ესე,  პორტრეტი

მზია ბაქრაძე – რემონ კარტიე საქართველოში

tbilisi sabchota 232

1959 წლის ერთ სუსხიან ზამთარში ცნობილი ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალის „Paris-Match“-ის გენერალურმა დირექტორმა რემონ კარტიემ ორი თვე იმოგზაურა საბჭოთა კავშირში და 25 000კმ. მოიარა. „იგი იყო რუსეთში, უკრაინაში, ვოლგის სტეპებში, კავკასიის რესპუბლიკებში – საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ცენტრალურ აზიაში, ციმბირში და სხვა. მან დაათვალიერა 12 დიდი ქალაქი: მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი, სტალინგრადი, თბილისი, ერევანი, ბაქო, ტაშკენტი, სამარყანდი, ირკუტსკი. მან დაათვალიერა 12-ოდე დიდი ინდუსტრიული საწარმო: რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, კონიაკის ქარხანა საქართველოში, ფოლადჩამომსხმელი უშველებელი ქარხანა დონბასში და ბევრი სხვა.

სსრკ-ში მან მანქანით მოიარა ბევრი რაიონის დიდი ქალაქები და სოფლები, სადაც განცვიფრებული მოსახლეობა მისი მანქანის გარშემო იკრიბებოდა, რადგან პირველად ხედავდა ნამდვილ, ცოცხალ უცხოელს და უცხოურ მანქანას. „ვესაუბრეთ რამდენიმე ათეულ საბჭოთა მოქალაქეს, ცნობილ მეცნიერებს: ბიოლოგ ოპარინს და ოკეანოგრაფ სენკევიჩს, მუშებს, კოლმეურნეებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს და მეცნიერებს“ – ამბობს კარტიე სააფრანგეთში დაბრუნების შემდეგ გამოქვეყნებულ სტატიების შესავალში.

X    X    X

რემონ კარტიემ თავის ჟურნალში, “Paris-Match”-ის მეექვსე ნომერში გამოაქვეყნა ექვსი წერილი, რომლებშიც სსრკ-ში თავისი ორთვიანი მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებს მკითხველს.

რემონ კარტიეს მეექვსე წერილი მიეძღვნა საქართველოში მისი 4-დღიანი ვიზიტის დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს.

X     X     X

სსრკ-ში ლღვობის პერიოდი დაიწყო, ამ პერიოდიდან სსრკ-ის საზღვრები ნელ-ნელა გაიხსნა და შედარებით გაადვილდა ტურისტული მოგზაურობა, მასწავლებლების, ასპირანტების, სტუდენტების მივლინებები და სტაჟირება კაპიტალისტურ ქვეყნებში. თბილისის უცხო ენების ინსტიტუტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებელი – დოცენტი პირველად 1958 წელს გაემგზავრა საფრანგეთში თვენახევრით. შემდეგ წელს 3-თვიანი სტაჟირება იყო, ხოლო 1960 წელს უკვე ერთწლიანი მივლინების საშუალება მიეცა საქართველოს.

X        X         X

სწორედ 1960 წელს, უცხო ენების ინსტიტუტმა, სადაც მე ვმუშაობდი,[1] საფრანგეთში, სორბონის უნივერსიტეტში ერთწლიან სტაჟირებაზე წარმადგინა, მაგრამ ცენტრმა – მოსკოვმა იმ წელს საქართველოს არც ერთი ადგილი არ არგუნა. ტყუილად შევავსე წარმოუდგენელი რაოდენობის ანკეტები. 1961 წელს კი გამიმართლა; მართალია, ხელმეორედ მომიხდა თითქმის იმავე რაოდენობის ქაღალდების შევსება, მაგრამ ამჯერად იღბლიანად და როგორც იქნა საქართველოდან სამ ადამიანს ბედი ეწია, ერთი წლით გამგზავრებულიყო საფრანგეთში. პირადად მე სორბონის უნივერსიტეტში წავედი.

პარიზში ჩასვლის მეორე დღეს 14 სტაჟიორი გამოვცხადდით სსრკ-ის საელჩოში, განყოფილების უფროსთან, ვინმე ვლოვინთან, რომელსაც ჩვენი ჯგუფის კურატორობა ჰქონდა დავალებული. ერთი შეხედვით სიმპატიური ჩანდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ შეზღუდული და,მგონი, მშიშარაც იყო. როგორც შემდგომ მივხვდით, ჩვენ შეკითხვებსა თუ თხოვნებზე, თვითონ ვერაფერს წყვეტდა, ეტყობა, უფრო მაღლა მდგომ, ან უფრო „კომპეტენტურ“ თანამშრომლებს ეკითხებოდა და პასუხს რამდენიმე დღის შემდეგ გვაძლევდა.

ჩვენს პირველ შეხვედრაზე მან „ლექცია“ ჩაგვიტარა როგორ უნდა მოვქცეულიყავით საფრანგეთში ყოფნისას. თუ ნაცნობი ფრანგები გვყავდა და მათთან შეხვედრა გვინდოდა, ნებართვა მისგან უნდა აგვეღო. ემიგრანტებთან და განსაკუთრებით ქართველებთან (ეს ხაზგასმით იყო ნათქვამი) აკრძალული გვქონდა რაიმე კონტაქტი ან მისგან სპეციალური ნებართვა უნდა აგვეღო მთელი რიგი ახსნა-განმარტებების მოშველიებით.

