ესე (თარგმანი),  კრიტიკა

პატრის ბოლონის დაზუსტებები კამიუ-სარტრის თემაზე

camus-sartre

სოციალური ცვლილებანი კამიუს მიხედვით და მის მიღმა [1]

როგორი რევოლუცია გვჭირდება დღეს?

პოლიტიკური თვალსაზრისით დღეს ერთი პარადოქსი გვაქვს: იმ გაუთავებელი კრიზისის წინაშე, რომელშიც ჩაფლულია ჩვენი საზოგადოება, კარგად გვესმის, რომ გამოსავალს მხოლოდ სისტემის მართვის გაუმჯობესებით ვერ ვიპოვით, ამისთვის საჭიროა რადიკალურად შევცვალოთ ჩვენი პროდუქციის, მოხმარების, შემოსავლების განაწილებისა და, უფრო მეტიც, აზროვნების სახე. ამავე დროს, არც სოციალური ცვლილების მოსახდენი სიცოცხლისუნარიანი თეორია გაგვაჩნია – ის, რასაც ადრე “რევოლუცია” ეწოდებოდა. უფრო მეტიც: სოციალური ცვლილების იდეაც კი, როგორც ჩანს, საბოლოოდ მოკვდა. როცა მასზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მეოცე საუკუნის ისტორია გვახსენდება, რომელიც რევოლუციების და თან ამავე დროს მათი დისკრედიტირების საუკუნეს წარმოადგენს. “უსაზღვრო თავისუფლებამ უსაზღვრო დესპოტიზმამდე მიმიყვანა” – ეს სენტენცია, რომელსაც დოსტოევსკი “ეშმაკნის” ერთ-ერთ გმირს, შიგალევს ათქმევინებს, კვლავ თან გვდევს. რატომ უნდა ვიბრძოლოთ აღთქმული განთავისუფლებისთვის, თუკი შედეგად მიღებული სისტემა იმაზე უარესი იქნება, ვიდრე ის, რომლის შეცლაც გვინდა?

მართალია, კამიუ არც პირველი იყო და არც ერთადერთი, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის სიმტკიცე და პირდაპირობა, როგორითაც იგი იბრძოდა რევოლუციების შედეგად მიღებული რეჟიმების დეგრადაციის წინააღმდეგ, მით უმეტეს, რომ ზოგიერთმა რეჟიმმა იმის საპირისპირო სახეც კი მიიღო, რაც ჩაფიქრებული იყო. ამ თვალსაზრისით, კამიუს პოზიცია უფრო გონივრულია და თანამედროვე, ვიდრე სარტრის. სარტრმა ბოლომდე შეინარჩუნა “მარქსისტული”, საკმაოდ მექანიკური ხედვა, თუმცა კი ეს ხედვა ცოტა შეერყა 68 წლის გამოსვლების შემდგომ პერიოდში ძლიერი აქტივიზმის, “რევოლუციური რომანტიზმის” წყალობით. კამიუს ასეთი პოლიტიკური აურა უდავოდ განპირობებულია საკითხთან დაკავშირებით მისი წინასწარ განჭვრეტის უნარით. მაგრამ მისაღებია თუ არა ის გამოსავალი – “ლიბერტარული სოციალიზმი”, რომელიც მან შემოგვთავაზა?

“ამბოხებულ ადამიანში” კამიუ საბჭოთა სისტემას აკრიტიკებს და პოლიტიკური ფილოსოფიის ანალიზთან ერთად “პოლიტიკური თეორიის” ანალიზსაც გვთავაზობს. პირველი კლასიკურია. მას სააშკარაოზე გამოაქვს  საფრთხე, რომელსაც საზოგადოების ყველა “მესიანური” და უნიტარული უტოპია წარმოადგენს – ესაა “ტოტალიტარიზმის” თემა, რომელიც მას შემდეგ უკვე მრავალჯერ იყო განხილული. მეორე უფრო ახალია: კამიუ მიხვდა, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული სოციალური და პოლიტიკური ცვლილების კონცეფციაში რაღაც კარგად არ გამოდიოდა. რევოლუციური რეჟიმების დეგრადაციაც ასევე ძალაუფლების აღების მეთოდებთანაა დაკავშირებული, უფრო მეტიც, შეიძლება პირველ რიგში იგი სწორედ ამასთანაა დაკავშირებული. ესაა იმ წინადადების აზრი, რომლითაც იგი იწყებს “სახელმწიფო ტერორიზმის” ანალიზს, და რომელიც ხსნის არარაციონალური და “რაციონალური” ტერორის ცნებებს: “ყველა თანამედროვე რევოლუცია სახელმწიფოს გაძლიერებით დასრულდა”. თუმცა, სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, როცა ეს რევოლუციები, განსაკუთრებით ლენინისტური, ეფუძნებოდა იდეას, რომ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა იცის ჭეშმარიტება, თუ როგორ უნდა განვითარდეს საზოგადოება, და ეს ჭეშმარიტება უნდა დააძალოს საზოგადოებას – აქედან გამომდინარე, ყოველგვარი შეწინააღმდეგება შეცდომის ან სიგიჟის ტოლფასია. ძველი წყობილების დანგრევის მიზნით დაწყებული ეს პროცესი აუცილებლად შედის ცენტრალური ძალაუფლების აღების ფაზაში და ახდენს ნაძალადევ ცვლილებებს, რომლებიც ძირფესვიანად შეაზანზარებს მოპოვებულ პოზიციებს.

