ჩარლზ სიმიკი – ბაკნელის უნივერსიტეტში წარმოთქმული მისასალმებელი სიტყვა

SIMIC

მისასალმებელი სიტყვა, ბაკნელის უნივერსიტეტი, 2008 წლის 18 მაისი

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

მივმართავ პრეზიდენტ მიტჩელს, პატივცემულ მასწავლებლებსა და სტუმრებს, აგრეთვე – 2008 წლის გამოსაშვები კლასის მოსწავლეებს!

მიხარია და დიდ პატივად მიმაჩნია, რომ თქვენი მოწვევით მონაწილეობას ვიღებ ზეიმში შესანიშნავი ძველი სკოლისა, რომელიც ადრე ცნობილი იყო “პენსილვანიის უდაბნოს” სახელწოდებით. ვულოცავ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ამ ღირსშესანიშნავ წვიმიან დღეს – ცივ დღეს, რომლის გამო შეიძლება ვიკითხოთ: რაში გამოიხატება გლობალური დათბობა?

ორმოცდაორი წლის წინ თქვენს ადგილას ვიყავი. მახსოვს ჩემი გაოცება და ბედნიერების განცდა კოლეჯის დამთავრებასთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მეტი ბედნიერება, როდესაც ჩემმა შვილებმაც დაამთავრეს კოლეჯი. შეიძლება თქვენთვის ეს ბუნებრივი რამაა, მაგრამ ჩემთვის ძალზე ამაღელვებელია. ბავშვობისას ყველა მასწავლებელი და ნათესავი მარწმუნებდა, რომ უქნარა ვიყავი და გულწრფელად გამიკვირდა, რომ მათი წინასწარმეტყველება არ გამართლდა. გულწრფელად ვაღიარებ: მძულდა სკოლა. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, როდესაც ბომბავდნენ ჩემს მშობლიურ ბელგრადს (ახლა გაუკაცრიელებულ ქალაქს), ვლოცულობდი, რომ ერთ-ერთი ბომბი ჩემს სკოლას დასცემოდა. ეს არ მოხდა. მახსოვს ჩემი იმედგაცრუებაც, როდესაც ომი დამთავრდა. აფორიაქებული, დავხეტიალობდი ნახევრადდანგრეული ქალაქის ქუჩებში მეგობრებთან ერთად და ეს იყო მთელი განათლება, რომელიც მჭირდებოდა. დედამ შემასწავლა კითხვა, ხოლო მამაჩემის ბიბლიოთეკის წიგნები უფრო საინტერესო იყო, ვიდრე სახელმძღვანელოები.

 

     სამშობლოს დატოვება

 

მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება, ისევე, როგორც ჩემი მშობლების ცხოვრება შეიცვლებოდა და რომ ომის შემდეგ ჩვენ – დევნილნი – იძულებით დავტოვებდით სამშობლოს. ჩემმა ოჯახმა მსოფლიო უფასოდ მოიარა ჰიტლერის ომისა და სტალინის მიერ აღმოსავლეთ ევროპის დაპყრობის შედეგად. არავის უკითხავს, რა გვსურდა. ისევე, როგორც მილიონობით სხვა ადამიანს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ, არ გვინდოდა ბელგრადის დატოვება, რადგან ძალიან გვიყვარდა ის. დიდი სახელმწიფოები ერთმანეთში იყოფდნენ ზეგავლენის სფეროებს, საზღვრები შეიცვალა, ეგრეთ წოდებული რკინის ფარდა დაეშვა და ბედის ანაბარა დავრჩით ჩვენი ჩემოდნებითა და მოგონებებით.

