ესე (თარგმანი),  თარგმანი,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

რობერტ ბოიერსი – რეალობის გაკერპებისა და ტანჯვის გარეშე

 

ინგლისურიდან თარგმნა და შესავალი დაურთო ლიზა ძაგნიძემ

 

ნიუ იორკის შტატის საზაფხულო ინსტიტუტი მწერლებისთვის 1987 წლიდან ტარდება სკიდმორის კოლეჯში. სესიები ერთი თვე გრძელდება და უამრავი პერსპექტიული ახალგაზრდა, მონაწილე ჰყავს თუმცა ერთერთი მათგანი გამოირჩევა როგორც გამოცდილებით, ისე პოპულარობით. საუბარია 2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატ ლუიზ გლიკზე, რომელიც ბოლო 34 წლის განმავლობაში სესიების უცვლელი მონაწილეა. გლიკს სკიდმორის კოლეჯმა ჯერ კიდევ 1995 წელს მიანიჭა საპატიო ხარისხი. სწორედ ამ უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორი, რობერტ ბოიერსი არის მწერლების საზაფხული ინსტიტუტის დამაარსებელი, დირექტორი და დღემდე აქტიური კურატორი. იგი გლიკს იცნობს როგორც პოეტს და როგორც ენთუზიაზმით სავსე მწერალთა სკოლის მონაწილეს. რობერტ ბოიერსი ასევე პრესტიჟული ამერიკული ლიტერატურული ჟურნალის, „სალმაგუნდის“ რედაქტორია. ჟურნალში სტატიები გამოუქვეყნებიათ ისეთ გამოჩენილ მწერლებსა თუ კრიტიკოსებს, როგორებიც არიან მარიო ვარგას ლიოსა, ჯ.მ. კუტზეე, შეიმას ჰინი, ლუიზ გლიკი, სერ ისაია ბერლინი, ჯორჯ სტაინერი და ა.შ. ბოიერსი, ამასთან ერთად, ათი მონოგრაფიის ავტორი და არა ერთი ლიტერატურული კრებულის რედაქტორია.

 

ლუიზ გლიკის ლექსები პირველად 1966 წელს წავიკითხე. ადრეული ლექსები იყო და მეც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი (1943 წელს დაბადებული გლიკიც ახალგაზრდა იყო ამ დროს). სამ თვეში ერთხელ მეგობრებთან ერთად ვუშვებდი ჟურნალს და ლექსები გლიკის მენტორის, სტენლი კუნიცის წერილთან ერთად მივიღე. იგი გამოქვეყნებას დაჟინებით მთხოვდა, თან აქებდა ლექსების „ინტენსიურობასა“ და „მტკიცე ხმას“. მისთვის გლიკის ლექსები არ იყო “აღმსარებლური“ ხასიათის და არც იმას ცდილობდა, რომელიმე ლიტერატურულ სკოლასთან ან წინამორბედ ესთეტიკურ ტრადიციასთან დაეკავშირებინა. აშკარაა, რომ, სტენლის აზრით, გლიკის ლექსებს შეეძლოთ დამოუკიდებლად წარმოეჩინათ თავი და ეს მათ მართლაც მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ გვიანდელ შემოქმედებაში გლიკი სრულიად განსხვავებული ტიპის პოეზიას წერდა – და, ამასთან ერთად, უნდობლობით მოიხსენიებდა 1968 წელს გამოშვებულ პირველ კრებულს სახელად „პირველშობილი“ (სწორედ ამ კრებულშია ის ლექსები, რომლებიც „სალმაგუნდში“ გამოვაქვეყნე) – არ მიკვირს, რომ ისეთი პოეტები, როგორებიც რობერტ ლოუელი და ბენ ბელიტი იყვნენ, ხშირად აღნიშნავდნენ, თუ რამდენად ბევრს ნიშნავდა მათთვის სწორედ ის ადრეული ლექსები, რომლებიც ჩვენი ჟურნალის გვერდებზე მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე გლიკის შემოქმედების მთავარი მახასიათებელი ინტენსიურობა იყო, მის ლექსებს ეპითეტების ფართო სპექტრი ერგება: “შიშისმომგვრელი”, “უკიდურესად გულჩათხრობილი”, “განდგომილი”, “გულმოდგინე”, “ფრთხილი”; და მაინც, ადრეული ლექსები, თავიანთი მოკლე სტრიქონებითა და ძალადობისა და ზიზღის დაბალანსებული ტონით, თავიდანაც და ახლაც მიმაჩნია, რომ ყველაფერია, გარდა თავშეკავებულისა და განდგომილისა. არ აქვს მნიშვნელობა მისი კარიერის რომელ ეტაპზე ვსაუბრობთ, ძალიან კომიკურია გლიკის როგორც “ფრთხილის” ან “განდგომილის” წარმოჩენა. მაგალითად, ადრეული ლექსები ასეთი მშფოთვარე სტრიქონებით იწყება:  “ზოგჯერ, ღამით, ვფიქრობ, თუ როგორ ვაკეთებდით იმას / მე ჩაჭედებული ვიყავი მასში როგორც ფოლადი“ ან „დრო და დრო, დრო და დრო / ჩემს გულს ვაკრავ საწოლის ფიცარს / ხოლო ჩემი აწყობილი ყვირილი / ძლიერდება მის ხელთან ერთად“.