შეურიგებელი რეფორმიზმი

ძნელია არ დაეთანხმო კამიუს კრიტიკულ გამოსვლებს, რომლებიც ამ კონსტატაციას ეფუძნება. მაგრამ განა შესაძლებელია, პოლიტიკური და სოციალური გარდაქმნის პროცესი იყოს გადამწყვეტი ზოგიერთი ინსტიტუციური ცვლილების გარეშე? მაგალითად ისეთის, როგორიცაა საკუთრების რეჟიმი? ამ საკითხთან დაკავშირებით, კამიუ კიდევ უფრო შორს მიდის: გაზეთ “ლიბერასიონის” გვერდებზე იგი იბრძვის საკუთრების ნაციონალიზაციისთვის. მოგვიანებით, უპირისპირდება ყოველგვარ ძალადობას და ჰგონია, რომ იპოვა გამოსავალი – პრუდონის შეხედულებებზე დამყარებული “ფედერალური” რეჟიმის მიღება, “ქვემოდან”, მწარმოებლებს შორის თავისუფალი კავშირების დამყარების გზით და განდისგან გადმოღებული არაძალადობრივი საპროტესტო მეთოდების გამოყენებით. ეს “შეურიგებელი რეფორმიზმი”, როგორც მას კამიუ უწოდებს, უდავოდ წინამორბედია ზოგიერთი ძალიან თანამედროვე ქმედების ფორმისა: იგი ერთ-ერთი მათგანია, რომელთაც “აღშფოთებულებს” უწოდებენ, რადგან ცვლილებების დაუყოვნებლივ მოხდენას ითხოვენ და არ სურთ დაელოდონ სულთა მსხნელ ჰიპოთეტურ “დიდ საღამოს”. პრობლემა კი ისაა, რომ ეს გამოსავალი ცნობილია: იგი მხოლოდ კოოპერაციულ მოძრაობაშია. ასე რომ, ამ უკანასკნელმა შეიძლება უდავო გაუმჯობესება მოიტანა, მაგრამ ეს სიკეთეები ლოკალური და ეფემერული დარჩა. დროთა განმავლობაში ეს კოოპერაციული მოძრაობა ესადაგება იმ საზოგადოებას, რომლისთვისაც განსხვავებული მოდელი უნდა შეეთავაზებინა. ფრანგული ბანკი, რომელმაც ყველაზე დიდი მონაწილეობა მიიღო ფინანსური პროდუქტების სპეკულაციაში, 2008 წლის კრიზისი რომ გამოიწვია, განა ამ ტიპის ძველი ინსტიტუცია არ იყო? ასე არ იყო Crédit agricole ბანკი? გამონათქვამში “შეურიგებელი რეფორმიზმი” მეორე სიტყვა, პირველ სიტყვას ჯაბნის თავისი მნიშვნელოვნებით. ამ შემთხვევაში უნდა განვასხვაოთ სოციალიზმი და “ლიბერტარული კომუნიზმი”: მხოლოდ ეს უკანასკნელი, რომელსაც ახლავს საზოგადოების სტრუქტურული ცვლილებები, შეესაბამება “მუშათა საბჭოების” რეჟიმს, რომელსაც კამიუ “პარიზის კომუნას” დაესესხება, მაგრამ რომელსაც უფრო თვალნათლივ განიხილავს ჰანა არენდტი ნაშრომში “რევოლუციის შესახებ”.