მიუხედავად გამოცდილი ადამიანების, ნაცნობების და გოქსის თანამშრომლების არაერთი რჩევა-დარიგებისა, ფრთხილად ვყოფილიყავი საერთოდ და განსაკუთრებით საელჩოს თანამშრომლებთან, მე ეტყობა, მაინც თავიდანვე შეცდომა დავუშვი!

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, გოქსში 7 წლის მუშაობის პერიოდში ბევრი უცხოელი გავიცანი, ძირითადად ფრანგები, როგორც ცალკეული პირები, ასევე დელეგაციების წევრები. დიდ უმრავლესობასთან მუშაობა ძალიან საინტერესო, სახალისო იყო და ბევრს დავუახლოვდი კიდეც. თითქმის ყველა მეპატიჟებოდა თავისთან, თუკი ერთ დღეს საფრანგეთში ჩავიდოდი.

მე ჩამოვწერე იმ ფრანგი ნაცნობების სია, ვისთანაც შეხვედრა მსურდა და ერთი ქართველი ოჯახიც[2] მივაწერე ბოლოში. სიაში 30-ოდე ფრანგი ნაცნობის გვარები მეწერა. დიდი ყოყმანის შემდეგ სიას დაუმატე განთქმული ფრანგი ჟურნალისტის სახელი და გვარი რემონ კარტიე. მისი გვარის შემდეგ კი ორი თუ სამი დიდი კითხვის ნიშანი დავსვი, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ვიცოდი ვინ იყო – ჟურნალისტი, რომელსაც სსრკ გულზე არ ეხატა, მეტიც, არ უყვარდა, მეტი რომ არ ვთქვა.

ვდოვინთან პირველ შეხვედრისას სტაჟორებს ბევრი საკითხი ჰქონდათ დასაზუსტებელი და მოსაგვარებელი: ზოგს საერთო საცხოვრებელთან, ზოგს სტიპენდიასთან დაკავშირებით და ბევრი კიდევ სხვა.

მე ვდოვინს შევეკითხე, საელჩოში თუ იყო ბიბლიოთეკა. მან მიპასუხა, რომ ბიბლიოთეკა ჰქონდათ და დაინტერესდა რა მჭირდებოდა. ვუპასუხე, რომ მინდოდა წამეკითხა რემონ კარტიეს სტატიები ჟურნალში “Paris-Match”, რადგან ის საქართველოშიც იყო და მასთან 4 დღე ვიმუშავე. ისიც გავიგე, რომ სსრკ-ში თავისი მოგზაურობის შესახებ მას რამდენიმე წერილიც გამოუქვეყნებია და მაინტერესებდა რა დაწერა-მეთქი.

სწორედ აქ დავუშვი გამოუსწორებელი, „საბედისწერო“ შეცდომა. პირველი ის, რომ სორბონის და საჯარო ბიბლიოთეკებში ისედაც უნდა ჩავწერილიყავი და სულაც არ მჭირდებოდა საელჩოს ბიბლიოთეკა, მეორე – საქმე ეხებოდა ცნობილ ფრანგ ჟურნალისტს, რომელსაც სსრკ არ უყვარდა და თავისი 2-თვიანი მოგზაურობის შემდეგ კრიტიკული წერილები გამოაქვეყნა ყველაფერზე საქართველოს გარდა, და მესამე, კარტიეს წერილების საფრანგეთში გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ, საბჭოურ გაზეთში – „Правда“ იყო თუ „Известия“, არ მახსოვს, დაიბეჭდა საპასუხო წერილი სათაურით „Ложь и Клевета Рамона Картие“. იმის შიშით, რომ საქართველოც მოხვედრილი იქნებოდა ამ კრიტიკის ქარცეცხლში, სტატია რამდენჯერმე გულდასმით წავიკითხე. მაგრამ მოხდა „უარესი“, სსრკ-ზე გამოქვეყნებულ 6 წერილში მხოლოდ საქართველო იყო კარგად მოხსენებული, რის შესახებაც ქვემოთ გიამბობთ.

ახლა კი ისევ ვდოვინს უნდა დაუბრუნდე. ვახსენე თუ არა რემონ კარტიე, შევამჩნიე, რომ სახე ეცვალა, დაიძაბა და უცებ მკვახედ და აგრესიულად მომახალა: „И что Вы такое с ним сделали, что он охаивает весь Советский Союз и хвалит только Грузию“.

შეტევა ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ცოტა დავიბენი, მაგრამ მაშინ თამამი ვიყავი და წყნარად ვუპასუხე: „Ничего особенного. Я с ним и с его супругой работала также как со всеми делегациями, с дружескими или с недругами: Ему видно понравилась Грузия, погода была замечательная, весеняя, все кого он встречал хорошо говорили по французский; его всреча с экономистами и с юристами была острая, интересная на высоком научном уровне.

Ему очень понравились грузинские народные песни, помятники старины, музей, люди; наверно поэтому Грузия ему так понравилась».

ვდოვინის რისხვას კარგი შედეგი რომ არ მოჰყვებოდა, ნათელია. ამ ინცინდენტის შემდეგ, როცა რამდენჯერმე ჩავაყენე საქმის კურსში, რომ ქალაქგარეთ ან ნაცნობ ფრანგის ოჯახში ვიყავი დაპატიჟებული, მესამე თუ მეოთხე თხოვნაზე, გაღიზიანებით შემომიტია:[3] «Вы что приехали учится или гулять?» რაზეც ვუპასუხე: «По воскресным дням все отдыхают; после очень нагруженной недели стажеры тоже имеют право на отдых».

