ქართველ მწერალთა საფეხბურთო ნაკრები

nakrebi

შემდგენლები: მალხაზ ხარბედია და შადიმან შამანაძე

1. დავით გურამიშვილი, მეკარე.

თხელი, ათლეტური აღნაგობისაა, მაღალია (იხ. მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკება), რაც მთავარია, მაღლად მხედია  – ეს თვისება სიმაღლეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია საჯარიმოში, მეკარის მოედანზე თამაშის დროს -  ფლანგებიდან ჩაწოდებებისას, კარიდან გამოსვლისას და ა.შ. (სხვათა შორის, “მაღლადმხედი” გუნდის კაპიტანმა, შოთა რუსთაველმა შეარქვა და შერჩა კიდეც  მეტსახელად). აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უკრაინაშია ნათამაშები და იქაური გამოცდილება ძალიან გამოადგა. გამორჩეულია ვარჯიშისმოყვარეობით, ახალი ტაქტიკური სქემების შესწავლის წყურვილით. ვარჯიშიც უყვარს და  თეორიული მეცადინეობებიც. შეკრებებზე არც თავს იზოგავს და არც სიზარმაცეში მხილებულ, სწავლის არამძებნელ თანაგუნდელებს პატიობს რაიმეს.

2. დავით კლდიაშვილი, მარცხენა მცველი

მჩატე და სწრაფი ფეხბურთელი მოულოდნელი გარღვევებით და უზუსტესი ჩაწოდებებით. დავით კლდიაშვილი საუკეთესოა საჯარიმო დარტყმებისას, განსაკუთრებით საჯარიმოს კუთხეებიდან მისი ჩაწოდებებია სახიფათო. როდესაც კლდიაშვილი მიდის შეტევაზე, ფლანგის ნახევარმცველები შიგნით იწევენ, ადგილს უთმობენ და ხშირად ეხმარებიან თანაგუნდელს. იგი თავისი ფლანგის ნამდვილი ბატონ–პატრონია.

3. ვაჟა ფშაველა, ცენტრალური მცველი

ყველაზე ნიჭიერი და მრავალმხრივი ფეხბურთელი, ვისაც კი ოდესმე უთამაშია ჩვენი მაისურით, მისგან საუკეთესო გამთამაშებელი დადგებოდა, თუმცა თავად დაცვის ცენტრში თამაში ამჯობინა. არ უყვარს ცუდი ხარისხის მინდორზე თამაში, მხოლოდ იდეალურ ბალახზე თამაშობს. მისი პასები საოცარი სიზუსტით გამოირჩევა. არის შორიდან დარტყმების დიდოსტატი. ძალიან სამართლიანი მოთამაშეა, ამის მიუხედავად (ან შეიძლება ამის გამოც), ჩხუბშიც არაერთხელ ჩართულა.

4. ალექსანდრე ყაზბეგი, ცენტრალური მცველი

დაცვის ბურჯი, მოწინააღმდეგის შეტევების ჩამშლელი. ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მოუღალავია. არ ერიდება ორთაბრძოლებს, ერთ გოჯს არ თმობს, ვერ იტანს უხეშობას და ზოგჯერ პირდაპირ ხელჩართულ ჩხუბზე გადადის. ამიტომ პერსონალურად არავის  უყენებენ ხოლმე. დიდი რისკია. წითელ-ყვითელი ბარათების გამო, ისედაც ხშირად უწევს თამაშების გამოტოვება. ყოველთვის სახიფათოა მეტოქის მოედანზეც, თავურები საჯარიმო ჩაწოდებებზე და კუთხურებისას. უკან სწრაფად ბრუნდება, სულ ცეკვა–ცეკვით.

5. ოთარ ჭილაძე, მარჯვენა მცველი

ოთარ ჭილაძე უნივერსალია, ყველაზე ხშირად მარცხენა მცველად თამაშობს, მაგრამ საყრდენი ნახევარმცველის და გამთამაშებლის ადგილზეც არაერთხელ გვინახავს. მისი პოეტური გარღვევები დაუვიწყარია. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, თავისი ფლანგიდან მრავალსვლიანი კომბინაცია წამოუწყია, ბოლოს ფლანგიდანვე შესულა საჯარიმოში, იქ დარჩენილი მცველებისთვისაც თავბრუ დაუხვევია და ეფექტური გოლიც გაუტანია. მთავარი ნიშანი –  გამძლეობა და სიზუსტე. თითქმის ყველა შეტევასა და კონტრშეტევაში მონაწილეობს. ბურთის დაჭერაც იცის და გრძელი პასების (შეთავაზებების, წინადადებების) უბადლო ოსტატიც გახლავთ.

