ესე (თარგმანი)

უმბერტო ეკო – მარადიული ფაშიზმი

eco 1 copy

იტალიურიდან თარგმნა ნათია ბერიშვილმა [1]

მარადიული ფაშიზმიინგლისური ვერსია კოლუმბიის უნივერსიტეტის იტალიური და ფრანგული განყოფილების მიერ ორგანიზებულ, ევროპის გათავისუფლებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე წავიკითხე 1995 წლის 25 აპრილს. ეს ტექსტი 1995 წლის 22 ივნისს დაიბეჭდა The New York Review of Books-ში. შემდეგ კი იტალიურ ენაზე ითარგმნა და გამოქვეყნდა ჟურნალის La Rivista dei Libri 1995 წლის ივლისიაგვისტოს ნომერში სათაურით “Fuzzy[2] ტოტალიტარიზმი და ურფაშიზმი[3]” (ამ ვარიანტისაგან მხოლოდ უმნიშვნელო სტილისტური შესწორებებით განსხვავდება).გასათვალისწინებელია,რომ ეს ტექსტი ამერიკელი სტუდენტებისთვის შეიქმნა და იმ დროს წავიკითხე, როდესაც ამერიკა ოკლაჰომაში მომხდარი ტერაქტით იყო შეძრული და შეერთებულ შტატებში ულტრამემარჯვენე სამხედრო ორგანიზაციების არსებობა უკვე ცხადი იყო (თუმცა არც მანამადე ყოფილა საიდუმლო). ასე რომ, იმ ვითარებაში ანტიფაშიზმის თემამ დამატებითი, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა და მისი ისტორიული ანალიზის მიზანი სხვადასხვა ქვეყანაში აქტუალურ თემებზე დაფიქრება იყო. შემდეგ მასალა ბევრ ენაზე ითარგმნა და სხვადასხვა გაზეთსა და ჟურნალში გამოქვეყნდა. ეს ტექსტი ახალგაზრდა ამერიკელებისთვის დაიწერა, ამიტომაა მასში სკოლის პროგრამის დონის გარკვეული ინფორმაციაც, რუზველტის გამონათქვამები, ამერიკულ ფაშიზმზე მინიშნებები და იტალიელი მკითხველისთვის კარგად ცნობილი მოვლენების დეტალები. გათავისუფლების დღეებში ევროპელებისა და ამერიკელების შეხვედრაზეც ამიტომაა ყურადღება გამახვილებული.

1942 წელს 10 წლის ვიყავი, ჯილდო რომ ავიღე ოლიმპიადაში სახელწოდებით Ludi Juventus (სავალდებულო ღია კონკურსი ახალგაზრდა იტალიელი ფაშისტების – ანუ ყველა იტალიელი ახალგაზრდისათვის). ვირტუოზული რიტორიკით დავწერე თემა: “ვართ ვალდებული, სიცოცხლე გავწიროთ მუსოლინის დიდებისა და იტალიის უკვდავებისათვის?” ჩემი პასუხი დადებითი იყო – ყოჩაღი ბიჭი ვიყავი.

შემდეგ კი, 1943 წელს, მივხვდი, თუ რას ნიშნავდა სიტყვა “თავისუფლება”. ამ ამბავს ჩემი საუბრის ბოლოს მოვყვები. მაშინ “თავისუფლება” ჯერ კიდევ არ ნიშნავდა “გათავისუფლებას”.

ორი წელი გავატარე SS-ის, ფაშისტებისა და პარტიზანების გარემოცვაში. ისინი ერთმანეთს ესროდნენ, მე კი ტყვიების აცილებას ვსწავლობდი და, სხვათა შორის, ეს სულაც არ იყო ურიგო ვარჯიში.

1945 წლის აპრილში პარტიზანებმა მილანი აიღეს. ორი დღის შემდეგ ჩემს პატარა ქალაქშიც შემოვიდნენ. ძალიან სასიხარულო დღე იყო. მთავარი მოედანი ხალხით გაივსო. ყველა მღეროდა, დროშებს აფრიალებდა და მიმოს, რეგიონის პარტიზანთა მეთაურს უხმობდა. მიმო, კარაბინერების ყოფილი სერჟანტი, რომელიც თავის დროზე ბადოლიელებთან იბრძოდა და ერთ-ერთი პირველი შეტაკების დროს ფეხი დაეკარგა, ყავარჯნებით, გაფითრებული გამოვიდა მერიის აივანზე. ხელით ანიშნა ხალხს, დამშვიდდითო. იქ მეც ვიყავი და მის სიტყვას ველოდი. მთელი ბავშვობა ხომ მუსოლინის გამოსვლებს ვისმენდი, მათ  ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთებს სკოლაში ზეპირადაც ვსწავლობდით. სიჩუმე ჩამოვარდა. მიმოს ხმა ჩახლეჩოდა, თითქმის არაფერი ისმოდა: “მოქალაქენო, მეგობრებო. დიდი მსხვერპლის, დიდი ტკივილის  შემდეგ… აი, აქ ვართ. დიდება თავისუფლებისთვის დაცემულთ.” – მხოლოდ ეს თქვა და უკან შებრუნდა. ხალხი ყვიროდა, პარტიზანები ჰაერში ისროდნენ. ჩვენ, ბავშვები, მასრების მოსაკრეფად გავცვივდით, ვაგროვებდით ხოლმე. მაგრამ მაშინ იმასაც მივხვდი, რომ სიტყვის თავისუფლება რიტორიკისაგან თავისუფლებას ნიშნავს.

რამდენიმე დღის შემდეგ პირველი ამერიკელი ჯარისკაცები ვნახე. აფრო-ამერიკელები იყვნენ. პირველი იანკი, რომელსაც შევხვდი, შავკანიანი ჯოზეფი იყო, რომელმაც დიკ ტრეისის და ლი ებნერის საოცრებებს მაზიარა. მის ფერად კომიქსებს კარგი სურნელი ჰქონდა.

ერთ-ერთი ოფიცერი (მაიორი თუ კაპიტანი მადი) ჩემი ორი თანასკოლელის ოჯახში ცხოვრობდა. როგორც საკუთარ სახლში, ისე ვიყავი იმ ბაღში, სადაც რამდენიმე ქალბატონი გარს ეხვეოდა კაპიტან მადის და დამტვრეული ფრანგულით ელაპარაკებოდა. კაპიტანი მადი განათლებული კაცი იყო და  ცოტა ფრანგულიც იცოდა. ასე რომ, ჩემთვის შავპერანგიანების ფერმკრთალი სახეების შემდეგ პირველი ამერიკელი გამათავისუფლებელი ყვითელ-მწვანე უნიფორმიანი განათლებული შავკანიანი იყო, რომელიც ამბობდა: “Oui, merci beaucoup Madame, moi aussi j’aime le champagne…” (დიახ, გმადლობთ, მადამ, მეც მიყვარს შამპანური). შამპანური, სამწუხაროდ, არ გვქონდა, სამაგიეროდ, ჩემი პირველი საღეჭი რეზინი კაპიტანმა მადიმ მაჩუქა და მთელ დღეს მის ღეჭვაში ვატარებდი. მეორე დღისთვის სირბილე რომ შეენარჩუნებინა, ღამით წყლიან ჭიქაში ვდებდი.

