პოეზია

შოთა პაპავა – ალაზნის ველი და სხვ ალექსები

papava 39282

ალაზნის ველი

ღამე არ დაწვეო
დედაჩემმა თქვა
კოღოები დაგკბენენო
არადა ეს ტახტი მუთაქებითურთ
ამ აივანზე რომ დავდგით
ბალის და პანტა მსხალის ჩრდილში
ისე რომ პირდაპირ ალაზანს გადაჰყურებდეს
ზედ მწოლიარე განცხრომაში მყოფი
მორიგი ლუარსაბი ან დარეჯანი
იმის მერე მინდოდა ზედ დაძინება
შუადღეს კი არა
მთელი ღამე
საბნით უსაბნოდ
ისე რომ დილით
მზის პირველმა სხივმა გამომაღვიძოს
და მეც რომ ავდგე
იმის მაგივრად რომ ძილი შევიბრუნო
და მარტომ ვუყურო კავკასიონს ალაზანს
სანამ ნელ ნელა დედა ბავშვები
ყველა თავისი რიტმით
შემომიერთდება სახლის გულიდან
და დავიწყებთ საუბარს საუზმეზე
კოღოებზე არ მიფიქრია
და შემაშინა დედის სიფრთხილემ
საძინებელში დავწექი და არა გარეთ
სადაც სხეული ჩემი გადაიშლებოდა
როგორც ალაზანი
კოღოთა სუფრა
რომელზეც ჩემი გემრიელი სისხლი
გახდებოდა სხვისი ნადიმის საბაბი
სადაც კანზე ყოველი კბენა და
წითელი ველიდან ცოტ ცოტა წრუპვა
შეადგენდა იმ მსხველპრშეწირვას
რომელიც გარდაუვალია
თუ გინდა რომ მზის პირველ სხივს შეეგებო.
მხოლოდ ერთხელ გამეღვიძა ღამე
და გავიფიქრე ხომ არ გავიდე მაინც?
საიდან ვიცით
რომ მსხვერპლი არ ღირს
სხივის დანაპირს?

 

სამოცი დღეა

სამოცი დღეა
ათრევ შავ მიწას
ნაკელით სავსეს
ბოსტანის საბანს
სამოცი დღეა
თოხნი და ბარავ
სარეველებთან
მუდმივ ბრძოლაში
სამოცი დღეა
გამომხმარ ქლიავს
აჭრი მკვდარ ტოტებს
ისე რომ დარჩეს
ჯანმრთელი გული
რომელიც ისევ
მოისხავს რამეს
ტკბილსა და მჟავეს
სამოცი დღეა
ბალს ელოდები
მაღალ ფერდობზე
ის გვიან მოდის
ორმოცი კილო
ამ ერთი ხიდან?
ვჭამოთ, ვაჩუქოთ
მერე მურაბა
სამოცი დღეა
პომიდვრის მორწყვა
დაბალი წნევით
მიწასთან ახლოს
სანამ ჩითილი
ზევით არ წავა
სარს არ მოითხოვს
და დამძიმდება
სამოცი დღეა
ყვავილებს უვლი
რა მაზალოა
ეს ყვავილები
მაგრამ ფუტკარი
როდესაც მოდის
მაინც ღირდაო
ამოიხვნეშებ
მერე თხილი და
ლეღვი იქნება
მაგრამ შენ მხოლოდ
სამოცი დღე გაქვს
ჭიშკარის იქით
სუბარუ გელის
სუბარუს იქით
ისევ თბილისი
ლეღვი და თხილი?
ვერ მოესწრები!
მეზობლის ქალი
მანანა დაკრეფს

 

ვიცი მივქარავ
ვარომანტიზებ
‘აბა მიდი და
სულ იქ იცხოვრე’
‘ფული აქ არის
და კაპუჩინოც’
‘კაფეს კულტურას
ვერ მოშორდები’
‘შენ ხალხი გიყვარს’
‘მარტო ვერ გაძლებ’
‘ბავშვებს სკოლაში
იქ სად გაუშვებ’
‘ტოჟე მნე ბურჟუის
ნაროდნიკობა’

 

არადა სადაც
არ უნდა ვიყო
მოვა აგვისტო

და agaonidae
ლეღვის კრაზანა
შეძვრება ლეღვში
იქ ფრთებს დაკარგავს
კვერცხებს დადებს და
იმწამს მოკვდება
კვერცხებიდან კი
წითელ სიტკბოში
შემოვლენ კვლავაც
ლეღვის წმინდანნი
უფრთებო ძმები
მათ ფრთიან დებთან
დაწყვილდებიან
და მერე ლეღვში
ხვრელს გამოთხრიან

სიცოცხლის ფასად
ხვრელს რომლიდანაც
კვერცხებით სავსე
რჩეული მდედრი
მორიგი ლეღვის
საძიებლად გაფრინდება
და დაიწყება
თავიდან ციკლი
რომლითაც ცოცხლობს ლეღვი
უკვე ოთხმოცდაათი მილიონი წელი

 

მეორე წელი
სამოცი დღეა
ბაღში ვფუსფუსებ
სანამ თბილისი
ბედივით მელის
ნეტავი რამდენი
მილიონი წელი
გაგრძელდება ეს ციკლი?

