თეკლა არჩვაძე
ბრიტანული ჟურნალის, “The Strand Magazine”-ის რედაქტორმა, რომელსაც ზოგჯერ დაკარგული ხელნაწერებისა და ლიტერატურის საქმეთა გამომძიებელსაც უწოდებენ, ცოტა ხნის წინ ჰეუტონის ბიბლიოთეკაში უცნობი მოთხრობა აღმოაჩინა. 1952 წლით დათარიღებული ტექსტი რომისკენ მიმავალი მატარებლის მგზავრის თავგადასავალზე გვიამბობს, მისი ავტორი კი ცნობილი ამერიკელი მწერალი და დრამატურგი, ტენესი იულიამსია.
„ყოველთვის, როცა საქმე ლეგენდარული მწერლების უცნობ ნაწარმოებს ეხება, მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვარიანტი არსებობს.“ – აღნიშნა რედაქტორმა ენდრიუ გულიმ ამერიკულ რადიოში საუბრისას. „პირველ შემთხვევაში კითხვას გახარებული იწყებ, თუმცა, მალევე ხვდები, რომ უკვე დაასრულე კიდეც და ღიმილი სახეზე გეყინება. ზოგჯერ უბრალოდ გატყობინებენ, რომ ტექსტი, რომელიც აქამდე გამოუქვეყნებელი გეგონა, შენამდე დიდი ხნით ადრეც დაუბეჭდავთ, დანარჩენ დროს კი ქონების განმკარგველთა სიტყვები ჩაგესმის, რომ ყველაფერი, რისი გამოქვეყნებაც საჭირო იყო, უკვე გამოქვეყნებულია… იქნებ, ამიტომ, უცნობი ნაწარმოების დაბეჭდვის პროცესი განკითხვის დღეს წააგავს, სადაც თავდაპირველი აღფრთოვანება საბოლოო განაჩენის შიშში გარდაიქმნება.“
საგულისხმოა, რომ ტენესი უილიამსის ახალაღმოჩენილი მოთხრობის შემთხვევაში რეალობა მოლოდინზე უკეთესი აღმოჩნდა და ლიტერატურის ეს პატარა, დაკარგული ნაწილი მკითხველმა ბრიტანული ჟურნალის გვერდებზე 2021 წლის სექტემბერში იხილა.
“ზაფხულის ქალი” (“The Summer Woman”) – ასე ჰქვია ნაწარმოებს, რომელიც სულ რაღაც ათი გვერდისაგან შედგება და ევროპის სამხრეთში ამერიკელი პროფესორის ყოველწლიური მოგზაურობის შესახებ გვიყვება. სიუჟეტის მიხედვით, მთავარ გმირს სეზონური რომანი აქვს იტალიელ ქალთან, მეძავთან, რომელსაც სამშობლოში დაბრუნების წინ დიდ თანხას უხდის და იმედოვნებს, რომ ამით ფულის შოვნისათვის წამოწყებული საქმიანობისაგან თავის დახსნაში დაეხმარება. მართალია, ერთი შეხედვით, მოთხრობის ძირითადი თემა ორი ადამიანის კომპლექსური ურთიერთობაა, თუმცა, სინამდვილეში, ის საგრძნობლად სცდება მოცემულ ჩარჩოს და ბევრად უფრო მასშტაბურ, გლობალურ საკითხებსაც მოიცავს. პერსონაჟის ქმედება რეალურად ალეგორიაა, ერთგვარი სიმბოლოა მეორე მსოფლიო ომის მერე არსებული სიტუაციის, კერძოდ კი, დასუსტებულ ქვეყნებთან მიმართებით ამერიკის მიერ გატარებული პოლიტიკის, რომელიც, ავტორის აზრით, დაზარალებულ სახელმწიფოებში ერთჯერადი ინვესტირებითა და მათი ხანგრძლივად მივიწყებით შემოიფარგლება. ამ გზით „ზაფხულის ქალში“ უილიამსი ორიგინალურად აღწერს თვალთმაქცობასა თუ გულგრილობაზე დაფუძნებულ მოჩვენებით მშვიდობას და ომის შემდგომ ურთიერთობათა თანმხლებ ფარულ შიშსა და უნდობლობას. ამასთან, აღწერს ისე, რომ ცხადად პოლიტიკურ საკითხს თითქმის არცერთხელ არ ეხება.
დაწერიდან სამოცდაათი წლის შემდეგ ხელახლა დაბადებული ნაწარმოები საკუთარი თემატიკით და სტილით მწერლის მრავალფეროვნებისა და კომფორტის ზონიდან გასვლის დასტურია. თუმცა, აქაც ისევე, როგორც მის სხვა შემოქმედებაში, ავტობიოგრაფიული შტრიხები საკმაოდ თვალშისაცემი და მნიშვნელოვანია. „ევროპაში მეორე ცხოვრება და გულის ხმას მიყოლილი, არსებობის განსხვავებული გზა ჰქონდა.“ – წერს პერსონაჟის შესახებ მწერალი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იტალია მუდმივი დანაშაულისა თუ სიმძიმის შეგრძნებისაგან გათავისუფლების ველად, ერთგვარ ეგზისტენციალურ თავშესაფრად ესახებოდა. ვფიქრობ, ყველა, ვინც ამ, ამერიკული სამხრეთიდან ევროპულ სამხრეთამდე მოგზაურ დრამატურგს იცნობდა, კარგად იაზრებდა, რომ უილიამსს საკუთარი უარყოფითი გამოცდილებისაგან დიდებულ ქმნილებათა გამოძერწვის საოცარი უნარი შესწევდა. მის მიერ დაწერილი პიესებიც: „შუშის სამხეცე“, „ტრამვაი სახელად სურვილი“, „ვარდის ტატუ“, „იგუანას ღამე“ და კიდევ არაერთი სხვა – მისივე მძიმე ბიოგრაფიაზე, მენტალური აშლილობის მქონე დაზე, მკაცრ მამაზე, მიჩქმალულ სექსუალურ ორიენტაციასა თუ ბავშვობის ტრავმებზე გვიყვება. ლიტერატურისა და დრამატურგიის ისტორიაში ტენესი უილიამსი, ალბათ, ერთ-ერთი მოწინავეა იმ ადამიანთა შორის, ვინც შემოქმედებისათვის შთაგონებას პირდაპირ საკუთარი ცხოვრებიდან იღებდა და, როგორც უკვე აღინიშნა, გამონაკლისი არც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული „ზაფხულის ქალი“ ყოფილა.
„ახლაც ვერ ვხვდები, რატომ იყო ეს მშვენიერი მოთხრობა დავიწყების ჩრდილში. ვფიქრობ, ეს შემთხვევა კიდევ დიდხანს დარჩება იმ ლიტერატურული საიდუმლოებების სიაში, რომლებიც ყოველ ჯერზე ბევრ ფიქრსა და თავის მტვრევას გვაიძულებენ.“- აღნიშნავს ენდრიუ გული და მკითხველს ახალაღმოჩენილი საგანძურის გაცნობისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
© არილი