Posted on

ზაზა ციციშვილი – აქა ამბავი აწმყოში გახირულთა

samsonadzee

ირაკლი სამსონაძე, „ლეას საათი“, თბ. „ინტელექტი“, 2011.

„– რას გაუმარჯოს? – დაეკითხა მეძავი გუმანს.

                                                – ხეტიალს! – უპასუხა გუმანმა.

                                                – რატომ? – გაუკვირდა მეძავს.

                                                – აწმყოში გახირულთა ხეტიალს, – დააზუსტა გუმანმა“

ყველა ცოცხალი არსება მეტნაკლები დოზებით ბუნებრივ ინსტინქტებზე დგას და მოძრაობს. როდესაც ბუნებრივი ინსტინქტიც კი „ურევს“, წამხდარია შენი საქმე, მით უმეტეს, თუ ისეთი უწყინარი და მოდი პირდაპირ ვთქვათ – უტვინო ფრინველი ხარ, როგორიც მწყერია. აბა, მწყერს რა უნდა ბინაში? ბინას რომ თავი დავანებოთ, საერთოდაც თბილისის თავზე რაღა ესაქმებათ მწყრებს? მათმა ბუნებრივმა საათებმა თუ აურიეს ალბათ და ლეას საათის რიტმში დაიწყეს ტიკტიკი, რამაც კარგი არაფერი მოუტანა არც მწყრებს და არც ბაგარებს.

არის ერთი შეგრძნება, რომლსაც პირობითად გერმანული სახელი მივუსადაგე, რადგან უფრო უხდება – zu hause. ძალიან ბუნებრივი რამაა ეს ჩვენი zuhause და სახლში ყოფნით გამოწვეულ მაქსიმალურ შინაგან კომფორტსა და ჰარმონიას აღნიშნავს. ოღონდ ეს „სახლი“ შეიძლება სულაც არ იყოს არსებული ბინა კონკრეტულ მისამართზე. ჩემი აზრით, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, ცოცხალი არსებები ამ ქვეყანაზე სამკვიდროდ ვართ გაჩენილები და არა სახეტიალოდ. ის, ვინც ბევრს ბორიალობს უთავბოლოდ, სწორედაც რომ zuhause–ს მწვავე დეფიციტით იტანჯება და ესწრაფვის მას, ჩემის ღრმა რწმენით. მწყრებიდან დაწყებული – ადამიანებით დამთავრებული, ყველანი სადმე დამკვიდრებას ვცდილობთ, პირადი ტერიტორიის პოვნას და თუ მას ვერ ვპოულობთ, მერე გვერევა ყველაფერი და ვართ უკიდურესად უბედურები, არადა არც ისე მარტივი საპოვნია ეს ოხერი. როგორც ჩანს, იმდენად ძლიერი ყოფილა ადამიანებში ხსენებული ინსტინქტი და მისწრაფება, რომ ბაგარებისნაირ ავანტიურისტ, მედროვე, მოუსვენარ და კარიერისტ კაცებსაც კი ტანჯავთ და აწვალებთ ის. სხვა მხრივ, კონსტანტინე და ლასლო ბაგარისნაირი ადამიანი სადმე დამკვიდრებას რატომ უნდა ესწრაფვოდეს? განა იმისთვის არ შექმნა ღმერთმა ბაგარები, რომ ხან პრუსიის ჯაშუშები იყვნენ, ხან გერმანიის მსახურები, ხან მეფის რუსეთის გენერლები და ხანაც საბჭოთა კავშირის ჩეკისტები. როგორც ჩანს მათშიც, ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანსა თუ ცხოველში, ეს ინსტინქტი ყოფილა ერთ–ერთი წარმმართავი შინაგანი ძალა, რომელზეც მთელი მათი ვნებათა ღელვით აღსავსე ცხოვრებაა აწყობილ–გასწორებული… ან ასე ვთქვათ: უნდა ყოფილიყო აწყობილ–გასწორებული.