მაგრამ ორი თვის შემდეგ, როცა პარიზს გავუშინაურდი, უკვე ნებართვას აღარ ვთხოულობდი და აღარც ის გვამოწმებდა.

თანაც, ჩემდა ბედად, კიდევ ერთმა შემთხვევამ მიხსნა ვდოვინის რისხვისგან. პარიზში ჩასვლიდან ორი კვირის შემდეგ სტაჟიორების ჩვენი, 14-კაციანი ჯგუფი მიგვიღო საფრანგეთში სსრკ-ის ელჩმა ბატონმა ვინოგრადოვმა, რომელსაც, როგორც შემდგომ შევიტყვე, საფრანგეთის მთავრობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და მაღალი საზოგადოების წრეებში დიდ პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ. ელჩთან მიღებას ვდოვინიც ესწრებოდა, როგორც ჩვენი კურატორი.

ელჩთან შეხვედრისას თვითოეულ ჩვენგანს მისთვის უნდა მოეხსენებინა რომელი რესპუბლიკიდან და ქალაქიდან იყო, რა განხრით უნდა ესწავლა, ემუშავა თუ კვალიფიკაცია აემაღლებინა, რომელ უმაღლეს სასწავლებელში თუ ორგანიზაციაში უნდა ჩაწერილიყო ან ემუშავა და ა.შ.

ჩემი ჯერი რომ დადგა, ვთქვი ჩემი სახელი, გვარი, მამის სახელი, რესპუბლიკა, ქალაქი, სამუშაო ადგილი და მოკლედ, ერთ წლის სამუშაო გეგმა გავაცანი, დისერტაციაც ვახსენე და სარტრიც, თანამედროვე ფრანგული ლიტერატურის კურსის მოსმენა და სემინარებში მონაწილეობა სორბონის უნივერსიტეტში.

როცა დავამთავრე, პატარა პაუზის შემდეგ ელჩმა მთხოვა გამემეორებინა ჩემი გვარი. მეც უფრო ხმამაღლა და გარკვევით გავიმეორე; მომეჩვენა, რომ უფრო თბილი ხმით მკითხა: «2 месяца тому назад это не Вы принимали  madame Cot[4]». მეც ვუპასუხე, რომ თბილისში რომ ჩამოვიდა თავის უმცროს ქალიშვილთან ერთად, ოთხი დღე მასთან ერთად გავატარე-მეთქი. სსრკ-ში მოგზაურობის დროს ის რამდენიმე დღით ჩამოვიდა თბილისში. სერგი წულაძის ფრანგი მეუღლე მადლენი პიერ კოტის მდივანი ყოფილა, სანამ წულაძეების ოჯახი საქართველოში ჩამოვიდოდა.

Mme Cot თურმე სსრკ-ის ელჩთან ვინოგრადოვთან მეგობრობდა და პარიზში დაბრუნების შემდეგ ვინოგრადოვისთვის მოუყოლია თავისი მოგზაურობის შესახებ, უთქვამს, რომ ძალიან კმაყოფილი იყო საქართველოს გაცნობით და რამდენიმე თბილი სიტყვა უთქვამს ჩემზეც. ვინოგრადოვმა თქვა, რომ Mme Cot была очень довольна своей поездкой в Грузию и очень признательна Вам за теплымый прием, что Вы очень хорошо показали свою Республику.

Я тоже хочу Вам выразить благодарность, что Вы ее так тепло приняли. Она наш друг».

ამის შემდეგ ვდოვინმა შეწყვიტა თავისი აგრესიული დამოკიდებულება ჩემ მიმართ, მაგრამ მისგან ოდნავი გაღიმება მხოლოდ ერთხელ დავიმსახურე, როცა სსრკ-ის საელჩოს ერთ მიღებაზე ჩემ მიერ დაპატიჟებული სიმონ დე ბოვუარი და ჟან პოლ სარტრი გავაცანი.

ახლა ისევ 1959 წელს უნდა დავუბრუნდე და განვმარტო, რატომ გაღიზიანდა ბ-ნი ვდოვინი, როცა ჩემი ფრანგი ნაცნობების სიაში რემონ კარტიეს სახელსა და გვარს წააწყდა.

X       X     X

უკვე ხუთი-ექვსი წელი იქნებოდა, რაც გოქსში[5] რეფერენტ-თარჯიმნად ვმუშაობდი სხვადასხვა დელეგაციასთან, ძირითადად ფრანგულენოვან დელეგაციებთან, მაგრამ იმ ხანებში გოქსის ხაზით საფრანგეთიდან ცოტა დელეგაცია ჩამოდიოდა; სამაგიეროდ, ჩვენს საზოგადოებას დახმარებისთვის ხშირად მიმართავდა სხვადასხვა ორგანიზაცია, რომლებსაც თარჯიმანი არ ჰყავდათ. უცხოელ ტურისტულ ჯგუფებს კი ინტურისტი იღებდა.

X     X      X

1959 წლის გაზაფხულზე, აპრილის თუ მაისის თვის ერთ დღეს, გოქსის თავმჯდომარემ ბატონმა ვახტანგ ქოჩორაძემ გამომიძახა და მითხრა, რომ ჟურნალისტთა კავშირის ხაზით საქართველოში ჩამოდიოდა მსოფლიოში განთქმული ფრანგი ჟურნალისტი, ძალიან პოპულარული და გავრცელებული ჟურნალის „Paris-match“-ის გენერალური დირექტორი რემონ კარტიე მეუღლესთან ერთად და მას სთხოვეს, რომ გოქსის რომელიმე ფრანგულენოვანი რეფერენტი დახმარებოდა ამ დელეგაციის მიღებაში.

