პოეზია

რატი ამაღლობელი – ლექსები

მუზების წიგნი

ურანია

მიჩვენე მუზავ,

გზის აწმყოობად-

სიმწყობრის უზა-

-დოობა.

ფიქრს ასწრაფებდე

და მიმერცხლავდე,

ღამით გამენდე –

გამომეცხადე.

შენია, რაც რამ

მომეპოვება,

რაც კი რამ დამცდა

პოეტს პოემად.

რაც გახსოვს სრულად,

რაც გულს გიღელვებს –

სულ სურათ-სურათ,

მუზავ, მიმღერე.

მიმღერე, მუზავ,

დავრჩი სულ ობლად.

სიტყვიდან უსა-

-სრულობა

გადამიხსენი,

მიხსენი.

პოლიჰიმნია

ცა ჩემი ფიქრის მწვერვალია,

ქიმის ქიმია,

ჩემში ყოველთვის მღელვარეა

მისი ქიმია.

ცის გახლეჩილი გარს მეკვრიან

ელემენტები,

ღრუბლებში ვქრები ვარსკვლავივით,

მერე ვენთები.

მსურს გადავადნო ცა-მოწმენდილ

ღამის ტატნობი,

სიტყვად გამოვწრთო, გამოვბრძმედო

ეს შენადნობი.

ცის ამრეკლავი, მზე-ნაზავი,

ღვთის ამსახველი

ბნელეთს დაეცეს ელვასავით,

სიტყვა-მახვილი.

ევტერპე

იყავი მუზავ, მუდამ გემუზოს,

მუზების ქროლა-კაბა გემოსოს.

წასვლა – ენაზე კბენის გემოს გავს,

მოსვლა – კუნძულზე გემის შემოსვლას.

იდუმალ მაცნედ, ფარულ მოამბედ

მოხვალ ბეთეზდით და სილოამით,

გრილ საბანელში აზრს ამოავლებ,

ცხადქმნილს დაფარავ, ღრმას გამოავლენ.

განიფინები ბაღის ბილიკად,

სადაც ფინიკი მოკრეფილი გაქ,

პანეგირიკებს გიკრავს ლირიკა,

მუხლზე დაისვამ, გულზე მიიკრავ.

ფსიქე, აღაპე, სტორგე, ფილია –

ყველა შენს ირგვლივ მოკრებილია,

მათ შინაგანში ფიქრის ფილიგრან

თვალ-მარგალიტით არეკლილი ხარ.

მოსდევ ხეივნებს გზად ემაუსის

ალაგ დაფნებით და იფნეულით,

სამხრად, საუზმედ მოდი – აუვსე

ტაძრებს აუზი და ნიმფეუმი.

წარმოსახვებში ხშირად მინახავს –

ედები ტერფით ტაძრის ფილაქანს,

ქვა ემგვანება ტვიფრულ მინანქარს

შენს კვალს ქარაგმის ქარგად ინახავს.

ბაგედ გეპობა, ნაპოვნ ბილინგვად –

თაღის შუაზე გაპობილი ქვა.

თითქოს სამყაროს ხმა ყოფილიყავ,

მიხმობ, მოგყვები, კმაყოფილიხარ.

გამანდობ საზრისს საწყის მიზეზთა –

ტაძრის კიბესთან.

ერატო

სხვა სახლი

ადრე გეძებდი სამყაროში, ცოცხლებში, გარეთ,

სადაც ქალაქებს ინდუსტრიის ორთქლი აუდით,

გეძებდი სხვებში უგზოუკვლოდ და უანგაროდ,

ანუ ერთგვარი წინათგრძნობით და ვარაუდით.

ამ გაუკვალავ უკუნეთში ხელის ცეცებით,

თითის ბალიშის შეგრძნებებით და სიფაქიზით,

შოკისგან მოგვრილ გაღიმების დამღით ბაგეზე

ყველა შემხვედრის მზერაში და თვალში გეძებდი.

