება. უფრო მეტიც — ჩვენ თავად ვართ ეს პირობითობანი. ჩვენი ცნობიერება განუყოფელია პირობით ფორმაში არტიკულირებულ ნიშანთა, ტექსტთა, ჩვევათა, სახეთა, განსაგნებულ ფსიქოლოგიურ სტრუქტურათა და სხვ. უზარმაზარ სხეულისაგან.

შესაბამისად, ყოველი ადამიანი, ამ მდგომარეობის გაცნობიერების დაწყებამდე სრულად და სავსებით კულტურის პროდუქტს წარმოადგენს და პირობითობების სპექტაკლის ბრმა მსახიობია.

აქ ერთი რუსი ჟურნალისტის ტიბეტური თავგადასავალი მახსენდება, მთებში პაწაწინა საყდარში მცხოვრებ განდეგილ ლამას რომ შეხვდა და სთხოვა, რაიმე სულიერი გამოცდილება ეჩუქებინა მისთვის. ლამამ საღამო ხანს ჟურნალისტს სთხოვა საყდრის წინ ეზოში მის გვერდით დამჯდარიყო და თვალები დაეხუჭა. ლამამ მას ხელი ხელში რომ ჩაჰკიდა, ჩვენმა რუსმა ჟურნალისტმა რაღაც უცნაური იგრძნო, თითქოს ნიღაბი ეკეთა და ეს ნიღაბი მისი ჟურნალისტის პროფესია იყო, ნიღაბი ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას დაავიწყდა, რომ ჟურნალისტი იყო, შემდეგი მისი, როგორც ოჯახის მამის (ორი შვილით და მეუღლით) ნიღაბი იყო, რომელიც ასევე გაუჩინარდა, მესამე – მისი რუსული წარმოშვების ნიღაბი, მეოთხე – გარშემო მყოფი საგნების სახელების, შემდეგი უკვე მისი ადამიანური სახელის… ასე უჩინარდებოდნენ ნიღბები, სანამ მისი ცნობიერება (ამ ფენომენოლოგიური რედუციის შემდეგ) სრულიად გადახსნილის ექსტატურ უსასრულო თამაშს არ მიუერთდა. ასე აგრძნობინა ლამამ რუს ჭორიკანა ჟურნალისტს მისი ნამდვილი რაობა.

გაუცნობიერო ადამიანს მისი კულტურულ სივრცეში არსებობის რეალური მოდუსი, პირველ რიგში ნიშნავს – ცხადი გახადო მისთვის კულტურის ნიშნებში ჩვენი ჩაძირულობის ფაქტი. დაეხმარო მას დაიწყოს ამ ფაქტის სრულყოფილი გაცნობიერება და ამგვარად, მისცე საშუალება – განყენებული დისტანციიდან განსჭვრიტოს და შეისწავლოს კულტურა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სხეული; ქმნადობის, მოძრაობისა და განვითარების საკუთარ კანონთა მქონე. ამ გაცნობიერებით იბადება პირველი შანსი ამ ტერიტორიის შესაძლო დაძლევისა.

როგორც გაშუალებული რეალობა, კულტურა (და მისი პირობითი სხეული) თანამედროვე ხელოვნების შემოქმედებისათვის ამოსავალ წერტილად საინტერესო არაა, რახან  ხელოვნებას სათავე უდევს ან ბარბაროსულში, ან აბსურდულში, ე.ი. ან პირობითი სივრცის წინ, ან უკან. მაგრამ მხოლოდ კულტურაში და მხოლოდ მისი მეოხებით, ხელოვნება მოიპოვებს საკუთარი არსებობის სამ მთავარ განმსაზღვრელ საფუძველს – ესენია: ენა, შეკითხვის დასმის უნარი და საიდუმლო.

აი რას ნიშნავს ეს:

მხოლოდ კულტურაში, ანუ ენობრივ სტრუქტურებთან მიმართებაში, შეუძლია ხელოვანს შეიძინოს და მოიპოვოს ორგინალური ნიშანთა სისტემის აგების გამოცდილება. ხოლო ასეთი მაგალითების გარეშე არ არსებობს შესაძლებლობა საკუთარი დამოუკიდებელი შემოქმედებითი ენის ფორმირებისათვის; არ გაჩნდება კულტურის სივრცეში შანსი რაიმე რომ გამოითქვას ან გამოხატოს, ე.ი. – საყოველთაოდ გაჟღერდეს.

შემდგომ. კულტურა – ესაა უზოგადეს შეკითხვათა დასმის მეთოდიკის ისტორიული გამოცდილება, ამ გამოცდილების გარეშე შეუძლებელია აიგოს შეკითხვის დასმის თანამედროვე ფორმა – ანუ… თავად კულტურული სივრცის მიღმა გასვლის შანსი (უმთავრესი პირობა თანამედროვე ხელოვნების ქმნადობისათვის).