გარდა ამისა, თუ ეს რეჟიმი გარკვეულ ძალადობას ახორციელებს, ეს ძალადობა “დემოკრატიულია”. როგორც კომუნის შემთხვევაში, იგი რევოლუციური ხასიათის კოლექტიური მოძრაობიდან ჩნდება და არა თვითგამოცხადებული პოლიტიკური “ავანგარდის” მიერ წინასწარ გულდასმით შემუშავებული გეგმის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ყველა სოციალური ცვლილება, რაც შედეგად ხდება, ითხოვს პოლიტიკის ახლებურ გამოყენებას, რომელიც მიმართული იქნება იმ ბრძოლისკენ – ერთდროულად ეკონომიკური, იდეოლოგიური და კულტურული ბრძოლისკენ, რომელსაც გვირჩევდა გრამში, ესაა “ჰეგემონია” – ანუ ალტერნატიული პროექტების ფორმირება ხალხის მოთხოვნების გაერთიანებისა და შერწყმის გზით. და იქნებ, რევოლუციის ან სოციალური ცვლილების სიცოცხლისუნარიანი კონცეფციის გასაღები იმ ინსტიტუციების ულტრა-დემოკრატიაშია, პოლიტიკურად რომ ასაზრდოებს საზოგადოებას, რაც თავისთავად იწვევს ამჟამად არსებული “მოქმედი” პარტიების მუტაციას და რომლის წინამორბედად, ესოდენ კარიკატურული რომ არ იყოს, იტალიის ეგრეთწოდებული “ხუთი ვარსკვლავი”[2] შეიძლებოდა ჩაგვეთვალა?

ჟანსონი კამიუს წინააღმდეგ

ერთი კამათის ქრონიკა

1952 წლის მაისში, სარტრის მიერ დაარსებულმა ჟურნალმა “ლე ტან მოდერნ” (Les Temps modernes) დაბეჭდა დიდი კრიტიკული წერილი ალბერ კამიუს პოლიტიკურ-ფილოსოფიური ესეის, “ამბოხებული ადამიანის” შესახებ, რომელიც ექვსი თვით ადრე, 1951 წლის ოქტომბერში გამოიცა. ამ გამანადგურებელ სტატიას ხელს აწერდა ვინმე ფრანსის ჟანსონი, მაშინ ჯერ კიდევ უცნობი, 30 წლის ახალგაზრდა ფილოსოფოსი. იგი მოგვიანებით შექმნის ალჟირის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის (FLN) დახმარების ქსელს, რომელსაც “ჩემოდნების გადამტანებს” შეარქმევენ. სტატიის სათაური, “ალბერ კამიუ ანუ ამბოხებული სული” ერთმნიშვნელოვნად ყველაფრის მთქმელია. ესაა მინიშნება იმ “სათნო სულზე”, რომელსაც ჰეგელი ამხელს “გონის ფენომენოლოგიაში” და რომელიც თავს იტყვევებს თავისთვისვე ზნეობრივად მიუღებელ პირობებში, რითაც იგი ამართლებს საკუთარ უმოქმედობას და მონოპოლიას იღებს სიკეთეზე.

ჟანსონმა კამიუს ნამდვილი სასამართლო მოუწყო. კამიუ თავის “სენ-ბერნარის მორალს” (იგულისხმება ძაღლივით ადამიანებზე მზრუნველი, ადამიანების დამცველი – როგორც სენ-ბერნარი, რომელიც თოვლში მოყოლილ ადამიანებს თხრის და ა.შ. – მთარგ. შენ.) “ისტორიის უარყოფამდე” მიჰყავსო, წერს ჟანსონი. იგი კამიუს საყვედურობს აგრეთვე რევოლუციებში ეკონომიკისა და სოციალური მდგომარეობის როლის უგულებელყოფას, ამიტომაც ამბობს კამიუ, რომ რევოლუციები “ადამიანის გაღმერთებას” წარმოადგენს, შემდეგ კი, რადგანაც ისინი აუცილებლად მახინჯდებიან, მათ რაღაც აბსტრაქტული ზნეობრივი განსჯის საგნად აქცევსო. ჟანსონის აზრით, ეს იდეალისტური ქცევაა, რომელიც რეალური ბრძოლებისგან მოწყვეტილია. მართალია, იგი იქამდე არ მიდის, რომ სტალინიზმი გაამართლოს, მაგრამ  თვლის, რომ საბჭოთა სისტემის ისე გაკრიტიკება, როგორც ამას კამიუ აკეთებს, პოლიტიკური შეცდომაა. საბჭოთა სისტემა შესაძლოა სრულყოფილი არ არის, მაგრამ ის მაინც რჩება იმედად ფრანგი მუშებისთვის. მისგან რომ საფრთხობელა გამოიყვანო, ნიშნავს, რომ ეს მუშები ისევ კაპიტალიზმის კლანჭებში ჩააგდოო – წერდა ჟანსონი. მისი აზრით, კამიუს მთავარი სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ მას უნარი არ შესწევს “შეიცნოს ისტორიის დიალექტიკა”, და მხოლოდ “რაღაც ბუნდოვან ჰუმანიზმს ქადაგებს, რომელიც წილნაყარია ანარქიზმთან”. ბოლოს, ჟანსონი ასკვნის, რომ “ამბოხებული ადამიანი” წარმოადგენს “ფსევდო-ფილოსოფიას “რევოლუციების” ფსევდო-ისტორიისა” და რომ ეს არის დიდი წიგნი, რომელიც არ შედგა. ასე დაიწყო მწვავე კამათი, რომელმაც დიდი განხეთქილება გამოიწვია ფრანგ მემარცხენეებში და რომელიც დღევანდელობისთვისაც კი საჭირბოროტო საკითხებს წამოჭრის და არ წარმოადგენს უბრალოდ “ორი ეგოს შეჯახებას”, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს.