მერე კანკალმა ამიტანა – ლურჯმა ციებამ,

თითქოს სამყარო უშენობით დაცარიელდა,

და მეც ჩემს შიგნით შეხიზნულმა და შეყუჟულმა

შევწყვიტე გარეთ შენი კვლევა, შენი ძიება.

და აგერ უკვე მეთხუთმეტე წელიწადია

ჩემს ბნელ სიზმრებში ვეზიდები, შემაქვს ცხადიდან

ყოველი განცდა, რითაც სიზმრის შიდა წიაღში

მე სახლს ვაშენებ და ამ სახლის სრულქმნა მწადია.

სახლის წინ ვრცელი მინდორია, სახლსუკან ფონი

ტყეს უკავია და მეც შენმა მაძიებელმა

მინდვრისკენ გავდგი მაღალი და ნათელი ჰოლი

და სარკმლით ტყისკენ გავახედე საძინებელი.

შენც, თუ მოსვლაა, აქ მოდიხარ, რათა მოეშვე

და ერთმანეთის ცრემლებს ვკოცნით ქუთუთოებში.

მელპომენე

I

გასვლა

საკუთარ სიღრმეში მიდის და ლურჯდება

საღამო – ღმერთების ჭიქური ჭურჭელი.

ლექსებს რომ ეძახი დღემდე განურჩევლად –

ვარსკვლავთა ფარული ხმაა და ჩურჩული.

გიხმობენ გუნდებად ექოთა კანონით

მნათობთა ქორონი უკიდეგანონი.

შენ რომ ვარსკვლავები გგონია ულევი,

უძირო ღრმულებით და ცის უფსკრულებით

ღმერთების ნავალი კვალია აქამდე,

დღემდე რომ ვარსკვლავურ ნათებად გაკავდენ.

ამ კვალთა კვალდაკვალ კვლევაში ისმენდე

სიტყვას – უკუნითი და უკუნისამდე.

რეფრენად  ამბობდე: ამ ხმათა აღმავალ

სიხშირეს სამყაროს სხვა მხარეს გავყავარ.

II  

წერა

გაეშვი მოთქმას. წერე წყალზე, წერე ჰაერში,

ერთი მოქნევით, ყოველგვარი შიშის გარეშე.

ბასრი სინათლის წვერით წერე. დარდით, კაეშნით

გულ-დამძიმებულ დედამიწის გარსში დაეშვი.

წერე გამჭოლად, თითქოს მზეში ქარი ლოცულობს –

სიმაღლეების სიმსუბუქით გარემოცული.

თვალ-მოჭედილი ღამის ციდან ხვავი მოკრიფე

და ბნელში წერე ვარსკვლავების იეროგლიფი.

წერე მიწაში, წერე ქვაში, წერე ქვიშაში,

მწუხრის ბინდებზე გადაწერე ყველა რიჟრაჟი.

დროს ფართოდ გასწვდი, იხელთებდე სივრცეს დაე, შენ –

წერე, თითქოსდა აისიდან ცურავ დაისში.

III

ტყე

ტყესავით უნდა ხშირი იყო

ამბობ და ტყის შიგნით მევლინები –

გააღე კარი, რომ შინ მიიღო

გაშლილი მინდვრებიდან დევნილები.

ტოტებით ფოთოლ-ფოთოლ დაიფარე

მსუნთქავი სულდგმული ყოველგვარი,

ფრინველთა გუნდებმა დაივანონ

შენში და ტყის სიუხვით მოეპყარი.

ათას-ხმა ტყის სიმღერით აშრიალდი,

გაწმინდე ჰაერი და დაუბერე,

იცანი – ღრმა ტყეების ხმაში არი

სამყაროს დაფარული საუბარი.

ბოლო ფოთოლი რომ დაგცვივდება,

ყოველმხრივ იგრძნობ, რომ თვალს გავლებენ,

ტანზე მოგეხვევა ცა მძივებად,

მოგრთავენ საშობაოდ ვარსკვლავები.