მაისში გავიგეთ, რომ ომი დამთავრდა. მშვიდობამ ცნობისმოყვარეობა აღმიძრა – ჩვენ ხომ გვეუბნებოდნენ, რომ ახალგაზრდა იტალიელებისათვის მუდმივი ომი ჩვეული მდგომარეობაა. მომდევნო თვეებში აღმოჩნდა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ევროპული მოვლენა იყო. ისეთი ახალი და ამაღელვებელი სიტყვები ვისწავლე, როგორიცაა “reseau”, “maquis”, “armee secrete”, “Rote Kapelle”, “ghetto di Varsavia”. ჰოლოკოსტის ამსახველი პირველი ფოტოები ვნახე და ასე მივხვდი, რა იყო, სანამ სიტყვის მნიშვნელობას გავიგებდი. მაშინ გავაცნობიერე, რისგან გვიხსნეს.

დღეს იტალიაში არიან ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობის მოძრაობის რეალურ სამხედრო გავლენას ომის მსვლელობაზე ეჭვქვეშ აყენებენ. ჩემი თაობისათვის ეს უსაფუძვლო ეჭვია: ჩვენ მაშინვე მივხვდით წინააღმდეგობის მორალურ და ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას. ნამდვილად საამაყო იყო, რომ ჩვენ, ევროპელები, გულხელდაკრეფილი არ ველოდებოდით გათავისუფლებას. ვფიქრობ, ახალგაზრდა ამერიკელებისთვისაც, რომლებიც საკუთარ წილ სისხლს ღვრიდნენ ჩვენი თავისუფლებისთვის, მნიშვნელოვანი იყო, რომ ფრონტის ხაზს იქით ევროპელებიც იხდიდნენ ვალს.

დღეს იტალიაში არსებობს აზრი, რომ ევროპული წინააღმდეგობის მითი კომუნისტური ტყუილია. მართალია, კომუნისტებმა პირადი საკუთრებასავით გამოიყენეს წინააღმდეგობის მოძრაობა,  რადგან მთავარი როლი ჰქონდათ მასში, მაგრამ მე სხვადასხვა ფერის ყელსახვევები მახსოვს პარტიზანთა რიგებში.

ღამეებს რადიოზე აკრულები, ლონდონიდან პარტიზანებისათვის გადმოცემული ინფორმაციის მოსმენაში ვატარებდით – ფანჯრები დახურული გვქონდა და რადიომიმღების გარშემო პატარა სივრცე სინათლის ერთადერთი წყარო იყო ერთიანად ჩაბნელებულ ოთახში. ბუნდოვანი და პოეტური ამბების (“მზე კვლავ ამოვა”, “ვარდები აყვავდება”) უმრავლესობა ფრანკისთვის იყო. ვიღაცამ ჩამჩურჩულა, ფრანკი ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საიდუმლო ჯგუფის მეთაური, ლეგენდარულად მამაცი კაციაო. ის ჩემი გმირი გხდა. ფრანკი (მისი ნამდვილი სახელია ედგარდო სონიოა) მონარქისტი და ისეთი ანტიკომუნისტი იყო, რომ ომის შემდეგ მემარჯვენე ექსტრემისტთა ჯგუფს შეუერთდა და რეაქციონერთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობისთვის დასდეს ბრალი. მერე რა? სონიო ახლაც ჩემი ბავშვობის ოცნებაა. გათავისუფლება ხომ სხვადასხვა ყაიდის ხალხის საერთო საქმე იყო.

დღეს იტალიაში ზოგი იმასაც ამბობს, რომ გათავისუფლებისთვის ბრძოლა განხეთქილების ტრაგიკული პერიოდი იყო და რომ ახლა ეროვნული შერიგების საჭიროების წინაშე ვდგავართ. იმ წლების მოგონებები უნდა აღიკვეთოს, მაგრამ აღკვეთა ხომ ნევროზს იწვევს. თუ შერიგება თანაგრძნობას და პატივისცემას ნიშნავს ყველასთვის, ვინც ერთგულად იბრძოლა იმ ომში, პატიება სულაც არ ნიშნავს დავიწყებას. შეიძლება ვაღიარო კიდეც, რომ ეიხმანს გულწრფელად სწამდა საკუთარი მისიის, მაგრამ ამის გამო ვერ ვეტყვი, კარგი, დაბრუნდი და იგივე გაიმეორე-მეთქი. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გვახსოვდეს მომხდარი და ხმამაღლა განვაცხადოთ , რომ “მათ” ეს აღარ უნდა გაიმეორონ.

მაგრამ ვინ არიან “ისინი”?

თუ გავიხსენებთ ტოტალიტარულ სახელმწიფოებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომამდე დომინირებდნენ ევროპაში, მშვიდად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი იგივე ფორმით დაბრუნება განსხვავებულ ისტორიულ ვითარებაში რთული წარმოსადგენია. თუ გავითვალისწინებთ, რომ მუსოლინის ფაშიზმი ქარიზმატული ლიდერის იდეას, კორპორატივიზმს, “რომის ფატალური ბედის” უტოპიას, ახალი მიწების დაპყრობის იმპერიალისტურ სურვილს, გააფთრებულ ნაციონალიზმს, მთელი ერის შავ პერანგებში გამოწყობის იდეას, საპარლამენტო დემოკრატიის უარყოფას და ანტისემიტიზმს ეფუძნებოდა, მაშინ არ გამიჭირდება თქმა, რომ ეროვნული ალიანსი, რომელიც იტალიური სოციალური მოძრაობის პირმშოა, ნამდვილად მემარჯვენე პარტიაა, მაგრამ ცოტა რამ აქვს საერთო ძველ ფაშიზმთან. და მიუხედავად იმისა, რომ შეწუხებული ვარ ევროპაში, რუსეთის ჩათვლით, აქა-იქ გააქტიურებული პრონაცისტური მოძრაობით, იმავე მიზეზის გამო ვფიქრობ, რომ შეუძლებელია, ნაციზმი, როგორც იდეოლოგია, თავისი პირველადი ფორმით მოგვევლინოს და მთლიანად მოიცვას რომელიმე ერი.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური რეჟიმები შეიძლება დაემხოს, ოდეოლოგიები კრიტიკის ქარცეცხლში მოექცეს და არალეგიტიმურად გამოცხადდეს, რეჟიმისა და იდეოლოგიის მიღმა ყოველთვის არის ფიქრისა და გრძნობის გარკვეული ფორმა, კულტურული ჩვევები, ბუნდოვანი ინსტინქტებისა და  გაუაზრებელი იმპულსების ბურუსი. მაშასადამე, შესაძლებელია, რაღაც სხვა აჩრდილი დასტრიალებდეს ევროპას (მსოფლიოს სხვა ნაწილებზე რომ არაფერი ვთქვათ)?