იმდენი უბედურება არ განგვიცდია, რამდენიც გადაიტანეს ომის შედეგად ადგილგადანაცვლებულმა სხვა ადამიანებმა. მაგალითად, მილიონზე მეტი რუსი, რომლებსაც ომის განმავლობაში გერმანელები აიძულებდნენ, ემუშავათ გერმანიის ქარხნებსა და ფერმებში, მოკავშირეებმა სამშობლოში დააბრუნეს. ზოგიერთი მათგანი დახვრიტეს, დანარჩენები კი გაგზავნეს შრომით ბანაკებში, რათა თანამოქალაქეთა გონება არ აემღვრიათ ევროპაში ათვისებული დეკადენტურ-კაპიტალისტური იდეებით. ჩვენი პერსპექტივები უფრო ნათელი იყო. ვიმედოვნებდით, რომ შეერთებულ შტატებში აღმოვჩნდებოდით, რადგან მამაჩემი ომამდე ამერიკულ კომპანიაში მუშაობდა და კომპანიის მესვეურებს სურდათ, მასთან თანამშრომლობა განეახლებინათ. ათასგვარი ფათერაკების შემდეგ აქ აღმოვჩნდით.

 

ნიუ-იორკის ხილვა

 

1954 წლის აგვისტოს ვიდექი იმ ხომალდის გემბანზე, რომელიც ნიუ-იორკის ნავსადგურში შედიოდა. აღტაცებით ვუცქერდი ჰორიზონტს და ვშფოთავდი – არ ვიცოდი, რა მელოდა წინ. იმ მომენტში ჩემთვის ვინმეს რომ ეკითხა, რას ინატრებო,  ალბათ, ვუპასუხებდი, რომ მსურდა ინგლისური ენის შესწავლა, ჯინსების, კოვბოური ქამრის, ფერადი სპორტული პერანგის ყიდვა და გასეირნება ერთ-ერთი დიდი ამერიკული ავტომანქანით, რომლებიც იმ დილას ვიხილე. ჩემი პატივმოყვარული სურვილები იმდენად ბუნდოვანი ან მოკრძალებული იყო, რომ მათზე საუბარი არც ღირს. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება.

როდესაც ბავშვობისას მეკითხებოდნენ, რა პროფესიაზე ოცნებობო, რაღაცებს ვიგონებდი. მამაჩემი ინჟინერი იყო და ამიტომ ვიცოდი, რომ უფრო უხიფათო იყოYიმის თქმა, რომ ინჟინრობა მსურდა, ჩემი მამიკოს მსგავსად. ამის მოსმენა ყველას სიამოვნებდა. მოგვიანებით, როდესაც მოზარდი გახლდით, მივხვდი, რომ მათემატიკა არ მეხერხებოდა და ჩემს მშობლებს ვაუწყე, ჟურნალისტობაზე ვოცნებობ-მეთქი. მამაჩემს გაუხარდა, დედას კი – არა. ის ფიქრობდა, რომ საზღვარგარეთ კორესპონდენტად მუშაობისას რომელიმე ქვეყანაში უბედურებას გადავაწყდებოდი ომის ან რევოლუციის დროს; შეიძლებოდა ტყვედ ჩავვარდნოდი აჯანყებულებს, რომლებიც, ალბათ,Y მაწამებდნენ და დამხვრეტდნენ. მე კი ვოცნებობდი. წარმომედგინა, რომ თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი, კოქტეილს ვსვამდი საომარ მოქმედებათა რაიონში განლაგებული ელეგანტური ოტელის ბარში, ვეარშიყებოდი ლამაზ, იდუმალ ქალს, რომელიც, ალბათ, ჯაშუში იყო, მაგრამ წააგავდა 1940-იანი წლების შავ-თეთრი ფილმების (ისინი სიყმაწვილეში ძალიან მიყვარდა) ერთ-ერთ ჰოლივუდელ კინოვარსკვლავს.