ტერფსიქორე

ლექსები უნდა იჭმეოდეს, უნდა სიუხვით

გაჯერდეს რკინით, კალციუმით, სილიციუმით.

აყვავდეს ღია ჭრილობებში ლორთქო ფოთლებად,

ხან ტყვიად შეძლოს გამკვრივება, ხან აორთქლება.

საპირისპირო რომ შეეძლოს გარდასახვანი –

სიტყვის უთქმელი უნდა გახსნას სხვა დრო, სხვა მხარე.

ხან განასხვაოს, ხან პირიქით გააიგივოს,

სააქაოდან მისწვდეს სულეთს და საიქიოს.

სულის მაღლობში თავი გაყოს, ხოლო ტერფებით

შეიგრძნოს ტორფი, დედამიწის მთელი მტვერ-ფერფლი.

კალიოპე

გააღე თავის ქალის გალიები,

განიავდი.

სივრცის გაშლები და განივები

შიგნით გაიელვე.

მინდორს (ჭრიჭინით და კალიებით

მთრთოლარეს) შეყევი და გაივლება.

იარე, თვალები დაგიელმონ

წელამდე ყვავილებმა.

იციან მაღალმა ყვავილებმა

სხეულზე მოდება ქავილებად,

იარე, ბოლომდე გაიოფლე,

პერანგი მთლიანად რომ გაივლება

და სუნთქვა თუ არ გაგინელდა,

გზა თუ არ გაიოლდა,

იარე,

წამიერი თვალის მოკვრით

შენამდე ქალი მოვა.

იფიქრებ –  წყალი მოაქ.

სიშორის მანძილს დაგიმოკლებს,

შუადღის წყურვილს დაგიოკებს,

აქამდე არ განცდილ შვებას მოგგვრის

და სიტყვად დაიღვრება

კალიოპე.

ისტორია (კლიო)

ვეებერთელა შენი ტანი ყველა ბაღლინჯოს

სურს ნაწილებად გაგლიჯოს და დაამახინჯოს,

დაასახიჩროს იერ-სახე შენი ნატიფი,

გააწყოს შენი სხეულისგან სერი, ნადიმი.

შენ მაინც მუდამ ფართოვდები, მხრებში იშლები,

ყოველ წამს ახალ კითხვებს აღძრავ და მინიშნებით

ვისთვის ჯავშანში ქალღმერთივით, ვისთვის შიშველი,

არა საშოდან, შუბლის წიაღს აპობ, იშვები.

ათასი სახე, ამდენივე ხმა გაქვს მკვნესავი,

ვინც კი შეგხედავს – აირეკლავ, ხარ სარკესავით.

შენ წყვეტ ჰო-ყოფით, მხოლოდ შენი დასტურ-მოწმობით

შენში კვდებიან ცოცხლები და მკვდრები ცოცხლობენ.

შენი სხეული გაწყობილი მწყობრი ლექსია,

იქიდან ისმის სინდის ხმა და რეფლექსია.

თალია

ალბათ არ არის ყველგან საჭირო

სიტყვა ბოლომდე გამოაჩინო.

მსუბუქად, ოდნავ და უნებურად

განწყობის ფერით უნდა შებურო.

მკრთალი მონასმით – ნევმად, ქარაგმად

ალაგ-ალაგ რომ ალაპარაკო.

დღეების ფურცლის ფერად ლოყაზე

ქრობადი ფანქრის წვერით მოხაზე,

რათა მალევე გაიმქვრეს, გაქრეს –

მოხაზე წვერით ქრობადი ფანქრის.

ქვიშაზე პწკარებს – თითის მონასმებს,

ზღვა მოვარდება, წყლით ამოავსებს. 

ერთ ტალღასა და მეორეს შორის

სულ ცოტა დროა – მიდი, მოასწრებ.

© არილი

Facebook Comments Box