პოეზია

ანდრო დადიანი – როცა ფული მექნება… და სხვა ლექსები

dadiani 45454

როცა ფული მექნება შენგან სიზმრებს ვიყიდი ჩემო შეყვარებულო

დათოს

ჩემი ჰონორარი იმდენია,

რომ ერთი ქუდიც არ შემიძლია ვიყიდო ამ ზამთარში.

არადა როგორ გამახარებდა ისეთი ქუდი,

ახლა მეტროში გოგოს რომ ეფარა,

მომწვანო ქუდი,

ბაცი ყვითელი პომპონჩიკებით,

ერთი თავზე და ორიც გრძელ ყურებზე

ფორთოხლებივით დაკიდებული.

მინდოდა გამეჩერებინა და მეკითხა,

– სად იყიდეთ ან სად მოაქსოვინეთ-მეთქი?

და წინ წადგმული ფეხი ჰაერში გამიქვავდა,

”ჰოროლანი” გამახსენდა

(ასე გამოთქვამს ჩემი პატარა ძმისშვილი ამ სიტყვას).

 

მეგობრის სპექტაკლის პოსტერია: ”გააპროტესტე შიმშილი!”.

ვაპროტესტებ შიმშილს!

მთელი ხმით ვაპროტესტებ შიმშილს!

ვაპროტესტებ ამ უდროო ზამთარს,

უქუდობას,

ყინვით მოჭირხლულ ცხვირს და ყურებს,

თვალებში ყვითლად ანთებულ ბოტკინს,

ავადმყოფობაში მარტოობის შიშს

და აფთიაქში დაანგარიშებულ რეცეპტის ფურცელს,

რომელიც ხუთასს ლარს უკაკუნებს.

 

ოცდაათს მიღწეულ ბიჭს პომპონჩიკებიანი ქუდი მინდა,

მიწას ვარ მიბმული დიდი ზომის სამხედრო ბათინკებით,

ჩემი ჰონორარი ადრეული ზამთრის კომუნალურებსაც ვერ წვდება.

შეყვარებული კი იღვიძებს და მეუბნება

– მესიზმრა, ბანანს ვფცქვნიდი

და შიგნიდან ბანანის ნაცვლად ყვითელი თუთიყუშები ამოფრინდნენ.

 

– ჰოდა ასე ჩემო შეყვარებულო,

როგორც კი ფულს მოვიგდებ ხელში

შენგან სიზმრებს ვიყიდი,

კრებულს გამოვუშვებ

და დავივიწყოთ მერე გაზის ეკონომია,

ორი საბანი და ზემოდან პლედი,

ბარიერებად რომ გვექცა საწოლში

ერთმანეთთან მისაახლოებლად.

 

* * *

დილით ქაშუეთთან ვნახე ზანგის ბიჭი,

ჰგავდა ღვთისმშობელს,

იელები ენთო თვალებში,

მსუბუქი იყო მარტის სიოზე,

არ მიყვებოდა ქუჩის დინებას,

იდგა და წერდა ესემესებს ვინმეს,

ალბათ შორს…

 

როგორც უსულო ის იდგა ქარში

და გადიოდა ქუჩა მასში,

ვითომცდა თაღში.

 

მე ვნახე ქაშუეთთან დილით

ღვთისმშობელივით ზანგის ბიჭი,

სქელტრაკა იყო, ყვითელთვალება.

იქნებ სახელიც კი რქმეოდა ვინმე წმინდანის

იდგა და წერდა ესემესებს,

ეგებ ღვთისმშობელს.

