დრამატურგია,  თარგმანი

იაკოვოს კაბანელისი – წერილი ორესტეს

kabanelis

ერთმოქმედებიანი პიესა

ახალბერძნულიდან თარგმნა სოფიო შამანიდმა

იაკოვოს კაბანელისი (1922-2012) თანამედროვე ბერძნული დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მან საკმაოდ რთული ცხოვრების გზა განვლო. სწავლა დამთავრებულიც არ ჰქონდა, როდესაც მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, სადაც ორი წელი გაატარა. 1945 წელს, განთავისუფლების შემდეგ იგი საბერძნეთში დაბრუნდა. კაბანელისს სამოცზე მეტი პიესა აქვს დაწერილი. არ არსებობს საბერძნეთში თეატრი, რომლის რეპერტუარშიც არ იყოს კაბანელისის რომელიმე ნაწარმოები. იგი ფსიქოლოგიური თეატრის მიმდევარია – მისი პერსონაჟების ხასიათები ყოველთვის ძალიან ღრმაა, ამასთანავე მაყურებლისთვის ძალიან ნაცნობი და ადვილად ამოსაცნობი.

პიესა «წერილი ორესტეს» კლიტემნესტრას მონოლოგს წარმოადგენს. კლიტემნესტრა თავისი გადმოსახედიდან აღწერს არგოსში მომხდარ ამბებს – როგორ შესწირა მსხვერპლად აგამემნონმა ტროას ომის დროს საკუთარი ქალიშვილი იფიგენია, როგორ ვერ აპატია მან შვილის მსხვერპლშეწირვა აგამემნონს და როგორ გამოასალმა სიცოცხლეს ტროადან დაბრუნებული ქმარი. ყველაფერს ამას კლიტემნესტრა ორესტეს სწერს იმ იმედით, რომ ორესტე მოასწრებს წერილის წაკითხვას და თავის “მისიაზე” – შური იძიოს მამის გამო დედაზე – უარს იტყვის, თუმცა წერილი წაუკითხავი რჩება.…

მთარგმნელისგან                

ყოველი სპექტაკლი, როგორც ცნობილია, არის ჯიუტად დაჩემებული “ვთქვათ რომ”.

ვფიქრობ, ამ მონოლოგის წარმოდგენისას ეს “ვთქვათ რომ” განსაკუთრებით გამძაფრებულია და აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

ამიტომ, გთავაზობთ, სცენა სარეპეტიციოდ იყოს მოწყობილი. სცენაზე ცოტაოდენი ნივთი იქნება, ის, რასაც, ჩვეულებრივ, რეპეტიციის დროს ვიყენებთ ხოლმე. სიღრმეში მხოლოდ ერთი კარი იქნება გამოკვეთილი.

სცენაზე გამოდის მსახიობი, რომელიც კლიტემნესტრას ითამაშებს. ხელში ყავა და სიგარეტი უჭირავს, უახლოვდება დიდ ხის სკივრს, რომელსაც მაგიდად იყენებს. მაგიდაზე შანდალი, საფერფლე, ფანქრები, ბევრი დაწერილი, ბევრიც სუფთა, დაკუჭული ფურცელი დევს. იღებს ფურცლებს და თითქოს “განგებ”, არეულად განალაგებს ზოგს მაგიდაზე, ზოგსაც იატაკზე, მაგიდის გვერდით. ანთებს სანთელს, ჯდება სკამზე და აქრობს სიგარეტს. იღებს ერთ დაკუჭულ ფურცელს და იწყებს ნელა, გასაგებად კითხვას, თითქოს უნდა, რომ დაწერილის სისწორეში დარწმუნდეს.

 

ორესტე, ძვირფასო შვილო,

ვიცი, რომ ჩემი დღეები დათვლილია. კანკალმა ამიტანა. ვხედავ, რომ არ მოდიხარ.

მარტო შენი ნახვის სურვილმა, თუნდაც სულ ცოტა ხნით, როდი მიმაჯაჭვა ფანჯარას. ეს შიშია, შიში იმისა, რომ მაშინ მოხვალ, როცა უკვე გვიან იქნება, რომ შეიძლება მხოლოდ სხვებისგან გაიგო ის, რაც მოხდა, და არა ჩემგან. არადა, ვინ შეიძლება ჩემზე უკეთ იცოდეს ჩემს შესახებ? მე ის გავაკეთე, რის წარმოდგენასაც ვერავინ ვერასდროს შეძლებდა, მე იძულებული ვიყავი მომეკლა…

(კითხვას წყვეტს, იღებს ფანქარს და წერს). რა ადვილია მათთვის… (წყვეტს წერას და აგრძელებს საუბარს, სულ უფრო მგრძნობიარედ) დაიჯერო მხოლოდ ის, რასაც თავად გეტყვიან. და რამდენად უფრო ადვილი იქნება, როცა მე ვეღარ შევძლებ ლაპარაკს. ჩემი მდგომარეობა ძალიან რთულია, ორესტე. მე ხომ დედა ვარ თქვენი. არცერთი წამით არ უნდა გაგიელვოს თავში აზრმა, რომ შენს გადმობირებას ვცდილობ. ორივე ჩემი შვილები ხართ, ჩემი ორესტე ხარ! შენი დაც, რაც არ უნდა ქნას, ჩემი ელექტრაა!