იონესკომ ერთხელ თქვა: “მხოლოდ სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და სხვა დანარჩენი ყბედობაა”. ენობრივი ჩვევები ხშირად გამოუხატავი განცდების მნიშვნელოვანი სიმპტომებია.

ამიტომ, ნება მომეცით ვიკითხო, რატომ შეფასდა მსოფლიოში არა მხოლოდ იტალიური წინააღმდეგობის მოძრაობა, არამედ მთლიანად – მეორე მსოფლიო ომი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლად? თუ ჰემინგუეის რომანს “ვის უხმობს ზარი” გადაიკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ რობერტ ჯორდანი თავის მტრებს ფაშისტებთან აიგივებს, მაშინაც კი, როცა ეს მტრები ესპანელი ფალანგისტები არიან.

ნება მომეცით, სიტყვა ფრანკლინ დელანო რუზველტს დავუთმო: “ამერიკელი ხალხისა და მათი მოკავშირეების გამარჯვება იქნება გამარჯვება ფაშიზმზე და დესპოტიზმის იმ ჩიხზე, რომელსაც ფაშიზმი წარმოადგენს”. (23 სექტემბერი, 1944).

მაკარტის დროს ესპანეთის სამოქალაქო ომის მონაწილე ამერიკელებს “უმწიფარ ანტიფაშისტებს” უწოდებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ორმოციან წლებში ჰიტლერზე იერიშის მიტანა ყოველი წესიერი ამერიკელის მორალური ვალდებულება იყო, ხოლო ოცდაათიან წლებში ფრანკოს წინააღმდეგ ბრძოლა – საეჭვო და ნაადრევი. რატომ ეძახდნენ ამერიკელი რადიკალები “ფაშისტ ღორებს” იმ პოლიციელებსაც კი, რომლებსაც უბრალოდ მათი მოსაწევი არ მოსწონდათ? რატომ არ ამბობდნენ “ღორი კაგულარი “ღორი ფალანგისტი”, “ღორი უსტაში”, “ღორი კვისლინგი”, “ღორი ანტე პაველიჩი” ან “ღორი ნაცისტი”?

Mein Kampf („ჩემი ბრძოლა“) სრული პოლიტიკური პროგრამის მანიფესტია. ნაციზმს რასისტული და არიულობის თეორია, entartete Kunst-ის „დეგენერაციული ხელოვნების“ მკაფიო ცნება, “გადაგვარებული ხელოვნება”, ძალაუფლების ნების ფილოსოფია და ზეკაცის კულტი ახასიათებდა. ნაციზმი აშკარად ანტიქრისტიანული და ნეოწარმართული მოვლენა იყო ისევე, როგორც სტალინის დიალექტიკური მატერიალიზმი (საბჭოთა მარქსიზმის ოფიციალური ვერსია) იყო მატერიალისტური და ათეისტური. თუ ტოტალიტარულად ითვლება რეჟიმი, რომელიც ყოველ ინდივიდუალურ ქმედებას სახელმწიფოს და მის იდეოლოგიას უმორჩილებს, მაშინ ნაციზმიც და სტალინიზმიც ტოტალიტარული რეჟიმები იყო.

ფაშიზმი ჩამოყალიბებული დიქტატურა იყო,  თუმცა არ იყო ბოლომდე ტოტალიტარული: არა იმდენად ლოიალურობის, რამდენადაც იდეოლოგიის ფილოსოფიური სისუსტის გამო. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, იტალიურ ფაშიზმს არ ჰქონდა საკუთარი ფილოსოფია. ტრეკანის ენციკლოპედიაში მუსოლინის ავტორობით შესული სტატია ფაშიზმის შესახებ ჯოვანი ჯენტილეს დაწერილი თუ არა, მისი ფილოსოფიით მაინც იყო შთაგონებული და “ეთიკური და აბსოლუტური სახელმწიფოს” ჰეგელისეულ იდეას ეხმაურებოდა, რომელიც მუსოლინიმ ბოლომდე ვერაფრით ვერ განახორციელა. მუსოლინის არავითარი ფილოსოფია არ ჰქონია, მას მხოლოდ რიტორიკა ჰქონდა. დაიწყო, როგორც აქტიურმა ათეისტმა, შემდეგ კი კონკორდატს მოაწერა ხელი და იმ ეპისკოპოსებს მფარველობდა, რომლებიც ფაშისტურ დროშებს აკურთხებდნენ. საკმაოდ სარწმუნო წყაროების თანახმად, თავის ადრეულ, ანტიკლერიკალურ წარსულში მუსოლინის ღმერთისთვის მიუმართავს, ელვით განმგმირე, რათა შენს არსებობაში დამარწმუნოო. როგორც ჩანს, ღმერთს იმ მომენტში არ ეცალა. მომდევნო წლებში კი მუსოლინი ყოველ გამოსვლაში ახსენებდა ღმერთს და წინააღმდეგი არ იყო, როცა მას  „ზეცით მოვლენილს“ უწოდებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ იტალიური ფაშიზმი პირველი მემარჯვენე დიქტატურა იყო, რომელმაც ერთი ევროპული ქვეყანა მთლიანად მოიცვა და რომ შემდგომში ყველა ანალოგიურ მოძრაობას გარკვეული საერთო არქეტიპი ჰქონდა მუსოლინის რეჟიმის სახით. იტალიურმა ფაშიზმმა პირველმა შექმნა სამხედრო ლიტურგია, ფოლკლორი და ჩაცმის სტილიც კი, რომელიც საზღვარგარეთ იმაზე პოპულარული იყო, ვიდრე არმანი, ბენეტონი და ვერსაჩე ყოფილა ოდესმე“. ფაშისტური მოძრაობა ინგლისში (მოსლის მონაწილეობით), ლიტვაში, ესტონეთში, ლატვიაში, პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, იუგოსლავიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ნორვეგიასა და სამხრეთ ამერიკაშიც, მხოლოდ ოცდაათიან წლებში გამოჩნდა, გერმანიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. სწორედ იტალიურმა ფაშიზმმა დაარწმუნა ბევრი ლიბერალი ევროპელი ლიდერი, რომ ეს ახალი რეჟიმი განახორციელებდა საინტერესო სოციალურ რეფორმებს, რათა ზომიერი რევოლუციური ალტერნატივა შეექმნა კომუნისტური საფრთხისათვის.