იმ პერიოდში თარჯიმნები ჰყავდა მხოლოდ ინტურისტს, გოქსს კი რეფერენტ-თარჯიმნები, ამიტომ სხვადასხვა დაწესებულება თუ ორგანიზაცია ამ ორ ორგანიზაციას მიმართავდა ხოლმე დახმარებისთვის.

იმხანობას ჩვენთან, საქართველოში, ფრანგულენოვანი პრესა თითქმის არ შემოჰქონდათ, ინტურისტის კიოსკში იყიდებოდა მხოლოდ ფრანგული კომუნისტური გაზეთი „Humanite“ და დრო და დრო ლუი არაგონის ლიტერატურული გაზეთი „Lettres Francaises“. ამიტომ ჩვენ ძალიან ნაკლებად ვიცნობდით უცხოურ ფრანგულ პრესას და უცხოეთის ამბების მცირეოდენ ნაწილს მხოლოდ საბჭოური ჟურნალ-გაზეთებით ვეცნობოდით.

X       X        X

სწორედ იმ დღეს, როცა ფრანგი ჟურნალისტი უნდა ჩამოსულიყო rendez-vous (შეხვედრა) მქონდა ბატონ სერგი წულაძესთან. დავურეკე და გავაფრთხილე, რომ ჩვენი შეხვედრა ვერ შედგებოდა, რადგან ფრანგი ჟურნალისტი, ვინმე რემონ კარტიე ჩამოდიოდა საქართველოში და მე დამევალა მასთან მუშაობა-მეთქი.

თითქოს დღესაც ჩამესმის სერგის გაკვირვებული შეძახილი და ჩემი ფრაზის გამეორება: „un certain Cartier“.[6] ეგ ხომ მსოფლიოში სახელგანთქმული ჟურნალისტია; ძალიან ცნობილი და გავრცელებული ჟურნალის, „Paris-match“-ის მთავარი რედაქტორი. დიდი პროფესიონალია. ძალიან ჭკვიანი და უაღრესად განათლებულია, თანაც საოცარი მეხსიერების პატრონია. აბსოლუტურად ყველაფერი იცის სსრკ-ზე, მის რესპუბლიკებზე, იქნება ეს ეკონომიკა თუ ინდუსტრია, კოლმეურნეობა თუ მეურნეობა. თანაც სსრკ გულზე არ ეხატება, უფრო სწორი იქნება ვთქვა, არ უყვარს; ისეთ შეკითხვებს დაგისვამს, შეიძლება დაიბნე და შარში რომ არ გაეხვიო, აჯობებს მასთან არ იმუშაო, ან თუ მაინც მოგიხდება მუშაობა, ძალიან ფრთხილად იყავი, ყოველი სიტყვა აწონ-დაწონე, არაფერში გამოგიჭიროს“.

ბატონმა სერგიმ იმდენი რამ ჩამოთვალა, ახლა რომ ეთქვა, ალბათ ორი სიტყვით შემოიფარგლებოდა, იტყოდა, „თავში კომპიუტერი აქვსო“. სერგი იმითაც იყო გაოცებული, რომ სსრკ-ის მთავრობამ კარტიეს ნება დართო ჩამოსულიყო 2 თვით, ენახა ბევრი რამ, მოევლო სსრკ-ის რესპუბლიკები და დიდი ქალაქები.

X       X      X

ფრანგებთან მუშაობა ძალიან მიყვარდა და მომწონდა, ბევრ ახალს ვიგებდი. ჩემმა ძალიან საყვარელმა დიდედამ ანა (ანეტა) შერვაშიძე-დიასამიძისამ მშვენიერი ფრანგული იცოდა, მეც მასწავლა და ძალიან შემაყვარა კიდეც.

ფრანგები, როგორც წესი, საინტერესოები და სიმპათიურები იყვნენ, კომპლიმენტებსაც არ იშურებდნენ, მაგრამ სერგი წულაძის ნათქვამმა დამაფიქრა.[7] მეორე დილას გოქსის თავმჯდომარესთან, ბატონ ვახტანგ ქოჩორაძესთან შევედი, სერგის ნათქვამი ვუთხარი და ვთხოვე, იქნებ ვინმე სხვამ იმუშაოს-მეთქი. ბატონმა ვახტანგმა დამამშვიდა, ნურაფრისა შეგეშინდება, ჩვეულებრივად იმუშავე, როგორც ყველა სხვა დელეგაციასთან მუშაობო.

არ მახსოვს რატომ არ დავხვდი სტუმრებს აეროდრომზე (როგორც წესი, ის რეფერენტი, რომელსაც დელეგაციასთან უნდა ემუშავა, აუცილებლად ხვდებოდა აეროდრომზე).[8]

მეორე დილას სასტუმრო „თბილისში“ ინტურისტის თანამშრომელმა წარმადგინა – უცხოეთთან მეგობრობის და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების თანამშრომელი, რომელიც მათთან იქნებოდა მათი საქართველოში ყოფნისას. პირველი შთაბეჭდილებით კარტიეს მკაცრი გამომეტყველება, მაგრამ ძალიან მეტყველი და ჭკვიანური თვალები ჰქონდა. ცოლი კი თავიდანვე ძალიან სიმპათიური მეჩვენა.