სად დადიხარ, ორესტე, რატომ იგვიანებ…? დროზე რომ მოსულიყავი, მოუსწრებდი, შენ დაგიჯერებდა… მოაშორებდი იმ საშინელ ადამიანებს, გარს რომ ეხვევიან და მამამისის სიყვარულს სათავისოდ რომ იყენებენ. იცი, რა უთხრა ერთხელ, ტროაში წასვლის დღეს, ხალხის წინაშე, აბჯარასხმულმა და ცხენზე ამხედრებულმა: “რა დასანანია, კაცი რომ ყოფილიყავი, შენ დაგტოვებდი მიკენის მმართველადო…” იმ წამიდან გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, დაემტკიცებინა, რომ ხელთ ეწიფება ამის გაკეთება! ეგისთოსი ჯერ ნანახიც კი არ ჰყავდა და უკვე შეიძულა… შენი თავი გაატაცებინა ფოკიდაში, ამბობდა, რომ მე და ეგისთოსს შენი განადგურება გვქონდა განზრახული…  ქუჩა-ქუჩა დარბის, შურისძიებაზე ლაპარაკობს, ჩემზე ამბობს, რომ გახრწნილი ვარ, ძალაუფლებაზე გადარეული, მოძალადე და სისხლისმსმელი…

ჩემი თავი არ მადარდებს, ორესტე. ჩემ გამო არ გთხოვ დროზე ჩამოსვლას. ელექტრაზე ვღელავ. ვიცი, რას ნიშნავს, ხელები სისხლით გქონდეს გასვრილი, მე ხომ ესეც გამოვცადე ჩემს ცხოვრებაში. თუ საკუთარი დედის სისხლით გაისვრის ხელებს, სამუდამოდ გაინადგურებს სულს (თითქოს რაღაც ხმაური მოესმის. ღელავს, სანთელს აქრობს, კარისკენ ბრუნდება. არაფერი ისმის. აღელვებისგან აქოშინებული სანთელს ანთებს და აგრძელებს). მხოლოდ ამის გამო მაშინებს ყოველი გაფაჩუნება გარეთ, ჩემ გამო კი არ ვშიშობ. სამჯერ ვთხოვე მოსულიყო, გველაპარაკა. არ მოვიდა. მივწერე. გაუხსნელი წერილი უკან გამომიგზავნა. ახლა ვთხოვ, ვინმე სხვამ მომკლას, ოღონდ თვითონ არა. ამ წერილს ამაღამ დავასრულებ. სამი საათისთვის შენი ძიძა მოვა და ჩუმად ფანჯრიდან მივაწოდებ, ან ფეხის საწმენდის ქვეშ დავმალავ, იქ იპოვის…

ჯერ კიდევ სავსე ვარ სიყვარულით, ორესტე. არ არის სწორი, საკუთარ სიცოცხლეზე არ ვღელავდე. თქვენ მიყვარხართ, ეგისთოსი მიყვარს, მინდა ვიცოცხლო, რომ მიყვარდეთ, მაგრამ თავს არ მანებებენ. თუმცა როდის ვიყავი ჩემი ცხოვრების ბატონ-პატრონი? ჩემს ცხოვრებას მაშინ გამოვემშვიდობე, როდესაც მიკენში პირველად დავდგი ფეხი, მაგრამ ეს არავინ იცის, არ მინდოდა, ვინმე რაიმეს მიმხვდარიყო, ჩემი საბედისწერო საიდუმლო იყო. ახლა მშვენივრად ვხვდები, რომ დასასრული დადგა. ამას მაშინვე მივხვდი, როდესაც მამაშენი ტროადან დაბრუნდა, უცვლელი, ზუსტად ისეთი, როგორიც წავიდა. ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მომპარა, დედობაც კი!

სად ხარ, ორესტე? რატომ უნდა გწერდე, იმის მაგივრად, რომ  გელაპარაკებოდე? შვიდი კაცი გავგზავნე შენს მოსაძებნად. სად წახვედი? (ცდილობს მოაწესრიგოს სკივრზე გაფანტული ფურცლები).