6. ნიკოლოზ ბარათაშვილი, მარცხენა ნახევარმცველი

ნამდვილი ფრთის მოთამაშე, ჭეშმარიტი უინგერი. ნიკოლოზ ბარათაშვილი ვიტალი დარასელიაა პოეზიაში. მთელი თამაშის მანძილზე სულ მომენტს ელოდება, ძალიან კარგად იხსნება. მისი სისწრაფე, მისი განწირული სულისკვეთება ყოველთვის შიშის ზარს სცემს მოწინააღმდეგეს. მიღებისას მაღალ ბურთზე არასდროს იბრძვის, ყოველთვის ელოდება მცველის შეცდომას, რათა მაშინვე დაიჭიროს ბურთი და მორიგი შეტევა წამოიწყოს და სულაც გოლით დააგვირგვინოს. იგი ყოველთვის არაგვიანია (ბურთზე არასდროს აგვიანებს). თუმცა, თამაშის ბოლოს ხანდახან იღლება და აღმოხდება: „ქართველსა გულმან როგორ გაუძლოს… როგორ იქნება არ განისვენოს?“ მწვრთნელი ყოველთვის ხვდება ამ მომენტს და სასწრაფოდ ამზადებს ცვლილებას.

7. აკაკი წერეთელი, მარჯვენა ნახევარმცველი

ხალხში ძალიან პოპულარულია და ფანების მთელი არმია ჰყავს. თუმცა ხშირად სკანდალებშიც ეხვევა (საფეხბურთოშიც და არასაფეხბურთოშიც). ბოლო დრომდე ყოველთვის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი მოთამაშე იყო, თუმცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილია ჭავჭავაძემ რამდენჯერმე  სპორტული რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა და სათადარიგოთა სკამზე დასვა: ვარჯიშებზე ნასვამი მოდიხარო, ქალებში დაძვრებიო, ვაჟა-ფშაველას ტყუილად უხირდებიო  და როგორც ამბობენ, ბევრი სხვა პრეტენზიაც გამოუთქვამს. ქართველი გულშემატკივრების მხრიდან ამ ფაქტს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა: ფანკლუბებმა  გულმხურვალე საპროტესტო აქციები მოაწყვეს (ძირითადად დასავლეთ საქართველოში), ხოლო დედაქალაქის პუბლიკა შედარებით  მშვიდად შეხვდა მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას.

8. მიხეილ ჯავახიშვილი, საყრდენი ნახევარმცველი

ასეთი მშრომელი და თავდადებული იშვიათია. ჯერ კიდე დამწყებმა ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო, ამის გამო ძირითად შემადგენლობაში საკმაოდ გვიან მოხვდა, თუმცა სულ რამდენიმე წლის მანძილზე უმთავრესი გამარჯვებები მოუტანა ნაკრებს. უნივერსალია, შეუძლია მძიმე დაცვაც ითამაშოს და ჩაშალოს ნებისმიერი შეტევა, თუმცა საოცარ გამომგონებლობასაც ავლენს, ასრულებს წარმოუდგენელ რეიდებს, კარგად ანაწილებს ბურთს, დრიბლინგში ხან ზანტად, ქართლურად უტევს, ათრევს ბურთს, ხანაც დასავლურ–ქართული სიმკვირცხლით.  აქვს მარტოობაში, ვარჯიშებისას დამუშავებული სქემები, რომელსაც მწვრთნელის გარეშეც იყენებს ხოლმე თამაშისას, გადამწყვეტ მომენტებში.