დაბოლოს, ყველაზე ზოგადი ფორმით, კულტურა არის მთელი იმ შემეცნებითი მონაპოვრების ერთიანობა, რომელიც განახორციელებს ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თვითცნობიერ ფსიქოლოგიურ არსებას; სწორედ ამით იდება ზღვარი – ადამიანი ცალკევდება დანარჩენი სამყაროსაგან. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი წარმოქმნის ადამიანისათვის მიღმიერის, ანუ უცნობის უფსკრულს! ასეთი დუალობის წარმოქმნას შემოჰყავს სამყაროში ერთიანი და განუყოფელი ცნობიერების შეცნობის მიზანი და ასეთი პერსპექტივის შესაძლებლობა, ანუ სრული ნათელღების იდუმალი შანსი – ამით ჩნდება ისეთი ტერიტორია, სადაც იწყებს ოპერირებას თანამედროვე ხელოვნება.

ამ სამი სიკეთის გარეშე, რომელთაც ხელოვნება კულტურაში მოიპოვებს, მას არსებობა არ უწერია.

მაგრამ, სად იმალება კულტურაში მტრული? საიდან ჩნდება და იწყებს წვეთას სისხლი?

კულტურული სივრცის მორგების შემდეგ ადამიანი ძალიან იშვიათად აცნობიერებს კულტურას, როგორც მისგან დამოუკიდებელ რეალობას. მაგრამ მას კარგად აქვს შეგნებული, რომ კულტურა ერთად-ერთი სამკვიდრო ადგილია, სადაც მას (ადამიანს) შეუძლია  თანაიცხოვროს და იქმედოს “სხვათა” შორის  და “სხვებთან” ერთად და ამით, ბუნების მტრულ და აგრესიულ გარემოცვაში, დაცულობის და სიმშვიდეში არსებობა/ქმედების შანსი გაუჩნდეს. ასე რომ, კულტურა ერთადერთი კომფორტული ბუდეა ტანჯული კაცობრიობისათვის (თუკი, ისევ და ისევ კულტურის “წყალობით”, მას ჯერ კიდევ შესწევს ტანჯვის უნარი).

და აი, როგორც ბინადრობის კომფორტული ადგილი, კულტურის სხეული უკიდურესად საშიშია, – ეს კუნძული-ოაზისი, ინსტინქტური ცხოვრების სისასტიკისა და ქაოსის დრამის შუაგულში, ასევე ფაფუკი განსასვენებელია ღრმა ძილქუშისათვის. გარე სამყაროს ამაფორიაქებელ და შემაწუხებელ მდინარებასთან და მოუხელთებლობასთან კონტრასტზე იგი, ეს მყუდრო კუნძული, პირობითობათა ეს სამყარო, გვთავაზობს “სტაბილურობისა” და “ერთმნიშვნელოვანების” ილუზიას, ანუ ყველაფერს, რასაც შეიძლება “დაეყრდნო”, სადაც შეიძლება ფესვი გაიდგა, ბოლოს კი ხავსითა და ობითაც დაამთავრო.

ამ ვეება და მყუდრო სხეულს ერთი მომაკვდინებელად მომნუსხველი რამ ახასიათებს – წინასწარ გამზადებული ხვედრი! კულტურის სხეული თვითკმარია. საკუთარ საზღვართა შორის, ყველა სფეროში იგი წარმოქმნის “მნიშვნელოვან”, “შორს მიმავალ” მიზანთა კონკრეტულ ჯაჭვებს, ადამიანს განუწყვეტელ დაძაბულობაში რომ ამყოფებენ. საკუთარი რესურსებიდანვე გვთავაზობს იგი ამ მიზანთა განხორციელების საშუალებებსაც. ასევე მასშია გაცხადებული პატივმოყვარულ და ანგარებით იერარქიათა სტრუქტურებიც, როგორც პროცესთა კატალიზატორები. მასში მობინადრე არსებას არ უჩნდება არავითარი საარსებო მოთხოვნილება საზღვრებს მიღმა გასვლისა. ამ გადამწყვეტ ნაბიჯს მხოლოდ პრინციპულად მიმართული აზრი დგამს. ყველა სხვა შემთხვევაში ამ უზარმაზარ ნიშნობრივ სხეულში არსებობასა და ოპერირებას ჩვენ აღვიქვამთ ან – როგორც ჩვენს ერთადერთ რეალობას (ვიმყოფებით რა სრულ ილუზიაში), ანდა გააზრებულად ვიღებთ მას, როგორც უსაფრთხო, საამო და კომფორტაბელური ყოფის ველს, სადაც კულტურის მატარებელთა ნათელი სიმაძღრე და კმაყოფილება შეღაღადებს ზეცას. ამგვარი ცნობიერებით ყველა ერთიანად და სრულიად ეფლობა “კულტურული აქტივობისა” და “კულტურული თანაარსებობის” მშვიდობისმყოფელ სენში. მხატვრისათვის, და არა მარტო მისთვის, ესაა მკვდარი უდაბნოს სივრცე – აქ, ამ სივრცეში, ე.წ. “ხელოვნება/შემოქმედება” მხოლოდ და მხოლოდ კულტურის ტერიტორიაზევე არსებული მასალის კომბინირებაზე, კომპილირებასა და კულტურულ ნიშანთა გამრავლებაზე, მათ კვლავ და სულ უფრო დახვეწაზე დაიყვანება. ნიშნებთან ამგვარ თამაშს არაფერი აქვს საერთო თანამედროვე ხელოვნების ნამდვილ მისიასთან – გვიბიძგოს იმ უკანასკნელისა და იმ სანუკვარისაკენ, რომელიც ესწრაფვის გამოვლენას და ილტვის გამოიხატოს ჩვენში. ჩვენი აქმყოფობის პირველი წამიდან თანამედროვე ხელოვნება ხომ გვიბიძგებს იმისაკენ, რადაც ჩვენ უნდა ვიქცეთ, თუ ადამიანურ მისიას სრულფასოვნად გავასრულებთ.