 

პოეტური შემოქმედება

 

არსებითად,  ჟურნალისტიკა სულაც არ მაინტერესებდა. ვხაზავდი და ვხატავდი, მალულად ლექსებსაც ვწერდი, მაგრამ ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა მეშოვა სამუშაო. ჩემი მშობლები ცალკე ცხოვრობდნენ და თვრამეტი წლის ასაკში დამოუკიდებლად უნდა მერჩინა თავი და გავრკვეულიყავი სამომავლო გეგმებში. ვიცოდი, რომ უმაღლესი განათლების მისაღებად ღამღამობით უნდა მესწავლა. დღისით კი მემუშავა. წლები დამჭირდა, რათა ბაკალავრის დიპლომი მიმეღო, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ჩემი ძირითადი არჩევანი ძალზე არაპრაქტიკული იყო. ვსწავლობდი რუსულ ენასა და ლიტერატურას, თუმცა კარგად ვიცოდი, რომ ვერასოდეს დავაგროვებდი საკმარის ცოდნას, რათა სხვებისთვის მესწავლებინა ეს საგანი. შეიძლება მკითხოთ, რატომ მოვიქეცი ასე? მიყვარდა დიდი რუსი მწერლებისა და პოეტების ნაწარმოებთა კითხვა ორიგინალში. ესაა და ეს. სხვა მიზეზი არ არსებობდა.

ზოგჯერ მეკითხებიან, როდის გადავწყვიტე, პოეტი გავმხდარიყავი. ჩვეულებრივ, ვპასუხობ – რაც ბევრს აკვირვებს – რომ ეს გადაწყვეტილება არასოდეს მიმიღია. ლექსებს ღამით ვწერდი, ვაქვეყნებდი ლიტერატურულ ჟურნალებში, მონაწილეობას ვიღებდი პოეზიის საღამოებში, გავიცანი ზოგიერთი პოეტი, მაგრამ იმ პერიოდში მხატვრობა მსურდა. პრობლემა ის იყო, რომ, პრაქტიკულად, არავითარი ნიჭი არ გამაჩნდა. თითქმის ოცდაათი წლის ასაკში მოვეგე გონს და ხელი ავიღე ხატვაზე. ამ დროისთვის გამოვაქვეყნე ჩემი ლექსების პირველი წიგნი და ვამზადებდი მეორეს, თან ვმუშაობდი ჩიკაგოსა და ნიუ-იორკის სხვადასხვა უწყებაში და ზოგჯერ ვერთობოდი.

 

განადგურებული ცხოვრება

 

