ესე (თარგმანი)

შეიმას ჰინი – შემთხვევითი მრავალფეროვნება

Irish poet, writer and lecturer Seamus Heaney

ოფიციალური კრიტიკის მიერ დაწუნებული პოეზიის შესახებ

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

ცნობილი ირლანდიელი პოეტის, შეიმას ჰინის (დ. 1939) ესე 2003 წელსაა დაწერილი და იგი ტედ ჰიუზთან ერთად შედგენილი ორი პოეტური ანთოლოგიის შესახებ მოგვითხრობს. სხვათა შორის, 14 წლის წინ (ჰიუზის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე) მათ კიდევ ერთხელ განაახლეს თანამშრომლობა. ჰინის თქმით, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ნებისმიერ ადამიანში გააღვიძებდნენ მთვლემარე პოეტს, რომელიც შეათავსებდა სწავლას სიამოვნებასთან.

1960-იანი წლების ბოლოს ცოლთან ერთად ბელფასტში ვცხოვრობდი. ჩვენს პატარა შვილებს ძალიან უყვარდათ მეზობლებთან – ხანდაზმულ ცოლ-ქმართან (რომელთა გვარი უილსონი იყო) – სტუმრობა. მისის უილსონი ხშირად უმეორებდა უფროს ბიჭს: “მაიკლ, შენ და კრისტოფერი იზრდებით, ბაბუა უილსონი და მე ვმოკლდებით, შენი დედიკო და მამიკო კი არ იცვლებიან”.
მისის უილსონის თვალსაზრისი მიემართება პოეზიის ან ლიტერატურის ნებისმიერი დარგის, ან კიდევ, ზოგადად, კულტურის დანიშნულებას. განა ლიტერატურის საბოლოო ფუნქცია ის არაა, რომ სიხარული და სიამოვნება მიანიჭოს იმათ, ვინც იზრდება? ის, აგრეთვე, ცოდნის ჰორიზონტს უფართოებს იმათ, ვინც “არ იცვლება”. ბოლოს, ლიტერატურა ტკბილ – ან, შესაძლოა, მღელვარე – მოგონებებს აღუძრავს იმათ, ვინც “მოკლდება”. ამასთან, თავდაპირველად ჩვენ ვტკბებით პოეზიით, შემდეგ კი გავიაზრებთ მას.

სანამ ტედ ჰიუზთან ერთად გამოვცემდი პოეზიის ანთოლოგიებს, სახელწოდებით “საჩხარუნებლებით სავსე ჩანთა” (1982) და “სასკოლო ჩანთა” (1997), ჩვენ ერთობლივად შევარჩიეთ ტექსტები. ეს წიგნები სახელმძღვანელოები არ გახლდათ, თუმცა პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მიზნებს მაინც ისახავდა. “საჩხარუნებლებით სავსე ჩანთის” შედგენისას ვგულისხმობდით, რომ პოეზია შემეცნების საშუალებაა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, მაშინ, როდესაც “სასკოლო ჩანთის” მიზანი იყო ლიტერატურის შინაგანი მიმართებებისა და განვითარების ტენდენციათა, მისი “ზრდის” წარმოჩენა, თუმცა, ერთი შეხედვით, ის “არ იცვლება”.

შევნიშნავ, რომ ტედი და მე ვსწავლობდით სკოლებსა და უნივერსიტეტებში, სადაც ჯერ კიდევ იზიარებდნენ მეთიუ არნოლდის შეხედულებას ლიტერატურის, როგორც განათლებისა და სიამოვნების წყაროს შესახებ. პედაგოგებს, ისევე, როგორც ჩვენ, გვწამდა, რომ ლიტერატურული და კულტურული მოღვაწეობა უანგარო და კეთილშობილური იყო. იმ დროს სიტყვა “უმაღლესი” (შესიტყვებაში “უმაღლესი განათლება”) ჯერ კიდევ ფასობდა, ხოლო სიტყვას “განათლება” პატივს სცემდნენ – ის გულისხმობდა, რობერტ ფროსტის თქმით, “პატივისცემის დონის” მიღწევას…

სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ჩვენი, როგორც რედაქტორების, დამოკიდებულება საქმისადმი განსაზღვრა სისტემამ, რომელიც ჯერ კიდევ რენესანსისდროინდელმა ჰუმანისტებმა და გრამატიკოსებმა ჩამოაყალიბეს მე-16 საუკუნეში. საგანმანათლებლო პროგრამების ცვლილებათა მიუხედავად, მე-20 საუკუნის სკოლები წააგავდა იმათ, რომლებშიც ელისაბედის ეპოქის (ჩვენს ანთოლოგიაში შეტანილი) ავტორები სწავლობდნენ 400 წლის წინ: ჩვენ ჯერ კიდევ ვეუფლებოდით წარსულში დაგროვებულ ცოდნას, რომელიც უნდა დაგვემახსოვრებინა, გაგვეაზრებინა და გამოგვეყენებინა მომავალი ცხოვრების განმავლობაში.

ინგლისურ ლიტერატურას 1940-იანი და 1950-იანი წლების განმავლობაში ისევე ვსწავლობდით, როგორც – 1970-იანი და 1980-იანი წლების ახალგაზრდები: ნაწილობრივ, ჩოსერს – “კენტერბერიული მოთხრობების” პროლოგს ან “ბერის ნაამბობს”; შექსპირის ორიოდე პიესას; რამდენიმე მეტაფიზიკოს პოეტს; “დაკარგული სამოთხის” ნაწყვეტს; მე-18 საუკუნის რომანს; რომანტიკოს პოეტებს, რომელთაგან ყველაზე მეტად უორდსვორთი და კიტსი მოგვწონდა; ჯეინ ოსტინის ერთ-ერთ რომანს; ბრონტეს, დიკენსს, ჰარდის; ცოტა ტენისონს, მგონი, ცოტა ჰოპკინსსაც; პირველი მსოფლიო ომის დროინდელ რამდენიმე პოეტს; შესაძლოა, “უნაყოფო მიწის” ფრაგმენტს.

არსებითად, ჩვენ, ხანდაზმული რედაქტორებიც და ახალგაზრდებიც, რომელთათვისაც ვიღვწოდით, პოეზიის ერთსა და იმავე მარშრუტს მივყვებოდით. მაგრამ ახლა, ასაკოვანნი და გამოცდილნი, ვმუშაობდით იმ უზარმაზარ მასალაზე, რომელიც, წესით, უნდა შეგვესწავლა უფრო ადრე, მოწაფეობის წლებში. გარდა ამისა, როგორც მწერლებმა, ვიცოდით, რომ ყველაზე ნაკლებად აღიარებული მასალა შეიძლებოდა ოფიციალურად სანქციონირებულ ტექსტებზე უფრო ღირებული ყოფილიყო და ამიტომ, როგორც ანთოლოგიის შემდგენლები, უყოყმანოდ ვეთანხმებოდით იეიტსს – ესე იგი, ვაპირებდით ანთოლოგიაში როგორც ნაკლებად აღიარებული, ასევე აღიარებული კულტურული ძეგლების შეტანას.

ამასთან, ჩვენს პირველ ხელშეკრულებაში (ფაბერის გამომცემლობასთან) წიგნის სახელწოდება ძალზე აკადემიურად ჟღერდა – “ფაბერის კრებული ახალგაზრდებისთვის” – და თითქოს სამედიცინო მითითებას წააგავდა, მაგრამ როგორც კი მუშაობა დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი მთავარი კრიტერიუმი იყო ლექსებით გამოწვეული ტკბობა. გადავწყვიტეთ, შეგვერჩია ტექსტები, რომლებიც მოგვწონდა ადრეული ახალგაზრდობისას და ამიტომ ანთოლოგიაში არ ჩავრთეთ ბევრი ცნობილი კანონიკური ტექსტი (მაგალითად, შექსპირის სონეტები; ჯორჯ ჰერბერტი, მილტონი, ტენისონი), რადგან მათ ჩვენი სავარაუდო მკითხველები, რა თქმა უნდა, კარგად იცნობდნენ.