 

***

‘’დღეს ჰომოფობიური ხასიათის ბულინგი მომიწყვეს თანამშრომლებმა, პირველად მივედი სამსახურში საყურით და ვისაც არ დაეზარა უფროსიდან დაწყებული ყველამ დამცინა, მერე ჩემს სექსუალურ გემოვნებაზე მოიწყვეს იუმორისტული საათი, ღლიცინებდნენ, იღრიჭებოდნენ, მასხარაობამ ისე შეიყოლია, ადამიანებს აღარ გავდნენ, მე კი ოთახიდან გასვლა არ შემეძლო, არც არაფერი შემეძლო გამეკეთებინა მათ წინააღმდეგ

                                                        ფრაგმენტი საკუთარი დღიურიდან

მათი სიცილის ხმა ფანჯრებს ზარავს…

ისინი ჯოგებად გადაადგილდებიან,

ლურჯი ავტობუსებით

არტერიებში შედიან და ქალაქს სერავენ.

ბალზამად ედებიან მთელ შიგანს

და სიცოცხლის ყველა გამოვლინებას აქვავებენ.

გაყინული ჩიტები ტალახში ყრია.

გონება შიშით იტბორება.

 

ცაო ქვით დაგვსეტყვე

და მზეო ცეცხლოვან მახვილებად აქციე შენი სხივები.

 

კედლებს ასკდება სიცილი,

ჰაერში დახეული ოლარები ტკაცანებს,

ბარძიმები სკდება

და წითელი ღვინის ნიაღვარს მიაქვს ქუჩები.

 

ანგელოზთა კრებული მომიჩინე უფალო

მახვილშემართული,

ღმერთთან მებრძოლი იაკობის ძალით

ანგელოზთა კრებული.

 

ისინი საწოლში მივარდებიან

და ღმილიანი ტუჩებით მჭამენ ცხოვრებიდან.

 

თვალებში ნემსებს გავიყრი,

ოღონდ ნუ მაყურებინებ ქალაქს ამ ზიზღის საფუარით,

ცხრა თვე ცეცხლზე ვივლი ფეხშიშველი

და თავს დავიმარხავ საზიარო საფლავში,

ოღონდ გამარიდე აქაურობას.

 

გადმოგვაყარე გალავნის ლოდები და გასრისე

ზიზღით მიხრწნილი, ლეშით სავსე ქალაქი,

მიწა ჰქმენ უნაყოფო და ცოლნი უძეო მათთვის,

ან გადმოგვაყარე გალავნის ლოდები.

 

მომეც ცრემლნი ვითარცა მეძავსა,

და ღაღადი ვითარცა მეზვერეს,

შესავედრებელი ჩემი ხარი შენ

და შეგვედრი შენ,

მიწყალე მე დიდითა წყალობითა შენითა

და დამიცავი,

დამიცავი ამ ღიმილიანი დრაკონებისგან უფალო.

 

სპილოების სასაფლაო

დე, არ შემიძლია!!!

არ შემიძლია ამ ადამიანებთან ცხოვრება.

მე ნამდვილად მხოლოდ სიზმრებში ვცხოვრობ,

ჩემი ცხოვრება კი ნამდვილად სიზმარია.

 

ფიქრობ შვილზე და

ჩირად ქცეული ჭიანჭველასავით

მიათრევ ქუჩიდან ქუჩაზე სევდას…

ცდილობ, მოიკრიბო ძალა

და სპილოების სასაფლაოს დაემსგავსე.

 

ცახცახის შესაჩერებლად –

ხელისგულებზე დაყრდნობილი ნიკაპი…

თავის შესაკავებლად –

ბუჩქებში ნაზასავები გოგოსავით დასიებული

შიგნიდან დაკბენილი ტუჩები …

და ექიმების გამოწერილი დიაგნოზი –

ცრემლების ჩაქცევა …

 

მე მფრინავი ჰოლანდიელი არ ვარ,

არც მფრინავი მართლმადიდებელი 17 მაისის აქციიდან,

მე შენი პროვინციელი შვილი ვარ, დე,

შენი შვილი, რომელიც

მე-14 კორპუსის სახურავიდან აფრენის მცდელობისას

სახით მიწას შეეჩეხა…

 