და აი, ამგვარი შემოქმედება, ამგვარი ამბიციური მოთხოვნილებებითა და მაღალი პასუხისმგებლობით მოითხოვს შეუპოვარ გარღვევას კულტურული სივრცის მიღმა – იდუმალში, არაარტიკულირებულში, ანუ – ბარბაროსულსა ან აბსურდულში, იგი მოითხოვს ნახტომს – უფსკრულში, სადაც შენ, სრულიად განძარცვული, პრინციპულ სიმარტოვეში ეკიდები ერთიანის ხახადაფჩენილ მდუმარებაში.

არსებობს ლაკანის მნიშვნელოვანი ფრაზა: “მთელი ჩვენი გარჯა — ფილოსოფიის, მეცნიერების, რელიგიის, ფსიქოანალიზის – მთელი ჩვენი ძალისხმევა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ თუნდაც წამით დავინახოთ რეალური”. ხსენებული “რეალური” კი, როგორც ამას ნიცშე ამბობდა, მთლიანად არის გადაფარული ჩვენი ენის ნიშნობრივი პირობითობით და მის მიერ გაფორმებული – კულტურით.

მას, ამ “რეალურს”, ჩვენ ვპოვებთ მხატვართა, პოეტთა და ასევე ყველა დანარჩენ უკომპრომისო ბრაკონიერთა გამოცდილებასა და ზეწვდომებში (Insight), ტრადიციული ენების მიღმა.

ივ კლაინი მოგვითხრობს. ერთხელ, ზღვის სანაპიროზე წოლისას ზეცას უყურებდა და უეცრად დაინახა…– აი ის, სწორედ ის ცა, ის სილურჯე – ოღონდ არა როგორც ნიშანი ცნობიერებაში, არამედ რაღაც (!) – მისი სრული სილაჟვარდით, რაღაც გამაოგნებელი და გამოუთქმელი. ეს განცდა, ივ კლაინის აღიარებით მთელი შემდგომი ცხოვრება შთააგონებდა მას და იგი კვლავ და კვლავ ქმნიდა თავის ლურჯ ობიექტებს.

აი როგორი ნაწყვეტი მოაქვს იგივე თემასთან დაკავშირებით როლან ბარტს სოლერსის რომანიდან: “მე მეჩვენება, თითქოს სიტყვათა ზღურბლთან ვდგავარ, პირდაპირ გამყოფ ზღვარზე, რომლის მიღმაც ისინი ხილვადნი და სმენადნი ხდებიან, ახლოს იმ წიგნთან, რომელიც უსასრულო რუდუნებით ოცნებობს საკუთარ თავზე”.

და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სეზანის ფრაზა: “მე მაქვს ჩემი პატარა განცდა, რომლის გამოხატვას მთელი ცხოვრება ვცდილობ, და მაინც, ვერასოდეს შევძელი ეს”. ეს ფუძემდებლური ფრაზაა, აქ ჩანს გასვლა კულტურის მიღმა და მთავარი ამ ფრაზაში არის სიტყვა “პატარა”.

უპირველესად, იგი მიგვითითებს სეზანის უმძაფრეს ინტუიციაზე, რომელმაც შეძლო ამ “პატარაში” თავისი შემოქმედებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აღმოეჩინა – იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამ “პატარას” მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა. და მეორე – აი, ასეთ პატარად გვეჩვენება ჩვენ “რეალური” (თუკი საერთოდ შეგვწევს მისი ხილვის უნარი) პირობით ნიშანთა უსაზღვრო ქსელის სიმკვრივესა და იმპოზანტურობასთან შედარებით, რომლის უკიდეგანო სხეულსაც, ჩვეულებისამებრ, ჩვენ საკუთარ ეგზისტენციად აღვიქვამთ. გაბედო ამ “პატარასათვის” თავის გადადება, მიუძღვნა მას მთელი ცხოვრება – სწორედ ესაა – გადაეშვა მარტოობის უფსკრულში, ანუ იყო კულტურის მიღმა, იქ, სადაც ახლობელი ვერ არის შენი მეგზური, ვერ დაგეხმარება, ვერ გაგამხნევებს, ვერ გაგიგებს, ვერ დაგაფასებს ან შეგაფასებს.