მაგრამ უნდა მოგწერო, თანაც უნდა ვიჩქარო. ეს კი არც ისე ადვილი ყოფილა… ვლაპარაკობ, ვლაპარაკობ და ჯერ კიდევ არაფერი მითქვამს შენთვის. რაღაცეებს ვბოდავ, იმის მაგივრად, რომ ფაქტებით გელაპარაკო. ახლა ასე ვიზამ, გპირდები. ოღონდ გთხოვ, ჩემო ბიჭო, დაფიქრდი, ვიდრე წაიკითხავდე – არა იმიტომ, რომ შეგეცოდო, არამედ რომ სწორად განსაჯო – დაფიქრდი, რომ ამას გწერს ის, ვინც ეგოიზმის, ამაოების მიღმაა. დღეს განსაკუთრებულად შორს ვგრძნობ თავს, ვფიქრობ ყველაფერზე რაც მოხდა და ვერ ვხვდები, როგორ დაიტია ამდენი  ერთი ადამიანის სიცოცხლემ…

(ისევ იღებს ფანქარს და წერს, ყველა სიტყვას გასაგებად გამოთქვამს). მამაშენი მე არ ამირჩევია ქმრად, ორესტე (ისევ დებს ფანქარს). ქალებს მხოლოდ საქორწილო კაბის არჩევის უფლებას გვაძლევენ. ჩემი თავი უბრალოდ უბოძეს აგამემნონს. და რადგან ის ჩემი ქმარი უნდა ყოფილიყო, ჩემი მოკლე ჭკუით ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ერთმანეთი გვყვარებოდა, რომ ჩვენი სახლი ლამაზი და მხიარული ყოფილიყო, მინდოდა მისით მეამაყა. მაგრამ მამაშენი ვერაგი კაცი იყო, ეგოიზმში ჩაფლული. რაც არ უნდა გამეკეთებინა, მისგან ერთ ტკბილ სიტყვას ვერ ვეღირსებოდი. ისე მიყურებდა, თითქოს მისი ვალი მქონდა და ახლა ვუბრუნებდი. როდესაც რამე ისე არ კეთდებოდა, როგორც თავად სურდა, სულ რომ შეუძლებელი ყოფილიყო ამის გაკეთება, ჭკუას კარგავდა, გიჟდებოდა, ეჭვობდა, რომ ამ გზით მის დამცირებას ცდილობდნენ. როდესაც პირველი გოგო გვეყოლა და არა ბიჭი, როგორც ამას ელოდა, მიკენიდან წავიდა, რომ ბავშვისთვის არ ეცქირა და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაბრუნდა. ბაღში შემთხვევით გადავაწყდით ერთმანეთს. ხელში ბავშვი მეჭირა. მოგვიახლოვდა, შეხედა, თითქოს რაღაც უცნაურობასთან ჰქონდა საქმე და თქვა: “იმედები გამიცრუეთ, შენც და ამანაც”…

ასე დაიწყო ელექტრას ცხოვრება. როცა გაიზარდა, ერთადერთი, რაც მისგან ესმოდა, იყო, რომ “როგორ ეყვარებოდა, ბიჭი რომ ყოფილიყო”. ელექტრა მუდამ ფეხდაფეხ დასდევდა, მუდარით შესცქეროდა, ოცნებობდა, ხელში აეყვანა და გულში ჩაეკრა. ის კი, ვითომც არაფერი… მას სიამოვნებასაც კი გვრიდა, ჩემი შვილი მის სიყვარულს რომ მათხოვრობდა, ბავშვს რომ აგდებდა და მომტირალს კარს უკან დამალულს რომ ხედავდა. ასე, ნელ-ნელა მის ბავშვურ ტვინში მომწიფდა აზრი, რომ მე ვიყავი დამნაშავე, გოგოდ რომ გაჩნდა. თავს მარიდებდა. მერე თითქოს გამომცდელად მიყურებდა, უნდოდა დაედგინა ვინ ვიყავი, რა ვიყავი. ხელში აყვანას და მოფერებას რომ ვცდილობდი, შეშინებული გამირბოდა, თითქოს მის ცემას ვაპირებდიო. და როდესაც მე ჩემი სიყვარულის გამო მას დღითი დღე ვკარგავდი, ის მისი ზიზღით მის გულს იგებდა. ბოლოს ორივეს ვნებად ექცა, მამას ზიზღი გამოეხატა ქალიშვილის მიმართ, ქალიშვილს კი სიყვარულით ეპასუხა. თავს ისე მარტოდ ვგრძნობდი, ისე უცხოდ…

მამაშენი, და ამაში სულაც არ ვამტყუნებ, ბიჭის ყოლის სურვილით ისევ მოვიდა ჩემთან. ცხრა თვის განმავლობაში, ვიდრე ფეხმძიმედ ვიყავი, ვოცნებობდი, ბიჭი მყოლოდა. როდესაც ისევ გოგო გაჩნდა, დავწყევლე ის წუთი, როდესაც ჩემში მისი თესლი ჩაისახა. დედა ვარ და ასე არ უნდა ვცოდავდე. მწარედ ვინანე, ვტიროდი და დღემდე ვტირი. თან დამნაშავედაც ვგრძნობ თავს, ორესტე. შეიძლება იფიგენიას უბედურება ჩემი მაშინდელი წყევლის შედეგიც იყო. ვინ იცის…