ამა თუ იმ პოეტის რომელიმე, ხშირად ორაზროვანი სტრიქონის გაუთავებლად გამეორება და დოგმად ქცევა უცნაური ანომალიაა, რომელსაც პოეზიის მოყვარულებში ვხვდებით; ისეთივე უცნაური, როგორიც ეს ამონარიდი 2009 წლის ნიუ იორკ თაიმსში გამოქვეყნებული რეცენზიიდან: “მთელი ეს წლები… გლიკი წერს თავის გაცვეთილ და გამოფიტულ სტროფებს”; როგორც ჩანს, ამ დაკვირვების ავტორმა არ იცის, რა განსხვავებაა გაცვეთილობასა და უფუნქციო ორნამენტაციაზე პრინციპულად უარის თქმას შორის, შესაბამისად, ვერ შეამჩნია ის აშკარა სისრულე და ემოცია, რაც ანთოლოგიებში შეტანილ გლიკის ლექსებში ხშირად გვხვდება. გამოფიტული? ეს ნამდვილად არ ეხება “უცვეთელას” (1985) ცნობილ ბოლო სტრიქონებს, რომელიც მაგალითად გამოდგება:

„და უცვეთელას ყვავილის სურნელი / დახეტიალობს ფანჯარაში / როგორ უნდა მოვისვენო? / როგორ უნდა ვიყო კმაყოფილი / როცა ახლაც არის / ეს სურნელი სამყაროში?“

ნამდვილად არაფერი გამოფიტული აქ არაა; შეგრძნებები ადვილად აგზნებადი, სტრიქონები სუფთა, თუმცა სწრაფი და მშფოთვარეა.

არც სიცივე და სიშორე იგრძნობა ლექსში “მეტამორფოზა” (1985), რომლის მთხრობელიც ბოლო სტრიქონებში მამის სარეცლის თავზე მფრინავ „სიკვდილის ანგელოზს“აკვირდება:

„ცხოვრებაში პირველად შენი სხეული არ მაშინებს / დრო და დრო, ხელს გისვამ სახეზე / ნაზად, მტვრის ტილოსავით. / რა გამაოცებს ახლა? არ ვგრძნობ / ისეთ სიცივეს, რომლის ახსნაც არ შემიძლია / შენს ლოყაზე, ჩემი ხელი თბილია / და სავსეა ალერსით“

მსგავსი სიმსუბუქე არ ახასიათებს ამ პოეტს, თუმცა მის შემოქმედებაში მაინც გვხვდება ასეთი აქცენტები, ისევე როგორც გვხვდება აკვიატება, შიში და საკუთარ თავში ეჭვის შეტანა. ამ პოეტში არაფერია გამოფიტული ან შებოჭილი. ის, რაც ნამდვილად შებოჭილია, სტანდარტული სტრიქონია და ამიტომაც სრულიად გაუგებარია, გლიკის რა ლიმიტაციებზე აკეთებს აქცენტს „ლონდონის წიგნების მიმოხილვა“. გლიკის ბოლოდროინდელი გამოცემა, „სოფლის ცხოვრება“ (2009), აერთიანებს მის წინა თერთმეტ წიგნში შესულ ნაწარმოებებს და გვახსენებს, რომ იგი იყო არა მხოლოდ პროდუქტიული და მრავალმხრივი პოეტი, არამედ საოცრად მამაციც. მამაცი იმ გაგებით, რომ მან ლექსებში თანდათან გააფართოვა დიაპაზონი და ენობრივი გამომსახველობა. მართალია, გლიკი თავისი ბუნებრივი მდგომარეობის ფარგლებში მუშაობდა, თუმცა მუდამ ცდიდა საკუთარი ნიჭის საზღვრებს, ისე, რომ მთლიანობაში ნაწარმოები არა შეზღუდულობის, არამედ აბსოლუტური შემოქმედებითი სისრულისა და ცხოვრებისეული სიმდიდრის შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც წესი, გლიკის ლექსები ყოველთვის მოძრაობს ძრწოლასა და სიცხადეს, სენსუალურ უშუალობასა და რეფლექსიას შორის. მან, როგორც პოეტმა, იპოვა რეალურ სამყაროსთან ურთიერთობის გზები და უარი თქვა რეალობის ალტერნატიულ განცდაზე. ისეთი პოეტის კვალობაზე, რომელიც ხშირად შეიძლება მიწიერი და ჯიუტად უილუზიო ჩანდეს, იგი მთელი ინტენსივობით რეაგირებს ყოველდღიური პატარა სასწაულების ცდუნებებსა და უეცარ მოზღვავებულ ემოციებზე. ძნელად თუ ვიტყვით მის შემოქმედებაზე, რომ ის არის რეალობაზე გამარჯვება, თუმცა მაინც, ლექსები ხშირად ჯიუტად არ ერგება რეალიზმთან ასოცირებულ სიმბოლიკას ან პირველ პირში გადმოცემულ თხრობას. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ თითქოს გლიკი გაწაფული არ არის ყვავილების, ღმერთების, ადამიანების ან სხვა მრავალფეროვანი პერსონაჟების აღწერაში. უფრო სწორი ისაა, რომ რეალობა გლიკისთვის არსებობს ერთდროულად როგორც ფუნდამენტი და როგორც მაპროვოცირებელი სტიმული. იგი აღიარებს იმას, რაც მისთვის ისედაც უდავოდ ჭეშმარიტებაა – როგორიცაა სიკვდილის ან სიყვარულის დაკარგვის ფაქტი – და, ამავდროულად, არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს უოლეს სტივენსისულ სულის აღქმას, რომ ის “რწმენის უბრალო მემორიალია”, რომელიც დიდი ხანია არაარსებითი გახდა. გლიკს აქვს დაუოკებელი სურვილი, დაინახოს ყველაფერი ისე, როგორც რეალურად არის და თან ლექსებს იმგვარად აწყობს, რომ ვიგრძნოთ, რამდენად ბევრი რამ რჩება უთქმელი. უიმედოდ ერთგული გამჭვირვალობისა და სიფხიზლისა, გლიკი სრულ აღქმას ქიმერად და სწორი გაგების დაბრკოლებად წარმოსახავს.