 

სანამ შენ გეძინა

თითქმის კვირაა
მე ვეღარ გხედავდი
გეძინა ოთახში
სასტუმრო ოთახში
მე დავრჩი ოთახში
სულ მარტო ლოგინში
კი თუმცა ჯანმრთელი
და მაინც მარტო
იყო მსხვერპლშეწირვა
შენი მსხვერპლშეწირვა
შენ გქონდა ვირუსი
ხველება სურდო
მე არ მქონდა ვირუსი
და შენ გაიხიზნე
სასტუმრო ოთახში
ვირუსით მარტო
ეხლა კი ვირუსი
ბურუსს ჩაბარდა
და ჩვენ ვართ ოთახში
ლოგინში მარტო
და შენი სხეული
მძინარე სხეული
შფოთვას მიმშვიდებს
მე არ ვარ მარტო
ჩემთან ის მსხვერპლია
ძველი მეგობარი
რომელიც მიმშვიდებს შფოთვას
შენი ძილის და
ჩემი სიფხიზლის
მსხვერპლი დუმილის
ხილული მარტო

 

როგორ დავწეროთ ლექსი ცეცხლის დანთებაზე

როდესაც გინდება ხანდახან ადამიანს
ლექსის დაწერა ცეცხლის დანთებაზე
ისეთის რომ რჩევად დარჩეს შვილებს
აი რა უნდა ქნა
პირდაპირ ნურავის მიმართავ
თუნდაც შვილებს
თუმცა წერე ისე თითქოს მათ წერდე
დაიწყე იმით რომ ხანდახან
ყველას უნდება ცეცხლის დანთება
მერე ჯერაც არ ნახსენებ შვილებს
ორი არსებული მიდგომიდან ერთი ურჩიე
და დრამატურგიისთვის თქვი რომ ერთს
ვითომ მათი დედა ემხრობა
არქიტექტურას
სადაც ცეცხლს ვაშენებთ როგორც ბიბლიოთეკას
ვიწყებთ ქაღალდის ოთახით და
მის გარშემო ლამის მართი კუთხეებით
ვაგებთ შენობას თანმიმდევრულად
პატარა საშუალო დიდი კედლებით
ისე რომ ზუსტად ვიცით სად წავუკიდებთ
და რომელი ფასადის მიმართულებით
განვითარდება წვა

მეორე მიდგომა შენი იქნება
მამის
მებაღის
არქიტექტურის ალტერნატივა
სადაც ვიწყებთ ხის გულით
ვირჩევთ იმ თესლს
რომლის გარშემოც განვავითარებთ ცეცხლს
და რომლის პირველად გადახრაზე
დამოკიდებულია ყველაფერი
ამიტომ სწრაფად ვანთებთ და
მერე მის ზრდას ვემორჩილებით
და მხოლოდ მზად ვართ ხელში გაზეთით
ან ხმელი ტოტით რომ შევეშველოთ
და მუდამ მივცეთ ის ნიადაგი
ანუ ჰაერი რომელიც ვიცით რომ მას სჭირდება
ოღონდ ისე რომ არ ამოვიდეს ველური და
ჩვენ გავუძღვეთ პროცესს
რომელმაც უნდა წარმოშვას
ის ხილი რომლის გემო ჯერ არც კი ვიცით
დასასრულისკენ იმისთვის რომ შეკრა ლექსი
ცეცხლის დანთება ლექსის წერის მეტაფორად გამოიყვანე

კი კი ასე სჯობს
თან ძველ ბერძნულზე ალუზია ხომ ყველას უყვარს
სადაც პოეზია ნაკეთობაა კომპოზიცია
(არ დაგავიწყდეს ძველი ბერძნული)
ბერძნულიდან კი ინგლისურსზე გადი
(ვინ იცის ვინ წაიკითხავს
მართლა შვილებს ხომ არ წერ)
და ახსენე რომ ინგლისური

ველური ენა
უფრო ზუსტად გამოხატავს იმ მეტაფორას
რომლითაც უნდა დაამთავრო ლექსი
იქ ხომ ცეცხლს არავინ ანთებს

მას აშენებენ ან აკეთებენ

ჰოდა ამიტომ ლექსიც და ცეცხლიც

პოეზიაა
არქიტექტორის ან და მებაღის

 

და აი აქ კი არჩევნის წინ ხარ
ან გააგრძელებ იმ მეტაფორას
სადაც შვილებიც პოეზიაა
ან მას დატოვებ გაუჟღერებელს
ეგ შენღა იცი

© არილი

Facebook Comments Box