სახლში ყოფა აუტანელი გახდა. მამაშენმა საერთოდ მიგვატოვა. მისი ხმა რომ არ გამეგო ხოლმე გარედან, ვერც მივხვდებოდი, იქ რომ იყო. ალბათ ფიქრობდა, თავიდან მოვეცილებინე, სხვა ქალი შეერთო – ნეტა მართლა ასე მოქცეულიყო. სამწუხაროდ ამის გაკეთება ვერ გაბედა, ალბათ იმიტომ, რომ კარგად იცოდა, ჩემს ოჯახთან კავშირის გაწყვეტა მის პოზიციებს შეასუსტებდა. ჩემო ორესტე, გოგოები თხოვდებიან იმიტომ, რომ უყვარდეთ და თავადაც ყვარობდნენ, რომ ერთგული მეგობრები და დედები იყვნენ. კაცები ქორწინდებიან იმიტომ, რომ მბრძანებლობდნენ…

იფიგენია სრულ მარტოობაში გავზარდე. ელექტრაც კი, მამამისის მიბაძვით, არ ნახულობდა დას. ერთხელ მარტო მოიგულა ბავშვი ეზოში და პირი ქვიშით გაუვსო. ძიძას ბეწვზე რომ არ მიესწრო, დამხრჩვალს ვიპოვიდით…

ორესტე, ძვირფასო, სწორად გამიგე, რასაც ელექტრაზე გეუბნები. არ იფიქრო, რომ მის ურჩხულად გამოყვანას ვცდილობ. ჩვენი უბედურება ის არის, რომ არცერთი არ დავბადებულვართ ურჩხულად, მაგრამ საშინელ საქმეებს ჩავდივართ. მინდა შეიგნო, რომ მის გამო მარტო იფიგენია არ დამიკარგავს, ელექტრაც დავკარგე. ისე გააკეთა, რომ გოგოს რცხვენოდა გოგო რომ იყო, შეაზიზღა საკუთარი თავიც და მეც. იცი, ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია იფიგენიას მსხვერპლად შეწირვის გამო… ალბათ, იმიტომ, რომ არ ეფიქრათ, მამის წინააღმდეგიაო… არც ახლა დაისახავდა მიზნად ჩემს მოკვლას, კაცი რომ ყოფილიყო. საკუთარი მდედრობითი სქესის გამო უნდა შურისძიება და არა მამამისის გამო…

(ისევ ეჩვენება, რომ კარის მხრიდან რაღაც ხმაური მოესმა. კარს უახლოვდება, შეცბუნებულია, მოგუდული ხმით ამბობს).

ორესტე… ორესტე…?

(რწმუნდება, რომ იქ არავინაა. ტრიალდება და მიდის იქითკენ, სადაც სავარაუდოდ ფანჯარაა. თან ლაპარაკობს).

ღმერთო ჩემო, რა იქნება, კარი გაიღოს და შემოხვიდე, მიუსწრო, არ დაუშვას შეცდომა, უთხრა, რომ შენ ამას არასდროს ჩაიდენდი, არასდროს… რა სილამაზეა გარეთ, რამხელა მთვარეა… ეგისთოსთან ერთად ყურძნის მოსაპარად წავედი… შარშან იყო?

(სწრაფად ბრუნდება მაგიდასთან და კითხულობს).

მერე შენი დროც მოვიდა, ორესტე. ახ, პატარავ, არ უნდა გიყვებოდე ამას, მაგრამ უნდა იცოდე, უნდა იცოდე, როგორ მოხდა ყველაფერი… მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის… მაგრამ ამჯერად არ ახსოვდა არც ვინ იყო და არც ვისთან იყო. ძილში ვიგრძენი, როგორ ამომაცოცდა, ვიღაც ხარიტულას სახელს მეძახდა და უწმაწურ სიტყვებს მეუბნებოდა. პირი უყარდა ღვინის, საჭმლის სუნით, კინაღამ გული ამერია. ხელი ვკარი, მინდოდა თავი დამეღწია, მაგრამ დამიჭირა. საშინელ სიბინძურეებს მეუბნებოდა და თან მცემდა. ლოგინზე დამაგდო და ზემოდან ლოდივით დამაწვა. ფრჩხილებით კისერში ვწვდი, ძალა რომ მქონოდა, დავახრჩობდი. გაცოფდა. ისე მაგრად დამარტყა, რომ გონება დავკარგე. როცა გონს მოვედი, წასული დამხვდა, თუმცა მანამდე გამაუპატიურა, თანაც მე კი არა, ვიღაც ხარიტულა. ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა იყო. ჩემი ქორწინების უკანასკნელ მოგონებად მისი ოფლის მყრალი სუნი დამრჩა. მეორე დღეს მივედი და მოვუყევი, რაც მოხდა. უნდა სცოდნოდა, რადგან ფეხმძიმედ რომ დავრჩენილიყავი, შეიძლებოდა ეთქვა, რომ მისგან არ ვიყავი ორსულად. მითხრა, რომ გაითვალისწინებდა.