 

* * *

ეტაპების გამოყოფა მიღებული მიდგომაა პოეტის შემოქმედების ანალიზისას. მიუხედავად ამისა, გლიკის განვითარების ტრაექტორია ყოველთვის თავგზას უბნევდა მის მკითხველებს, რომლებიც კონკრეტულ პერიოდში კონკრეტულ პროგრესს ელოდნენ, შედეგად კი შემოქმედებითი გადახვევები და ამოფრქვევები რჩებოდათ. მართალია, თავისუფლად შეგვიძლია რობერტ ლოუელის შემოქმედების საწყის, შუა და გვიან პერიოდებზე ლაპარაკი, თუმცა გლიკის შემთხვევაში მსგავს ქრონოლოგიურ განვითარებას ვერ ვხვდებით. უმჯობესია ითქვას, რომ იგი დარჩა არაერთი აკვიატების ერთგული და საკუთარი თავის პაროდირება გვერდზე გადადო. “მიდოულენდსის“ (1996) ბევრმა მკითხველმა აღნიშნა გლიკის ჭკუამახვილობა, მისი მიდრეკილება კომედიისა და ფარსისკენ. როგორც ამბობდნენ, კომედიისკენ შემობრუნებამ მასში გაათავისუფლა რაღაც მოულოდნელი. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი პოეტი ანაქრონიზმებისადმი მიზიდულობას გაცვლიდა სტრიქონების უცნაურ, მხიარულ გადაწყვეტაზე? და მაინც, გლიკი ხშირად ამჟღავნებდა კომიკურ ნიჭს, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ყოფილა “აუდიტორიის წინაშე გამოსული ვამპირი”. რასაკვირველია, გლიკის კომედია იშვიათად თუ იყო ხმამაღალი; ძირითადად, ის უკავშირდებოდა უღიმღამო სიტუაციის აღწერისას ისეთი კეთილგანწყობილი ტერმინის გამოყენებას, როგორიცაა “ბედნიერება” ან კიდევ მსგავს უხეშ შეპირისპირებას: „ერთადერთი შემთხვევა როცა ნამდვილად ბედნიერი ხარ / არის როცა ქათამს ჭრი.”

თუმცა გლიკის კომიკურობა ასევე დაკავშირებულია მის ინტერესებთან და ენთუზიაზმთან, აეხსნა და შეეჯამებინა ყველაფერი და, ამავდროულად, ეჭვი შეეტანა საკუთარ ძალისხმევაში და სასაცილოდ წარმოედგინა ის. გლიკის მრავალი ლექსი ეხება მკაფიო განცხადებებსა და ანალიზს. აშკარაა, რომ ისინი აგებულნი არიან, რათა მიაღწიონ მტკიცებულებებს ან დასკვნებს და, საბოლოოდ, ძალიან გულწრფელი და თავდაჯერებული ტონი აქვთ. ალბათ, არ გაგეცინებათ „მიწიერი სიყვარულის“ (1999) პირველ სტროფზე:

 

დროის პირობითობა / იჭერს მათ ერთად. / ეს იყო პერიოდი / (ძალიან ხანგრძლივი) რომლის დროსაც / გულს, ერთ დროს თავისუფალს / ოფიციალური ჟესტით / წაართვეს თავისუფლება: ზიარება / რომელიც თან წინ მიდის და თან უიმედოდ კვდება“

 