და მაინც, ისტორიული უპირატესობა არ მიმაჩნია საკმარის მიზეზად იმისათვის, რომ ავხსნა, თუ რატომ გახდა სიტყვა “ფაშიზმი” სინეკდოქე, pars pro toto (ნაწილი, რომელიც წარმოადგენს მთელს) სხვადასხვა ტოტალიტარული მოძრაობებისათვის. „ფუჭია იმაზე ლაპარაკი, რომ ფაშიზმი შემდგომი ტოტალიტარიზმების ყველა ელემენტს შეიცავდა, ერთგვარად „კვინტესენციურად“. ფაშიზმს არც არანაირი კვინტესენცია გააჩნდა და არც რომელიმე სხვა არსი“. ფაშიზმი fuzzy ტოტალიტარიზმი, სხვადასხვა პოლიტიკური და ფილოსოფიური იდეების კოლაჟი, წინააღმდეგობათა ბუდე უფრო იყო, ვიდრე მონოლითური იდეოლოგია. განა შესაძლებელია, წარმოვიდგინოთ ტოტალიტარული მოძრაობა, რომელშიც თანაარსებობს მონარქია და რევოლუცია, სამეფო გვარდია და მუსოლინის პირადი მილიცია, ეკლესიისთვის ნაბოძები პრივილეგიები და ძალადობის მქადაგებელი სახელმწიფო პროპაგანდა, აბსოლუტური სახელმწიფო კონტროლი და თავისუფალი ბაზარი? ფაშისტური პარტია ჩასახვიდანვე ახალ რევოლუციურ წყობას ქადაგებდა, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე მეტად კონსერვატიულად განწყობილი, კონტრრევოლუციის მოლოდინში მყოფი მიწის მესაკუთრეების მიერ ფინანსდებოდა. დასაწყისში ფაშიზმი რესპუბლიკური იყო, 20 წლის მანძილზე სამეფო ოჯახისადმი ლოიალურობით გაქონდა თავი და დუჩეს “მეფესთან” ხელკავით სიარულის უფლებას აძლევდა, რომელსაც “იმპერატორის” ტიტულიც კი შესთავაზა. მაგრამ 1943 წელს, როცა მეფემ მუსოლინი დაითხოვა, ორიოდე თვეში პარტია კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე გერმანელების დახმარებით, “სოციალური” რესპუბლიკის დროშითა და ლამის იაკობინური აქცენტებით გადახალისებულ-გამდიდრებული ძველი რევოლუციური პარტიტურით.

არსებობდა მხოლოდ ერთი ნაცისტური არქიტექტურა და მხოლოდ ერთი ნაცისტური ხელოვნება. ნაციზმის არქიტექტორი ალბერტ შპეერი თუ იქნებოდა, ვან დერ როესთვის ადგილი აღარ ჩებოდა. ისევე როგორც სტალინის დროს – სიმართლე ლამარკის მხარეს რომ ყოფილიყო, დარვინისთვის აღარ დარჩებოდა ადგილი. ცხადია, იყვნენ ფაშისტი არქიტექტორები, მაგრამ მათი ფსევდოკოლიზეუმების გვერდით გროპიუსის მოდერნისტული რაციონალიზმით შთაგონებული, ახალი შენობებიც შენდებოდა.

ფაშიზმს ჟდანოვი არ ჰყოლია. იტალიაში ორი მნიშვნელოვანი პრემია არსებობდა ხელოვნების დარგში: კრემონას პრემიას გაუნათლებელი და ფანატიკოსი ფარინაჩი აკონტროლებდა, რომელიც პროპაგანდისტულ ხელოვნებას უჭერდა მხარს (მახსოვს ნახატები სათაურით “დუჩეს გამოსვლის მოსმენისას” ან “ფაშიზმის მიერ შთაგონებული გონებრივი მდგომარეობა”), ბერგამოს პრემიას კი განათლებული და ზომიერად ტოლერანტი ფაშისტი ბოტაი აფინანსებდა. ის იზიარებდა იდეას „ხელოვნება ხელოვნებისათვის“ და ემხრობოდა ავანგარდული ხელოვნების ახალ ცდებს, რომლებიც გერმანიაში უხამსად და ფარულად პროკომუნისტურად ითვლებოდა, რადგან მასკლულტურის ერთადერთ მისაღებ ფორმას, ნიბელუნგურ კიტჩს ეწინააღმდეგებოდა.

ეროვნულ პოეტი დ’ანუნციო იყო. დენდი, რომელსაც გერმანიაში ან რუსეთში დამსჯელი რაზმის წინამძღოლად დააყენებდნენ. რეჟიმმა დ’ანუნციო ნაციონალიზმისა და გმირის კულტის აღზევების (ფრანგული დეკადანსის მნიშვნელოვანი დოზით) გამო  ერის მგოსნად შერაცხა.

რაც შეეხება ფუტურიზმს, წესით, იგი „დეგენერაციული ხელოვნების“ მაგალითად უნდა განვიხილოთ ისევე, როგორც ექსპრესიონიზმი, კუბიზმი და სურრეალიზმი. მაგრამ პირველი იტალიელი ფუტურისტები ნაციონალისტები იყვნენ, რომლებიც ესთეტიკური პოზიციიდან გამომდინარე უჭერდნენ მხარს იტალიის მონაწილეობას პირველ მსოფლო ომში, განადიდებდნენ სისწრაფეს, ძალადობას, რისკს და თითქოს ეს ასპექტები გარკვეულწილად ახლოს იყო ახალგაზრდობის ფაშისტურ კულტთან. როდესაც ფაშიზმმა სწორება რომის იმპერიასა და ხალხურ ტრადიციებზე აიღო, მარინეტი (რომელიც ამტკიცებდა, რომ ავტომობილი სამოთრაკიელ ნიკეზე მშვენიერია და მთვარის ნათელის ჩაკვლის სურვილითაც კი იყო შეპყრობილი) იტალიის აკადემიის წევრი გახდა, რომელიც მთვარის შუქს საკმაოდ დიდ პატივს სცემდა.

ბევრი მომავალი პარტიზანი და კომუნისტური პარტიის არაერთი მომავალი ინტელექტუალი აღზარდა უნივერსიტეტის სტუდენტთა ფაშისტურმა ასოციაციამ, რომელიც ახალი ფაშისტური კულტურის აკვანი უნდა გამხდარიყო. ეს ჯგუფები ერთგვარ ინტელექტუალურ სამჭედლოდ იქცა, რომელშიც ახალი იდეები ყოველგვარი იდეოლოგიური კონტროლის გარეშე ტრიალებდა, არა პარტიის წევრების ტოლერანტობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ცოტას ჰქონდა კონტროლისთვის საჭირო ინტელექტუალური შესაძლებლობები.

იმ ოცი წლის განმავლობაში ჰერმეტიკოსთა პოეზია იყო რეაქცია რეჟიმის პომპეზურ სტილზე: ამ პოეტებს ნება დართეს, საკუთარი ლიტერატურული პროტესტი ნაჭუჭში გამოკეტილებს შეექმნათ. ჰერმეტიკოსთა მსოფლმხედველობა სრულიად ეწინააღმდეგებოდა ოპტიმიზმისა და გმირობის ფაშისტურ კულტს. რეჟიმი შემწყნარებლურად იყო განწყობილი ამ სოციალურად შეუმჩნეველი, თუმცა აშკარა წინააღმდეგობისადმი, რადგან მნიშვნელოვნად არ თვლიდა ამ ბუნდოვან ენას.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იტალიურ ფაშიზმს ტოლერანტულობა ახასიათებდა. გრამში სიკვდილამდე ციხეში გამოამწყვდიეს, მატეოტი და ძმები როსელები დახოცეს, პრესის თავისუფლება აღკვეთეს, პროფკავშირები დაშალეს, პოლიტიკური დისიდენტები შორეულ კუნძულებზე გადაასახლეს, საკანონმდებლო ხელისუფლება წმინდა ფიქციად იქცა, ხოლო აღმასრულებელი (რომელიც სასამართლოსაც აკონტროლებდა და მასმედიასაც) ახალ კანონებს ქმნიდა, რომელთა შორის რასის სიწმინდის დაცვის კანონიც იყო (ჰოლოკოსტის ფორმალური მხარდაჭერა).