ტერორიზმის მტკივნეული საკითხი

2001 წელს ტერორიზმის საკითხი წინა პლანზე წამოვიდა და დღესაც კი პოლიტიკური აზროვნების შავ ხვრელად რჩება. იგი ისეთ ვნებათაღელვას იწვევს, რომ მასთან პირისპირ შეჯახებას თავს არიდებენ. არადა, ის მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციურ ძალადობას აგრძელებს ორი სპეციფიკური ელემენტის დამატებით. ყველა ტერორისტული აქტი, პირველ რიგში, წარმოადგენს “არა-კონვენციურ” (სოციალურად მიუღებელი) ქმედების გამოყენებას: ესაა ან თავდასასხმელი წყობილების წარმომადგენლებზე მიზანმიმართული თავდასხმები და მისი მსგავსი აქტები, ან არამიზანმიმართული, “ფსიქოლოგიური” თავდასხმები. ამას ემატება, კლასიკური კონფლიქტების მაგალითებიდან, “გერილა” (Guerrilla) და “პარტიზანული ომები”. სხვაგვარი განსაზღვრებით, ესაა ქმედებები, ჩადენილი ინდივიდების ან ინდივიდთა ჯგუფების მიერ – რის გამოც ისმის საკითხი მათ სოციალურ და პოლიტიკურ “წარმომადგენლობაზე”.

ამის გამო ტერორიზმის ფენომენისგან ბუნდოვანი რეალობა იქმნება. “გერილებს” რეგულარული არმია მებრძოლებად არ თვლის იმის გამო, რომ ისინი “ფრონტის საერთო ხაზზე” კი არ იბრძვიან უნიფორმებში გამოწყობილები, არამედ მოსახლეობაში არიან შერეულნი. ამიტომ, ისინი “ტერორისტები” არიან, რომლებიც ომის კანონებს არად დაგიდევენ. თუ მათ დაიჭერენ, ისე ეპყრობიან, როგორც შარაგზის ბანდიტებს. ასე აფასებდა გერმანული არმია ფრანგული წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებსაც. ამიტომაც არ შეიძლება, რომ “ჰუმანისტურად” გავკიცხოთ მხოლოდ ერთ ჩარჩოში მოქცეული “ტერორიზმი”.

საჭიროა აგრეთვე ცალკე გამოვყოთ იმათი “ინდივიდუალური” ქმედებები, ვინც შფოთს თესავს დამპყრობლურ ჯარში ან სამოქალაქო საზოგადოებაში იმისთვის, რომ იგი დამპყრობლისგან გაათავისუფლოს. “ბრმა ტერორიზმზე” ლაპარაკს ყველა ამ შემთხვევაში მივყავართ სრულიად სხვადასხვა დასასრულის მქონე ქმედებების შერწყმამდე და დადანაშაულებამდე. დავამატოთ ისიც, რომ თუკი არსებობს ტერორიზმი, ესე იგი არსებობს ძალათა არათანაბარი გადანაწილებაც.

ხშირად ამბობენ, რომ ტერორიზმი “სუსტების იარაღია”, მაგრამ ამ გამოთქმაში არ იგულისხმება მხოლოდ იმათი “ლაჩრობა”, ვინც ამ იარაღს იყენებს, არამედ იგი უთანასწორობის ფაქტზეც მიგვანიშნებს, რომელიც სახელმწიფოს “სისტემურ” ძალადობასა და “ანტისისტემურ”, ძალადობის მოწინააღმდეგე ძალას შორის არსებობს.