არაფერი სჯობს საინტერესო ადგილას ცხოვრებას, მეგობრების ყოლას, მათთან დროსტარებას, სასიყვარულო თავგადასავლებს და სასიამოვნო სამსახურის ქონას. სამწუხაროდ, სამყაროში მიმდინარე მოვლენები დროდადრო არღვევს ჩვენი ცხოვრების მშვიდობიან მდინარებას. კარგად მახსოვს, როგორ მივედი ერთ დღეს სამსახურში – “ჩიკაგო სან თაიმში” – და მისალმებისას ჩემს თანამშრომლებს ვაცნობე, რომ ვაპირებდი ლიბანში გამგზავრებას არაბებთან საბრძოლველად. ეს იყო 1957 წელი. პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა ბეირუთში გაგზავნა საზღვაო ფლოტი. გაზეთები  იუწყებოდნენ, რომ საჭირო იყო მეტი ჯარის გაგზავნა. წამიერად შიშმა შემიპყრო. მზად არ ვიყავი, დამეტოვებინა ჩემი მყუდრო ცხოვრება. მოგვიანებით ჯარში ვიმსახურე, მაგრამ, საბედნიეროდ, ვიეტნამში არ მოვხვედრილვარ. იქ ჩემი უმცროსი ძმები გაგზავნეს. შიშის გავლენით, რომელიც მაგრძნობინა აწ უკვე დავიწყებულმა ლიბანის კრიზისმა,Yთვალყურს ვადევნებდი სამყაროში მიმდინარე მოვლენებს. დედამიწის სხვადასხვა კუთხეში ყოველთვის ხდება რაღაც საშინელი, ამაზრზენი. ჩვენ, უმეტესად, ვფიქრობთ, რომ ეს ამბები ჩვენ არ გვეხება, რომ ისინი სხვა ადამიანების პრობლემაა. შეიძლება თანავუგრძნობდეთ მათ ტანჯვას, მაგრამ სულაც არ გვსურს, გავიაზროთ პოლიტიკა, რომელმაც ეს გამოიწვია და სრულად წარმოვიდგინოთ ხალხის მძიმე მდგომარეობა. სულაც არ გვაინტერესებს დეტალები. მაგალითად, ამჟამად ჩვენ არ ვითვალისწინებთ ომის რეალურ საფრთხეს. ოკუპირებულ ქვეყანაში გავიზარდე და ამის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ ბავშვობიდანვე ნათლად შევიგენი, რა არის ომი. ჩვენი ტელევიზიით თითქმის არასოდეს გადმოიცემა სისხლისღვრების ამსახველი სცენები. საშუალებას არ გვაძლევენ, ვიხილოთ დახოცილი ადამიანები, დასახიჩრებული სახეები და სხეულები ან მომაკვდავის აგონია. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ შეძლებდა თვალი დაეხუჭა ომების პერსპექტივაზე ან მათთვის კეთილშობილური წამოწყებები ეწოდებინა, ტელერეპორტაჟები ამდენად “დავარცხნილი” რომ არ იყოს და რომ არ გვიმალავდნენ იმას, თუ რას უქადის ომი ადამიანებს. პირველ მსოფლიო ომს ვიღაცამ “სასაკლაო” უწოდა. დავამატებ, რომ ძირითადად უდანაშაულონი იღუპებიან. ომით თავის მოწონება დაუშვებელია. ამჟამად ხშირად უფრო უხიფათოა, იყო ჯარისკაცი, ვიდრე – სამოქალაქო პირი. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ჯარში სამსახურია სახალისო საქმიანობა.

 

რეალობა არ გვპატიობს

 

 

ომის თემა ყოველთვის მაღელვებდა. ეს საკითხი თქვენთვისაც იქნება შფოთვის მუდმივი მიზეზი. შეიძლება სცადოთ მისი იგნორირება, მაგრამ ვერ შეძლებთ. რეალობა არ პატიობს ცალკეულ ადამიანებსა და ქვეყნებს, რომლებიც ივიწყებენ მის არსებობას. ადრე თუ გვიან ის სანაცვლოს მოგიზღავთ.

ამ საკითხში გამათვითცნობიერეს იმიგრანტებმა და იმიგრანტთა შვილებმა, რომლებიც ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში გავიცანი. ებრაელებს, გერმანელებს, პოლონელებს, იტალიელებს, რუსებს უჩვეულო ცხოვრების გზა ჰქონდათ განვლილი. ისინი მიამბობდნენ, რაოდენ უზომო ბოროტების ან სიკეთის ჩადენის უნარი შესწევთ ადამიანებს. მიყვარდა მათი საუბრების მოსმენა, თუმცა კარგად როდი მესმოდა ამ ადამიანების აღშფოთებული შეძახილები და მოწოდებები. მათ გადაიტანეს რევოლუციები, თავდასხმები, ოჯახური ტრაგედიები, სიღარიბე, დამცირება და ღმერთმა იცის, კიდევ რა. მიუხედავად ამისა, შეინარჩუნეს ცნობისმოყვარეობა, იუმორის გრძნობა და მომიწოდებდნენ: “ჭკუაზე მოდი!”, “გონებას მოუხმე!”, “თვალები გაახილე!” “ეს წიგნი წაიკითხე!”. ალბათ, ფიქრობდნენ, რომ უნდა იცოდე ყველაფერი ჩვენი სამყაროს შესახებ – ისიც, რაც მოსაწონი არაა.