სტუმრებს მომზადებული, სავარაუდო გეგმა გავაცანი და ვკითხე, რაიმეს ხომ არ დაუმატებდნენ ან პირიქით – ამოიღებდნენ. არაფერი შეუცვლიათ, არც მოუთხოვიათ, მხოლოდ Mr. კარტიემ იკითხა, მეცნიერებთან შეხვედრაზე ვინ იქნებაო. სურვილი გამოთქვა შეხვედროდა იურისტებს და ეკონომისტებს და ესაუბრა მათთან. შეთავაზებული 4-დღიანი გეგმა მოიწონა.

დილის საუზმის მერე, დღე ქალაქის დათვალიერებით დავიწყეთ. სასტუმროდან რომ გამოვედით, რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით და იქვე ბაღის შესასვლელთან ბ-ნი ვახტანგ ბერიძე შემოგვხვდა, პორტფელით ხელში, რომელიც ეტყობა სამსახურში, ხელოვნების ინსტიტუტში მიდიოდა.

ბ-ნი ვახტანგი ძალიან ხშირად დაგვხმარებია ფრანგების სტუმრობისას. მშვენიერი ფრანგული იცოდა და თავისი დარგის დიდი მცოდნე და ძალიან საინტერესო მთხრობელი იყო. ეს სპონტანური შეხვედრა ქუჩაში დილით სტუმრებისთვის მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ბ-ნი ვახტანგი სტუმრებს წარვუდგინე; მათ ცოტა ხანს ისაუბრეს და მე მორიდებით ვკითხე ბ-ნ ვახტანგს, ხომ არ ეცალა, რომ ქალაქი სტუმრებთან ერთად დაგვეთვალიერებინა. აღმოჩნდა, რომ ლექციაზე მიდიოდა სამხატვრო აკადემიაში, სამაგიეროდ შეგვპირდა, რომ მეორე დღეს თავისუფალი იყო და თუ მცხეთაში ვაპირებდით წასვლას, სიამოვნებით გაგვიძღვებოდა. ამან ძალიან გამახარა, რადგან ბატონი ვახტანგის საინტერესო თხრობით და მშვენიერი ფრანგულით სტუმრები მოხიბლული რჩებოდნენ და მეც ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მომისმენია მისთვის.

ბ-ნ ვახტანგთან სასიამოვნო საუბარის შემდეგ ქალაქის დათვალიერება დავიწყეთ. მანქანით გავედით მეტეხის ციხესთან, საიდანაც მშვენიერი ხედი მოჩანს და იქიდან ფეხით მოვიარეთ აბანოთუბანი, გავჩერდით ანჩისხატთან, მერე სიონთან, რომლის შესასვლელთან ბევრი მათხოვარი იდგა, როგორც ყოველთვის. კარტიემ ფოტოაპარატი მოიმარჯვა და რამდენიმე ხანი გადასაღებად ემზადებოდა. უცებ მომიტრიალდა და ოდნავ გაღიზიანებული ტონით მითხრა: „გადაღებას რატომ არ მიშლით”. გაკვირვებულმა ვკითხე: „რატომ უნდა დაგიშალოთ?“ – „იმიტომ, რომ მათხოვრების გადაღება მინდა“. მე ვუპასუხე, რომ ეკლესიის წინ მათხოვრები ყოველთვის დგანან, ხან მეტნი არიან, ხანაც – ნაკლები“. გაოცებულმა დაკვირვებით შემომხედა და მკითხა, „მე ხომ საბჭოთა კავშირში ვარ?“ ცოტა დავიბენი და შეკითხვა გავამეორებინე. მერე კი ვუპასუხე: „დიახ, სსრკ-ის ერთ-ერთ რესპუბლიკაში, საქართველოში ბრძანდებით მეთქი“. კიდევ რაღაც წაიბუზღუნა, მერე კი გარკვევით თქვა: „არ ვიცი, სხვაგან როცა ვიღებდი, ხან ვიღაც ხელს აფარებდა ობიექტივს, ხან ვიღაც წინ დამიდგებოდა ხოლმე“ და სურათების გადაღება განაგრძო.[9]

ძველ უბანში რამდენჯერმე მანქანა გააჩერებინა და შემორჩენილი ძველი შენობები მტკვრის ზემოთ (რაც ესპანეთის რომელიღაც ქალაქის უბანს მიამსგავსა), მეტეხის ციხე და ჭრელი აბანოებიც გადაიღო. გოგირდის აბანოში შესვლის ნებაც ითხოვა და სურვილიც გამოთქვა, თუ დრო დაგვრჩება დიუმასავით გოგირდის წყლების აბანოსაც გავსინჯავდიო. იქაც რამდენიმე ფოტო გადაიღო.

ქალაქის დათვალიერების შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. იქაც მშვენიერი ფრანგულით გაუძღვა დათვალიერებას ბ-ნი ლალი ჯავახიშვილი.

ქალბატონმა კარტიემ აღნიშნა, რომ ასეთი გემოვნებით და ასეთ მაღალ დონეზე მოწყობილი გამოფენა მხოლოდ ქაიროში მინახავსო. ბ-მა კარტიემ კი აღნიშნა: „ამ ბოლო დროს ყველგან ინგლისური ენა ჭარბობს, აქ, საქართველოში კი ისე მეჩვენება, რომ ფრანგული ყველამ იცის: სადაც კი ვიყავი, ფრანგული ყველგან კარგად იციან“.

საუზმის შემდეგ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი დავათვალიერეთ; გიდის გვარი აღარ მახსოვს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ დათვალიერება ფრანგულად ჩაატარა და ძალიან კვალიფიციურად.