ჩემ მიერ აღწერილი ეს არალოგიკური სურათი არა ტოლერანტულობის, არამედ პოლიტიკური და იდეოლოგიური მონჯღრეულობის შედეგია. მაგრამ ეს “მოწესრიგებული მონჯღრეულობა” და ორგანიზებული არეულობაა. ფაშიზმი ფილოსოფიურად არაკოორდინირებული, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით მყარად ორიენტირებული იყო რამდენიმე არქეტიპზე.

ჩემი ნაშრომის მეორე ნაწილზე გადავიდეთ. ნაციზმი ერთადერთი იყო და არ შეიძლება ფრანკოს ჰიპერკათოლიკურ ფალანგიზმს “ნაციზმი” ვუწოდოთ, რადგანაც ნაციზმი ან არსებითად წარმართული, პოლითეისტური და ანტიქრისტიანულია, ან არ არის ნაციზმი. ფაშიზმით კი შეიძლება მრავალნაირად ითამაშო, თამაშის სახელი კი არ შეიცვლება. „ფაშიზმის“ ცნებას იგივე ახასიათებს, რაც, ვიტგენშტაინის აზრით, “თამაშის” ცნებას. თამაში შეიძლება იყოს ან არ იყოს შეჯიბრი, შეიძლება ერთმა ან მეტმა ადამიანმა ითამაშოს, შეიძლება რამე განსაკუთრებულ უნარს მოითხოვდეს ან არა, შეიძლება ფულზე ვითამაშოთ ან არა. თამაშები სხვადასხვა სახის მოქმედებათა რიგია, რომლებსაც მხოლოდ ერთი შორეული “ოჯახური მსგავსება” ახასიათებთ.

 

1          2         3          4

abc     bcd     cde      def

 

დავუშვათ, არსებობს პოლიტიკურ ჯგუფთა რიგი. პირველ ჯგუფს ახასიათებს abc თვისებები, მეორე ჯგუფს – bcd და ა.შ. მეორე ჰგავს პირველს, რადგან ორი საერთო თვისება აქვთ. მესამე ჰგავს მეორეს და მეოთხე ჰგავს მესამეს იმავე მიზეზით. თან მესამე პირველსაც ჰგავს (საერთო c თვისება აქვთ). ყველაზე საინტერესო შემთხვევა მეოთხეა, რომელიც აშკარად ჰგავს მესამეს და მეორეს, მგრამ არაფერი აქვს საერთო პირველთან. და მაინც, პირველსა და მეოთხეს შორის მსგავსებების უწყვეტი კლებადი რიგიდან გამომდინარე, მეოთხესა და პირველს შორის გარკვეული მოჩვენებითი გარდამავლობის შედეგად მეოთხესა და პირველის ნათესაობა შენარჩუნებულია.

ტერმინი “ფაშიზმი” ყველაფერს ერგება, იმიტომ, რომ ფაშისტურ რეჟიმს ერთი ან მეტი ასპექტი რომ ჩამოართვა, ის მაინც ფაშისტური იქნება. მოაშორეთ ფაშიზმს იმპერიალიზმი და ფრანკოს ან სალაზარს მიიღებთ. ჩამოაშორეთ კოლონიალიზმიც და ბალკანურ ფაშიზმს მიიღებთ. დაამატეთ იტალიური ფაშიზმის რადიკალური ანტიკაპიტალიზმი (რომელიც მუსოლინის არასოდეს ხიბლავდა) და ეზრა პაუნდს მიიღებთ. დაუმატეთ კელტური მითოლოგიის კულტი და გრაალის მისტიციზმი (სრულიად უცხო ოფიციალური ფაშიზმისთვის) და ფაშიზმის ერთ-ერთ ყველაზე პატივცემულ გურუს, იულიუს ევოლას მიიღებთ.

ამ არეულობის მიუხედავად, ვთვლი, რომ შესაძლებელია იმის დამახასიათებელ ნიშანთა ჩამოთვლა, რასაც “ურ-ფაშიზმი” ან “მარადიული ფაშიზმი” უნდა ვუწოდოთ. ამ ნიშნების ერთიანი სისტემის ფარგლებში მოქცევა არ შეიძლება; ბევრი მათგანი ურთიერთსაწინააღმდეგოა და დესპოტიზმისა და ფანატიზმის სხვა ფორმებისთვისაა  დამახასიათებელი. მაგრამ ერთ-ერთი მათგანის არსებობაც საკმარისია ფაშისტური ნისლის კონდენსირებისათვის.

1. ურ-ფაშიზმის პირველი დამახასიათებელი ნიშანი ტრადიციის კულტია. ტრადიციონალიმზი ფაშიზმზე ძველია. ის მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ აღმოცენებულ კონტრრევოლუციურ კათოლიკურ იდეოლოგიას როდი ახასიათებდა: იგი ჯერ კიდევ გვიან ელინისტურ ხანაში გაჩნდა, როგორც რეაქცია ბერძნულ კლასიკურ რაციონალიზმზე.

ხმელთაშუა ზღვის აუზის სხვადასხვა რელიგიის ხალხებმა (რომლებიც თანაბარი შემწყნარებლობით დაიშვებოდნენ რომის პანთეონში) კაცობრიობის განთიადზე მიღებულ გამოცხადებაზე დაიწყეს ოცნება. ეს გამოცხადება დიდხანს იყო დამალული დღეისათვის დავიწყებული ენების საფარქვეშ. ის ეგვიპტურ იეროგლიფებში, კელტურ რუნებში, აზიური რელიგიების ჯერ კიდევ უცნობ წმინდა ტექსტებში ინახებოდა.

ეს ახალი კულტურა სინკრეტული უნდა ყოფილიყო. “სინკრეტიზმი” არა მხოლოდ რწმენათა და პრაქტიკათა განსხვავებული ფორმების კომბინაციაა, როგორც ლექსიკონები განმარტავენ. ასეთი კომბინაცია შემწყნარებელი უნდა იყოს წინააღმდეგობების მიმართ. ყოველი ორიგინალური გზავნილი სიბრძნის მარცვალს შეიცავს და თუ ისინი ერთმანეთისაგან განსხვავებულად და ურთიერთშეუთავსებლად გვეჩვენება,  მხოლოდ იმიტომ, რომ თითოეული მათგანი ალეგორიულად მიანიშნებს რაღაც საწყის ჭეშმარიტებაზე.