9. გალაკტიონ ტაბიძე, თავდამსხმელი

თავდამსხმელი, რომელიც ყველგანაა, უკანაც ჩამოდის, ნებისმიერ ადგილას იბრძვის ბურთისთვის, არასდროს ელოდება როდის მიუვა ბურთი. აქვს არაჩვეულებრივი ტექნიკა და რაც მთავარია, მოედნის ხედვა. ძალიან სტაბილურია, ყველა სეზონში სხვადასხვანარია, მუდმივად იზრდება. თავიდან მაგ. ვერ თამაშობდა თავით, ბურთის დაჭერაც არ ეხერხებოდა, თუმცა სულ მალე დიდოსტატი გახდა. განსაკუთრებით სახიფათოა აკაკის და გალაკტიონის ტანდემი. აკაკის პასი როგორც წესი ყოველთვის პოულობს გალაკტიონს.

10. შოთა რუსთაველი, ცენტრალური ნახევარმცველი, გამთამაშებელი (გუნდის კაპიტანი)

იგი თავიდანვე ვუნდერკინდი გახლდათ. სულ პატარა ბიჭი იყო უმაღლეს ლიგაში რომ ათამაშებდნენ და მაშინდელ “ლომებს” უკვე კატებსავით უსწორდებოდა. ჯერ ის რად ღირს, იმ შავბნელ აუტსაიდერობის საუკუნეებში, მარტომ ზურგით რომ ათრია მთელი გუნდი. მოედანზე დღესაც ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს, ყველა ბურთი მისკენ მიდის, ყველა პასი მისგან მოდის. თანაგუნდელები სულ თვალებში უყურებენ, გულშემატკივრები ხომ აღმერთებენ და აღმერთებენ. და ყველა ჯერზე უმოწყალოდ წყდებათ ხოლმე გული, როცა მავანი გადამთიელები ყველა დროის საუკეთესოთა შორის შოთა რუსთაველს არ ასახელებენ. იგი ნამდვილი ეპიკოსია თამაშისას, იდეალური დრიბლიორია. მის მიერ შეტევის დაწყებიდან დაგვირგვინებამდე შეიძლება მთელი ცხოვრება დაგიდგეთ თვალწინ (ან მთელი ქვეყნის ცხოვრება). გარდა ამისა, ძალზე ზუსტია საჯარიმოების დარტყმისას, იცის შესანიშნავი თავურები, სწრაფია, ძალზე მოქნილი, მოულოდნელი გადაწყვეტილებების დიდოსტატია და საოცრად მიზანმიმართული.

11. გურამ რჩეულიშვილი, ცენტრალური თავდამსხმელი

გურამ რჩეულიშვილი ყველასგან გამორჩეულია. არავის ჰგავს. მისი მთავარი თვისებებია – სისხარტე, ბურთის არაჩვეულებრივი ალღო, სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. მასთან თამაშისას მცველები ხშირად არღვევენ წესებს, ინიშნება პენალტები, რომელსაც, როგორც წესი, გუნდის უფრო გამოცდილი ფეხბურთელები ურტყამენ ხოლმე. გურამ რჩეულიშვილი თავადაც ფიცხია. ყოფილა შემთხვევები, მეკარისთვისაც გამოუტაცია ბურთი და გოლი გაუტანია.

მწვრთნელები:

ილია ჭავჭავაძე, მთავარი მწვრთნელი

აღიარებული ტაქტიკოსია, თუმცა იმპროვიზაციის დიდოსტატიცაა, არასდროს ენდობა გათვლებს და ციფრებს. ყველაზე მეტად ენდობა თავის ფეხბურთელებს, და რაც მთავარია, ზუსტად იცის მათი მდგომარეობა მოცემული მომენტისთვის. მისი შეცვლები, როგორც წესი, ნაყოფიერია.

სულხან საბა ორბელიანი, მოთამაშე მწვრთნელი

მთავარი მწვრთნელის მარჯვენა ხელი. თამაშობდა კლასიკურ ცენტრალურ ნახევარმცველს, თუმცა დაცვაშიც შეუძლია თამაში და შეტევის ხაზშიც.  ეს ასაკოვანი ვეტერანი გადამწყვეტ მომენტებში გამოდის მოედანზე, როცა გუნდს ყველაზე მეტად უჭირს. სულხან საბა სიტყვის და პასების კონაა. იგი სიტყვითაც ამხნევებს თანაგუნდელებს და უზუსტესი პასებითაც ამარაგებს.