ასე უცნაურად მოევლინე ამ სამყაროს, ჩემო შვილო, ჩემო ერთადერთო სიხარულო. რა უცნაურია ცხოვრება. აი, ახლაც, გეუბნები “ჩემო ერთადერთო სიხარულო-მეთქი” და თან ისეთ რამეს ვაკეთებ, რასაც არცერთი სხვა დედა არ გაუკეთებდა საკუთარ შვილს. ამდენი საშინელებებით, ახლა რომ გითხარი, შეიძლება სამუდამოდ მოგიწამლო შენი ბავშვური სული. ყველაფერი სასწორზე დავდე, და შესაძლოა წავაგო კიდეც, ისიც შეიზიზღო და მეც. მაგრამ სასოწარკვეთილებაში ვარ. თავის დასაცავად სხვა გზა აღარ მაქვს, ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ შენც არ დაგკარგო. შენც დაგკარგავ, ჩემო ორესტე, თუ სიმართლე არ გითხარი, თუ არ გეცოდინება, როგორ გაჩნდი, რა გაიღო მან, რა გავეცი მე. შენ ჩემი სისხლი ხარ, ჩემი რძე, ჩემი ტკივილი, ჩემი სიხარული, ღამისთევა, იავნანა, ზეცის შეხება…

არ უნდა ვამბობდე ყველაფერ ამას, არც ვიტყოდი, რომ არ წაერთმია ჩემთვის ყველაფერი მის მამაკაცურ ეგოიზმს. და არა მხოლოდ მისას! იცი, რას ამბობდა ხალხი, ეგისთოსი რომ მიკენში მოვიწვიე? “აგამემნონის შვილს უშველეთ, ორესტე წაართვით, ეს მეგერა ბავშვს მოკლავსო”.

“აგამემნონის შვილს”. და წამართვეს კიდეც შენი თავი… ელექტრას წინამძღოლობით… რომ არ მომეკალი… მეც მაქვს ჩემი წილი პასუხისმგებლობა, ორესტე, მეც დავუშვი შეცდომები. გვიან მივხვდი, რომ სიმართლის დამალვა სისულელე იყო. ასე არასდროს ქნა. ზოგჯერ ვფიქრობთ ხოლმე, თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ, ყველაფერი თავისით გადაივლის… რა შეცდომაა! რომ მცოდნოდა, რომ არ უნდა მეთამაშა სხვების წინაშე ბედნიერი დედა და ცოლი, რადგან არ მინდოდა წამხდარიყო ჩემი ქმარი, მმართველი, მთელი ოჯახი მათ თვალში, რომ მყოფნოდა სიმამაცე მიმეტოვებინა, ახლა არ ვიქნებოდით ერთმანეთის სისხლში გასვრილი ოჯახი. ვერ ვხვდებოდი, რა შედეგი ექნებოდა  სიმართლის დამალვას. ამიტომაც ახლა ყველაფერს გეუბნები, ჩემო ბიჭო, მწარე სიმართლესაც კი! მაპატიე… მაგრამ ისევ თუ გავჩუმდი, მემკვიდრეობად სიჩუმეს დაგიტოვებ, გველებს რომ კვებავს…

ღამით დაიბადე…! იმ ღამეს წვიმდა და ყველა ამბობდა, იღბლიანი ბავშვი იქნებაო… ბიჭის გაჩენით გაბედნიერებული ოდნავ შეიცვალა, მეც უფრო ადამიანურად მექცეოდა. როდესაც შენი ნახვა უნდოდა ხოლმე, ბრძანებდა, მე მიმეყვანე მის ოთახში. როდესაც თავად მოდიოდა ჩვენთან, აკვანთან იხრებოდა და ამბობდა: “ყოჩაღ, მოახერხე როგორც იქნა”. ჩემთვის ასე ნათქვამი სიტყვებიც საკმარისი იყო, ბედნიერად რომ მეგრძნო თავი. იმითაც კი კმაყოფილი ვიყავი, რომ თუნდაც ერთი შვილისთვის იქნებოდა კარგი მამა.