ამის შედეგად კი ცოდნის განვითარება არ ხდება. ჭეშმარიტება ერთხელ და სამუდამოდ უკვე გაცხადდა და არაფერი დაგვრჩენია, გარდა მისი ბუნდოვანი გზავნილის ინტერპრეტირებისა. მთავარი ტრადიციონალისტი მოაზროვნეების გამოსავლენად ფაშისტური მოძრაობის სიების გადახედვაც საკმარისია. ნაცისტური გნოზისი ტრადიციონალისტური, სინკრეტული და ოკულტური ელემენტებით საზრდოობდა. ახალი იტალიელი მემარჯვენეების ყველაზე მნიშვნელოვანი თეორიული წყარო, იულიუს ევოლა, გრაალს სიონის ბრძენთა ოქმებით და ალქიმიას – რომის წმინდა იმპერიით აზავებდა. თავად ის ფაქტი, რომ საკუთარი გონებრივი გახსნილობის დემონსტრირებისთვის იტალიელ მემარჯვენეთა ნაწილმა საკუთარი სიები დე მესტრის, გენონისა და გრამშის დამატებით განავრცო, სინკრეტიზმის ნათელი მაგალითია.

ამერიკაში წიგნის მაღაზიების იმ თაროებით თუ დაინტერესდებით, რომლებსაც აწერია New Age, წმინდა ავგუსტინესაც აღმოაჩენთ, რომელიც, რამდენადაც ვიცი, ფაშისტი არ ყოფილა. მაგრამ წმინდა ავგუსტინესა და სთოუნჰენჯის ერთად დადება – სწორედ ესაა ურ-ფაშიზმის სიმპტომი.

2. ტრადიციონალიზმი მოდერნიზმის უარყოფას გულისხმობს. გინდ ფაშისტები და გინდ ნაცისტები აღმერთებდნენ ტექნოლოგიებს, ხოლო ტრადიციონალისტი მოაზროვნეები, როგორც წესი, გმობენ მათ, როგორც ტრადიციული სულიერი ღირებულებების უარყოფას. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ნაციზმი ამაყობდა საკუთარი სამრეწველო წარმატებებით, ეს მხოლოდ “სისხლსა” და “მიწაზე” (Blut und Boden) დაფუძნებული იდეოლოგიის ზედაპირული ნიშანი იყო. თანამედროვე სამყაროს უარყოფა ცხოვრების კაპიტალისტური სტილის კრიტიკით იყო შენიღბული, მაგრამ ძირითადად ეხებოდა 1789 (და, რა თქმა უნდა, 1776) წლის სულისკვეთების უარყოფას. განმანათლებლობა, გონის ხანა, განიხილებოდა, როგორც თანამედროვე ხრწნის დასაწყისი. აქედან გამომდინარე, ურ-ფაშიზმი შეიძლება განიმარტოს, როგორც “ირაციონალიზმი”.

3. ირაციონალიზმი მჭიდროდაა დაკავშირებული კულტთან „მოქმედება მოქმედებისთვის“. მოქმედება თავისთავადაა მშვენიერი და, მაშასადამე, ყოველგვარ განსჯამდე და მის გარეშე უნდა მოხდეს. აზროვნება კასტრაციის ერთგვარი ფორმაა. ამიტომ კულტურას ეჭვის თვალით უყურებენ იმდენად, რამდენადაც ის კრიტიკულ ხედვასთან არის გაიგივებული. ამაზე მეტყველებს გებელსის ცნობილი გამოთქმაც, “როცა კულტურაზე ლაპარაკობენ, რევოლვერს ვიმარჯვებ” და ისეთი ეპითეტების ხშირი გამოყენებაც, როგორებიცაა, “ღორი ინტელექტუალები”, “რადიკალი სნობები”, “უნივერსიტეტები კომუნისტების ბუდეა”. ინტელექტუალური სამყაროს ეჭვის თვალით ყურება ყოველთვის ურ-ფაშიზმის სიმპტომია. ფაშისტური ოფიციოზის წარმომადგენელი ინტელექტუალების ძირითადი საქმიანობა ის იყო, რომ თანამედროვე კულტურასა და ლიბერალ ინტელიგენციას ტრადიციული ღირებულებების დავიწყებაში ადანაშაულებდნენ.

4. სინკრეტიზმის არავითარ ფორმას არ შეუძლია კრიტიკის მიღება. კრიტიკული სული განსხვავებულობას ეფუძნება, განსხვავებულობა კი თანამედროვეობის ნიშანია. თანამედროვე კულტურაში სამეცნიერო საზოგადოება არდათანხმებას ცოდნის გაღრმავების ინსტრუმენტად მიიჩნევს. ურ-ფაშიზმისათვის არდათანხმება ღალატს ნიშნავს.

5. არდათანხმება, გარდა ამისა, განსხვავებულობის ნიშანია. ურ-ფაშიზმი იზრდება და მომხრეების მოკრებას ცდილობს განსხვავებულობის ბუნებრივი შიშის გამოყენებით და გამწვავებით. ფაშიზმის ან ადრეული ფაშიზმის პირველი მოწოდება “უცხოების” წინააღმდეგ არის მიმართული. ამგვარად, ურ-ფაშიზმი საფუძველშივე რასისტულია.

6. ურ-ფაშიზმის სათავე ინდივიდუალური და სოციალური ფრუსტრაციაა, რაც ხსნის, თუ რატომ იყო ისტორიული ფაშიზმის ერთ-ერთი ტიპური ნიშანი ეკონომიკური კრიზისით შეჭირვებულ თუ პოლიტიკურად შევიწროებულ, ქვედა სოციალური ჯგუფების მხრიდან შესაძლო შემოტევით შეშინებულ, ფრუსტრირებულ საშუალო სოციალურ კლასებზე აპელირება. ჩვენს დროში, როდესაც ძველი “პროლეტარები” მცირე ბურჟუაზიად იქცნენ (და ლუმპენპროლეტარიატი პოლიტიკური სცენიდან გადის), ეს ახალი უმრავლესობა გახდება ფაშიზმის აუდიტორია.

7. ვისაც არავითარი სოციალური იდენტობა არ გააჩნია, ფაშიზმი ეუბნება, რომ მათი ერთადერთი და სხვა პრივილეგიებზე მეტად გავრცელებული პრივილეგია ის ფაქტია, რომ საკუთარ ქვეყანაში არიან დაბადებულები. ეს ნაციონალიზმის სათავეა. თან ერთადერთი, რამაც შეიძლება, ერს საკუთარი იდენტობის აღქმა გაუძლიეროს, მტერია. ასე რომ, შეთქმულების და თან, შეძლებისდაგვარად, საერთაშორისო შეთქმულების აკვიატება ურ-ფაშიზმის ფსიქოლოგიის საფუძველშივე დევს. მიმდევრებმა თავი ალყაში უნდა იგრძნონ. შეთქმულებაზე ყურადღების გამახვილების საუკეთესო ხერხი ქსენოფობიაზე აპელირებაა. თუმცა შეთქმულება შიგნიდანაც უნდა მოდიოდეს: ებრაელები, ჩვეულებრივ, ამის საუკეთესო ობიექტია იმდენად, რამდენადაც ერთდროულად არიან გარეთაც და შიგნითაც. ამერიკაში შეთქმულების მანიის საუკეთესო მაგალითი პეტ რობერტსის წიგნია – The New World Order. ახალი მსოფლიო წესრიგი.