სათადარიგოები:

მეკარე

ჭაბუა ამირეჯიბი – მისი მთავარი თვისებაა საიმედოობა, რეაქცია და რაც მთავარია, გამძლეობა. თამაშის ბოლო წუთებზე ორჯერ გოლიც აქვს გატანილი მეტოქის კარში. არის გრძელი პასის დიდოსტატი, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მისი პასით გაუტანიათ ბურთი თავდამსხმელებს. საუკეთესოა თერთმეტმეტრიანების მოგერიებისას. ერთხელ ილია ჭავჭავაძემ დამატებით დროშიც გამოიყვანა, სპეციალურად თერთმეტმეტრიანებისთვის.

დაცვა

ნიკო ლორთქიფანიძე – მაჯვენა განაპირა მცველი, მოკლე პასების და კედლის გათამაშების დიდოსტატი, გამორბენის გარეშე, ერთი ნაბიჯით ურტყამს ჯარიმებს.

გრიგოლ ორბელიანი – ერთ–ერთი საუკეთესო ქართველი ლიბერო. ცხოვრების მანძილზე ბევრ პოზიციაზე ითამაშა. საყრდენ ნახევარმცველადაც უთამაშია და შეტევაშიც.

კონსტანტინე გამსახურდია ყველაზე არტისტული მცველი, გამოირჩევა თამაშის ექსტრავაგანტული მანერით, გრძელი დიაგონალური და გამჭოლი პასებით. მოედანზე, როგორც წესი, დარბაისლურად დააბიჯებს.

ნახევარდაცვა

ნოდარ დუმბაძე – ფლანგის კლასიკური მოთამაშეა. თამაშის მისეული ხალასი მანერა ყოველთვის განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებს გულშემატკივარს. ხშირად აწუხებს ტრავმები, თუმცა მოუშუშებელი ტრავმითაც არაერთხელ უთამაშია.

პოლიკარპე კაკაბაძე – ფლანგებზე სწრაფი და ლამაზი გარღვევების სწორუპოვარი სპეციალისტია. ორივე ფეხით თანაბრად თამაშობს, ამიტომ ორივე ფლანგიდან თანაბარი წარმატებით უტევს. მისი საფირმო ილეთებია – მკვეთრი მოძრაობით უკან შემობრუნება და გრძელი პასით  ფრთიდან ფრთაზე ბურთის გადატანა,  შეტევის მიმართულების ხშირი ცვლა, თამაშის სიუჟეტის ჩახლართვა და მოწინააღმდეგის კარებთან არეულობების შექმნა.

დანიელ ჭონქაძე – შემტევი ნახევარმცველი. ეს ტფილისელი მეზღაპრე ფინტების დიდოსტატია, იმდენად კარგად შეუძლია ამბების ხლართვა, რომ ნებისმიერ მცველს დააბნევს. მარტოს არაერთხელ წამოუწყია მრავალსვლიანი კომბინაციები, რომელიც შემდეგ თავადვე დაუგვირგვინებია.

თავდასხმა

გოგლა ლეონიძე – მუდამ წონის პრობლემა აქვს და მწვრთნელს მხოლოდ შეცვლაზე შემოჰყავს, თუმცა თითქმის ყოველთვის გააქვს გოლი (გაიხსენეთ 1987–88 წლების რამაზ შენგელია). ბევრის აზრით ფორმა სტალინურმა პრემიებმაც დააკარგვინა.

შოთა ჩანტლაძე – კლასიკური 9 ნომერი, ძალიან სწრაფი თავდამსხმელი მოულოდნელი გამონათებებით. არასტაბილურია, თუმცა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გოლები აქვს გატანილი. მოკლე პასის დიდოსტატი. რამდენიმეჯერ დაუვიწყარი გრძელი დრიბლინგებიც აქვს შესრულებული, რომელიც ეფექტური გოლით დააგვირგვინა.

გრიგოლ რობაქიძე – განთქმულია ფინტებით, ხშირად აგვიანებს კარში დარტყმას ან საგოლე პასს, თუმცა დამატებით დროში ძალიან ეფექტურია. მწვრთნელს ყველაზე ხშირად სწორად მოგების შესანარუნებლად გამოჰყავს ხოლმე.

გუნდის ექიმი: იაკობ გოგებაშვილი.

გუნდის დირექტორი: ნიკო ნიკოლაძე.

გუნდის ფანკლუბის თავმჯდომარეები: იოანე ზოსიმე და საიათნოვა.

© “არილი