მეორე მხრივ, დიდი ნაწილი იმისა, რაც ანთოლოგიაში შევიტანეთ, იყო არაკანონიკური ტექსტები: ურითმო ლექსები, ბალადების მსგავსი პოემები, გამოცანები, ხალხური სიმღერები, ათასგვარი რიტმული მოკლე ლექსები. მართალია, ხელშეკრულებაში ნათქვამი იყო, რომ ჩვენ ვადგენდით “ფაბერის კრებულს ახალგაზრდებისთვის”, მაგრამ ეს ანთოლოგია უფრო წააგავდა ოფიციალური კრიტიკის მიერ დაწუნებული პოეზიის კრებულს. მისი ეპიგრაფი შეიძლებოდა ყოფილიყო რობერტ ფროსტის კიდევ ერთი ფრაზა – “სათამაშოები თეატრში”, ან იეიტსის განცხადება – ” ჰეგელის დებულებების ჭეშმარიტება შეფარდებითია, მაგრამ მარადიულია სიმღერა ექვსი პენსის შესახებ”. საზოგადოდ, ჩვენი უპირველესი პრინციპი ჩამოყალიბებული იყო უორდსვორთის ლირიკული ბალადების წინასიტყვაობაში. ეს იყო, პოეტის თქმით, სიამოვნების დიადი პრინციპი, მაგრამ ამ პრინციპის ერთგულება არ გულისხმობდა რეალობის პრინციპის უგულებელყოფას. სულაც არა. ანთოლოგიაში, როდესაც ის საბოლოოდ გამოქვეყნდა, მრავლად იყო სევდიანი და პირქუში განწყობილებებით აღსავსე ნაწარმოებები. თავდაპირველად მოვიწონეთ მულტფილმებივით მარტივი ლექსები და პოეტური ფორმით გამოხატული ხალხური სიბრძნის ნიმუშები, შემდეგ კი შევადგინეთ გარკვეული კომბინაცია ნაკლებად ცნობილი, ღრმააზროვანი და საინტერესო ლექსებისა – მაგალითად, უილიამ ბლეიკის “ანგელოსმა თქვა ჩემი დაბადებისას”:

ანგელოზმა თქვა ჩემი დაბადებისას:

“პატარა არსებავ, ბედნიერებავ და სიხარულო,

შეხედე – გვტოვებს, ქრება სიყვარული”.

კიდევ ერთი ამგვარივე დახვეწილი, გულუბრყვილო, უჩვეულო ლექსი, რომელიც მოგვეწონა – ესაა მე-20 საუკუნის შვედი პოეტის, ჰარი მარტინსონის “მიწის მატლი”:

ვინ აფასებს მიწის მატლს,

ბალახსა და მიწაში ჩაფლულ პაწაწინა მუშაკს?

მიწა – მისი სამუშაო მასალაა.

მიწაში ამოსვრილი,

უტყვი და უსინათლო,

ის მიწისქვეშა მუშაკია.

ის ამზადებს ნაირფერ ტანსაცმელს,

რომლითაც შეიმოსებიან მინდვრები.

ვინ აფასებს მიწის მატლს,

ამ უშფოთველ მიწის მუშას –

უკვდავ, რუხ, პაწაწინა მუშაკს,

რომელიც იღვწის ჩვენი პლანეტის მიწაში.