კომიკურობა არაა ერთადერთი მახასიათებელი, რომელსაც გლიკის განვითარების რომელიმე ეტაპს მიაწერენ ხოლმე. ყოველი შემდეგი კრებულის გამოცემისას, მას ულოცავდნენ ძველი სტილის მოშორებას ან უფრო ღია მანერით წერას, უფრო პერსონალური ან უბრალო სტილით. სიმართლე რომ ითქვას, გლიკი მთელი თავისი შემოქმედების განმავლობაში მოძრაობს ამ მოცემულობებს შორის, დაუღალავად ცდილობს, ახალი ფორმა მისცეს თავის პოეტიკას, მიმართავს ექსპერიმენტებს ენობრივ გამომსახველობაში, თავს უფლებას აძლევს აკრძალული რამ განაცხადოს ანდაც პირიქით, ადრე ნათქვამი უკან გამოისყიდოს, თუნდაც გაკომიკურების გზით. ლექსში “ციური მუსიკა” (1990), მას შეუძლია თქვას, რომ “ყოველთვის მოწადინებულია წინააღმდეგობა გაუწიოს სიცოცხლისუნარიანობას” და რომ, რაც არ უნდა “მშვიდად” იყოს “სიკვდილთან და მარტოობასთან”, იგი მაინც მიილტვის რათა “შეიყვაროს სამყარო ”და მოუსმინოს” ციურ მუსიკას ”. არანაირი აზრი არ დევს ამ წინააღმდეგობრივ ან დამაბნეველ ფრაზებში. გლიკის ნაწარმოებების მკითხველისთვის არანაირი აზრი არ აქვს იმის ფიქრს, რომ განწყობის არასტაბილურობა რომელიმე კონკრეტულ ეტაპს ეკუთვნის, ისევე როგორც სიკვდილისა და, ამავდროულად, სიცოცხლის სიყვარულის აკვიატება. გლიკის ყველა ლექსში იგრძნობა შემოქმედებითი შფოთი, ისეთ ლექსებშიც კი, რომლებიც თითქოს საიმედოდ დასრულებულებია და არ საჭიროებს გადახედვას. თითქოს ნებისმიერ კრებულში ამოიცნობა წაშლისა და გადაკეთების მაგალითები. სიტყვები ცურავენ ან გარბიან, შემდეგ მოძრაობას ანელებენ და სიარულს იწყებენ. თავისუფლება სტილში, თავის მხრივ, მერყეობას იწვევს. პოეტი, რომელსაც შეუძლია ერთ მომენტში სრულიად ენდოს საკუთარ ენას იმის გადმოსაცემად, რაც სურს, მოულოდნელად უნდობელი ხდება იმ სიტყვებისა, რომლებსაც თვითონ იყენებს. ასეთი მონაცვლეობა მთავარია გლიკის პოეტური ალღოსთვის და ვერ მივაკუთვნებთ მისი განვითარების რომელიმე განცალკევებულ ფაზას.

რასაკვირველია, ლოგიკური იქნება იმის თქმა, რომ ესა თუ ის კრებული შეიცავს რომელიმე ერთ მახასიათებელს უფრო მეტად ვიდრე მეორეს: შეიძლება იყოს მეტაფორის უფრო აშკარა გამოყენება, მეტი მითოლოგია, ავტობიოგრაფიული მომენტების უფრო მეტად და თამამად ჩართვა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი – ყველა ლექსის შეჯამებით – არის ის, რომ გლიკი ძალიან ხელგაშლილია და არავითარ შემთხვევაში არ ემონება ახირებებსა თუ წესებს. მას შეუძლია უარყოს უბრალო სილამაზე და მაინც დაწეროს სტრიქონები ამ სტილში. მისი ლექსები მონაცვლეობით არის თან მჭევრმეტყველური, თან ცივი, მრისხანე და თან მიმტევებელი. მან კარგად იცის ის, რასაც მერი ქინზი “გაყინულ ნებას” უწოდებს. გლიკის შემოქმედებაში ვგრძნობთ უცნაურ, ხანდახან თავბრუდამხვევ წინააღმდეგობას პირქუშობის მიმართ. მაშინაც კი, როდესაც იგი იწვევს უკიდურესი სევდის ან მწუხარების შეგრძნებებს, იგრძნობა სიცოცხლისადმი ლტოლვა, თუმცა ეს ლტოლვა არასოდეს აღნიშნავს ერთპიროვნულად იმას, რაც, ჩვეულებრივ, „სიცოცხლეში“ მოიაზრება. ეს დაძაბულობა მნიშვნელოვანი მომენტია გლიკის შემოქმედების სათანადოდ დასაფასებლად და უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე “გულწრფელობა” ან “პირდაპირობა”.

