თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება
რაც შეეხება სისხლს და ცხედრებს, შორი-ახლოში,
რაც შეეხება ხანს უნდობარს, რაც შეეხება
გაფატრულ-ამოღებინებულ-მოჭრილ-დახვრეტილ
და გადამტვრეულ – მუცლებს, ფილტვებს, თავებს, ხერხემალს,
რაც კი ვაგროვეთ, პლიუს-მინუს ასი წელია,
ოღონდ იმისთვის არა, ჩვენი წილი სიმართლე
ჩვენც რომ გვქონოდა, რომც გვქონოდა, რას გვიშველიდა,
რას გვეყოფოდა, ამიტომაც ცალკე ვიმატებთ
სახლიდან – სანგარ-საკან-საფლავ-სადგომ-სასახლედ
არდაწესებულებებამდე, არსაით, არსად
გაქცევის, დევნის მარათონზე დაღვრილ-დასაღვრელ
ცრემლებსაც, წყლებსაც, რა თქმა უნდა, ოფლსაც და შარდსაც
და უკვე ზღვა გვაქვს, ჰოდა ასე, ჩვენც ზღვა გვინდოდა,
გვინდოდა ძვლებიც, ჩვენი ძვლები მთებად ვაქციეთ
და ზედ შევდექით, უფსკრული გვაქვს, ანდა, ვითომ და
ვისზე ნაკლები, სტიქიების ტრეპანაცია –
ჩვენი ნახტომი, ყველა სული, სანამ მორჩება
ვარდნა და ყვინთვა, ამოხდილი, ერთად უბერავს
და მზეც, თავისი ლედ-ბიმებით და ლედ-ვოშებით
უკვე აინთო, დროა, ზღვაა, სისხლი, გუბეა –
ვიცით ეს საქმე, არ მოვკვდებით, თუ თვითმკვლელობა
ნიშნავს გაქრობას, აი, აქ ვართ, აი, არ ვქრებით,
უფრო მყარად ვართ, საკუთარი ძვლების კლდე რომ გვაქვს,
რომლებსაც წლები გარეცხავენ, მაგრამ ტალღები
და მთელი გეო-პოლიტიკის გრძელი ქრონიკა
ზედ ჩვენს გაბერილ, გამორიყულ გვამთან დაცხრება
და წამოვდგებით ჩვენი ძვლების შესაგროვებლად,
ნამდვილი ზღვაც გვაქვს, ისიც შავი, ანდა ნახევრად
ნამდვილი, რადგან ნახევარი, ცალი ხელივით
ჩამოგვახიეს (მარათონი არსად – სახლიდან)
და დიდი მთების კედელიც გვაქვს, ერთხელ ჩვენივე
სახლიკაცმა რომ მიგვაყენა და მიგვახვრიტა
ყველა მეორე, ძირითადად – უფრო კაცები,
ქალებს – ციმბირის გულაგები, მაგრამ ზომბები
არა კვდებიან, შუაზე რომ გავსკდეთ, არ ვკვდებით,
პირიქით, მგონი, უამისოდ უფრო მოვკვდებით
და რაკი ღმერთშიც ჯალათს ვხედავთ, სქელი ჯაჭვებით
თავისუფლება სუნთქვასავით რაკი შეკავდა,
აქ ვართ, დაგვაბა, დაგვადუღა, კლასი გვაჩვენა,
სანამ დასავლურ პანთეონებს გამოჩეკავდა
და ანტიკური პრინცესის გზაც გვქონდა ისეთი,
რომ დღემდე ისევ ჩვენი ნებით ვტოვებთ სამოთხეს –
წინ, შინ, ფსკერისკენ! ხრჩობის დიდი კრუნჩხვებისათვის,
როცა ვიხრჩობით, სუნთქვა უფრო უკეთ გამოგვდის.
დიდი ჩრდილებიც, დიდი ფრთებით, ჩვენ რომ გვკორტნიან,
საკუთარია, ჩაზრდილები, ხორცში, ეს თუა
მათთან ორმხრივი სიყვარულის ლეიტმოტივი
და ტკბობა, ტკბობა (კიდევ უფრო ეგოისტური)
მოზღვავებული ენერგიით, როცა გვედება
სიკვდილისწინა მიწისფერი, ვხდებით უკვდავი,
გადარჩენაა ჩვენი დიდი შემოქმედება,
ყოველი დილა აღდგომაა, ნისლი – სუდარა,
ოდნავ გადაწევ და ბავშვების სისხლით მოთხვრილი
თვითმფრინავები ყველა მინდორს, მთებს და ტერასებს
ეფინებიან, წინ სისხლია, წინ სამოთხეა –
ახალი ხანა, უნდობარი, საინტერესო
და ჩვენ გავუძლებთ, სეტყვა ირბენს და ზღვა იღელვებს
და ამას დავწერთ, ვიცეკვებთ და დავლევთ, უთუოდ
პოლიფონიით შევაზავებთ გედის სიმღერებს,
ჩვენ არ მოვკვდებით, არ გაქრება ჩვენი კულტურა.
დიდი გული გვაქვს, ზღვას ერევა, უკვე ზღვაშია,
დაწერილია საუკუნე, უკვე შეგვრისხა
შთამომავლობამ, ვინც ერთხელაც გადავარჩინეთ,
მგონი, ერთხელ და სამუდამოდ გადარჩენისგან.
© არილი