ბაგარების შემთხვევაში სხვა შინაგან წესრიგთან ანთუ უწესრიგობასთან გვაქვს საქმე, კერძოდ კი – ლეას საათთან. რა არის ლეას საათი? რატომ არიან ბაგარები ლეას საათზე მომართულები?

საქმე იმაშია, რომ ლეას საათი ვერდამკვიდრებულთა სულის სასოწარკვეთილი, გაუცნობიერებელი ამოძახილია. ლეას საათი ტრაგედიაა ხალხისა, რომელსაც zuhause-ს მწვავე დეფიციტი სტანჯავს. ის გაუკუღმართებული, პერვერსიული აღქმაა რეალობის, რომელშიც გაიჭედნენ და გამოსავალს ვეღარ პოულობენ ლაბირინთში გაბნეული თაგვებივით. ასეა – ადამიანი, რომელიც ვერ იმკვიდრებს, განწირულია სამუდამოდ აწმყოში ხეტიალისთვის. მას არ აქვს წარსული და არც მომავალი, ის სულ აქაა – ახალი ეპოქის ახალი კაცი, რომელზე ძველიც სინამდვილეში არაფერია, როგორც ავტორი აღნიშნავს. ის ქამელეონია, დღენიადაგ გარემოს ფერებზე მომართული. დიდი ტრაგედიაა ასეთი აწმყოში გახირული კაცების ცხოვრება. იმდენად დიდი, რომ ამ ყველაფრის გასიგრძეგანების შემდეგ შეიძლება უთანაგრძო კიდეც ამ პირწავარდნილ ნაბიჭვრებსა და არამზადებს და აპატიო ყველაფერი, რადგან გაუცნობიერებლად იტანჯებიან, ნელი მოქმედების ნაღმებზე ფეთქდებიან  ნაწილ–ნაწილ.  განა რა მათი ბრალია რომ ლეას საათზე მომართულან, ლეას საათი ხომ ბუნებრივი (თუმც კი მაინც პერვერსიული) გამოძახილია მათი ქვეცნობიერის. აბა გაიხსენეთ რამხელა ჟინით, გატაცებითა და ვნებით ეძებდა კონსტანტინე ლეას, როგორ ესწრაფვოდა მასში სამუდამოდ დარჩენას და როგორ უკუღმა დატრიალდა ისტორია – ლეამ კონსტანტინესგან ტყვია მიიღო, თესლი კი მარგოს დარჩა. ტრაგედია და ბედის უკუღმართობაა, აბა რა არის?

ორი მინუსი ერთად პლიუსდება. სწორ ადგილას მოხვდნენ ბაგარები? იქნებ სულაც სჯობდა გერმანიაში დარჩენილიყვნენ ან უნგრულ ფესვებს დაბრუნებოდნენ? უნგრულის და გერმანულის რა მოგახსენოთ და საქართველოც თავისი ხალხიანად ორი საუკუნის მანძილზე, ბაგარებთან ერთად და მათ კვალდაკვალ უთავბოლოდ, zuhause–ს დეფიციტით გატანჯული დაეთრევა ეპოქიდან ეპოქაში და ვერსად მკვიდრდება. დამკვიდრებისა რა გითხრათ და სწორედ საქართველოში კი იპოვეს ბაგარებმა მონათესავე სულები თუ უსულოები და აკი ბოლოს ცირკის წინ მდგარი მსუქანი ბოზი უერთდება კიდეც ასევე ლეას საათზე მომართულ, ხეტიალით დაუქანცავ ხალხთა მასას? იმკვიდრებს იქნებ? თურმე სად ყოფილა მათი ტერიტორია, ცოტათი პარადოქსს კი ჩამოჰგავს, მაგრამ რაცაა ეგაა.

„ლეას საათი“ სუფთა ქართული რომანია, ქართული და აქამდე არსად ნახსენები პერვერსიების ბუკეტი, აწმყოში სამუდამოდ (?) გახირულ ხალხთა ტრაგიკული ამბავი, რომელსაც ირაკლი სამსონაძე-ჟამთაამწერელმა დიდი ოსტატობით მოუყარა თავი.

© “არილი