აქედან, ამ “პატარა” განცდიდან იწყება დიადი შანსი – სამყაროს გაშიშვლებულ სხეულთან შეხების შანსი. სწორედ ამ შანსს დაეძებს ხელოვნება.

ზემოთქმულიდან შესაძლოა ვინმეს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ამ გამოწვევაში ლოგიკური განვითარების გზის შესაძლებლობა არსებობს: რომ “კულტურის პროდუქტის” სტატუსის მქონე ადამიანმა ჯერ თავად კულტურის სხეულში გაცნობიერებული არსებობა და აქტივობა დაიწყოს, შემდგომ კი მის მიღმაც გავიდეს. მაგრამ ეს საფუძველშივე მცდარი სქემაა. კულტურას ნაზიარები და მასში ჩაძირული ცნობიერება, კულტურის სხეულში ბინადრობის სრულ კომფორტს ნაზიარები, საკუთარი ნებით ბრძოლაში არ ჩაებმება. მან ინსტინქტი დაკარგა, ახლა იგი შინაური ცხოველია და საკუთარ დღეებს იმაშიღა გალევს, რომ ადამიანის მიერ ნათელღების ერთადერთი და ძირეული პერსონალური შანსი, კულტურაში დაცულობის მკვდარ სუნთქვაზე გადაცვალოს. აი ასე ხდება სინამდვილეში.

მაგრამ პარადოქსის მთელი უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ, როგორც ეს დასაწყისში ვაჩვენეთ, ხელოვნების ფესვები კულტურიდან აღმოცენდება და ცნობიერების კულტურულ სივრცეში ჩართვის გარეშე სასურველი გარღვევა არ შედგება. მეტიც, სწორედ კულტურაა ის, რაც აყალიბებს მას, როგორც შესაძლებლობას. კულტურამდე, ბარბაროსულში ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს.

ამიტომაც სასწავლო პროცესი გრძელდება და ჩვენც თავდადებითა და ბეჯითად ვასწავლით ისეთ საგნებს, როგორიცაა: ნიშანთქმნადობის პრინციპები და ნიშანთა სისტემის ორგანიზაციის ფუნდამენტალური კანონები, იდეის ფორმაში დანერგვის მეთოდიკის კულტურული ტრადიცია, მგრძნობიარობას ექსპრესიულისადმი და ასევე სუბსტანციებსა და ფორმებში მეტაფორული პოტენციებისადმი. განვმარტავთ ნიშანთა სოციალურ ანგაჟირებას ენაში, ვასწავლით, როგორ შევძლოთ გამოვხატოთ საკუთარი თავი მხატვრულ ჟესტში, როგორ გავიგოთ, და რას ნიშნავს – სამყაროს შეზიდვა საკუთარ სუბიექტურობაში. ვასწავლით ფერისა და სინათლის ფსიქიკურ, ფიზიკურ და ისევ და ისევ, მეტაფორულ თვისებებს. ვურჩევთ ახალგაზრდა კაცს სიფხიზლე გამოიჩინოს კულტურული დისკურსებისა და სტრატეგიებისადმი და არტ მარკეტის პოლიტიკისადმიც კი.

Mმაგრამ ამავე დროს უნდა გულწრფელად ვაღიაროთ, რომ ის ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი, რაც თანამედროვე ხელოვნების არსებობას ამართლებს და მას ფასდაუდებელს ხდის, ამ ჩამონათვალში არ არის და საერთოდაც, აქ, კულტურულ გარემოში, არსად მოიძიება და ისწავლება. კულტურული ცნობიერების ფარგლებში მხოლოდ ენა და პოლიტიკა არსებობს.

თანამედროვე ხელოვნების “სწავლება” შეუძლებელია, მისი ფენომენი სამყაროში უბრალოდ – ხდება. პიკასო ამბობდა “მე არ ვეძებ, მე ვპოულობ”. Aაი, მპოვნელის ფსიქიკისკენ კი ადამიანის დაკვალიანება შესაძლებელია.