დღის მეორე ნახევარში გოქსის შენობაში შეხვედრა გაიმართა იურისტებთან და ეკონომისტებთან. ამ შეხვედრის დეტალები არ მახსოვს, რადგან საუბარს თარჯიმნობდა მოსკოვიდან გამოყოლილი იურისტი, რომელმაც ფრანგული იცოდა. როგორც მომეჩვენა, საუბარი საინტერესოდ წარიმართა. გაცხოველებული კამათი იყო, რადგან კარტიე ძალიან აკრიტიკებდა სსრკ-ის ეკონომიკას და მწვავედ და უშეღავათოდ აკრიტიკებდა იმას, რომ სსრკ-ში პიროვნება თავისუფალი არ იყო.

იმავე საღამოს სტუმრები ლადო გუდიაშვილს ეწვივნენ. ბ-ნ ლადოს ყოველთვის სიამოვნებდა ფრანგების მიღება, რადგან საფრანგეთში გატარებული ახალგაზრდობის წლებს იგონებდა და ფრანგულიც ახსოვდა, როგორც სტუმრებმა თქვეს, მათ ძალიან მოეწონათ ხელოვანი, მისი ნამუშევრები და ის ატმოსფერო, რომელიც მის სახელოსნოში სუფევდა.

მესამე დღეს, დილით, სასტუმროს ვესტიბიულში რომ ვუცდიდი, მათ დააგვიანდათ და როცა ჩამოვიდნენ, რემონ კარტიემ ბოდიში მოიხადა დაგვიანების გამო, ქ-მა კარტიემ კი აღფრთოვანებული ხმით მითხრა: „ამჯერად დაგვიანება გვეპატიება, რადგან გუშინ საღამოს, ვახშმობის ბოლოს, შემთხვევით საოცარ კონცერტს შევესწარით და სანამ არ გათავდა, ადგილიდან ვერ დავიძარით და დასაძინებლად გვიან ავედით“.

წინა საღამოს 9სთ-ზე თუ 9.30 წუთზე მივაცილე სასტუმრომდე და გამიკვირდა, საღამოს 10-ზე რა კონცერტი უნდა მოესმინათ.

როგორც ქალბატონმა კარტიემ მითხრა – საღამოს ცხრა საათზე თუ 9.30 წუთზე რესტორანში რომ ჩასულან სავახშმოდ, დარბაზში უკვე ცოტა ხალხი ყოფილა. მაგრამ მათ გვერდით გრძელ მაგიდასთან[10]:

„სუფრასთან ოციოდე მამაკაცი ზის, მაგიდაზე 40 დაცლილი ბოთლია. კიდევ და კიდევ ბოთლებით სავსე სინი, რომლის სიმძიმე არ იგრძნობა, ისე მსუბუქად მოაქვს ოფიციანტს. საოცრად ამაღლებული, ემფატიკურ ტონალობაში ნათქვამი სადღეგრძელოები. სუფრასთან სრული ურთიერთგაგება და დისციპლინაა. სუფრის წინამძღოლი – თამადა, რომელიც სუფრის თავშია რიგრიგობით წარმოადგენს მაგიდასთან მსხდომთ, რიგ-რიგად ადღეგრძელებს მათ,  შემდეგ სიტყვას აძლევს თითოეულს, უსმენს მათ ნათქვამს და მადლობას უხდის ორატორებს: ღვინით სავსე ბოთლები კი უხვად მოედინება; სუფრასთან მჯდომ არცერთ მამაკაცს ღვინის მცირე კვალიც კი არ ატყვია, არც თვალები აქვთ ამღვრეული, არც ენა ებმით – სიმთვრალისათვის დამახასიათებელი არავითარი ვულგარულობა არ ეტყობათ.

მათმა ჩაცმულობამ შეიძლება გაფიქრებინოს სოციალური ფენების განსხვავებულობაზე: კისერთან შეკრული შავი შემოტმასნული ტანსაცმელი; არწივისებური ცხვირის მქონე თამადა შეიძლება იყოს ან ყოფილიყო მაღალი წოდების მატარებელი, დანარჩენები უფრო დაბალი საფეხურის წარმომადგენლები იყვნენ; იქნებ ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა ადმინისტრაციის წარმომადგენელია.

…გამხდარი, წაგრძელებული სახეები, კუპრივით შავი თმები, რუსებისაგან ისეთივე განსხვავებულნი, როგორც ანდალუზები, თმების ფერით განსხვავდებიან შვედებისაგან, სადღეგრძელო სადღეგრძელოს მოყვება, ასევე ღვინით სავსე სასმისები სასმისებს ცვლიან და სრულიად მოულოდნელად სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. ერთი მამაკაცი სიმღერას იწყებს, მას ორი მამაკაცი აყვება და მაგიდასთან მჯდომი ყველა მამაკაცი პირმოკუმული ბანს აძლევს. გაისმის ნამდვილი ორღანის მსგავსი საოცარი აკომპონემენტი; მართლაც რომ დიდებული, ამაღლებული, საოცარი ჰანგებია,[11] თითქოს დიდი მელანქოლიური ტალღები გადაევლებიან მაღალი მთების მწვერვალებს და უფსკრულების სიღრმეებიდან გვამცნობენ მრავალტანჯული ერის ისტორიას.

ეს ის ხალხია, რომელიც იცინის,

როცა ლაპარაკობს და ტირის,

როცა ის მღერის.

ეს ხალხი ქართველები არიან.