შენს დებს უკვე გაკვეთილები დასწყებოდათ, ელექტრას ხო მასწავლებლები ჭკუიდან გადაჰყავდა. ერთ დღეში სწავლობდა იმას, რასაც სხვა ბავშვები ათ დღეს ანდომებდნენ. ახალ კარიბჭეს რომ დგამდნენ, მიდიოდა ხოლმე, საათობით უყურებდა ხელოსნებს, იარაღებს სთხოვდა, რომ თავადაც გამოეჭრა რაიმე ხიდან. ბოლოს მისცეს კიდეც. ერთხელ ლერწმისგან მზის საათი გააკეთა. ჯერ ათი წლისაც არ იყო. ხო… იფიგენია, მართალია სამი წლით უმცროსი იყო, მაგრამ მხოლოდ მუსიკაში იყო კარგი. ორივეს სიგიჟემდე უყვარდი, ორესტე. მაგრამ ელექტრას მაინც რაღაც სხვაგვარი გრძნობა ჰქონდა შენ მიმართ. როგორც კი ოდნავ წამოიზარდე, ხელს ჩაგკიდებდა და მამასთან მიჰყავდი, ერთად რომ დაენახეთ. თითქოს უნდოდა ეთქვა “აი, ახლა ბიჭიც გყავს, ნუღარ ბრაზობ, მე რომ გოგო ვარ”. ეჭვი მეპარება, მამაშენი როდესმე ამას მიმხვდარიყო… მაშინ რამდენიმე მშვიდი წელი გავატარეთ, ალბათ საუკეთესო, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე.

ხუთი წელი რომ შეგისრულდა – გახსოვს? – გადაწყვიტა, თავად ეზრუნა შენს აღზრდაზე. თქვა, რომ თავად უნდა ესწავლებინა საკუთარი ვაჟისთვის. თუმცა ჩემზე კარგად იცი, რომ არც თუ ისე ბევრი დრო დახარჯა შენს აღზრდაზე. მხოლოდ მითითებებს აძლევდა შენს პედაგოგებს. შენ კი მათ ეპარებოდი, ჩემო ბიჭუნა, და ჩემთან მოდიოდი, რომ გეთქვა, რომ მუცელი გტკივა და გაკვეთილები გაგეცდინა, ან ჩამომძვრალი კბილი მოგქონდა, ერთად რომ გადაგვეგდო თაგვისთვის… მართალია, იფიგენიაც მყავდა… ჩემო ორესტე, ყველა ერთნაირად მიყვარხართ, მაგრამ ისე მოხდა, რომ მხოლოდ იფიგენიასთან ვიგრძენი, რას ნიშნავს გყავდეს შვილი. იფიგენია! რა ტკბილი იყო, რა ლამაზი და რა მატყუარა, ღმერთო ჩემო… რას არ მოიგონებდა ჩემს გასამხიარულებლად…

მერე ომი დაიწყო. მიზეზი მიეცათ თუ არა, იმ წამსვე ომი წამოიწყეს. ამ ომის უაზრობაზე და უსამართლობაზე ახლა მარტო მე აღარ ვლაპარაკობ, ამაზე პირველ რიგში ის უბედურება მეტყველებს, თავად ომის მსურველებს რომ დაატყდათ თავს… იმედი მქონდა, რომ ომიდან სხვა კაცი დაბრუნდებოდა, რომ მათთვის, ვინც გადარჩა, ტროა კარგი გაკვეთილი იქნებოდა. სასტიკად მოვტყუვდი. აგამემნონი გამარჯვებული კაცივით დაბრუნდა შინ. ათი წლის მანძილზე ვერაფერს მიხვდა.

თავიდან ვიფიქრე, “ეგებ თამაშობს გამარჯვებულს? ეგებ დახმარება სჭირდება შეცდომების და ილუზიების გამოქვაბულიდან გამოსასვლელად?” მაგრამ როდესაც გავბედე და მოკრძალებით ვკითხე, თუ ღირდა ამდენ მსხვერპლად ეს ომი, გაცოფდა, დამიღრიალა, რომ მიკრძალავს ამ თემაზე ლაპარაკს, რომ “ასეთ საკითხებში ქალი არ უნდა ერეოდეს”. გესმის, ორესტე? ამიკრძალა მქონდეს ჩემი აზრი ომზე, რომელსაც იფიგენია შეეწირა. თანაც რაც უფრო გიკრძალავენ რაიმეს, მით უფრო მძაფრდება შენი ინტერესიც… ადრე ამგვარ რაღაცეებზე არც ვფიქრობდი. თავად მაიძულა. კიდევ ბევრი რამის მოყოლა შემიძლია ამ ომზე. ისეთმა ისტერიამ მოიცვა მაშინ ყველა, რომ არგოსის უკანასკნელი მათხოვარიც კი ყვიროდა “ტროაში, ტროაში”. გეგონება ტროელებს უნდა დაებრუნებინათ მათთვის ის, რაც თავად არგოსელებმა წაართვეს.

ჩემთვის მაინც ყველაზე შემზარავი სპარტელი დედები იყვნენ, შვილებს რომ მოძღვრავდნენ “ან ფარით, ან ფარზე”… რატომ ერჩივნათ საკუთარი შვილები მკვდრები ენახათ, ვიდრე დამარცხებულები? რომელი მტრის გამო? სად ნახეს მტერი?