სავარძელზე თავგადადებული,

დარჩენილ დღეებს ღრმა ნაფაზებს ურტყამ

და ჩვენს შეხვედრას ელი.
* * *

მე შემიძლია ვიწინასწარმეტყველო

როგორი იქნება ხვალინდელი დღე
ერთი კვირით წინაც შემიძლია წინასწარმეტყველება
და ერთი წლით ადრეც.
ხვალ იქნება, ისე როგორიც იყო გუშინ, გუშინწინ
და როგორიც იქნება ხვალ ისე იქნება ზეგ!
არავითარი მოულოდნელობა
დილით სამუშაოსკენ სირბილით,
შუადღეს ძვლებში ფესვებგადგმული დაღლილობით
ბუფეტში ეკონომიური ულუფისკენ.

არანაირი სიახლე,
დიდება მოწყენილობას,
მოწყენილობას დიდება!
არც ერთი გრამით მეტი სანელებელი,
დიდება ერთფეროვნებას,
ერთფეროვნებას დიდება!
რაიმე ახლის ეჭვიც კი არა.
უსახურ დღეებს დიდება,
დიდება, დედება, დიდება!

დღეს ისე როგორც გუშინ
ხვალ ისე როგორც ახლა,
მაისი როგორც აპრილი,
წელს ისე როგორც შარშან.
ვატრიალოთ წინ და უკან

ვატრიალოთ დღე და ღამე

არაფერი შეიცვლება,

არაფერი არც ხვალ,

არც ზეგ!

 

ბუფეტში თანამშრომლები შემოდიან,
დგას ახალგაზრდა გოგო დახლში,
როგორც გაზაფხულზე გამოცლილი ქილები სარდაფში.
კლიენტები მას გზიდან უღიმიან  სიახლის იმედით
და ეკითხებიან,
– რა არის დღეს ახალი აბა???
გოგონას პირში ბაიყუშები წამოწოლილან და ამთქნარებენ,
მე კი ვპასუხობ,
– დღეს ისე როგორც გუშინ,
სუპი ყვავილოვანი კომბოსტოთი,
შიგ ჩახეხილი სტაფილოთი და ხახვით…
გოგონა იღიმის და კლიენტებს ეგებება.
საბაზრო ეკონომიკის წარმატების წესი პირველი,
– გაუღიმე მომხმარებელს!
გახლეჩილი ბაგეები სტუმრებს ეგებება…
ღიმილიანი ტუჩები!
მიდი,

მიდი, მიდი გოგონავ,
მიაგებე ღიმილი კლიენტებს,
შეასრულე წესი პირველი, არ გაჩერდე!
ან კი გაქვს რამე ღიმილზე მეტი რომ არ გაჩერდე?!
თითქოს კითხულობს პატარა კახპა  ჩემს ფიქრებს
და მნებდება, იღიმის.
ის იღიმის,
მისი ბაგეები იღიმიან
და ასოს მოლოდინით გადაფურჩქნულ საშოსავით არის ის ღიმილი,
ქვეტექსტით – ღრენა.

 

ვჭყუმპალაობ დილით
და უცბად მოვარდნილი ცივი წყალი მახსენებს,
რომ გასცდა ხარჯი საკუთარ ღირებულებას.
ისე დაარეგულირა ბაზარმა ჩემი ფასი
რომ დასვენებაზე ფიქრსაც კი არ აქვს აზრი.
სხეულს შია
სხეული დალაგებას მთხოვს,
სახლიც ასევე…
სხეული დაღლილია,
სხეულს აღარ უნდიხარ,
სულსაც ასევე.
სხეულს აღარც საკუთარი თავი უნდა,
ასე დაღლილი სულ,
სულ, სულ, სულ
აღარც შენ გინდივარ.
ასე დაღლილი სულო
როდემდე უნდა იყო,
სულ, სულ, სულ???
ჩვენ ვშორდებით ერთმანეთს და
პირში ჩარგული ლექსები მიხმებიან,
ისე, რომ აღარავინ ყავთ მსმენელი.

© არილი

Facebook Comments Box