ვნახოთ, თუ რაში მდგომარეობს სწავლების პარადოქსი: ნეოფიტი კულტურის ხაფანგში ისე უნდა შევიყვანოთ, რომ ხაფანგი მის უკან არ ჩაირაზოს. ცნობიერება უნდა გაეცნოს კულტურას, შემოქმედებით ენებს, გააანალიზოს და ჩაწვდეს ორივეს არსს, მაგრამ ამასთან ერთად და პარალელურად ცნობიერებამ მონადირის ინსტინქტს არ უნდა უღალატოს – უაღრესად ფხიზელი უნდა იყოს საკუთარი ფსიქიკის მიმართ, რათა ხელიდან არ დაუსხლტეს და შეძლოს მოიხელთოს ის უმთავრესი (!) – “პატარა”, რომელიც სეზანთან კავშირში ვახსენეთ. კულტურულ სივრცეში მყოფი ცნობიერება გარემოსთან უნდა ურთიერთობდეს, მაგრამ ამავე დროს უნდა დარჩეს უფსკრულზე შეყვარებულ განდეგილად! ბუდა ამბობდა, “რელიგიისაკენ მოქცეულ ყაჩაღს მეტი შანსი აქვს ჭეშმარიტებასთან მისაახლოებლად, ვიდრე უბრალო მოკვდავს”, და ქრისტეც, მასთან თანხმობით ამბობს: “ნეტავი კი ცივი იყო ან ცხელი, მაგრამ ვაი, რომ ნელთბილი ხარ”. უბრალო მოკვდავი, ნელთბილი, ეს კულტურის ტერიტორიებია.

თანამედროვე ხელოვნების სწავლება შეუძლებელია, მაგრამ ამ მიმართულებით გზის კვლევა შესაძლებელია; ნახტომისათვის მომზადება და ამისათვის ადგილის გამოთავისუფლება შესაძლებელია. და კიდევ ერთი რამ არის შესაძლებელი – გავაღვივოთ სიყვარული და ლტოლვა გარღვევისაკენ. ასეთი გარღვევის გარეშე ხომ მხატვარი მხოლოდ კულტურულ ნიშანთა უბადრუკი კომპილატორია; ამ როლში მან შესაძლოა მოიგოს სამყარო, მაგრამ სული კი წააგოს.

მოვიყვან იურგენ ჰაბემასის მეტაფორას ამ ნახტომის შესახებ, სადაც იგი თანამედროვე ხელოვნების შემოქმედების ადორნოსეული გაგების სურათს ხატავს. თანამედროვე შემოქმედებას იგი ადარებს მზვერავთა რაზმის მოქმედებებს, რომელიც დაზვერვითი მიზნებით სრულიად უცნობ ტერიტორიაზე იჭრება, თავს იგდებს მოულოდნელ და საშიშ შეჯახებათა საფრთხეში, იპყრობს ჯერაც აუთვისებელ მომავალს და იძულებულია ორიენტაცია მოახდინოს, ე.ი. – მიმართულება ეძიოს უცნობ ადგილას რუკის გარეშე. ჰაბემასს აქ დაავიწყდა ეხსენებინა ამ უცნობ ტერიტორიაზე კომუნიკაციის შანსის სრული უქონლობა, ასევე, გარედან ყოველგვარი დახმარების შეუძლებლობა. ასეთი და კიდევ სხვა რამდენიმე დეტალის დამატებით უფსკრულის სურათი კიდევ უფრო სრული იქნებოდა.

ვიმეორებ: თანამედროვე ხელოვნების სწავლება შეუძლებელია, მაგრამ ამ მიმართულებით გზის კვლევა შესაძლებელია – საჭიროა ნეოფიტის ცნობიერების პროვოცირება არსებულ ღირებულებათა მიმართ რადიკალურ სკეპტიციზმზე და ახალგაზრდა შემოქმედში ვნებით სავსე ლტოლვის გაღვივება უკანასკნელი საიდუმლოს მიმართ.

იქ, იმ განწმენდილ სივრცეში, შორს კულტურული ტრადიციებისაგან, სუფევს ჩვენი ინდივიდუალობის მიზეზი. სწორედ ამ სივრციდან იძენს მხატვარი თავისი ობიექტის, ჟესტის, დამოკიდებულების უნიკალურობას (კულტურა აქ მხოლოდ სამზარეულოში მოფუსფუსე ერთგული მოსამსახურეა, პატრონის რეცეპტით და განკარგულებით რომ ამზადებს კერძს). მხოლოდ ასეთი ადგილიდან გვევლინება ყველაზე იშვიათი და დიადი სასწაული დედამიწაზე – “სამყაროს უშუალო პირადი განცდა”. მხოლოდ ამ დროს, სიტყვა მხატვარი აღარ ნიშნავს “პროფესიას”, არამედ გულისხმობს ნიჭიერი ადამიანის დანიშნულებასა და მისიას – ყოველდღიური ყოფის მადლმოკლებულ რუტინაში ჭეშმარიტების პიროვნული განცდის დღესასწაულის კაშკაშა ნაპერწკალი დაამკვიდროს.