მაშინ რომ მცოდნოდა ის, რაც დღეს ვიცი, ვეტყოდი “ქალებო, ეძებეთ მტერი სპარტაში, მე ჩემი მტერი მიკენში ვიპოვე…” ახლა რაღას იტყვიან? არ გეგონოს, ამას იმიტომ გეუბნებოდე, რომ თითქოს მინდა სხვებზე უფრო კეთილშობილი წარმოვდგე შენ წინაშე… არა, ორესტე… ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე არასოდეს არაფერი დამიყენებია ჩემი შვილების სიცოცხლეზე მაღლა. რა კავშირი აქვს ჩემს საშვილოსნოს, ჩემს ჭიპლარს მათ ინტერესებთან ტროაში? ამიტომაც ვერ შევეგუები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იფიგენიას მსხვერპლად შეწირვას, არც მას ვაპატიებ არასდროს, ათასჯერ მკვდარიც რომ იყოს (ფეხზე წამოხტება, პირზე ხელს იფარებს, თავად შეშინებული საკუთარი სიტყვების გამო, ერთი-ორ უაზრო ნაბიჯს დგამს, იჩოქებს მიმოფანტულ ფურცლებს შორის, დაბნეული იღებს ერთ ფურცელს და ამბობს…).

ორესტე, გახსოვს რამე? …დედა ღელავს, როცა სათამაშოდ გასული შვილი სახლში იგვიანებს, ღელავს, როცა შვილს ჯირკვლები უსივდება, როცა სიცხე აქვს… ასეთი უმნიშვნელო რაღაცეების გამო აიტანს ხოლმე კანკალი. ხვდები, რას ნიშნავს, როდესაც შენი შვილი მიჰყავთ… საკმარისია… იფიგენიას გამო ტკივილი აუტანელია… თუმცა სულ სხვა რამის თქმა მინდოდა… (მაგიდასთან მიდის, ქაღალდებს ქექავს, რაღაც ფურცელს ეძებს. პოულობს და კითხულობს). რახან საკუთარი თავის გამო მტკივა, ამიტომ მტკივა სხვების გამოც. მაგრამ კიდევ ერთი მიზეზის გამო, ორესტე, რახან ეგისთოსი გავიცანი… მან მასწავლა, როგორ გავუგო სხვებს.

ეგისთოსთან დაკავშირებითაც უნდა ვთქვა რამე… უამრავ ადამიანს ნახავ არგოსში, ვინც დაგიდასტურებს, რომ მე არ ჩამომიყვანია იგი მიკენში. ხალხმა ისურვა ასე, ორესტე, და ხალხმა ჩამოიყვანა. მაგრამ, რომ არ გეგონოს, რომ თავს ვიმართლებ, თავიდანვე გეტყვი, რომ ყველაზე მეტად მე მეწადა მისი ჩამოსვლა. მას შემდეგ, რაც მამაშენმა ქალაქიდან გააგდო, მოშორებით, პარნონთან განმარტოებით ცხოვრობდა. ვინც კი მას იცნობდა, ყველა ამბობდა, რომ ბრძენი კაცი იყო. როდესაც ჰკითხეს, ამ ომს რა შედეგი ექნებაო, თქვა: “ტროა არგოსის დასასრული იქნება”.

დადგა დრო, ვიღაცას ხმა ამოეღო, სიმართლე ეთქვა. დაუსრულებელმა ომმა ქვეყანა სრულიად გამოფიტა. ვისთვის უნდა მიემართათ არგოსელებს ახლა, როდესაც წყევლიდნენ ომსაც და აგამემნონსაც? ხალხი გავუგზავნე და ვთხოვე, ჩამოსულიყო. მიატოვა მშვიდი ცხოვრება მთაში და მიკენში ჩამოვიდა. მარტო, უიარაღო, მხოლოდ საკუთარი იდეებით, სიმამაცით და დიდი გულით შეიარაღებული. მისი პირველი გადაწყვეტილება იყო აღარ გაგვეშვა ხალხი ტროაში. მისი პირველი განცხადება კი იყო, რომ პარნონში დაბრუნდებოდა, როგორც კი არგოსში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა და ვიდრე შენ, ორესტე, თვრამეტი წელი შეგისრულდებოდა (მაგიდიდან ორივე ხელით იღებს ფურცლების გროვას, დგება… წინისკენ მიემართება… გზადაგზა ხელიდან ფურცლები უცვივა). ჩემო ბიჭო, რთულია ქალისთვის, განსაკუთრებით დედისთვის, ყველაფერი მოუყვეს საკუთარ შვილს, მაგრამ მინდა რომ ყველაფერი ჩემგან იცოდე. იმ წელს, როდესაც ეგისთოსი მიკენში ჩამოვიდა, ოცდათექვსმეტი წლის ვიყავი. მაშინ რომ ვინმეს ჩემთვის ეკითხა, რა არის სიცოცხლეო, ვეტყოდი “სასჯელი, რომელსაც ყველა ატარებს და რომელსაც არავინ ამჟღავნებს, რომ ქვეყნიერების დასაწყისიდან მშობლები არ უმჟღავნებენ შვილებს, შვილები მათ შვილებს, და ეს სასჯელი ფსევდონიმით  სიცოცხლე – გრძელდება”. ასე ვიცოდი, ასე ვამბობდი. ეგისთოსმა სამყარო შემიცვალა. მასწავლა, რომ მართალია ცხოვრება არ არის მუდამ ვარდებით მოფენილი, მაგრამ არც სამუდამო ტანჯვაა, რომ ყოველთვის ბედი კი არ გვექცევა ცუდად… ჩვენც, ადამიანები, ცუდად ვიყენებთ საკუთარ ბედს…

ელექტრამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აქამდე მოვსულიყავით…! ელექტრა, მამის საუკუნო მსხვერპლი.