8. იდეოლოგიის მიმდევრებმა მტრის აურაცხელი სიმდიდრითა და ძალაუფლებით თავი დამცირებულად უნდა იგრძნონ. მტრის უტიფრად გამომზეურებული სიმდიდრითა და ძალაუფლებით დამცირებულად უნდა იგრძნონ თავი. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ ინგლისელები დღეში ხუთჯერ ჭამდნენ. ანუ ღარიბ და მოკრძალებულ იტალიელებზე ხშირად. ებრაელები მდიდრებიც არიან და ერთმანეთსაც ეხმარებიან ურთიერთთანადგომის საიდუმლო ქსელის მეშვეობით. მაგრამ მიმდევრები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ მტრის დამარცხება მაინც ძალუძთ. აი ასე – რიტორიკული რეგისტრის გამუდმებული ცვლის წყალობით, მტერი, ერთდროულად, ძალიან ძლიერიცაა და ძალიან სუსტიც. ასე რომ, ნებისმიერი ფაშიზმი განწირულია ომის წაგებისთვის,  რადგან ფიზიკურად არ შეუძლია, ობიექტურად შეაფასოს მტრის ძალა.

9. ურ-ფაშიზმისათვის არსებობს არა ბრძოლა სიცოცხლისათვის, არამედ “სიცოცხლე ბრძოლისათვის”. აქედან გამომდნარე პაციფიზმი მტერთან გარიგებას ნიშნავს. პაციფიზმი ცუდია იმიტომ, რომ სიცოცხლე გამუდმებული ომია. მაგრამ ეს არმაგედონის კომპლექსს იწვევს: რადგანაც მტერი უნდა დამარცხდეს (და იგი დამარცხდება), დგება საბოლოო ბრძოლის აუცილებლობა, რომლის შედეგადაც ეს მოძრაობა გაბატონდება სამყაროში. ასეთი ფინალი მომდევნო მშვიდობის ხანას გულისხმობს, ოქროს ხანას, რომელიც გამუდმებული ომის პრინციპს ეწინაღმდეგება. ჯერჯერობით ამ წინააღმდეგობის გადალახვა ვერცერთმა ფაშისტმა ლიდერმა ვერ მოახეხრა.

10. ელიტიზმი, რადგან ის არსებითად არისტოკრატიულია, ყველა რეაქციული იდეოლოგიის ტიპური ნიშანია. ისტორიულად ყველა არისტოკრატიული და სამხედრო ელიტიზმი სუსტების სიძულვილს შეიცავდა. ურ-ფაშიზმს არ შეუძლია, “ხალხური ელიტიზმი” არ იქადაგოს. მისთვის ყოველი მოქალაქე მსოფლიოში საუკეთესო ხალხს, ხოლო პარტიის წევრები – საუკეთესო მოქალაქეთა რიგს ეკუთვნიან. ყოველ მოქალაქეს შეუძლია (ან ვალდებულია) გახდეს პარტიის წევრი. მაგრამ დიდგვაროვანი ხომ ვერ იარსებებს მდაბიოს გარეშე. ლიდერმა, რომელმაც იცის, რომ მისი ძალაუფლება არა მანდატით, არამედ ძალით არის მოპოვებული, ისიც უწყის, რომ მისი ძალა მასების სისუსტეს ეყრდნობა. ეს მასა იმდენად სუსტია, რომ სჭირდება და იძულებულია, “მბრძანებელი” დაიმსახუროს. ამიტომ, როდესაც ჯგუფი იერარქიულად ორგანიზებული ხდება (სამხედრო მოდელის მიხედვით), თითოეულ ლიდერს, რომელსაც ზემდგომები ჰყავს, საკუთარი ქვეშევრდომები სძულს. თავის მხრივ, ამ ქვეშევრდომებსაც სძულთ მათ ქვევით მდგომნი და ასე. ყოველივე ეს მასებში ელიტიზმის გრძნობას აღვივებს.

11. ამ თვალსაზრისით,  თითოეული უნდა აღიზარდოს მომავალ გმირად. ნებისმიერ მითოლოგიაში გმირი განსაკუთრებული არსებაა, მაგრამ ურ-ფაშიზმის იდეოლოგიაში გმირობა ნორმაა. გმირობის კულტი მჭიდრო კავშირშია სიკვდილის კულტთან. შემთხვევით კი არ იყო ფალანგისტების დევიზი: Viva la muerte!. რიგით ადამიანებს ეუბნებიან, რომ სიკვდილი სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ადამიანი მას ღირსებით უნდა შეხვდეს. მორწმუნეებს კი ასწავლიან, რომ ის ზებუნებრივი ბედნიერების მიღწევის მტკივნეული ხერხია. ურ-ფაშისტი გმირი კი მიილტვის სიკვდილისკენ, რომელსაც მას გმირული სიცოცხლის საუკეთესო კომპენსაციად სთავაზობენ. ურ-ფაშისტ გმირს ერთი სული აქვს, მოკვდეს და აღსანიშნავია, რომ ამ მოუთმენლობის გადამკიდე ხშირად სხვებს ხოცავს.

12. გამომდინარე იქიდან, რომ მარადიული ომიც და გმირობაც რთული თამაშია, ურ-ფაშისტს ძალაუფლების სურვილი სექსუალურ საკითხებზე გადააქვს. ეს მაჩოობის კულტის სადავე ხდება (რომელიც გულისხმობს ქალების არად ჩაგდებას და ყველა არაკონფორმისტული სექსუალური ჩვევის შეუბრალებელ დევნას – უმწიკვლობიდან ჰომოსექსუალობამდე). ვინაიდან სექსი რთული თამაშია, ურ-ფაშისტი იწყებს თამაშს იარაღით, რაც მისი ფალოსის ერზაცია, სუროგატი. მისი ომობანა ხომ გამუდმებული პენისშურის შედეგია.