ლექსების შერჩევისას საგანგებო პროგრამა არ ჩამოგვიყალიბებია. უბრალოდ, მივენდეთ საკუთარ ალღოს და მეხსიერებას. გადავიღეთ უამრავი ფოტოასლი, წავიკითხეთ აუარებელი ლექსი, რომელთა მუსიკა ატკბობდა ჩვენს ბებერ ყურებს, და, როგორც ვიმედოვნებდით, არანაკლებ სიამოვნებას მიანიჭებდა ახალგაზრდებს. შევიტანეთ ჩვენი საყვარელი ნაწარმოებები და ასეთ შემთხვევებში, შესაძლოა, არც ისე ობიექტურნი ვიყავით. ტედი თავისი გემოვნებით ირჩევდა შექსპირისა და ემილი დიკინსონის ნაწარმოებებს, მე კი – უორდსვორთის პოეზიასა და ირლანდიურიდან ნათარგმნ ლექსებში ვიქექებოდი; უფრო გამოწვლილვით შევარჩიეთ ბლეიკის, ლოურენსისა და უიტმენის ქმნილებები, ვიდრე ეს სჩვევიათ ბრიტანული ან ირლანდიური ანთოლოგიების შემდგენლებს.

საბოლოოდ, შევადგინეთ ძალზე მრავალფეროვანი, საინტერესო და ქაოტური კრებული, რომელიც არ შეესატყვისებოდა ხელშეკრულებაში მითითებულ სახელწოდებას. ამიტომ ტედმა შემომთავაზა, კრებულის სახელწოდებად შეგვერჩია უელსელი პოეტის, დავიდ აპ გუილიმის უჩვეულო ლექსის სათაური. მასში საუბარია საჩხარუნებელზე, რომლის ხმა ძილს უფრთხობს ტყეში მოლზე წამოწოლილ პოეტსა და მის სატრფოს, მშვენიერ ჭაბუკს. მთარგმნელის, ჯოზეფ კლენსის თქმით, ეს ხმები წააგავს ქვებისა და ხრეშის ხრიალს, “უსიამოვნების მომასწავებელ ხმაურს”. ჩვენც ხომ ის გვსურდა, რომ ანთოლოგია ყოფილიყო გამომაფხიზლებელი სიგნალი, ახალგაზრდების გამოღვიძების მცდელობა. ზოგადად კი, მიზნად ვისახავდით, ანთოლოგიას სარგებლობა მოეტანა იმათთვის, ვინც ახლა იზრდებოდა, იმათთვის, ვინც გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ შეიცვლებოდა და, თუკი ბედი გაგვიღიმებდა, იმათთვის, ვინც “დამოკლდებოდა”.

ამდენად, მყარ ლიტერატურულ ავტორიტეტებს შეერია კონტრკულტურის მსუბუქი ნაკადი. როგორც რედაქტორებს, გვახსოვდა ოდენისა და ჯონ გარეტის 1930 წლის ანთოლოგია “პოეტის ენა”. ოდენმა და გარეტმა გააერთიანეს ქუჩის რიტმები და შექსპირის ლექსები, პოეზიის ძირეული დემოკრატიზაცია მოახდინეს, ისე, რომ არ შეულახიათ ის; მათივე მიბაძვით, ანთოლოგიაში ლექსები ანბანური რიგით დავალაგეთ, სათაურების მიხედვით. ამით, როგორც გვწამდა, თავიდან ავირიდებდით, კიტსის თქმით, “ჩანაფიქრის გაცხადების საფრთხეს”.

შთაბეჭდილება ასეთი იყო: შემთხვევითი მრავალფეროვნება და არა წინასწარ გათვლილი პროგრამა – არც თემატიკის და არც ნაწარმოებების კლასიფიკაციის მხრივ. გვსურდა მხოლოდ, “საჩხარუნებლების” ხმას გაეღვიძებინა ყოველ მკითხველში მთვლემარე პოეტი; ვიმედოვნებდით, რომ პოეტური ნაწარმოებების აღქმასთან დაკავშირებული სიამოვნება, აგრეთვე – ნაცნობი და საყვარელი ტექსტების გადაკითხვა მკითხველებისთვის შინაგანი ჰარმონიის მიღწევის საშუალებად იქცეოდა; გვწამდა, რომ პირველი ნაცნობობა პოეზიასთან, მისი ადრეული შესწავლა ის ფასეულობა იყო, რომელიც ხელოვნების ერთ-ერთ ძირითად გამართლებას წარმოადგენდა. ანთოლოგიაში შეტანილი ერთ-ერთი ლექსი გახლდათ ჯერარდ მენლი ჰოპკინსის “ტყის ტოროლა”, რომელიც ასე იწყება

ჭიკ-ჭიკ, ჭიკ-ჭიკ!