და მაინც, არსებობს ლექსი, რომელიც ყველაზე მეტად სახასიათოა გლიკის შემოქმედებისთვის? პოპულარული კონსენსუსის მიხედვით, ის ნამდვილად არსებობს. უამრავი ახალგაზრდა ამერიკელი პოეტი, ვისთვისაც გლიკი სამაგალითოა, ფიქრობს, რომ არსებობს არაერთი, დიდი შთაგონების მომცემი ნაწარმოები, რომლებიც ხშირად ანთოლოგიებშიც გვხვდება. ასეთი ლექსები პირველივე სტრიქონებში მკვეთრ და ულმობელ მარტოობას აჟღერებს, მაგალითად ლექსში “ეპითალამა” (1980) ვკითხულობთ:

„სხვებიც იყვნენ; მათი სხეულები / სამზადისი იყო. / ასე ვუყურებ ახლა, / როგორც გოდების ნაკადს. / ამდენი ტკივილი სამყაროში – უფორმო / ტანჯვა სხეულის, რომლის ენაც / შიმშილია“.[1]

ეს ლექსი გამოირჩევა მკაცრი ენობრივი გამომსახველობითა და პირდაპირობით, თუმცა, ამასთანავე, მიანიშნებს რაღაც უფრო მეტზე, რისი თქმაც იდეაში შეიძლებოდა, მაგრამ უთქმელი დარჩა. ლექსი, რომელიც პირდაპირია, პოეტის რთულად მოპოვებული თავშეკავებულობის შედეგია. მასში ჩანს, რომ ვერაფერს მოიმოქმედებ ტკივილისა და მარტოობის გამოსასწორებლად. ცხოვრება ის არაა, რაც გვინდა. რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, გულწრფელობაა. გულწრფელი ლექსი გვიზიდავს, რადგან ზედმეტს არ იძახის და თან ახერხებს, გვაგრძნობინოს ზომიერი იმედგაცრუება. აღსანიშნავია მისი რეალიზმიც, თუ ის არასასიამოვნო დასკვნების გაკეთებას გულისხმობს. ლექსში “ეპითალამა” არ ვხვდებით იმ საზიზღარ გამომსახველობას, რომელიც გლიკის შემოქმედებაში ზოგჯერ გვხვდება ხოლმე (აქ არ გვაქვს არავითარი პომიდორი, რომელიც “წითელტილოგადაფარებული დეფორმირებული ადამიანის ტვინს ჰგავს”), თუმცა ნამდვილად იგრძნობა ის ცუდი დასასრული, რომელიც ყოველ ახალ საწყისს მოსდევს ბოლოს. ის არის დაუნდობელი და თვითკმაყოფილებას რკინასავით წინააღმდეგობას უწევს.

ესეების წიგნში, „სამხილები და თეორიები“ (1994), გლიკი ერთმანეთს უპირისპირებს ორი ტიპის ლექსს: პირველი, რომელიც აცოცხლებს “უფსკრულის შეგრძნებას” კითხვისას, ხოლო მეორე გვახსენებს “ფანჯრების ქვემოთ დადებულ ლეიბს”. რას იზამდა გლიკი ლეიბის გარეშე? ის ხომ ყოველთვის სიფრთხილით გადადიოდა რაფაზე, რომლის ქვემოთაც ან ერთი უფსკრული იყო, ან მეორე? გლიკის ესა თუ ის ლექსი გვაფიქრებს იმ უსაფრთხოების ბადეებზე, რომლებსაც პოეტი ან უარყოფს, ან იღებს. ვნახოთ ლექსი “აპრილი” კრებულიდან “ველური ზამბახი“ (1992):

რავის სასოწარკვეთა არ ჰგავს ჩემსას / შენი ადგილი არაა ამ ბაღში / როცა ასეთ რამეზე ფიქრობ, ქმნი / დამღლელ სურათებს: კაცი / ფარცხავს მთლიან ტყეს / ქალი კოჭლობს, არ იცვლის ტანისამოსს / და არ იბანს თმას / შენ გგონია მაინტერესებს / ერთმანეთს დაელაპარაკებით თუ არა? / მაგრამ მინდა იცოდე, რომ / უკეთესს ველოდი ორი ქმნილებისგან / რომლებსაც აზროვნების უნარი მისცეს: და თუ არა / ვიფიქრე ერთმანეთი რეალურად გაინტერესებდათ / იმას მაინც გაიგებდით / რომ წუხარება გადანაწილებულია / შენსა და, ყველა შენნაირთან ერთად, ჩემს შორის“.

აქ აღსანიშნავია მომენტები, რომლებიც თითქოს ჩვეულებრივი ადამიანის გამონათქვამებს ჰგავს და, ამასთან ერთად, ლექსის დაძაბული დინამიკაა მნიშვნელოვანი. გლიკი დიდი ხანია ამ ფორმას იყენებს, რომელიც მისი დაძაბული და ექსპერიმენტული მიდგომისთვისაა დამახასიათებელი; დამახასიათებელია მისი მოთხოვნილებისთვის, ყელში სწვდეს ვინმეს და ან რამე დააძალოს, ან წააქეზოს, ანდაც გონზე მოიყვანოს. თუმცა ის, რაც ყველაზე მეტად ახასიათებს “აპრილს”, არაა მაინცდამაინც უშუალო დიალოგი სხვასთან (ან საკუთარ ალტერ ეგოსთან), არამედ დაპირისპირებითა და განხეთქილებით დამუხტული ჰაერი, რომელშიც იგრძნობა ზეწოლა, საყვედურისა და რეაგირების იძულება. ასეთ თავისებურ ინტენსივობას, როგორც წესი, ვუკავშირებთ ხოლმე შინაგან დიალოგს, რომლის დროსაც მთხრობელი საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში აღმოჩნდება და ცდილობს წონასწორობისა და ჰარმონიის მიღწევას ჯიუტად გაექცეს.