კამიუ, რომლისთვისაც ნებისმიერი ძალადობა ფიზიკურთან ერთად ფსიქოლოგიურ “დასახიჩრებას” წარმოადგენდა, უარს უცხადებდა ყოველგვარ ტერორისტულ აქტს, რადგან მიიჩნევდა, რომ ჰუმანისტური თვალსაზრისით ეს არის დეგრადაცია და მისი “წარმატების” შემთხვევაში აუცილებლად მივდივართ ჩაგვრამდე. ასე რომ, იგი ანგარიშს არ უწევდა თანამედროვე ეროვნული თუ პოლიტიკური განმათავისუფლებელი ომების “ასიმეტრიულ” ხასიათს. სარტრი კი ფიქრობდა, რომ ისტორია და ის აუცილებელი პროცესები, რომლებიც მას სჭირდება, ზოგჯერ ამართლებს “ტერორისტულად” წოდებულ აქტებს. ამიტომაც, 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე მან მხარი დაუჭირა პალესტინის კომანდოს: ისრაელელი ათლეტები სამხედროები იყვნენ და მათი მძევლად აყვანა პალესტინელი მებრძოლების გათავისუფლების მიზნით სარტრისთვის უბრალოდ “ომის ერთ-ერთი გამოხატულება” იყო. სარტრს ეკავა პოზიცია, რომლითაც ნებისმიერი ქმედების გამართლება შეიძლებოდა.

თუმცა არასწორი იქნება, უბრალო სქემის სახე მივცეთ ან კამიუს, ან სარტრის პოზიციებს და სათანადოდ არ შევაფასოთ მათი წინააღმდეგობრივი ხასიათი. “ამბოხებულ ადამიანში” კამიუ ხოტბას ასხამს 1905 წლის რუსი ნიჰილისტების “თავგანწირვის სულს”. კამიუ თვლის, რომ თუ თავდასხმები რაიმე პოლიტიკის იარაღს არ წარმოადგენს და ისინი, ასე ვთქვათ, “ღირებულებების შემქმნელია”, მაშინ მათი გამართლება შეიძლება, – ის ადამიანები, ვინც ამას სჩადიან, მზად არიან საკუთარი სიცოცხლით ზღონ თავიანთი ქმედებები, ესაა ასე ვთქვათ ჰეროიკული “გაღება მიღების წილ”. რაც შეეხება სარტრს, მართალია, მან ხმა აიმაღლა პატიმრობაში მყოფი გერმანული წითელი არმიის ფრაქციის (RAF) წევრების არაჰუმანური საცხოვრებელი პირობების წინააღმდეგ, მაგრამ მანამდე, სანამ ამ ფრაქციის “მეთაურ” ანდრეას ბაადერს გაიცნობდა, ინტერვიუ მისცა ჟურნალს Der Spiegel, სადაც აშკარად ეჭვის ქვეშ აყენებდა ამ ჯგუფის წამომადგენლობას და პოლიტიკური ქმედებების  ღირებულებას. ასე რომ, ტერორიზმის საკითხზე კამიუს და სარტრს გაცილებით ნაკლებ თანმიმდევრული დამოკიდებულება ჰქონდათ, ვიდრე ამას ამბობენ. როგორც არ უნდა ვატრიალოთ ეს საკითხი, მას სტაბილურ თეორიულ საყრდენს ვერ მივუსადაგებთ. არ არსებობს “ტერორიზმი” როგორც აბსტრაქტული ცნება აბსოლუტური ბოროტებისა, რომელიც დახეტიალებს ამქვეყნად და რომელსაც შეურიგებელი “ომი” უნდა გამოვუცხადოთ. ტერორიზმის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ კონკრეტულ სიტუაციებში და სხვადასხვა მიზეზით მიმართავენ “არა-კონვენციურ” ქმედებებს. მას ან status quo უნდა მივანიჭოთ და მის შეფასებას თავი დავანებოთ, ან თითოეულ მის გამოვლინებაზე ცალკე უნდა ვიმსჯელოთ.

ფრანგულიდან თარგმნა თამარ ხოსრუაშვილმა

© “არილი


[1] © Le Magazine littéraire. აქ თავმოყრილი შენიშვნები გამოქვეყნდა 2013 წლის ოქტომბერში.

[2] “ხუთი ვარსკვლავი” – პოლიტიკური მიმდინარეობა იტალიაში.

Facebook Comments Box