ნეტავ, საიდან მოისმის ეს ხმები?

კვლავ – ჭიკჭიკი!

პაწაწინა ნაკადულის ჩხრიალს წააგავს!

მეორე კი იყო ედვარდ ესტლინ კამინგსის “ვიღაც ცხოვრობდა წარმტაც ქალაქში”:

ქალები და მამაკაცები (დონ-დინ-დინ)

ზაფხულში, შემოდგომაზე, ზამთარში, გაზაფხულზე

კრეფდნენ მოსავალს. და მიდი-მოდიოდნენ

მზე, მთვარე, ვარსკვლავები, წვიმა.

სიტყვებისა და რიტმების განცდა ფიზიკურ განცდებზე უფრო მძაფრია. ესაა სულიერი უნარების მეტაფიზიკური გაფართოება, პირველმიზეზების წვდომა, რომელსაც, თუნდაც წამიერად, შევყავართ ჯადოსნურ სივრცეში, რათა შემდეგ, რეალურ სამყაროში დაბრუნებულებმა, ვთქვათ: “იქ ვიყავი, ეს განვიცადე. მერე, მერე? კიდევ, კიდევ!”

თხუთმეტი წლის შემდეგ ტედ ჰიუზთან ერთად შევადგინეთ მეორე ანთოლოგია, სახელწოდებით “სასკოლო ჩანთა”, რომლის წინათქმა ასე იწყებოდა: “გვინდოდა, შეგვედგინა “საჩხარუნებლების” ანთოლოგიისგან განსხვავებული, ნაკლებად კარნავალური ანთოლოგია. ეს უნდა ყოფილიყო სახელმძღვანელო ჩვეულებრივი გაგებით – მაგალითად, ლექსები მასში დაჯგუფებულია ისტორიული და თემატური პრინციპით. შეიძლება კრებულმა მოგვაგონოს ტრადიციული პრინციპით შედგენილი “პოეზიის სკოლა”. ერთი სიტყვით, ესაა პოეტური მეხსიერების ბანკი, ნიმუშთა კრებული”.

ამჯერად მახსენდება თ.ს. ელიოტის ლექცია “პოეზიის დანიშნულება და კრიტიკის დანიშნულება”, რომელიც 1930-იან წლებში გამოიცა და ძალზე განსხვავდება ოდენისა და გარეტის ანთოლოგიისგან. ელიოტი აღნიშნავს, რომ პოეზიის მკითხველმა უნდა განვლოს განვითარების სამი სტადია. პირველ სტადიაზე მკითხველი ტკბება პოეზიით, ინტენსიურად განიცდის მას და ეცნობა ლირიკის მრავალრიცხოვან ნიმუშებს. შემდეგ დგება მეორე სტადია, როდესაც მკითხველი იწყებს თავისი განცდების კლასიფიცირებასა და შედარებას. ამ სტადიაზე, ამბობს ელიოტი, “სიამოვნების ელემენტი ადგილს უთმობს ღირსებების აღიარებას, რომელიც დამატებით, უფრო ინტელექტუალურ ხასიათს ანიჭებს გრძნობათა თავდაპირველ სიღრმეს. ესაა პოეზიის წვდომის მეორე სტადია, როდესაც ჩვენ უბრალოდ კი არ ვირჩევთ ან უგულებელვყოფთ, არამედ ორგანიზებას ვახორციელებთ”. მესამე სტადია არის რეორგანიზაცია, როდესაც “პოეზიაში უკვე გათვითცნობიერებული ადამიანი ამჩნევს ახალ პოეტურ მოდელს თანამედროვე პოეზიაში და გაიაზრებს მის არსს”.