ლექსში “აპრილი” გადამწყვეტი შეგონება ზემოდან მოდის, ღმერთის მსგავსი ფიგურისგან, რომლის ხმა უჩვეულოდ სარწმუნო ხმაა. მართალია, ეს მომენტი მხოლოდ ამ კონკრეტულ ლექსში არ გვხვდება, თუმცა, როგორც წესი, გლიკის მთხრობელები ყოველთვის არ არიან დაჯილდოებულნი სარწმუნო, ავტორიტეტული ხმით. თუმცა, სხვა მრავალი ხმა, რომელთაც პოეტი მოიხმობს ლექსებში, ყოველთვის გვაბნევს და გვაიძულებს მთხრობელის იდენტობას ჩავეძიოთ. სხვადასხვა ხმის არეულ-დარეულად გამოყენება გლიკის ლექსების გამჭვირვალე იარაღია – თითოეული პერსონა განასახიერებს შინაგან პიროვნულ განხეთქილებას და მის რომელიმე ასპექტს. ღმერთი ლექსში “აპრილი” შეიძლება იყოს გაცხარებული მშობელი, რომელიც ისეთი საყვედურით სავსე ტონით ლაპარაკობს, როგორსაც გლიკი თავის მამაკაც მთხრობელებს არგებს ხოლმე, მაგალითად, ბრაზით სავსე ქმარს.

ლექსში “ცხენი” (1985), მაგალითად, “ქმარი” თავს ესხმის “ცოლს” და აბრალებს, რომ ის უშვილოა (“მე ვხედავ / შენს სხეულში ბავშვი არაა”) ხოლო ქალს მხოლოდ ის უნდა, რომ “ამ ცხოვრებიდან გასასვლელი” იპოვოს. ეს საყვედური მკითხველისთვის განსაკუთრებით მწველია, რადგან მასში საკუთარი თავის სიძულვილის ატმოსფერო იგრძნობა. ალბათ, სხვა არც ერთი პოეტი არ ყოფილა ასეთი მოხერხებული საკუთარ თავში ეჭვის შეტანისა და დასჯის გზების გაკვალვაში.

 

* * *

ისეთ პოეტზე საუბრისას, რომელმაც პოეზიის მკითხველებისთვის ათობით საყვარელი და აღმაფრთოვანებელი ნამუშევარი შექმნა, უადგილო არ იქნება კონკრეტული ლექსების განხილვა. და მაინც, როგორც ლინდა გრეგერსონი ძალიან მართებულად აღნიშნავს, ლექსები კრებულში „ველური ზამბახი“, როგორც იქნა, “არიან განუყოფელნი: ეს წიგნი ერთიანი მედიტაციაა, რომელიც ბევრად აღემატება მის ცალკეულ ნაწილებს”. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ტომებში თავმოყრილ ლექსებზეც. როდესაც “აპრილში” ღმერთის ხმაზე ვლაპარაკობთ, მკითხველს უჩნდება სურვილი, იფიქროს იმაზე, თუ როგორ ხდება ამ ხმის გაჟღერება კრებულის სხვა ლექსებში, თუმცა, ამავდროულად, შეიძლება ვიფიქროთ იმ ექოებზე ან პარალელებზე, რომლებიც საერთოდ სხვა ლექსების სტრიქონებში შეიძლება აღმოვაჩინოთ. თუ ყველა კრებული, როგორც გრეგერსონი ამტკიცებს, „ერთიანი მედიტაციაა“, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ არც ერთი ნაწარმოები ან ლექსი არ განსხვავდება ერთმანეთისგან. როცა საქმე დიდ პოეტს ეხება, შეუძლებელია რომელიმე კონკრეტული ნაწარმოების აღქმა სრული შემოქმედების გაცნობის გარეშე.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ კრებულში “სოფლის ცხოვრება” გლიკი საკუთარ თავს უფლებას აძლევს “ილაქლაქოს” და ისტორიები მოყვეს. ამით კი საკუთარ თავში ათავისუფლებს “მოთხრობების ჟანრის მწერალს, რომელიც გამოჩენას ლამობს” და რომელსაც ჩახშულად, მაგრამ მაინც აქვს “მეტყველების რწმენა”. ცხადია, გლიკის ნდობით სავსე დამოკიდებულება მეტყველების მიმართ ბევრგან იგრძნობა, ხმაშიც და ისტორიაშიც, რომელსაც იგი ლექსებში ყვება, თუმცა ნარატივი, როგორც წესი, მაინც ფრაგმენტული, უსრული და ბუნდოვნად წარმოჩენილია. არ არსებობს გზა, პოეტის ბოლო კრებულის ნარატივებს ფეხდაფეხ მივყვეთ, ჩართულები ვიყოთ მათ განვითარებასა და წინააღმდეგობებში, თუ მათ არ დავუკავშირებთ წინა კრებულების მეტყველებასა და ნარატივებს. რატომაც არა? მიუხედავად ყველა რადიკალური სტილიდან გადახვევისა თავისი განვითარების გზაზე, გლიკი წერს ერთიანი პოეტური მგრძნობელობით და მისი ყოველი ლექსი გარკვეულწილად სხვა ლექსის ვარიაციაა. ის ინტენსიური მთხრობელობა, რომელსაც ბოლო კრებულში ვხვდებით, სხვა არაფერია თუ არა პასუხი ადრეული კრებულების პასიურ ნარატივებსა და მინიმალისტურ ალუზიებზე. ასე რომ, შეუძლებელია ვიფიქროთ „სოფლის ცხოვრებაში“ მოთხრობილ ამბებზე ისეთი ნახევრადმოთხრობილი ნარატივების გარეშე, რომლებიც უფრო ადრეულ კრებულ “მიდოულენდსში” გვხვდება.