13. ურ-ფაშიზმის საყრდენი “თვისობრივი პოპულიზმია”. დემოკრატიულ წყობაში მოქალაქეები ინდივიდუალური უფლებებით სარგებლობენ, მაგრამ მოქალაქეთა ერთობლიობას პოლიტიკური ბიძგის ძალა მხოლოდ რაოდენობრივი მონაცემის საფუძველზე აქვს (ყურადსაღებია მხოლოდ უმრავლესობის გადაწყვეტილებები). ურ-ფაშიზმისთვის ინდივიდებს უფლებები არ აქვთ და “ხალხი” განიხილება, როგორც მონოლითური ორგანიზმი, რომელიც “საერთო ნებას” გამოხატავს. რადგანაც ადამიანების არანაირ რაოდენობას არ შეიძლება გააჩნდეს საერთო ნება, ლიდერს მათი ნების გამოხატვის პრეტენზია აქვს. ვინაიდან მოქალაქეები კარგავენ უფლებამოსილებას, აღარ მოქმედებენ და მხოლოდ pars pro toto ასრულებენ ხალხის როლს. და ხალხი თეატრალურ ფიქციად იქცევა. თვისობრივი პოპულიზმის თვალსაჩინოებად ვენეციის მოედანი და ნიურნბერგის სტადიონი აღარ გვჭირდება. ჩვენს მომავალში სატელევიზიო და ინტერნეტის თვისობრივი პოპულიზმი მოჩანს, რომელშიც მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის ემოციური რეაქცია შეიძლება “ხალხის ხმად” მოინათლოს. საკუთარი თვისობრივი პოპულიზმიდან გამომდინარე, ურ-ფაშიზმმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს “გახრწნილ საპარლამენტო მთავრობებს”. პარლამენტში მუსოლინის ერთ-ერთი პირველი წინადადება ეს იყო: “ამ ყრუ და ნაცრისფერ დარბაზს ჩემი ჯარისკაცების ყაზარმად გადავაკეთებდი”. მერე კი იპოვა უკეთესი თავშესაფარი თავისი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ მოგვიანებით პარლამენტი მაინც დაშალა. ყოველთვის, როცა პოლიტიკოსი პარლამენტის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, აქაოდა, ეს უკანასკნელი ხალხის ხმას აღარ წარმოადგენსო, ურ-ფაშიზმის სუნი დგება.

14. ურ-ფაშიზმი “ნეოენაზე” ლაპარაკობს. ნეოენა ორუელმა შექმნა რომანში “1984”, როგორც ინგსოცის (ინგლისური სოციალიზმის) ოფიციალური ენა, მაგრამ ურ-ფაშიზმის ელემენტები დიქტატურის სხვადასხვა ფორმისთვის საერთოა. ყველა ნაცისტური თუ ფაშისტური ტექსტი ღარიბი ლექსიკითა და ელემენტარული სინტაქსით გამოირჩეოდა ღრმა და კრიტიკული მსჯელობისთვის საჭირო ინსტრუმენტების შეზღუდვის მიზნით. მაგრამ ნეოენის სხვა ფორმების გამოსაცნობად მზად უნდა ვიყოთ, მაშინაც, როცა ის პოპულარული თოქშოუს უმანკო ფორმას ღებულობს.

ვინაიდან ურ-ფაშიზმის შესაძლებელი არქეტიპი უკვე აღვწერე, ნება მიბოძეთ, დასკვნა გავაკეთო. 1943 წლის 27 ივლისის დილას მითხრეს, რომ რადიოთი გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, ფაშიზმი დაეცა და მუსოლინი დააპატიმრეს. დედაჩემმა გაზეთის საყიდლად გამიშვა. უახლოეს ჯიხურთან მივედი. გაზეთები კი იყო, მაგრამ განსხვავებული სათაურებით. როცა სათაურებს თვალი გადავავლე და მივხვდი, რომ ყველა გაზეთი სხვადასხვა რამეს ამბობდა, ერთ-ერთი ვიყიდე და პირველ გვერდზე დაბეჭდილი, ხუთი თუ ექვსი პარტიის მიერ ხელმოწერილი ინფორმაცია წვიკითხე. ეს პარტიები იყო: ქრისტიან-დემოკრატიული, კომუნისტური პარტია, სოციალისტური პარტია, მოქმედების პარტია და ლიბერალთა პარტია. იმ წუთამდე მეგონა, რომ ყველა ქვეყანაში მხოლოდ ერთი პარტია, იტალიაში კი მხოლოდ ნაციონალური ფაშისტური პარტია იყო. თურმე ჩემს ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე პარტია არსებობდა. გარდა ამისა, რადგან საკმაოდ გონიერი ყმაწვილი ვიყავი, იმასაც მივხვდი, რომ ეს პარტიები ერთ ღამეში ვერ შეიქმნებოდა და მანამდეც არსებობდნენ, როგორც იატაკქვეშა ორგანიზაციები.

სტატია დიქტატურის დასასრულს და თავისუფლების აღდგენას გვამცნობდა – სიტყვის, პრესისა და პოლიტიკური გაერთიანებების თავისუფლების. ღმერთო ჩემო – ცხოვრებაში პირველად ვკითხულობდი სიტყვებს „დიქტატურა“ და „თავისუფლება“. ამ ახალი სიტყვების წყალობით იმ დღეს ხელმეორედ დავიბადე. დავიბადე, როგორც  დასავლელი თავისუფალი ადამიანი.

ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ამ სიტყვების მნიშვნელობა აღარ დაგვავიწყდეს. ურ-ფაშიზმი ჩვენ გარშემოა და ხანდახან სამოქალაქო ფორმაც აცვია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უფრო ადვილი იქნებოდა, ვინმე რომ დადგებოდეს მსოფლიოს სცენზე და იტყოდეს: „კვლავ მინდა გავხსნა ოსვენციმი და მინდა, რომ შავი პერანგები კვლავ მარშირებდნენ იტალიის მოედნებზე გამართულ აღლუმებზე!“. ცხოვრება ასე მარტივი როდია. ურ-ფაშიზმი უმანკო თუ საფარველით შენიღბული შეიძლება დაბრუნდეს. ჩვენი ვალია, ნიღაბი ჩამოვხსნათ და მისი ყოველი ახალი ფორმა გამოვააშკარაოთ – ყოველდღე და მსოფლიოს ყველა წერტილში. ისევ რუზველტს დავუთმობ სიტყვას: „ამერიკულმა დემოკრატიამ რომ განვითარება შეწყვიტოს და დღე და ღამე, როგორც ცოცხალმა ძალამ, არ ეცადოს მშვიდობიანი საშუალებებით გააუმჯობესოს ჩვენი მოქალაქეების პირობები, ჩვენს ქვეყანაში ფაშიზმი მოძლიერდება“ (4 ნოემბერი, 1938 წელი). თავისუფლება და გათავისუფლება მუდმივი ვალდებულებაა. „არ დაივიწყოთ!“ – ეს უნდა იყოს ჩვენი დევიზი.

„გავბედავ და ვიტყვი, რომ თუ ამერიკული დემოკრატია შეწყვეტს განვითარებას, როგორც ცოცხალი ძალა და დღედაღამ არ ეცდება, მშვიდობიანი მეთოდებით  გააუმჯობესოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება, ჩვენს ქვეყანაში ფაშიზმი მოძლიერდება“.

© “არილი


[1] © უმბერტო ეკო

© ესე კრებულიდან “ხუთი ესე ეთიკის საკითხებზე”, Bompiani-RCS Libri S.p.A., მილანი1997-2013.

© Umberto Eco

© Saggio tratto da “Cinque scritti morali”, Bompiani-RCS Libri S.p.A., Milano 1997-2013.

[2] ტერმინი გამოიყენება ლოგიკაში. შეიძლება ითარგმნოს, როგორც  გაურკვეველი, ბუნდოვანი, არაზუსტი.

[3] წინსართი გერმანულ ენაში. აღნიშნავს უძველესს, პირვანდელს, ავთენტურს.