“სასკოლო კრებული” განკუთვნილი იყო პოეზიაში გათვითცნობიერების ელიოტისეული მეორე სტადიისთვის, როდესაც სიამოვნების ელემენტი ადგილს უთმობს პოეტური ტექსტის ღირსებების აღიარებას, ეს კი დამატებით, უფრო ინტელექტუალურ ხასიათს ანიჭებს გრძნობათა თავდაპირველ სიღრმეს. აქედან გამომდინარე, ტედი და მე ამ მეორე კრებულის შედგენისას ახალ მიზანს ვისახავდით. წიგნის განწყობილება შეესაბამებოდა არა ფროსტისეულ “სათამაშოებს” ენის თეატრში, არამედ – იეიტსის “სულის სიდიადის მონუმენტებს”. ანთოლოგიაში პირველი ლექსია იეიტსის “გრძელფეხა ბუზი”, რომელიც ასე იწყება: “ცივილიზაცია არ გაქრება, / მისი დიადი ომი დასრულდა…”, ბოლო ლექსი კი არის დრაიდენის “ამქვეყნიური ნიღაბი”, რომელიც ასე მთავრდება: “მიდის საუკუნე ძველი – და იწყება ეპოქა არნახული”. გვსურდა შეგვექმნა რაღაც დასრულებული და მნიშვნელოვანი, გამოგვეხატა ჩვენს კრებულში (როგორც ანთოლოგიის Dშემდგენლებს) აზრი, რომელიც გამოხატულია ენდრიუ მარველის ლექსში “მორცხვი სატრფოსადმი” -: “გავაერთიანოთ მთელი ჩვენი ძალა და / ჩვენი სიყვარული…”

ამჯერად იერიში მივიტანეთ არა მარტო ინგლისური, არამედ ირლანდიური, ვალიური, შოტლანდიური პოეზიის ტრადიციულ კორპუსზე; აგრეთვე – ამერიკულ პოეზიაზე, ბლუზებისა და აფროამერიკული პოეზიის ჩათვლით; პოეზიაზე, რომელიც ჭეშმარიტად სულის მუსიკა იყო. ჩვენ მიერ შერჩეული მასალა ათასწლეულზე მეტს მოიცავდა. ამიტომ სამუშაო უფრო დიდხანს გაგრძელდა, ხოლო პოეტურ ქმნილებათა ჰორიზონტი უფრო ფართო იყო, ვიდრე “საჩხარუნებლებით სავსე ჩანთაში”. წიგნის შეზღუდული მოცულობის გამო შევარჩიეთ ყოველი ავტორის მხოლოდ თითო-თითო ლექსი. ეს იყო სასიამოვნო და სასარგებლო სამუშაო ჩვენთვის, შემდგენლებისთვის. წინათქმაში ვწერდი: “ჩვენ წინაშე იდგა არჩევანი, პირადი გემოვნებით გვეხელმძღვანელა თუ ისტორიული და კანონიკური მოთხოვნებით”.

ლექსების დაჯგუფების სხვადასხვაგვარი წესი მოვსინჯეთ. კრისტოფერ რიდმა (ჩვენმა რედაქტორმა ფაბერის გამომცემლობაში) შეგვთავაზა მასალის განლაგების საინტერესო პრინციპი. მაგალითად, წიგნის დასაწყისში რამდენიმე ლექსი გაერთიანებული იყო სადარი განწყობილებითა და ზღვის თემატიკით: პირველი მათგანი იყო თარგმანი მეთექვსმეტე საუკუნის მოკლე ირლანდიური ლექსისა ირლანდიაში ქრისტიანობის დამკვიდრების შესახებ. მასში ახალი რელიგიისა და ახალი ეპოქის სიმბოლოა ეპისკოპოსი, რომლის უცნაური წვეტიანი ქუდი პოეტს ნაჯახის წვეტს აგონებს. ლექსის სათაურია “ნაჯახი-თავი”:

ზღვის გაღმიდან მოვა ნაჯახი-თავი,

შლეგი, შერეკილი.