თუმცა ამ აქცენტს ცნებაზე “ერთიანი მედიტაცია, რომელიც ბევრად აღემატება შემოქმედების ცალკეულ ნაწილებს”, ასევე მივყავართ იმ საყურადღებო დაკვირვებამდე, რომ ყველაფრის საფუძველი, რაც გლიკს შეუქმნია და რაც მოიცავს თითოეულ კრებულსა თუ ლექსს, შეიძლება აღვიქვათ, როგორც რეალობასთან მორიგება, ის რასაც ჰეგელი “პროზაულობის ხანას” უწოდებს. დავაკვირდეთ იმ ახირებულ აქცენტებს, რომლებიც ხშირად კონტრაპუნქტად გასდევს ან დომინირებს გლიკის ლექსებზე; აქცენტები, რომლებიც განსაკუთრებით იგრძნობა კრებულში “მიდოულენდს”, მაგრამ ცდება მის ფარგლებსაც. მაგალითად ამას დავაკვირდეთ: “ორი რამის გაკეთება მინდა: / მინდა ხორცი შევუკვეთო ‘ლობელიდან’ / და მინდა წვეულება მოვაწყო”. ან ამას: “შენ გეზიზღება წვეულებები. შენ გეზიზღება / ყველა წრე, რომელშიც ოთხზე მეტი კაცია”. პროზაულობის ხანაა, არა? პოეტისთვის, როგორც ჩანს, საკმარისია ეს ნაკლებად დამაკმაყოფილებელი აღწერის საშუალებები, რაც, რილკეს აზრით, რაიმეს “გაფუჭება და უაზრო კაპრიზია”. გლიკი კმაყოფილია ყოველდღიური და ამქვეყნიური ენობრივი გამომსახველობით. იგი პრეტენზიის გარეშე იღებს არაფრით გამორჩეულ ხმებს, რომლებიც მიწიერ გაუგებრობებზე, ოჯახურ უთანხმოებებზე ყვებიან. ესაა ხელაღებული ორატორული ხელოვნება და ხოტბა, რომელიც ბევრად ნაკლებით კმაყოფილდება. “ბაზრის დღეს, მე მივდივარ ბაზარში ჩემ სალათის ფურცლებთან ერთად” – ასე ასრულებს გლიკი კრებულს. თითქოს აღარაფერია მეტი სათქმელი. თითქოს პოეტი დაიღალა თავისი არეულობითა და იმ მშფოთვარებით, რაც ახასიათებს დიდ ფიქრებში ჩაძირულ ცხოვრებას, ხოლო ეს ფიქრები მეტისმეტად მოუხელთებელი, რთული და, ბოლოს და ბოლოს, უადგილო ხდება. რჩება სალათის ფურცლები და კაპრიზი.

თუმცა ასეთი პოეტისთვის დანებების ცნება აბსურდულია. გლიკის წვრილმანი, დიდი მნიშვნელობის არმქონე სტრიქონებიც კი რაიმე ისეთს გადმოგვცემს, რასაც შეგვიძლია სავარაუდო ახსნა მოვუძებნოთ, ისევე როგორსაც ჩვენი ცხოვრების იდუმალების გამჟღავნებისას მოვიფიქრებდით. ყოველდღიურობის რუტინაში გადავარდნა არაა პატარა საქმე. ბიჭი, გლიკის ერთ-ერთ ლექსში, მოსაღამოების დროს ფანჯარასთან ზის. მეტი არაფერი. გარდა იმისა, რომ გარეთ “ბალახი ოდნავ შრიალებს” და “მთა შუქურასავით დგას”. ყველაფერი ისეა მოცემული, როგორც რეალურადაა – ღამის ნაცნობი ჟღერადობები. მხოლოდ ჩვენ ვხვდებით იმას, რომ არსებობს “ნიშნები”, რომ “ღამე ღია წიგნია”. პროზაულობის ეპოქა, ჩვეულებრიობის ხანა, არასოდეს ყოფილა ისეთი პერსპექტიული, ნაყოფიერი ან საზარელი, როგორც ეს ამ პოეტის სტრიქონებშია, რომელმაც იცის, როგორ უნდა გადააქციოს აღტაცება ჩვეულებრივ მოვლენად. გლიკის შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობა ლტოლვა, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე კარგი საჭმლის, საწოლისა თუ უნაკლო სალათის ფურცლების ქონის სურვილი. ისეთ ლექსებში, რომლებიც შეკაზმულია მხიარული ან გესლიანი ენამახვილობით, აშკარაა, რომ პოეტი თავის სტილში და წარმომსახველობაში არ იზიარებს ტ.ს. ელიოტისეულ “რამდენიმე, მწირ, თვითნებურად შერჩეულ მყისიერ ჩანახატს” ან “ვნებიანი მომენტების გაცვეთილ სუვენირებს”.