 

დამოუკიდებელი აზროვნება

 

დამოუკიდებელი აზროვნებით უნდა გამოირჩეოდეს ყველა, ვინც საზოგადოების გარემოცვაში ცხოვრობს. პრობლემა ისაა, რომ საზოგადოება (თუმცა სხვაგვარად გვაჩვნებს თავს) ამის საშუალებას არ აძლევს ადამიანებს. ახლახან გადავიკითხე რალფ უოლდო ემერსონის ლექცია, რომელიც მან 1841 წელს წაიკითხა მექანიკოსების შეგირდთა შეკრებაზე ბოსტონში. დიდი ფილოსოფოსი და პოეტი აფრთხილებს ახალგაზრდებს, რომ ზედმეტად მგრძნობიარე სინდისი ხელს უშლის წარმატებას, რომ ყოველი პროფესია მოითხოვს გარკვეულ თვინიერებას, დიდსულოვანი ქცევებისგან თავის შეკავებას, კონფორმიზმს, ცალკეული ადამიანებისა და საზოგადოების თვალსაზრისთან კომპრომისს. ეს ესე, რომელსაც ეწოდება “ადამიანი – რეფორმატორი”, ახლაც ძალზე ამაღელვებელია. გვგონია, რომ ძლიერი პიროვნებები ვართ, ემერსონი კი ამბობს, რომ ჩვენი საზოგადოება იგუებს არა დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანებს, არამედ – მხოლოდ კონფორმისტებს. ნებისმიერი ჩვენგანი, ვინც ფიქრობს, რომ ემერსონის თვალსაზრისი გაზვიადებულია, თავის თავსაც კი ვერ უმხელს სიმართლეს ცხოვრების შესახებ.

სამყარო ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს და ეს უნდა გვახსოვდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ გამუდმებით გვატყუებენ სხვადასხვაგვარი  - ფრიად პატივსაცემი – ინსტიტუციები  და პიროვნებები. ნებისმიერი ერი დედამიწაზე უფრთხის სიმართლეს და თავს არიდებს იმის აღიარებას, თუ რა გააკეთა თავისი თავისა და სხვებისთვის. ჩვენ აქ არაფრით გამოვირჩევით. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მისიაა სამყაროს გაუმჯობესება, მაგრამ საკუთარი ქვეყნის მოწესრიგებაც კი არ ძალგვიძს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს სერიოზულად არ განიხილებოდა არც ერთი პრობლემა, რომლებიც ეხება განათლების, დასაქმების, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, არალეგალური იმიგრაციის, ეროვნული ვალების, ორი ომის ღირებულების საკითხებს. ოდინდელი თვალსაზრისი იმის თაობაზე, რომ ცალკეული მარცხის მიუხედავად, ამერიკა ვითარდება, რომ ადრე თუ გვიან ის ისეთი იქნება, როგორც ჩვენც წინაპრებს წარმოედგინათ, რომ გამეფდება ჭეშმარიტი თანასწორობა და პოლიტიკური დემოკრატია, აღარ გამოითქმის ხალხისა და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების მიერ. თუმცა, ხალხი, ალბათ, ცდილობს, ებრძოლოს უსამართლობას და გადაჭრას ამასთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემა. მაგრამ ჭეშმარიტად დემოკრატიული  საზოგადოების ჩამოყალიბების ალბათობა სულ უფრო მეტად იკლებს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი პოლიტიკური დისკურსის დონეს. ვიმედოვნებ, რომ თქვენ – ახალი თაობა შეებრძოლებით ამ ტენდენციას და დაგვიცავთ ჩვენი სულმოკლეობისგან, უგუნურებისგან და თავიდან აგვაცილებთ თვითგანადგურების საფრთხეს.