მის მოსასხამს ნახვრეტი აქვს თავის გასაყოფად,

ხოლო კვერთხს ბოლოში – კაუჭი.

ის გვიმღერებს ურწმუნოების შესახებ

კათედრიდან, რომელიც დგას მისი სახლის წინ;

და მისი სამწყსო უპასუხებს:

“დაე, იყოს ასე! დაე, იყოს ასე!”.

უშუალოდ ამ ლექსს მოსდევს მეთიუ არნოლდის “დუვრის სანაპირო”. პოეტს ესმის ზღვის მელანქოლიური, უწყვეტი, უჩვეულო ხმაური და ფიქრობს რწმენაზე, რომელიც ნაჯახმა-ქუდმა და მისმა თანამოძმეებმა შემოახვიეს დედამიწას, ბრჭყვიალა ტანისამოსის მსგავსად. არნოლდის ლექსს მოსდევს ელიზაბეთ ბიშოპის ვედრება ზღვისადმი. ლექსს ეწოდება “თევზთა სავანე”, რომელშიც ასახულია რელიგიური იმპულსის აღორძინება პოსტრელიგიურ ცნობიერებაში. “მე კვლავ ვნახე ეს”, წერს ბიშოპი, “იგივე ზღვა, ისეთივე / რომელიც ოდნავ შესამჩნევად, განურჩევლად ირწევა ქვებზე, / გულგრილი და თავისუფალი… თითქოს წყალი – სხვადყოფნაა ცეცხლისა, / რომელიც ქვებით იკვებება და რუხი ალით გიზგიზებს”. ლექსი ასე მთავრდება:

ჩვენი ცოდნა წააგავს ზღვას:

მუქს, მლაშეს, სუფთას, მოძრავს, ლაღს,

გადმოსხმულს სამყაროს

ქვის ძუძუებიდან,

მარადიულს, დენადსა და მიმოქცევადს. ასეთია

ჩვენი ცოდნაც – დენადი და მიმოქცევადი.

ჩვენი ცოდნა მართლაც რომ ამგვარია და თუ ამ ანთოლოგიას გამოიყენებენ აუდიტორიებში, მასწავლებელი უნდა იქცეს მისი შინაარსისა და ქვეტექსტების გზამკვლევად; რა თქმა უნდა, ლექსების განხილვამ შეიძლება გამოიწვიოს დისკუსია ისტორიული, კულტურული, რელიგიური და პოლიტიკური საკითხების შესახებ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ პირველ რიგში, ესაა პოეზია, რომელიც აუცილებლად როდი უკავშირდება ამა თუ იმ აქტუალურ თანამედროვე საკითხს. ფაქტობრივად, შეგვეძლო ჩვენი წიგნისთვის ეპიგრაფად წაგვემძღვარებინა იოსიფ ბროდსკის გამონათქვამი: ხელოვნება გვასწავლის სწორედ იმას, რომ ადამიანის სულიერი მდგომარეობა მისი პირადი საქმეა.

თუ ეს უჩვეულო ან არასწორ განცხადებად გეჩვენებათ, მოვიყვან აიზეკ როზენბერგის ლექსს, რომელიც ანთოლოგიაში შევიტანეთ. ესაა ცნობილი “გარიჟრაჟი სანგრებში”. ლირიკული გმირის ტრაგიკული განცდები პირველი მსოფლიო ომის დროს ჩვენს პირად განცდებად იქცევა იმ შემზარავი მოვლენების ზეგავლენით, რომლებიც ამ ნაწარმოებშია გადმოცემული. ლექსი ასე მთავრდება:

იღვრება ყაყაჩოები, რომლებიც

მამაკაცის ვენებიდან ამოიზარდა,

მაგრამ ჩემი ყაყაჩო უვნებელია –

პატარა, თეთრი, დამტვერილი.