რაც აღვწერე, ეს მოხდა ქალაქ თბილისში, სასტუმრო „თბილისის“

რესტორანში. ჩვენ ის სპეციალურად არ აგვირჩევია და არც მოგვიძებნია.

ჩვენ იმ დღეს უკრაინიდან თბილისში (ყოფილი ტიფლისი) ჩავფრინდით.

ეს იყო ჩვენი პირველი კავკასიური ვახშამი, დაუვიწყარი საღამო“.

X       X      X

გამოქვეყნებულ წერილებში საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მსგავსებების, ერთფეროვნებებისა და ერთნაირობის აღწერის შემდეგ, საქართველოს შესახებ კარტიე თხრობას შემდეგი სიტყვებით იწყებს: „თუმცა განსხვავებულობა, თავისთავდობა, ორიგინალობა მაინც არსებობს. რუსეთიდან ტიფლისში ჩასვლისას მხოლოდ იმ ფაქტმა, რომ საბაჟო არ არსებობდა, მაფიქრებინა და მაგრძნობინა, რომ ისევ იმ ქვეყანაში – სსრკ-ში ვიყავი, რადგან სრულიად განსხვავებულ ქვეყანაში, სრულიად სხვა ატმოსფეროში მოვხვდი. იქ ყველაფერი მოძრაობს, ცოცხლობს და ხალისობს“.

“თბილისის ქუჩებში ვერ ნახავთ მოსკოვის ან კიევის თავდახრილ, ცხვირჩამოშვებულ ფეხით მოსიარულეებს. მათ დახშულ, მძიმე ჩურჩულს არ ჰგავს თბილისის ქუჩებში ფეხით მოსიარულეთა ლაღი, გახსნილი, მაღალ ტონებში საუბარი, ქალიშვილები კოხტები არიან და ლამაზი თვალები აქვთ. ვაჟები მოქნილობით, სიმკვირცხლით, სიცოცხლით და ოდნავ გამომწვევი მზერით გამოირჩევიან.

შესაძლოა ეს აიხსნას გეოგრაფიული მდებარეობით და განედით, მაგრამ ძნელი ასახსნელია ქუჩების საოცარი სიცოცხლისუნარიანობა. თვალშისაცემია გამვლელების ელეგანტურობა და ჩაცმულობა, მანქანების სიმრავლე; თბილისში იგრძნობა კეთილდღეობა, თბილისი ასხივებს თავისუფლებას. თბილისში ნაგრძნობი ეს შთაბეჭდილება არ ქრება იმით, რისი ნახვაც მე შევძელი საქართველოში. კოლმეურნეობები არ არის ისე შეუღწეველი ადგილები, როგორიც მე უკრაინაში ვიხილე“. პირველივე დღეს, როცა გეგმას ვაცნობდით რემონ კარტიეს და ვაზუსტებდით რისი ნახვა სურდა კიდევ, კარტიემ კოლმეურნეობის ან მეურნეობის დათვალიერების სურვილი გამოთქვა. ერთი, ბოლო დღე დავიტოვეთ და სოფელ მეჯვრისხევში გავემგზავრეთ, რომელსაც კარგი კოლმეურნეობა ჰქონდა და თავმჯდომარეც საკმაოდ ცნობილი და წარმატებული ჰყავდა.

გზაში კარტიემ წინა დღეებში დათვალიერებული მცხეთა იცნო და როცა შორიდან, მაღლა ჯვრის მონასტერი დაინახა, აღტაცებით წარმოთქვა: “კიდევ ერთხელ დიდ ესთეტიურ სიამოვნებას ვიღებ ბუნებისა და უძველესი ძეგლის ასეთი საოცარი შერწყმის ხილვით” და დაუმატა: “შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა თვალი მომევლო ქვეყნის ერთი მხარისათვის. ძნელი არ იყო წარმომედგინა, როგორი საინტერესო ისტორია უნდა ჰქონოდა საქართველოს”.

მეჯვრისხევში ჯერ კოლმეურნეობის თავმჯდომარემ მიგვიღო. კოლორიტული ფიგურა იყო, დამაჯერებელი ტონით საუბრობდა თავისი კოლმეურნეობის შესახებ და ეტყობოდა, ეამაყებოდა მისი მიღწევები.

თავმჯდომარესთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარისა და ბევრი კითხვა-პასუხის შემდეგ, კარტიემ რომელიმე კოლმეურნესთან შეხვედრა და მასთან საუბარი მოინდომა. როგორც წესი, კოლმეურნის ოჯახის წინასწარ იყო ხოლმე გაფრთხილებული თავმჯდომარის მიერ, რომ უცხოელ სტუმარს მიუყვანდნენ. არ მახსოვს ამ დღეს ასე იყო თუ არა, მაგრამ კარტიე იმის ჩიტი არ იყო, რომ მდიდრულ ორსართულიან სახლში შესულიყო, სადაც შეიპატიჟებდნენ; ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავმჯდომარეს აქაც გაფრთხილებული უნდა ჰყოლოდა ერთ-ერთი შეძლებული კოლმეურნე, რომელსაც ორსართულიანი კარგი სახლი ჰქონდა. როცა თავმჯდომარემ სტუმარს შესთავაზა ამ ოჯახს ვესტუმროთო, კარტიემ ძალიან ზრდილობიანად სთხოვა, თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, სახლს მე თვითონ ავირჩევო, და მართლაც, სოფლის რამდენიმე ვიწრო ქუჩა რომ გავიარეთ, რომელზეც ძალიან კარგი, მდიდრული შესახედაობის ორსართულიანი და დიდაივნებიანი სახლებიც იდგა და ერთსართულიანები და შეუხედავებიც, კარტიე წესიერად მოიქცა: მან აირჩია საშუალო შესახედაობის ერთსართულიანი სახლი, რომლის მიწის აივანზე ქართული ხალიჩებით დაფარული ორი ხის ტახტი იდგა და ერთზე საჩირედ გამზადებული დაჭრილი ხილი იყო გაშლილი ფიცარზე.