რატომ ვერ იზიარებს? უნდა ითქვას, რომ შფოთვა ცენტრალური მომენტია გლიკის შემოქმედებაში. შფოთი, რომელიც ერთ აზრს მეორეს უპირისპირებს, თან ისეთი ტონით, რომელიც ადვილი აღსაქმელი არაა. მაგალითად, ლობელის ხორცის მაღაზიაში წასვლას მოყვება რეფლექსია იმაზე, რომ “ერთ ღამესაც სიყვარული / გაიმარჯვებს ვნებაზე”, ხოლო “არიან თუ არა / სტუმრები კმაყოფილები” ასე გრძელდება: “არიან თუ არა ისინი ცოცხლები”. არაფერი კანონზომიერი არაა ამ შეპირისპირებებში; არაფერი, გარდა პოეტის ირონიის ნიჭისა და დაჟინებისა, რომ ცხოვრება ისეთი არაა, როგორსაც პრუსტი მიიჩნევდა: “არაფრით გამორჩეული, შემთხვევითი, მოკვდავი”. შფოთის მომენტი გლიკის შემოქმედებაში ხშირად უკავშირდება პოეტის არამდგრადობას. მისი სახასიათო ხმა ეკუთვნის ვინმე ხანდაზმულს და, ამავდროულად, ჯერ არშობილ ადამიანს, რომელიც თან სასოწარკვეთილია ამ სამყაროში ცხოვრებით და თან ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელია ამ გამოცდილებით. შფოთი უთუოდ შესამჩნევია უშუალობისა და მოწყვეტილობის მონაცვლებაში, ჩვეულებრივიდან (“ძაღლი მელოდება დერეფანში”) ამაღლებულამდე (“ვმოძრაობ სიბნელეში თითქოს ეს ჩემთვის ბუნებრივი იყოს / თითქოს მისი ნაწილი ვიყო”) უხეშ გადახვევაში. ხშირი მოსაზრების საპირისპიროდ, გლიკი არ ეყრდნობა მითებს, ბერძნულ ან სხვა კულტურას, “რათა თავის ცხოვრებისეულ მოვლენებს უფრო დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს”. იგი იყენებს მითოლოგიას არა იმისთვის, რომ “ახსნას” საკუთარი გასაჭირი (ან ჩვენი), არამედ იმიტომ, რომ გააჟღეროს ტრადიციისგან მემკვიდრეობით მიღებული პოეტური ხმა. “იგი წერს” როგორც ჩარლზ სიმიკი აღნიშნავს, “ისეთი ენობრივი გამომსახველობით, რომელიც ლიტერატურასავით ძველია”, და მაინც იგი ისე წერს, თითქოს მითები, რომლებსაც იყენებს, თავისი კუთვნილებაა – თითქოს არავის გამოეყენებინა ეს სიტყვები ან მითები ასე ფუნქციურად აქამდე.

გლიკის ლექსების კითხვისას ძნელია არ იფიქრო, რომ ისინი, როგორც რ.პ. ბლექმური იტყოდა, “გონების ენის მთელი ისტორიაა, რასაც იეიტსი სულის ისტორიას ეძახდა”. და მაინც – კიდევ ერთხელ თუ განვმეორდები – გლიკის ლექსები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ძალიან თავისებური და პრობლემური პიროვნების გამოხატულება; პოეტისა, რომელიც მზადაა ჩასწვდეს საკუთარი გამოცდილების ფსკერს “რეალობის” გაკერპებისა და ტანჯვის გარეშე. ისევე როგორც სხვა დიდ პოეტებთან, გლიკი არ სწყალობს პერიფრაზს. მისი ლექსები საუკეთესოდ განასახიერებს არა მარტო მძვინვარებიდან წესრიგამდე მოძრაობას, არამედ მძვინვარებას წარმოაჩენს, როგორც “ჭეშმარიტებას”, რომელსაც ვერანაირი წესრიგი ვერ მოერგება.

[1] იხ. „არილის“ დღევანდელ ნომერში ამ და სხვა სტრიქონების მანანა მათიაშვილისეული თარგმანიც (რედ. შენიშვნა).

© არილი

Facebook Comments Box