გაგების რომელ სტადიაზეც არ უნდა იმყოფებოდეთ – იზრდებით, უცვლელი ხართ, თუ მოკლდებით – აგაღელვებთ ეს ლექსი, და არ გაგაკვირვებთ საგანთა სევდა. შეიგრძნობთ იმას, რასაც სხვა პოეტი უწოდებს სისათუთეს, რომელიც ცოცხლობს საგანთა სიღრმეში.

ბოლო ორი ტაეპის (“მაგრამ ჩემი ყაყაჩო უვნებელია – პატარა, თეთრი, დამტვერილი”) ინტონაცია ძალდაუტანებელია, ხოლო “ყვავილის მტვრიანი სითეთრე” – შთამბეჭდავი; ინტუიციურად ვხვდებით, რომ ეს სტრიქონები ზუსტად ასახავს ადამიანის განცდებს ფლანდრიის სანგრებში. ამ ლექსში თავს იჩენს სულიერი ენერგია, რომელსაც პოეტები და პოეზია გადასცემენ ადამიანებს თაობიდან თაობამდე. რა თქმა უნდა, სიამოვნების პრინციპი ყოველთვის ამართლებს პოეზიის სწავლებას, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ პოეზიის სწავლება – მთელი სერიოზულობითა და მოცულობით – გვეხმარება რეალობის დაძლევაში და ტრაგიკულ გარემო პირობებში ადამიანის თვითგადარჩენის აუცილებელი იარაღია.

ბოლოს, რაც შეეხება ანთოლოგიის სახელწოდებას, ალტერნატივა ამგვარი იყო – “სანივთე ჩანთა” ან “სასკოლო ჩანთა”. უპირატესობა მეორე მათგანს მივანიჭეთ, რადგან სანივთე ჩანთა მყარად ასოცირდება საომარ ქმედებებთან, აგრეთვე – ჯარისკაცთა მწყობრ რიგებთან და არა პოეზიასთან. ჩვენს პოსტკოლონიურ დროში, მულტიეთნიკური პოპულაციების სამყაროში, ხაკისფერ მუნდირში გამოწყობილი, შეიარაღებული ადამიანის ხატი უფრო საშიშროებას მოასწავებს, ვიდრე – იმედს.

მიუხედავად ამისა, წარმოდგენა სანივთე ჩანთის შესახებ გვაგონებს ათასობით, ან, შესაძლოა, მილიონობით ჯარისკაცს, რომლებმაც ფრონტზე წასვლისას ჩანთით თან წაიღეს ლექსთა კრებულები. ის გვაგონებს, აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის მებრძოლებს, რომლებმაც ასევე ჩანთით წაიღესY როზენბერგისა და ოუენის ლექსთა ტომები ან თავიანთი შვილებისა და ცოლების მიერ დაწერილი ლექსები; გვაგონებს ყოველივე იმას, რაც უკავშირდება პოეზიაში ადამიანის უსათუთესი განცდების ასახვას, ეს კი, შესაძლოა, პოეზიის სწავლების ყველაზე არსებითი ფუნქციაა.

რამდენიმე ლექსის ღრმად განცდა და აღბეჭდვა მეხსიერებაში, თავისთავად, მნიშვნელოვანი ღირებულებაა. თუკი სკოლაში გატარებული ყოველი წლის ბოლოს მოსწავლეები გაითავისებენ და დაიმახსოვრებენ თუნდაც ერთ ლექსს, ეს უკვე უდიდესი მიღწევა იქნება. ასეთი ლექსი სულიერების საწინდარია და შეიგრძნობა როგორც პირველმიზეზებთან კავშირი. ის იქცევა გულისა და გონების შემაკავშირებელ ბილიკად, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია შეაღწიოს ჭეშმარიტების საუფლოში.

© “არილი

Facebook Comments Box