აკადემია

შორეული წარსულის საბერძნეთში, მის გამჭვირვალე სინათლით სავსე ბაღებში, აკადემია, ბერძენი მოგვის წინამძღვრობით, შემოქმედებითი აზრის საუფლოს წარმოადგენდა. ეს აზრი, ეს მოაზროვნე აზრი (როგორც ჰაიდეგერი უწოდებს) არ გამოაცალკევებდა საკუთარ თავს სივრციდან, არ ცდილობდა გაფორმებულიყო როგორც საგანი, როგორც ფასეულობა, როგორც გაცვლითი ღირებულება. ის შეჰხაროდა საკუთარ ძალას, ტკბებოდა უნარით გამოეცალკევებინა დროსა და სივრციდან არსებულის ხატები. სიხარული განმსაზღვრელი იყო მოაზროვნე აზრის შემოქმედებაში. ასეთი ფორმით არსებობდა აზროვნება აკადემიაში.

ჩვენი (ახალი) დროის მიჯნასთან ვითარება რადიკალურად შეიცვალა. აკადემიამ იკისრა ლოგოსის განყენებული და ამაღლებული (ისტორიულად გაფორმებული) ხატის ერთადერთი და სრულუფლებიანი რეპრეზენტატორის მისია. ეს ხატი განასახიერებდა ცოდნის ურყევ ავტორიტეტს, წარმოადგენდა ცოდნას, როგორც რაღაც საგნობრივს, აბსოლუტური ღირებულების მქონე კონკრეტულობას. ამგვარი აკადემიის ხატი სახიფათო ხდებოდა ადამიანებისათვის თავისი სტატიურობით, ქედმაღლობით, თავისი ეროგენტულობით, სრულყოფილებაზე პრეტენზიით. მან იწყო ჩვენგან გაღმერთების, მორჩილების, ქედის მოხრის მოთხოვნა. აქ, ასეთი დამოკიდებულების ფარგლებში, გათავისუფლება პირადული არსებობის ტვირთისაგან – სოკრატეს მიხედვით, ცოდნაში ნებისმიერი გარჯის ერთადერთი მიზანი – სრულებით იქნა დავიწყებული. მოაზროვნე აზრის ანცი სიხარული, მისი უსაზღვრო თავისუფლებისმოყვარეობა აქ მხოლოდ დაცინვას, უკეთეს შემთხვევაში კი გაუგებრობას იწვევდა. ამ სიტუაციას ჰაიდეგერი ასე გამოეხმაურა: ”ნურავინ ეძებს ფილოსოფიას უნივერსიტეტებში”.

დასავლეთში, ვითარებაში, როდესაც მოდერნისტული პრობლემატიკა მისი განუწყვეტელი განახლების ვიტალური მოთხოვნილებით სრულად იქნა ლეგიტიმირებული კულტურულ ცნობიერებაში, პირველი, რუტინიზებული და გახევებული ინსტიტუციებიდან შედრკა სამხატრო აკადემია. მან დესტაბილიზაცია იწყო. მის ისტორიულად ქედმაღალ აურას აქა-იქ ბზარები გაუჩნდა. ვეება ხის ჩრდილქვეშ სინათლემ დიწყო თამაში, ჰაერი გათბა. თანდათან გამოჩნდა მოაზროვნე აზრისა და მგრძნობიარე გრძნობის ოაზისები, თუმცა სიტყვა ”აკადემიის” და სიტყვა “პროფესორის” აურა ჯერაც არ გაწმენდილა, იგი კვლავ აღძრავს მოწიწებულ შიშსა და თრთოლას სტუდენტში, ზოგჯერ კვლავაც ითხოვს უპირობო პატივისცემას. თანამედროვე აკადემიის სახე ჯერ კვლავ შორსაა ხსენებული ბაღის აურისაგან – ბაღისა, სადაც ყველაფერი მხოლოდ ფორმირების ექსტატურ დინამიკას ექვემდებარებოდა, სადაც ხელოვნება მხოლოდ სიხარულსა და აღმაფრენას იწვევდა, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო მონურ თაყვანისცემასა და ლეგიტიმირებულ ფორმათა თუ ავტორიტეტთა გაღმერთებასთან. მაგრამ დღესდღეობით ცვლილება თვალსაჩინოა – სამხატვრო აკადემიებში ცოდნის პრინციპის გადაფასების ტენდენცია უდავოდ დაიწყო: ვეება, მძიმე ჩრდილების გამჩენ ხეს – სამყაროს ყველა საიდუმლოებებთან უდარდელი თამაშებისათვის განკუთვნილი ნათელით სავსე ველი ანაცვლებს.