ერთად დაგეგმეს ის, რაც აგამემნონის ჩამოსვლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. ჩვენც არ დავაკელით. ბევრი ამბობდა, რომ ეგისთოსი მამაშენის ჩამოსვლამდე უნდა წასულიყო. მან თქვა: “ქურდივით რომ წავიდე, მართლები იქნებიან ისინი, ვინც ქურდს დამიძახებსო”. შეუდრეკელი იყო. ისეთი უმანკო სული აქვს, ორესტე. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავდი, შეცდომას უშვებდა, მაინც დავთანხმდი მის გადაწყვეტილებას. კარგად ვიცოდი, როგორი იქნებოდა დასასრული. ის გადარჩებოდა, ვინც პირველი მიიტანდა დარტყმას. გადაწყვეტილებაც მე მივიღე და არა ეგისთოსმა. იძულებული ვიყავი, ეს გამეკეთებინა. სიცოცხლეს დავთმობდი მის გადასარჩენად. მე მოვიხმე იგი მიკენში და მე ვიყავი პასუხისმგებელი მის სიცოცხლეზე. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მისთვის არაფერი მითქვამს. თავად გავაკეთე ყველაფერი ჩემს ერთგულ ხალხთან ერთად. ეგისთოსმა რომ გაიგო, უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. დასრულებული აგამემნონისთვის, მაგრამ არა ჩვენთვის. მიკენში სხვები ყოველთვის უფრო ძლიერები არიან…

(დაბნეული ნელ-ნელა კულისებისკენ მიდის, ფურცლები ხელიდან უცვივა, ძირს იფანტება).

ახლა თავის ოთახშია, იმ ოთახში, ზღვას რომ უყურებს. შეიძლება ჯერაც არ სძინავს, ზის და კითხულობს გვიანობამდე, ჭამაც კი ავიწყდება ხოლმე. სანამ წერილის წერას დავიწყებდი, ცხელი ღვინო, ყველი და თხილი მივუტანე, ასეთი რაღაცეები უყვარს. წერილისთვის ფურცლებიც მას გამოვართვი… ნეტა თუ მეყოფა? ზედმეტია შენთვის ასეთი რამეების წერა, მაგრამ იყოს, ახლა რომ წავშალო, მერე იფიქრებ, ნეტა რა წაშალაო. ან რატომ წავშალო? ხო, ჩემო ბიჭო, მიყვარს ეგისთოსი, რომ გაგეცნო, ყველაფერს მიხვდებოდი… მან მაჩუქა ხელახლა სიცოცხლე, მან დამანახა სინათლე, ხელი რომ არ შეეშალათ მისთვის, მთელ არგოსს ახალ სიცოცხლეს შთაბერავდა და ისე გადმოგცემდა მიკენს. მაგრამ ასე არ მოხდა და აღარც მოხდება. დავიფიცეთ, რომ წვეთი სისხლი აღარ დაიღვრება. მაგრამ ამას მაინც ვერ ავცდით. ახლა ყოველი მხრიდან გარშემორტყმულები ვართ. გამოვემშვიდობეთ ოცნებას, პარნონში მშვიდად გვეცხოვრა. ახლა ველოდებით…

(მაგიდასთან ბრუნდება და წერს. ამასობაში კარი ჩუმად იღება და ელექტრა გამოჩნდება. ელექტრა გზას ორესტეს უთმობს. კლიტემნესტრა ვერაფერს ხედავს. წერას აგრძელებს).

ვამთავრებ, ორესტე, რაც სათქმელი მქონდა, ყველაფერი მოგწერე. თუმცა… ღმერთმანი, არ გაჰყვე შენი ბაბუის და მამაშენის კვალს! გათავისუფლდი, ორესტე. და კიდევ, ჩემო ბიჭო, უშველე ელექტრას, ის არაფერში არ არის დამნაშავე. რაც არ უნდა ქნას, აპატიე. წაუკითხე ჩემი წერილი და აუხსენი, რომ არასდროს, არასდროს…

(ორესტე კლიტემნესტრას უახლოვდა და თითქოს ორივე ხელით დანა უჭირავსო, ჩასარტყმელად ემზადება. მის უკანასკნელ მოძრაობაზე შუქი ქრება).

ფარდა

© “არილი

Facebook Comments Box