დავაკაკუნე და კარი რომ შევაღე, მაგიდასთან ორი მამაკაცი იჯდა. მივესალმე მათ და ვკითხე, სტუმრებს ხომ არ მიიღებდნენ. ვერც მოვასწარი იმის თქმა, უცხოელები  ფრანგები არიან-მეთქი, რომ ჩემთვის მოსალოდნელი პასუხი გაისმა:

– “მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა”.

შევედით, წარვუდგინე სტუმრები და ჩამოვთვალე კარტიეს ყველა რეგალია: მსოფლიოში განთქმული ფრანგი ჟურნალისტი, ცნობილი ჟურნალის მთავარი რედაქტორი და მისი მეუღლე ქ-ნი კარტიე. სახლის პატრონი ოდნავ წამოიწია და გაიმეორა: “მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა” და დაუმატა – “ვინც გინდა ის იყოს”. მერე ცოლს მიმართა – “ქათამი ცოტა დაუჩქარე”.

მე ყველაფერს ვუთარგმნიდი ცოლ-ქმარს. კარტიემ ამ სიტყვებზე გაიღიმა და თქვა: “რა თბილი მიღება და კარგი, ბრძნული სიტყვებია”.

კვირა დღე იყო. როგორც სახლის პატრონმა გვითხრა, მისი სტუმარი კახეთიდან ჩამოსული მეგობარი იყო, მან ახლად მოსულები დალოცა, მათი სადღეგრძელო დალია, როგორც “შემოსწრებულების”.[12]

კარტიე ძალიან კმაყოფილი დარჩა მიღებით, გავიგე, ცოლს რომ უთხრა: “ხედავ, აქ და ყველგან რა ჩვეულებრივად და რა თავისუფლად იქცევიან”.

X      X      X

წერილს რემონ კარტიეს სიტყვებით დავამთავრებ:

“1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველო სამი წელი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. შემდგომაც, როცა რუსეთმა დაიმონა, ის აჯანყდა, მაგრამ უშედეგოდ, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს, მან საბჭოთა კავშირის მიმართ ერთგულება გამოიჩინა თათრებისა და ბაშკირებისგან განსხვავებით, რომელთა სიძულვილმა მჩაგვრელების მიმართ იფეთქა, როცა გერმანელები კავკასიას მიუახლოვდნენ.

შემდგომაც, თუნდაც 1956 წლის ამბოხით საქართველოს ლტოლვა თავისუფლებისადმი არ შეწყვეტილა.

თავისუფლება ქართველებს ძლიერად აქვთ სისხლში გამჯდარი და ეს ყველაფერში ჩანს და ყველაფერში იგრძნობა”.

2014, 21 ივნისი

© “არილი


[1] იმ წლებში ვმუშაობდი უცხო ენების ინსტიტუტში (ახლანდელი ილიას უნივერსიტეტი) და შეთავსებით გოქსეში (ГОКС).

[2] მედეა ღამბაშიძე – დედაჩემის ბავშვობის მეგობარი და შოთა ნიკოლაძე – მამაჩემის გიმნაზიის მეგობარი და მედეას მეუღლე.

[3] ვდოვინის მიერ გაფრთხილებული ვიყავით, რომ როცა ვინმეს უნდა შევხვედროდით, ან ქალაქგარეთ გასვლა გვინდოდა, ნებართვა მისგან უნდა აგვეღო.

[4] madame Cot – ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსის, სოციალისტის Pierre Cot-ის მეუღლე იყო: Pierre Cot – დე გოლის მოსვლამდე საფრანგეთის მთავრობის მინისტრი იყო, მისი ინიციატივით სსრკ-ში გამოდიოდა ჟურნალი «В защиту мира».

[5] გოქსი – ГОКС-Грузинское общество культурной связи с заграницей. შემდეგ ეს სახელი შეიცვალა და  გახდა ГОДИКС – Грузинское общ-во дружбы и культурной связи с зарубежными странами.

[6] un certain Cartier – ვინმე კარტიე.

[7] გარეგნობითაც მშვენიერი იყო.

[8] ალბათ იმიტომ არ დავხვდი, რომ გოქსის ხაზით კი არ ჩამოდიოდა, არამედ ჟურნალისტთა კავშირის ხაზით.

[9] უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს შესახებ დაწერილ სტატიაში, კარტიეს მათხოვრების არც ერთი ფოტო არ გამოუქვეყნებია.

[10] მოგვყავს რემონ კარტიეს წერილის ერთი ნაწყვეტი.

[11] როგორც შემდეგ დღეებში დავაზუსტე, მომღერალი მამაკაცები კახეთის სიმღერის ანსამბლის წევრები ყოფილან, რომლებიც თბილისში გამართულ ფესტივალში იღებდნენ მონაწილეობას.

[12] ახსნაც მომიხდა, რას ნიშნავდა „შემოსწრებული“, ეს წესიც ძალიან მოეწონა სტუმარს.

Facebook Comments Box