 

მხატვარი

 

სიტყვა “მხატვარი” – როგორც ცნება და როგორც სოციალური სტატუსი, გაგებულ უნდა იქნეს როგორც ერთგვარი ფუნდამენტური ფენომენი, მაგრამ ადამიანის ცხოვრების ჭეშმარიტ დინამიკასთან მიმართებაში ის უნდა გაიაზრებოდეს, მხოლოდ და მხოლოდ როგორც დროებითი ორიენტაცია. ორიენტაცია, რომელიც უნდა იქნეს გადალახული სულიერების იმ მიზანმიმართულ პროცესის შიგნით, რომელსაც ახორციელებს ადამიანის სული ერთიანის გადახსნილობისაკენ მოძრაობაში – საკუთარი თავის აღმოსაჩენად.

ხელოვნებაში ჩვენ გვხვდება მრავალი ლამაზი მაგალითი ასეთი მოძრაობის, ასეთი გადაძლევის და ასევე სულის ამ მოძრაობის პროცესის გასრულების.

ჩვენ გვახსოვს, რომ დიუშანი წინააღმდეგი იყო, რომ მისთვის მხატვარი ეწოდებინათ. და ამაში არაფერია ეროგანტული. მას უბრალოდ, ესმოდა, რომ სიტყვა “მხატვარი”, როგორც საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრებული პერმანენტული სოციალური სტატუსი, არ შეესაბამება ამ თვითგამაბათილებელ (სულის ზემოხსენებული გონიერი მოძრაობის ფარგლებში) ცნებას.

როგორღაც უხერხულია და მიამიტურ ახირებულებადაც კი მოჩანს – უწოდო მხატვრები, ან განსაზღვრო როგორც მხატვრის პროფესიონალური კარიერა ის, რაც იცხოვრეს ვან-გოგმა, გოგენმა, როტკომ, რეინჰარტმა, დიუშანმა, ბოისმა. აბსურდია ეცადო – მხატვრული შემოქმედების და მხატვრული მიზნების ჩარჩოებში მოაქციო მათი ნოსტალგიური ლტოლვა სრული და უპირობო არსებობის ფორმისაკენ.

ასეთ ადამიანთა ბედისწერებში სახეზეა ის უძვირფასესი მაგალითი, რომელიც ცხადად აჩვენებს, თუ როგორ ხდება საბოლოო აღსრულებისაკენ უსაზღვრო სწრაფვის პროცესში ცნება “მხატვარზე” ორიენტაციის გადაძლევა.

დიუშანმა ამგვარი გადალახვა (“მხატვარზე” ორიენტაციისა) მდუმარების ნაპირზე დაასრულა, როცა თავისი შემოქმედების პიკზე შეწყვიტა შემოქმედებითი აქტივობა.

ბოისმა საკუთარი თავი და შემოქმედება მსხვერპლად შესწირა სოციალურს.

გოგენმა და ვან-გოგმა ეს ორიენტაცია, მოძრაობის წარმოუდგენელი ინტესივობით, განვლეს ზღვრულის მიმართულებით – სიკვდილისკენ, როგორც წვდომის უკანასკნელი საფეხურისაკენ.

უორჰოლთან ეს ორიენტაცია ფასეულობათა სრულ გათანაბრებაში და ამგვარად სათამაშო სივრცის ტოტალობაში გასვლით გამოიხატა.

სეზანს თავისი მხატვრული არტიკულაცია “Sainte-Victoir”-ის მთის არამხატვრული მასის სამსხვერპლოზე მიაქვს შესაწირად. მასში ჰპოვებს იგი საკუთარ (როგორც მხატვრის), აღსასრულს და გამოუთქმელის სრულ პრეზენტულობაში განისრულებს თავს.

მათ ვერ უწოდებ უბრალოდ “მხატვრებს”, იმის დამატების გარეშე, რაც ცხადს გახდიდა მათ შემდგომ მისწრაფებას ახლა უკვე გამოუთქმელისაკენ. ბევრად უფრო გამართლებული იქნებოდა მათთვის რაიმე “ეგზოტიკური” სახელები რომ გვეწოდებინა, მაგალითად, ადორნოს მიხედვით “მსხვერპლის გამღები პარტიზანები”, ან თუნდაც “მეომარი ბერები”. ვფიქრობ, ჩვენს დროში ეს სახელები უფრო დამაჯერებლად იჟღერებდა ან სულაც უფრო მართლად.

