კულტურა/ლიტ.თეორია,  რეპორტაჟი

როცა 20 წლის სილვია პლათი გაუჩინარდა

პიტერ სტეინბერგის “რეკავდნენ და რეკავდნენ: სილვია პლათის ძიების” მიხედვით

1953 წლის 24 აგვისტოს 20 წლის სილვია პლათმა სახლში წერილი დატოვა: “სალაშქროდ მივდივარ და ხვალ დავბრუნდები, სილვია”. მას შემდეგ ორი სრული დღე აღარ გამოჩენილა. მის გაუჩინარებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 170-მდე გაზეთი წერდა. თავიდან საგამოძიებო სამსახურს პლათი უბრალოდ დაკარგული ეგონა, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სახლიდან 50-მდე დამაძინებელი ტაბლეტიც გამქრალიყო. პოეტმა თვითმკვლელობა პირველად, ჯერ კიდევ სტუდენტობისას სცადა.

ლაშქრობის ნაცვლად, წინა პარასკევს მომზადებული საძილე აბებით სავსე ბოთლით, ჭიქა წყლითა და საბნით სახლის სარდაფში ჩავიდა. მოკალათდა პატარა სივრცეში, რომელსაც შეშების წყება ფარავდა და 40 ტაბლეტი გადაყლაპა. მართალია, პოლიციამ სახლი დაათვალიერა, მაგრამ სარდაფი საგულდაგულოდ არ გაუჩხრეკია. ყოველ შემთხვევაში, დახვავებული შეშის უკან მიძინებული პოეტი ვერ შეამჩნია.

როცა იპოვეს გაზეთები წერდნენ: “მთელი ეს დრო, სახლში ყოფილა” (The Attleboro Sun. 27 აგვისტო, 1953: 1); “სმიტის სტუდენტი სარდაფში ცოცხალი იპოვეს” (The Boston Globe. საღამოს გამოცემა. 26 აგვისტო, 1953: 1, 6).

იმ დროს გაზეთებს კომენტარი მხოლოდ პოეტის დედამ, აურელია პლათმა მისცა: ”უცნაურად ჟღერს, მაგრამ საკუთარ თავს თითქმის მიუღწეველი სტანდარტები დაუწესა.წარმოსახულის განსხეულება თითქმის აკვიატებად ექცა და მის გამო ძალიან ვღელავ,” (“Wellesley Woods Searched” 9). მომდევნო დღეს დაამატა: “ბოლო დროს არ ასვენებდა ფიქრი, რომ გარშემომყოფთა ნდობას არ იმსახურებს. რაღაც პერიოდი ვერაფერს ვეღარ წერდა, ლექსებსაც კი. არც უფიქრია, რომ უბრალოდ გადაიღალა ან ეს უმოქმედობის პერიოდი გადაივლიდა. გადაწყვიტა, რომ რაღაც საბოლოოდ შეიცვალა და წერის უნარი დაკარგა. ექიმმა აუხსნა, რომ უბრალოდ გადაიღალა, მაგრამ სილვია მოუსვენრად ეძებდა გზებს საკუთარი თავი დაედანაშაულებინა და სულ უფრო და უფრო ეძლეოდა სასოწარკვეთას,“ (“Day-Long Search Fails” 1).

© არილი

Facebook Comments Box