 

შესაბამისობა

 

საფრთხე, რომლის შესახებაც ემერსონი გვაფრთხილებდა თითქმის ას სამოცდაათი წლის წინ, ახლაც არსებობს. მას, ისევე, როგორც მე, უყვარდა ეს ქვეყანა და დიდ იმედებს ამყარებდა მასზე. უბრალოდ, არ შეეძლო ეპირფერა და კმაყოფილება გამოეთქვა იმ მოვლენების გამო, რომლებიც სინამდვილეში არ მოსწონდა. ყველა ამერიკელი დიდი პოეტი – დაწყებული უიტმენით – შინაგანად გაორებული იყო, მაშინაც კი, როდესაც განადიდებდა ჩვენი ქვეყნის სილამაზეს და ჩვენი ხალხის მრავალ შესანიშნავ ნიშან-თვისებას. 1855 წელს, “ბალახის ფოთლების” (ლექსების პირველი წიგნის) წინათქმაში უიტმენი ურჩევდა თქვენი ასაკის ახალგაზრდებს: “გიყვარდეთ მიწა, მზე და ცოცხალი არსებები, ნუ გაეკიდებით სიმდიდრეს, დაეხმარეთ უპოვარ ადამიანებს, დაიცავით ბრიყვები და შეშლილები, თქვენი შემოსავლებითა და შრომით დაეხმარეთ ღარიბებს, გძულდეთ ტირანები, ნუ დაეჭვდებით ღმერთის არსებობაში, მოთმინებითა და ლმობიერებით მოეპყარით ადამიანებს, პატივი ეცით პიროვნებებსა და ხალხებს… სკოლაში, ან ეკლესიაში, ან ნებისმიერი წიგნიდან მიღებული ცოდნიდან გამორიცხეთ ყველაფერი, რაც ამდაბლებს თქვენს სულს, და შთამბეჭდავი იქნება თქვენი მჭევრმეტყველება ან მდუმარება, და კიდევ – მზერა და ყოველი მოძრაობა დიადი პოემის – თქვენი სხეულისა”.

 

სიცოცხლის სასწაული

 

გთავაზობთ ჩემს ლექსს. პოეზიაში უნდა გამოიხატოს მოწიწება სიცოცხლის წინაშე. შეგონებები ცხოვრების მართებულად წარმართვის შესახებ მისი საქმე არაა. ამიტომ სწორედ ლექსით ვამთავრებ ჩემს გამოსვლას. ესაა მოკლე კატრენებით აგებული ოთხსტროფიანი ლექსი. პირველი სამი სტროფი ოცდაათი წლის წინ დავწერე, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა დამესრულებინა ლექსი. შევეცადე წარმომედგინა მისი დასასრული, მაგრამ, უბრალოდ, ვერაფრის მოფიქრება ვერ შევძელი. დაუმთავრებელი ლექსი გადავდე და მრავალი წლის განმავლობაში დროდადრო ვუბრუნდებოდი, იმ იმედით, რომ შევძლებდი მის დამთავრებას. რამდენიმე წლის წინ დასასრული მოვიფიქრე.

 

ამ ლექსის სახელწოდებაა “ეს პატარა რაღაც”:

 

ძნელია, იპოვო რაიმე.

ასე ხდება ხოლმე, როდესაც

ქალი გთხოვს, მოაძებნინო მარგალიტი,

რომელიც აქ, ქუჩაში დაკარგა.

 

მას შეეძლო თვითონ ეძებნა,

მტირალს, ეუბნები საკუთარ თავს.

როდესაც  ეძებ მიწაზე დავარდნილ მარგალიტს,

ფიქრის დროს, – და არა მილიონი წლის შემდეგ…

 

ესაა ზაფხულის ერთ-ერთი საღამო,

როდესაც გჭირდება მიზეზი,

რათა გამოხვიდე გრილი ჩრდილიდან.

მაგრამ, სად გაქრა ქალი?

 

და რატომაა, რომ წლების შემდეგ,

კვლავ დროდადრო მზერას მიაპყრობ მიწას.

როდესაც ჩქარობ მიხვიდე იქ,

სადაც ახლა იმყოფები, დაგვიანებით მისული.

 

შეძლებს თუ არა თითოეული თქვენგანი, იპოვოს საკუთარი უნიკალური გზა, იპოვოს “ეს პატარა რაღაც”?

გმადლობთ.

© “ცხელი შოკოლადი”