მაგრამ საქმე ხომ არა შერქმეულ სახელებში, არამედ მისწრაფებათა სწორ გაგებაში, მათ სწორ აღქმასა და შეფასებაშია.
 ყოველივე თქმულის შემდეგ, ზემოაღწერილ კონტექსტში, მასხრულ უგვანობად წარმოგვიდგება (ყოველ შემთხვევაში მე ასე განვიცდი) მხატვარ-selebrity-ს იმიჯი – ამ საზღაურგადახდილი და უკვე ჯილდოშეშნობილი მოკვდავისა, რაც დეზერტირობის და ამიტომ არასუფთა სინდისის, აღუსრულებელი ვალის უცნაურ გრძნობას გვიჩენს ზემოაღწერილ მისიასთან ასოცირებისას. ჩვენ ხომ არ განვიცდით ასეთ უსიამოვნო შეგრძნებას მსახიობ selebrity-ისთან კავშირში, ამ სტატუსში იგი თავის ბუნებრივ მისიას განასრულებს. აქ კი, ხელოვნებაში, მისიას დასასრული არ გააჩნია – როგორც სკორსეზის ფილმში ”ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“. იესო თავის მსხვერპლშეწირვაში ჯვარზე ბოლომდე უნდა დარჩეს – ეჭვის გარეშეა – ის უნდა გავიდეს პირობითობით დასაზღვრული და ჩვენს მიერ ესოდენ შესისხლხორცებული სივრცის მიღმა, უკან მოიტოვოს ყოველგვარი კმაყოფილება, ბედნიერება, სიყვარულის ყველა პირობითი ფორმა. პირობითი თამაშები მსახიობთა ხვედრია, მათი საქმეა, ხოლო ორიენტაცია ”მხატვარი” კი – ფუნდამენტური მსხვერპლის გაღების რიტუალურ გზაზე დროებითი შეჩერებაა და კვლავ – გზის განგრძობა.

“როდესაც კარი გაიღება, ქვას, რომლითაც კარზე აკაკუნებდნენ, აზრი ეკარგება და როგორც უსარგებლოს უბრალოდ მოისვრიან – მასში საჭიროება აღარაა”. ეს ძენის გამოთქმა ნებისმიერ აზრს, ნებისმიერ ფორმას, ნებისმიერ ცნებას, ნებისმიერ სტატუსს ეხება, მათ შორის ”მხატვარსაც”. ყველაფერი ეს მხოლოდ საშუალებაა დანიშნულების ადგილზე მისაღწევად. სიტყვა მხატვარი განქარვებადი ნისლია.

შემდგომ რაღაა? იქ, საზღვრის იქით, მხატვრის და ხელოვნების მიღმა?

პასუხი იმედისმომცემია, მაგრამ არა მარტივი გონებისათვის.

”ვედებში” ნათქვამია: ”ნათელღების (enlightenment) მიღწევის შემდეგ დატკბი ღვინით, ცხენებითა და ქალებით.” ეს კონცეფცია მოუხელთებელი, გონით მიუწვდომელი პარადოქსია. ეს რა ცინიკური შემობრუნებაა, რა შეურაცმყოფელი ხუმრობა – “ვედებთანვე” თანხმობით ამდენი ასკეზისა და სიბრძნეში გარჯის შემდეგ? ვის შეუძლია გაიგოს ეს მეტაფორა, გაუძლოს ამ შეუბოჭავ თავისუფლებას და ახლა უკვე სრულიად აღსრულებულ ალქიმიას; ის, რაც ჩვენთვის მხოლოდ მოხმარების საგანია, აქ ფერს იცვლის და შეუბღალავ საკრალურ თამაშად წარმოგვიდგება. ღმერთთან და სამყაროსთან ერთად, ანუ – ერთობაში, ანუ ერთში, განუყოფელში, სადაც თავად მე ვარ ცხენიც, ღვინოცა და ქალიც.

 

ბოლოსიტყვაობა

 

არსებობს მოსაზრება, რომ ხელოვნება თამაშია – რომ მისი საზრისი არის თამაში. ეჭვი არაა, სამყაროს საზრისი თამაშია. მაგრამ თამაში პირობით სივრცეში – ყოველთვის პირობითი თამაშია და მათგან საუკეთესონიც კი, ნამდვილ თამაშთა სიმულაციებია მხოლოდ. აი, ნამდვილი თამაშები კი იქაა – სადაც ცხენი, ღვინო, ქალი და მე ერთნი ვართ, იქ, გარღვევის მიღმა – “მეფე სოლომონის ქებათა ქებაში”. მათ კი დამსახურება სჭირდება.

სიმულირება სახალისო და საამოა, ერთობ თავშესაქცევი, მაგრამ – პრინციპული სიბრიყვეა. ეს სამეფო სამოსია გლახაკის სხეულზე – ერთადერთი რეალური სარგებელი, რასაც სიმულაციისაგან შეიძლება ველოდეთ – ისევ და ისევ საილუსტრაციო მასალაა. ლარს ფონ ტრიერის ”იდიოტებში” ნამდვილი იდიოტი მხოლოდ ერთი აღმოჩნდა, ის, ვინც ნამდვილ ტკივილს ატარებდა და არა პირობითს, არა ინტელექტუალურ-სიმულაციურს – უბრალოდ, ნამდვილ სულის ტკივილს. მოგებულიც მხოლოდ ის დარჩა. სწორედ მან დააღწია თავი პირობით სივრცეს.

და დანარჩენები?…

“დაე, მკვდრებმა იზრუნონ საკუთარ მკვდრებზე“.

© “არილი

Facebook Comments Box